globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 15 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 15th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი), 15 იანვარი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-01-15/1_saakashvili.html

მიხეილ სააკაშვილი მზადაა მეორე „ვარდების რევოლუციისათვის“

ექს-პრეზიდენტმა ხელისუფლება „ბნელეთის მოციქულობაში“ დაადანაშაულა

„საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქვეყნის სამართალ-დამცველი ორგანოების მიერ ძებნილადაა გამოცხადებული და რომელსაც დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მზად არის საქართველოში დასაბრუნებლად. ტელეკომპანია რუსთავი-2“-ის ეთერში გამოსვლისას ყოფილმა პრეზიდენტმა კომენტარი გაუკეთა ხელისუფლების გეგმებს „ბათუმი-თაუერის“ ცათამბჯენის გაყიდვის თაობაზე, რომელშიც მისი  მმართველობის დროს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსება იყო განზრახული და იქვე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი 2016 წლამდე, ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე, ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული ტელეეთერში მიხეილ სააკაშვილის  გამოსვლის ტექსტი, ქართულიდან რუსულ ენაზე თარგმნილი სახით. ექს-პრეზიდენტის გამოსვლაში აქცენტები გაკეთებულია როგორც „ბათუმი-თაუერის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე, ასევე საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე, ქართველი მოქალაქეების მონაწილეობაზე უკრაინასა და სირიაში მიმდინარე კონფლიქტებში და ა.შ. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის ტელეგამოსვლა ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რომელშიც „ერთიანი ეროვნული მოძრაობის“ წარმომადგენლები და ექს-პრეზიდენტის ადგილობრივი მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლაზე რეაგირება მოახდინა მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა: „მინდა ვთხოვო ექს-პრეზიდენტს, თავი დაანებოს საქართველოსთვის სტრატეგიულად და უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებით პოლიტიკურ თამაშს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. არსებობს ბევრი სხვა თემა, რომელზეც მას შეუძლია ყურადღება გაამახვილოს და საქართველოს სტაბილურობასა და სახელმწიფო ინტერესებს არ ავნოს“. აშკარაა, რომ მას მხედველობაში ჰქონდა ყოფილი ლიდერის გამონათქვამი სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

ექსპერტთა წრეებში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მიხეილ სააკაშვილის განცხადება საქართველოში დაბრუნების თაობაზე. გასაგებია, რომ ექს-პრეზიდენტის ამ განზრახვის შესასრულებლად ქვეყნის პოლიტიკურ კურსში სერიოზული ცვლილებებია აუცილებელი. ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდება, იგი თავს ციხეში ამოყოფს, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უკვე დაუსწრებლად გამოუტანა ვერდიქტი პატიმრობის შესახებ, ფინანსური გაფლანგვისა და უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებებით.

„არ ვფიქრობ, რომ საქართველოში უკვე მომწიფდა ისეთი ვითარება, რომელიც მორიგ სოციალურ-ეკონომიკურ რყევებში გადაიზრდება, მაგრამ რაც შეეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ის ნამდვილად შეიძლება ამჟამინდელ ხელისუფლებას უკან შემოუბრუნდეს“, – განაცხადა „ნეზავისიმაია გაზეტას“ ჟურნალისტთან საუბარში კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე რუსეცკიმ. პოლიტოლოგის აზრით, „ქართული ოცნებისადმი“ მოსახლეობის უკმაყოფილო განწყობის დონე თანდათანობით მატულობს. იმავდროულად, ყოფილი მმართველი პარტია – „ერთიანი ეროვნულ მოძრაობა“, რომელსაც სერიოზული საინფორმაციო რესურსები აქვს, შესაშური კომპეტენტურობითა და ოპერატიულობით გამოირჩევა, თან აგრესიულად მოქმედებს. „ამასთან, ქვეყანაში ჯერაც ვერ მოხერხდა მესამე გავლენიანი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, მოსახლეობა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ისევ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალების“ მომხრეებად იყოფა. თუ ძალთა ამჟამინდელი განლაგება არ შეიცვლება, ელექტორატს არჩევანის გაკეთება კვლავ „მეოცნებეებსა“ და „ნაციონალებს“ შორის მოუწევს… არავინ იცის, შეინარჩუნებს თუ არა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას“, – განაცხადა ალექსანდრე რუსეცკიმ.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 15 იანვარი, 2015 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=76837

სომხები საქართველოზე გადაერთვნენ

აზერბაიჯანელი ექსპერტის აზრით, სომხური სეპარატიზმი ღრმავდება

ჯამილია ალეკპეროვა

(შემოკლებით)

„საქართველოში ბოლო დროს სომხური სეპარატიზმი ძალას იკრებს. ერთ-ერთი „პოლიტპატიმარი“, ციხიდან გათავისუფლებული ვააგნ ჩახალიანი მთავარი სეპარატისტია. გარდა ამისა, საქართველოში არსებული სომხურ სეპარატიზმს მხარს თვით სომხეთი უჭერს. ამ ანტიქართულ დესტრუქციულ ქმედებაში თავისი წვლილი შეაქვს ევროპის სომხების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს გასპარ კარაპეტიანს. იგი საქართველოში ამას წინათ იყო ჩასული, შეხვდა ქვეყნის ხელმძღვანელებს, აგრეთვე სომეხ სეპარატისტებს..

საქართველოს სომხებმი მიხვდნენ, რომ ქვეყნის სათავეში მყოფ ზოგიერთ პიროვნებას საქართველოს ბედი საერთოდ არ აინტერესებს და სიტუაციის გამოყენებას შეეცადნენ. თუ სომხური სეპარატიზმი კიდევ უფრო გაღრმავდება, მაშინ საქმეში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელები ჩაერევიან, საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით, მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებითაა დაინტერესებული“, – განაცხადა „ექოს“ კორესპონდენტთან საუბარში პოლიტიკური ინოვაციების ცენტრის დირექტორმა მუბარიზ აჰმედოღლუმ.

პოლიტოლოგის თქმით, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ქართულმა ეპარქიამ წამოსწია საკითხი, რომ ყველა ეკლესია, რომლებიც საქართველოს გასაბჭოებამდე სომხებს ეკუთვნოდათ, მათ უნდა დაუბრუნდეთ. „ამ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებს სომხური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესი“. სომხები გრძნობენ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისათვის არ მუშაობს, ხელისუფლების წარმომადგენლები სულაც არ დარდობენ სახელმწიფოს განმტკიცებაზე, ჰოდა, სომხებმაც გადაწყვიტეს შექმნილი მომენტი თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ“, – განაცხადა მუბარიზ აჰმედოღლუმ.

«ТАСС» (რუსეთი), 15 იანვარი, 2015 წელი

http://tass.ru/mezhdunarodnaya-panorama/1697811

ალექსანდრე ვერშბოუ: ნატო ადასტურებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების იდეისადმი ერთგულებას

ალექსანდრ შიშლო, ბრიუსელი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ადასტურებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების იდეისადმი ერთგულებას, – ამის შესახებ განაცხადა ამ სამხედრო ბლოკის გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ ბრიუსელში, საქართველო-ნატოს კომისიის სხდომაზე, რომელშიც ელჩები მონაწილეობდნენ.

„ნატო სრულიად მხარს უჭერს საქართველოს ნატოში სამომავლო გაწევრიანებას. არსებობს ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სწრაფვას ალიანსისაკენ“, – თქვა ნატოს გენმდივნის მოადგილემ. კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღო აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ.

ალექსანდრ ვერშბოუს შეფასებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თბილისთან, ავღანური მისიის გათვალისწინებით, „მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები და ძალთა შეთავსობითობის მაღალი დონე აკავშირებს“.

Comments are closed