globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 14 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 14th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Комсомольская правда» (რუსეთი): ქართველები უკრაინელებზე დარდობენ: „მიშა მათ ისე დაარეფორმებს, რომ…“

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოს მოვლენების მიმოხილვა

«АРА – Azeri-Press Agency» (აზერბაიჯანი): აზერბაიჯანმა ქართველ მწერალს დავით ტურაშვილს „ყარაბაღში გასეირნება“ აპატია

———————-

«Комсомольская правда» (რუსეთი), 14 აპრილი, 2015 წელი

http://www.kp.ru/daily/26366/3247811/

ქართველები უკრაინელებზე დარდობენ: „მიშა მათ ისე დაარეფორმებს…“

„კომსომოლსკაია პრავდას“ სპეციალური კორესპონდენტი ვლადიმირ ვორსობინი თბილისში ჩამოვიდა, რათა ენახა, თუ როგორ ცხოვრობს, რით სუნთქავს საქართველო ყოფილი „პრეზიდენტ-რევოლუციონერის“ გარეშე და რას ფიქრობენ ქართველები მიხეილ სააკაშვილის კიევურ საქმიანობაზე.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

თბილისში ვარ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მე საქართველოში სროლების,  დაპატიმრებების ან ვიღაცის ცემის გამო არ ჩამოვსულვარ (ათი წლის განმავლობაში ამ მიზეზებით იმდენჯერ ვარ ნამყოფი საქართველოში, რომ უკვე ყელში ამომივიდა).

პირიქით. დღეს საქართველოში რაღაც უჩვეულო სიჩუმე იგრძნობა..

ქართველები ვეღარ მიცვნია!

მთელი მსოფლიო უკრაინის გამო გაცოფებულია, საქართველოში კი, სადაც ჩვეულებრივ ყველაფერზე ხმაურიანი განცხადებები კეთდებოდა ხოლმე, ჩამი-ჩუმი არ ისმის. თითქოს ნეიტრალურ შვეიცარიაში მოვხვდი… თუმცა არა, აი, ვიღაცას აპატიმრებენ თუ უკვე დააპატიმრეს: აეროპორტის დარბაზიდან ვხედავ, რომ პოლიციელებს მგონი „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „ლევიკ ზუგდიდსკი“ მიჰყავთ. ჩემს თვალწინ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მოფიქრებული სისხლის სამართლის საქმე განხორციელდა: ეჭვმიტანილმა საკმარისია თქვას „მე ქურდი ვარ“ (და „კანონიერი ქურდი“ სწორედ ამას იტყვის), რომ იგი ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთას მიიღებს. ყველაფერი მარტივადაა. ეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ახლა კი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის და მთავარი რეფორმატორის მიშიკოს საფირმო ხელწერაა.

მივსეირნობ თბილისის მშვიდ ქუჩებში, ვცდილობ გიგანტურ სავაჭრო ცენტრში შესვლას, იქ კი პრაქტიკულად არაფრით ვაჭრობენ – ყველგან ვხედავ მხოლოდ კომპიუტერებს, მანათობელ ტაბლოებს…

- ა-ა-ა, ეს რას ნიშნავს? როგორ აგიხსნა… – ჩემი ქართველი მეგობარი, ფერმერი სოსო შუბლს იჭმუხნის და ცდილობს დავიწყებული რუსული სიტყვები გაიხსენოს, – აქ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია – გადასახადების გადახდა, ყველანაირი დოკუმენტის გაფორმება… მარტივად და მოხერხებულად.

- ისე, როგორ ცხოვრობ?, – ვეკითხები.

- აი, ასე (მაღლა აწეულ ცერა თითს მაჩვენებს). ვამპირ მიხეილ სააკაშვილის გარეშე თავისუფლად ვსუნთქავ… ვინც გინდა აკრიტიკე, რაც გინდა ილაპარაკე… თავისუფლება! ადრე სახლიდან გამოხვიდოდი და ფიქრობდი – ნეტავ თუ დავბრუნდები… კარზე კაკუნისა გეშინოდა, პროკურატურამ ხომ მომაკითხაო, ან „ნაციონალების“ გადასახადის ამკრეფნი ბრძანების შესასრულებლად ხომ არ მოვიდნენო. იცი, ახლა ვინ მეცოდებიან?

