globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 14 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 14th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „თიბისი ბანკმა“ „რესპუბლიკა“ შეისრუტა: როგორ აისახება ეს გარიგება მომხმარებელზე?

«РИА Новости» (რუსეთი): საქართველო და ნატო: 15-წლიანი უშედეგო რომანი

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 14 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-tbc-bank-to-buy-societe-generale-/3505253.html

თიბისი ბანკმა“ „რესპუბლიკაშეისრუტა: როგორ აისახება ეს გარიგება მომხმარებელზე?

ზაზა წულაძე

საქართველოს საბანკო სექტორის ისტორიაში უპრეცედენტო გარიგება დაფიქსირდა. “თიბისი ბანკმა”, ფრანგული ფინანსური კონგლომერატ „სოსიეტე ჟენერალისგან“ 336 მილიონ ლარად ბანკი „რესპუბლიკის“ საკონტროლო პაკეტი (93%) შეიძინა. „სოსიეტე ჟენერალმა“ უკვე დაადასტურა, რომ გარიგება წლის ბოლომდე დაიხურება, თანხის 70 პროცენტს ფრანგული კონგლომერატი – ნაღდი ფულით მიიღებს, ხოლო 30 პროცენტი – თიბისი ჯგუფის ახლადგამოშვებული აქციებით დაიფარება. ანუ, 2017 წლიდან, „სოსიეტე ჟენერალი“ “თიბისი ბანკის” მცირე აქციონერი (5.4%) გახდება.

ის, რომ „სოსიეტე ჟენერალი“ საქართველოს ათწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვებდა, ჯერ კიდევ ზაფხულში იყო ცნობილი. თუმცა იყო მოლოდინი, რომ ბანკი „რესპუბლიკა“ არა “თიბისის”, არამედ „ბაზისბანკს“ შეერწყმოდა, რომელსაც 2012 წლიდან ჩინური ინდუსტრიული გიგანტი “ჰუალინგ ჯგუფი” ფლობს. ჯერ კიდევ, 2016 წლის ივლისში არსებობდა წინასწარი შეთანხმებაც ფრანგ და ჩინელ ინვესტორებს შორის, მოხდა “ბაზისბანკის” და “რესპუბლიკა” ბანკის აუდიტორული შემოწმებაც, თუმცა ბოლო თვეებში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

“ჰუალინგ ჯგუფში” დღეს „ამერიკის ხმასთან“ არ გააკეთეს კომენტარი, თუ რაზე ვერ შეთანხმდნენ „სოსიეტე ჟენერალთან“- ფასზე, თუ იყო სხვა გარეშე ფაქტორები?

“თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცრიკიძე კი ამბობს, რომ ბანკების გამსხვილების პროცესი მომხმარებელს არ დააზარალებს: „საქართველო ფინანსური კუთხით დიდი ქვეყანა არ არის, მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ თიბისისთვის, არამედ აქ მომუშავე ნებისმიერი საბანკო ინსტიტუტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მისი მასშტაბები. ამ გარიგებით, ჩვენ ვზრდით თიბისის მასშტაბებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ეფექტურობა გაიზრდება და მომხმარებელს ახალ პროდუქტებს უკეთესი პირობით შევთავაზებთ.“

ბანკ “რესპუბლიკის” ყიდვის პარალელურად, „თიბისი“ ბანკმა, მოულოდნელად ასევე შეიძინა „პროგრესს ბანკის“ – 108 მილიონი ლარის აქტივები და 108 მილიონი ლარის დეპოზიტები. ენერგეტიკის ყოფილ მინისტრთან კახი კალაძესთან დაკავშირებულ „პროგრესს ბანკში“ დღეს აქციების 78%-ს ილია გავრილოვი, ხოლო 22%-ს – ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ფლობენ. “თიბისი ბანკში” უარყოფენ, რომ „ბანკი რესპუბლიკის“ შეძენისას, ერთ-ერთი ძირითადი პირობა „პროგრესს ბანკის“ აქტივებისა და დეპოზიტების ყიდვაც იყო. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამის გამო არ შექმნია ამ უპრეცედენტო გარიგებას პრობლემები ეროვნული ბანკის მხრიდან.

ეროვნულმა ბანკის სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მცირე ზომის საბანკო ბაზარზე, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, გამსხვილება ეფექტიანობის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა“.

