globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 14 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 14th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველომ ნატოს წინაშე „მაპ“-ის საკითხი ჯიქურად დასვა

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკელი კონგრესმენები – ქართველებს: „თქვენი წარმატება მმართველობასა და რეფორმებზეა დამოკიდებული“

«Независимая газета» (რუსეთი): კახელმა მევენახეებმა ბუნტი მოაწყეს: მსოფლიო კრიზისმა ქართველი ფერმერები ხელისუფლებას დაუპირისპირა

«Iran Daily» (ირანი): ირანელი დიპლომატი – ზინჯანის პროვინციის ხელმძღვანელებს: „საქართველო კავკასიის ჭიშკარია“

«Комсомольская правда» (რუსეთი): მოსკოვს სთავაზობენ, რომ მან პასუხი აგოს კავკასიაში რუსეთის მეფე-იმპერატორების მოქმედებაზე

«The Independent» (დიდი ბრიტანეთი): საუბარი პეტრო პოროშენკოსთან: „მიხეილ სააკაშვილისაგან საქართველოს კარგი პრემიერ-მინისტრი დადგებოდა“

—————————

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 12 სექტემბერი, 2015 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20150912-gruziya-stavit-pered-nato-vopros-rebrom

საქართველომ ნატოს წინაშე „მაპ“-ის საკითხი ჯიქურად დასვა

კვირას, 13 სექტემბერს „საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“ (Radio France Internationale) ეთერში გადაიცა საქართველოში გასული კვირის განმავლობაში მომხდარი მოვლენების მიმოხილვა, რომელშიც ორი მთავარი თემაა გამოკვეთილი: პირველი –  თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია უსაფრთხოების საკითხების შესახებ და მეორე – ქართულ ტელეჟურნალისტიკაში მომხდარი ამბები (სატელევიზიო თოქ-შოუების დახურვა).

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მიმოხილვისას რეპორტაჟის ავტორი ყურადღებას ამახვილებს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის გამოსვლაზე, რომელმაც „ყველაზე ხმამაღალი“ განცხადება გააკეთა: თუ რუსეთი აგრესიას გააგრძელებს, საქართველო შეიძლება ათი წლის შემდეგ არსებობა შეწყვიტოს და ამიტომ ნატოში გაწევრიანებას ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვსო. სხვათაშორის, მას ადრეც ხშირად უთქვია, რომ ვარშავაში 2016 წელს დაგეგმილ სამიტზე ალიანსმა საქართველოს „მაპ“-ი აუცილებლად უნდა მისცესო. კიდევ ერთი რადიკალური განცხადება გააკეთა ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდალმა ბენ ჰოჯესმა, რომლის თანახმად, „2016 წლის აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო წრთვნების მთავარი მიზანი იქნება იმის შემოწმება, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება საჭიროების შემთხვევაში ამერიკული ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გადმოსროლა საქართველოს დასახმარებლადო“.

ამერიკელი გენერლის განცხადებამ საქართველოში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. ბევრმა უკვე ისიც იფიქრა, რომ პენტაგონის მაღალჩინოსანმა თავის გამოსვლით ქართველებს აშშ-ის სამხედრო ბაზის დაარსებაზე მიანიშნა, ან ყოველ შემთხვევაში, თუ რუსეთი საომარ მოქმედებებს განაახლებს, ვაშინგგტონი თბილისს სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს, ანუ, სხვაგვარად რომ თქვათ, ამერიკელები სწრაფად „მოირბენენ“ ქართველთა დასახმარებლად. ბუნებრივია, ექსპერტთა უმრავლესობამ ჩათვალა, რომ ამიერიდან შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს „ევროატლანტიკურ მიზანსწრაფვას“ – პენტაგონის მაღალჩინოსნებს ხომ ასეთი განცხადებები ადრე არ გაუკეთებიათ.

თუმცა, როგორც თბილისელმა პუბლიცისტმა პეტრე მამრაძემ აღნიშნა „რადიო ფრანსე ინტერნასიონალე“-სთან საუბარში, საქართველოს ასეთი ილუზიები შეიძლება უფრო ძვირი დაუჯდეს, ვიდრე 2008 წელს, რუსეთთან ომის დროს. მისი თქმით, ძალიან საეჭვოა, რომ საქართველომ ნატოს ვარშავის სამიტზე „მაპ“-ი მიიღოს და თუ, ვთქვათ, „მაპ“-ის საკითხი დადებითად გადაწყდება, ამ შემთხვევაშიც კი საქართველოს მდგომარეობა, უსაფრთხოების თვალსაზრისით. კიდევ უფრო გაუარესდება.

პეტრე მამრაძე: რაც შეეხება თინათინ ხიდაშელისა (და მისი მეუღლის დავით უსუფაშვილის) განცხადებებს, ამაზე უარესს საქართველოსთვის უსაფრთხოებისათვის ვერც კი წარმოიდგენ.. გავიხსნოთ, რომ დავით უსუფაშვილი მთელი მსოფლიოს გასაგონად მაღალი დონის ფორუმებზე ჯერ კიდევ ადრე აცხადებდა, რომ „თუ საქართველო უელსის სამიტზე „მაპ“-ს ვეღარ მიიღებს, მას მასშტაბური პოლიტიკური დესტაბილიზაცია ელოდებაო“. მისივე სიტყვებით, „თუ საქართველო უახლოეს ხანში ნატოს წევრი ვერ გახდება, ის გეოგრაფიული რუკიდან გაქრებაო“. და ამას ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ქვეყნის მეორე პირი! უელსის სამიტზე ჩვენთვის „მაპ“-ის მოცემის საკითხი საერთოდ არ განხილულა, მაგრამ არავითარი დესტაბილიზება არ მომხდარა, რადგან მოსახლეობას ეს საკითხი არ აინტერესებს. ხალხს სულ სხვა პრობლემები აწუხებს. ახლა დავით უსუფაშვილი როგორღაც მოყუჩდა, მაგრამ სამაგიეროდ მისი მეუღლე აცხადებს, რომ საქართველო ნატოსათვის უფრო საჭიროა, ვიდრე ნატო საქართველოსთვისო. არადა, წინასწარ უკვე ცნობილია: რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში, დასავლეთი მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლება, თანაც უფრო რბილით, ვიდრე ეს ყირიმთან მიმართებით გააკეთა. ვთქვათ და ჩვენს გამო სანქციები თუ დაწესდება, ისინიც რუსეთის მიმართ უფრო რბილი იქნება, ვიდრე ყირიმისა და უკრაინის გამო. რაც შეეხებ ამერიკელი გენერლის განცხადებას, მას უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოს მხოლოდ განცხადებები კი არ სჭირდება, რომლებიც სიტუაციას ამწვავებენ, არაედ კონკეტული მოქმედება. ჩვენთან, საქართველოში, რატომღაც ყველაფერი უკუღმა კეთდება: იმის ნაცვლად, რომ თავდაცვა და უსაფრთხოება რეალური მოქმედებით განმტკიცდეს, ჯერ რიტორიკული დემაგოგიური და პოპულისტური განცხადებები კეთდება, რაც ქვეყანას უდიდეს ზიანს აყენებს“.

- რამდენად რეალური და მოსალოდნელია ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის „მაპ“-ის მოცემის საკითხში რაიმე წინსვლა?

- ნატოს წევრი ქვყნებიდან ბევრი მომხრეა – მე მხედველობაში მყავს ბალტიისპირა სახელმწიფოები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ანუ საბოლოო ჯამში საქართველოსთვის „მაპ“-ის მოცემა შესაძლებელია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ „მაპ“-ის მოცემა არაფერს გვაძლევს. „მაპ“-ს ქვეყნის დაცვა არ შეუძლია და უფრო მეტიც, „მაპ“-ი ნატოში გაწევრიანებისათვისაც კი არ არის გარანტია. ვთქათ,დაარწმუნეს საფრანგეთი, გერმანია და „მაპ“-ი მოგვცეს, მაგრამ შემდეგ რუსეთი ზომებს მიიღებს, მაგალითად, დაიბრუნებს ახალქალაქის სამხედრო ბაზას (რომელიც 2007 წელს დატოვეს) ან კიდევ რაღაც ხათაბალას მოგვიწყობს – ვთქვათ, დააკმაყოფილებს სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მიღების თხოვნას. გამოდის რომ „მაპ“-ის, ამ ცარიელი ქაღალდის მიღების სამაგიეროდ, რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ კონკრტულ ნაბიჯებს გადმოდგამს. ვის სჭირდება ეს? მხოლოდ საქართველოს მტრებს“.

