globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 14 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 14th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რესპუბლიკელების ოცნებისა და ოქროს ხანის დასასრული

«Svenska Dagbladet» (შვედეთი): შვედი პროფესორი: „დასავლეთის მოქმედებამ რუსეთის რეჟიმი განამტკიცა“

«Голос Армении» (სომხეთი): ჯავახკში მომხდარი მკვლელობის კვადაკვალ

«The Wall Street Journal» (აშშ): „ისლამურმა სახელმწიფომ“ „ომარ ჩეჩენის“ სიკვდილი დაადასტურა

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 14 ივლისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-republican-ministers-to-quit-cabinet/3416374.html

რესპუბლიკელების ოცნებისა და ოქროს ხანის დასასრული

ზაზა წულაძე

„რესპუბლიკელმა“ მინისტრებმა უკანასკნელად მიიღეს მონაწილეობა საქართველოს მთავრობის მუშაობაში და უახლოეს მომავალში, ისინი მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ“ – ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ლიდერის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის ბოლო შეხვედრაზე იქნა მიღებული.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელს, სავარაუდოდ, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი შეცვლის, ხოლო პაატა ზაქარეიშვილის ადგილს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის უპორტფელო მინისტრის პოსტზე, ასევე სავარაუდოდ, მისი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დაიკავებს. გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე დარჩა უკვე ექს-„რესპუბლიკელი“ გიგლა აგულაშვილი, რომელმაც რესპუბლიკური პარტია არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე „ქართულ ოცნებაში“ გაცვალა.

მარტის ბოლოდან ცნობილია, რომ „ოცნებაც“ და „რესპუბლიკელებიც“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად წარსდგებიან.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე ამბობს, რომ დამოუკიდებლად რესპუბლიკებს ძალიან გაუჭირდებათ: „ეს არის ძალაუფლების გაყოფა ქვეყნის შიგნით, ანუ ვის რა გავლენის სფეროები აქვს და ვის რა უნდა. სწორედ ამის გამო ჯერ ირაკლი ალასანია გამოეყო „ქართულ ოცნებას“ და ახლა „რესპუბლიკელები“. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ირაკლი ალასანია, მიუხედავად შიგნიდან იძულებისა, ბოლოს მაინც თავისით წამოვიდა, რადგან წამოსვლის დღიდან ვხედავთ, რომ მას აქვს რეიტინგი და შეუძლია დამოუკიდებლად მოძრაობა. „რესპუბლიკელებს“ დიდი რეიტინგი არასდროს ჰქონიათ და ამიტომ მგონია, რომ ეს გაყრა იყო იძულება „ქართული ოცნების“ მხრიდან“.

38-წლიანი ისტორიის მანძილზე საქართველოს ყველაზე ძველმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც 1978 წელს, საბჭოთა კავშირში არალეგალურად დაარსდა, საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მხოლოდ ორჯერ – 1995 და 2008 წლებში მიიღო მონაწილეობა: 1995 წელს ხმების – 1,65 პროცენტი (35 000 ხმა) დააგროვა, 2008-ში კი 3,78 პროცენტი (67 000 ხმა) და პარლამენტს მიღმა დარჩა. აღსანიშნავია, რომ „რესპუბლიკელებს“ ბარიერის გადალახვის პრობლემა საარჩვენო ბლოკში ყოფნის დროსაც ჰქონდათ: 1999 წლის არჩევნებზე მათ, „ეროვნულ-დემოკრატებთან“ და „მრეწველებთან“ ალიანსში ხმების – 4,45 პროცენტი მიიღეს.

ბოლო 26 წლის განმავლობაში, რესპუბლიკური პარტია პარლამენტში ოთხჯერ შევიდა. 1990 წელს – 3 დამოუკიდებელი დეპუტატით, 1992 წელს, სამხედრო პუტჩის შემდეგ, როცა მხოლოდ მინიმალური პროცენტული ზღვარი იყო გადასალახი, „ქართულ დასთან“ და „თავისუფალ დემოკრატთა კავშირთან“ ალიანსში, უკვე 10 პარლამენტარით (1995 და 2008 წლებში „რესპუბლიკელებმა შესაბამისად ერთი და ორი მაჟორიტარის გაყვანა შეძლეს).

