globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 15 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 15th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ენერგეტიკული იძულება // საქართველო რუსულ „გაზპრომსა“ და აზერბაიჯანულ „სოკარს“ შორის

«Politiken» (დანია): გავისეირნოთ აფხაზეთში – ძველ საბჭოურ სამოთხეში, სადაც მშვენიერი პლაჟებია და სოციალისტური არქიტექტურა მეფობს

«Одесская жизнь» (უკრაინა): რა ელოდება უკრაინას 2016 წელს: პერსპექტივა მიხეილ სააკაშვილისათვის

——————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 იანვარი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/energy-independence-georgia/3145832.html

ენერგეტიკული იძულება

საქართველო რუსულ „გაზპრომსა“ და აზერბაიჯანულ „სოკარს“ შორის

ნინო დალაქიშვილი

საქართველოს ერენგოუსაფრთხოების საკითხის შესახებ უკანასკნელი თვეების განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ. ბოლო დღეებში კი ამ თემის ირგვლივ ბუნდოვანებამ პიკს მიაღწია და ენერგეტიკის მინისტრს ამჯერად მოუწია უკარებას პოზიცია ოდნავ დაეთმო, ექსპერტებსა და სამოქალაქო სექტორის ზოგიერთ წარმომადგენელს შეხვედროდა და რამდენიმე კითხვაზეც ეპასუხა. ამის მიუხედავად, დღემდე ბუნდოვანებითაა მოცული, რა მიზანს ისახავდა ენერგეტიკის სამინისტროს თავგამოდებული მცდელობა საზოგადოების თვალისგან ინკოგნიტოდ ეწარმოებინა მოლაპარაკებები რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ და გაესაიდუმლოებინა, არათუ შეხვედრის შინაარსი, არამედ თავად ფაქტიც.

ამ დროისთვის ცნობილია ის, რომ 2012 წელთან შედარებით საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება 35-38 პროცენტით გაიზარდა. როგორ მინისტრი კახა კალაძე ამბობს, საქართველოში გაზის მოხმარება ყოველწლიურად 2 მილიარდ 500 000-სს შეადგენს. აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის მოცულობა კი ამ დროისთვის 6 მილიონი კუბური მეტრია. „2012-წელთან შედარებით მოთხოვნა 35-38 პროცენტითაა გაზრდილი. ფიზიკურად, ჩვენ ვერ ვიღებთ დამატებით მოცულობას ამ მილსადენიდან, რომლითაც სოკარი ბუნებრივ აირს აწვდის საქართველოს. ესაა 6 მლნ კუბური მეტრის მოცულობა, რასაც ის ატარებს, მეტის ტრანსფერი ფიზიკურად შეუძლებელია“, – აცხადებს კახა კალაძე, ენერგეტიკის მინისტრი.

„სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდუალევი თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა, შეხვდა პრემიერსა და ენერგეტიკის მინისტრს, რის შემდეგაც, კომპანიის ქართული ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა, რომ სოკარი ბუნებრივი აირის მოწოდების გაზრდას 7 მილიონ კუბურ მეტრამდე შეძლებს.

“ამერიკის ხმასთან” ჯიპას პროფესორმა, პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ ისაუბრა. იგი უშუალოდ ესწრებოდა შეხვედრას ენერგეტიკის მინისტთან. მისი თქმით, „როდესაც გიმალავენ, არ გეუბნებიან და მოლაპარაკებებს აწარმოებენ ჩუმად, ეს აჩენს პრობლემას და ბადებს კითხვებს. როდესაც შევხვდით ენერგეტიკის მინისტრს, იქ მხოლოდ კახა კალაძე არ ყოფილა. იქ იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც დიდი ხანია ენერგეტიკის სფეროში მუშაობენ და ვისაც ვენდობი. მათ თქვეს, რომ არის გარკვეული პრობლემები, რაზეც მიდის მუშაობა და პრინციპში, თუ მოხდება შეთანხმება „გაზპრომთან“, ეს დრამატულად არ გაზრდის „გაზპრომზე“ დამოკიდებულებას. ეს იყო და ეს. მე დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება: ჩემი ვარაუდით, ჩვენი მთავრობა მიიჩნევს, რომ „სოკარს“ აქვს ზედმეტად დიდი ფასი კომერციული ობიექტებისთვის. მოსახლეობა, როგორც ვიცით, შეღავათიანი ფასით სარგებლობს და ამიტომ ცდილობენ დააკლებინონ ღირებულება კომერციული ობიექტებისთვისაც. ამიტომაც შემოჰყავთ „გაზპრომი“, როგორც ალტერნატივა. „გაზპრომი“ უფრო იაფად სთავაზობს ბუნებრივ აირს კომერციულ ობიექტებს.

