«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რუსული თამაშები //
რატომ გააქტიურდნენ საქართველოში პრორუსული ძალები?
«Tiroler Tageszeitung» (გერმანია): გერმანიის პოლიცია: ევროპის ისეთ სახელმწიფოებში, როგორიც საქართველოა, არსებული სიღარიბის დონე მოსახლეობას ქურდობისაკენ უბიძგებს
«Südwest Presse» (გერმანია): გზა აჭარის მთებში: ხრეში, ტალახი და ლოდები (გერმანელი ავტოტურისტის ჩანაწერები)
———————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 14 მაისი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/pro-russian-forces-in-the-georgian-politics/3329224.html
რუსული თამაშები
რატომ და როგორ გააქტიურდნენ საქართველოში პრორუსული ძალები?
ნინო დალაქიშვილი
საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები მუდმივად ხაზს უსვამენ საქართველოს დასავლური კურსისადმი განუხრელ ერთგულებას. ამის მიუხედავად, ყოველდღიურ რიტორიკაში მუდმივი საჭიროება დგება ამ ერთგულების შესახებ კიდევ მორიგად იყოს აღნიშნული. ვის და რატომ შეაქვს ეჭვი ხელისუფლების ორიენტაციაში, რა ქმნის ამგვარი უნდობლობის საფუძველს და რა ფაქტორები უწყობს ხელს ამ საფუძვლის გამყარებას და ვის წისქვილზე ასხამს წყალს მყიფე არჩევანის მქონე ქვეყნის იმიჯი?
„ამერიკის ხმა“ შეეცადა ამ კითხვებზე პასუხები ეპოვა.
„ქვეყანას შეიძლება შეექმნას სერიოზული საფრთხე, სადაც შეიძლება დაზიანდეს და დაიღუპონ სხვისი შვილები. აქედან გამომდინარე, უზნეოა ჩემთვის ყველა თანამდებობის პირი, რომელიც მოუწოდებს სხვას საბრძოლველად, ან ირიბად მიანიშნებს აქეთ, მაგრამ თვითონ გახიზნული ჰყავს თავისი შვილები. ნატოში შესვლას მე ამ მოცემულობით მხარს არ ვუჭერ, იმიტომ, რომ დღვანდელი მოცემულობით არავინ არ მიგვიღებს ამ პრობლემებიანად, თუ ჩვენ უარს არ ვიტყვით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ანუ სამაჩაბლოს დაბრუნებაზე“, – ეს უმრავლესობის დეპუტატის თამაზ მეჭიაურის განცხადებაა, რომელიც მან ორიოდე დღის წინ გააკეთა. იგი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ოფიციალურად გაცხადებულ პრიორიტეტებთან. ამის მიუხედავად, თამაზ მეჭიაური უმრავლესობაში რჩება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თამაზ მეჭიაური ერთადერთი ოფიციალური პირი არაა, ვინ აჟღერებს ზუსტად ისეთ მოსაზრებებს, რაც საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს: „გუნდში არ იქნებიან ადმიანები, ვისაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო–პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებით“.
„ამერიკის ხმასთან“ გიორგი ტუღუშმა, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელმა ისაუბრა. იგი ასახელებს იმ ფაქტებს, რომლებიც საქართველოს ოფიციოზის ორიენტაციის სიმყიფეს განაპირობებს.
„თავდაპირველად, ამ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უნდა დაელაგებინა ურთიერთობა რუსეთთან და ამისთვის გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, რომელთა დიდ ნაწილს მივიჩნევდით საქართველოს ინტერესებისთვის საზიანოდ. ამას მოჰყვა ისიც, რომ გარკვეული პრორუსული ძალები საქართველოში გააქტიურდნენ და გაცილებით უფრო თავისუფლად იგრძნეს თავი. ყველაფერი დაიწყო, ზოგადად, ჯაშუშების განთავისუფლებით, როდესაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებული პირები გამოუშვეს ციხიდან, როგორც პოლიტპატიმრები. ამას მომდევნო პერიოდში დაემატა ახალი ხელისუფლების განსხვავებული მიდგომა თუნდაც იმ კონკრეტული ჯგუფების და ძალების მიმართ, რომლებიც საქართველოში ღიად ეწევიან რუსულ პროპაგანდას და და ემსახურებიან რუსულ ინტერესებს. ეს შეიძლება იყოს, როგორც ცალკეული პოლიტიკოსები და პარტიები, ასევე ცალკეული მედია–საშუალებები. ერთ–ერთ კვლევის შედეგად, რომელიც მედიის განვითარების ფონდმა ჩაატარა, ცნობილ გახდა რამდენიმე კონტრაქტი, როდესაც ხელისუფლება გარკვეულ ხელშეკრულებებს უფორმებდა ღიად პრორუსულ მედია–საშუალებებს. გარდა ამისა, ეს არაა მხოლოდ პრორუსული მედია–საშუალებები, არამედ ზოგადად ეს გახლავთ ქსენოფობიური მედია, რომელიც ეწევა გარკვეული ჯგუფების პირდაპირ თუ არაპირდაპირ დისკრიმინაციას საკუთარი ეთერიდან.