თბილისში პირველი დღეა ვარ და უკვე ვიცი.

- უკრაინელები, – ორივე ერთდროულად ვამბობთ.

- შენი აზრით, სააკაშვილი უკრაინაში წესრიგს დაამყარებს?, – თავს სინანულით აქნევს სოსო, – ჰმ, რა ჩემს ფეხებადაა საჭირო ამგვარი წესრიგი! ღმერთმა ნუ ქნას, რომ მიშა დაბრუნდეს.

ზუსტი ნათქვამია.

საქართველოში ტელევიზორს ჩართავ და იქ იმწუთში „ღმერთმანუქნა მიშას“ შესახებ იწყებენ ლაპარაკს.

- მიხეილ სააკაშვილს ჩვენთან ახალი რევოლუციის მოწყობა სურს, კიევური მაიდნის სცენარით, – ამბობს მიშიკოს ძველი მოკავშირე, ქართველი „რკინის ლედი“ ნინო ბურჯანაძე.

- ღმერთმა ნუ ქნას სააკაშვილის დაბრუნება, ეს რუსეთთან ახალ ომს ნიშნავს!, – გვაფრთხილებს ეკრანიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

- ყოფილი პრეზიდენტის რჩევები უკრაინისათვის სახიფათო იქნება, – აფრთხილებს უკრაინელებს ექს-პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

- რატომ გეშინიათ ასე მიხეილ სააკაშვილისა?, – ვცდილობ გავარკვიო თბილისელ მეგობრებთან საუბარში. რატომ დარდობს უკრაინელებზე ქართული საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის გამო, როცა წლების წინ თვითონ ქართველები დიდი სიხარულითა და აღფრთოვანებით შეხვდნენ „ქართული მიწების გამაერთიანებელი“ მიშიკოს პრეზიდენტად არჩევას? მე ხომ კარგად მახსოვს ალისფერი ვარდები (ქართული რევოლუციის სიმბოლო), გაცისკროვნებული სახეები, ომახიანი შეძახილები „მიშა-მიშა!“. ისე ჩანდა, რომ მაშინდელ საქართველოში, გაძვალტყავებულ და დაშლილ ქვეყანაში, რომელიც კორუმპირებულობით დღევანდელ უკრაინას ტოლს არ უდებდა, არ იყო ადამიანი, ვისაც მიხეილ სააკაშვილისა არ სჯეროდა და მისი იმედი არ ჰქონდა.

გავიდა დრო და საქართველო სისხლში აღმოჩნდა… ჯერ იყო რუსთაველის გამზირი, მიტინგის დარბევისას. ახლაც თვალწინ მიდგას პოლიციელის სახე, რომელიც ზურგზეხელამოტრიალებულ ჟურნალისტს მიყურებდა და ფიქრობდა:  სახეში ვთხლიშო, წიხლი დავარტყა თუ ხელკეტი დავცხო? იქვე ახლოს კი ასფალტზე პირქვე დაწვენილ მომიტინგეებთან ერთად, ყოველი წიხლის დარტყმაზე, ერთ-ერთი ჩვენი თბილისელი კოლეგა იგინებოდა… შემდეგ იყო ცხინვალის საომარი ამბები…

- სოსო, შენ ავტომანქანის ჩაკეტვა ისევ დაგავიწყდა, იქ ხომ ჩემი დოკუმენტები და ბარგია, არავინ მოიპაროს, – მექანიკურად ვამბობ.

ქართველს ეცინება.

- მოდი დავნიძლავდეთ: მე აქ მანქანას ღიას დავტოვებ, გასაღებით, ორი დღის შემდეგ კი პოლიციიდან დამირეკავენ და მეტყვიან – „გენაცვალე, მანქანა დაგიტოვებია და წაიყვანეო“.

- მოიცა, კაცო… განა სალონიდან არაფერს წაიღებენ? (მახსენდება აფხაზეთი, სადაც მანქანა თუ არ გენანება, სამ წუთზე მეტ ხანს უყურადღებოდ არ უნდა მიატოვო).

სოსო პირველად მიყურებს ასეთი შესამჩნევი ქედმაღლობით.

- მობილური ტელეფონის მოპარვისთვისაც კი ათი წელი ციხეა… აი, ეს ქაღალდი ახლა ურნაში უნდა ჩავაგდო. გაზონზე გადაგდებისათვის ჯარიმა 80 ლარია.

