«Spiegel online» (გერმანია): ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან: „რუსეთმა პატივი უნდა სცეს ჩვენს სუვერენიტეტს“
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): სენატორი ჯონ მაკკეინი: „საქართველო ნატოში გაწევრიანების მკაფიო გეგმას იმსახურებს“
—————–
«Spiegel online» (გერმანია), 12 მარტი, 2016 წელი
ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან: „რუსეთმა პატივი უნდა სცეს ჩვენს სუვერენიტეტს“
მარკუს ბეკერი
(თავისუფალი თარგმანი)
48 წლის გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2015 წლის 30 დეკემბერის დაინიშნა, მანამდე კი ჯერ ეკონომიკის, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა. სპეციალობა – მედიკოსი და და ეკონომისტი. გარდა ამისა, მან ეკონომიკის ცოდნა აშშ-შიც გაიღრმავა. გიორგი კვირიკაშვილის მიზანია საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება (რასაც შეიძლება რუსეთთან ურთიერთობა გაუარესება მოჰყვეს).
დასავლეთში როცა რუსეთზე ლაპარაკს იწყებენ, უმეტესად საუბრობენ ხოლმე მოსკოვის აგრესიულ მოქმედებაზე უკრაინასა და სირიაში. 2008 წლის ზაფხულში მომხდარი საქართველო-რუსეთის ხუთდღიანი ომი ცოტას თუ ახსენდება, თუმცა სწორედ მაშინ შეიქმნა ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის მოდელები: რუსეთმა ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა, მაგრამ ოფიციალურ ანექსიაზე არავინ ლაპარაკობს. ამ ნაბიჯების უკან მოსკოვის სტრატეგია მოჩანს, რომელიც გავლენის სფეროს შენარჩუნება-გაფართოებას ითვალისწინებს. საქართველო ნატოსა და ევროკავშირისაკენ ისწრაფვის, რაც 2008 წლის ომის მიზეზებად ითვლება.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან კონფლიქტი უკვე მიბჟუტულ-მინავლებულია, საქართველოს პერსპექტივა მაინც ნათლად გარკვეული არ არის: ნატო პრინციპულად არ ღებულობს მოუგვარებელი კონფლიქტების მქონე სახელმწიფოს, რადგან ბრიუსელს რუსეთთან დაპირისპირების ესკალაცია არ სურს. გარდა ამისა, ევროკავშირი სკეპტიკურადაა განწყობილი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების მიმართ, მათი არასოლიდარული მოქმედების გამო [ახლო აღმოსავლელი] ლტოლვილებისა და ეროვნული მოძრაობის მიმართ.
„შპიგელ“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, [თუ რატომ სურს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანება] და როგორ უნდა წაიყვანოს მან საქართველო დასავლური კურსით.
- ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ გინდათ, რომ საქართველო ნატოში და ევროკავშირში გააწევრიანოთ. რატომაა ეს მნიშვნელოვანი თქვენი ქვეყნისათვის?
- კულტურის თვალსაზრისით საქართველოს ყოველთვის ევროპული ქვეყანა იყო. ევროპა საქართველოსთვის სახლია. გარდა ამისა, საქართველო, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდებარეობს, ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. ირანისათვის სანქციების მოხსნა კი ევროპისა და საქართველოსთვის ახალ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს აჩენს.
- ლტოლვილებთან დაკავშირებით შექმნილ კრიზისში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს თავიანთ დასავლელ პარტნიორებისადმი მაინცდამაინც დიდი სოლიდარობა არ გამოუჩენიათ, არადა, ისინი კარგად სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნებში [შენგენის ზონაში] თავისუფალი გადაადგილების უფლებით. ამასთან ერთად, ბევრი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ ევროპისათვის ევროკავშირი უმეტესად მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის ზონითაა საინტერესო, უფრო ნაკლებად კი – საერთო ფასეულობებით. მაშ, რატომ უნდა მიიღოს დასავლეთმა კიდევ ერთი აღმოსავლეთევროპული ქვეყანა ევროკავშირში?
- მე სწორედ ამიტომ ვუსვამ ხაზს საქარველოსა და ევროპას შორის არსებულ ისტორიულ კულტურულ კავშირებს. მსოფლიო ბანკი (რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი) ადასტურებს საქართველოს მიღწევებს აზრის თავისუფლად გამოხატვის, სიტყვისა და ბეჭდვის თავისუფლების სფეროში, ადასტურებს სტაბილურობასა და კანონმდებლობის მაღალ დონეს. გაეროს მოხსენებაც ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე იგივე დადებით ტენდენციას გამოხატავს. ეს გვაძლევს იმის თქმის ნებას, რომ ჩვენი ევროპას უპირველესად ფასეულობების საფუძველზე ვუახლოვდებით.
- მას შემდეგ, რაც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ (რომელსაც თქვენც მიეკუთვნებით) 2012 წელს საპარლამენტი არჩევნებში გაიმარჯვა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სასამართლო პროცესები დაიწყო. კრიტიკოსებმა ეს „ჭინკებზე ნადირობად“ მონათლეს…
- წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების დაცვის დონე სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. საპყრობელეები 300 ათასმა ადამიანმა გამოიარა ოთხმილიონიან ქვეყანაში. დღევანდელ მთავრობას ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკების მიმართ აღძრული საქმეების გამო აკრიტიკებენ. მე პირადად არ მიხარია, რომ ადამიანი გისოსებში იჯდეს, მაგრამ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა უნდა ბატონობდეს.
- ამას წინათ ბრიუსელში თქვენი ყოფნის დროს ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ხაზს უსვამდა, რომ საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა „მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს, გამჭვირვალე და ობიექტური უნდა იყოსო“. სამართლებრივ სახელმწიფოში ეს თავისთავად იგულისხმება…
- მე დონალდ ტუსკის ნათქვამი კრიტიკად კი არ აღვიქვი, არამედ ჩვენი პარტნიორის სურვილად – პარტნიორისა, რომელიც სერიოზულად უყურებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესს. ვფიქრობ, ჩვენს პარტნიორებს თავისუფლად შეუძლიათ დარწმუნდნენ იმაში, თუ როგორი ტენდენციაა, საით და როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო. ჩვენ იდეალურები არ ვართ, მაგრამ სიტუაციის მუდმივი გაუმჯობესების პროცესი აშკარაა.
- საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს, თუმცა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თავის რიგებში მოუგვარებნელი კონფლიქტების მქონე სახელმწიფოს მიღება არ შეუძლია – 2008 წლის კავკასიური ომის დროს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა და იქ სამხედრო ბაზები შექმნა. ამიტომაც საფრანგეთს და გერმანიას სრული უფლება აქვთ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე უარი გამოუცხადონ…
- მართალს ბრძანებთ, რომ საქართველო თავისი სახელმწიფო ტერიტორიის ნაწილს ვერ აკონტროლებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ნატოში გაწევრიანებისათვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ნატოში ჩვენი მიღებისათვის ალიანსის ყველა წევრის აუცილებელი თანხმობაა საჭირო და ვიცით, რომ რამდენიმე წინააღმდეგია, თუმცა ჩვენ ალიანსთან თანამშრომლობას მაინც ვაგრძელებთ. ნატოს სრულფასოვანი წევრობა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზანია.
- განა ეს რუსეთთან ურთიერთობაში დამატებით სიძნელეებს არ შეგიქმნით?