“თიბისი ბანკმა” გამსხვილების პოლიტიკა 2010 წლიდან დაიწყო, როცა “ბანკი კონსტანტას” საკონტროლო პაკეტი (80%) შეიძინა, 2014 წლიდან კი “კონსტანტა” “თიბისის” მთლიანად შეერწყა. 2015 წელს, “თიბისი ბანკმა” 39 მილიონად “პროკრედიტბანკის” მიკროსესხების პორტფელი იყიდა. 2016 წელს კი ეს პროცესი “ბანკი რესპუბლიკისა” და “პროგრეს ბანკის” აქტივების ყიდვით გაგრძელდა. “თიბისი ბანკში” აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე კიდევ ერთი ბანკის პორტფელის ყიდვას გეგმავენ, პარალელურად კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მიდის მოლაპარაკება, ბანკი „რესპუბლიკის“ დარჩენილი აქციების (6%) გამოსყიდვაზე.

„საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი არ ეთანხმება “თიბისი ბანკისა” და ეროვნული ბანკის პოზიციას და ამბობს, რომ საბანკო სექტორის გამსხვილება, კონკურენციასა და მომხმარებელზე უარყოფითად აისახება: „ამ გარიგებამდე, მთლიანი სასესხო პორტფელის 7,5% – რესპუბლიკა ბანკს ეჭირა, 32% – აქვს “საქართველოს ბანკს” და 25% – ჰქონდა “თიბისის”. გარიგების შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორის როგორც აქტივების, ისე სასესხო პორტფელის 65-ზე ანუ 2/3-ზე მეტი, ორი მოთამაშის ხელში აღმოჩნდა. აქამდე, საბანკო ბაზარზე რეალურად სწორედ ეს სამი ბანკი ქმნიდა ამინდს და მათ შორის კონკურენცია ბევრი მიმართულებით, მათ შორის საპროცენტი განაკვეთების მხრივ, დადებითად აისახებოდა. დღეს ეს კონკურენტული გარემო აღარ არის“.

„სოსიეტე ჟენერალისა“ და “თიბისი ბანკის” გარიგების შედეგად, საქართველოს ბაზარზე მხოლოდ 18 ლიცენზირებული ბანკი დარჩა. აქედან, უცხოური ინვესტიცია – მხოლოდ 16 ბანკის საწესდებო კაპიტალშია წარმოდგენილი. ამჟამად, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 26.7 მილიარდ ლარს შეადგენს. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.8 მილიარდი ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14 პროცენტზე მეტია.

«РИА Новости» (რუსეთი), 14 სექტემბერი, 2016 წელი

https://ria.ru/analytics/20160913/1476794522.html

საქართველო და ნატო: თხუთმეტწლიანი უშედეგო რომანი

ალექსანდრე ხროლენკო, პოლიტიკური მიმომხილველი

(მცირე შემოკლებით)

2001 წლის 13 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა,, ფრაქცია „ახალი მემარჯვენეების“ ინიციატივით, ერთხმად მიიღო დადგენილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის დაწყბეის თაობაზე. მას შემდეგ 15 წელი გავიდა.

ამ დღეებში საქართველოს დედაქალაქ თბილისში ნატოს საბჭოს გასვლითი სხდომა ჩატარდა, რომელსაც თან ქართულ-ნატოური სამხედრო მანევრებიც ახლდა. ისარგებლა რა შემთხვევით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის სამიათასწლოვანი თავდაცვის დონე შეაფასა და მომავლისკენაც გაიხედა: „უფალი ფარავდეს საქართველოსო“.

რატომ უნდა ფარავდეს საქართველოს უფალი და არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და კავკასიური ქაოსის ამერიკელი ავტორები, რომლებსაც ქვეყანა თითქმის სამი ათეული წელია ლოცვას უძღვნის? „30 წელს“ იმიტომ ვამბობთ, რომ არის დამადასტურებელი ფაქტი: პირველად საქართველომ ნატოში გაწევრიანების სურვილი ჯერ კიდევ 1988 წლის ნოემბერში გამოითქვა.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს მიღებისადმი პრინციპული მხარდაჭერა  2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე გამოიხატა, მაგრამ ვის რად უნდა „ტკბილი დაპირება“, როცა სიტყვას რეალური საქმე არ მოსდევს? როცა ქვეყნისათვის „მაპ“-იც კი არ შეუთავაზებიათ? საქართველოს ძალიან ბევრი მადლობები აქვს მიღებული ნატოსაგან ერთგული სამსახური გამო, მაგრამ როგორც კი თბილისი კითხვას ეკითხება – ქება-დიდება კარგია, მაგრამ წევრად როდის მიმიღებო – ბრიუსელი იმწუთში ყუჩდება და კონკრეტულად არ პასუხობს. და ეს შემთხვევითი არაა: ეტყობა, რატომღაც პროცესი ისე არ წავიდა, როგორც საჭირო იყო.

საბჭოთა კავშირის „დაშლისა და მისი ნაწილ-ნაწილ გადამუშავების“ ტექნოლოგია დასავლეთის უდიდესი შეცდომა იყო. ამ დესტრუქციულ პროცესს შეუერთდა საქართველოც, რომელიც რუსეთთან ისტორიულად ძალზე მჭიდროდ იყო დაკავშირებული. შეცდომას არავინ აღიარებს – ეს საშიშია, ვერც გაჩერდები, რადგან გრცხვენია, მაგრამ გზის გაგრძელებაც რომ სახიფათოა?

ვაშინგტონელი და ბრიუსელელი „ყოჩაღი ბიჭები“ ინერციით კვლავ აქებენ და ადიდებენ თბილისის კურსს, ისმის საზეიმო შეძახილები საქართველოს ისტორიულ როლზე მსოფლიო პოლიტიკაში, ხაზი ესმება ქართული და ევროპული ფასეულობების თანხვედრას… სულ მალე საქართველოს რომის პაპი ფრანცისკი ეწვევა, ევროპარლამენტი კი სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს განიხილავს. მაგრამ საქართველო – პატარა, ღარიბი აგრარული ქვეყანა 3,7 მილიონი მცხოვრებით – მაინც ნატოსა და ევროკავშირის გარეშე რჩება. უახლოეს წლებში სასწაული არ მოხდება, რადგან ნატო და ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ.

საქართველოს მსხვილი ეკონომიკური პროექტების გარეშე მომავალი არ აქვს. იგულისხმება ნავთობ-და გაზსადენები, მერიდიანული რკინიგზები, სავაჭრო ნავსადგურები, აბრეშუმის დიდი გზა და სხვა სიკეთეები. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობით იქნება გარანტირებული. შორს რომ არ წავიდეთ იმაში დასარწმუნებლად, თუ რა ზარალი მოაქვს რუსეთთან კავშირების გაწყვეტას, გადავხედოთ უკრაინას: ახლახან კიევში „ანტონოვის“ (ანტ“) თვითმფრინავების სერიული წარმოება შეწყდა.

ჩემი აზრით, საქართველოს ხელმძღვანელობამ ისტორიული განვითარების კანონები დაარღვია – დაივიწყა ქართული ეკლესიის მიერ კანონიზებული ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „ქართველის იარაღი მეცნიერება და განათლებაა“ (და არა 5,56 მილიმეტრიანი კალიბრის მქონე ამერიკული შაშხანა). იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო ნატოს სტრუქტურებით მოიფინება, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ალიანსს „შეერწყმება“: საქართველოს როლი მხოლოდ დასავლელი „თეთრი ადამიანების“ მსახურის როლით ამოიწურება და ეს მაქსიმუმია.

უცხოური პრესის მასალებით დასტურდება, რომ ბერლინს საქართველოს ნატოში დანახვა არ სურს. საქართველოს რიგ შემთხვევებში მხარს არც ნატო უჭერს და არც ევროკავშირი (მთარგმნ.შენიშვნა: ავტორი იმოწმებს „დოიჩე ველესა“ და „ვაშინგტონ პოსტში“ მიმდინარე წლის 16 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიებს), მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მაქსიმალური რაოდენობით მონაწილეობენ.

აშკარა ისტორიული პარალელები: მე-18 საუკუნეში ამერიკული ჯორჯიის ინდიელი მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში სამხედრო ფორპოსტის როლს ასრულებდა ესპანეთის ფლორიდის საზღვართან, 1830 წელს კი ამერიკელებმა ჯორჯიელი ინდიელები რეზერვაციებში გაასახლეს. შესაძლოა, ქართველებს ბედი გაუღიმებს, მაგრამ როცა ისმენ ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე პენტაგონის ბიოლოგიური ლაბორატორიის არსებობის შესახებ, თანამედროვე კავკასიური ჯორჯიის პერსპექტივის მიმართ უკვე ეჭვი იბადება.