პრობლემა იმაშია, რომ ამ ხელისუფლებას არ გააჩნია ერთიანი ხედვა, ამიტომაც უწევს მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნა. მასში გაერთიანებული არიან სხვადასხვა პარტიები. თავდაპირველად იქ მოხვდნენ პროდასავლური ძალებიც და ისინიც, ვინც ღიად ახმოვანებენ რუსეთის ინტერესებს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების გარკვეული ნაწილი ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას მყარად აქვს გაკეთებული არჩევანი და ესაა ცალსახად დასავლური არჩევანი და არა რუსული. ჩემი აზრით, საზოგადოების არჩევანი რომ არ იყოს ასეთი მყარი, ხელისუფლება გაცილებით შორს წავიდოდა და იმის მტკიცებასაც აღარ დაიწყებდა, რომ მისი კურსი დასავლურია.“
ის, რომ მოქმედების სივრცე პრორუსული ძალებისთვის სრულებით ღია და თავისუფალია და რომ ხელისუფლება ამ თვალსაზრისით სრულ სიმშვიდესა და უმოქმედობას ინარჩუნებს, 9 მაისმაც აჩვენა. პრორუსულმა ძალებმა არა მხოლოდ საკუთარი თავის დემონსტრირება მოახდინეს აქციებზე, არამედ მოახერხეს კონსოლიდირებაც საბჭოური წარსულისადმი სენტიმენტებით განმსჭვალული ადამიანების ჩართულობით. ძველი კომუნისტური პარტია და ევრაზიული კავშირი ახლა უკვე ალიანსში არიან და არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატების შერჩევით არიან დაკავებულები. 2016 წლის პარლამენტი უნიკალური ალბათ იმით იქნება, რომიქ ღიად პრორუსულ ძალებს ვიხილავთ.
«Tiroler Tageszeitung» (გერმანია), 14 მაისი, 2016 წელი
გერმანიის პოლიცია: ევროპის ისეთ სახელმწიფოებში, როგორიც საქართველოა, არსებული სიღარიბის დონე მოსახლეობას ქურდობისაკენ უბიძგებს
ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობის სიღარიბე გერმანიაზე ნეგატიურ გავლენას იწვევს. როგორც სისხლის სამართლის ფედერალური პოლიციის მონაცემებით ჩანს, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასული პირები ბევრ დანაშაულს სჩადიან. „ჩვენ მხედველობაში უნდა გვქონდეს ევროპაში სიღარიბის დონის ზრდა“, – განაცხადა ფედერალური პოლიციის შეფმა ჰოლგერ მიუნჰმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, ბინების გაქურდვის რაოდენობის კომენტირებისას.
„ისეთ სახელმწიფოებში, როგორიც, მაგალითად, საქართველოა, უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია, შემოსავლები კი ძალიან მცირე… შესაბამისად, ადამიანები ყველა ხერხით ცდილობენ ფულის შოვნას“, – ამბობს ჰოლგერ მიუნჰი. მისი თქმით, პოლიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმ ბანდების წინააღმდეგ, რომლებიც საზღვარგარეთიდან გერმანიაში სამოქმედოდ შემოვიდნენ.