- არა მგონია, ჩვენი ნატოში გაწევრიანების სწრაფვა რუსი პოლიტიკოსების მიერ მტრულ მოქმედებად იქნეს განხილული. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი სტაბილური იყოს. ნატოში გაწევრიანება სწორედ სტაბილურობისათვის გვჭირდება და არა მტრობისა და სამხედრო მოქმედებებისათვის. რუსეთი და საქართველო ასწლეულების განმავლობაში ერთმანეთის მეზობლები ვართ, ჩვენ შევძლებთ ურთიერთობის გაუმჯობესებას. ამასთან, რუსეთმა პატივი უნდა სცეს ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, სუვერენიტეტი იმასაც ნიშნავს, რომ საქართველოს აქვს არჩევანის უფლება შეუერთდეს და გაწევრიანდეს მითვის სასურველ კავშირში, ნატოს ჩათვლით.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 14 მარტი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/senator-mccain-interview/3234584.html
ინტერვიუ ჯონ მაკკეინთან: „საქართველო ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმას იმსახურებს“
(შემოკლებით)
„საქართველო ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმას იმსახურებს“, – აცხადებს ამერიკის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ მაკკეინი. “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში მან შეერთებულ შტატებს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. სენატორმა ჯონ მაკეინმა ევროპაში მიგრანტების კრიზისზე, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებზე, ამ კონფლიქტებში რუსეთის დომინანტურ როლსა და მოსკოვის მიერ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ფაქტებზე ისაუბრა.
ჯონ მაკკეინი: საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეულად მიმზიდველი ქვეყანაა მსოფლიოში, კეთილშობილი და შეუპოვარი ხალხით. ამაყი ვიყავი, როდესაც მან საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობას მიაღწია. ახლა იქაური პოლიტიკური ვითარება მაღელვებს. ვიმედოვნებ, მომავალი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაივლის. ჩემი აზრით, ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ახლა ნაკლებად თუ ადარდებს ვინმეს საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია. ყოველთვის, როცა დასავლეთი ყურადღებას ასუსტებს, რუსეთი საზღვრის ხაზს სწევს. მიმაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ქართველებს, ალიანსთან მიერთების უფრო მკაფიო გზას შევთავაზებდი. ამ პოლიტიკას, შესაძლოა, არ იზიარებდეს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, მაგრამ საქართველო და მისი ჯარი ავღანეთში გვერდში დაგვიდგა. ვიცი, რომ საქართველო თვითონაც ამაყობს ამ კონტრიბუციითა და მისი ჯარისკაცების სიმამაცით.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ობამას ადმინისტრაცია პირად თუ ოფიციალურ საუბრებში საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის მხარდაჭერას უცხადებდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის თუ დემოკრატიზაციის პროცესებში.
რაც შეეხება მდგომარეობას უკრაინაში: ცნობილია, რომ ამ ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან ბარაკ ობამას ადმინისტრაცია თავს იკავებდა უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გადაცემაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენდა. სხვა მოსაზრება აქვს სენატორ მაკკეინს – იგი არ იზიარებს ოფიციალურ პოზიციას, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ვითარებას გაართულებს.
ცნობისთვის: განვლილი ორი წლის განმავლობაში ობამას ადმინისტრაციამ უკრაინის დასახმარებლად 260 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად.
ჯონ მაკკეინი: შეერთებული შტატები არცკი ფიქრობს, რომ უკრაინას თავდაცვითი იარაღი საკუთარი ქვეყნის დასაცავად სჭირდება. ამით ჩვენ ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ფურცელს ვწერთ და არ ვეხმარებით უკრაინას იმ დროს, როცა ვლადიმირ პუტინის მოქმედებით აღმოსავლეთი უკრაინა გამოუსწორებელ შედეგებს იმკის. მე ორი წლის წინ მაიდანზე ვიყავი. სამწუხაროდ, მას შემდეგ ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად არავითარი სერიოზული ნაბიჯები არ გადადგმულა. არსებული ვითარება ადამიანების იმედგაცრუებას იწვევს. პირვე-ლად უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში, სახეზეა ევროპული სახელმწიფოს დანაწევრება.
სენატორი ჯონ მაკკეინი იმედოვნებს, რომ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის პირობებში, შეერთებული შტატები გააქტიურდება. მისი აზრით, ახალმა პრეზიდენტმა მეტი სიმტკიცე და პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს, განსაკუთრებით უკრაინაში, რადგან დღეს უკრაინელები ამერიკისაგან თავს მიტოვებულად გრძნობენ.