2004 და 2012 წლებში, როცა ძლიერი ლოკომოტივი ჰყავდათ „ნაციონალური მოძრაობისა“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ სახით, რესპუბლიკელებმა პარლამენტში, შესაბამისად, 5 და 9 დეპუტატი გაიყვანეს.

ბოლო ოთხი წელი ნამდვილი „ოქროს ხანა“ იყო რესპუბლიკელების 38 წლიან პარტიულ ისტორიაში. მათ პირველად მიიღეს – პარლამენტის თავჯდომარის და რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის პოსტი, ასევე სამი სამინისტროს პორტფელი.

„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილიდ თქმით, ოქტომბრის არჩევნებზე მარტო ყოფნა არ აშინებთ: „ჩვენ ახლა ვართ რამდენიმე კონკურენტუნარიანი პარტიის შეჯიბრის პირობებში. აი, ეს 6-7 პოლიტიკური პარტია იქნება ძალიან საინტერესო, პოლიტიკური სივრცის შემქმნელი უახლოეს თვეებში. ჩვენ, რესპუბლიკელებს, მარტო ყოფნა არ გვაშინებს, 1978 წლიდან მოყოლებული“.

38-წლიანი ისტორიის მქონე „რესპუბლიკელებისგან“ განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილის ოთხი წლის პარტია „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად ასევე, პირველად მიიღებს მონაწილეობას.

13 ივლისს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი პარტიული სახეების პრეზენტაცია, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამართა. სახელისუფლებო გუნდის გათვლით, ამ სახეებმა დაშლილი კოალიციის ცნობილი სახეები, იგივე რესპუბლიკელები უნდა ჩაანაცვლონ და მომავალ პარლამენტში, ახალი, ერთპარტიული უმრავლესობა შექმნან.  „ქართული ოცნების“ ახალი სახეებიდან აღსანიშნავია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავჯდომარე და პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაშემწე თამარ ჩუგოშვილი; შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის ყოფილი პრორექტორი სოფო კილაძე; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და ფსიქოლოგი ირინა ფრუიძე, რომელსაც საზოგადოება უფრო „რუსთავი-2“-ის ინტელექტუალური სატელევიზო პროექტიდან იცნობს. „ქართული ოცნების“ საბოლოო საარჩევნო სია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

«Svenska Dagbladet» (შვედეთი), 13 ივლისი, 2016 წელი

http://www.svd.se/vasts-agerande-har-starkt-den-ryska-regimen

შვედი პროფესორი: „დასავლეთის მოქმედებამ რუსეთის რეჟიმი განამტკიცა“

სტატიაში გაანალიზებულია რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების მიზეზები, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლებში გამძაფრდა. მასში გადმოცემულია კონფრონტაციის არსი და გაკეთებულია დასკვნა, რომ დასავლეთი რუსეთთან ურთიერთობაში მნიშვნელოვან შეცდომებს უშვებს (ავტორი – სტეფან ჰედლუნდი, უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი).

დასავლეთის ლიდერები, საგარეოპოლიტიკური კურსის განხორციელების დროს, მთავარ მიზნად თვლიან, რომ სხვა ხალხებმა მათი ღირებულებები უნდა გაიზიარონ. ევროპაში იმიგრაციული კრიზისი იმ მიზეზითაც გაჩნდა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები თავიანთი ნაბიჯის გადადგმისას ამ პრინციპში ეგზომ თავდაჯერებულნი იყვნენ და სხვა ხალხების ინტერესებს და [ტრადიციებს] ყურადღებას არ აქცევდნენ. შესაბამისად, ასეთ პოლიტიკას, დასავლელების მოლოდინის საწინააღმდეგოდ, რუსეთის ნგრევა კი არ გამოუწვევია, არამედ პირიქით, ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განამტკიცა.

