globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 14 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 14th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«MDR – Mitteldeutsche Rundfunk» (გერმანია): უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის: ხანგრძლივი მოლოდინი მთავრდება?

«Depo» (უკრაინა): როგორ იქცა მიხო „გზის მტვრად“ // საქართველოს ექს-პრეზიდენტის იმედების კრახი: უკრაინაში იგი კარიერას ვერ იკეთებს, საქართველოში კი „მამას“ თანაპარტიელები ტოვებენ. მოკლედ, მიხო უკვე „ჩამოგდებული მფრინავია“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო: ფემიციდში სასამართლო სახელმწიფოს ადანაშაულებს

———————-

«MDR – Mitteldeutsche Rundfunk» (გერმანია), 14 იანვარი, 2017 წელი

http://www.mdr.de/heute-im-osten/georgien-visafreiheit-100.html

უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის: ხანგრძლივი მოლოდინი მთავრდება?

ალექსანდრ ჰერტელი

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა 2016 წლის 8 დეკემბერს საქართველოს [და უკრაინის] მოქალაქეებისათვის ვიზა-ლიბერალიზების პროცესი დაიწყო, საკმაო დრო გავიდა და აი, დადგა მნიშვნელოვანი მომენტი: ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმაც 12 იანვარს ამ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

„შეჩერების მექანიზმი“: საკითხის არსი

სავიზო რეჟიმის გაუქმება ფაქტიურად 2016 წლის მაისიდან უკვე გადაწყვეტილი იყო, ექსპერტები მხოლოდ პროცესის ცაკლეულ დეტალებზე საუბრობდნენ. შემდეგ ამას დაემატა ე.წ. „შეჩერების მექანიზმის“ შემუშავება, რომლის თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მოქალაქეები მასიურად დაარღვევდნენ მასპინძელ სახელმწიფოში ყოფნის ვადებს, ანდა საგრძნობლად გაიზრდებოდა საქართველოს (ან უკრაინის) მოქალაქეთა მხრიდან თავშესაფრის მიღების მსურველთა რიცხვი, მაშინ ასეთ სიტუაციაში შეიძლებოდა უვიზო რეჟიმი დროებით შეჩერებულიყო, ან საერთოდ გაუქმებულიყო კიდეც.

საქართველოს გრძელი გზა  უვიზო რეჟიმისაკენ

ვიზალიბერალიზებას წინ საკმაოდ გრძელი ისტორია უძღვოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და გაუბედურებული ქვეყანა გახლდათ. პოლიტიკური სისტემაში ჰყვაოდა კორუფცია, ქუჩაში კი შეიარაღებული ბანდები დათარეშობდნენ. ქვეყანას მართავდნენ არა სახელმწიფო ორგანოები, არამედ მაფიოზები – ორგანიზებული დამნაშავეობის წარმომადგენლები. 2003 წლის შემოდგომაზე საქარტველოში ე.წ.„ვარდების რევოლუცია“ მოხდა, რომლის შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა ახალგაზრდა პროდასავლელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი. მალე იგი პრეზიდენტად იქნა არჩეული. მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლიდან რადიკალური რეფორმების პროგრამა განახორციელა. მან კორუფციის წინააღმდეგ მკაცრი ბრძოლა დაიწყო და წინ ორი მთავარი მიზნის მიღწევა დაისახა: საქართველოს გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში.

მრავალწლიანი ამბიციები

თბილისი ამბიციურ მიზნებს ბრიუსელში თავდაპირველად საკმაოდ კეთილგანწყობით შეხვდნენ: საქართველო 2009 წლიდან „აღმოსავლური პარტნიობის“ წევრი გახდა, 2014 წლიდან კი – ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონის მონაწილე, როცა ხელი მოეწერა შეთანხმებას ასოცირების თაობაზე. ეს შეთანხმება საქართველოსთვის (ასევე მოლდოვასა და უკრაინისათვის) ევროკავშირში შესასვლელად პირველი საფეხური უნდა ყოფილიყო.

მაგრამ შემდგომ წლებში მომხდარმა მოვლენებმა – კიევის მაიდანმა, ყირიმის ანექსიამ და დონბასში განვითარებლმა კონფლიქტმა უკრაინის პერსპექტივა მნიშვნელოვნად სეამცირა, რამაც, თავის მხრივ გავლენა მოახდინა ევროკავშირის პოლიტიკაზე – ბრიუსელმა შედარებით უფრო „თავდაცვითი პოზიცია“ დაიუკავა ევროკავშირში ინტეგრირების საკითხში. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოსთვის ასოცირების სეთანხმება მთლიანად ძალაში 2016 წელს მაინც შევიდა, მასთან ერთად წინ წაიწია ვიზა-ლიბერალიზების საკითხმაც, რომლის რეალიზება იმავე 2016 წლის მაისიდან დაიგეგმა.

ბავარია ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის წინააღმდეგ

უკვე არსებობდა ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღებისათვის, რომ უკანასკნელ წუთს ევროსაბჭომ პროექტი შეაჩერა: საქმე იმაშია, რომ მოულოდნელად ბავარია საქართველოს წინააღმდეგ გამოვიდა. იქაურმა შინაგან საქმეთა მინისტრმა იოახიმ ჰერმანმა (ქრისტიანულ-სოციალური კავშირი) ეჭვქვეშ დააყენა ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი, რადგან ბავარიაში და საერთოდ, გერმანიაში მკვეთრად იმატა საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილმა ქურდობა-ძარცვის ფაქტებმა, რაც, სხვათა შორის, სტატისტიკური მონაცემებითაც დასტურდებოდა.

რასაკვირველია, თბილისმა ბავარიელი მინისტრის პროტესტი საჯაროდ უარყო, მაგრამ ვიზა-ლიბერალიზების პროცესი შეჩერდა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ იოახიმ ჰერმანის პოზიცია და მის მიერ დამოწმებული სტატისტიკური მონაცემები თბილისმა სადაოდ მიიჩნია, გერმანიაში მაინც რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც ადგილობრივ კოლეგებთან დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გეგმა შეათანხმა.

იმედგაცრუება და უპერსპექტივობა?

გერმანიის პოზიციამ საქართველოში გაკვირვება და იმედგაცრუება გამოიწვია – გაისმოდა ხმები, რომ ევროკავშირმა თურქეთთან სავიზო უთანხმოებას გამო საქართველოც ზედ მიაყოლაო. ამას ისიც დაემატა, რომ ბრიუსელმა თბილისს, ფაქტიურად, უარი განუცხადა საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებაზე, რუსეთის ფედერაციის ნეგატიური დამოკიდებულების გათვალისწინებით. შესაბამისად, დღეს არც პირველი და არც მეორე საკითხი (ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება) უკვე აღარ განიხილება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დოქტრინის მიხედვით, ნატოში ვერცერთი ისეთი სახელმწიფო ვერ გაწევრიანდება, რომელსაც სასაზღვრო-ტერიტორიული კონფლიქტები აქვს. სეპარატისტული აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების გათვალისწინებით, რომლებიც დიდი ხანია მიმდინარეობს, საქართველოს ნატოში მიღების ვარიანტი არ არსებობს.

ოფიციალურ თბილისს არც ევროკავშირის წევრობის საკითხშიც არ აქვს პერსპექტივა. მართალია, საქართველოში განხორციელებული რეფორმები ქებას იმსახურებს, მაგრამ ბრიუსელელი დიპლომატები გაწევრიანების საკითხზე საუბრისაგან თავს იკავებენ და უფრო მეტად აქცენტს ერთობლივ გრძელვადიან თანამშრომლობაზე აკეთებენ. გარდა ამისა, [გაწევრიანებისთვის ხელშემშლელ მიზეზებად] შეიძლება დასახელდეს საქართველოს არაკონკურენტუნარიანი ეკონომიკა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია. თუმცა თბილისს საკითხის გადადება არ აშინებს: პარლამენტის წინ დიდი ხანია ევროკავშირის დროშები ფრიალებენ.

————–

Mitteldeutsche Rundfunkგერმანული საზოგადოებრივი ტელერადიოსამაუწყებლო კომპანია, რომელსაც ნაწილობრივ სახელმწიფო აფინანსებს. დაარსებულია 1924 წელს, ცენტრალური ოფისი – ქალაქ ლეიპციგში.

«Depo» (უკრაინა), 13 იანვარი, 2016 წელი

http://www.depo.ua/ukr/politics/yak-saakashvili-stav-pilyukoyu-na-dorozi–13012017093000

როგორ იქცა მიხო „გზის მტვრად“

საქართველოს ექს-პრეზიდენტის იმედების კრახი: უკრაინაში იგი კარიერას ვერ იკეთებს, საქართველოში კი „მამას“ თანაპარტიელები ტოვებენ. მოკლედ, მიხო უკვე „ჩამოგდებული მფრინავია“

იგორ პეტრენკო

(ამონარიდი)

უკვე შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ კარიერას საქართველოში ფაქტიურად ჯვარი დაესვა: თითქმის მთელმა პარტიულმა ხელმძღვანელობამ „მამა“ მიატოვა. ამ ადამიანებს შეიძლება გავუგოთ: ბოლო წლებში მიხეილ სააკაშვილი იმ პოლიტიკოსიდან, რომელმაც, მართალია, საქართველოში [საპარლამენტო] არჩევნები წააგო, მაგრამ მაინც წარმატებული ბეკგრაუნდი ჰქონდა, პოლიტიკოს-„გასტარბაიტერად“ (ანუ სამუშაოდ სხვა ქვეყანაში ჩასულ პიროვნებად) გადაიქცა, თანაც აშკარად უიღბლო გასტარბაიტერად. ეს მისი გუბერნატორობით დასტურდება: ოდესის ოლქში, დაპირებული რეფორმების ნაცვლად, მისი მოღვაწეობა მხოლოდ პერმანენტული სკანდალებით აღინიშნა.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ყველა პოლიტიკური გეგმა ჩაუვარდა. მას სურდა, რომ სწრაფად წასულიყო წინ და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაეკავებინა. კაცმა რომ თქვას, ეს თვითონაც პოსტ-ფაქტუმ აღიარა გუბერნატორობიდან გათავისუფლების შემდეგ, როცა განაცხადა, რომ არსენ იაცენიუკის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში მონაწილეობდა და მის დისკრედიტაციას ეწეოდა.

ახლა მიხეილ სააკაშვილის მთავარ ლოზუნგად ვერხოვნა რადას ვადამდელი არჩევნების ჩატარება გახდა. მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მიხომ ამაზე, პარლამენტის ვადამდელი გადარჩევა არ მოხდება. ქართველი გასტარბაიტერი თავისი [იმიგრანტი] თანამზრახველებით ხაფანგში მოექცა: სამშობლოში მომხდარი ამბების გამო მას უკვე ვერავითარი საინფორმაციო კამპანია ვეღარ უშველის, მისი პერსონისა და პოლიტიკური პროექტის მხარდასაჭერად უკვე საბაბი აღარ არსებობს.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმზღვანელი იგორ რაინინმა, როცა პასუხი გასცა კითხვაზე – განა პეტრო პოროშენკოსათვის მიხეილ სააკაშვილის რიტორიკა შეურაცხმყოფელი არ არისო – აღნიშნა: „პრეზიდენტი ძლიერი პიროვნებაა, იგი გზაზე ავარდნილ მტვერს ყურადღებას არ აქცევს… ანუ იმის ტქმა მინდა, რომ ქვეყნის მეტაურისთვის ასეთი საკითხები მეორეხარისხოვანია, პეტრო პოროშენკო მსგავს რიტორიკაზე არ რეაგირებს“.

