globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 14 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 14th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „პატრიოტთა ალიანსის“ „ჯადოსნური“ გასაღები

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ აშშ-ში აზერბაიჯანის ელჩთან: „აფგან მუხთარლის საქმისგან არასაჭირო პოლიტიკურ სკანდალს ქმნიან»

«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): კომენტარი საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე: „ბიძინა ივანიშვილი ადრე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი იყო და იწონებდა ისეთ რეფორმებს, როგორიცაა ქართული პოლიციიის რეორგანიზაცია და მოდერნიზაცია“

«Новое время» (სომხეთი): სომხეთი ბლოკადიდან გამოდის? // მოსკოვი და თბილისი სატრანსპორტო კომუნიკაციების ამოქმედებაზე შეთანხმდნენ. რამდენ ხანს მოითმენს თბილისი ილჰამ ალიევის  დიქტატს, რომელსაც საქართველო დაბმული ჰყავს და „გაზის ვენტილით“ აშანტაჟებს?

«Красная звезда» (რუსეთი): პირველი სამშვიდობო… // სამხრეთ ოსეთში რუსეთის პირველი სამშვიდობო ოპერაციის 25 წლისთავისათვის

«Каспiй» (აზერბაიჯანი): მცოცავი ანექსია // რუსეთი აგრძელებს „სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ გადაწევას საქართველოს სიღრმეში

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 14 ივლისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/alliance-of-patriots-visits-russia/3942947.html

პატრიოტთა ალიანსის“ „ჯადოსნურიგასაღები

ნინო დალაქიშვილი

იმ დროს, როდესაც ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელზეც პრემიერი კვირიკაშვილი საუბრობს რუსეთისთვის მკაფიო გზავნილების აუცილებლობის შესახებ, მოსკოვში ვიზიტიდან დაბრუნებული ქართველი დეპუტატები „პატრიოტთა ალიანსიდან“ რუსეთთან დიალოგის ახალ პერსპექტივასა და ფორმატზე აკეთებენ განცხადებებს.

„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში ექვსი დეპუტატითაა წარმდგენილი. მოსკოვში ვიზიტი მათთვის „სერიოზულ გარღვევას“ წარმოადგენს. ისინი „ედინაია რასიასა“ და „კომუნისტური პარტიის“ წევრებს შეხვდნენ, სთხოვეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საფლავების მონახულების ნებართვა, რაზეც თანხმობა არ მიუღიათ და დაუდასტურეს, რომ ნატო ხელისშემშლელი ფაქტორია საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივის შემთხვევაში. ქართველმა დეპუტატმა ადა მარშანიამ განაცხადა, რომ ახალი ფორმატი გულისხმობს ნატო–საქართველო–რუსეთს შორის დიალოგის შესაძლებლობას. მსგავსი ფორმატის უსარგებლობის შესახებ კი დღეს ჯეიმს აპატურაიმ, ნატოს წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ისაუბრა. „სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები კარგად, რას უნდა ემსახურებოდეს ეს ფორმატი. ჩვენ ძლიერად ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, ამავე დროს გვაქვს მცდელობა იმისა, რომრუსეთთან გვქონდეს კონსტრუქციული დიალოგი.

ეს ხდება ნატო–რუსეთის საბჭოს ფორმატში. თუ იდეა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთმა და ნატომ რაიმე ფორმით იმსჯელოს საქართველოზე, მაშინ ეს შეუძლებელია. ამგვარი რამ არ დგას დღის წესრიგში, ვინაიდან ნატო საქართველოს მომავალზე არ აპირებს მოლაპარაკების წარმოებას არც რუსეთთან და არც სხვა მესამე მხარესთან. საქართველოსა და ნატოს გადასაწყვეტია თქვენი მომავალი ამ ორგანიზაციაში. ჩვენს პარტნიორობაში ვერავინ ჩაერევა“,– განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

რა გამოხმაურება აქვს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას შორის ქართველი დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს, ამის თაობაზე ამერიკის ხმამ რამდენიმე კომენტარი ჩაიწერა.

„პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, პროფესორი კორნელი კაკაჩია აცხადებს:

„იკვეთება, რომ პატრიოტთა ალიანსს არ აკმაყოფილებს ის მდგომარება, რაც აქვს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და სურს გახდეს მეორე პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება უფრო დიდი გავლენა და ჩაანაცვლოს, ფაქტიურად, უკვე დაშლილი ნაციონალური მოძრაობა. მათ იმედი აქვთ, რომ ინიციატივებით, როგორიცაა რუსეთთან დიალოგის დაწყება, მიიმხრობენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ იკვებება ამგვარი უტოპიური იდეებით. გარდა ამისა, მათ იმედი აქვთ, რომ მოიზიდავენ გარკვეულ ფინანსებსრუსეთში მცხოვრები ადამიანებისგან ან მათგან, ვინც დაინტერესებულია რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების ეგრეთ წოდებული ნორმალიზებით ნებისმიერ ფასად.

„პატრიოტთა ალიანსი“ ცდილობს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ამ თემასთან დაკავშირებითიმისთვის, რომ მომავალი არჩევნებისთვის გარკვეული ქულები დაიგროვოს და აჩვენოს ხელისუფლებას, რომაქვს „ჯადოსნური“გასაღები კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამგვარი პოლიტიკით ისინი ნელ–ნელა გადავიდნენ პოზიციაზე, რაც თავის დროს ჰქონდა ნინო ბურჯანაძეს.“

სიდას აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი ქართველი დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს სახელმწიფოს ინტერესების საზიანო ქმედებად განიხილავს. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს: „პატრიოტთა ალიანსის ქმედება პოლიტიკური უპრინციპობის მაგალითია. მიმაჩნია, რომ ეს ვიზიტი ჩვენს საგარეო პოლიტიკას, ნამდვილად, არ წაადგება, რადგან ვსაუბრობთ ოკუპანტ სახელმწიფოსთან და ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნდა შეიქმნას რაღაც გაურკვეველი ნატო–საქართველო–რუსეთის ფორმატი, რომ საქართველო არ უნდა იყოს გამოყენებული ნატოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ანუ, ფაქტობრივად კითხვის ნიშნებს ვსვამთ ჩვენს საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე განსაზღვრულია და რომელზეც არსებობს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, რაც დადასტურებულია არაერთი ვლევით“.

რამდენიმე გზის პარლამენტის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამერიკის ხმასთან ამბობს: „ის საკითხები, რაზეც მათ ჰქონდათ საუბარი მოსკოვში და რაც გაჟღერდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, არანაირ თანხვედრაში არაა სახელმწიფოს მიერ ოფიციალურ გამოცხადებულ პოლიტიკასთან. რუსეთის მიერ არ ხდება ოკუპაციის აღიარება, ყველაზე უფრო პრინციპულ საკითხზე არაა თანხვედრა და რანაირად შეიძლება რაიმე მოლაპარაკებაზე საუბარი? სახელმწიფო დამოუკიდებლობა, საზღვრების აღიარება, ძალის გამოყენებაზე უარის თქმა – თუ არ იქნა მიღწეული შეთანხმება ამ პრინციპულ საკითხებზე, სხვა, თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი, ვფიქრობ ყოვლად მიუღებელია.“

კითხვას იმის შესახებ, შესაძლოა თუ არა, დაზიანდეს საქართველოს იმიჯი საერთაშორისო პარტნიორებთან ამგვარი ვიზიტის შემდგომ, ვანხტანგ ხმალაძე შემდეგნაირად პასუხობს: „საერთაშორისო თანამეგობრობისთვის „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი, არამგონია, მნიშვნელოვანი გზავნილი იყოს გამომდინარე იმ ძალიდან და გავლენიდან, რაც „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს ქვეყანაში, თუმცა, თავისთავად ის, რომ თუნდაც მცირე ნაწილი დღევანდელი ხელისუფლებისა (ოპოზიციური პარტიაც ხელისუფლებაა, თუ ის პარლამენტშია) სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული პოლიტიკისგან განსხვავებულ ქმედებას ცდილობს, უკვე ცუდი ნიშანია.“