ცნობილი ამერიკელი დიპლომატი ჯორჯ ქენანი ჯერ კიდევ 1985 წელს აფრთხილებდა დასავლურ საზოგადოებას, თუ რა ხიფათი იმალება ისეთ პოლიტიკაში, როცა საგარეო კურსის გატარებისას უპირატესობა ღირებულებების გაზიარებას ეძლევა. ბოლოდროინდელმა პროცესებმა კი სწორედ ჯორჯ ქენანის აზრი დაადასტურა: როცა საქმე ეროვნულ ინტერესებს ეხება, საერთო ღირებულებები უკანა პლანზე გადადის. „ინტერესთა კონფლიქტებსა და ღირებულებების კონფლიქტებს შორის ფუნდამენტური განსხვავება იმაშია, რომ პირველი მოლაპარაკებებით წყდება, მეორე კი, რომელიც თავიდანვე პრინციპს – „მე მართალი ვარ, შენ კი მტყუანი“ – ემყარება, მოლაპარაკებით ძალიან იშვიათად თუ შეიძლება მოგვარდეს.

უკრაინის შემთხვევაში რუსეთის პოზიცია მუდმივი იყო – საქმე ინტერესთა კონფლიქტს ეხება და შესაბამისად, აუცილებელია შეხვედრა და მოლაპარაკებაო, დასავლეთი კი კიევისა და მოსკოვის დაპირისპირებას ღირებულებების კონფლიქტად თვლიდა და აცხადებდა, რომ მასში რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო. მოვლენები დასავლეთის სურვილის საწინააღმდეგოდ განვითარდა. ომმა უკრაინას აურაცხელი ზარალი მიაყენა, მოსკოვმა კი ეკონომიკური სანქციები მიიღო, რითაც „დასავლეთმა მოსკოვს საკუთარი მორალური უპირატესობა აგრძნობინა“. თუმცა რად გინდა – კრემლს, პრინციპში, ერთი ნაბიჯითაც უკან არ დაუხევია, სანქციებს კი ისეთი პირი უჩანს, რომ მათ დასავლეთი თვითონვე გააუქმებს, – აღნიშნულია სტატიაში.

შვედურ მასმედიაში გავრცელებული აზრი, რომ რუსეთის ხელისუფლების მოქმედება საკუთარ სახელმწიფოს ვნებსო, არასწორია: პროფესორი სტეფან ჰედლუნდი ასკვნის, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთის პოლიტიკა წარუმატებელი ნამდვილად არ არის:

„საქართველოსთან მომხდარმა ომმა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება შეაჩერა. მე დარწმუნებული ვარ, რომ [თუ ნატო უკრაინის კონფქლიტში ჩაერევა], ეს ალიანსს კრახამდე მიიყვანს, რუსეთი კი წამყვან როლს დაიბრუნებს. სირიაში რუსეთმა ბაშარ ასადი გადაარჩინა, ამერიკელები კი მოლაპარაკებაზე აიძულა. დასავლეთის მიერ გამოცხადებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა კი, ერთი მხრივ, რუსეთის რეჟიმი განამტკიცა, მეორე მხრივ კი გააძლიერა ეჭვი („ცეცხლზე ნავთი დაასხა“) შეთქმულების თეორიაზე, რომ დასავლეთი მართლაც ოცნებობს რუსეთის დაჩოქებაზე. მოკლედ, ძნელი წარმოსადგენია, რომ დღეს ვლადიმირ პუტინი და მისი გარემოცვა, წარმატებების გარდა, სხვა რამეს ხედავს. ასე რომ, აი ჩემი დასკვნითი კითხვა: რას მიაღწია დასავლეთმა, მორალური უპირატესობის გარდა?“, – წერს პროფესორი.

«Голос Армении» (სომხეთი), 13 ივლისი, 2016 წელი

http://golosarmenii.am/article/43074/po-sledam-zverskogo-ubijstva-v-dzhavaxke

ჯავახკში მომხდარი მკვლელობის კვადაკვალ

სომხურ მასმედიაში გრძელდება ისეთი მასალების გამოქვეყნება, რომელთა ავტორები საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს (სოფელ ვაჩიანში ერთ-ერთი ოჯახის ოთხი წევრის მკვლელობას) პოლიტიკურ სარჩულს უდებენ და ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, რომ ეს კრიმინალური შემთხვევა თითქოსდა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული „არასწორი კურსის“ შედეგია.