მართლაცდა, ეს ციტატა იმის ნათელი დადასტურებაა, როგორ როლში დარჩა მიხო სააკაშვილი უკრაინაში თავისი სკანდალური მოქმედების გამო… და თუ ამას მისი პარტიის ამბებს დავამატებთ, მიხოს ბედისა არავის შეშურდება…

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 14 იანვარი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/violence-against-women-on-the-rise-in-georgia/3675307.html

საქართველო: ფემიციდში სასამართლო სახელმწიფოს ადანაშაულებს

ნინო დალაქიშვილი

2017 წელი მხოლოდ 13 დღეა რაც დადგა, მაგრამ ერთი ქალი მსხვერპლი უკვე არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ მძიმე სტატისტიკაზე, რასაც ფემიციდის ნიადაგზე აქვს ადგილი საქართველოში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) ამბობენ, რომ 2017 წელი ქალის მკვლელობით დაიწყო, მაგრამ ამასთანავე ორგანიზაციის აქტივში 2017 წლის დასაწყისის ერთი წარმატებული საქმეც არსებობს.

საია-ში განმარტავენ, რომ როდესაც საქმე პოლიციელის ან საჯარო მოხელის მიერ ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება, გამოძიების პროცესი და ზოგადად, საქმისადმი სამართლიანი დამოკიდებულება დეფიციტს წარმოადგენს. ასეთივე შემთხვევას ჰქონდა ადგილი 19 წლის სალომე ჯორბენაძის მიმართ, რომელიც პოლიციელმა ქმარმა მოკლა 2014 წელს. მკვლელობამდე სალომემ სამართალდამცავებს რამდენჯერმე მიმართა და აცნობა მის მიმართ როგორც ჩადენილი დანაშაულის, ასევე მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, თუმცა იმის ნაცვლად, რომ პოლიციას რეაგირება მოეხდინა, მისი მეუღლე დააწინაურეს. 19 წლის სალომე ჯორბენაძე პოლიციელმა ქმარმა სამსახურის იარაღით მოკლა. სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სწორედ ეს საქმე იქცა პრეცენდენტად, სადაც ორი დღის წინ სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოა დამნაშავე, როდესაც რეაგირების გარეშე ტოვებს ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულის შესახებ. თუმცა ეს გადაწყვეტილება იოლად მიღწეული არ ყოფილა.

ამისთვის ორი ინსტანციის სასამართლოს გავლა გახდა საჭირო, რადგან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას შსს არ დაეთანხმა და მისი გადახედვა სააპელაციო სასამართლოს საპასუხო სარჩელით მოსთხოვა. საიას იურისტი თამარ დეკანოსიძე ამერიკის ხმასთან ამბობს: „სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ განამტკიცა, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია ფემიციდზე, ქალის სიცოცხლის მოსპობაზე ოჯახში ძალადობის შედეგად, თუ იგი არ მიიღებს სათანადო ზომებს მის დასაცავად მოძალადისგან. რამდენადაც ჩვენ ვიცით, ეს არის პირველი პრეცენდენტი ამგვარ საქმეზე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს გადაწყვეტილება რადიკალურად შეცვლის სახელმწიფო პოლიტიკას ამ მიმართულებით, მაგრამ ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდენტია. აქამდე არ გვქონდა შემთხვევები, როდესაც სასამართლო ადასტურებდა, რომ სახელმწიფოს უმოქმედობა გახდა ქალის მკვლელობის მიზეზი.“

სალომე ჯორბენაძის საქმეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია პოლიციელების, მკვლელის კოლეგების მიერ დანაშაულის დამალვისა და არასათანადო რეაგირების შესახებ. „ძალადობის ერთ–ერთი შემთხვევის დროს სალომემ გამოიძახა პოლიცია, ისინი ადგილზე მივიდნენ, მაგრამ მათ არ განუხორციელებიათ არც ერთი ზომა, რასაც კანონმდებლობა ავალდებულებდათ. პირიქით, ისინი სალომეს ეუბნებოდნენ, რომ რადგან იგი იყო გათხოვილი, უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ დაექვემდებარებოდა ძალადობას, რაც უნდა მოეთმინა. ჩვენ კოლეგისადმი ხელის დაფარების ფაქტზეც მივმართეთ მთავარ პროკურატურას და ვითხოვდით ამ ფაქტის გამოძიებას. შემდგომ დაიწყო მოკვლევა, ოღონდ სხვა საკითხზე, ყოველ შემთხვევაში, გამოძიება ამ კუთხით არ წასულა“,–გვეუბნება თამარ დეკანოსიძე.

საიაში ამბობენ, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან ჩადენილ დანაშაულს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულთა შორის. თამარ დეკანოსიძე ამბობს: „2014 წელს, როდესაც ძალიან ხშირი იყო ფემიციდის შემთხვევები და რაოდენობამ პიკს მიაღწია, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, თუ როგორ ხდებოდა ამ დანაშაულების გამოძიება და დასჯა, შევისწავლეთ სასამართლოს 12 განაჩენი. 12 ქალის მკვლელობის საქმიდან სამი ჩადენილი იყო სამართალდამცავთა მხრიდან, ანუ მეოთხედი მკვლელობები. ხოლო რაც შეეხება ქალთა მიმართ დანაშაულის შემთხვევებს, რომლებიც მკვლელობით არ დასრულდა, გვაქვს სამი საქმე, რომელშიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელია შესაძლო მოძალადე.“

ისინი, ვინც ფემიციდით გამოწვეული საფრთხის წინაშე დგანან, ასევე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლ ადამიანებს სახელმწიფო სპეციალურ სერვისს სთავაზობს თავშესაფრების სახით, რომელიც საქართველოს 5 ქალაქში თბილისში, ქუთაისში, გორში, ბათუმსა და სიღნაღში ფუნქციონირებს. ასევე გახსნილია ერთი კრიზისული ცენტრი და დღის ცენტრი. თავშესაფრებში მოხვედრა და მათი სერვისით სარგებლობა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, ვინც მსხვერპლის სტატუსი მიიღო, რაც ცალკე პროცედურას წარმოადგენს. ამერიკის ხმასთან ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დამხარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა თამუნა ბარკალაიამ ისაუბრა, რომლის უწყებრივ დაქვემდებარებაშია თავშესაფრები. ის ამბობს: „მომართვიანობა ტრეფიკინგის ფონდში, თავშესაფრის ძიება და თავშესაფრის მოთხოვნა არის მზარდი. დაახლოებით 30 პროცენტით ზრდაა 2014–დან 2015–ში და 2015–დან 2016–ში. ამ სერვისის ძირითადი მომხმარებლები, დაახლოებით 95 პროცენტი გახლავთ ქალები, შვილებთან ერთად. ზოგადად, მზარდ სტატისტიკას ჩვენ აღვიქვამთ, არა როგორც ძალადობის რიცხვის ზრდას, არამედ როგორც მომართვიანობის ზრდას და შესაბამისად, როგორც პოზიტიურ ცვლილებას და ტრენდს.უფრო და უფრო მეტი ქალბატონი მოგვმართავს ჩვენ დახმარებისთვის. ჩვენთან მომართული ქეისებიდან არც ერთი არაა ახალი ძალადობის ამბავი. ძირითადად, ესენი არიან წლების განმავლობაში ძალადობრივ გარემოში მცხოვრები ქალბატონები, ვინც ერთ დღეს გადაწყვიტეს, რომ საკმარისია და გადაწყვიტეს, რომ გადადგან ნაბიჯი და მოგვმართონ დახმარებისთვის.“

ქალთა მკვლელობების პიკი საქართველოში 2014 წელს დაფიქსირდა – როდესაც 34 ქალი იქნა მოკლული.

Comments are closed