«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ნატო დონალდ ტრამპის შემდეგ // „სამხედრო თვალსაზრისით, საქართველოს ნატოში უფრო მეტი წვლილი აქვს შეტანილი ვიდრე სარგებელი მიუღია“
«Независимая газета» (რუსეთი): თბილისში „რეპ-რევოლუცია“ გადაიდო // საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებას დაპირდა, რომ ნარკოდანაშაულისათვის დასჯის სისტემა შეიცვლება // რატომ ეწვია თბილისს მადლენ ოლბრაითი?
«КоммерсантЪ» (რუსეთი): ზურაბ წერეთელს თბილისში „საქმე მოუძებნეს“ // ცნობილი სკულპტორის სახელი ბიზნესმენის გატაცებას დაუკავშირეს
—————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 13 ივნისი, 2017 წელი
https://www.amerikiskhma.com/a/nato-post-trump/3898751.html
ნატო დონალდ ტრამპის შემდეგ
„სამხედრო თვალსაზრისით, საქართველოს ნატოში უფრო მეტი წვლილი აქვს შეტანილი ვიდრე სარგებელი მიუღია“
ნანა საჯაია
„ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყველა მის წინამორბედზე მეტად შეარყია ნატოს საფუძველი. კანდიდატ ტრამპის კრიტიკა, რომ ალიანსში ფისკალური წნეხი არათანაბრად ნაწილდება ალიანსის 70-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად არ გაჩენილა. თუმცა ტრამპის განცხადება, რომ ნატო „მოძველებული“ ორგანიზაცია, ევროპელ ლიდერებში დაბნეულობა გამოიწვია,“ ამ შესავლით იწყება „ატლანტიკური საბჭოს“ ორი მკვლევარის ალექსანდრ ვერშბოუს და ფაბრიც პოტიერის ესსე სახელად „ნატო და ტრამპი“.
ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ვერშბოუ და ნატოს პოლიტიკის დაგეგმვის ყოფილი მეთაური პორტიერი, ამავე ესსეში საუბრობენ კანდიდატ ტრამპის კიდევ ერთ განცხადებაზე, რომელმაც ერთნაირად დააფიქრა, როგორც ევროპელი, ასევე ამერიკელი ლიდერები. ნატოს მეხუთე მუხლის – კოლექტიური თავდაცვის გამოყენებაზე საუბრისას კანდიდატმა ტრამპმა განაცხადა, რომ ალიანსი მხოლოდ იმ ქვეყნების დასაცავად უნდა გაერთიანდეს, „ვინც ფინანსურ პასუხისმგებლობებს“ ასრულებს.
ავტორების შეფასებით, აქამდე არც ერთ ამერიკელ ლიდერს არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ ალიანსის ღირებულებები და „შეერთებული შტატების მიერ ევროპელი მოკავშირეების წინაშე აღებული ვალდებულებები.“ გლობალურ უსაფრთხოებაზე, ნატოს მომავალზე და ტრამპის ლიდერობის ქვეშ შეერთებული შტატების როლს მიეძღვნა „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებული კონფერენციაც.
კონფერენციაზე, რომელშიც ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები და ნატოს ყოფილი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, საქართველოს საკითხი არაერთხელ გაჟღერდა. სამივე ქვეყნის მინისტრი ამბობს, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აუცილებელია ნატოს გაფართოება შენარჩუნდეს.
„მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ, რომ საქართველოს ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია. მე, როგორც ესტონეთის თავდაცვის მინისტრს მესმის, რომ საქართველო და უკრაინა იხდიან ფასს იმისთვის, რომ ჩვენ ნატოს ჯარები გვიცავს. ჩვენ მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ მათთან. გახდებიან თუ არა საქართველო და უკრაინა ალიანსის სრულუფლებიანი წევრები პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საქართველო მოწოდებულია გახდეს ნატოს წევრი, საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო მისიებში,“ ამბობს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი მარგუს ცაკნა.
