globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 14 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 14th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოში დონალდ ტრამპის გეგმები გაიხსენეს – თბილისსა და ბათუმში კაზინოების მშენებლობის თაობაზე

«Огонек» (რუსეთი): რა ხდებოდა ოდესის ოლქში მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობის დროს

«КоммерсантЪ Власть» (რუსეთი): „თურქების კომბინაცია ფუჭი გასროლა აღმოჩნდება“ // როგორ აიცილა საბჭოთა ხელისუფლებამ აჭარაში სავარაუდო პლებისციტი თურქეთთან მიერთების მიზნით

———————-

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 12 ნოემბერი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20161112-donald-tramp-i-gruziya

საქართველოში დონალდ ტრამპის გეგმები გაიხსენეს – თბილისსა და ბათუმში კაზინოების მშენებლობის თაობაზე

„როგორ განვითარდება ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ“ – ამ საკითხზეა საუბარი „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ მიერ ეთერში, შაბათს, 12 ნოემბერს გადაცემულ მასალაში, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კონტაქტები დონალდ ტრამპთან 2010-2012 წლებში (ავტორი – გიორგი ლებანიძე).

„საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტრამპს შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს. პრეზიდენტის დეპეშის შინაარსის მიხედვით, თბილისი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები კვლავ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში. ასეთი აქცენტი შემთხვევითი არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართული ტელეარხები მაყურებელს დეტალურად აცნობდნენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ვლადიმირ პუტინის შესახებ და მის მზადყოფნაზე რუსეთის ლიდერთან „თანამშრომლობის“ თაობაზე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე კრიზისული პროცესების მიუხედავად. საქართველოში განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია გამოიწვია დონალდ ტრამპის განცხადებამ ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში აღიარების თაობაზე და მისმა მინიშნებამ, რომ  მზადაა პატივი სცეს არსებულ პოლიტიკურ რეალიებს.

ამავე დროს საქართველოში იხსენებენ აგრეთვე დონალდ ტრამპის გახმაურებულ ვიზიტს 2012 წელს, როცა ამერიკელი მილიარდერმა მზადყოფნა გამოხატა საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადების შესახებ, კერძოდ, ორი ცათამბჯენის „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის თაობაზე თბილისსა და ბათუმში, რომლებშიც კაზინოებიც განთავსდებოდა. ამ მიზნით შეთანხმება ჯერ კიდევ 2010-2011 წლებში გაფორმდა, როცა საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ მილიარდერს აშშ-ში, ნიუ-იორკში შეხვდა. პირველი შეხვედრა დონალდ ტრამპის სამუშაო კაბინეტში მოხდა, რომელიც, ცხადია, ოფიციალური პროტოკოლის გარკვეული დარღვევა იყო, თუმცა მას მიხეილ სააკაშვილისათვის დისკომფორტი არ შეუქმნია – იმ მომენტში პრეზიდენტისთვის მთავარი იყო ლეგენდარული მილიარდერის სახელისა და „დონალდ ტრამპის“ ბრენდით სარგებლობა, რათა საქართველოში ინვესტიციები მოეზიდა.

ტრამპის სამუშაო კაბინეტში სპექტაკლი გათამაშდა: მილიარდერმა გაიხსენა, რომ მისი კომპანიის ინიციატივით ჩატარებულ სილამაზის კონკურსში „მის უნივერსი-2010“-ში ქართველი გოგონაც მონაწილეობდა, რომელიც მას ძალიან მოეწონა. მიხეილ სააკაშვილმა მყისვე უპასუხა, რომ ის გოგონა ჩვეულებრივი გოგონა არ არის, იგი ჩემი პრესსამსახურის უფროსის ნათია ბანძელაძის შვილი ნანუკააო. ბედნიერი დედაც იმ დროს კაბინეტში იყო და მასთან ერთად დონალდ ტრამპმა სურათიც გადაიღო“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

პუბლიკაციაში ციტირებულია ნანუკა ბანძელაძის მოგონებები დონალდ ტრამპთან შეხვედრის თაობაზე, თუ როგორ მიიწვია იგი და კონკურსის კიდევ ხუთი მონაწილე დონალდ ტრამპმა ზღაპრულ ლას ვეგასში: „მე, ცხადია, გაგონილი მქონდა, რომ დონალდ ტრამპი დიდი მექალთანეაო, მაგრამ ჩვენთან ერთად იგი ძალიან კორექტულად იქცეოდა“.

კიდევ უფრო მეტად თავაზიანი იყო დონალდ ტრამპი მიხეილ სააკაშვილთან მეორედ შეხვედრისას, რომელიც ამჯერად კაბინეტში კი არა, ნიუ-იორკის დიდი კონფერენც-დარბაზში გაიმართა და რომელსაც ნიუ-იორკის მთელი ბომონდი ესწრებოდა. სწორედ იქ წარმოსთქვა დონალდ ტრამპმა მისასალმებელი სიტყვა რომელიც იმის ღირსია, რომ ისტორიის ანალებში (ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ისტორიაში მაინც): „საქართველომ ფანტასტიკურ წარმატებებს მიაღწია და პირველ ადგილზე გავიდა ბევრი დადებითი მაჩვენებლის მიხედვით, განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლაში და ბიზნესის უსაფრთხოების დაცვის სფეროში. მე ბედნიერი ვარ, რომ იქ ბიზნესს ვიწყებ. მიხეილ სააკაშვილი მთელი მსოფლიოს კერპი და საოცნებო ადამიანია. ამერიკა უნდა ამაყობდეს ასეთ ადამიანთან პარტნიორობით. მე მინდა, რომ ასეთი დიდებული ლიდერი ჩემი ქვეყნის ლიდერიც იყოს…“.

ცხადია, მიხეილ სააკაშვილი აბა რა მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა, თავის სასარგებლოდ რომ არ გამოეყენებინა აშშ-ში 8 ნოემბერს მომხდარი ისტორიული არჩევნების შედეგი… ჰოდა, მან ჟურნალისტებს ასე განუცხადა: „მე ვიწინასწარმეტყველე რამდენიმე თვის წინ გამოცემულ ჩემს წიგნში, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდებოდა… და ეს იმ ფონზე, როცა ყველა გამოკითხვა ჰილარის წარმატებას მოწმობდა… ძალიან სცდება ის, ვინც ვერ აცნობიერებს დონალდ ტრამპის უნარსა და ტალანტს“, – იხსენებდა ამ დღეებში უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გადამდგარი მიხეილ სააკაშვილი.

ორი დღის წინათ საქართველოს ტელევიზიების ეკრანებზე ნაკლებად ცნობილი პოლიტიკოსი პაატა დავითაიაც გამოჩნდა. მან განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინათ, უკვე თბილისში დონალდ ტრამპის ვიზიტის შემდეგ, ნიუ-იორკში გამართულ ერთ-ერთ მიღებაზე, იგი შემთხვევით დონალდ ტრამპის ცოლს – მელანია შეხვდა: „როგორც კი მელანიას უთხრეს, რომ მე საქართველოდან ვიყავი, ჩემთან მოვიდა და ემოციურად დამიწყო საუბარი, თუ როგორ მოეწონა დონალდს საქართველო, ქართული კერძები და საერთოდ, ქართველი ხალხი“.

„რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ისტორია საქართველოში ბევრში ცხოველ ინტერესს იწვევს“, – ამბობს  „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტი, – თუმცა სერიოზული ექსპერტები გვაფრთხილებენ: აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპი, ალბათ, ხაჭაპურისა და ხინკლის მირთმევით მიღებული შთაბეჭდილებებით არ იხელმძღვანელებს. ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ნაკლები მნიშვნელობა ექნება აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ან „მის უნივერს“-თან წლების წინათ მომხდარ შეხვედრებს. თეთრი სახლის მომავალი ბინადარი, ალბათ, არც ექს-პრეზიდენტის მიერ გადაცემულ „ბრწყინვალების ორდენს“ არ მიაქცევს ყურადღებას… ალბათ, აშშ-ის ლიდერი საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკას აწონილ-დაწონილი შეფასებებისა და სერიოზული ფაქტორების მიხედვით გაატარებს. ამიტომაც საქართველოსთვის უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება ამერიკის 45-ე პრეზიდენტის სამომავლო შეხვედრას რუს კოლეგასთან – ვალადიმირ პუტინთან, რომლის დროსაც, ალბათ, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების, მათ შორის კი პატარა კავკასიური ქვეყნის პრობლემებიც იქნება განხილული.

«Огонек» (რუსეთი), 14 ნოემბერი, 2016 წელი

http://kommersant.ru/doc/3136723

რა ხდებოდა ოდესის ოლქში მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობის დროს

იური ტკაჩევი, ოდესა

(შემოკლებით)

გუბერნატორობიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ოდესის ოლქში დიდი ხანია ელოდნენ; უკვე 2015 წლის ზამთრის დასაწყისში ცხადი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისათვის მინდობილი რეგიონის საზღვრები მისთვის ვიწრო იყო – მისი გარემოცვა მივიდა დასკვნამდე, რომ მიხეილ სააკაშვილისათვის აუცილებელია უფრო მაღალი, უფრო მნიშვნელოვანი თანამდებობა – თუ პრემიერ-მინისტრი არა, მაშინ ვიცე-პრემიერობა,  უკიდურეს შემთხვევაში კი საკუთარი პოლიტიკური პარტიის ცამოყალიბება. აი, ასეთ ამპლუაში მიხოს სახე უფრო ორგანულად გამოჩნდებოდა. თვითონ აწ უკვე ყოფილმა გუბერნატორმაც აღიარა, რომ გადადგომაზე ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ ვფიქრობდიო.

რამ აიძულა მაშინ მიხეილ სააკაშვილი, რომ არ გადამდგარიყო? ერთი მხრივ, როგორც თვითონ ამბობს, პეტრო პოროშენკოს დავუჯერე – მითხრა, რეფორმების განხორციელებაში დაგეხმარებიო. ბოროტი ენების მტკიცებით კი, დაუჯერა თუ არ დაუჯერა, ფაქტია, რომ იმ მომენტში მიხომ, უბრალოდ, ვერ გარისკა იმ მყიფე ბაზისის დაკარგვა, რომლითაც უკრაინაში იყო დამაგრებული. მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილის სამომავლო პარტიის პოტენციურმა კონკურენტებმა (მათ შორის, პეტრო პოროშენკომაც) როგორც ჩანს, საჭიროდ ჩათვალეს, რომ ექსცენტრიული პოლიტიკოსი უმჯობესია  ოდესაში იყოს „დაბმულიო“. მაგრამ რადგანაც არაფერი არ გრძელდება უსასრულოდ, დაგროვილმა უკმაყოფილებამაც ერთბაშად იფეთქა.

გასულ კვირას პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ბრძანებას ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან. ამჟამად მასმედიასა და სოციალურ ქსელებში მიდის იმის აქტიური განხილვა, თუ როგორი იქნება ამ იმპოზანტური პოლიტიკოსის პერსპქტივა.

შოუების მომზადება და განხორციელება ყოველთვის იყო მიხეილ სააკაშვილის ძლიერი მხარე. ჰოდა, რასაკვირველია, მან ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა იმისა, რომ თავისი გადადგომა შოუდ გადაექცია. შვიდ ნოემბერს გამართული პრეს-კონფერენციის შემდეგ, როცა მიხომ გადადგომა გამოაცხადა, რვა ნოემბერს მან ოდესელებს შეხვდა და განაცხადა, რომ ჯერ კიევში დავამყარებ წესრიგს, მერე ისევ ოდესაში დავბრუნდები და მანამ არ მოვისვენებ, სანამ „სამხრეთ პალმირას“ უკრაინის „მეორე დედაქალაქად“ არა გადავაქცევო.

ოდესელებთან საუბრისას ექს-გუბერნატორმა კვლავ გააკრიტიკა პეტრო პოროშენკო და  მოუწოდა, რომ ნუ საყვედურობს ქართულ წარმომავლობას, მას უნდა ახსოვდეს, რომ „უკრაინაში სასწავლებლად ორივე სხვა რესპუბლიკებიდან ჩავედით  – მე საქართველოდან, ის კი მოლდავეთიდან… ყველა უნდა მიეჩვიოს იმ აზრს, რომ უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ და გავიმარჯვებ თუ დავმარცხდები, ეს საქართველოში კი არა, უკრაინაში მოხდება“.

მიხო სამომავლო საქმიანობისთვის ემზადება, მაგრამ მოდით და ვნახოთ, რა გააკეთა ან არ გააკეთა ოდესის ოლქის გუბერნატორად ყოფნის პერიოდში, ანუ რით გამოიჩინა თავი მისმა „რეფორმატორულმა გუნდმა“?

ადმინისტრაციული რეფორმა

გუბერნატორად დანიშვნისთანავე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკომპრომისო ბრძოლას დაიწყებდა არაეფექტურ საოლქო ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული აპარატის წინააღმდეგ. ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ უსაქმური პერსონალის 90%-ს გაათავისუფლებდა და მათ ნაცვლად ახლებს დანიშნავდა. ცნობილია, რომ მიხო მსგავს შემცირებებს ახდენდა ხოლმე საქართველოშიც, მაგრამ ოდესაში კი ასე გააკეთა – საოლქო ადმინისტრაცია, რომელიც 780 მოსამსახურეს ითვლიდა, 300-ით შეამცირა (სენსაცია ოდესაში!), შექმნა ახალი სტრუქტურები, ძველები კი გააუქმა. რეფორმა დიდი აჟიოტაჟით, პრესა-ტელევიზიით შუქდებოდა. არ გასულა დიდი ხანი და ბიუროკრატიასთან მებრძოლმა გუბერნატორმა ჩუმად დაიწყო დაუფიქრებლად, უსაფუძვლოდ გაუქმებული ძველი სტრუქტურების აღდგენა, მაგრამ, სამწუხაროდ, კვლავ შეცდომების დაშვებით: აღდგენილ თანამდებობეზე შემთხვევითი ადამიანები ინიშნებოდნენ.

ოდესის აეროპორტის „ოდისეა“

მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის ერთ-ერთი დამახასიათებელი შედეგია ოდესის აეროპორტის ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ 201 წელს გადავიდა კერძო საკუთრებაში, თანაც ძალიან საეჭვო ვითარებაში. ერთ-ერთ თავის პრეს-კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქურდებისა და ბანდიტების მიერ მოპარულ აეროპორტს ოდესას დაუბრუნებდა, მაგრამ მეორე დღეს მან უკვე ბანდიტებზე კი არა, „ინვესტორებზე“ დაიწყო ლაპარაკი. რატომ გადაიქცნენ ბანდიტები „ინვესტორებად“? საქმე იმაშია, რომ აეროპორტის მფლობელები პეტრო პოროშენკოს მეგობარი ოლიგარქები – ბორის კაუფმანი და ალექსანდრე გრანოვსკი არიან. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა ეს გარემოება არ იცოდა და ამიტომაც მოგვიანებით ლექსიკა შეარბილა. „ბანდიტებისადმი“ გადახდილ ერთგვარ კომპენსაციად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ოდესაში ფართოდ რეკლამირებული მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი (ანუ „იუსტიციის სახლი“) სწორედ ოლიგარქ კაუფმანის კუთვნილ შენობაში გაიხსნა. სხვათაშორის, კაუფმანისა  და გრანოვსკის ტანდემი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით „ოდესის საკეთილდღეოდ“ შექმნილი ფონდის  ქველმოქმედები გახდნენ. ეს ფონდი საოლქო ადმინისტრაციის „‘შავ სალაროდაა“ ცნობილი, საიდანაც თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა.

ოდესის საბაჟო

„ორ-სამ თვეში ოდესის საბაჟოში არსებულ კორუფციას აღმოვფხვრი და მის უფროსად კონკურსის საფუძველზე ახალ ხელმძღვანელს დავნიშნავო“ – ეს განცხადება ოდესელებს კარგად ახსოვთ. მიხომ კორუფციის დამარცხების მიზნით ოდესის საბაჟოს ხელმძღვანელად 26 წლის ლამაზმანი იულია მარუშევსკაია დანიშნა, ყოველგვარი კონსკურსის გარეშე, რომელიც მანამდე თავის მოადგილედ ჰყავდა. ბოროტი ხმები ამბობენ, იულია მარუშევსკაის ქმარი ტელეარხ „24“-ის დირექტორია და ამიტომ მიხეილ სააკაშვილს მასთან მოკავშირეობა ჭირდებოდაო. ასე იყო თუ ისე, მარუშევსკაიას საბაჟოს ხელმძღვანელობის არანაირი გამოცდილება და შესაბამისი განათლება არ ჰქონდა, ამიტომაც მას „მრჩევლებად“ ქართველი „სპეციალისტები“ მიუყვანეს, რომლებთაც არათუ უკრაინის მოქალაქეობა, იურიდიული უფლებამოსილებაც კი არ ჰქონდათ: ვიღაც მამუკები, გოგები და მანანები, რომელთა გვარები ცოტამ თუ იცოდა. აი, ეს ქართველი „მოხალისე-ვოლონტერები“ იყვნენ ოდესის საბაჟოს ნამდვილი ბატონ-პატრონები. და როცა 2016 წლის გაზაფხულზე (მანამდე მიხო სააკაშვილის მეურნეობაში ჩარევა სასტიკად იკრძალებოდა) უკრაინის უშიშროების სამსახური ამ „მამუკებითა და მანანებით“ დაინტერესდა, ისინი უცებ გაქრნენ ჰორიზონტიდან – ერთ ღამეში გაათავისუფლეს თავიანთი კაბინეტები. ფაქტიურად ამით დასრულდა საბაჟოს რეფორმირების პროცესი.

მტერი და მოყვარე ოლიგარქები

მიხეილ სააკაშვილს ძალიან უყვარს ხოლმე იმის თქმა, თუ რა ზიანს აყენებენ ოდესის ოლქს  ოლიგარქები და მათი გარემოცვა. ოდესელებს კარგად აქხსოვთ მიხოს მიერ დაწყებული „ანტიოლიგარქული კამპანია“: ბულდოზერებით ოლიგარქების მიერ „მიტაცებული“ პლაჟების კარის შენგრევა და მათი „ხალხისთვის დაბრუნება“. რასაკვირველია, ეს ძალიან ეფექტური იყო რიგითი ოდესელებისათვის და რაღაცნაირად სასარგებლოც. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქებს შერჩევით „ებრძოდა“. ზემოთ უკვე ვისაუბრეთ კაუფმან-გრანოვსკიზე, ახლა კი ადრიან კივანზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. იგი სამშენებლო მაგნატია და ოდესის ძეგლთა დამცველებს საშინლად სძულთ, რადგან თავისი ობიექტების მშენებლობის დროს უმოწყალოდ ანგრევს ისტორიულ შენობებს. ყველას ეგონა, რომ გუბერნატორი ადრიან კივანს „ყურს აუწევდა“, მაგრამ არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა. ამბობენ, რომ სამშენებლო მაგნატმა მიხოსთან მისასვლელი გზები მონახაო, ისევე როგორც სხვა მსხვილმა ბიზნესმენებმა – საზღვაო ტერმინალების მფლობელმა ალექსეი სტავინცერმა და ადგილობრივი „ტრანსინვესტსერვისის“ ხელმძღვანელმა, მიხოს თანამემამულე ოლეგ ქუთათელაძემ… მიხეილ სააკაშვილის მჭიდრო თანამშრომლობა ოდესელ ოლიგარქებთან ბევრ კითხვას ბადებს და ეჭვებს აღძრავს გარიგებაზე, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა იგი კვლავ აგრძელებს ანტიოლიგარქულ განცხადებებს.

რა იქნება შემდეგ?

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები მოწმობს, რომ იგი დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერით იქნება დაკავებული. დამკვირვებლები და ექსპერტები ამაზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, 2016 წლის მარტში ამბობდნენ, რომ გუბერნატორი საკუთარი პარტიის შექმნას იწყებსო და უნდა ითქვას, რომ ამ პროექტს წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ – შეიძლება ამომრჩეველთა 10-12%-ის მიზიდვაც მოახერხოსო, ანუ „პოროშენკოს ბლოკის“ დონეზე და უფრო მეტადაც.

მაგრამ ახლა სიტუაცია განსხვავებულია. აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ ჰიპოთეტური პოლიტიკური ძალის რეიტინგმა 5-7%-მდე დაიკლო, თანაც უკრაინის სამხრეთ ოლქებში, სადაც ყველაზე მეტად იცნობენ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას. არ სძინავთ მიხოს ძველ „მეგობრებს“ „პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან“, რომლებიც გუბერნატორმა მოიმდურა. რაც შეეხება მტრებს, მიხომ ისინი ამ წელიწადნახევრის მანძილზე საკმაოდ ბევრი გაიჩინა მთელი უკრაინის მასშტაბით. „ქართველ ვარიაგზე“ გაბრაზებულები, ცხადია, მომენტს არ გაუშვებენ ხელიდან, რომ მასზე ჯავრი არ ამოიყარონ. გავრცელებული ცნობების თანახმად, უახლოეს ხანში კიევიდან ოდესაში რევიზორთა ჯგუფი ჩადის, რომ დეტალურად შეისწავლონ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა გუბერნატორად ყოფნის პერიოდში. ვინ იცის, რას იპოვიან ისინი და მოუწევს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ისევე სწრაფად დატოვოს უკრაინა, როგორც მან 2013 წლის შემოდგომაზე საქართველო დატოვა?

«КоммерсантЪ Власть» (რუსეთი), 14 ნოემბერი, 2016 წელი

http://kommersant.ru/doc/3125393

„თურქების კომბინაცია ფუჭი გასროლა აღმოჩნდება“

როგორ აიცილა საბჭოთა ხელისუფლებამ აჭარაში სავარაუდო პლებისციტი თურქეთთან მიერთების მიზნით

ევგენი ჟირნოვი

(შემოკლებით)

რუსეთის იმპერიის დაშლის შემდგომ აჭარის ტერიტორიული კუთვნილების საკითხი სერიოზულ დაპირისპირებას იწვევდა. საქართველო და თურქეთი ბათუმის ოლქს თავიანთ ისტორიულ და განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდნენ. 1920-იან წლების დასაწყისში საკითხი იმით გართულდა, რომ გასაბჭოებულ საქართველოს მოსკოვმა მიუთითა – ჩვენს თურქ მოკავშირეთა სურვილებს და ინტერესებს ანგარიში უნდა გაუწიოთო. ამ რთული პრობლემის მოსაგვარებლად საკმაოდ იოლი და მოხერხებული გადაწყვეტილება მოიძებნა.

აჭარას თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არასდროს ისეთი ცვლილებები არ გადაუტანია, როგორიც ეს 1910-1920 წლებში მოხდა. 1878 წლის ბერლინის ტრაქტატის პირობებით, თურქეთმა რუსეთს კი დაუთმო ქართველი მუსულმანებით დასახლებული ეს ტერიტორია, რომელიც ოსმალეთის იმპერიას მეთექვსმეტე საუკუნიდან ეკავა, მაგრამ სულთანი დანაკარგს არასოდეს შერიგებია.

„1914 წელს დაწყებული იმპერიალისტური ომის დროს, – წერდა 1923 წელს საბჭოთა სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი ვლადიმირ იურკოვი, რომელიც ბათუმში მუშაობდა, – მოლების გავლენით აჭარის მოსახლეობაში რუსეთისაგან გამოყოფის იდეები გავრცელდა. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ 1918 წელს, ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების დადების შემდეგ, თურქეთის ჯარებმა ბათუმი ძალიან იოლად დაიკავეს“. მაგრამ როგორც კი თურქებმა მოსახლეობის მასობრივი მობილიზება დაიწყეს თურქეთის არმიაში გაწვევის მიზნით, – აღნიშნავს ვ.იურკოვი, – აჭარლებს იმედი გაუცრუვდათ. სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით გადაწყვიტა თურქეთის ხელისუფლებამ აჭარაზე თავისი კუთვნილების უფლება ხმის მიცემით (პლებისციტით) განემტკიცებინა. „პლებისციტი, – წერდა ვ.იურკოვი, – მოსახლეობის ჭეშმარიტი ნების გამოვლენა ნამდვილად არ იყო, რადგანაც თურქი ჟანდარმები თვალს ადევნებდნენ იმ პირებს, რომლებიც თურქეთთან მიერთების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. შესაბამისად, აჭარის მცხოვრებლებს ეშინოდათ, რომ თუ ხმას არ მისცემდნენ თურქეთთან მიერთებას ან თავს აარიდებდნენ პლებისციტში მონაწილეობას, ისინი დასჯილები იქნებოდნენ“.

1918 წლის ბოლოს თურქების ხელისუფლება ბათუმში ინგლისელთა რეჟიმით შეიცვალა. ბრიტანელებსაც ასევე სურდათ, რომ თავიანთი ხელისუფლება, ანუ აჭარის გადაქცევა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატად ხალხის ნების გამოვლენით განემტკიცებინათ. მოგვიანებით, [1920 წლის ივლისის დასაწყისიდან], აჭარას დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა მართავდა, რომელმაც მალე დაკარგა ხელისუფლება საბჭოთა რუსეთისა და ქემალისტური თურქეთის ჯარების ერთობლივი შეტევის შედეგად. ბათუმში პირველები თურქეთის ჯარები შევიდნენ, მაგრამ მათი ოკუპაცია ხანმოკლე აღმოჩნდა: 1921 წლის 16 მარტს  თურქეთმა აჭარის მიერთება გამოაცხადა, მაგრამ იმავე დღეს მოსკოვში უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თაობაზე ი.სტალინი კავკასიაში მყოფ ს.ორჯონიკიძეს ატყობინებდა: „თურქებთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, ბათუმი საქართველოს რჩება… შეეცადე, რომ ძლიერი დარტყმით თურქები ბათუმიდან გაყარო, შემდეგ კი გამოაცხადე, რომ ეს გაუგებრობით მოხდაო“.

მაგრამ თურქები დანებებას არ აპირებდნენ: 1922 წლის 9 ნოემბერს ი.სტალინი ასეთ დეპეშას უგზავნის რკპ(ბ) ამიერკავკასიის სამხრეო კომიტეტის მდივან ს.ორჯონიკიძეს: „როგორც ანკარიდან მიღებული ცნობებით ირკვევა, თურქები აჭარისტანში პლებისციტის ჩატარების მოთხოვნისათვის ემზადებიან და ქართულ და თურქულ აჭარას ერთ ავტონომიად აერთიანებენ. ალბათ, თურქებს საფრანგეთი და ინგლისი მხარს დაუჭერს. თუ თურქები საიდუმლოდ ხმებს მოაგროვებენ და ეფექტს მიაღწევენ, დიდი სკანდალი მოხდება. ისე ჩანს, რომ აჭარის საბჭოთა ორგანოები და მოსახლეობის ნაწილი მხარს თურქებს უჭერენ. აუცილებელია დაუყონებლივ იქნას მიღებული ზომები და აჭარა პროთურქული პროვოკატორებისაგან გაიწმინდოს, ხოლო ადგილობრივი საბჭოთა ორგანოები კი – პანისლამისტებისაგან“.

მომდევნო დღეს, 10 ნოემბერს, ახალი დეპეშა:

„იქნებ ასე გავაკეთოთ: ბათუმის მოსახლეობაში მასობრივი პეტიციები შევაგროვოთ მოთხოვნით, რომ ქალაქი აჭარის [ავტონომიის] შემადგენლობიდან გამოვიდეს და საქართველოს პირდაპირ შემოუერთდეს. თუ ეს ნაბიჯი გაამართლებს და ხელს შეუწყობს აჭარის საქმის მოგვარებას [საქართველოს შემადგენლობაში], მაშინ თურქების კომბინაცია ამ შემთხვევაში ფუჭი გასროლა აღმოჩნდება“.

ეს სვლა წარმატებული აღმოჩნდა: აჭარაში ხომ ყველაზე მთავარი ბათუმი იყო, როგორც ბაქოს ნავთობის დაგროვება-ტრანზიტის უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აჭარა ბათუმის გარეშე არავითარ ინტერესს არ წარმოადგენდა.

Comments are closed