«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „უცნაური მუსიკალური თავგადასავლები“: «Boney M» საქართველოში
«Новое время», «Радио Польша», «Vzgliad» (უკრაინა, პოლონეთი, აზერბაიჯანი): საქართველოს ექს-პრეზიდენტის ოდესური თავგადა-სავლები: რამდენად წარმატებული იქნება მისი ექსპერიმენტები? დაბრუნდება თუ არა იგი საქართველოში? რატომ და როგორი ძეგლი დაუდგეს გუბერნატორს ოდესაში? რა აკავშირებს საქართველოსა და ირანის ყოფილ პრეზიდენტებს ერთმანეთთან?
«Эхо» (აზერბაიჯანი): ირანს უფლება არ აქვს მტკვრის წყალი აზერბაიჯანის დაუკითხავად წაიღოს
——————-
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი), 15 აგვისტო, 2015 წელი
http://www.ft.com/intl/cms/s/0/d9552ca2-41b1-11e5-9abe-5b335da3a90e.html?siteedition=intl
„უცნაური მუსიკალური თავგადასავლები“: «Boney M» საქართველოში
სტატიაში გადმოცემულია მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური ჯგუფების მიერ ჩადენილი „უცნაური ქცევები“, რომლებიც ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმებთან ურთიერთობაში გამოიხატება (ავტორი ბენ თომსონი).
პუბლიკაცია ეხება ამ რამდენიმე დღის წინათ სლოვენური როკ-ჯგუფის „ლაიბახის“ მიერ ჩატარებულ კონცერტებს ჩრდილოეთ კორეაში, იაპონელი ოკუპანტებისაგან ქვეყნის გათავისუფლების 70 წლისთავის აღსანიშნავად და ამ ფონზე ავტორი იხსენებს სხვა ჯგუფების კონცერტებსაც: კანადელი მომღერლის ლეონარდ კოენის კონცერტებს კუბაში, 1961 წელს, ფიდელ კასტროს მიწვევით. ამერიკელი პოპ-მუსიკოსის ჯეიმს ბრაუნის ვიზიტს ზაირში (კონგოში) 1974 წელს; ბრიტანული დუეტ Wham!-ის (ჯორჯ მაიკლი და ენდრიუ რიჯლი) გასტროლებს კომუნისტურ ჩინეთში 1985 წელს და ბოლოს, ცნობილი „ბონი-ემ“-ის მიერ ჩატარებულ კონცერტს საქართველოში, 2007 წელს.
აი, რას წერს ამ ფაქტის შესახებ სტატიის ავტორი:
„ამ უცნაურ „მშვიდობის ფესტივალს“, რომელიც 2007 წელს, საქართველოში, სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთ სოფელში გაიმართა, კონფლიქტის „ფრონტის ხაზთან“ ახლოს, «Boney M»-ის მონაწილეობით, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „კონფლიქტების მოგვარების დისკოთეკური მიდგომაად“ შეაფასა. საერთო, «Boney M» ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან დასავლურ ჯგუფთაგანია, რომელივ საბჭოურ კომუნისტურ რეჟიმთან თანამშრომლობდა (კოცერტები მოსკოვში 1978 წელს). სხვათაშორის, მოგვიანებით «Boney M»-ს თვითონ გაუჩნდა სეპარატიზმის პრობლემა და ერთის ნაცვლად მინიმუმ სამი ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომლებიც მზად არიან გასტროლები გამართონ ყოველ დროს და ყოველ ადგილზე“.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის ოდესური თავგადასავლები: რამდენად წარმატებული იქნება მისი ექსპერიმენტები? დაბრუნდება თუ არა იგი საქართველოში? რატომ და როგორი ძეგლი დაუდგეს გუბერნატორს ოდესაში? რა აკავშირებს საქართველოსა და ირანის ყოფილ პრეზიდენტებს ერთმანეთთან?
უცხოურ მასმედიაში 15-16 აგვისტოს რამდენიმე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მასალა გამოქვეყნდა საქართველოდან გაქცეული მიხეილ სააკაშვილის შესახებ. პუბლიკაციებში საუბარია ოდესის ოლქის პრობლემებზე, პერსპექტივაზე, გუბერნატორის საქმიანობაზე და იმაზეც, თუ როგორ დაუდგეს ძეგლი ოდესელებმა თავიანთ ხელმძღვანელს და რა კავშირები აქვს საქართველოს ექს-პრეზიდენტს თავის ირანელ კოლეგასთან.
ა) უკრაინულ ჟურნალ „ნოვოე ვრემიაში“ დაიბეჭდა რუსი პოლიტოლოგის ანდრეი ოკარას სტატია „ოდესური ექსპერიმენტი: მოახერხებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი სისტემის დამსხვრევას“, რომელშიც იგი აღნიშნავს: „საქართველოს ექსპრეზიდენტმა თავის სამშობლოში ყველაზე წარმატებით პოლიტიკური რეფორმები განახორციელა, განსაკუთრებით ადმინისტრირების სფეროში. რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ სფეროს, ობიექტურად უნდა ითქვას, რომ საქართველო აყვავებულ ქვეყნად ნამდვილად ვერ გადაიქცა, შენარჩუნდა სიღარიბისა და უმუშევრობის მაღალი დონე. ზოგიერთი ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყოს, თუმცა ეს უკვე ძალიან გადაჭარბებული ოცნებებია. ამასთან, ისიც აშკარაა, რომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილისავით ენერგიული და მოძრავი ლიდერი სჭირდება“.
ბ) „პოლონეთის რადიომ“ ორი დღის წინ ეთერში გადასცა ინტერვიუ ოდესის ოლქის გუბერნატორთან, რომელშიც კორესპონდენტმა ალექსანდრე პაპკომ მას რამდენიმე კითხვა თავისი სამშობლოს – საქართველოს შესახებაც დაუსვა, რაზედაც რესპოდენტი ასე პასუხობს:
„საქართველოში კონფლიქტების რეესკალაციის საფრთხე მუდმივად არსებობს. კრემლს ეს უკრაინაშიც სურს, ცენტრალურ აზიაშიც, კავკასიაშიც… ამიტომაც როცა მე მეკითხებიან, მაქვს თუ არა რაიმე გეგმები საქართველოს მიმართ, ვპასუხობ, რომ არანაირი გეგმები არ მაქვს-მეთქი უბრალო მიზეზის გამო: რაც არ უნდა იქ გავაკეთო, რუსები ახალი ტერიტორიის ოკუპირებით მიპასუხებენ.. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, რუსეთი უკრაინის ექსპანსიის საკითხში უნდა შევაჩეროთ. თუ უკრაინა თავს გაართმევს პრობლემებს, სხვა ქვეყნებისათვის უფრო იოლი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ბედი უკრაინაში წყდება…
თქვენ მეკითხებით, ვფიქრობ თუ რა პოლიტიკური კარიერაზე უკრაინაში. გეტყვით, რომ ჩემთვის ოდესის ოლქის გუბერნატორობაც კი დიდი პასუხისმგებლობაა. მე ამ ქალაქის მოსახლეობით აღტაცებული ვარ და მზადყოფნას გამოვხატავ მათი ცხოვრება გავაუმჯობესო, ოდესელებს შუა გზაზე არ მივატოვებ…
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობას, ეს ძალიან ფორმალური საკითხია. საქართველოს მთავრობამ მე ქვეყნიდან განმდევნა. ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ჩემს მიმართ, მთელმა მსოფლიომ, რუსეთის გარდა, პოლიტიკურ დევნად ჩათვალა. ჩემს წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები უსაფუძვლო და აბსურდულია. მე რომ ახლა საქართველოში დავბრუნდე, იმავ წუთს ხელს მტაცებენ და ციხეში ჩამსვამენ. ამის გამო ის მთავრობა, რომელიც დღეს საქართველოს მართვას, ჩემში ზიზღის გრძნობას იწვევს. ასეთი მთავრობა საქართველოსთვის სირცხვილი და თავის მოჭრაა. საერთაშორისო თანამგობრობა ამ საკითხში სავსებით მეთანხმება. საერთოდ კი, საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კომენტირება არ მსურს, ჩემთვის ახლა მთავარია ოდესის ოლქის პრობლემებზე ყურადღების კონცენტრირება. მჯერა, რომ უკრაინაში ჩემი საქმიანობის შედეგება საქართველოსა და მთელ რეგიონს დადებითად წაადგება“.
გ) უკრაინისა და რუსეთის მასმედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ოდესელების მიერ ქალაქის ცენტრში გუბერნატორის ძეგლის დადგმის ფაქტს, მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას ფიგურებით. როგორც გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ იუწყება, შაბათს, 15 აგვისტოს, მოძრაობა „ოდესა – პორტო-ფრანკოს“ აქტივისტებმა გუბერნატორის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს და ოდესის ვორონცოვის კოლონადის წინ ძეგლი დადგეს წარწერით „საბაკაშვილი“. კომპოზიცია ორი ფიგურისაგან შედგება – გუბერნატორით, რომელიც ჰალსტუხს ღეჭავს და აშშ-ის პრეზიდენტით, რომელსაც გუბერნატორი ძაღლივით ჯაჭვით ჰყავს დაკავებული. „მიხეილ სააკაშვილი არანორმალური, ეშმაკისეული ტიპია, რომელიც ამერიკელების დაკრულზე ცეკვავს. ჩვენი ძეგლიც სწორედ ამას გამოხატავს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალექსეი ცვეტკოვმა.
მართალია, ძეგლი დიდხანს არ მდგარა – ადგილობრივმა მოსახლეობამ პოლიცია გამოიძახა, რომელმაც მისი დემონტაჟი მოახდინა. სხვათა შორის, მოძრაობა „ოდესა – პორტო-ფრანკოს“ აქტივისტებმა მსგავსი აქცია ადრეც ჩაატარეს, როცა ცაში გიგანტური ბუშტი აუშვეს ჰალსტუხის მღეჭავი გუბერნატორის ნახატით.
დ) აზერბაიჯანის გამოცემა „აზერბაიდჟანსკიი ვზგლიად“-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მიხეილ სააკაშვილისა და მაჰმუდ აჰმედინეჯადის ურთიერთობებს ეხება.
„ირანის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ დაურღვევია, განსაკუთრებით ეს ხდებოდა მაჰმუდ აჰმედინეჯადის მმართველობის დროს. საქართველოს ყოფილმა ლიდერმა თავის ქვეყანაში ირანული კაპიტალის მიზიდვა გადაწყვიტა – ერთი პრეზიდენტი მეორეს მოელაპარაკა და მოქმედება აკრძალული წესით განვითარდა: ირანული კომპანიები ქართულ ბანკებში „შავ“ ფულს „ათეთრებდნენ“. მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან გაქცევის შემდეგ ირანული კაპიტალი კვლავ ცდილობდა ქართული საბანკო სისტემა თავისი მიზნებისთვის გამოეყენებინა, მაგრამ ფულის „გარეცხვის“ მცდელობა კრახით დასრულდა. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს მწვავე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი აქვს და ირანთან მიმართებით მაინცდამაინც აქტიურობა არ შეიმჩნევა. სამაგიეროდ, ირანელმა ბიზნესმენებმა მიხეილ სააკაშვილთან არსებული ძველი კონტაქტები გაიხსენეს და მას მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს ოდესაში ეწვივნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმი-ოდესის მარშრუტი ირანელებს დიდი ხანია აინტერესებთ, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა აჭარა ასლან აბაშიძე მართავდა. სწორედ იმ ხანებში იყო ჩასული ბათუმში ირანის მაშინდელი პრეზიდენტი მოჰამად ჰათამი.
საქართველოში პოლიტიკური ვითარების შეცვლის შემდეგ არაა გამორიცხული, რომ ორი ქვეყნის ნავსადგურების თემა ირანისათვის კვლავ საინტერესო გახდეს, თუმცაღა, თბილისზე ვაშინგტონის უაღრესად დიდი გავლენის და აჭარაში თურქული კაპიტალის მომძლავრების გამო თეირანს საქართველოს მიმართულებით დიდი პერსპექტივები მაინცდამაინც არ ექნება. გარდა ამისა, როგორც ცნობილი გახდა, მიხეილ სააკაშვილმა თავისი ყოფილი კოლეგა მაჰმუდ აჰმედინეჯადი ოდესაში მიიწვია სექტემბერში დაგეგმილ საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობის მიზნით“.
წყაროები:
„ნოვოე ვრემია“ – http://glavcom.ua/articles/31840.html
„პოლონეთის რადიო“ – http://www.radiopolsha.pl/6/248/Artykul/217050
„კომსომოლსკაია პრავდა“ – http://www.kp.ru/online/news/2137221
„აზერბაიდჟანსკიი ვზგლიად“ – http://www.vzglyad.az/news.php?id=42192
«Эхо» (აზერბაიჯანი), 15 აგვისტო, 2015 წელი
http://www.echo.az/article.php?aid=87638
ირანს უფლება არ აქვს მტკვრის წყალი აზერბაიჯანის დაუკითხავად წაიღოს
აზერბაიჯანული გაზეთი „ეხო“ ეხმიანება ირანის ტელევიზიის მიერ გადაცემულ სიუჟეტს ურმიის ტბის გადარჩენის თაობაზე, რომლის თანახმად, ამ მიზნით თურმე ირანელებმა საქართველოდან შესყიდული მდინარე მტკვრის წყალი უნდა გამოიყენონ. საუბარია აგრეთვე სომხეთში მდებარე სევანის ტბით სარგებლობაზეც.
სტატიაში „ირანს უფლება არ აქვს მტკვრის წყალი აზერბაიჯანის ნებრათვის გარეშე გამოიყენოს“ (ავტორი – ჯამილია ალეკპეროვა) ნათქვამია, რომ მტკვარი თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიედინება, შესაბამისად, თუ ირანს მართლაც აქვს განზრახული მდინარის წყალით სარგებლობა, თეირანმა ამ მიზნით ნებართვა ანკარას და ბაქოს უნდა სთხოვოს. მტკვარი ტრანსასაზღვრო მდინარეა, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ირანი უნებართვოდ აიღებს წყალს, მაშინ აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს მიმართავენ და განმარტებას მოსთხოვენ.
როგორც ეკოლოგიური პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, აზერბაიჯანის ეკოლოგიის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე ტელმან ზეინალოვი ამბობს, „სამწუხაროდ, არც საქართველოს და არც სომხეთს არ აქვთ ხელი მოწერილი საერთაშორისო კონვენციაზე „ტრანსსასაზღვრო წყლებით სარგებლობისა და მათი დაცვის შესახებ“. მისი თქმით, მტკვარი აზერბაიჯანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მდინარეა. მტკვარზეა დამოკიდებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვა, ტყის მასივების განაშენიანება. თუ ირანი მტკვრის წყლის ნაწილს წაიღებს, გინდაც საქართველოს ტერიტორიიდან, ეს მდინარის საერთო მდგომარეობაზე მაინც უარყოფითად აისახება, მისი დონე დაიწევს და, შესაბამისად, აზერბაიჯანის ეკონომიკა და მოსახლეობა ძალიან დაზარალდება – მოსავლიანობა შემცირდება, ფასები მოიმატებს… ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ირანის მასმედიის წარმომადგენლებს, რომ გვემსჯელა ურმიის ტბის გადარჩენის საკითხებზე, თუმცა ამაოდ. სანამ ირანი მტკვრის წყალს წაიღებდეს, მანამ საჭიროა გაირკვეს, როგორ და რა მიზნით იხარჯება ურმიის ტბის მკვებავი მდინარის წყლები თვით ირანის ტერიტორიაზე. ეჭვი მაქვს, რომ ვირაც-ვირაცეები იმ წყლებს ტბაში არარ უშვებენ და საკუტარი მიწების მოსარწყავად იყენებენ. ირანელებს შევთავაზე, მოვალ და მონიტორინგს ჩავატარებ-მეთქი, მაგრამ უარი მითხრეს“.
სხვათაშორის, ქართველმა დეპუტატებმა, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით ირანში იყვნენ, ინფორმაცია მტკვრის წყალის შესყიდვის თაობაზე დაადასტურეს. მათ განაცხადეს, რომ ირან-საქართველოს ვაჭრობის დონე 10-ჯერ უნდა გაიზარდოს და ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო საქონელი სწორედ წყალი იქნება.
როგორც აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერ-თანმამშრომელმა მუჰამედ აბდულოვმა დააზუსტა, თურქეთი, საქართველო და სომხეთი შეეურთდნენ ჰელსინკის 1992 წლის კონვენციას „ტრანსსასაზღვრო მდინარეებისა და საერთაშორისო ტბების შესახებ“, აზერბაიჯანი კი არა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მტკვრისა და არაქსის (არეზის) აუზის ქვეყნებს ამ მდინარეებიდან რამდენიც მოესურვებათ, იმდენი წყალი წაიღონ. მტკვრის შემთხვევაში საფრთხე ემუქრება მინგეჩაურის წყალსაცავის შევსებას, რადგან თუ მას წყალი დააკლდება, ნაკლები ელექტრონერგია გამომუშავდება. გარდა ამისა, წყალი მოაკლდება ზემოშირვანის სარწყავ არხსაც, ხოლო ქალაქ სალიანის, საბირაბადის და ნეფტეჭალის მოსახლეობას სასმელი წყლის მხრივ პრობლემები შეექმნებათ.
ამასთან, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნათანათ ავაზოვამ აღნიშნა, აზერბაიჯანი და საქართველო ხელს მოაწერენ შეთანხმებას მდინარე მტკვრის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე. მისი თქმით, „ამ საკითხს ბაქო თბილისთან ორი წელია იხილავს. მოლაპარაკება, რომელიც დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე, ამჟამად თავის დასასრულს უახლოვდება. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ორივე მხარე ვალდებული იქნება მდინარე მტკვრის წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნონ. ვფიქრობ, ამ შეთანხმებით თავიდან ავიცილებთ მტკვრის ინტენსიურ გაჭუჭყიანებას. აზერბაიჯანი ათი წლის წინ მიუერთდა ევროსაბჭოს კონვენციას „ტრანსსასაზღვრო მდინარეებისა და საერთაშორისო ტბების შესახებ“. ეს სტრუქტურა ოთხ წელიწადში ერთხელ წყლის ხარისხის შესახებ ანგარიშებს ამზადებს და მათში სწორედ მტკვრისა და არაქსის გაჭუჭყიანებაა ხოლმე ხაზგასმული“.