გთავაზობთ გაზეთ „გოლოს არმენიი“-ში 13 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიას (შემოკლებული სახით):

„არ მინდა რაღაცის გაჩაღება, მაგრამ შეხედეთ, როგორი სურათი იკვეთება: საქართველოს ხელისუფლება გამალებით ცდილობს ჯავახკის ეთნოგრაფიული რუკის შეცვლას და ამ მიზნით თურქული მეთოდებს იყენებს: პროვინციების საზღვარს ისე ადგენს, რომ ჯავახკის სომხურ ავტოხთონურ ელემენტში ქართული სამცხის მოსახლეობის გაზავებას ცდილობს; რეგიონის სომხურ სოფლებში მოხდა ქართველების ჩასახლება იმ მოტივით, რომ ისინი ბუნებრივი კატაკლიზმებით დაზარალებულები არიან; ახალქალაქში გაუქმდა რუსეთის სამხედრო ბაზა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ერთადერთი საიმედო შემოსავლების წყარო იყო; სომხურ სოფლებში ქართული ეკლესიები იხსნება; საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს ჯავახკში თურქების შემოდინებას, სომხების გადაბირებას, ნორმალურ სწავლებას და სომხების ინტეგრირებას. არაფერს ვამბობ ქართულ საარჩევნო სისტემაზე და სახელმწიფო ორგანოებში სომხების ჩაბმაზე, სომხების წინააღმდეგ განხორციელებულ ფაქტებზე, რომლის დადასტურებაა ვააგნ ჩახალიანთან და სხვა ადგილობრივ აქტივისტებთან დაკავშირებული გაყალბებული მართლმსაჯულების საქმეები…

საბოლოო ჯამში ჯავახკელი კაცები სამუშაოდ რუსეთში მიდიან, იქიდან ოჯახებს ფულს უგზავნიან, ზოგიერთებს კი რუსეთში ოჯახებიც მიჰყავთ და უკან აღარ ბრუნდებიან. სომხურ სოფლებში უკვე მხოლოდ ქართველები, სომეხი მოხუცები და სრულიად დეგრადირებული პირები რჩებიან…

ჰოდა, სწორედ ასეთმა ერთ-ერთმა დეგრადირებულმა პირმა, უმუშევარმა ნარკომანმა და ლოთმა, ვიღაც ნოდარ აკოფოვმა, 1992 წელს დაბადებულმა, რომელიც ბორჯომელი ქართველი კაცისა და მასთან გაყრილი სომეხი ქალის შვილია, შეიტყო, რომ ერთ-ერთმა ოჯახმა ბანკიდან რუსეთის გამოგზავნილი ფული გამოიტანა. ეს ნოდარი ღამით სახლში შეიპარა და ოთხი სული ამოხოცა. გამოძიება აცხადებს, ქალმა წინააღმდეგობა გაუწია და იმიტომ მოკლაო. ალბათ, ასეა, რადგანაც ცოცხალი რომ დაეტოვებინა, მძარცველს ხომ მაშინვე ამოიცნობდნენ: ვაჩიანი მოსკოვი და თბილისი არ არის. „ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს თურქებმა ჩაიდინესო“, – ამბობენ მეზობლები.

საბოლოო ჯამში [ქარტველები] გვეტყვიან, რომ ნუ გააღვივებთ დაძაბულობასო, რადგან აკოფოვი მაინც თქვენიანი არისო. სანახევროდ, მაგრამ მაინც. თუმცა უკვე ცნობილია, რომ მკვლელები სულ მცირე სამნი იყვნენ და მათ ნარკომანი ნოდარ აკოფოვი არ ხელმძღვანელობდა. არადა, მხოლოდ აკოფოვის გვარს აჟღერებენ. გასაგებია, რატომაც. ძალიან კარგი პოზიციაა იმ სიტუაციის შესანიღბად, რაც ზემოთ ითქვა“.

