globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 14 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 14th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«ТВ Первый канал» (რუსეთი): რუსეთმა ემბარგოს გეოგრაფია გააფართოვა და რიგ ქვეყნებს საპასუხო სანქციები დაუწესა. საქართველო „შავ სიაში“ არ აღმოჩნდა

«Независимая газета» (რუსეთი): ერევანი ანკარის ბრალდებებს უარყოფს // თურქი პროკურორები, საქართველოს გავლით, სომხეთში დაიმალნენ?

——————-

«ТВ Первый канал» (რუსეთი), 13 აგვისტო, 2015 წელი

http://www.1tv.ru/news/economic/290012

რუსეთმა ემბარგოს გეოგრაფია გააფართოვა და რიგ ქვეყნებს საპასუხო სანქციები დაუწესა. საქართველო „შავ სიაში“ არ აღმოჩნდა

რუსეთის მთავრობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: მოსკოვმა გააფართოვა იმ ქვეყნების სია, რომლებთაც რუსულ ბაზარზე კვების პროდუქციის შეტანა აკრძალული აქვთ. ეს არის საპასუხო ზომა იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც დასავლეთის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს შეუერთდნენ.

რა თქმა უნდა, ემბარგოს ქვეშ მოხვედრილი ქვეყნების ახალი სია უპირველესად პოლიტიკური ნაბიჯია, რასაც, ცხადია, ეკონომიკური შედეგიც მოჰყვება. პრინციპში, ასეთი კონტრსანქციები მსოფლიო პრაქტიკაში ახალი არ არის, ეს გავრცელებული ტრადიციაა და, შესაბამისად, რაიმე ექსტრაორდინალური არაფერი მომხდარა. როგორც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, „ისინი (ანუ ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი, ალბანეთი, ჩერნოგორია, უკრაინა) თავის გადაწყვეტილებას ანტირუსული სანქციებისადმი მიერთების თაობაზე იმით ამართლებენ, რომ ევროკავშირთან სხვადასხვა ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ვართ დაკავშირებულნიო, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილობრივაა მართალი. მინდა ავღნიშნო, რომ ზოგიერთი სახელმწიფო, რომლებთაც ევროკავშირთან ანალოგიური შეთანხმებები აქვთ გაფორმებულნი, სანქციებს არ შეერთებიან. ასე რომ, მათი არჩევანი – ეს შეგნებული და გაცნობიერებული არჩევანია. ჩვენც საპასუხო ზომები მივიღეთ“.

ამრიგად, აკრძალვები შეეხო ოთხ ქვეყანას: ყველაზე მეტად ისლანდია დაზარალდება, რადგანაც მას აღარ ექნება შესაძლებლობა რუსეთს თავისი მთავარი საექსპორტო საქონელი – თევზი და ზღვის პროდუქტები მიჰყიდოს, წელიწადში დაახლოებით 180 მილიონი დოლარის ოდენობით. მეორე ადგილზე ალბანეთი, რომელსაც რუსეთში ხილი და თხილი შემოაქვს (4 მილიონი დოლარი). ჩერნოგორია მაინცდამაინც ბევრს არ დაკარგავს – ეს ქვეყანა რუსულ ბაზარზე მცირე რაოდენობის ხილ-კენკრით ვაჭრობს (ზარალი – 50 ათასი დოლარი). აი, ევროპელი ჯუჯა ლიხტენშტეინი, ფაქტიურად, არაფრით არ დაზარალდება, რადგან მას სავაჭროც არაფერი აქვს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დღევანდელი ემბარგო, პირველ რიგში, საპასუხო პოლიტიკური ზომაა.

რაც შეეხება უკრაინას, კიევის მიმართ განსაკუთრებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული: ემბარგო მხოლოდ მაშინ შევა ძალაში, როცა უკრაინა ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონას მიუერთდება, რაც, ალბათ, მომავალი წლის დასაწყისში მოხდება – თუ, რასაკვირველია, მანამდე კიევი და მოსკოვი ბრიუსელის შუამავლობით არ მოილაპარაკებენ. და თუ საბოლოოდ სანქციები მაინც შევა ძალაში, უკრაინა წელიწადში 74 მილიონ დოლარს დაკარგავს ხორცისა და ბოსნტეულის აკრძალვის გამო. არადა, ამ ქვეყნის ეკონომიკა ისედაც სულს ღაფავს

საერთოდ, გადაწყვეტილება იმაზე, დაწესდეს თუ არა საპასუხო ზომები, საკუთარი ეკონომიკური, პოლიტიკური დიპლომატიური ინტერესების გათვალისწინებითაც ხდება. აი, მაგალითად, რუსეთს საქართველოს მიმართ არანაირი სანქცია არ დაუწესებია, თუმცა, თუ გავიხსენებთ, თბილისი ევროკავშირის სანქციებს ნაწილობრივ მაინც შეუერთდა და ყირიმში წარმოებული პროდუქცია თავის ბაზარზე აკრძალა. ისე, ფორმალურად.

აუცილებელია ავღნიშნოთ, რომ „როსსელხოზნადზორის“ მონაცემებით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის (ისლანდიიდან, ალბანეთიდან და ჩერნოგორიიდან) ჩანაცვლება რთული არ არის – ჩილე და ფარერის კუნძულები იხვეწებიან.

———-

რუსულ მასმედიაში გავრცელდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები საქართველოს შესახებ, რომლებშიც განმარტებულია თუ რატომ არ დაუწესდა საქართველოს ემბარგო: „ამ ეტაპზე რუსეთსა და საქართველოს შორის აქტიური ეკონომიკური ურთიერთობა და დიდმასშტაბიანი საქონელბრუნვა არ არის. გარდა ამისა, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის მიმართ გამოცხადებული სანქციები უმნიშვნელოა. აქედან გამომდინარე, მიღებულია ობიექტური გადაწყვეტილება, რომ საქართველო არ იქნეს შეყვანილი იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებთაც რუსულ ბაზარზე თავიანთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანა აეკრძალათ“.

სიტუაციის მცოდნე ერთ-ერთი წყაროს ცნობით, „თავდაპირველად განზრახული იყო საქართველოს „შავ სიაში“ შეყვანა, არსებობდა კიდეც დოკუმენტის პროექტი ამის თაობაზე, მაგრამ რადგანაც საქართველო რეალურად მთლიან სანქციებს არ შეერთებია და რაიმე იურიდიულ-ნორმატიული აქტიც არ მიუღია და საერთოდ, უცნობი იყო, მიიღებდა თუ არა თბილისი მსგავს გადაწყვეტილებას, ამიტომაც [საბოლოო განხილვის დროს] საქართველო ემბარგოს სიაში არ მოხვდა, მით უმეტეს, რომ გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგი წინააღმდეგი საქართველო დასავლეთის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს შეუერთდეს“.

როგორც სახელმწიფო სათათბიროს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ ემელიანოვმა განაცხადა, „საქართველო იმიტომ არ მოხვდა „დასჯილ-სანქცირებული ქვეყნების რიცხვში, რომ თბილისი ძალიან აკურატულად, გულდასმით და ფრთხილად მიუდგა ანტირუსულ სანქციებს და პრინციპში, გადაწყვიტა, რომ მთლიანად არ მიერთებოდა: „ქართველი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მათ ძალიან დიდი დრო დაჭირდათ რუსული ბაზრის დასაუფლებლად და ამიტომ მისი დაკარგვა არ სურთ. საქართველო შიშობს და ამიტომაც ძალიან ფრთხილად მოქმედებს, ჩვენც ჩვენი მხრიდან ასევე აკურატულად ვუდგებით ამ საკითხს“.

წყაროები:

http://tass.ru/politika/2185657,

http://ria.ru/economy/20150813/1181848441.html,

http://interfax.az/view/647791

«Независимая газета» (რუსეთი), 14 აგვისტო, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-08-14/1_amenia.html

ერევანი ანკარის ბრალდებებს უარყოფს

თურქი პროკურორები, საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთში დაიმალნენ?

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა მოითხოვა, რომ თურქი პროკურორები ზექერია ოზი და ჯელალ ყარა, რომლებიც სომხეთში იმალებიან, დაუყონებლივ სამშობლოში დაბრუნდნენ და თავიანთი სიმართლე თურქული თემიდის წინაშე დაამტკიცონ. მართალია, სომხეთმა განაცხადა, რომ არც ერთი და არც მეორე მის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან, მაგრამ ანკარა მაინც თავისას აგრძელებს და პროკურორებს ემუქრება (ავტორი – იური როქსი).

ზექერია ოზი და ჯელალ ყარა თურქეთში ცნობილები მაშინ გახდნენ, როცა 2013 წლის ბოლოს მსხვილ კორუფციულ სკანდალს იძიებდნენ. მთელი თურქეთი გაოცებული იყო: ბრალდებულთა გრძელ სიაში ფიგურირებდნენ ცნობილი პოლიტიკოსები, მთავრობის წევრთა შვილები, მსხვილი ბიზნესმენები. ბრალდებები კი ძალიან სერიოზული იყო – კონტრაბანდაში, კორუფციასა და ნარკომაფიაში მონაწილეობა. ბრალდებათა ბევრი ფიგურანტი ციხეში გაიგზავნა, ბევრს ქონების კონფისკაცია მოუწია, უძღები შვილების მამა-მინისტრები კი თანამდებობიდან გადადგნენ. დიდების შარავანდედში გახვეულმა ზექერია ოზმა და ჯელალ ყარამ ვერ შენიშნეს, თუ როგორ შეიკრიბა მათ თავზე შავი ღრუბლები…