ქართველი დეპუტატები მოსკოვში ვიზიტის შემდგომ აცხადებენ, რომ „ოკუპაციის შესახებ“ კანონი უნდა შეიცვალოს, რადგან ის ხელს უშლის რუს დეპუტატებს საქართველოში ჩამოსვლისას. შეგახსენებთ, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ორიოდე კვირის წინ შიდა ქართლში, სოფელ ბერშუეთთან ახალი ბანერები აღმართეს. ოკუპაციის გასაპროტესტებლად აქ ხვალ მდუმარე აქციაა დაგეგმილი, რომელსაც დეპუტატები „პატრიოტთა ალიანსიდან“, სავარაუდოდ არ შეუერთდებიან.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 14 ივლისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/embassador-of-azerbaijan-about-mukhtarli-case/3942693.html

ინტერვიუ აშშ-ში აზერბაიჯანის ელჩთან: „აფგან მუხთარლის საქმისგან არასაჭირო პოლიტიკურ სკანდალს ქმნიან»

ეკა მაღალდაძე, გია მელიქიშვილი

„ერთი კონკრეტული პირის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმისგან არასაჭირო სკანდალის შექმნა და ამის პოლიტიკურ პრობლემად წარმოჩენა არის აშკარა მცდელობა, რომ ძირი გამოეთხაროს ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობას. ეს არის საზიანო როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის მომავლისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის,“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ ელინ სულეიმანოვმა, აზერბაიჯანის ელჩმა შეერთებულ შტატებში.

შეკითხვაზე, იყო თუ არა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეში ჩართული ქართული მხარე, ელჩმა უპასუხა, რომ მათ არ იციან, რა მოხდა კონკრეტულად საზღვრის მეორე მხარეს, რადგან მათ აფგან მუხთარლი საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს და გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს: ​„ჩვენ არ გვჯერა, რომ ამ საქმეში რამენაირად ჩართულია ქართული მხარე. ცხადია, საჭიროა გამოძიების გაგრძელება. ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მოხდა ქართულ მხარეს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს საზღვრის დამცველთა გაფრთხილების გარეშე და ესაა ის, რაც მოხდა“, – განაცხადა ელჩმა.

ელინ სულეიმანოვის თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანს ისტორიულად კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ და ერთი კონკრეტული საქმის „პოლიტიკურ პრობლემად“ წარმოჩენა სკანდალის ხელოვნურად შექმნისა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაფუჭების მცდელობას ჰგავს. ამასთან შეკითხვაზე, ვინ შეიძლება ცდილობდეს ამის გაკეთებას, ელჩი კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ გამოძიების პასუხებს უნდა დაველოდოთ.

ჟურნალისტი 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, მოგვიანებით კი იგი ბაქოში აღმოჩნდა. როგორც მან ადვოკატს აცნობა, ის თბილისის ცენტრში დააკავეს, რამდენიმე ავტომობილის გამოცვლის შემდეგ კი აზერბაიჯანის საზღვარზე გადაიყვანეს. აფგან მუხთარლი ამბობს, რომ მის დაკავებაში ქართველი სამართალდამცველებიც მონაწილეობდნენ.

აზერბაიჯანულმა მხარემ აფგან მუხთარლის ბრალი წაუყენა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის (დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის) გადატანისა და სამართალდამცავებისთვის ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევისთვის.