«The Wall Street Journal» (აშშ), 14 ივლისი, 2016 წელი

http://www.wsj.com/articles/islamic-state-confirms-death-of-military-commander-omar-the-chechen-1468448540

„ისლამურმა სახელმწიფომ“ „ომარ ჩეჩენის“ სიკვდილი დაადასტურა

აბუ-ომარ ალ-შიშანის დაღუპვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ მარტის თვეში გამოაცხადა, სირიაში განხორციელებული ავიადაბომბვის დროს

სტატიაშიო ვრცლადაა გადმოცემული „ისლამური სახელმწიფოს“ („დაიშ“) ერთ-ერთი ლიდერის აბუ-ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის დაღუპვის ფაქტის თაობაზე, რომელიც „დაიშ“-თან დაკავშირებულმა ერთ-ერთმა წყარომ – საინფორმაციო სააგენტო Amaq-მა გაავრცელა (ავტორი – ფელიცია შვარცი).

„ოთხშაბათს „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავისი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სამხედრო მოღვაწის, მეტსახელად „ომარ ჩეჩენის“, „ჟღალწვერა ომარის“ სიკვდილი აღიარა. აღსანიშნავია, რომ ამერიკელებმა მისი დაღუპვა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოაცხადეს. აბუ-ომარ ალ-შიშანის დაღუპვის ფაქტი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა: „იგი როგორც მეომარი, მოწამეობრივი სიკვდილით დაიღუპა… ქალაქ მოსულთან მომხდარი საბრძოლო შეტაკების დროს“. დაგვიანებული აღიარება იმ დროს გავრცელდა, როცა „ისლამური სახელმწიფო“ იმ ძალებთან ბრძოლაში, რომლებსაც მხარს აშშ უჭერს, მარცხს მარცხზე განიცდის და სირიასა და ერაყში სულ უფრო მეტ ტერიტორიებს ტოვებს. ამჟამად ერაყის არმია ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელ ციდატელზე – ქალაქ მოსულზე შეტევისათვის ემზადება. შეიძლება ითქვას, რომ მოსულზე შეტევა ერთგვარ პრელიუდიას წარმოადგენს სირიაში დაგეგმილი ოპერაციისათვის,  ქალაქ რაკას წინააღმდეგ, რომელიც ამ ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს“ უმთავრეს დასაყრდენ პუნქტს წარმოადგენს“, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკელების მიერ 4 მარტს განხორციელებული მიზანმიმართული ავიადაბომბვის დროს ერთ-ერთი ისლამისტური დაჯგუფების 13 მებრძოლი განადგურდა, მათ შორის დაიღუპა 30 წლის აბუ-ომარ ალ-შიშანიც, წარმოშობით ჩეჩენი, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ყოფილი საბჭოთა საქართველოს დაზვერვაში სამსახურის შემდეგ შეუერთდა და რომელიც ამერიკელების მიერ იყო გაწრთვნილი.

ამერიკელი ჩინოვნიკების აზრით, „ომარ ჩეჩენი“ იმ ავიადაბომბვის დროს მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით, რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

———

აბუ-ომარ ალ-შიშანის სიკვდილის დადასტურების ფაქტი, აწ უკვე თვით „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ, საერთშორისო მასმედიის ყურადღების ცენტრში მოქეცა. მასალებში ხაზგასმულია, რომ ალ-შიშანის ნამდვილი სახელი და გვარი თარხან ბათირაშვილია და იგი საქართველოს მოქალაქეა, პანკისის ხეობიდან, სადაც ერთ დროს ჩეჩენი „ბოევიკების“ ბაზები მდებარეობდა. გადმოცემულია აგრეთვე აგრეთვე მისი სამხედრო ბიოგრაფიის ზოგიერთი მომენტი და ის, რომ ალ-შიშანი საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო რეპრესირებული.

ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ სააგენტო Amaq-ისა და აშშ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციები ალ-შიშანის დაღუპვისა თუ მძიმედ დაჭრის ადგილის თაობაზე ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან: პირველი იუწყება, რომ „ალ-შიშანი ქალაქ მოსულთან ბრძოლის დროს დაიღუპაო“, მეორე კი ირწმუნება, რომ „ომარ ჩეჩენი“ მძიმედ დაიჭრა და შემდეგ გარდაიცვალა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომხდარი ავიადაბომბვის შედეგად“ (წყარო: http://www.bbc.com/russian/news-36790907)

Comments are closed