ჩემი ვარაუდით, არაა გამორიცხული, რომ მისი შემოყვანით, შესაძლოა მოხდეს ზეწოლა „სოკარზე“ და მან ფასი დასწიოს. მე მგონი, ამაზეა საუბარი. მე რომ მკითხოთ, ესეც ბადებს კითხვის ნიშნებს, რადგან საქმე ეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას, რომელიც შეიძლება გაფუჭდეს ამ ვაჭრობის გამო. შეხვედრა საჭირო იყო, რადგან თუმცა სამინისტროსგან ამ ლოგიკით, სხვა თუ არაფერი, ის მაინც გავიგე, რა ხდება. როცა მთავრობის მხრიდან კეთდებოდა ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები, ბუნებრივია, ეს კითხვებს აჩენდა და წარმოქმნიდა ძალიან სერიოზულ პრობლემას“.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ონიანი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობის გაღრმავება მისი არასანდო პარტნიორობის ისტორიიდან გამომდინარე, უსაფრთხო არაა.  „არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შესახებ. სწორედ აქედან წარმოიშვა ის კითხვები, რაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს და მათ შორის ჩვენც გვქონდა. რადგან კარგად გვახსოვს ის საფრთხე, რის მატარებელიცაა „გაზპრომთან“ ურთიერთობა. 2006 წელს, როდესაც გაზის მოწოდების ფასი გაორმაგდა საქართველოსთვის, ყველას კარგად გვახსოვს. ჩვენ ვფიქრობთ, „გაზპრომთან“ ერთიერთობა ამ მხრივაც სარისკოა.

მეორე ასპექტიც აქვს ამ ყველაფერს: რუსეთი კვლავ რჩება საქართველოს ოკუპანტ ქვეყნად, მას საქართველოს მეხუთედზე მეტი აქვს ოკუპირებული. ამ პირობებში რუსეთის სახელმწიფო კომპანიასთან საქმის დაჭერა და მისთვის გარკვეული ფინანსური სარგებლის მიცემა სარისკოა, ამის აწონ-დაწონვაც მნიშვნელოვანია“, – ამბობს გიორგი ონიანი.

საქართველოს აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის გაზრდილი რაოდენობის მიღების შესაძლებლობა 2019 წლამდე არ ექნება. ამ დროისთვის კი შაჰდენიზის მეორე ფაზის მშენებლობა დასრულდება, რაც ახალ წყაროებს გახსნის. მანამდე არსებული დეფიციტის უზრუნველყოფისთვის კი სამი ვარიანტია: კომპრესორების მოწყობა, გაზსაცავის მშენებლობა, რაც 2016 წელსაა დაგეგმილი და რუსეთიდან გაზის შესყიდვა, რომლის ფასიც პოლიტიკური იქნება თუ საბაზრო, კომერციაზე სულაც არაა დამოკიდებული.

«Politiken» (დანია), 14 იანვარი, 2016 წელი

http://politiken.dk/rejser/storbyogkultur/ECE2986045/tag-med-til-sovjetunionens-gamle-ferieparadis/

გავისეირნოთ აფხაზეთში – ძველ საბჭოურ სამოთხეში, სადაც მშვენიერი პლაჟებია და სოციალისტური არქიტექტურა მეფობს

სტატიაში გადმოცემულია აფხაზეთის მდგომარეობა: ვრცლადაა აღწერილი ბუნება, ხალხური ტრადიციები, სოციალიზმის ეპოქის ნაშთები, ტურიზმის განვითარების პერსპექტივა და ა.შ. (ავტორი – იენს მალინგი).

შავი ზღვის ნაპირიდან კავკასიის მთები მუქ-ლურჯ კედელს მოგვაგონებს. მყინვარები მთებიდან ქვემოთ თეთრი ენების სახით ეშვებიან. მწვერვალები ღრუბლებში დაცურავენ და გგონია, რომ აფხაზეთი ცასა და მიწას შორის დნება… თოვლიანი მწვერვალების ქვეშ კი, სულ რამდენიმე კილომეტრში, 30 გრადუსიანი პლაჟებია, პალმების ჩრდილქვეშ. სამოთხის მსგავსი ცხოვრების იდეა თუ ვინმეს მოუვა, აქ უნდა განახორციელოს“, – წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში აფხაზეთს მართლაც სამოთხეს უწოდებდნენ: „მილიონობით საბჭოთა მოქალაქე ოცნებობდა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ჩასულიყო აფხაზეთში… ოცნებობდნენ ციმბირის ქალაქების მუშებიც, სადაც წელიწადში თერთმეტი თვე ზამთარია – მათთვის აფხაზეთი მართლაც სამოთხე იყო. აქ უამრავი სანატორიუმი მოქმედებდა, სადაც ჯანმრთელობას მუშებთან ერთად, კოლმეურეებიც იკაჟებდნენ. აფხაზეთში ისვენებდნენ საბჭოთა ინტელიგენციის წარმომადგენლები და პარტიული მუშაკები თხუთმეტი მოკავშირე რესპუბლიკიდან“. პუბლიკაციაში აღწერილია სოხუმის დასასვენებელი სახლები, მათ შორის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს („წითელია არმიის“) სანატორიუმი.

