globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 13 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 13th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): მოსკოვის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია თბილისისთვის შემაშფოთებელია

«Новое время» (სომხეთი): აზერბაიჯანს საქართველოს იმ გაზსადენის ხელში ჩაგდება სურს, რომელიც სომხეთს კვებავს

«Каспiй» (აზერბაიჯანი): გონივრული არჩევანი თუ უგუნურება: სომხეთი ევრაზიული კავშირ-ევროკავშირს შორის // რატომ უნდა გააუმჯობესოს საქართველომ რუსეთ-სომხეთის ლოჯისტიკა?

———————-

«Независимая газета» (რუსეთი), 13 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.ng.ru/dipkurer/2016-12-12/11_6882_tbilisi.html

მოსკოვის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია თბილისისთვის შემაშფოთებელია

საგაზეთო პუბლიკაციაში გაანალიზებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტი – „რუსეთის საგარეო პოლიტიკური კონცეფცია“, რომელშიც საქართველოც არის მოხსენიებული, თუმცა, როგორც სტატიის ავტორი ალექსანდრე რუსეცკი აღნიშნავს, თბილისის ინტერესები სრულიად იგნორირებულია.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„დოკუმენტში რუსეთის პრიორიტეტებს შორის წარმოდგენილია პუნქტი სახელწოდებით – „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებისადმი დახმარება – მათი თანამედროვე დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოდ გადაქცევისათვის, საერთაშორისო პოზიციების განმტკიცების, ეკონომიკური აღდგენისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“. რომელ დემოკრატიაზე და სამართლიანობაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის  მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებით არიან დევნილები და მშობლიურ ადგილებში დაბრუნება არ შეუძლიათ? მოსკოვი ფაქტიურად მხარს უჭერს კონფლიქტის არა იმდენად მშვიდობიან მოგვარებას, არამედ ამ ყოფილი ავტონომიების ეთნოპოლიტიკურ რეჟიმებს. (…)

საქართველოსთან მიმართებით ამ სტრატეგიულ დოკუმენტში გამოხატულია ყველაზე მკაცრი და შეიძლება ითქვას, ულმობელი პოზიცია, რომელიც ფაქტიურად, 2008 წლის სამხედრო-პოლიტიკური კამპანიის ინფორმაციული უზრუნველყოფის პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს. ამასთან, რუსეთის პოლიტიკური „ქველმოქმედება“ საქართველოს მოსახლეობის შესაბამის [ნეგატიურ] განწყობას იწვევს. სხვათა შორის, ანტირუსული განწყობები შეიმჩნევა აფხაზეთსა და სამხ.ოსეთშიც. იზრდება არამარტო მისი დინამიკა, არამედ ხარისხიც. ყველაზე ნათლად უარყოფითი სტერეოტიპი ახალგაზრდა თაობის განწყობაზე ჩანს. ამგვარი მოქმედებით მოსკოვი „ძირს უთხრის“ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც კონფრონტაციული პოლიტიკიდან კონსტრუქციულ დიალოგზე გადასვლას ცდილობენ. კრემლის ასეთი მოქმედება თბილისში ანტირუსულ ფონს აძლიერებს.

არადა, რა კარგი იქნებოდა, რომ ამ დოკუმენტის „ე“ პუნქტი შესრულებულიყო, რომელიც ასე ჟღერს: „მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება, დაძაბულობის განმუხტვა და მათ ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების აღმოფხვრა და მათი თავიდან აცილება“. რუსეთი რეალურ მშვიდობისდამცველად უნდა იქცეს და მომხდარი კრეატიულად უნდა გააცნობიეროს. ამისათვის მოსკოვს შესაძლებლობები რეალურად აქვს. აუცილებელია არსებული სამშვიდობო რესურსების გაძლიერება, ფორმალურ-არაფორმალური დიპლომატიური მეთოდებით სარგებლობა. მართალია, ეს ყველაფერი დოკუმენტში თითქოს გათვალისწინებულია, მაგრამ რა იქნება სინამდვილეში? მხოლოდ იმის იმედი დაგვრჩენია, რომ მხოლოდ დეკლარაცია არ იქნება, არამედ სტრატეგიის რეალური იმპლიმენტაცია, რომლის მიხედვით, რუსული „რბილი ძალა“ გამოყენებული იქნება არა დივერსიული, არამედ ჭეშმარიტად მშვიდობიანი მიზნებისათვის.