თბილისში როგორც კი მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე დაიწყებ საუბარს, იმწუთში გრძნობ, რომ ლაპარაკი არ გაგრძელდება, ან შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე, ან მასზე და რუსეთზე ერთად.

- სად დაინახეს [უკრაინელებმა] რეფორმები? სად? ქვეყანა კატასტროფის ზღვარზე მიიყვანა… – აღშფოთებით ლაპარაკობს „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში ნინო ბურჯანაძე, რომელიც ოდესღავ პროდასავლური პოლიტიკოსი, ახლა კი…

ახლა რომ ვინმე რუსმა იმპერიისმოყვარულმა მოისმინოს, თუ რას ლაპარაკობენ თბილისში, სიხარულისგან დაუსტვენდა და გადაჭარბებული ოპტიმიზმით იტყოდა: „აი, ქართველები აზრზე მოსულან! აბა, ჩქარა, საბაჟო კავშირში!“.

- და რატომ არ უნდა გავწევრიანდეთ კავშირში“, – ამბობს თითქმის ერთადერთი პრორუსული ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში, „ერეკლე მეორის“ სახელობის საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისი უკვე რამდენიმე აქცია ჩაატარა. – ერთი წლის განმავლობაში რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი ექვსჯერ გაიზარდა. თუ საბაჟო კავშირში შესვლა ისრაელს სურს, რატომ არ უნდა სურდეს საქართველოს? სავაჭრო ბარიერების მოხსნის შესაძლებლობის განხილვის დონეზე მაინც?

პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა გოგი თოფაძემ კი მარტივად და უბრალოდ თქვა ის, რასაც თბილისელები „სამზარეულოში“ აგერ უკვე ათი წელია ლაპარაკობენ.

- არ მინდა ნატოში შესვლა! არცერთ სამხედრო ბლოკში! ასე ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის 80%, – განაცხადა დეპუტატმა და ამით ტაბუ დაარღვია – „დასავლეთზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი“.

თუ ამ ყველაფერს იმას დავამატებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა თითქმის ყოველთვიურად ითხოვს უკრაინისაგან ქვეყნის მთავარი რეფორმატორისა და მისი გუნდის ექსტრადირებას („ჩვენი მეგობრობის სახელით ცუდი არ იქნება მიშა ჩავაჯინოთო“), მაშინ საინტერესო სურათი იკვეთება.

(დასასრული იქნება)

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 13 აპრილი, 2015 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20150412-gruziya-pytaetsya-borotsya-s-vliyaniem-igil/

საქართველოს გასული კვირის მოვლენების მიმოხილვა

საფრანგეთის რადიოსადგურის „Radio France Internationales»-ს ეთერში 12 აპრილს თბილისიდან კორესპონდენტ გიორგი ლებანიძის მიერ გადაცემულ რადიორეპორტაჟში განხილულია გასულ კვირას საქართველოში მომხდარი მოვლენები, მათ შორის 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკული მიტინგის გახსენება და პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარება.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების მორიგი წლისთავთან დაკავშირებით გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი საუბრობს:

„რა იქნებოდა, რომ… რა შედეგამდე მიგვიყვანდა, რომ…“ – ისტორია ვერ ითმენს მსგავს ვარაუდებს და პირობითობას. ეს იყო, მოხდა და ის შედეგები მოიტანა, რაც არის. ცხრა აპრილი ერთადერთი დღე იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში, როცა ქართველები ერთად იყვნენ… მიტინგის დარბევა და ადამიანთა მსხვერპლი საშინელება იყო, მაგრამ ცხრა აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა განაპირობა. თავისუფლებას მსხვერპლის გარეშე ვერ მიაღწევ. ეს საშინელებაა მათთვის, ვინც ახლობლები დაკარგა, მაგრამ ჩვენთვის დამოუკიდებლობას ასეთი საშინელი ფასი ჰქონდა“.