„ვნახოთ, რას გვიჩვენებს გამოძიება, მაგრამ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაფუჭების ყველა მცდელობა უნდა იყოს უარყოფილი. ჩვენ ვართ მოძმე სახელმწიფოები, ძალიან დიდი ხანია, ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ და ვართ მეზობლებზე მეტი – ვართ ძმები და დები, ეს პარტნიორობა კი უნდა გაღრმავდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – ამბობს ელინ სულეიმანოვი.

«The Economist» (დიდი ბრიტანეთი), 13 ივლისი, 2017 წელი

http://www.economist.com/node/21724407/comments

კომენტარი საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე

„ბიძინა ივანიშვილი ადრე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი იყო და იწონებდა ისეთ რეფორმებს, როგორიცაა ქართული პოლიციიის რეორგანიზაცია და მოდერნიზაცია“

როგორც ცნობილია, 29 ივნისს, ბრიტანულ ჟურნალ «The Economist»-ში გამოქვეყნდა სტატია საქართველოს შესახებ სათაურით „საქართველო, რეფორმების მოდელი, ცდილობს სუფთა ქვეყნად დარჩეს, ხეების მოყვარული ოლიგარქი კი სიტუაციას  კულისებიდან მართავს“, რომელშიც ქვეყანაში შექმნილი სიტუაციაა გაანალიზებული და გამოთქმულია კრიტიკული შენიშვნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართაც (პუბლიკაციის ტექსტი იხილეთ http://www.economist.com/news/europe/21724407-tree-loving-oligarch-still-pulling-strings-georgia-model-reform-struggling-stay).

პუბლიკაციას მრავალი გამოხმაურება და კომენტარი მოჰყვა, რომლებიც ჟურნალის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, მათ შორისაა დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ბერუჩაშვილის პოზიციაც. ამჯერად გთავაზობთ „ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის“ თავმჯდომარის, ოლდერმან დერეკ პიკაპის თვალსაზრისს:

„ჩვენ, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ ვცხოვრობთ, დავინახეთ, თუ რა უდიდესი ცვლილებები მოხდა ამ ქვეყანაში ბოლო 25 წლის მანძილზე. პრეზიდენტ ედუარდ სევარდნაძის მმართველობის დროს ისეთი გრძნობა არსებობდა, რომ საქართველო ნელა ვითარდებოდა და რაღაც იმპულსი აკლდა. როცა მიხეილ სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი, გაჩნდა ეკონომიკური აყვავებისა და პოზიტიური გარდაქმნების შეგრძნება. თუმცა, რაც დრო გადიოდა, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ჟამს სულ უფრო ძლიერდებოდა სასოწარკვეთილება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო. შესაბამისად, ამომრჩეველმა მხარი ბიძინა ივანიშვილს დაუჭირა, რომელმაც [საპარლამენტო] არჩევნებში გაიმარჯვა და პრემიერ-მინისტრი გახდა.

ამასთან, სტატიაში ავტორის მიერ დავიწყებულია ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი ადრე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი იყო და იწონებდა ისეთ რეფორმებს, როგორიცაა ქართული პოლიციიის რეორგანიზაცია და მოდერნიზაცია.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებას, ეს უფრო რუსეთის აგრესიის შედეგებითაა გამოწვეული ვიდრე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლით. მართალია, [ეკონომიკურმა სირთულეებმა] „ოცნებისადმი“ ნდობის ერთგვარი კრიზისი გამოიწვია, მაგრამ როგორც ახლახან განაცხადა საქართველოს ელჩმა, მოსახლეობას რწმენა კვლავ დაუბრუნდა – ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების დადებისა და ვიზალიბერალიზების კვალობაზე, რაც საქართველოს სამომავლო განვითარების იმედს იძლევა. კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმის“ მიერ მილსადენის მშენებლობა და შავი ზღვის პორტებში ჩადებული ინვესტიციები ამ იმედს კიდევ უფრო განამტკიცებს. რასაკვირველია, მომავლის რწმენისათვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს დედაქალაქის ლიდერის საქმიანობასაც, რომელსაც ცენტრალური მთავრობა წარმართავს.