„აბაშიძე-კარასინის“ ფორმატმა მხარეებს ქართულ-რუსული ურთიერთობებში შექმნილი სიტუაციის გაცნობიერების საშუალება მისცა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ პოტენციალი სრულად ვერ იქნა გამოყენებული. ვფიქრობთ, უკეთესი იქნებოდა, რომ „აბაშიძე-კარასინის“ კულტურულ-ეკონომიკური ფორმატიდან სამხედრო-პოლიტიკური მოგვარების ფორმატზე გადასვლა მომხდარიყო. ეს რთული ამოცანაა, დიდ ინტელექტუალურ და პოლიტიკური ნების გამომჟღავნებას მოითხოვს, მაგრამ ქართულ-რუსული მოლაპარაკების დივერსიფიცირებისა და მისი ინტენსივობის მომატების გარეშე ჩიხიდან გამოსვლა შეუძლებელი იქნება. მართალია, ჟენევის დისკუსიის შესაძლებლობები ჯერ არ ამოწურულა, მაგრამ მისი ეფექტურობა ძალიან დაბალია. ამის მიზეზები მასში თავიდანვე ჩადებული „ნულოვანი აქტიურობაა“, ანუ დისკუსიები გათვლილია არა სამშვიდობო პროცესის წინსვლისათვის, არამედ კონფლიქტის სტატუს-კვოს ფიქსაციისათვის, რაც დაპირისპირებას კი არ ასუსტებს, არამედ მის ესკალაციას უფრო ახდენს. თუ ამ დისკუსიების საგარეო ფონი სეიცვლება, მაშინ სრულიად შესაძლებელია დადებითი შედეგების მიღება. არაა გამორიცხული, რომ აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების სემდეგ სიტუაცია უკეთესობისაკენ შეიცვალოს. საჭიროა კონფლიქტის მოგვარების ახალი დოქტრინა. (…)

თუ რუსეთს ნამდვილად აქვს იმის ამბიცია, რომ მოსკოვის როლი სამართლიანად და მშვიდობისმოყვარულად იქნეს აღქმული, მაშინ კრემლმა უნდა აღიაროს „მეორე“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არსებობა. რუსეთი მედიატორად უნდა გამოვიდეს ომით ორად გაყოფილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტ.ოლქის საზოგადოებათა შესარიგებლად. ეს იქნება დიალოგი მოსახლეობის იმ ნაწილებს შორის, რომლებთაც საქართველოსგან ჩამოშორება სურთ და რომლებსაც არ სურთ. ეს დღევანდელი დღის პოლიტიკური რეალობას წარმოადგენს იმ მავთულხლართებთან ერთად, რომლებიც ოჯახებს ჰყოფენ. მოსკოვი ან საქართველოს კონფლიქტებში ჩაეფლობა, ან ახალ გეოპოლიტიკურ თამაშს დაიწყებს („სუფთა ფურცლით“). დღეს ამის შანსი არსებობს. არის კარგი პერსპექტივა იმისა, რომ განახლდეს რუსეთ-ნატოს და ეუთოს ფორმატით მუშაობა, ანუ სახეზეა საკმაოდ ბევრი რესურსი. და რადგანაც რუსეთი ეუთოს საერთოევროპული უსაფრთხოების მნიშვნელოვან მექანიზმად განიხილავს, ლაბთ, საჭირო იქნება შეიქმნას „ეუთოს ინსტიტუტი“, რომლის საერთაშორისო კვლევითი გუნდი არსებული კონფლიქტების მოგვარების მეცნიერულად გათვლილ ალტერნატიულ ვარიანტებს შეიმუშავებდა.