მინისტრი დასძენს, რომ გლობალურ უსაფრთხოებაზე საუბრისას ის არ წარმოადგენს 1.3 მილიონიან ესტონეთს, არამედ „600 მილიონიან თავდაცვის და უსაფრთხოების საზოგადოებას.“
მარგუს ცაკნა, საერთაშორისო ფორუმებზე გამოსვლისას საქართველოს და უკრაინას ხშირად ახსენებს, რადგან „ჩვენსავე ინტერესებში შედის რუსეთს რუხი ზონები არ დავაშვებინოთ. ჩვენ მოკავშირეების გვერდით უნდა დავდგეთ, იმის მიუხედავად რომ ჩვენი ზოგიერთი მეგობარი ალიანსის წევრი არ არის“.
ბალტიისპირელი მინისტრების აზრს იზიარებენ ნატოს ყოფილი მაღალჩინოსნები და ამბობენ, რომ ალიანსში ნატოს მიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც ახლა 29 ქვეყანამ უნდა მიიღოს.
ოთხვარსკვლავიანი გენერალი ფილიპ ბრიდლოვი ამბობს, რომ სამხედრო თვალსაზრისით, ალიანსის მისიებში საქართველოს მონაწილეობა სამაგალითოა.
„სამხედრო თვალსაზრისით, საქართველოს ნატოში უფრო მეტი წვლილი აქვს შეტანილი ვიდრე სარგებელი მიუღია. იყო დრო, როდესაც ვამბობდით, რომ ჩვენი ავღანეთის მისიისთვის ვიცე მეთაური რომ დაგვჭირვებოდა, აუცილებლად ქართველს შევარჩევდით“, – იხსენებს ფილიპ ბრიდლოვი, რომელიც ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იყო ევროპაში. მისი თქმით, საქართველოს სამხედრო ჩართულობა და მისი მმართველების პოლიტიკური სურვილი ეჭვგარეშეა: „ახლა ალიანსის ჯერია. იმ წევრებმა, რომლებიც ქართულ მიწაზე რუსული ჯარების ყოფნაზე ნერვიულობენ, უნდა მოიფიქრონ პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ვიცი რომ სამხედრო თვალსაზრისით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რასაც ჩვენ მისგან ვითხოვდით“.
კონფერენციის მონაწილეები იმედისმომცემად აფასებენ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მიერ გაკეთებულ ნატოს მხარდამჭერ განცხადებას.
„ჩვენი მხარდაჭერა ნატოსადმი შეუცვლელია… ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს ჩვენი მოკავშირეების მიმართ კოლექტიური თავდაცვის კუთხით. ამერიკის შეერთებულ შტატებს მტკიცედ სწამს…იმ პრინციპის, რომ ერთზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველას წინააღდეგ“, – განაცხადა მაიკ პენსმა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ნატოს ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას: „მომავალში, არ შეიძლება მხოლოდ შიგნით ვიყურებოდეთ. ნატოს კარი ყოველთვის ღიად უნდა დარჩეს. ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენი უახლესი მოკავშირე მონტენეგროა, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, სურთ ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ალიანსში წვლილის შეტანა და ჩვენი ქვეყნებისთვის სურთ ნათელი მომავალი, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება, მათთვის კარი ღია უნდა იყოს“, – აღნიშნა მაიკ პენსმა.
„ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ უილსონისთვის მაიკ პენსის ეს განცხადება გასაკუთრებით ღირებულია, რადგან „ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა მკაფიოდ გამოხატა ნატოსადმი ერთგულება“. მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში ბევრი კითხვა ჩნდებოდა იმაზე, არის თუ არა შეერთებული შტატები მოწოდებული დაიცვას თავისი ვალდებულებები. „ვიცე-პრეზიდენტის განცხადება აჩვენებს ჩვენს ძლიერ მოწოდებას დავრჩეთ ალიანსის და ჩვენი მოკავშრეებისადმი ერთგულნი“, – ამბობს დეიმონ უილსონი და დასძენს, რომ ნატოსთან ახლო თანამშრომლობა ერთ-ერთი იმ მცირე საკითხთაგანია, რომელსაც ამერიკის დაყოფილ პოლიტიკურ სპექტრში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
«Независимая газета» (რუსეთი), 14 ივნისი, 2017 წელი
http://www.ng.ru/cis/2017-06-13/5_7007_georgia.html
თბილისში „რეპ-რევოლუცია“ გადაიდო
საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებას დაპირდა, რომ ნარკოდანაშაულისათვის დასჯის სისტემა შეიცვლება // რატომ ეწვია თბილისს მადლენ ოლბრაითი?
სტატია ეხება საქართველოში ბოლო დღეებში მომხდარ ერთ-ერთ სკანდალურ ფაქტს – რეპერების დაკავებას, რომლებიც მათ მიერვე შექმნილ ვიდეოკლიპში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დასცინოდნენ. „ვიდეოკლიპის გამოქვეყნების შემდეგ პოლიციამ რეპერები ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავა, რომელიც 20 წლამდე (და სამუდამოდაც) თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია მასალაში (ავტორი – იური როქსი).
დაკავებულებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ მათ არანაირი ნარკოტიკები არ ჰქონდათ და ჩხრეკის ოქმს ხელი ზეწოლის გამო მოაწერეს. აშკარად ჩანდა, რომ პოლიციელებმა დამცინავი კლიპის გამო შურისძიებას ცდილობდნენ, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
ახალგაზრდა რეპერების დაკავების ამბავი სოციალურ ქსელებით სწრაფად გავრცელდა. მათმა მხარდამჭერებმა და საერთოდ, ძალადობის ათასობით მოწინააღმდეგემ თავი პარლამენტის წინ მოიყარეს და ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზების შესახებ რადიკალური მოთხოვნები წაუყენეს. განსაკუთრებით აქტიურობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრი ხმაური“, რომელიც ნარკოტიკების დეკრიმინალიზების იდეით გამოდის. „ხმაურელებმა“ რეპერების დაკავება ცენზურის დაბრუნებად და პოზიციის თვითგამოხატვის შეზღუდვად შეაფასეს.
რუსთაველის გამზირზე სპონტანურად შეკრებილი ასობით ადამიანის მწვავე პროტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, – აღნიშნულია სტატიაში. სიტუაცია იმ ფაქტმაც გაამწვავა, რომ აქციის მონაწილეებს ასევე ხელისუფლებისათვის ასევე მოულოდნელად მხარი დაუჭირა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ვაჟ,მა ბერა ივანიშვილმა. მსგავსი პოზიცია გამოხატა აგრეთვე ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ნარკოტიკების შენახვა-მოხმარების თაობაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა გაუმართლებლად მკაცრიაო და უნდა შეიცვალოსო (ანუ შერბილდესო). ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო: ხელისუფლების ყველა იმ წარმომადგენელმა, რომლებიც ადრე რეპერებს აკრიტიკებდნენ, ბერასა და კახის გამცხადებების შემდეგ, მომღერლებს თითქმის ქება-დიდება დაუწყეს: მაგალითად, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მას ვიდეოკლიპში არანაირი სკანდალური ფაქტი არ დაუნახავს: „რა მოხდა იმით, თუ ახალგაზრდები სამყაროს სახვაგვარად უყურებენ? კარგი იქნებოდა, რომ პოლიციას და არმიას არ შეხებოდნენ, მაგრამ თუ შეეხნენ, ამაში საშიში არაფერია“.
„საკანონმდებლო ორგანოც კანონში ცვლილებების შეტანას შეუდგა. მუშაობა ექსტრენულ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ჩანს, დეპუტატებმა ამის სიგნალი „ზემოდან“ მიიღეს, თორემ მათ ასეთი საკითხების განხილვა უახლოეს სხდომებზე დაგეგმილი არ ჰქონდათ. ცხადია, ასეთ ფონზე რეპერები სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა და ახლა სისხლის სამართლის საქმე იმ პოლიციელების მიმართ აღიძრა, რომლებმაც „მომღერლები“ დააკავეს. „მოკლედ, საზოგადოების უკმაყოფილება მიყუჩდა. „რეპ-რევოლუცია“ არ შედგა ან მომავალ ინციდენტმადე გადაიდო“, – წერს ავტორი.
დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ქართველი სამართალდამცველი ორგანოები ბოლო დროს თითქოსდა სპეციალურად პროვოცირებენ საზოგადოებას ქუჩის გამოსვლებისაკენ. გავიხსენოთ თურქეთის მოთხოვნით სულეიმან დემირელის სახელობის კოლეჯის პედაგოგის მუსტაფა ჩაბუქის დაკავება, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაკავება და მისი რეზონანსული გადაცემა აზერბაიჯანის ხელისუფლებისათვის… ყველა ეს ფაქტი ქართულმა საზოგადოებამ საკმაო ემოციურად აღიქვა და საკუთარი ხელისუფლება არასრულფასოვნებაში დაადანაშაულა. ქვეყნის მტავრობისათვის არასასიამოვნოა ისიც, რომ აფგან მუხთარლის საქმით ევროპაში და აშშ-იც დაინტერესდნენ: იგი ისეთ გამოცემებთან თანამშრომლობდა, რომლებიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან არიან დაკავშირებული, ანუ მათი კონტრაქტორი იყო. როგორც ცნობილია, ვაშინგტონი ასეთ ადამიანებს გაჭირვებაში არ ტოვებს: ოკეანის გაღმიდანაც მკაცრმა შეძახილმა არ დააყოვნა, შემდეგ კი თბილისს თვით მადლენ ოლბრაითი – აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელმძღვანელი ეწვია. იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და რამდენიმე განცხადება გააკეთა დემოკრატიისა და NDI-ს საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ. რადგანაც ამ განცხადებებით ვიზიტის მიზანი მაინცდამაინც არ დაზუსტებულა, ქართულ საზოგადოებაში მტკიცდება ვარაუდები, რომ მადლენ ოლბრაითი თბილისში, სხვა საკითხებთან ერთად, აფგან მუხთარლის საქმის გასარკვევადაც იყო ჩასული, პლუს მუსტაფა ჩაბუქის შესახებაც, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება შარშან ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობასა და ამ გადატრიალების ორგანიზატორ ფეთჰულა გიულენთან კავშირებში ადანაშაულებს. ფეთჰულა გიულენი კი, როგორც ცნობილია, აშშ-ში იმყოფება და ვაშინგტონმა ანკარას მის გადაცემაზე უარი განუცხადა, პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის პირადი თხოვნის მიუხედავად. „მადლენ ოლბრაითის დონის პოლიტიკოსები თბილისში თითქმის ერთკვირიანი ვიზიტით უმიზეზოდ არ დადიან“, – ამბობენ კონსპიროლოგიის მოყვარულები.
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 14 ივნისი, 2017 წელი
https://www.kommersant.ru/doc/3324924
ზურაბ წერეთელს თბილისში „საქმე მოუძებნეს“
ცნობილი სკულპტორის სახელი ბიზნესმენის გატაცებას დაუკავშირეს
„რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეტელი ხმაურიანი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა: ქართველმა ბიზნესმენმა, რომელიც ამას წინათ თბილისის ცენტრში უცნობმა პირებმა გაიტაცეს, გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ გამტაცებლები მისგან 150 ათას დოლარის ვალის დაბრუნებას ითხოვდნენ, რომელიც მას მოქანდაკის ოჯახის წინაშე მართებდა. თავის მხრივ, ზურაბ წერეთლის შვილიშვილი ვასილ წერეთელი, რომლის კომპანიის სკანდალში გარევას ცდილობდნენ, აცხადებს, რომ მის ბაბუას ვიღაც-ვიღაცეები ტყუილს უგონებენ და ცილს სწამებენ“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორები – გიორგი დვალი და ვლადისლავ ტრიფონოვი).
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული ქართული სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელის გივი ჯიბლაძის გამტაცებელთა დაკავების ფაქტი, მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება და სხვა დეტალები. როგორც გივი ჯიბლაძე ამბობს, თავდამსხმელები ითხოვდნენ, რომ მათთვის ან ბაკურიანში არსებული ობიექტი გადაეფორმებინა, ან 150 ათასი დოლარი გადაეხადა. როგორც ირკვევა, გივი ჯიბლაძემ რამდენიმე ხნის წინ ბაკურიანში ნუგზარ წერეთლის მფლობელობაში არსებული ნაკვეთი იყიდა და იქ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას აპირებდა, „მაგრამ რადგანაც მუნიციპალურმა ხელისუფლებამ მშენებლობის ნებართვა არ გასცა, მე ფული ვერ გადაიხადა“. ბოლო თვეების განმავლობაში გივი ჯიბლაძეს ხშირად ურეკავდნენ ნუგზარ წერეთელის სახელთან დაკავშირებული ქართული კომპანია „მშენებელ-3“-იდან, რომ ან ფული გადაეხადა, ან მიწის ნაკვეთი დაებრუნებინა.
გივი ჯიბლაძე ჟურნალისტებს მოუყვა გატაცების დეტალებს: გამტაცებლებმა იგი საკუთარ სახლთან დაიჭირეს, მანქანაში ჩასვეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სადღაც წაიყვანეს. „მკაცრი საუბრის“ შემდეგ იგი სახლში დააბრუნეს იმ პირობით, რომ ფულს მიიტანდა და მომხდარზე პოლიციას არ შეატყობინებდა, მაგრამ მან პირობა დაარღვია და პოლიციას დახმარებისთვის მიმართა. გივი ჯიბლაძეს ზურაბ წერეთელი პირდაპირ არ დაუდანაშაულებია თავისი გატაცებაში, მაგრამ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ იგი იმ ადამიანებმა გაიტაცეს, რომლებიც ზურაბ წერეთლის კომპანიასთან არიან დაკავშირებულნი.
საქართველოს სახელმწიფო რეესტრის მონაცემებით, „მშენებელ-3“-ის მფლობელი ზურაბ წერეთლის შვილიშვილი ვასილ წერეთელია, თუმცა, როგორც მან „კომერსანტს“ განუცხადა, იმავე რეესტრით ადვილია იმის შემოწმება, რომ ბაკურიანში მას არანაირი მიწის ნაკვეთი არ აქვს, ანუ „არარსებულ მიწას ვერავის ვერ მიყიდდა“. გარდა ამისა, ვასილ წერეთელმა დააზუსტა, რომ მართალია, იგი ადრე მართლაც იყო „მშენებელ-3“-ის თანამფლობელი, მაგრამ აღნიშნულ კომპანიასთან არანაირი კავშირი აღარ აქვს და იგი დღეს მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობს. ვასილ წერეთლის აზრით, ასეთი განცხადება მხოლოდ „სკანდალის გაბერვის მიზნით“ კეთდება: „ისტორია, რომელიც სიცრუეს ემყარება, მასმედიამ უცებ აიტაცა და ცოტა თუ ვინმე დაინტერესდა მისი გადამოწმებით და ჭეშმარიტების დადგენით“, – თქვა ვასილ წერეთელმა „კომერსანტთან“ საუბარში.
ზურაბ წერეთლის თბილისელი მეგობრებიც თვლიან, რომ იგი ფულის გამოძალვასთან დაკავშირებული არ არის: „ზურაბ კონსტანტინეს ძე ძალიან გულუხვი და ხელგაშლილი კაცია“, – ამბობს „კომერსატის“ კორესპონდენტთან საუბარში თბილისის დიპლომატიური აკადემიის ყოფილი რექტორი სოსო ცინცაძე, – მისი „მოვალე“ საკმაოდ ბევრი თბილისელი მხატვარი და სკულპტორია, მაგრამ სასაცილოა იმის ვარაუდიც კი, რომ მან თითქოსდა ვიღაც გაატაცებინა ვალის გამო“.