ბრისტოლიდან, რომელიც თბილისთან დაძმოძობილებული ქალაქია 1988 წლიდან, ჩვენ  თვალს ვადევნებთ საქართველოში მომხდარ ცვლილებებს. ახლახან აქაურმა საქმიანმა წრეებმა აღიარეს, რომ ქვეყანაში არსებული ბიზნესკლიმატი პოზიტიურია და, შესაბამისად, განიხილავს საქართველოში ინვესტიციების დაბანდების საკითხს. აპრილში თბილისს ბრიტოლელების მცირერიცხოვანი, მაგრამ გავლენიანი დელეგაცია სტუმრობდა, ბიზნესის სფეროში არსებული ვითარების ადგილზე შესასწავლად. კიდევ ერთი ასეთი დელეგაცია თბილისს სექტემბერში ეწვევა, ხოლო მომავალი 2018 წლის სექტემბერში საქართველოს დედაქალაქში ბრისტოლელების უფრო მრავალრიცხოვანი სტუმრობაა დაგეგმილი.

საქართველოდ ყოველთვის ითვლებოდა დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ჭიშკრად. დადგა დრო, როცა გამართლებულია არა მხოლოდ ინვესტიციების ჩადება, არამედ ისიც, რომ ამ ქვეყანას ტურისტის სახით ვეწვიოთ. საიმონ გალდერი, „ინდეფენდენტ“-ისა და „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი მოგზაურობის საკითხებში, ახლახან იმყოფებოდა საქართველოში. იმედი მაქვს, იგი [ტურისტებს] 2018 წლის შეხვედრის ადგილად სწორედ თბილისს შესთავაზებს“.

«Новое время» (სომხეთი), 13 ივლისი, 2017 წელი

http://nv.am/politika/58993?task=view

სომხეთი ბლოკადიდან გამოდის?

მოსკოვი და თბილისი სატრანსპორტო კომუნიკაციების ამოქმედებაზე შეთანხმდნენ. რამდენ ხანს მოითმენს თბილისი ილჰამ ალიევის დიქტატს, რომელსაც საქართველო დაბმული ჰყავს და „გაზის ვენტილით“ აშანტაჟებს?

გასული კვირას ჩეხეთში, პრაღაში გაიმართა ქართულ-რუსული მოლაპარაკების ბოლო და გადამწყვეტი ტური უმოქმედო სატრანსპორტო დერეფნების აღდგენის საკითხში. მხარეებმა შეძლეს და მივიდნენ შეთანხმებამდე, რომელიც კარს უღებს სომხეთს სატრანსპორტო ბლოკადისაგან თავის დასაღწევად. მიღწეული შეთანხმება იმედს იძლევა, რომ შეიძლება აღდგეს პირდაპირი მიმოსვლა სომხეტსა და რუსეთს შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით“, – ნათქვამია სტატიაში, რომელშიც ვრცლადაა გადმოცემული 2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულების ისტორია, მასზე ხელმოწერის მიზეზები და გარემოებები, სომხეთის ინტერესები და პერსპექტივა (ავტორი – არტემ ერკანიანი).

„მართალია, სომხეთი პრაღაში გამართული კონსულტაციების პირდაპირი მონაწილე არ იყო, მაგრამ ერევანი მის მსვლელობაზე ირიბ გავლენას მაინც ახდენდა და ხელს უწყობდა შედეგის მიღწევას. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებაში გარდატეხა მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, როცა სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი მოსკოვში ჩავიდა, რუსეთის მთვარობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მინისტრმა განაცხადა, რომ სანამ სატრანსპორტო კომუნიკაციების უწყვეტი მოქმედება არ აღდგება, მანამ სომხეთ-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობა ვერ განვითარდებაო. ბუნებრივია, ეკონომიკური კავშირების დასუსტება პოლიტიკურ ურთიერთობაზეც აისახებაო. ამასთან, კარენ კარაპეტიანმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ საჭიროა მოიძებნოს საქართველოს სამხედრო გზის (ნატახტარი-ზემო ლარსი) ალტერნატივა. ჩვენი მინისტრის კრემლში შეხვედრიდან ორიოდე დღის შემდეგ მოსკოვმა და თბილისმა განაცხადეს, რომ მათი პოზიციები სავაჭრო დერეფნების საკითხში ერთმანეთს დაუახლოვდა.  ცხადია, ეს შემთხვევით არ მომხდარა“, – ხაზს უსვამს ავტორი.

მხარეებს შორის პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ მისი რეალიზების გზაზე ბევრი დაბრკოლება რჩება: ქართული ოპოზიცია რუსეთთან კონტაქტების წინააღმდეგია, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრაღის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში ახსნა-განმარტების მიცემისათვის დაიბარა. კომუნიკაციების ამოქმედებისადმი ნეგატიურად არიან განწყობილნი აგრეთვე სოხუმსა და ცხინვალშიც: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთის განცხადებით, ტვირთების ტრანზიტი მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ისინიც მიიღებენ მონაწილეობას სრულფასოვანი მხარის სახით, შესაბამისი იურისდიული ბაზის შემუშავების საფუძველზე. ნათელია, რომ თბილისი ცხინვალთან და სოხუმთან პირდაპირ მოლაპარაკებას არასოდეს არ დათანხმდება. ამრიგად, თუ მოსკოვს მართლაც სურს პრაღაში მიღწეული შეთანხმების რეალიზება, მაშინ მტკიცე პოლიტიკური ნება უნდა გამოამჟღავნოს და აღნიშნულ რესპუბლიკებთან სადაო საკითხები უნდა მოაგვაროს.

ცხადია, სურვილის შემთხვევაში მოსკოვს იოლად შეუძლია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგობის დაძლევა, მაგრამ რთული საკითხია აზერბაიჯანის პოზიციის შეცვლა, რომელსაც პროცესის დამუხრუჭებას აშკარად ცდილობს. მართლაც, ჩვენი ქვეყნის ინიციატივამ სატრანსპორტო იზოლაციისაგან გამოსვლის მიზნით ბაქოში შეშფოთება გამოიწვია. იქაური მმართველები აცნობიერებენ, რომ თუ დღეს უმოქმედო სატრანსპორტო კომუნიკაციები აღდგება, მაშინ მათი ძალისხმევა სომხეთის ბლოკადის მიზნით უაზრო გახდება. ერევანი განამტკიცებს თავის კავშირებს რუსეთთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკურ სიტუაციას მკვეთრად შეცვლის. აზერბაიჯანი უკვე ცდილობს საქართველოზე გავლენა ყველანაირი ბერკეტით მოახდინოს, რათა თავიდან აიცილოს აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე გამავალი დერეფნების გახსნა. ზოგიერთი აზერბაიჯანელი პოლიტიკური მოღვაწე არ ერიდებიან პირდაპირ მუქარებს და შანტაჟს: „საქართველომ აზერბაიჯანის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს, რადგან მისი ეკონომიკა აზერბაიჯანზეა დამოკიდებული… და თუ თბილისი პროსომხურ პოლიტიკას გააგრძელებს, ბაქო იძულებული იქნება საპასუხო ნაბიჯები გადადგას“.

რა არის აზერბაიჯანისთვის საქართველოზე გავლენის მოსახდენი მთავარი ბერკეტი? -  ენერგეტიკა. საქართველო მოხმარებული გაზის ლომის წილს სწორედ აზერბაიჯანიდან იღებს. გასაგებია, რომ თუ გიორგი კვირიკაშვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისაკენ მიმავალ გზებზე შლაგბაუმის აწევას ბრძანებს, მაშინ იგი იაფი აზერბაიჯანული გაზის მიწოდებაზე ვეღარც იოცნებებს. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეს, საქართველოს პრემიერს სიტუაციის აწონ-დაწონვა და პოზიტიურ-ნეგატიური მომენტების გათვალისწინება მოუწევს. მოსალოდნელ პლიუსებს შორის საქართველოსთვის სომხურ-ირანული ტვირთებიდან საბაჟო მოსაკრებლების სახით მიღებული მილიონობით დოლარი იქნება, ამოქმედებული დერეფნები კი „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ გლობალური სატრანსპორტო პროექტის მნიშვნელოვანი რგოლები გახდებიან. აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ტრაილერებისა და რეფრიჟერატორების  ავტოქარავნები გაიჭიმებიან. გარდა ამისა, დერეფნების ამოქმედება სასარგებლო იქნება ქართველი ფერმერებისთვისაც – ისინი თავიანთ მოსავალს იოლად გაიტანენ რუსულ ბაზარზე. მოკლედ, საქართველოსთვის სასწორის ერთ პინაზეა ფართო ეკონომიკური პერსპექტივა, მეორეზე კი მხოლოდ იაფი გაზი. საინტერესოა, რამდენ ხანს მოითმენს თბილისი ილჰამ ალიევის  დიქტატს, რომელსაც საქართველო დაბმული ჰყავს და „გაზის ვენტილით“ აშანტაჟებს?

«Красная звезда» (რუსეთი), 14 ივლისი, 2017 წელი

http://www.redstar.ru/index.php/component/k2/item/33798-pervaya-mirotvorcheskaya

პირველი სამშვიდობო

სამხრეთ ოსეთში რუსეთის პირველი სამშვიდობო ოპერაციის 25 წლისთავისათვის

სტატია ეძღვნება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო ძალების შეყვანის 25 წლისთავს, რომელიც განხორციელდა 1992 წლის ივლისში საქართველოსა და რუსეთის მეთაურების მიერ დაგომისში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე (ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით). „ცისფერჩაფხუტიანების“ წყალობით შეჩერდა საომარი მოქმედება, რომელიც სამ წელს გრძელდებოდა და რომელშიც ათასობით მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორი – დიმიტრი სემიონოვი).

„14 ივლისი – ეს თარიღი სამუდამოდაა ჩაწერილი სამხრეთ ოსეთის უახლეს ისტორიაში, როგორც სისხლისმღვრელი შეიარაღებული აგრესიის შეწყვეტის დღე. 1992 წლის ივნისისთვის ქართული რაზმები უკვე მჭიდროდ მიუახლოვდნენ ცხინვალს, გაჩნდა მისი დაპყრობისა და ოსური მოსახლეობის განადგურების საფრთხე. უკვე განადგურებული იყო 117 ოსური სოფელი, მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული თვით ცხინვალიც… საქართველოს ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთის მიმართ ექსტრემისტული, შოვინისტური პოზიცია ჰქონდა. ზვიად გამსახურდია ზიზღით აცხადებდა – „არავითარი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს და არც არასდროს არსებულა. ოსი ხალხი ნაგავია, რომელიც როკის გვირაბით უნდა გახვეტო“. საბოლოოდ კი თბილისში გაისმა ლოზუნგი, ულტიმატუმივით მკვეთრი: „საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის! ოსებო, გაეთრიეთ საქართველოდან!“. თბილისელი პოლიტიკანების შეურიგებელი პოზიციის გამო ოს ხალხს უბედურება ელოდა. საბედნიეროდ მათ დახმარების ხელი რუსეთმა გაუწოდა“, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს როლს კონფლიქტის შეწყვეტაში, რომელიც იმ პერიოდში რუსეთის სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურების შედეგთა სალიკვიდაციო კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა. სერგეი შოიგუ იყო აგრეთვე დაგომისის შეთანხმებით შექმნილი „შერეული საკონტროლო კომისიის“ წევრიც.

რუსული სამშვიდობო ბატალიონი ცხინვალში 2008 წლის აგვისტომდე ასრულებდა თავის მოვალეობას. „სამხრეთ ოსეთის ხალხმა რუსი სამშვიდობოების გმირობა არ დაივიწყა. ყოველწლიურად, ივლისსა და აგვისტოში, სამშვიდობო ბატალიონის დაბომბვით დანგრეულ სამხედრო ქალაქთან, რომელიც მემორიალის როლს ასრულებს, ღონისძიებები იმართება ხოლმე. ახლაც ასეა დაგეგმილი. ოსი ხალხისთვის ძვირფასია იმ ჯარისკაცების გმირობა, რომლებმაც მათ მიწაზე მშვიდობა მოიტანეს და ადამიანებს მომავლის იმედი ჩაუნერგეს“, – ხაზგასმულია სტატიაში. გაზეთში გამოქვეყნებულია 1992 წლის პერიოდის საარქივო დოკუმენტებიც, სერგეი შოუგუს ხელმოწერებით.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 14 ივლისი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

მცოცავი ანექსია

რუსეთი აგრძელებს „სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ გადაწევას საქართველოს სიღრმეში

„საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება ინციდენტები, რომლებიც რუსი მესაზღვრეების მიერ შიდა ქართლში მხარეთა გამმიჯნავი ხაზის გადმოწევით გამოიხატება. რუსები და ოსები თავს ჯერ კიდევ დაუსჯელად გრძნობენ. მოსკოვი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის „კბეჩვას“: ქვეყნის ფართობი რეგულარულად მცირდება რამდენიმე ჰექტარით. სულ ბოლოს, მსგავსი ინციდენტი სოფელ ბერშუეთთან მოხდა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – რაუფ ორუჯევი).

პუბლიკაციაში მიმოხილულია ქართველი პოლიტიკოსთა და ექსპერტთა მიერ „მცოცავი ოკუპაციის“ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები და კომენტარები. „რუს ოკუპანტებს საქართველოს მთავარ ავტომაგისტრალთან მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრი აშორებთ. ეს გზა ქვეყნის ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს. ვლადიმერ პუტინს რომ თავში მოვიდეს აზრად და თავის ჯარს ამ ავტომაგისტრალის დაკავება უბრძანოს, საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს შორის კავშირი შეწყდება“.

სიტუაცია ისეთია, რომ იტყვიან ხოლმე – „ღმერთო დაგვიფარეო“. რუსი ოკუპანტები დღითიდღე თავხედდებიან, დასავლეთი კი საქართველოს დასაცავად რატომღაც ქმედით ღონისძიებებს არ მიმართავს. ალბათ, თვლის, რომ სიტუაცია მწვავე არაა და პროტესტის საბაბი არ არსებობსო.

სტატიის ავტორი სარგებლობს ქართველი პოლიტოლოგის თენგიზ აბლოთიას მიერ დაწერილი ბლოგით და მკითხველს ფრაგმენტს სთავაზობს, რომელიც „რადიო სვობოდა“//“ეხო კავკაზას“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა: „თუ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურდება, მაშინ ჩვენ ჩვენსავე კონტროლირებულ ტერიტორიებზე უნდა ვიაქტიუროთ. ასიმეტრიული პასუხის სახით საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აკრძალოს პრორუსული პარტიები, უნდა დახუროს პრორუსული მასმედია, მიიღოს კანონი, რომლითაც სისხლის სამართლის წესით დაიჯებიან მოსკოვის მხარდამჭერები, უნდა ჩაატაროს „ახსნა-განმარტებითი“ მუშაობა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომელმაც დროა საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ დაიწყოს მუშაობა და არა ერთმორწმუნე მტრის სასარგებლოდ. საჭიროა მოვემზადოთ საბრძოლო მოქმედებებისათვის ან აქცევითი გზის მშენებლობისათვის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მთავარ ავტომაგისტრალს დაიკავებს…“.

Comments are closed