რაც შეეხება პანკისის ხეობას, რეპორტაჟში ნათქვამია:

„პანკისის ხეობა, რომელიც რუსეთთან ახლოს მდებარეობს და სადაც ეთნიკური ქისტები (ჩეჩნები) ცხოვრობენ, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მრავალჯერ გამხდარა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების მიზეზი: 2002 წელს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის კინაღამ სამხედრო კონფლიქტი მოხდა, როცა ვლადიმირ პუტინმა თავისი ქართველი კოლეგა ედუარდ შევარდნაძე ჩეჩენი ბოევიკებისა და მათი მეთაურის რუსლან გელაევის მფარველობაში დაადანაშაულა. საქართველოს დღევანდელი მთავრობისათვის კი პანკისის ხეობა ახალ პრობლემად იქცა: აქაური ახალგაზრდები მასობრივად მიდიან საბრძოლველად ერაყსა და სირიაში, „ისლამური სახელმწიფოში“. ერთ-ერთი პანკისელი მებრძოლი თარხან ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ „სამხრეთის ფრონტის“ ხელმძღვანელიც კი გახდა.

ათობით პანკისელი ახალგაზრდა იღუპება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ ოპერაციებში, მაგრამ ქისტების სამხედრო ემიგრაცია მაინც არ წყდება: ამას წინათ სირიაში, თურქეთის გავლით, არასრულწოლოვანთა წასვლის ფაქტიც დაფიქსირდა. სწორედ ამიტომ ჩეჩენი უხუცესები სოფელ დუისში შეიკრიბნენ და საქართველოს ხელისუფლებას მკაცრი ზომების მიღება მოსთხოვეს, თუმცა მთავრობის განცხადებით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუძლებელია…“.

ავტორმა ამ თემაზე ინტერვიუ ჩამოართვა ვკასიოლოგ მამუკა არეშიძეს:

„საქართველოს ხელისუფლებას სირიაში წამსვლელების წინააღმდეგ გარკვეული ღინისძიებების გატარება შეუძლია. ცხადია, ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელია. მთავარია პოლიტიკური ნების გამოჩენა და ის, რომ ამ საკითხზე პროფესიონალებმა იმუშაონ. პროცესის აკრძალვა კონტრპროდუქტიული იქნება, მაგრამ გაკონტროლება შეიძლება. ეს ეხება არ მარტო პანკისის ხეობას, არამედ ქვემო ქართლს და აჭარას, სადაც მუსულმანები ცხოვრობენ. სოციალური ფონი ყველგან ერთნაირია… საჭიროა ხელისუფლებამ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს ტრადიციულ ისლამს, რომელიც უფრო ეფექტური ბრძოლის საშუალებაა“, – ამბობს მამუკა არეშიძე.

«АРА – Azeri-Press Agency» (აზერბაიჯანი), 13 აპრილი, 2015 წელი

http://ru.apa.az/news/290332

აზერბაიჯანმა ქართველ მწერალს დავით ტურაშვილს „ყარაბაღში გასეირნება“ აპატია და მისი გვარი „არასასურველ პირთა“ სიიდან ამოიღო

აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო «APA- Azeri-Press Agency»-ის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელძღვანელმა ჰიქმეთ გაჯიევმა განაცხადა, რომ ქართველი მწერალი დავით ტურაშვილი აზერბაიჯანისათვის „არასასურველი პირების“ სიიდან ამოღებულია.

„საქართველოს მოქალაქემ დავით ტურაშვილმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილით მიმართა და სთხოვა, რომ მისი სახელი და გვარი „არასასურველი პრების“ სიიდან ამოშლილი ყოფილიყო. ამ სიაში დავით ტურაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმიტომ სეიტანა, რომ იგი მთიან ყარაბაღში – სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რითაც დაარღვია აზერბაიჯანის კანონი „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“.

თავის წერილში დავით ტურაშვილი იტყობინება, რომ მთიან ყარაბარში მისი ვიზიტი შემთხვევით მოხდა, რაიმე ცუდი მიზნების გარეშე და რავითარ შემთხვევაში არ იყო მიმართული აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, არ გამოხატავდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და კანონებისადმი უპატივცემლობას. მან ითხოვა, რომ გამონაკლისი დაშვებულიყო და მისი გვარის „არასასურველ პირთა“ სიიდან ამოღებულიყო. დავით ტურაშვილის თხოვნა განიხილეს არსებული წესის მიხედვით, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ქართველი მწერლის გვარ-სახელი აღნიშნული სიიდან ამოღებულ იქნეს“.

Comments are closed