უკვე 2014 წლის თებერვალში ზოგიერთი დაპატიმრებული ციხიდან გამოვიდა, რადგან მათ წინააღმდეგ აღძრული საქმე არაობიექტურად იქნა მიჩნეული. გასაჩივრების სემდეგ სასამართლომ მათ ქონებაც დაუბრუნა, ხოლო თურქეთის გმირები, პრეზიდენტის ბრძანებულებით, ჩამოქვეითებული იქნენ და იძულებულნი გახდნენ, ახლა უკვე თვითონ გამოცხადებულიყვნენ დაკითხვაზე. მათი მდგომარეობა განსაკუთრებით გართულდა მას შემდეგ, რაც ორივე ჯერ პროკურატურის სიტემიდან გათავისუფლდნენ, მერე კი… მათი დაპატიმრების ორდერი გაიცა: გამოძიებამ ზექერია ოზი და ჯელალ ყარა უკანონო შეირაღებული ფორმირების ჩამოყალიბებასა და პრეზიდენტ რეჯებ ერდოღანის იდეური მოწინააღმდეგის ფეთულაჰ გიულენის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს (ფეთულაჰ გიულენი დევნილია და აშშ-ში ცხოვრობს).

თუმცა პროკურორების დაპატიმრება ვერ მოხერხდა – ერთი კვირის წინ ისინი, შეიძლება ითქვას, ქვეყნიდან „უკვალოდ გაქრნენ. რამდენიმე დღის შემდეგ თურქულმა სააგენტო „ანადოლუმ“ გაავრცელა ცნობა, რომ ზექერია ოზმა და ჯელალ ყარამ თურქეთ-საქართველოს საზღვარი სარფთან გადალახესო, ანუ ორივე საქართველოში იმყოფებაო. მოგვიანებით საქართველოს მოსაზღვრე ართვინის პროვინციის გუბერნატორმა ქემალ ჯირითმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა პროკურორებმა საქართველოს ტერიტორიის გავლით თავი სომხეთს შეაფარესო. სომხეთს და თურქეთს ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ და, ალბათ, დევნილმა თურქმა ყოფილმა სამართალდამცველებმა ლოგიკურად გადაწყვიტეს – ვაითუ საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც თურქეთთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს, დაგვიჭიროს და თურქეთში დაგვაბრუნონო და სომხეთში გადავიდნენ, სადაც ისინი უფრო უსაფრთხოდ იქნებიან. მართლაცდა, თბილის-ანკარის ურთიერთობა ისეთ დონეზეა, რომ თუ საქართველო თურქეთისაგან ექს-პროკურორების დაკავებისა და ექსტრადირების თხოვნას მიიღებდა, მას დაუყონებლივ შეასრულებდა.

ექსპერტების აზრით, როგორც ჩანს, ზექერია ოზიმ და ჯელალ ყარამ კორუფციული საქმის გამოძიებისას ვიღაც ისეთ პიროვნებას „დააბიჯეს მაზოლზე“, რომლემაც შური იძია. მართალია, პროკურორების მიერ ბრალდებულთა სია თავის დროზე ყველასათვის ცნობილი იყო, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ყველას გამოაშკარავება არ მოხდა – როგორც ვამბობთ ხოლმე, „სხვადასხვა მიზეზების გამო“? მაგალითად, ამბობენ, რომ „შავ სიაში“ პრეზიდენტ რეჯებ ერდოღანის ვაჟიც იყო შეყვანილი, მაგრამ მერე ამოიღესო. შეიძლება ვიფიქროთ, რომ პრეზიდენტმა ითმინა, ითმინა და შემდეგ პროკურორების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმა განახორციელა და თანაც ისეთი, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ იმ ქვეყანაში მიმალულიყვნენ, რომელსაც თურქეთთან ძალიან რთული დამოკიდებულება აქვს.

შესაძლოა, პრეზიდენტი ერდოღანი ამიტომაც იყო გაღიზიანებული პროკურორების მიმალვის კომენტირებისას: რაღა მაინცდამაინც სომხეთში გაიქცნენ ის შეჩვენებულებიო… მართალია, სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ რა პროკურორები, ვინ პროკურორები, ასეთები ჩვენთან ასეთი არავინ შემოსულაო, მაგრამ განა თურქეთი სომხეთს დაუჯერებს?

Comments are closed