globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 14 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 14th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი): გზა დასავლეთისაკენ // საქართველოს ნატოში შესვლა სურს, თუმცა ეს კიდევ უფრო მეტად გააუარესებს მის ისედაც დაძაბულ დამოკიდებულებას რუსეთთან. სწორედ ამიტომ აზერბაიჯანი ალიანსში გაწევრიანებაზე არ ფიქრობს

«Новое время» (სომხეთი): ბიზნესი თუ პოლიტიკა? // რატომ აძლევს საქართველო აზერბაიჯანს გაზსადენ „ჩრდილოეთ-სამხრეთს“?

«Моя информационная газета» (რუსეთი): Гамарджоба, Сакартвело! გამარჯობა, საქართველო!

———————-

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 14 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

გზა დასავლეთისაკენ

საქართველოს ნატოში შესვლა სურს, თუმცა ეს კიდევ უფრო მეტად გააუარესებს მის ისედაც დაძაბულ დამოკიდებულებას რუსეთთან. სწორედ ამიტომ აზერბაიჯანი ალიანსში გაწევრიანებაზე არ ფიქრობს

ალი საიდოვი

(მცირე შემოკლებით)

ის, რომ საქართველო მოუთმენლად ელოდება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს, არასოდეს საიდუმლო არ არის, იგივე დამოკიდებულება აქვს თბილისს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართაც. თუმცა უვიზო რეჟიმის მიცემა ჭიანურდებოდა იმის გამო, რომ ევროკავშირს მისი შეჩერების მექანიზმის შემუშავება სურდა, ანუ საჭიროების შემთხვევაში უკვე დაწესებული ვიზალიბერაზაციის შეჩერების მიზნით.

და აი, ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ შეჩერების მექანიზმი უკვე შეთანხმებულია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების საბჭომ დოკუმენტი უკვე მიიღო. პროცესი საბოლოოდ ევროპარლამენტში და ევროსაბჭოში განხილვა-დამტკიცებით უნდა დასრულდეს. მოკლედ, საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, მღელვარე მოლოდინის რეჟიმშია.

საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანული გაზეთ „ცეიტ“-ისადმი („დრო“) მიცემულ ინტერვიუში საკმაოდ ზოგადად და ბუნდოვნადაც კი ახსნა ის, თუ რატომ, რა მიზეზებით სურს საქართველოს ევროკავშირშში და ნატოში გაწევრიანება. პირველ რიგში მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლა არ გამოიწვევს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების სერიოზულ სტრატეგიულ ცვლილებებსო, თან იმასაც ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მხარს უჭერს აშშ-ის სენატი და საერთოდ, კონგრესი, რომლებთაც ადრეც არაერთხელ გამოუხატავთ თანადგომა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-შენარჩუნების საკითხში. „თბილისს არავითარი ეჭვები არ აქვს ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებით. ჩვენ ალიანსს არსებით მხარდაჭერას ვუწევთ. ჩვენი გადაწყვეტილება შეუქცევადია და გვსურს მაქსიმალურად მივუახლოვდეთ როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში გაწევრიანებას“, – აღნიშნა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და დაამატა, რომ „დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია რეგიონში რუსეთის ამბიციების შესაკავებლად“. თუმცა მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული: „ჩვენ დაუღალავად ვიმეორებთ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ ისახავს მიზნად რუსეთისთვის დამუქრებას. ჩვენ გვსურს რუსეთთან ვითანამშრომლოთ და ვერ ვხედავთ ვერავითარ წინააღმდეგობას, ამავდროულად, დასავლეთისკენ გზაზე სვლა რომ განვაგრძოთ“.

ობიექტურად თუ ვიტყვით, ამ შემთხვევაში გიორგი კვირიკაშვილი ცოტა ეშმაკობს, რადგან საქართველო თუ ნატოს წევრი გახდება, თბილისი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდებას დაემორჩილება. ხოლო ის, რომ ნატოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რუსეთის არამარტო შეჩერება, არამედ მასთან წინააღმდეგობა ითვლება, ეს ყველასათვის დიდი ხანია ცნობილია. ასე რომ, ნატოს შემადგენლობაში საქართველო იძულებული იქნება ის გააკეთოს, რასაც ბალტიის პოსსაბჭოთა სახელმწიფოები აკეთებენ. შესაბამისად, ისიც ვიცით, რომ ბალტიისპირელების საპასუხოდ რუსეთი უახლეს სარაკეტო კომპლექსებს კალინინგრადში ანთავსებს. საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში ალიანსისა და რუსეთის დაპირისპირებით ცხელი წერტილი [კავკასიის რეგიონში] უზრუნველყოფილი იქნება.

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაჟინებით აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ პოლიტიკურ სჯეროშია გაუარესებული, ეკონომიკურში კი ყველაფერი კარგად არის. ამის დამადასტურებლად იგი იმოწმებს საქართველოში რუსი ტურისტების მოზღვავებას – ისინი მილიონით ჩამოდიან საქართველოში და ერთი სერიოზული ინციდენტიც კი არ მომხდარაო. „ქართველებსა და რუსებს შორის არ არსებობს რაიმე ფუნდამენტური მტრობა და ჩვენი სურვილი ნატოს წევრობასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს ამ მიმართულებით ინტერპრეტირებული. სწორედ ამ გზავნილის მიწოდებას ვცდილობთ ჩვენ რუსი პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ამას სათანადოდ არ აღიქვამენ“.

სხვათა შორის, ზედმეტი არ იქნება გავიხსენოთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამას წინათ ზუსტად განმარტა, თუ რაში გამოიხატება საფრთხე  ნატოს გაფართოებაში რუსეთისათვის: „ჩვენ გვაწუხებს გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკა. როცა ქვეყანა ნატოს წევრი ხდება, მისთვის უკვე ძნელია წინააღმდეგობა გაუწიოს ისეთი ძლიერი ქვეყნის გავლენასა და ზეწოლას, როგორიც შეერთებული შტატებია. შესაბამისად, ნატოში გაწევრიანებული ქვეყნის ტერიტორიაზე ადვილად გაჩნდება ყველაფერი, რასაც აშშ მოისურვებს – რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, სამხედრო ბაზები და თუ საჭირო გახდება, შემტევითი კომპლექსები… რუსეთიც იძულებული ხდება კონტრზომები მიიღოს“.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება კიდევ უფრო მეტად გააუარესებს მის ისედაც რთულ და დაძაბულ დამოკიდებულებას რუსეთთან. ალბათ, სწორედ ამიტომ არის, რომ აზერბაიჯანს, ნატოსთან თანამშრომლობის დროს, ალიანსში გაწევრიანების აზრიც კი არ მოსდის, ასეთ მიზანს გულშიც კი არ ივლებს. ჩვენ არ გვაწყობს ჩვენს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო კონტინგენტის განლაგება, რომელიც არამარტო მოწინააღმდეგის სამიზნე იქნება, არამედ სამხედრო სკანდალის ცენტრშიც აღმოჩნდება.

«Новое время» (სომხეთი), 14 დეკემბერი, 2016 წელი

http://nv.am/politika/55059-2016-12-13-04-08-34

ბიზნესი თუ პოლიტიკა?

რატომ აძლევს საქართველო აზერბაიჯანს გაზსადენჩრდილოეთ-სამხრეთს“?

სტატიაში გამოხატულია სომხეთის შეშფოთება საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო მაგისტრალური გაზსადენის „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ აქციების 25%-ის აზერბაიჯანისათვის შესაძლო მიყიდვის თაობაზე.

პუბლიკაციაში, რომელიც რუსული საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმის“ მონაცემებს ეყრდნობა, გადმოცემულია როგორც საკითხის ისტორია (მილსადენის გაყიდვა ჯერ კიდევ 2005 წელს სურდა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შემდეგ კი 2010-შიც), ასევე ქართველ ექსპერტთა კომენტარებიც („მილსადენის აქციების გაყიდვის სურვილი სუფთა კომერციული განზრახვაა და ამაში არანაირი პოლიტიკა არ არის“).

ამის მიუხედავად, სტატიაში მილსადენის გაყიდვის განზრახვის გამო მაინც შეშფოთებაა გამოხატული და მოვლენების ასეთი სცენარია წარმოდგენილი: „ვთქვათ და გაზსადენის აქციების 25% აზერბაიჯანულმა „სოკარმა“ შეისყიდა. მას ხომ შეუძლია გაზის ტრანზიტის ფასზე ზეგავლენის მოხდენა? შეუძლია. გარდა ამისა, სომხური მხარისათვის კიდევ ერთი დიდი რისკი იმაშია, რომ აზერბაიჯანული კომპანია გაზსადენის მომსახურების უფლებას იღებს. ვისაუბროთ მედლის მეორეზე მხარეზეც: თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ აზერბაიჯანული კომპანია მილსადენის მოდერნიზებას კისრულობს, არის იმის შესაძლებლობაც, რომ „სოკარმა“ ბოროტად ისარგებლოს თავისი უფლებამოსილებით. არ არის გამორიცხული ისეთი სიტუაციაც, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ გაზსადენის მუშაობა გარკვეული ხნით შეაჩეროს, ვთქვათ, ერთი წლით. რის გაკეთებას შეძლებს ასეთ სიტუაციაში სომხური მხარე? მიმართავს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს. შესაძლოა, მისი გადაწყვეტილება სომხეთის სასარგებლოდ იყოს. მაგრამ რა გავაკეთოთ მანამ, სანამ საქმე სასამართლოს განხილვაში იქნება? პასუხი „დაელოდეთ და გაიყინეთ“ სომხეთის მხარის ინტერესებში არ შედის, ამიტომაც ჩვენ ასეთი სცენარი უნდა გამოვრიცხოთ.

იმედი გვაქვს, გაზსადენის ყიდვის შემთხვევაში აზერბაიჯანი საერთაშორისო ნორმების დარღვევაზე არ წავა და შესაბამისად, ნეგატიური სცენარის განვითარება ნაკლებადსავარაუდოა, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ფეთქებადსაშიშ რეგიონში ვცხოვრობთ, თან საქმე ისეთ ქვეყანასთან გვაქვს, რომელიც ღიად ახდენს სომხეთთან მტრული დამოკიდებულების პროპაგანდას“, – წერს „ნოვოე ვრემია“.

«Моя информационная газета» (რუსეთი), 7-14 დეკემბერი, 2016 წელი

http://mig-up.ru/articles/puteshestvuyte-s-migom/gamardzhoba-sakartvelo-gamarjoba-sakartvelo

Гамарджоба, Сакартвело! გამარჯობა, საქართველო!

„გამარჯობა, საქართველო! ქართველებს ბავშვობაში ნანახი ფილმებიდან და მუსიკით ვიცნობთ, მათ ჩვენიანებად ვთვლით, მათთან ბევრი საერთო გვაქვს, მაგრამ ისინი ჩვენგან მაინც განსხვავდებიან. უძველესი კულტურით და თვითმყოფადი ისტორიით. აღმოსავლური, მაგრამ მართლმადიდებელი ქვეყანა. თვალწარმტაცი პეიზაჟი, თვალუწვდენელი მთები, უძველესი ქალაქები, სუბტროპიკული კლიმატი, ქართული ღვინო და მინერალური წყალი, ქართული სამზარეულო, მომხიბლავი ქართველები… ყველაფერია, იხარე სულო და გულო…“, – ასე იწყება სტატია მოსკოვის ოლქის ქალაქ სერპუხოვში გამომავალ «Моя информационная газета»-ში (ავტორი – ტატიანა ჩერნოვა).

„წერენ, რომ მიმდინარე წელს საქართველო მესამე ადგილზე გავიდა იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც რუსეთი ხშირად სტუმრობენ. პრინციპში, ეს გასაკვირიც არაა: საქართველო აქვეა, სიძვირე არ არის, მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსულ ენაზე თავისუფლად საუბრობს, ვიზა საჭირო არ არის. საქართველოს თავისი დამოუკიდებლობის ბოლო მეოთხედი საუკუნის – 25 წლის განმავლობაში მღელვარე პოლიტიკური ისტორია ჰქონდა: იყო ომები და რევოლუციები, იყვნენ ნათელი და იმავდროულად ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული ლიდერები, აქ მიმდინარეობდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მაგარი რეფორმები, რასაც რუსეთში ზოგი შურით, ზოგი კი სიძულვილით უყურებდა… მოკლედ, საქართველოში სამოგზაუროდ მიზეზები ძალიან ბევრია. თუ უკრაინაში გამგზავრება ჩვენს თანამემამულეებში გარკვირვებას იწვევს („ო, იქ განა საშიში არაა?“), საქართველოს ხსენების დროს მხოლოდ დადებით ემოციებია („აუ, რა მაგარია! მეც მინდა!“). და ეს მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ომიც მოხდა“, – აღნიშნავს ავტორი.

„პირველი, რაც თვალშისაცემია: საოცარი სტუმართმოყვარეობა და კეთილგანწყობა. ქართველები ქუჩაში, პარკებში, რესტორნებში, მაღაზიებში – ყველა გულწრფელად გეხმარება და პატივს გეცემს და თუ თვითონ ვერ გეხმარებიან, სხვას უხმობენ“, – წერს ავტორი და მკითხველს რუსი ტურისტების მიმართ თბილისელების თბილ დამოკიდებულებაც აცნობს.

ვრცელი სტატია გაზეთი ორ ნომერში იბეჭდება და მასში აღწერილია როგორც თბილისის ძველი და ახალი უბნები, ღირსშესანიშნაობები: ნარიყალა, ქართლის დედა, აბანოთუბანი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის სახელობის სკვერი, სამების ტაძარი, მთაწმინდა („მთაწმინდის პანთეონში, ცნობილ ქართველებთან ერთად, განისვენებს რუსი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე ალექსანდრე გრიბოედოვი, თავის მეუღლე ნინო ჭავჭავაძესთან ერთად“), ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობის შთაბეჭდილებები.

Comments are closed