„სულ უფრო მატულობს იმ უცხოელების რაოდენობა, რომლებიც დანაშაულის ჩადენის გამო არიან დაკავებულნი. გერმანელი მოქალაქეების რაოდენობა კი პირიქით, მცირდება… ძალიან ბევრია დაპატიმრებული სერბეთის, რუმინეთის, ალბანეთისა და, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები. ბინის ქურდებისა და მძარცველთა ჯგუფები ძალიან მობილურები არიან. ისინი სხვადასხვა ქალაქებში მოქმედებენ და ისეთ ნივთებს იპარავენ, რომელთა გაყიდვა „შავ ბაზარზეა“ შესაძლებელი. ბევრი მათგანი გერმანიიდან მიდის, მაგრამ შემდეგ [სხვა სახელით] ისევ უკან ბრუნდება. ამჟამად სავარაუდო დამნაშავეების მხოლოდ მცირე ნაწილია დაკავებული, დაახლოებით 15%, თუმცა ესეც საკმარისია, რომ ზრდის ტენდენციები და კანონზომიერება დავინახოთ. დღეისათვის 17 ათასი პიროვნებაა დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გერმანიის სისხლის სამართლის ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელმა.
«Südwest Presse» (გერმანია), 14 მაისი, 2016 წელი
http://www.swp.de/muensingen/lokales/muensingen/Schotter-Schlamm-Geroell;art5701,3835260
გზა აჭარის მთებში: ხრეში, ტალახი და ლოდები
გერმანელი ავტოტურისტის ჩანაწერები
გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის მხარის გაზეთ „ზიუდვესტ პრეს“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია გერმანელი ავტოტურისტების მონაწილეთა შთაბეჭდილებები, რომლებიც 10 მაისს საქართველოში თურქეთიდან შემოვიდნენ (ავტორი – პატრიკ ცვერგერი).
გერმანელი მოგზაურებს კარგი შთაბეჭდილებათ შეექმნათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დროს: „მესაზღვრეები თავაზიანად მოგვექცნენ“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ავტოტურისტებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ ბათუმში ავტომანქანების დაზღვევის რეგისტრირებასთან დაკავშირებით. იყო აგრეთვე კომუნიკაციის პრობლემაც: „ინგლისური ენა ჯერ კიდევ ცოტამ იცის, რომ არაფერი ვთქვათ გერმანულზეო“, – წერს ავტორი.
საბოლოო ჯამში ბათუმში ყველა საკითხი მოგვარდა („იგრძნობოდა, რომ ქართველები ჩვენზე ზრუნავდნენ“) და გერმანელმა მოგზაურებმა გეზი თბილისისაკენ აიღეს, მაგრამ ტრადიციული შავიზღვისპირა ავტომაგისტრალით კი არა, არამედ აჭარის მთების, გოდერძის უღელტეხილისა და ახალციხის გავლით.
„რუკებზე აღნიშნულია, რომ ეს გზა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე მთავარ გზას წარმოადგენს. ალბათ იმიტომ, რომ ამ მთიან რეგიონში სხვა გზა არ არსებობს, ეს ერთადერთია. დასაწყისში არა უშავდა რა, მშვიდი, წყნარი სოფლები ნორმალურად გავიარეთ, მაგრამ რაც უფრო ზემოთ მივიწევდით, გზის მდგომარეობა უარესდებოდა. უკვე ზღვის დონიდან ორ კილომეტრზე ვართ. გზა დანგრეულია. როგორც ჩანს, ასფალტის საფარი აქ, ალბათ, იოსებ სტალინის დროიდან აღარ დაგებულა, მხოლოდ ხრეში და ტალახი. ჩვენი „ვოლვო“ უგზოობას ებრძვის… ირგვლივ მთებია. ულამაზესი პეიზაჟი დაისისაკენ გადახრილი მზის ოქროსფერი სხივების ფონზე. რა ლამაზი ქვეყანაა, რა თვალწარმტაცი სივრცე… მაგრამ გაჩერებისთვის დიდი დრო არ გვაქვს, სანამ დაბნელდება, გზა უნდა გავიაროთ. ახალციხეში ნორმალურად ჩავედით, პირველივე სასტუმროში ნომრები დავიკავეთ და რესტორანში შევედით. რესტორნის მუშაკები კეთილი ღიმილით შეგვეგებნენ. დავაგემოვნეთ ქართული ღვინო… სასიამოვნო გარემოა. ეს ქვეყანა თავის შანსს კარგად იყენებს. საქართველო ძალიან მოგვწონს“, – ასეთი შეფასებაა მოცემული გერმანელ ავტოტურისტთა შთაბეჭდილებებში.