„აფხაზეთში სოციალისტური კლასიციზმის ამსახველი არქიტექტურა დომინირებს, ბევრია 1930-იან – 1940-იან წლებში აგებული მონემენტური ფორმის შენობები. „წითელი არმიის სანატორიუმს დიდი „კორინთოული კოლონები (სვეტები) ამშვენებს… იქვეა კონუსური ფორმის მქონე კვიპაროსები. სოხუმის ყურის ნაპირზე, ბულვარში უამრავი რუსი ტურისტი დადის, აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია საბჭოური დროის თეთრი ბალუსტრადები. პარკებში ძალიან ბევრია ქანდაკებები, რომლებიც გარეგნულად ანტიკურ ქმნილებებს ჰგავნან, მაგრამ ტოგისა და მშვილ-სირის გარეშე, სპორტული ტანსაცმლით არიან მოსილნი. ესეც საბჭოური ეპოქის გადმონაშთია“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში ავტორი ყურადღებას ამახვილებს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც, რომელმაც ნგრევა 1991 წელს დაიწყო: „საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე თვეც არ იყო გასული, რომ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებსა და აფხაზებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. სოხუმში შენობებს დღესაც ატყვიათ ტყვიების კვალი… აფხაზეთმა საქართველოსაგან დამოუკიდებლობა 1993 წელს მოიპოვა, მაგრამ ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლის ფასად. სამოქალაქო ომის ჭრილობები აფხაზებს თავს 20 წლის შემდეგაც ახსენებენ: აი, გავერანებული საცურაო აუზი, ტენისის გაუდაბურებული კორტი… არავის ახსოვს, როდის გაიმართა აქ უკანასკნელი სპორტული თამაში… კლასიკური სტილით ნაგები საბჭოთა იმპერიის დროინდელი შენობები დაბზარულია, სარკმელებში მინებია ჩამსხვრეული“.

აფხაზეთის ტურისტული ინფრასტრუქტურა ფაქტიურად განადგურებულია. მართალია, რუსეთიდან ბევრი ტურისტი ჩადის, მაგრამ ძველი საკურორტო ბრწყინვალების აღდგენამდე ჯერ კიდევ შორია. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა დარწმუნებულია, რომ  აფხაზეთს წინ კარგი პერსპექტივა ელოდება: „მციირეოდენი საერთაშორისო დახმარების შედეგადაც კი აფხაზეთი შეიძლება აყვავებულ რეგიონად გადაიქცეს – ვთქვათ, შავი ზღვის მონაკოდ… ჩვენთან ამისთვის ძალიან კარგი პირობებია – მშვენიერი ბუნება, სუბტროპიკული კლიმატი, მომხიბლავი მთები… ჩვენ ყველაფერი გვაქვს განვითარებისათვის. 2014 წელს აფხაზეთმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა, 2015 წლის შედეგებით კი უფრო მეტი უნდა იყოს“, – ამბობს გაზეთის ჟურნალისტთან საუბარში ვიაჩესლავ ჩირიკბა.

სამინისტროს შენობის მიღმა მდებარე ქუჩა და კაფეები რუსი ტურისტებითაა სავსე, ისმის რუსული სიმღერები… რუსეთის მოქალაქეებს დაკარგული სამოთხე დაუბრუნდათ.

«Одесская жизнь» (უკრაინა), 14 იანვარი, 2016 წელი

http://odessa-life.od.ua/article/6419-Chto-zhdet-Ukrainu-v-2016-godu-po-mneniyu-politologov-i-ekonomistov

რა ელოდება უკრაინას 2016 წელს: პერსპექტივა მიხეილ სააკაშვილისათვის

უკრაინის მასმედიაში, კერძოდ კი ოდესის პრესაში გავრცელდა პროგნოზები 2016 წლისათვის: რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, შესაძლებელია თუ არა ხელისუფლების შეცვლა, რომელი პოლიტიკოსი მიაღწევს წარმატებებს და ა.შ.

გაზეთ „ოდესსკაია ჟიზნ“-ის ჟურნალისტმა სერგეი იშენკომ ექსპერტთა თვალსაზრისები შეაგროვა.

გთავაზობთ ამონარიდს:

ოდესის გუბერნატორის პერსპექტივა

ექსპერტთა უმრავლესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ 2016 წელს ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. პოლიტოლოგთა შეფასებით, საქარველოს ყოფილი პრეზიდენტი ერთი ოლქის ჩარჩოებში თავს ძალიან ვიწროდ გრძნობს. გასული წლის ბოლოს ორი ანტიკორუფციული ფორუმის ჩატარება და მოძრაობა „უკრაინის გაწმენდისათვის“ ჩამოყალიბება იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს სერიოზული განზრახვა აქვს აქტიური მონაწილეობა მიიღოს საერთოეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში. [შესაძლოა მან პოლიტიკური პარტიაც შექმნას].

პრაქტიკულად ყველა ექსპერტი ამბობს, რომ ვერხოვნა რადას ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის „სავარაუდო-პირობით“ პარტიას პარლამენტში დეპუტატთა გარკვეული რაოდენობა უზრუნველყოფილი ექნება, მაგრამ, ოდესის ოლქის გუბერნატორის პოპულარობის მიუხედავად, უმრავლესობას მაინც ვერ მოიპოვებს. მით უმეტეს, რომ თვითონ მიხეილ სააკაშვილს არჩევა პარლამენტში შეუძლებელია: უკრაინის კონსტიტუცია მას ამის უფლებას არ აძლევს, რადგან საქართველოს ექს-პრეზიდენტს ქვეყნის ტერიტორიაზე მინიმუმ ხუთი წლის უწყვეტი ცხოვრების სტაჟი არ აქვს.

ამასთან, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილმა სამთავრობო თანამდებობა მიიღოს – თვით პრემიერ-მინისტრის პოსტის ჩათვლით, თუმცა პოლიტოლოგები თვლიან, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორის პრემიერად დანიშვნის ალბათობის დონე ძალიან დაბალია და ამ ვარაუდს სკეპტიკურად უყურებენ. ექსპერტების აზრით, მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელად დანიშვნაში ხელს შეუშლის ზედმეტი რადიკალიზმი, ჯიუტობა, [გადაჭარბებული] დამოუკიდებელობა. „იგი ეფექტური კი არის, მაგრამ ეფექტიანი თუ იქნება?“, – ასეთი კითხვა დასვა პოლიტოლოგმა ალექსი გარანმა ჟურნალისტთან საუბრისას.

———-

გუშინ, 14 იანვარს, კიევში გამართულ 2015 წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა: „იგი მე მოვიწვიე უკრაინაში რადგან მას უკვე 30 წელია ვიცნობ. თქვენ იცით, რომ ჩვენ ერთად ვსწავლობდით, მე მიხეილ სააკაშვილზე ერთი კურსით წინ ვიყავი, თუმცა ავტორიტეტი მქონდა – წარმატებული სწავლით დაწყებული და სპორტით დამთავრებული… ჰოდა, მე მოვიწვიე მიხეილ სააკაშვილი, ეკა ზღულაძე, დავით საყვარელიძე, ხატია დეკანოიძე და სხვები. ამაზე ერთი წამითაც არ ვნანობ. მიმაჩნია, რომ შეცდომებს მხოლოდ ის არ უშვებს, ვინც არ სცდება, ჩვენ კი ისეთი ჭაობი შევარყიეთ, ისეთი რამ ამოვჩიჩქნეთ, რომ ახლა რეფორმების გატარება უფრო ადვილია. თუმცა, ცხადია, ჩემთვის ნაკლოვანებებიც ცნობილია“.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა: „მიხეილ სააკაშვილში მე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ვერანაირ საფრთხე ვერ ვხედავ“. როგორც პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი მან ოდესის გუბერნატორად მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დანიშნა, მანამდე კი იგი უცხოელი მრჩევლის რანგში მუშაობდა. „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილს თავისი კაბინეტი შეუნარჩუნდა“, – თქვა  პეტრო პოროშენკომ (წყარო: http://www.pravda.com.ua/rus/news/2016/01/14/7095412/).

———

კიდევ ერთი ახალი ამბავი, რომელიც უკრაინულმა და აზერბაიჯანულმა მასმედიამ გაავრცელა: გუშინ ბაქოში ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტს – ოქმს შეღავათიანი კონკურენტუნარიანი ტარიფების დაწესებას ტვირთების გადაზიდვის სფეროში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრასპორტო დერეფნის მეშვეობით. ოქმს ხელი მოაწერეს უკრაინის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების ხელმძღვანელებმა ალექსანდრ ზავგოროდნიმ, მამუკა ბახტაძემ, ჯავიდ გურბამოვმა და ასკარ მამინმა. დოკუმნეტის პირობების რეალიზება ხელს შეუწყობს ტვირთების მოცულობის მატებას და მათი გადაზიდვის დაჩქარებას „აბრეშუმის გზის“ პროექტის“ ჩარჩოებში (წყარო: www.trend.az/business/economy/2480543.html).

Comments are closed