თბილისში თავისი ვიზიტის დამთავრებისას ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ფუძემდებლური რეფორმების გაგრძელებისაკენ მოუწოდა – მზად უნდა იყოთო ნატოში გასაწევრიანებლად. მან ხაზი გაუსვა: „დღეს საქართველოსა და ნატოს შორის ისეთი კავშირებია, როგორც არასდროსო“ და ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გაიხსენა – შავ ზღვაზე ნატოს ყოფნა უფრო გაძლიერდება და პარტნიორებთან, ანუ საქართველოსთან და უკრაინასთან მჭიდრო დიალოგი გაგრძელდებაო, თან დაადასტურა, რომ ალიანსი მხარს უჭერს ორივე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

რაც შეეხება ნატოში საქართველოს მიღების კონკრეტულ თარიღს, მის დასახელებაზე იენს სტოლტენბერგმა უარი განაცხადა და კვლავ მანტრა (ჯადოსნური სიტყვები) გაიმეორა: „ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დააკმაყოფილებს საქართველო ალიანსის წევრობის სტანდარტებსა და მოთხოვნებს“. გენერალურმა მდივანმა საქართველოზე რუსეთის გავლენის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და მტკიცედ განაცხადა, რომ ნატოში მიღების გადაწყვეტილება მხოლოდ ალიანსის წევრებზე და საქართველოზეა დამოკიდებული, რუსეთს ეს საკითხი არ ეხებაო“. ჰო, როგორც იენსი ამბობს, ზუსტად ისეა… ვფიქრობ, ნატო სრულიად არ არის მზად იმ რისკისა და საფრთხისათვის, რასაც მას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიღება უმზადებს. და თუ ნატოს აქვს უფლება ძალები განალაგოს თავდაცვის წინა ხაზზე – ერაყში, ავღანეთსა და ლიბიაში, იგივე უფლება აქვს რუსეთსაც საქართველო-უკრაინის მიმართ.

ბოლო დროს საქართველოს მოსახლეობაც ფხიზლდება. ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პროდასავლური (პრონატოური) კურსის მხარდამჭერები, წინა წლებთან შედარებით, მცირდება. მატულობს მათი რიცხვი, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობაში მეტ სარგებლობას ხედავენ. ეს ნატოსთვის დამაფიქრებელი სიგნალია.

ამას წინათ აშშ-ის კონგრესმა „ერთიანი“ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო – 410 ხმით 6-ის წინააღმდეგ, რომელშიც დაგმობილია „რუსეთის ინტერვენცია და საქართველოს ნაწილების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, ასევე „რუსი მესაზღვრეების უკანონო საქმიანობა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ“. დოკუმენტში გამოხატულია რუსეთისადმი მოწოდება უარი თქვას აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე.. რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, ამერიკა შეეცდება საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცება „ერთობლივი სამხედრო წრთვნებითა და თავდაცვის საშუალებების მიწოდებით“ მოახერხოს. მაგრამ აქ იბადება კითხვა: დაეხმარა თუ არა ქართველებს ამერიკის მონაწილეობა 2008 წლის ომის დროს?

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წინაშე გამოსვლისას რესპუბლიკელმა ტედ პომ რუსეთს „ავთვისებიანი სიმსივნე“ უწოდა, ხოლო საქართველოს – „თავისუფლების შუქურა“, რომელიც „ციმბირელი ნაპოლეონის“ პირისპირ დგას. ქართველებს, ალბათ, ასეთი ნათქვამი მოეწონებათ. რადგან სიტყვამ მოიტანა, „ფრანგი ნაპოლეონის“ შესახებაც ვიტყვი: საფრანგეთმაც განაცხადა, მეც შევიყვან ჩემს სამხედრო გემებს შავ ზღვაშიო. კი, ბატონო, მაგრამ მონტრეს კონვენციის თანახმად, როგორც შეიყვანენ, ისევ უკან გამოიყვანენ სამი კვირის შემდეგ. არის ერთი მომენტიც: მართალია, თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ მოსკოვთან სიტუაციის ნორმალიზების ფონზე ანკარა დაინტერესებული არაა კონფლიქტების ესკალაციით შავი ზღვის აკვატორიაში. როგორც ბრიტანული „თაიმსი“ წერს, ანკარა თანდათან შორდება ვაშინგტონს.

შავ ზღვაზე ნატოს მუდმივი ფლოტილიის შექმნის უტოპიურ იდეას რეალიზება არ უწერია. თურქეთის პარალელურად მოსკოვი ურთიერთობას აღრმავებს ჩინეთთანაც: სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამჟამად რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი მასშტაბური წრთვნები მიმდინარეობს.

რა იქნება შემდეგ?

დროა ამერიკელებმა უარი თქვან მსოფლიოს ბედის გამგებლის როლზე და ქართველებს იმედი გაუცრუონ, ანუ პირდაპირ განუცხადონ – ჩვენი იმედი ნუ გექნებათო. და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება რეალობაში დაბრუნება ნატოსა და საქართველოსთვის.

Comments are closed