«Trend» (აზერბაიჯანი), 14 იანვარი, 2015 წელი
http://www.trend.az/azerbaijan/politics/2352868.html
სომხები „ქართული კარტის“ გათამაშებას ცდილობენ
სტატიაში საუბარია „რუსეთის ჯავახკური დიასპორის“ ანტიქართული მოქმედებაზე, მხილებულია ამ ორგანიზაციის დესტრუქციული მიზნები, რომელიც საქართველოში სომხური სეპარატიზმის საფრთხეში გამოიხატება (ავტორი – ელჩინ მეხტიევი, სააგენტო «Trend»-ის მიმომხილველი).
„რუსეთის ჯავახკური დიასპორა“ საქართველოს ხელისუფლებისაგან სომხების პრობლემების მოგვარებას ითხოვს. არავის ეგონოს, რომ ეს სიტყვიერი ეკვილიბრისტიკაა: ნამდვილად ასეა – პირდაპირ ითხოვს და მორჩა. ეს ვიღაც „ჯავახკური ორგანიზაცია“ სინამდვილეში რუსული სპეცსამსახურების პატრონაჟის ქვეშ იმყოფება, კრემლის დაკვეთებს ასრულებს და საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას ცდილობს, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
როგორც ცნობილია, გასული წლის ბოლოს „დიასპორის“ მიერ რუსულ და სომხურ მასმედიაში გავრცელდა გავრცელდა განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოში შესაძლებელია სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს. „სომეხთა სანუკვარი მიზანი საქართველოს ტერიტორიის – სამცხე-ჯავახეთის ოკუპირებაა, თუმცა ამგვარ ქმედებას კიდევ ერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს: დღეს სომხეთი ღრმა კრიზისში იმყოფება და აუციოლებელია მოსახლეობის ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე. პური არ არის, ესე იგი, ხალხს სანახაობა უნდა შესთავაზო. რა არის მსოფლიოს სომხობის საყვარელი სანახაობა? რა თქმა უნდა, „ყველასაგან დაჩაგრული სომხების ბედის“ გამოტირება ყველგან, სადაც არ უნდა იყოს იგი – საქართველოში, ამერიკაში, აფრიკაში თუ აზიაში. ამ მიზნით საკმარისია „ჩაგრული, უუფლებო“ სომეხის სახე უნდა შეიქმნას და შოუც მზად არის.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სომხეთის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, მათ მიერ განხორციელებული ყოველი ქმედება აზერბაიჯანის წინააღმდეგაცაა მიმართული. ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში სომხებს ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი ჩაგრულებად წარმოედგინათ საერეთაშორისო საზოგადოებისათვის და ამას არწევდნენ კიდეც, მაგრამ რეს, საინფორმაციო გარღვევის შემდეგ, მსოფლიომ გაიგო, თუ რას აკეთებდნენ სომხები მთიან ყარაბაღში და ვინაა ნამდვილი ოკუპანტი. ახლა სომხები იმ მიზნით, რომ დაკარგული პოზიციები დაიბრუნონ, საქართველოს წინააღმდეგ ამხედრდნენ.
არ უნდა დავივიწყოთ აგრეთვე ის ფაქტი, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარეობს სტრატეგიული პროექტის რეალიზება, რომელშიც საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანი და თურქეთი მონაწილეობენ, რომლებსაც სომხეთი თავის დაუძინებელ მტრად მიიჩნევს.
ყველა შემთხვევაში საქართველო ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა მოეკიდოს მომხდარ ამბებს. პირველი – ქართველებს მუდამ უნდა ახსოვდეთ სამცხე-ჯავახეთის ისტორია და სომეხთა პოლიტიკის შედეგები; მეორე – საქართველომ უკვე იცის, რას ნიშნავს სეპარატიზმი და ტერიტორიების ოკუპაცია“, – ნათქვამია სტატიაში.
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 14 იანვარი, 2014 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2645497
სამხრეთ ოსეთი აფხაზეთის გზით მიდის: ცხინვალი მოსკოვთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებას აფორმებს
პავლე ტარასენკო, ოლღა ალენოვა, გიორგი დვალი
(შემოკლებით)
სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების“ ტექსტის მოსკოვთან შეთანხმების პროცესი დაიწყო. რესპუბლიკის პოლიტსაბჭოს მიერ ამას წინათ მოწონებული დოკუმენტის პროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთთან ინტეგრირების გზით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასაც ითვალისწინებს. რუსეთში სამხრეთ ოსეთის ელჩმა დიმიტრი მედოევმა „კომერსანტის“ კორესპონდენტი დაარწმუნა, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით „რესპუბლიკის სუვერენიტეტი არანაირად არ შეილახება“.
ამასთან, ცხინვალელები „კომერსანტთან“ საუბარში აღიარებენ, რომ ამ დოკუმენტმა სამხრეთ ოსეთის საზოგადოება ორად გახლიჩა. „ხელშეკრულებმ საზოგადოებაში მკვეთრი დაპირისპირება შეიტანა: ჩვენ ყველას გვესმის, რომ რუსეთის გარეშე ვერსად ვერ ვიარსებებთ, მაგრამ როცა შინაგანს საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და ყველა სხვა სტრუქტურები სრულიად გადადიან რუსული უწყებების დაქვემდებარებაში, რა დამოუკიდებლობაზე შეიძლება ლაპარაკი? რატომღა ვაკეთებს ისეთ განცხადებებს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა?“, – სინანულით აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბარში ერთ-ერთმა ოსმა პარლამენტარმა, რომელმაც საკუთარი სახელის პრესაში გამხელა არ ისურვა.
თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ ხელშეკრულების დებულებების რეალიზება რესპუბლიკის მოსახლეობის ინტერესებს სრულიად პასუხობს: „ამ ცოტა ხნის წინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ერთიანმა ოსეთმა“ გაიმარჯვა. ამ პარტიის მიზნები რუსეთთან სამხრეთ ოსეთის მაქსიმალურ ინტეგრაციას ითვალისწინებს, – ამბობს „ერთიანი ოსეთის“ წევრი ოლეგ კუდუხოვი, – შესაძლოა რუსეთში ჯერ კიდევ არ არიან მზად მაქსიმალური ინტეგრაციისა და გაერეთიანებისათვის, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ მოსკოვმა განსაზღვრა ის მიჯნები, რომელთა ჩარჩოებშიც ეს ინტეგრაცია განხორციელდება. მოსკოვი გრძნობს საზოგადოების დაკვეთას და ჩვენსლენ ნაბიჯებს დგამს“.
ბატონი ელჩი დიმიტრი მედოევი ხაზს უსვამს: ყველა სემთხვევაში ეს იქნება „ხელშეკრულება ორ სახელმწიფოს შორის“. სხვადასხვა ბეჭდვით და ელექტრონულ გამოცემებში ვიღაც-ვიღაცეები ფანტაზიის დიდ უნარს ამჟღავნებენ და წერენ, რომ არსებობს ხელშეკრულების განსხვავებული, „ორიგინალური“ ვარიანტი. მინდა ისინი დავამშვიდო: ჩვენი სუვერენიტეტის არავითარი და არანაირი სელახვის საფუძველი არ არსებობს. სამხრეთ ოსეთი არავის შემადგენლობაში არ გაერთიანდება“, – განაცხადა დიპლომატმა. მისი თქმით, მომზადებული დოკუმენტი, ფაქტიურად, 2008 წლის 17 სექტემბერს ხელმოწერილი „დიდი ხელშეკრულების“ გაგრძელებას წარმოადგენს. „ჩვენი ინტერესები სრულად იქნება დაცული“.
თავის მხრივ, თბილისი ცხინვალს და მოსკოვს აფრთხილებს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა რეგიონის უსაფრთხოებაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.
„ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევის გამოხატულებაა და მიმართულია საქართველოს ტერიტორიის ანექსიისაკენ“, – ასე განაცხადა ოფიციალურმა თბილისმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, როცა ცნობილი გახდა ცხინვალ-მოსკოვის ხელშეკრულების გაფორმების გეგმები. თუმცა, როგორც საქართველოს უშიშროების საბჭოს მოადგილე ივლიანე ხაინდრავა ამბობს, ხელშეკრულების პერსპექტიულ ხელმოწერაში მოულოდნელი არაფერია და არც ის, რომ ეს დოკუმენტი რუსეთთან სამხრეთ ოსეთის უფრო ღრმა დონის ინტეგრაციას ითვალისწინებს, ვიდრე ის, რომელსაც ხელი აფხაზეთთან მოეწერა. „აფხაზებისაგან განსხვავებით, ისინი [სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა] ყოველთვის ითხოვდნენ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას“, – განმარტა ივლიანე ხაინდრავამ „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ „კომერსანტს“ რიტორიკული კითხვა დაუსვა: „რას მისცემს ხელშეკრულებაზე ხელმოწერა თვითონ რუსეთს? პირადად მე არ მესმის, ამაში რუსეთისათვის ვერავითარ წარმატებას და სასარგებლოს ვერ ვხედავ… პრიქით, თუ დოკუმენტი საბოლოოდ გაფორმდება, ეს ყველაფერი რეგიონის უსაფრთხოებაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს და ძირს გამოუთხრის მცდელობებს გაირღვეს ის „მოჯადოებული წრე“, რომელშიც ჩვენ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად აღმოვჩნდით“.
მოსკოვში თბილისის ამგვარ განცხადებებზე მშვიდ რეაგირებას ახდენენ. ამას წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ზოგიერთები ამტკიცებდნენ, რომ „აფხაზეთს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვისთანაც სურს, იმასთან შეუძლია ინტეგრირებაო“. ეს თეზისი, მოსკოვის აზრით, სამხრეთ ოსეთზეც ვრცელდება. ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა თებერვალშია დგაგემილი.
«Новости – Азербайджан» (აზერბაიჯანი), 14 იანვარი, 2015 წელი
http://www.newsazerbaijan.ru/politic/20150113/301485053.html
მუბარიზ აჰმედოღლუ: „ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში თვით ქართული სახელმწიფოსთვის საშიშ დონეზეა“
გუშინ ბაქოში პრეს-კონფერენცია გამართა პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა, პოლიტოლოგმა მუბარიზ აჰმედოღლუმ. იგი შეეხო აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკას, სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებში შექმნილ ვითარებას და სხვა საკითხებს.
მუბარიზ აჰმედოღლუს თქმით, აზერბაიჯანმა გასულ წელს მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, ეკონომიკის ყველა დარგი ვითარდებოდა, ტემპების დაცემა არ დაფიქსირებულა. „დაიწყო სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის რეალიზება. სწორედ ესაა აზერბაიჯანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არა მხოლოდ 2014 წელს, არამედ მთლიანად 21-ე საუკუნეში”, – ხაზი გაუსვა პოლიტოლოგმა. მისი აზრით, აზერბაიჯანს გასულ წელს რუსეთთან და თურქეთთან პოზიტიური ურთიერთობები ჰქონდა. „თვით პროსომხურად განწყობილმა პოლიტიკოსმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმაც კი აღიარა, რომ აზერბაიჯანი დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს”, – აღნიშნა მუბარიზ აჰმედოღლუმ.
პოლიტოლოგმა ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა დასავლეთის მიმართ, რომლის კრიტიკის ობიექტი აზერბაიჯანის საშინაო პოლიტიკა გახდა: „აშშ-ისა და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ რიგი ბრალდებების წაყენება დაიწყეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. ამაში დიდ როლს ასრულებენ სომხეთის ლიდერები და ევროპაში არსებული პროსომხური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გრანტების მიღების მიზნით ათასგვარ დავალებებს ასრულებენ.
ამერიკისა და ევროკავშირის მიკერძოებული მოქმედება ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. საქართველოში ოპოზიციური ტელეკომპანიის ლიდერი მოკლეს, ვაშინგტონს და ბრიუსელს კი ამ აღმაშფოთებელ ინციდენტზე რეაგირება არ მოუხდენიათ. ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში ისეთ დონეზე იმყოფება, რომ საშიშია როგორც თვით ქართული სახელმწიფოსათვის, ასევე რეგიონული უსაფრთხოებისათვის. სამწუხაროდ, არც აშშ და არც ევროკავშირი, რომლებთაც თავი მოაქვთ მსოფლიოში დემოკრატიის მხარდამჭერებად, არავითარ აუცილებელ ნაბიჯებს არ დგამენ”, – განაცხადა მუბარიზ აჰმედოღლუმ.