«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკელი ექსპერტები: საქართველო რუსეთის ზეწოლას ვერ გადალახავს
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): თბილისი-თეირანი: მეორე რაუნდი?
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 თებერვალი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/koffman-vatanka-on-geo-nato-and-clapper/3190264.html
ამერიკელი ექსპერტები: საქართველო რუსეთის ზეწოლას ვერ გადალახავს
ანა კალანდაძე, ვაშინგტონი
ამერიკელი ანალიტიკოსები მაიკლ კოფმანი და ალექს ვატანკა აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის დირექტორის ჯეიმს კლაპერის აშშ-ის სენატში გაკეთებულ განცხადებებს და ნატოს მომდევნო, ვარშავის სამიტს აფასებენ. გასულ კვირას ჯეიმს კლაპერმა სენატში ყოველწლიური მოხსენებისას მსოფლიო საფრთხეების შესახებ ისაუბრა. საქართველოსთან დაკავშირებით, ყველაზე ხმამაღალი განცხადება ქვეყნის პოლიტიკური კურსის რუსეთის გავლენით შესაძლო ცვლილებას შეეხებოდა. ამ განცხადებას ანალოგიურად ხმაურიანი და აქტიური გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების და საექსპერტო წრეების მხრიდან.
მაიკლ კოფმანი ვაშინგტონში მდებარე კენანის ინსტიტუტის მკვლევარია. მასთან შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტიდან და როგორ უნდა გაიგონ ქართველმა ლიდერებმა აშშ-ის დაზვერვის ეროვნული სამსახურის დირექტორის ჯეიმს კლაპერის განცხადება საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით.
მაიკლ კოფმანი: საქართველო გარკვეულ სიგნალებს ეძებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მას სამოქმედო გეგმას მიანიჭებს ( “მაპი”) რაც, როგორც იცით, ალიანსში მიწვევას ნიშნავს. ეს საკმაოდ არარეალური სცენარია ახლო პერსპექტივაში. ნაცვლად ამისა, საქართველოსთვის ნატო ცდილობს ინტეგრაციის სხვა საშუალებები წამოსწიოს წინ და ეს ქვეყანა უფრო მნიშვნელოვანი შეღავათებით (“ბენეფიტები”) უზრუნველყოს, რაც, ერთგვარად, იქნება მიდგომის- “გაერთიანება, ფაქტობრივი გაერთიანების გარეშე” ასახვა.
კითხვაზე, იყო თუ არა ჯეიმს კლაპერის განცხადება ერთგვარი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ მან მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს, თუ რეკომენდაცია აშშ-ის მთავრობისადმი უფრო მეტად იაქტიუროს რეგიონში რუსული გავლენების გასანეიტრალებლად, მაიკლ კოფმანი ამბობს, რომ ჯეიმს კლაპერის მიერ სენატში გაკეთებული ყოველწლიური მოხსენება არაფერს მსგავს არ გულისხმობდა:
„მას არაფერი ასეთი არ ჰქონია მხედველობაში. ჯეიმს კლაპერმა ივარაუდა, რომ იმდენად, რამდენადაც ნატოში გაწევრიანების პერსპექტივით საქართველოს მოსახლეობა იმედგაცრუე-ბულია, ფაქტობრივად საქართველო, მომავალში, შესაძლებელია შეუდგეს დასავლეთთან ინტეგრაციის საპირისპირო გზას და ერთადერთი ალტერნატიული ორბიტა აქ მხოლოდ რუსული ორბიტაა. რუსეთის გავლენა და ზეწოლის საშუალებები მეზობელ საქართველოზე საკმაოდ ძლიერია. კლაპერმაც სწორედ ეს იგულისხმა, რომ თავის დროზე, რუსეთს იქ გავლენის სრული აღდგენა არ გაუჭირდება“, – ამბობს მაიკლ კოფმანი.
ვაშინგტონში დაფუძნებული ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის წამყვანი ანალიტიკოსი ალექს ვატანკა თვლის, რომ დღესდღეობით მსოფლიოში ბევრი ადამიანია, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა საკმარისს არ აკეთებს მათი ქვეყნებისთვის, და სავარაუდოდ, საქართველოშიც მეტ საჭიროებას ხედავენ აშშ აქტიურად ჩაერიოს რუსული გავლენების აღკვეთის საქმეში. ალექს ვატანკას თქმით, ჯეიმს კლაპერის განცხადება ამ რეალობის წარმოჩენას გულისხმობდა:
“ანალოგიური აღქმა არსებობს, სავარაუდოდ, რუსეთის სხვა მეზობელ მცირე სახელმწიფოებშიც. თუმცა ფუნდამენტური პასუხი ისევ ამერიკის საგარეო პოლიტიკაშია და იმაში, თუ როგორ ავლენს ის საკუთარ ძალაუფლებას მსოფლიოში. პრეზიდენტ ობამას პოზიციაა, რომ ძლიერების წარმოსაჩენად საჭირო არ არის ყველგან სამხედრო ძალით მოახდინო ინტერვენცია. ამის ნათელი დადასტურებაა ამერიკის მონაწილეობა, ან როგორც ბევრი იტყვის-მონაწილეობის ნაკლებობა-უკრაინაში. რაც შეეხება საქართველოს: ეს არის ქვეყანა, რომელიც დასავლეთისა და პერიოდულად, რუსეთის გავლენების ქვეშ ექცევა. ვფიქრობ, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ საქართველოზე მეტი ზეწოლა მიიტანოს, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ამის გადალახვა და დაძლევა. მიზეზი მარტივია: აშშ ომს არ დაიწყებს საქართველოში ვლადიმირ პუტინთან. იმ დრომდე, სანამ ამერიკის ხელისუფლების სათავეში ბარაკ ობამაა, ეს მიდგომა დარჩება. არ ვიცი, შესაძლოა უფრო მეტი კონცენტრირება გამოიჩინოს ამერიკის მომავალმა ადმინისტრაციამ. მაგრამ ამ ეტაპზე რუსეთი ფაქტობრივად მიშვებულია გააკეთოს ის, რაც მის ინტერესებს ემსახურება სამხრეთ კავკასიაში“, – ამბობს ალექს ვატანკა.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 თებერვალი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/georgia-nato-by-alex-vatanka/3191185.html
თბილისი-თეირანი: მეორე რაუნდი?
ანა კალანდაძე, ვაშინგტონი
გასულ კვირას თბილისსა და თეირანში კიდევ ერთხელ გაიჟღერა თემამ საქართველოსა და ირანის ურთიერთობების გააქტიურების შესახებ. საქართველოსა და ირანში პირველადი გამოხმაურება დადებითია, მითუმეტეს მაშინ, როცა ირანსა და ევროკავშირს შორის მიღწეული ბირთვული შეთანხმება რეგიონული ურთიერთობების გააქტიურების მეტ პერსპექტივას აჩენს.როგორ აღიქვამენ ამ საწყისს დისკუსიებს ვაშინგტონში, და კერძოდ, ანალიტიკურ წრეებში.
რაუნდი მეორე – ასე აღიქვამს ვაშინგტონელი ანალიტიკოსი ალექს ვატანკა გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოსა და ირანს შორისსავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. წარმოშობით ირანელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ თეირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმება რეგიონული ურთიერთობების წახალისების საშუალებას იძლევა. თუმცა რამდენ ხანს გასტანს მეორე რაუნდი, ვატანკამ არ იცის.
ალექს ვატანკა, ახლო-აღმოსავლეთის ინსტიტუტი: საქართველო ირანის ერთერთი ახლო მეზობელია, 1991 წლიდან დაწყებული ორივე ქვეყანას სურდა ორმხრივი კავშირების გააქტიურება და ეს გასაგებია, ანალოგიური სურვილი იყო და მომავალშიც იქნება. რამდენიმე წლის წინ საქართველომ აშშ-სთან სტრატეგიული კავშირი არჩია თეირანთან ურთიერთობებს, რაც გასაგები ფენომენია გეოსტრატეგიული გადასახედიდან. ვაშინგტონის მაშინდელი პოლიტიკა ირანის იზოლაციას ისახავდა მიზნად და საქართველო აქ მარტო არ იყო: ასეთივე არჩევანი გააკეთა ირანის 15მა მეზობელმა სახელმწიფომ. მაგრამ ახლა ვითარება განსხვავებულია, ბირთვული შეთანხმება მიღწეულია და თუმცა მისი ჩავარდნის რისკი არსებობს, ის მინიმალურია. შესაბამისად, აღარც ვაშინგტონი აწესებს სანქციებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც ირანთან ვაჭრობენ და აღარც ბლოკავს მათ. დღევანდელი ირანი არ არის მაჰმუდ აჰმადინეჟადის ირანი, პრეზიდენტი როჰანი მოწადინებულია ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის გასაზრდელად, ის ვენესუელასა და აფრიკაში არ მოგზაურობს, არამედ რეგიონზე, და ევროკავშირზეა აქცენტირებული კონკრეტული შესაძლებლობების გამოსანახად.
ვფიქრობ, ის, თუ რა კონკრეტული სავაჭრო და ეკონომიკური შესაძლებლობები მოჰყვება საქართველო-ირანის მოლაპარაკებებს, ამას დრო აჩვენებს.
ექსპერტის თქმით, როჰანის ხელისუფლებას საქართველოში, სავარაუდოდ, ორი მიზანი ამოძრავებს. პირველი – თბილისთან ურთიერთობა საერთაშორისო იმიჯის გაჯანსაღების ნაწილია. და მეორე – როჰანი, საკუთარი მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ფიქრობს და საქართველო, შესაძლოა, ირანული პროდუქციის ევროპაში ტრანზიტისთვის გამოიყენოს.
ალექს ვატანკა: ახლა, როგორც მოვისმინე, თბილისი და თეირანი დაინტერესებულები არიან მოლაპარაკებები სხვადასხვა სფეროში წარმართონ. ლაპარაკია ქართული წყლის ირანში გატანაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე, გაზის თემამ და საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულ მარშრუტად გამოყენებამაც გაიჟღერა. საქართველო ორ ძლიერ სახელმწიფოს-ირანსა და რუსეთს შორის არის, მას მუდმივად უწევს გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინება პრობლემების მოსაგვარებლად. რამდენიმე წლის წინ, საქართველო ირანისთვის ერთგვარი ჩრდილოეთის დუბაი გახდა, გაიზარდა ტურიზმი და პროდუქციით ვაჭრობა, ეს ყველაფერი საერთაშორისო ზეწოლამდე, ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება მოვლენები.
“ირანისა და საქართველოს ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის. კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით პირველი ნაბიჯი იქნება,” აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
ამერიკელი ექსპერტი ფიქრობს, რომ ორმხრივი კავშირების წარმატება კონკრეტულ წინადადებებსა და ახალ შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული.