«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო: საფრთხეები და გამოწვევები თურქეთ-რუსეთის პირისპირ
«Мир-24 ТВ» (რუსეთი//დსთ): პანკისის ხეობა: ექსტრემისტთა ინკუბატორი
———————
«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 14 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/jeffrey-rathke-corey-welt-on-georgia/3101161.html
საქართველო: საფრთხეები, გამოწვევები თურქეთ-რუსეთის პირისპირ
ანა კალანდაძე
ევროპა მომსწრეა, თუ როგორ ახდენს რუსეთი სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზაციას და ამასთან, ის მზარდ ნებას ავლენს სუვერენულ, ევროპულ სახელმწიფოებს დაემუქროს და მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს. ეს არის გამოწვევები, რომლებიც, ექსპერტების აზრით, დასავლეთმა-ნატოსა და შეერთებული შტატების ჩათვლით, შემცირებული რესურსებით და ევროპაში ამერიკის უფრო შეზღუდული ძალებით უნდა გადალახოს. თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ასეთი დისბალანსი ახლა ძალიან შემაშფოთებელია, განსაკუთრებით დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული საფრთხეებისა და რუსეთის მიერ სირიაში მიმდინარე აქტივობების ფონზე.
რა გავლენა აქვს ამ რეალობას საქართველოზე და შესაძლებელია თუ არა მას რაიმე დახმარების მოლოდინი ჰქონდეს საკუთარი პოზიციების განმტკიცების მიზნით? ჯეფრი რათკე სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებების ცენტრის ანალიტიკოსია. წარსულში იგი აშშ-ის სახელმწ.დეპარტამენტის პრესასთან ურთიერთობის ოფისს ხელმძღვანელობდა. მისი აზრით, ამ დისბალანსის გამოსწორება შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს დროულად მართებთ.
ჯეფრი რათკე, სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებების ცენტრი: „რაც შეეხება საქართველოს: ალიანსსა და საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვთ, კავშირები რეგულარულად მტკიცდება. მეტი სიახლოვის სურვილი ნატოს ბოლო შეხვედრაზეც გამოჩნდა. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი არ არის და ამიტომ, მის მიმართ არსებული პასუხისმგებლობა-როცა მის დაცვაზე ვსაუბრობთ-სრულიად განსხვავდება სხვა, ნატოს წევრი ქვეყნის დასაცავად აღებული პასუხისმგებლობისგან“.
კორი ველტი ჯორჯ ვაშინგტონის ევრაზიული კვლევების პროფესორია. მისი აზრით, თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ცხადი ხდება ის რისკებიც, რომელიც შესაძლოა ევროპული სახელმწოფოების ერთმანეთთან დაპირისპირებაში ჩართვაას მოჰყვეს. საქართველოსთან მიმართებით ეს საფრთხე, მისი აზრით, ასე გამოიყურება:
“საქართველოსთვის უშუალო საფრთხედ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის შესაძლო ესკალაცია მგონია, მითუმეტეს, თუ ამ დაპირისპირებაში არაპირდაპირ აისახა თურქეთ-რუსეთის კონფლიქტი-ერთის მხრივ რუსეთისა და სომხეთის, მეორეს მხრივ კი თურქეთ-აზერბაიჯანის ახლო კავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ მწვავე გარემო განეიტრალდეს, საქართველოს საჰაერო სივრცეც არაერთხელ დაირღვა ბოლო პერიოდში, რაც ვფიქრობ, მასზე ზეწოლის მოსახდენად კეთდება, რომ საპასუხო რეაქცია გაკეთდეს. მიუხედავად იმისა, მისცემენ თუ არა საქართველოს მაპს ან წევრობას, აქტიურად უნდა გაგრძელდეს ნატოს საწვრთნელი ცენტრის განვითარება თბილისთან ახლოს. სხვადასხვა სფეროებში, საქართველოსთან მჭიდრო კავშირები უნდა გააგრძელოს შეერთებულმა შტატებმაც. და ბოლოს: საქართველო, ამ ახალ რეალობაში, საბედნიეროდ პირდაპირი მსხვერპლი არ არის თუმცა მდგომარეობა რათქმა უნდა საფრთხეებს შეიცავს.”
ანალიტიკოსების აზრით საქათველოსთვის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზციასთან აქტიური თანამშრომლობა და ალიანსის გაწევრიანების მიმართულებით აქტიური სვლა კარგი ალტერნატივაა იმ რთულ გარემოში, რომელიც მეზობელი ქვეყნებისა თუ ზოგადად ნატოსთვის დამატებითი გამოწვევების ფონზე ჩამოყალიბდა.
«Мир-24 ТВ» (რუსეთი//დსთ), 13 დეკემბერი, 2015 წელი
http://mir24.tv/news/society/13656747
პანკისის ხეობა: ექსტრემისტთა ინკუბატორი
რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნების ერთობლივ ტელეკომპანია „მირ-24“-ის საკვირაო საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა „ვმესტეს“ ეთერში 13 დეკემბრის საღამოს (20.00) გადაიცა ვრცელი რეპორტაჟი, რომელშიც საქართველოს პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარებაა ასახული.
გთავაზობთ გადაცემის შინაარსს:
„საქართველოში არსებობს ექსტრემისტული განწყობების დიდი ზონა – პანკისის ხეობა. ეს ტოპონიმი რუსებს ჯერ კიდევ ჩეჩნეთის ომებიდან ახსოვთ – აქ ჩეჩენი მებრძოლები ისვენებდნენ და ჭრილობებს იშუშებდნენ. ტრადიციულად პანკისში ქისტები (ეთნიკური ჩეჩნები) ცხოვრობენ, თუმცა დღეისათვის იქ მოსახლეობა უკვე ინტერნაციონალიზებულია – ბევრი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერაა გადაბირებული და სირიაში იბრძვის. რატომ?
ტელეკომპანია „მირ-24“-ის კორესპონდენტი ბორის მანჟუკოვი ამ კითხვაზე პასუხის მოძებნას შეეცადა.
„საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი, პანკისის ხეობა. ერთი შეხედვით, აქ სიმშვიდეა, მაგრამ ეს ერთი შეხედვით… აქქაურ მოსახლეობას ჟურნალისტების ჩასვლა არ სიამოვნებთ. ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც რადიკალურად არიან განწყობილნი, ვიდეოგადაღების შეწყვეტას ითხოვენ.
პანკისის ხეობის იმამი ერთადერთი ადამიანია, რომელიც ჩვენთან სასაუბროდ მზადაა. იგი ადასტურებს, რომ დღეს ტრადიციული ისლამის დაცვა აუცილებელია. „ის, რაც ყურანში წერია, ჩვენთვის კანონია. იქ კი აღნიშნულია, რომ მკვლელობა არ შეიძლება, ადამიანს სიცოცხლე არ უნდა წაართვა. დღეს ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ სიტუაციაში, როცა პანკისელი ახალგაზრდები იქ კი არ მიდიან სალოცავად, სადაც მათი პაპები ლოცულობდნენ, არამედ იქ, სადაც მათ სიძულვილს და ფაშიზმის იდეებს უნერგავენ. ეს ძალიან საშიშია“, – ამბობს პანკისის ხეობის იმამი ომარ ალდამოვი. მაგალითად, პანკისის ხეობაში არის ნარინჯისფერი აგურით აშენებული მეჩეთი, რომელიც საეჭვოა დგილს წარმოადგენს – ამბობენ, რომ აქ ვაჰაბიტები იკრიბებიან ხოლმე. სწორედ ამ მეჩეთში, ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში, ახალგაზრდების გადაბირება („დავერბოვკება“) ხდებოდა და მათ ე.წ. „ხალიფატში“ გზავნიდნენ.
„დაახლოებით 200-300 ახალგაზრდა. ეს ციფრი მეტ-ნაკლებად პირობითია, შეიძლება მეტიც არის, რადგან მათი აღრიცხვა ძალიან რთულია. ბევრი საქართველო-თურქეთის საზღვარს ოფიციალურად კვეთს, შემდეგ კი თავისუფლად გადადიან სირიაში ან ერაყში, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე““ – განმარტავს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია.
პანკისის ხეობა ძალიან ხშირადაა ნახსენები ოპერატიულ მონაცემებსა და ახალი ამბების ნაკადში – განსაკუთრებით მაშინ, როცა „ისლამურ სახელმწიფოზეა“ საუბარი.
პანკისის ხეობის სოფელში, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთ ყველაზე ღარიბულად თარხან ბათირაშვილი ცხოვრობდა, რომელიც დღეს „ისლამურ სახელმწიფოში“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნებაა. სირიაში მას აბუ-უმარ ალ-შიშანად („ჩეჩენად“) იცნობენ, რომლის მეტსახელია „ჟღალწვერა გენერალი“. იგი ამ ტერორისტული დაჯგუფების ჩრდილოეთის მიმართულების ჯარებს მეთაურობს. თარხან ბათირაშვილმა პანკისის ხეობა სამი წლის წინ დატოვა. მამამისი ეთნიკური ქართველი და ქრისტიან-მართლმადიდებელია. მან იცის, თუ რატომ მოიქცა ასე მისი ვაჟი: „მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი მკვლელია, იგი არასდროს ასეთი არ ყოფილა… მაგრამ მას ყველა გზა მოუჭრეს, არჩევანი აღარ დაუტოვეს“, – ამბობს თარხან ბათირაშვილის მამა თემურ ბათირაშვილი.
ყველა, ვინც კი თარხანს იცნობს, ამბობს, რომ ბავშვობის პერიოდში იგი რელიგიით დაინტერესებული არ იყო. ამასთან, ყოველთვის მებრძოლ სულს ამჟღავნებდა – ასე იყო 2008 წლის ომის დროს, როცა თარხან ბათირაშვილი რუსეთის ჯარების წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციებში მონაწილეობდა. მოგვიანებით იგი საპყრობილეში აღმოჩნდა – „იარაღის უკანონოდ ტარების“ ბრალდებით. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ხეობის სხვა ახალგაზრდების მსგავსად, თარხანმა თავისი ადგილი ვეღარ იპოვა… პანკისი მართლაც ყველასაგან დავიწყებული ადგილია – არც სამუშაო, არც პერსპექტივა…
„სპეციალისტების თქმით, თუ ვინმე პანკისის ხეობიდან სადმე წავიდა, ამის ძირიტადი მიზეზი მხოლოდ სოციალური ფაქტორია და არა რომელიმე იდეის ფანატიკური ერთგულება. აი, ამ საკითხში ბევრი მუშაობაა საჭირო: [სოციალურ-ეკონომიკური] პრობლემა არსებობს და ის უნდა მოგვარდეს“, – აღნიშნავს პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე.
პანკისის ხეობის უხუცესები ტელეკამერის გარეშე ჰყვებიან: „მათი ნათესავები, რომლებიც ხალიფატში მიდიან, 50 ათასი დოლარის შემწეობას იღებენ. ამ ფულს ადგილობრივი სწრაფად ხარჯავენ – თბილისში მიდიან და ძვირფას ავტომობილებს ყიდულობენ.
პანკისის ხეობა მაინცდამაინც კარგი სახელით არ სარგებლობს: თითქმის ორი ათეული წლის წინათ ეს ადგილი, სადაც ქისტები (ჩეჩნები) ცხოვრობენ, ჩეჩენი ბოევიკების სატრანზიტო პუნქტად იქცა. ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე ბრძოლების დროს პანკისში დასასვენებელი ბაზა იყო მოწყობილი, აქ მკურნალობდნენ და ჭრილობებს იშუშებდნენ საველე მეთაურ რუსლან გელაევის მებრძოლები. საქართველოს ხელისუფლებამ, რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად, აქ „წმენდების“ ჩატარება მხოლოდ 2004 წელს შეძლო… და ახლა, წლების შემდეგ, პანკისის ხეობა კვლავ საქართველოს უშიშროების სამსახურის განსაკუთრებული ყურადღების არეალშია მოქცეული.
„[პანკისის ხეობაში] ორი დიდი სოფელი მდებარეობს – ჯოყოლო და დუისი. ჯოყოლოს ხელმძღვანელი დაპატიმრებულია, ხოლო დუისის ჯამაათის ლიდერებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაზე ოფიციალურად უარი თქვეს. თავისთავად ეს მნიშვნელოვანი ფაქტია იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ადრე „ისლამურ სახელმწიფოს“ მხარეზე იყვნენ და ადგილობრივ ახალგაზრდებს [სირიაში] წასასვლელად ხელს უწყობდნენ. ახლა მათ სრულიად უარი თქვეს და ეს არხი უკვე გადაკეტილია“, – განმარტავს პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე.
რადიკალურ „ისლამურ სახელმწიფოს“ რომ საქართველოში ფესვები აქვს გადგმული, ეს კიდევ ერთი ფაქტით დასტურდება: რამდენიმე დღის წინათ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეომიმართვა, რომელმაც ქვეყანაში ნამდვილი პანიკა გამოიწვია – ვიდეორგოლში გამოსახული ახლგაზრდები „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები არიან. ისინი ჯერ არაბულ ენაზე ლაპარაკობენ, შემდეგ კი ქართულად: „მალე დადგება დრო, როცა თქვენ თავებს მოგკვეთენ. ფიქრობთ, რომ შორს ხართ და „ისლამური ხალიფატი“ ვერ მოგწვდებათ, მაგრამ ჩვენ ძალიან სწრაფად მოვალთ“.
ამ მიმართვის გამო ქართული პოლიცია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა: თბილისში გამრავლდა პატრული, სპეცსამსახურებმა კი ეჭვმიტანილები დააკავეს – ოთხ პიროვნებას „ისლამური სახელმწიფოსთან“ კავშირში აქვთ ბრალი წაყენებული: „ჩვენმა თანამშრომლებმა დაკავებულთა ბინები გაჩხრიკეს და გრანატები, პისტოლეტები, საბრძოლო მასრები და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ნაპოვნია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიტერატურა და დროშებიც“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ.
პანკისის ხეობაში, სადაც ქვეყნის მასშტაბით სიტუაცია ძალიან რთულია, თბილისიდან პოლიციის დამატებითი ძალები ჯერ-ჯერობით გაგზავნილი არ არის. დღესდღეობით, აქ მყოფი ყველა პოლიციელი ადგილობრივია, თუმცა აშკარაა, რომ პანკისის ხეობა ამჟამად საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილ თავის ტკივილად ექცა.