«Новое время» (სომხეთი), 12 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.nv.am/politika/55005-2016-12-10-06-58-53

აზერბაიჯანს საქართველოს იმ გაზსადენის ხელში ჩაგდება სურს, რომელიც სომხეთს კვებავს

პუბლიკაციაში გამოხატულია სომხეთის შეშფოთება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სატრანზიტო „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ გაზსადენის აქციების 25%-ის გაყიდვის სავარაუდო განზრახვის გამო (ავტორი – არტემ ერკანიანი).

როგორც სტატიის ავტორი წერს, არაა გამორიცხული, რომ გაზსადენის აქციებს სომხეთთან დაპირისპირებული აზერბაიჯანი შეიძენს (სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ სახით). რა უნდა ქნას ასეთ შემთხვევაში ერევანმა? უნდა ენდოს თუ არა საზოგადოება სომხეთ პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანის განცხადებას, რომ აქციების გაყიდვით ერევანი არანაირად არ დაზარალდება? განა ეს ნამდვილად ასე იქნება? რატომ ვერ ხედავს პრემიერ-მინისტრი იმ რესურსებს, რომლებიც შეიძლება ქართველი მმართველების განზრახვას დაუპირისპიროს?

ძნელი არაა იმის მიხვედრა, თუ რა შედეგამდე მიგვიყვანს ის ფაქტი, თუ გაზსადენს აზერბაიჯანული კომპანია იყიდის – ეს იქნება სომხეთის სრული ენერგეტიკული ბლოკადა. დღეს ხომ მოხმარებული გაზის ას პროცენტს სომხეთი სწორედ საქართველოს ტერტორიის გავლით იღებს. დიახ, ზოგიერთი ქართველი ექსპერტი აცხადებს, რომ  აქციების 25%-ის გაყიდვა სომხეთისთვის საშიში არ არისო (ავტორი იმოწმებს გია ხუხაშვილის განცხადებას), მაგრამ საქმე მთლად ასე კარგად არ არის. აბა, მაშ რატომ ცდილობს ბაქო ასე დაბეჯითებით გაზსადენის იმ „მცირე“ ნაწილის ყიდვას? არანაირი ეჭვი არ არსებობს იმაზე, რომ აზერბაიჯანს გაზსადენის მართვა სურს. აქციების 25%-ის ფლობა იმას ნიშნავს, რომ „სოკარს“ მენეჯმენტში მონაწილეობის უფლება ექნება, ამისათვის სულაც არ არის საჭირო, რომ მას მილსადენის საკონტროლო პაკეტის ჰქონდეს.

რა უნდა გააკეთოს სომხეთმა, რომ აზერბაიჯანმა გაზსადენი არ მიისაკუთროს?

ალბათ, ერევანმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მილსადენის გაყიდვაში. თუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აქციები ილჰამ ალიევს არ ჩაუვარდეს ხელში, მაშინ ვალდებულები ვართ გაცილებით მასში მეტი თანხა გადავიხადოთ და პაკეტი საქართველოსგან ჩვენ თვითონვე გამოვისყიდოთ. შეიძლება ამის რესურსების მოძებნა ძნელია, მაგრამ თუ სამომავლოდ თავის ტკივილი არ გვინდა, მაშინ თანხა უნდა გამოვძებნოთ…

ჩვენი პრემიერ-მინისტრი მართალია, როცა ამბობს, რომ საქართველოს მიმართ შეშფოთების გამოხატვის შემთხვევაში კორექტულობა უნდა დავიცვათო (მილსადენი ხომ მას ეკუთვნით). დიახ, გასაგებია, ქართველები იმას აკეთებენ, რისი უფლებაც აქვთ. საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს… მაგრამ თუ ეს ეროვნული ინტერესები“ მეზობლის უსაფრთხოებას ემუქრება, მაშინ ამ მეზობელს უფლება აქვს ამგვარი ნაბიჯების აღსაკვეთად ზომები მიიღოს. ამ შემთხვევაში ქართველებისადმი თხოვნა-ხვეწნა არაეფექტურია.. სომხურმა დიპლომატიამ უნდა მონახოს იმის შესაძლებლობა, რომ მეზობელი დაარწმუნოს – ამგვარი ნაბიჯი ისეთ შედეგებს გამოიწვევს, რომლებიც თვით საქართველოსთვის იქნება წამგებიანი. როგორ უნდა მოვახერხოთ? ეს ახალი კითხვა არაა…“, – ასეთი ერთგვარი გაფრთხილებით მთავრდება სტატია.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 13 დეკემბერი, 2016 წელი

გონივრული არჩევანი თუ უგუნურება: სომხეთი ევრაზიული კავშირსა და ევროკავშირს შორის //

რატომ უნდა გააუმჯობესოს საქართველომ რუსეთ-სომხეთის ლოჯისტიკა?

სტატიაში მიმოხილულია სომხეთის დამოკიდებულება ევროკავშირთან და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან იმ შემთხვევაში, თუ ერევანი, როგორც დაგეგმილია, ხელს მოაწერს ბრიუსელთან ასოცირების ხელშეკრულებას. რა მოხდება ამ შემთხვევაში? სომხეთის მთავრობა  მშვენივრად ხვდება იმას, რომ ახალ კარს კი აღებს, ევროკავშირის სახით, მაგრამ ამით მეორე ხურავს, ევრაზიული კავშირის სახით. ანუ ორ სკამზე ჯდომა შეუძლებელია (ავტორი – ალი საიდოვი).

ამჟამად, სანამ სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, ერევნისათვის ვაჭრობა კავშირის წევრებთან და თავის მეზობელ საქართველოსთან შეღავათიანია. მაგრამ როგორ მოაგვარებს სომხეთი თავის სოციალუ-ეკონომიკურ პრობლემებს, როცა მეზობელთან ვაჭრობა შეღავათიანი აღარ იქნება? ერევანს ხომ ისედაც არ აქვს „საინვესტიციო ხიბლი“ და თურქეთ-აზერბაიჯანის მხრიდან ბლოკადაში იმყოფება, ხოლო ერთადერთი სახმელეთო გზა, რომელიც სომხეთს ევრაზიული კავშირის წევრებთან აკავშირებს, საქართველოს ტერიტორიაზე გადის და ბუნების კაპრიზებზეა დამოკიდებული. გავიხსენოთ, რომ ამას წინათ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, როცა ამ გზის მნიშვნელობაზე საუბრობდა, განაცხადა, რომ „ერთ-ერთი მხარე“ მაგისტრალის მუშაობით დაინტერესებული არ არისო.

ალბათ, პრემიერ-მინისტრს მხედველობაში საქართველო ჰქონდა, ეს გასაგებიცაა – რატომ უნდა გააუმჯობესოს საქართველომ რუსეთ-სომხეთის ლოჯისტიკა? ერთი მხრივ, თბილისს დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან, მეორე მხრივ კი საქართველოში სულ უფრო მეტად ჩანს სეპარატისტულად განწყობილი სომხების ანტიქართული მიზნები.

სომხეთი ძალიან საინტერესო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ორი მეზობელი – თურქეთი და აზერბაიჯანი მას ღიად ბლოკავს, ხოლო დანარჩენ მეზობლებთან – საქართველოსთან და ირანთან ვაჭრობას „მოკავშირე“ რუსეთი უბლოკავს თავისი ევრაზიული წესებით. რა რჩება სომხეთს ასეთ შემთხვევაში? ის, რომ კავკასიურ საბერძნეთად იქცეს, ანუ ფული ისესხოს. ახლახანს გაცხადდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ერევანს ჯამში თითქმის 70 მიონ დოლარს გამოუყოფენ, მაგრამ ეს საგარეო ვალს მკვეთრად გაზრდის. ვალი კი სომხეთს ისეთი დიდი აქვს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს აღწევს.

სტატიის დასასრულს ავტორი აღნიშნავს: „აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სომხეთს ორი გზა რჩება: ან გავიდეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან და მსოფლიო ბაზართან ურთიერთობა გააგრძელოს, ან გამოაცხადოს დეფოლტი და ევრაზიულ კავშირს ხელებაწეული ჩაბარდეს“.

Comments are closed