საქართველოში არავინ დაობს იმასთან მიმართებით, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში აუცილებელია დემოკრატიული რეფორმების გაღრმავება მაღალი ევროსტანდარტების  შესაბამისად, მათ შორის ჟურნალისტიკის სფეროშიც, მაგრამ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიწყო გასულ კვირას სერიოზული პერიპეტიები: რამდენიმე ტელეკომპანიაში – „იმედსა“ და „პირველ არხზე“ პოლიტიკური თოქ-შოუების დაიხურა (წამყვანები – ინგა გრიგოლია და ეკა მიშველაძე). საინტერესოა, რომ ეკა მიშველაძის სამსახურიდან გათავისუფლება ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე მის გათხოვებას მოჰყვა. ჟურნალისტურმა თანამეგობრობამ აბსოლუტური უმრავლესობით მხარი ეკა მიშველაძეს დაუჭირა, ტელეკომპანიის გადაწყვეტილება დაგმო და მომხდარი კაზუსი „პროფესიის აკრძალვის“ მცდელობად მიიჩნია. თუმცა, როგორც გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა „რადიო ფრანსე ინტერნასიონალე“-სთან საუბარში აღნიშნა, ამ საქმეში ყველაფერი ისე ერთმნიშვნელოვნად არაა, იგივე ევროპის სტანდარტების მიხედვითაც, როგორც ეს ქართველი ჟურნალისტების უმეტესობას ჰგონია.

ნანა დევდარიანი: „ეს პროფესიის აკრძალვა არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ჟურნალისტურ პროფესიას მრავალი ამპლუა აქვს. არაა აუცილებელი თოქ-შოუს წაყვანა, ჟურნალისტიკაში შეიძლება სხვა რაღაცითაც იყო დაკავებული. სხვათა შორის, ახლახან გავიგე, რომ ეკა მიშველაძის ბოლო 24 გადაცემიდან 14-ში „თავისუფალი დემოკრატები“ მონაწილეობდნენ, ანუ მისი მეუღლის ალექსი პეტრიაშვილის თანაპარტიელები. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ინტერესთა გარკვეული კონფლიქტი მართლაც არის. საფრანგეთშიც ხომ იყო შემთხვევა, როცა  პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი ჟურნალისტი, ანალოგიურ სიტუაციაში სამუშაოდ სხვაგან გადავიდა. რაც შეეხება „პროფესიის აკრძალვას“ ეს მართლაც ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, როცა ასობით ჟურნალისტი უასაფუძვლოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს“.

ამის მიუხედავად, ჟურნალისტები მომხდარი ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეკა მიშველაძემ განაცხადა, სპეცსამსახურები მითვალთვალებენო.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 14 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/peter-roskam-david-price/2962649.html

ამერიკელი კონგრესმენები: „საქართველოს წარმატება მმართველობაზე და რეფორმებზეა დამოკიდებული“

ანა კალანდაძე

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის “დემოკრატიის პარტნიორობის კომისიის” გავლენიან წევრებს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვესაუბრეთ.  კომისიის რესპუბლიკელი თავმჯდომარე კონგრესმენი პიტერ როსკამი, და წამყვანი დემოკრატი კონგრესმენი დევიდ პრაისი საქართველოსა და უკრაინაში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ.  ისინი საქართველოს ხელისუფლების ერთიანი ხედვის, რეფორმების გაგრძელების და დასავლეთთან აქტიური პარტნიორობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობენ.

კონგრესმენი დევიდ პრაისი, დემოკრატიული პარტია: “უკრაინა და საქართველო, როგორც ჩვენი ბოლო ვიზიტიდან დავრწმუნდით, ნამდვილად არიან დემოკრატიულ სამყაროში გაწევრიანების რეალური პრეტენდენტები. ორივე ქვეყანა სირთულეებს უპირისპირდება, ეკონომიკურსა და პოლიტიკურს, უკრაინაში ღია კონფლიქტია რუსეთთან, საქართველოში კი გაყინული კონფლიქტები, და რუსეთის აგრესია იზრდება. ამიტომ, ჩვენი რწმენით აქ მთავარია ამ ორი ქვეყნის უნარი საკუთარი მმართველობა გააძლიეროს, პოლიტიკური მმართველობის, პოლიტიკური რეფორმის წარმატება შეძლოს, რაც მოსახლეობას მისცემს ლეგიტიმურ ნდობას, ხედვას და რწმენას ჩაუსახავს განვითარებასთან დაკავშირებით. ჩემი მუშაობით ამ კომისიაში, როცა საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებთან ვთანამშრომლობ, სწორედ ამას ვაკეთებ.

კონგრესმენი პიტერ როსკამი, რესპუბლიკური პარტია: “საქართველო ძალიან რთულ გარემოშია. მაგრამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუ როგორი მონდომებულები არიან ქართველები საკუთარი მომავლისა და წარმატებისთვის.  ის, რომ პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობაა ეს მარტო საქართველოში არ ხდება, ამერიკაშიც ყოველდღე ასეა, ამიტომ ჩვენ ძალიაა კარგად გავიგეთ იქ რაც ხდებოდა და რამდენად საჭიროა კომპრომისი. ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური პარტნიორობაა, თუმცა მე მინდა რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ვიცი, საქართველო, თავისი მონდომებით და სურვილით ბევრს მიაღწევს, და ეს ეხლაც ვიგრძენი, როცა ყველას ასეთი ოპტიმიზმი ვიგრძენი.”

ამავე დროს კონგრესმენებს მიაჩნიათ, რომ რეგიონში მზარდი რუსული აგრესიის პირობებში, უკრაინასა და საქართველოში სტაბილურობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად აშშ-ისა და საერთაშორისო საზოგადოების მეტი ჩართულობაა საჭირო:

კონგრესმენი დევიდ პრაისი: “დახმარების ფორმებს, მიმართულებებს და რაოდენობას მუდმივად უნდა ვუბრუნდებოდეთ. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ იარაღის მიწოდება-არ მიწოდებაზე საუბარი, უკრაინის შემთხვევაში, არამედ ბევრი სხვა რამ, რაც უნდა გააკეთოს ამერიკამ და ევროპამ-ტრეინინგების, რეკომენდაციების ჩათვლით. რაც, ერთის მხრივ მხარდაჭერას და კარგ სიგნალს გააგზავნის, მეორეს მხრივ საქართველოს და უკრაინის მაგალითზე-გაზრდის ქვეყნების უნარებს და გააუმჯობესებს მათი მომზადების დონეს. ჩვენ ევროპა ვერ გვიკარნახებს როგორი დახმარება უნდა გავგზავნოთ, მაგრამ განსაკუთრებით ამ სფეროებში კარგია თუ მათთან ვისაუბრებთ და ერთობლივ მიდგომას გამოვნახავთ, როცა შესაძლებელია.”

კონგრესმენი პიტერ როსკამი: “რუსეთს 100 პროცენტიან პასუხის-მგებლობას დავაკისრებდი იმისთვის, რაც ადმინისტრაციულ საზღვარზე ხდება. მე ვიყავი სამხრეთ ოსეთის მისადგომებთან და ვნახე როგორი დანაწევრებული, განადგურებულია ქართული სოფლები. ეს არის საქართველოს ოკუპაციის მაგალითი და პრეზიდენტ პუტინის ცინიკური, აგრესიული ქმედება. მე ძალიან შეწუხებული დავბრუნდი. რუსულ მხარეს კი მდგომარეობისთვის სრულ პასუხისმგებლობას ვანიჭებ.”

რაც შეეხება განწყობებს, რომელიც მათ ქართველ ლიდერებსა და მოსახლეობას შორის დახვდათ, კონგრესმენი დევიდ პრაისი ამბობს, რომ განსხვავებით მანამდე არსებული ინფორმაციისა, რომ ქართველები თითქოსდა იმედგაცრუებული არიან დასავლური სამყაროს უყურადღებობით, მათ ამის სამხილი ვერსად შენიშნეს.  მისი განცხადებით, საქართველო ევროპული ქვეყანაა, ასეთად ხედავს ის თავის თავს და ამას ესწრაფვის მოსახლეობა.  კონგრესმენის თქმით, დიდია აზრთა სხვადასხვაობა სხვადასხვა თემებზე, თუმცა დასავლეთთან ურთიერთობის უპირატესობაზე თითქმის არავინ არ კამათობს. უკრაინაში განსხვავებული სიტუაციაა, მაგრამ საქართველოში ამის არ დანახვა არ შეიძლება-აცხადებს კონგრესმენი და დასძენს, რომ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, საქართველომ და უკრაინამ მეზობელ რუსეთთან ცხოვრება უნდა შესძლონ, თუმცა ეს არამცდაარამც არ გამორიცხავს კარგ, მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობას დასავლეთთან.  პრაისი დასძენს, რომ ამ ორმა ქვეყანამ საკუთარი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს, და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პატივი უნდა სცეს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს მათ არჩევანს.

კონგრესმენების პიტერ როსკამისა და დევიდ პრაისის განცხადებით, საერთო ენის გამონახვასა და პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ რიტმში გადასვლას საბოლოო ჯამში დიდი გავლენა ექნება საქართველოს წარმატებასა და განვითარებაზე.

«Независимая газета» (რუსეთი), 14 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-09-14/7_vine.html

კახელმა მევენახეებმა ბუნტი მოაწყეს: მსოფლიო კრიზისმა ქართველი ფერმერები ხელისუფლებას დაუპირისპირა

სტატიაში აღწერილია კახელი მევენახეების მიერ მოწყობილი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მიზეზები და მიმდინარეობა, გაკეთებულია გარკვეული პროგნოზებიც სიტუაციის განვითარების შესახებ (ავტორი – იური როქსი).

დღეს იწურება კახელი ფერმერების ულტიმატუმი, ისინი ყურძნის შესასყიდი ფასების მომატებას მოითხოვენ, ისინი უკმაყოფილონი არიან, რომ მთავრობამ დაპირებული სუბსიდიები შეამცირა. საერთოდ, რთველის დროს მევენახეები ყოველთვის წუწუნებენ – ხან მოსავალი არ მოვიდა და დანახარჯებს ვერ ავინაზღაურებთო, ხან დიდი მოსავალია და არ ვიცით, სად წავიღოთო და ამ ფონზე მუდმივად შესასყიდი ფასების გაზრდაზე ლაპარაკობენ. გამონაკლისი არც წლევანდელი რთველი აღმოჩნდა. მთავრობა მევენახეებს ეხმარებოდაო, ამას ვერ ვიტყვით – ეხმარებოდა სასუქებით, შხამქიმიკატებით, ტექნიკით, აღუთქვა ფასების შენარჩუნებაც, მაგრამ შემდეგ უკან დაიხია… რას იზამ, გაზაფხულზე ფინანსებთან მიმართებით სულ სხვა სიტუაცია იყო, ზაფხულში კი გაუარესდა, გლეხებს კი არაფრის გაგონება არ უნდათ, ისინი მზად არიან ავტომაგისტრალი გადაკეტონ, თუ ხელისუფლება მოთხოვნას არ შეუსრულებს. მათი თქმით, თუ შესასყიდი ფასები არ მოიმატებს, ისისნი ბანკის ვალებს ვერ დააბრუნებენ და სამომავლო სამუშაოებისთვის ვერ მოემზადებიან.

პროტესტი უკვე მეოთხე დღეა გრძელდება. უკმაყოფილო კახელებს ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ, თუმცა რაიმე დადებითი პერსპექტივა არ ჩანს. ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გლეხებს ქვეყნის არასახარბიელო ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა აუხსნა: მან აღნიშნა, რომ მთავრობამ იმუშავა და ღვინის გასაღების ბაზრებიც გამოძებნა, მაგრამ ეკონომიკური პრობლემების გამო სუბსიდირება ვერ მოხერხდა. თუმცა, ყოფილი ფეხბურთელის ნათქვამიდან ისე გამოდის, რომ გლეხებს სიტუაცია არ ესმით და ისინი მადლობის ნაცვლად იმაზე მეტს ითხოვენ, რაც გათვლილი არ არის.

სტატიაში მოცემულია სოფლის მეურნების მინისტრის ოთარ დანელიას და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის გამონათქვამები შესასყიდ ფასებთან დაკავშირებით (რომელი ჯიშს რა ფასი აქვს, როგორი დოტაცია ხორციელდება სახე,წიფოსაგან, აღწერილია ნეგატიური სიტუაცია რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე, სადაც ადრე ქართული ღვინო დიდი რაოდენობით იყიდებოდა, ახლა კი კრიზისის გამო, ექსპორტი შემცირდა).

ექსპერტები მიუთითებენ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის პრობლემებიდან ყველაზე მთავარი კონსერვატიზმი და მოუქნელობაა. ჯერ კიდევ კახა ბენდუქიძე, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი იყო, აღნიშნავდა, რომ ქართული აგრარული სექტორისათვის საჭირო იყო უფრო ღრმა პროგნოზირება, მსოფლიო ბაზრის მონიტორინგი და შესაბამისად, ფერმერთა ორიენტაცია პროდუქციის მოთხოვნა-გასაღებაზე. იმ პერიოდში გარკვეული ძალისხმევა განხორციელდა – შეიცვალა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სტრუქტურა, ბევრი ფერმერი ბაღჩეული კულტურების მოყვანაზე გადავიდა, მეტი ყურადღება დაეთმო ხეხილის ახალი ჯიშების დანერგვას, მაგრამ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა. თავის დროზე საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებულმა კამპანიამ ღვინის გასასაღებლად ახალი ბაზრების მოძიების შესახებ გლეხები იმაში დაარწმუნა, რომ მევენახეობა-მეღვინეობა ქვეყნისთვის პრიორიტეტული დარგია და მასზე ხელისუფლება ყოველთვის იზრუნებსო. ღვინო საქართველოსთვის სავიზიტო ბარათად იქცა, ხოლო ატამი, ვაშლი და საზამთრო არავის ახსოვდა. ამის შედეგად ბევრი პროფილშეცვლილი ფერმერი ისევ ტრადიციულ, წინაპრების მიერ არჩეულ დარგს – მევენახეობას დაუბრუნდა. და როგორც ჩანს, მსოფლიოში ღვინის ჭარბწარმოების მიუხედავად, კახელი გლეხი პროფილის კიდევ ერთ შეცვლას ვეღარ გადაწყვეტს.

სტატიის ბოლოს მოცემულია ქართული ღვინის ექსპორტის სტატისტიკური მონაცემები საზღვარგარეთ, ცალკეული ქვეყნების მიხედვით: 2015 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ უცხოეთის 37 სახელმწიფოში 19 მილიონ 800 ათასი ბოთლი ღვინო გაიტანა, რაც 14%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რუსეთში ექსპორტი 58%-ით შემცირდა, უკრაინაში კი – 63%-ით).

«Iran Daily» (ირანი), 14 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.iran-daily.com/News/126867.html

ირანელი დიპლომატი – ზინჯანის პროვინციის ხელმძღვანელებს: „საქართველო კავკასიის ჭიშკარია“

როგორც გაზეთში გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული, საქართველოში ირანის ელჩის მოადგილე მოჰსენ ქებრიაი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი პროვინციის – ზინჯანის ხელმძღვანელებს შეხვდა და საქართველოს ირანის ენერგიისა და წარმოებული პროდუქციის ექსპორტისათვის უმნიშვნელოვანეს დერეფნად მიიჩნია. „ირანისათვის საქართველო კავკასიის ჭიშკარს წარმოადგენს“, – ხაზი გაუსვა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ საქარტველოს ტერიტორია სატრანზიტო მიზნებისთვისაც იქნება გამოყენებული.

მოჰსენ ქებრიაი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებს და განაცხადა, რომ ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან სახელმწიფოს შორის დადებული ბირთვული შეთანხმების შემდეგ შექმნილი ვითარება საქართველო-ირანის ორმხრივი კავშირების გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა“.

ირანელმა დიპლომატმა ზინჯანის პროვინციის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირანში ვიზიტი უახლოეს ორი თვის განმავლობაშია დაგეგმილი.

სტატიაში მიმოხილულია აგრეთვე მიმდინარე წლის აგვისტოში განხორციელებული საქართველოს პარლამენტის წევრთა დელეგაციის ვიზიტი ირანში, რომელსაც ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე ხელმძღვანელობდა.

«Комсомольская правда» (რუსეთი), 11 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.kp.ru/daily/26431/3303196/

მოსკოვს სთავაზობენ, რომ მან პასუხი აგოს კავკასიაში რუსეთის მეფე-იმპერატორების მოქმედებაზე

რუსეთის პოპულარულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ ვრცელ, ორნაწილიან სტატიაში გაანალიზებულია რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების, განსაკუთრებით – ჩერქეზების მიმართ, გადმოცემულია ჩერქეზთა მცდელობები „დიდი ჩერქეზეთის“ შექმნის მიზნით, და ყურადღება გამახვილებულია ჩერქეზთა კონტაქტებზე ქართველ პოლიტიკოსებთან (ავტორი – ალექსანდრე გრიშინი).

გთავაზობთ მოკლე შინაარსს:

როგორც ცნობილია, რუსეთის კუთვნილ ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში, რომლის ტერიტორია ისტორიულად ჩერქეზებით იყო დასახლებული, დღევანდელი მათი შთამომავლები „ჩერქეზული სახელმწიფოს“ აღდგენას და გენოციდის აღიარებას მოითხოვენ. საქართველომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში უკვე ოფიციალურად აღიარა ჩერქეზთა გენოციდი, რომელიც რუსეთის მხრიდან მე-18 – მე-19 საუკუნეებში განხორციელდა. ამას წინათ კი ჩერქეზთა ანტირუსულად განწყობილმა წარმომადგენლებმა უკრაინის ვერხოვნა რადას იგივე თხოვნით მიმართეს…

თემა „რუსეთი საუკუნეების განმავლობაში ჩაგრავდაო ჩერქეზებს“ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ ცივი ომის დაწყებისთანავე წარმოიქმნა. დროდადრო ეს საკითხი გააქტიურდებოდა ხოლმე. ასე მოხდა სოჭის ოლიმპიური თამაშების წინ, როცა ჩერქეზთა საზღვარგარეთულმა წრეებმა, რუსეთის ოპოზიციასთან ერთად, ამ მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სპორტული ღონისძიების სხვაგან გადატანა მოითხოვეს, ჩერქეზ წინაპრების ხსოვნის პატივისცემის მიზნით. მათ უცხოეთში ამ მიზნით ფართო აგიტაცია-პროპაგანდა გააჩაღეს.

სოჭის ოლიმპიური თამაშების ტრიუმფით ჩატარებამ მათი ანტირუსული გეგმები თავდაყირა დააყენა. ამიტომ დაიწყეს ახალი პროექტების შემუშავება, რომელთაგან ერთ-ერთი ცნობილია „დიდი ჩერქეზეთის“ ვირტუალური რესპუბლიკის შექმნის სახით. უკვე 2014 წელს აშშ-ის ჯეიმსთაუნის ფონდის ექსპერტთა ჯგუფმა, რომლის ხელმძღვანელი იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი, წარმოშობით ჩერქეზი მურად ნათირბა, დაასრულა პროექტზე მუშაობა და დოკუმენტი საქართველოში მოქმედ ჩერქეზთა კულტურის ცენტრის დირექტორს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს მერაბ ჩუხუას გადასცა. ამ უკანასკნელმა კი მიმდინარე წლის დასაწყისში ყაბარდო-ბალყარეთისა და ადიღეს დელეგაცია კონფიდენციალურად (არააფიშირებულად) შეახვედრა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრს  გუბაზ სანიკიძეს შეახვედრა, რის შემდეგაც პროექტის განხორციელების აქტიური ფაზის დაწყება 2016 წლისათვის დაიგეგმა.

რა არის პროექტის არსი? ინტერნეტში უნდა შეირჩეს რამდენიმე ატასი მსურველი, რომელიც მზად იქნება ვირტუალური „ჩერქეზეთის სახელმწიფოს მოქალაქე“ გახდეს და მისი პასპორტი მიიღოს. პასპორტი სუვენირი კი არ იქნება, არამედ ნამდვილი, 15-დონიანი დაცვით, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. „ჩერზექეთის“ მოქალაქემ, რომელიც ეთნიკური ჩერქეზი უნდა იყოს, უნდა გადაიხადოს ყოველწლიური გადასახადი 200 აშშ დოლარის ოდენობით, მას შეუძლია არჩეული იყოს „ჩერქეზეთის“ ვირტუალურ სახელმწიფო ორგანოებში… პროექტის მიხედვით, „ჩერქეზეთი“ იურიდიულად სამართალმემკვიდრეა იმ ყველა ტერიტორიისა, რომლის ოკუპირება რუსეთმა მოახდინა.

მოკლედ, ამ პროექტში ჩანს ის ჭეშმარიტი მიზნები, რომლებიც ჩერქეზებს  რუსეთის მიმართ აქვთ. ისინი ჯერ ითხოვენ რუსეთმა მოინანიოს მეფე-იმპერატორების მიერ ჩადენილი მოქმედების გამო, რომელიც ბოლო ათწლეულებში „ჩერქეზთა გენოციდის“ სახელითაა ცნობილი. იგივე მერაბ ჩუხუამ, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს თანამოაზრეთა წინაშე მოხსენებით გამოვიდა, აღნიშნა, რომ „საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების მცდელობას ჩერქეზული საკითხის პროპაგანდაში უიკვალოდ არ ჩაუვლია“: „გენოციდი აღიარებულ იქნა ყველა ჩერქეზული ორგანიზაციის მიერ როგორც საზღვარგარეთ, ასევე რუსეთშიც, თვით ჩერქეზი ჩინოვნიკების მიერაც კი“.

რა უნდა ვთქვათ.. იციან ბიჭებმა მუშაობა, იციან… თუ მათ არავინ გააჩერებს, ძალიან ღრმად შეტოპავენ. თუ, რასაკვირველია, ამის ნებას მივცემთ. მაგალითად, მერაბ ჩუხუასა და მისი ბიჭების ნამოქმედარია ის, რომ ჩერქეზები დღემდე ამტკიცებენ – „ჩვენი წინაპრები ანგელოზები იყვნენ, რუსეთის ბოროტი მეფე-იმპერატორები კი მათ ბუზებივით ხოცავდნენო – კავკასიური ომების შემდეგ ჩერქეზების მხოლოდ 10 პროცენტი დარჩა ცოცხალი, დანარჩენი რუსებმა გაანადგურესო“. ვეკითხები: „განა ის არაფერს ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კავკასიააში და მის დასავლეთ ნაწილში 1804 წლიდან 1826 წლამდე შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი შეიწირა? იგივე ყაბარდოელები, რომელთა რაოდენობა 1812 წელს 400 ათასამდე იყო, 1826 წელს მხოლოდ 60 ათასამდე დარჩნენ?“. გამოდის, რომ არაფერს ნიშნავს. არადა, რუსეთის არმიის დანაკარგის 90% კავკასიური ომების დროს არასაბრძოლო ხასიათისა იყო: მალიარია, შავი ჭირი, ხოლერა  და სხვა სნეულება არც რუსებს არ ზოგავდა. და ეს ხდებოდა არმიაში, სადაც ექიმები იყვნენ, სადაც ცდილობდნენ ჰიგიენა მეტ-ნაკლებად დაცული ყოფილიყო, არსებობდა რარაც სანიტარული ნორმები. რა მოუვიდოდათ ჩერქეზებს ასეთ სიტუაციაში? სხვათა შორის, ჩერქეზი თავადები დახმარებისთვის რუსეთის არმიის ექიმებს ხშირად მიმართავდნენ ხოლმე. თუ მაშინდელი იმპერიების – ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის პოლიტიკას შევადარებთ, რუსეთის იმპერატორული კავკასიური პოლიტიკა დიდი ხნის განმავლობაში, დღევანდელი ტერმინოლოგიის მიხედვით, ტოლერანტული იყო…

ჩექეზი აქტივისტები ჩერქეზთა საერთაშორისო ასოციაციისაგან შემტევ და მკვეთრ მოქმედებას მოითხოვენ. ვისზე შეტევას, რუსეთზე? ბატონებო, მაშინ ვისთან დარჩებით? საქართველოსთან, რომელმაც გენოციდი 2011 წელს აღიარა?

სხვათა შორის, საღად მოაზროვნე ჩერქეზებს საქართველოსთან მიმართებით ილუზიები არ აქვთ: „რატომ აღიარა საქართველომ გენოციდი მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას რუსეთმა კისერში წამოარტყა? და განა უმჯობესი არაა, რომ საქართველომ მოინანიოს თავისი დანაშაული? მე მათ შეხვედრის დროს რამდენჯერმე შევეკითხე – ჩემო ძვირფასო ქართველებო, თქვენს წინაპრებთან ჩერქეზები ყოველთვის გულწრფელად მეგობრობდნენ, მაგრამ განა თქვენც გულწრფელები ხართ? მაგალითად, როცა ჩვენი მოძმე აფხაზი ხალხის გასრესას ცდილობდით? იმ ომში ხომ 64 ჩერქეზი მეომარიც დაიღუპა“, – ამბობს ჩერქეზთა საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი ხაუთი სოხროკოვი, – განა გულწრფელები იყავით მაშინაც, როცა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა მოახდინეთ? განა თქვენ გულწრფელები იყავით, როცა ჩერქეზთა გენოციდი აღიარეთ? ასეთი სამსახური არ გვჭირდება“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

«The Independent» (დიდი ბრიტანეთი), 13 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.independent.co.uk/news/world/europe/ukraines-president-petro-poroshenko-were-inching-towards-peace-10499180.html?origin=internalSearch

საუბარი პეტრო პოროშენკოსთან: „მიხეილ სააკაშვილისაგან საქართველოს კარგი პრემიერ-მინისტრი დადგებოდა“

ბრიტანული გაზეთის „ინდეფენდენტ“-ის 14 სექტემბრის ნომერში სათაურით „ჩვენ ნელ-ნელა მშვიდობისაკენ მივდივართ“ გამოქვეყნებულია უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან საუბრის შინაარსი (ავტორი – ოლივერ ქეროლი).

პუბლიკაციაში მოხსენიებულია აგრეთვე ოდესის გუბერნატორის, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირება უკრაინის პრემიერ-მინისტრთან არსენ იაცენიუკთან.

„ბატონ პეტრო პოროშენკოს კომენტარი არ გაუკეთებია მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებზე, რომელიც მან პრემიერს წაუყენა (რეფორმების დამუხრუჭება და ოლიგარქთა ინტერესების მიხედვით მოქმედება), მაგრამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის მხრადაჭერას კვლავ ინარჩუნებს.

პოპულისტ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის ანტიკორუფციიული სტილმა ბევრს იმ ვარაუდის საფუძველი მისცა, რომ ბატონი პეტრე პოროშენკო წარმოშობით ქართველ კაცს სულ უფრო მეტად არაპოპულარულ არსენ იაცენიუკის ადგილზე მიიწვევდა, თუმცა საეჭვოა, რომ მან რეფორმატორი ადგილობრივი ორგანოების არჩევნებამდე დანიშნოს. ამის მიუხედავად, ინტერნეტში, [პრტეზიდენტის ვებ-გვერდზე] გამოქვეყნებულ პეტიციას (თხოვნას) მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის თაობაზე ხელი უკვე 25 ათასმა უკრაინელმა მოაწერა.

განიხილავს თუ არა პეტრო პოროშენკო გუბერნატორს მომავალ პრემიერ-მინისტრად? „აბსოლუტურად. მისგან შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი დადგებოდა, – პასუხობს პრეზიდენტი და აზუსტებს, – საქართველოს პრემიერ-მინისტრი“.

Comments are closed