«Каспiй» (აზერბაიჯანი): პროტესტების სეზონი // თბილისში „ქართული მარშის“ აქცია გაიმართა
«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): „ტროას ცხენი“: დაბრუნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში?
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ოთხმაგი აგენტის სიკვდილი: ვინ ააფეთქა „თემურ მახაური“?
—————-
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 14 სექტემბერი, 2017 წელი
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf
პროტესტების სეზონი
თბილისში „ქართული მარშის“ აქცია გაიმართა
სალეჰ ბაიათი
(შემოკლებით)
საქართველოში, როგორც ჩანს, პროტესტების სეზონი დაიწყო: ივლისში რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისის ცენტრში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მსვლელობა „ქართული მარში“ მოაწყო („უცხოელები ძალიან მოგვეძალნენო“), აგვისტოში რკინიგზელებმა შიმშილობა გამოაცხადეს („უკმაყოფილონი ვართო ხელმძღვანელობის მოქმედებით“), ახლახან კი კიდევ ერთი „ქართული მარში“ გაიმართა („ქართული მიწა უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოსო“).
საერთოდ, ჩვენი მეზობელი ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, უცხოელებზე მიწის მიყიდვის უფლება არც მთავრობას და მით უმეტეს, არც მუნიციპალიტეტებს არ აქვთ, მაგრამ დემონსტრანტების აზრით, პრევენტიული ზომები ზედმეტი არ იქნება. გახსოვთ ცნობილი ანეკდოტი მოლა ნასრედინის შესახებ – სანამ იგი თავის გოგონას ქილით რძის მოსატანად გაგზავნიდა, მანამდე სილა გააწნა. ცოლის შენიშვნაზე კი, რატომ ურტყამო, მოლამ უპასუხა, რომ ეს წინმსწრები, გამაფრთხილებელი ზომაა, თორემ თუ ქილა გატყდება, მერე მისი ცემა საქმეს აღარ გამოასწორებსო. ჰოდა, როგორც ჩანს, „ქართული მარშის“ მონაწილეებისათვის გოგონას როლს მთავრობა და პარლამენტი ასრულებს. კი, გაყიდვის უფლება არ აქვთ, მაგრამ ვაითუ თავში ეშმაკი შეუჯდეთ და დააპირონ?
საქართველოში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა ბატონობს, სერიოზულ ინვესტორს კი შეუძლია ხისტი პირობები წამოაყენოს – აი, მე ხომ ათობით მილიონ „მწვანეს“ გაძლევთ, მიწა მომყიდეთო. ჰოდა, მიწა თუ გაიყიდება, მერე აღმოჩნდება, რომ იმ ინვესტორის ზურგს უკან თურმე სხვებიც დგანან.
ჩემი აზრით, მომიტინგეები მართალნი არიან: მიმდინარე წელს საქართველოს პარლამენტმა, მმართველი პარტიის ინიციატივით, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტში ჩაწერა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა უცხოელებზე იკრძალებაო, მაგრამ ახლახან ეს აკრძალვა შერბილდა – მიწა შეიძლება ადგილობრივი ბანკის მეშვეობით გაიყიდოს. ამით დადასტურდა საბჭოთა პერიოდის „ჭეშმარიტება“: კანონები იმიტომ იწერება, რომ მათ გვერდი აუაროთ, ან გასაძვრომი ღრეჩო მოიძებნოსო. გასაგებია, რომ ხალხის რჩეულებს „საუკეთესო სურვილები“ ამოძრავებთ – ფინანსურ სისტემას აძლიერებენ და ბანკებს „კუნთებს უმაგრებენ“, მაგრამ იმავდროულად ამგვარი ნაბიჯით მიწა შეიძლება გაიყიდოს ან იჯარით 99 წლით გაიცეს.
ამიტომაც მართალია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სანდრო ბრეგაძე, რომელიც ამბობს, რომ „ქართული მარში“ იძულებულია უკიდურეს ზომას – ფართო პროტესტს მიმართოს: „საქართველოს ხელისუფლება დაპირებას არღვევს და თავის ამომრჩევლებს ატყუებს“.
უკმაყოფილო ხალხი თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (იგივე ჯორჯ სოროსის ფონდის) ოფისთან მივიდა და იქ საპროტესტო აქცია გამართა ლოზუნგებით – „საქართველო ჯორჯ სოროსის ფონდის გარეშე“, „გავათავისუფლოთ ქვეყანა“ და ა.შ. შემდეგ ისინი გაემართნენ თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის საარჩევნო შტაბისაკენ და პიკეტი მოაწყეს. როგორც ცნობილია, კახა კალაძე მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ კანდიდატია. არც პირველ და არც მეორე აქციას ადრესატებზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია – მათი წარმომადგენლები მომიტინგეებთან შესახვედრად არ გასულან, თუმცა მოგვიანებით „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს რევერანსი გაუკეთა და მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით კითხვას ასე უაპასუხა: „ის, რომ მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება, ჩვენი გუნდის დამსახურებააო“ და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობები მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია არისო. „რაც შეეხება ბანკების როლს, ეს მხოლოდ დროებითი ზომაა“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
შეიძლება კახა კალაძე მართალია, მაგრამ, როგორც ნათქვამია, „კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს“. საერთოდ, ხალხი ფრთხილად უნდა იყოს, როცა ჩინოვნიკი ამბობს – ზომები მხოლოდ დროებითია, „დემისეზონურიაო“, რადგან არაფერი არაა ხშირად ისეთი მარადიული, როგორც დროებითი ზომები.
«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 13 სექტემბერი, 2017 წელი
http://www.bbc.com/russian/features-41256637
„ტროას ცხენი“: დაბრუნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში?
სტატიაში მიმოხილულია ის სიტუაცია, რომელიც უკრაინაში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის (და საქართველოს ექს-პრეზიდენტის) მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით შეიქმნა (ავტორი – ნინა ახმეტელი).
ქართველი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილს „წარსულის პოლიტიკურ პერსონაჟს“ უწოდებენ, რომელიც ახლა მხოლოდ სამართალდამცველ ორგანოებს აინტერესეთ, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რასაკვირველია, ქართველები („მიშისტებიც“ და „ანტიმიშისტებიც“) გულგრილნი ვერ დარჩებიან ყოფილი პრეზიდენტის ბედის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება მის სავარაუდო ექსტრადირებას საქართველოში“, – ნათქვამია ვრცელ სტატიაში, – ექს-პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს დღეს მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ – იმედი იმისა, რომ იგი საქართველოში ოდესმე რაღაცნაირად მაინც დაბრუნდებაო“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თავიანთი ლიდერის უკრაინაში დაბრუნებას „ივანიშვილ-პოროშენკოს გეგმის“ ჩავარდნად მიიჩნევენ (იმ გეგმისა, რომელიც მათ უკრაინისა და ქართველი ხალხების ზურგსუკან შეიმუშავეს). „უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მომხდარი მოვლენები ნიშნავს პეტრო პოროშენკოს, ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის დამარცხებასაც. უკრაინული ტალღა მალე საქართველოსაც მოწვდება“, – აცხადებს „ნაციონალი“ აქტივისტი ზაზა ბიბილაშვილი.
ოპოზიციონერი „ნაციონალები“ საქართველოს ხელისუფლებისაგან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას მოითხოვენ, თუმცა მათ მმართველი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ასე პასუხობენ: „მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი ავანტიურისტია. იგი ირჩევს მოქმედების ისეთ ფორმებსა და მეთოდებს, რომლებიც გამიზნულია უწესრიგობისა და კონფლიქტების გამოწვევისაკენ. მისი საქმიანობა არანაირ სამართლებრივ და ზნეობრივ ჩარჩოებში არ ჯდება. ეს ფაქტია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული მასთლმსაჯულების წინაშე წარსდგეს“, – აღნიშნავს პარლამენტის წევრი გედეონ ფოფხაძე. მისი აზრით, ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირება დამოკიდებულია არამარტო ქართულ, არამედ უკრაინულ მხარეზეც, რომლის მთავრობამ თავის დროზე „შეცდომა დაუშვა“: „ფაქტია, რომ უკრაინის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა შეცდომა ჩაიდინა, როცა მიხეილ სააკაშვილი „ტროას ცხენივით“ თავისთან შეუშვა“, – განაცხადა დეპუტატმა.
მართლაცდა, რამდენად პერსპექტიულია მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავება და საქართველოსთვის მისი გადმოცემა? თუ ადრე ამას ხელს უკრაინის მოქალაქეობა უშლიდა (იქაური კონსტიტუციის თანახმად), ახლა, როცა მას მოქალაქეობა უკვე ჩამორთმეული აქვს, განა არ შეიძლება ექსტრადირების პროცედურის განხორციელება?
„მე არ ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებისათვის სასარგებლო და მომგებიანი იქნება“, – ამბობს BBC-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ნოდია, – თუმცა არაა გამორიცხული, რომ პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თავის პრობლემას (მიხეილ სააკაშვილის სახით) საქართველოს გადმოულოცავს… მაგრამ ამით საქართველოს ხელისუფლება „ნაციონალებისა“ და მათი მომხრეებისაგან საპროტესტო მიტინგებს მიიღებს. საერთოდ კი, ექსტრადირება ორივე ქვეყნის იმიჯს დააზიანებს“.
თითქმის იგივე თვალსაზრისი აქვს პოლიტოლოგ გია ხუხაშვილსაც: ასეთი ნაბიჯი ხელისუფლებისათვის თავის ტკივილი იქნება. „ექსტრადირების შემდეგ მიხეილ საკაშვილის დაპატიმრება პრობლემატური იქნება, რადგან, როგორც წესი, პრეზიდენტებს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ აპატიმრებენ. მას დასავლეტში ბევრი მომხრეები ჰყავს. არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის ქუჩაში გამოჩენა ხელისუფლებისთვის პრობლემებს შექმნის, მაგრამ უფრო ცუდი შედეგები მოჰყვება მის დაპატიმრებას. პეტრო პოროშენკოს კი სურს მიხეილ სააკაშვილის თავიდან მოშორება, მაგრამ უკრაინის ლიდეერს ასეთი ნაბიჯისათვის ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, რადგან ამ ისტორიაში იქაური ოპოზიციაც მონაწილეობს“.
„უკრაინის პრეზიდენტს ეგონა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირების პროცესში ეს ყველაფერი იოლად გაკეთდებოდა. იგი ფიქრობდა, რომ ექსრადიციის მუქარით მიხეილ სააკაშვილი შეშინდებოდა და ბუჩქებში დაიმალებოდა. პეტრო პოროშენკომ ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, რაც მიხეილ სააკაშვილმა მაქსიმალურად გამოიყენა“, – ამბობს გია ხუხაშვილი.
ქართველი პოლიტოლოგები მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ პერსპექტივაზე პროგნოზებს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ, რადგან სიტუაცია პერმანენტულად იცვლება. ასევე ბუნდოვნად მიაჩნიათ მათ ექს-პრეზიდენტის მომავალი საქართველოშიც.
გია ნოდია თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში იმედებმა არ გაუმართლა, „ნაციონალებმა“ საპარლამენტო არჩევნები წააგეს. ახლა იგი უფრო მეტად ფოკუსირებული უკრაინაზე იქნება. შესაბამისად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილისათვის უკვე სათადარიგო ვარიანტს წარმოადგენს.
——–
უკრაინული მასმედიის ცნობით, იუსტიციის მინისტრი მოადგილემ დენის ჩერნიშევმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ სანამ საქართველოს სასამართლო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო განაჩენს არ გამოიტანს, მანამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება არ განხორციელდებაო (წყარო: http://fakty.ua/245365-u-ukrainy-poka-net-osnovanij-ekstradirovat-saakashvili-v-gruziyu).
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 14 სექტემბერი, 2017 წელი
ოთხმაგი აგენტის სიკვდილი: ვინ ააფეთქა „თემურ მახაური“?
ზაზა წულაძე
ალი დაბუევი, იგივე „ალი ტიმაევი“, იგივე „რუსლან პაპასკირი“, იგივე „თემურ მახაური“ საბოლოო განსასვენებელს საქართველოში ჰპოვებს. მისი ცხედარი კიევიდან თბილისში უკვე ჩამოასვენეს. 39 წლის ეთნიკური ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, 8 სექტემბერს „ტოიოტა ქემრის“ საჭესთან ააფეთქეს. ავტომანქანას ქართული ნომრები ჰქონდა.
ალი დაბუევის პერსონა ყოველთვის ბურუსით იყო მოცული. ჩეჩენი მეამბოხეების ოფიციალური ონლაინ მედია რესურსი – Kavkaz Center მოკლულს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) აგენტად და ქილერად მოიხსენიებს. თურქული წყაროების მიხედვით, დაბუევი საქართველოს შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელი იყო, რომელსაც საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი ოპერატიული პასპორტები ჰქონდა. რუსული „დოსიეს“ მიხედვით, ალი დაბუევი თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურისა (MIT) და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) დავალებებსაც ასრულებდა.
2016 წლის აპრილიდან ალი დაბუევი „თემურ მახაურის“ სახელზე გაცემული საქართველოს პასპორტით უკრაინაში ცხოვრობდა და 2017 წლის აპრილამდე „შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონში“ ირიცხებოდა.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ მოკლული მნიშვნელოვანი მოწმე იყო 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეში და დღემდე ბურუსით მოცული მოვლენების შესახებ ფასდაუდებელ ინფორმაციას ფლობდა: „იგი იყო ერთ-ერთი იმ ჩეჩენ მეთაურებს შორის, ვინც 2011-12 წლებში პირადად ურეკავდა როგორც გამოცდილ მებრძოლებს, ისე ახალგაზრდებს ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ჩამოჰყავდა და წვრთნიდა პანკისის ხეობაში. მისი მეტსახელი იყო „ზოონ“. ალი დაბუევი მაშინ რუსლან პაპასკირი, ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურთან ერთდროულად თანამშრომლობდა“.
რა არის ცნობილი ალი დაბუევზე? იგი 1978 წელს, საქართველოს მოსაზღვრე ჩეჩნეთის ითუმ-ყალეს რაიონში დაიბადა (ეს ტერიტორია ახალხევის რაიონის სახელით, 1943-1955 წლებში საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში იყო). 16 წლისა ჩაება რუსეთ-ჩეჩნეთის ომში, ორჯერ დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა.
სიცოცხლეში ალი დაბუევი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ იგი რუსული ტყვეობიდან გამოისყიდეს და აზერბაიჯანში გადააგზავნეს, სადაც მაშინ მისი ოჯახის წევრი, მუსა დაბუევი კრიმინალური ავტორიტეტი იყო (2006 წლიდან აზერბაიჯანში, რამდენიმე მკვლელობისა და ადამიანთა გატაცებისთვის მუსა დაბუევს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი). მის მოწინააღმდეგეებს კი მიაჩნდათ, რომ ალი დაბუევი რუსულმა FSB-მ სწორედ ტყვეობის პერიოდში გადაიბირა.
ბაქოში ცხოვრების პერიოდში ალი დაბუევი დაქორწინდა. 2005 წელს კი ჩეჩენი საველე მეთაურის შამილ ბასაევის ბრძანებით, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა, ჩეჩენი მეამბოხეების ემისარი, პარალელურად კი „რუსლან პაპასკირის“ სახელით, ქართული სპეცსამსახურის თანამშრომელი გახდა.
ალი დაბუევის სახელს უკავშირებენ 2006 წელს ინგუშეთში, იარაღით დატვირთული და დანაღმული „კამაზით“ ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერის შამილ ბასაევის აფეთქებას. 2007 წელს, მისი გვარი ფიგურირებდა იმ ჩეჩენ ქილერებს შორის, რომლებსაც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მოშორება შეუკვეთეს. არსებობს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა დროს იგი იბრძოდა ოკუპირებულ აფხაზეთში, 2008 წლის აგვისტოს ომსა და სირიაში, თუმცა ამ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურება არ ხერხდება.
2010 წელს, ალი დაბუევის აფეთქებას თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, მისსავე საცხროვრებელი სახლის სადარბაზოშიც შეეცადნენ, თუმცა გადარჩა. 2011-12 წლებში, აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ქვეყნებიდან პანკისის ხეობაში ჩეჩენი მებრძოლების შეკრებაში, ეს მოვლენები ლაფანყურის ტრაგიკული სპეცოპერაციით დასრულდა.
2012 წლის ნოემბერში – მას შემდეგ, რაც ალი დაბუევმა თბილისი დატოვა, იგი სტამბოლის აეროპორტში დააკავეს და ბრალად 2008-2011 წლებში, თურქეთის ტერიტორიაზე, „კავკასიის იმირატის“ რამდენიმე თვალსაჩინო წევრის შეკვეთილი მკვლელობა წაუყენეს.
თურქული გამოძიების ცნობით, ალი დაბუევი რუსული FSB-ს დავალებით მოქმედებდა. თუმცა სტამბოლში 2014 წელს დაწყებული სასამართლო პროცესი, იმის მიუხედავად რომ ბრალდების მხარე უვადო პატიმრობას ითხოვდა, 2016 წელს, სრულიად მოულოდნელად, ალი დაბუევის გამართლებით და გათავისუფლებით დასრულდა. ამის შემდეგ, უკვე „თემურ მახაურის“ სახელით, ალი დაბუევი უკრაინაში აღმოჩნდა, სადაც მცირე ხნით ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონში ირიცხებოდა. 2017 წლის იანვარში იგი კიევის ცენტრში, იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს. ალი დაბუევი მაშინაც ქართულნომრიანი ML-ის ჯიპით გადაადგილდებოდა. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა „საპროცესო შეთანხმებით“ ერთ თვეში განთავისუფლდა. ამ შემთხვევას „ჩეჩნური ბატალიონიდან“ გარიცხვა მოჰყვა.
მოკლული ალი დაბუევის თანამებრძოლი, უკრაინაში მცხოვრები ჩეჩენი ტიმერჰან მანაევი ამბობს, რომ ამ აფეთქების უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან: „ის უკრაინის მხარეს იყო, აღმოსავლეთის ფრონტზე ჩეჩნურ ბატალიონში იბრძოდა. რამზან კადიროვი პირად მტერს ეძახდა, მასზე დიდი ხანია ნადირობდნენ, დიდი ალბათობით, ეს რუსული კვალია“.
კიევში, ალი დაბუევის იგივე „თემურ მახაურის“ აფეთქების მომენტში, ავტომანქანაში, მისი მეგობარი ქალი – 32 წლის ნატალია ცელოვალნიკოვა და ამ ქალბატონის 8 წლის ქალიშვილი მაშაც ისხდნენ (თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ავტომანქანაში ცნობილი უკრაინელი მოდელი და „დიორის“ სახე ნატალია კოშელი იჯდა, რაც არასწორი გამოდგა). ნატალია ცელოვალნიკოვას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა, მას შესაძლოა ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს. მის ქალიშვილს სხეულზე სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული, თუმცა ექიმების თქმით, დედა-შვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. თავად გარდაცვლილ ალი დაბუევს მეუღლე ფატიმა და სამი შვილი დარჩა, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ.