globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 15 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 15th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი): მოძღვარზე ხელი აღმართეს?! // ვის არ აწყობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკა საქართველოში საბრძოლო მომზადების ახალ ცენტრს ხსნის

«Iran Russian Radio – Pars Today // ირანის რუსული რადიო» (ირანი): აშშ-ის გელაპის ინსტიტუტმა ნატოსთან თანამშრომლობის თაობაზე კავკასიელი ხალხების აზრი გაიგო: ქართველთა და აზერბაიჯანელთა უმრავლესობა თვლის, რომ ნატო მათ უსაფრთხოებას ვერ დაიცავს

—————–

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 14 თებერვალი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

მოძღვარზე ხელი აღმართეს?!

ვის არ აწყობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი?

სტატიაში მიმოხილულია ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარი მთავარი ამბები – კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოწამვლის მცდელობა, ეჭვმიტანილის დაკავება და ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებები, კომენტარები და ა.შ. (ავტორი – რაუფ ტოფიკოღლუ).

პუბლიკაციაში გადმოცემულია კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა (რომელიც გერმანიაში მკურნალობს), ყურადღება ეთმობა დეკანოზ გიორგი მამალაძის პიროვნებასა და მის მიერ დაგეგმილ ქმედებაზე (პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით).

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამჟამად ილია II-ის ჯანმრთელობასა და მდგომარეობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის უსაფრთხოებას საიმედოდაა დაცული.

„რასაკვირველია, საქართველოში მომხდარი ამბები ბევრ კითხვას იწვევს, არის  მითქმა-მოთქმა, ვარაუდები, პროგნოზები… მაგალითად, ცნობილმა ქართველმა პოლიტოლოგმა გელა ვასაძემ თავის ფეისბუქ-გვერდზე ასეთი თვალსაზრისი გამოხატა: „ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ პატრიარქის ტახტისათვის ბრძოლა გადამწყვეტ სტადიაში შევიდა, თანაც ამ ყველაფერს უწმინდესის ჯანმრთელობასთან საკმაოდ პირობითი დამოკიდებულება აქვს“.

ცხადია, ჩვენთვის საინტერესოა, ვის, რით და რატომ უნდა უშლიდეს ხელს ღრმად მოხუცებული ილია II? რამდენად მნიშვნელოვანია პატრიარქის პოზიცია საზოგადოებაში ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების დროს და რამდენადაა დასაშვები მისი მოწამვლის ალბათობა?

გაზეთ „კასპიის“ კითხვებზე პასუხისას, გელა ვასაძემ, კერძოდ, აღნიშნა:

„როგორც გარედან დაკვირვებით ჩანს, საპატრიარქოში მოქმედი ერთი დაჯგუფება მეორის შევიწროვებას ცდილობს და გამორიცხული არაა, რომ მას ამასი ხელისუფლება ეხმარება. თუმცა, ვიმეორებ, ეს მხოლოდ გარედან ჩანს ასე“.

კიდევ ერთმა ცნობილმა ქართველმა ექსპერტმა თენგიზ აბლოთიამ „კასპიი“-სთან საუბრისას თქვა, რომ მისი აზრით, დაწყებული ხმაური და აჟიოტაჟი სისულელეა:

„არანაირი მოწამვლის მცდელობა არ ყოფილა. მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი გამოგონილი ამბავია. არავის არ ემზადებოდა პატრარქის მოსაწამლად, რუსებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. რუსეთს ჩვენი პატრიარქი ძალიანაც აწყობს – ილია II-ის ავტორიტეტით კარგად სარგებლობს ქსენოფობთა ბანდა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. მოსკოვისათვის პატრიარქის შეცვლა მომგებიანი არ არის. რატომ? იმიტომ, რომ შეიძლება ილია II-ის ადგილზე ვიღაც ნაკლებად პოპულარული ანაფორიანი ფაშისტი მოვიდეს, რაც ეკლესიის ავტორიტეტს დაბლა დასწევს. ეკლესიის ავტორიტეტის დაცემა კი რუსეთისათვის ბერკეტის დაკარგვას ნიშნავს – ბერკეტისა, რომელიც საქართველოში მოსკოვის „რბილი ძალის“ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ასე რომ, მე მოწამვლას გამოვრიცხავ, ეს ბოდვაა. ეკლესიის შიგნით რა ხდება, ამის თქმა ნამდვილად არ შემიძლია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძალიან დახურული კანტორაა“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 თებერვალი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/us-to-build-new-training-base-in-georgia/3723690.html

ამერიკა საქართველოში საბრძოლო მომზადების ახალ ცენტრს ხსნის

ზაზა წულაძე

საქართველოს ტერიტორიაზე, ევროპაში აშშ-ს არმიის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრის (JMRC) მსგავსი, სასწავლო საბრძოლო ბაზის მშენებლობას, მიმდინარე 2017 წელს ჩაეყრება საფუძველი. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომელმაც გასულ კვირას, JMR ცენტრი გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში მოინახულა და ეს თემა აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალთან, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესსთან ერთად განიხილა. გუშინ კი ამ საკითხზე უკვე თბილისში, Cubic Global Defense-ს პრეზიდენტ ბრედ ფედმანს შეხვდა.

ჯერჯერობით, ახალი სასწავლო-საბრძოლო ცენტრის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ცენტრი ჰოჰენფელსის JMRC ბაზასთან შედარებით, უფრო მცირე მასშტაბის იქნება. შესაბამისი აღჭურვილობით კი ქართულ მხარეს Cubic Global Defense ჯგუფი მოამარაგებს. სასწავლო ცენტრის ამოქმედების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილებს აღარ დასჭირდებათ გერმანიაში გამგზავრება და სამშვიდობო მისიებში გადასროლისწინა მომზადების დასკვნით კურსს უკვე სამშობლოში გაივლიან.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამბობს: „ვგეგმავთ მნიშვნელოვანი სასწავლო ცენტრის მშენებლობას. უკვე წელს ჩაეყრება ამას საფუძველი. ბუნებრივია, ამერიკელი მრჩევლების აქტიურობა, მათი ამ წვრთნებში ჩართულობა უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ლაპარაკია ასევე, შესაბამისი აღჭურვილობის შეძენაზე“.

დღემდე მოქმედი პრაქტიკის მიხედვით, სამშვიდობო მისიაში გამგზავრებამდე, შეიარაღებული ძალების ბატალიონები გადასროლისწინა ოთხთვიან შუალედურ სწავლებას საქართველოს სამხედრო ბაზებზე „ალგეთზე“, „კრწანისსა“ და „ვაზიანში“ ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ გადიან, ამის შემდეგ კი, დასკვნითი ერთთვიანი კურსის დასასრულებლად, ქართული ბატალიონების გერმანიაში, ჰოჰენფელსის JMRC ცენტრში გადასროლა ხდება.

ბავარიის მხარეში ამერიკული სამხედრო საწვრთნელი ბაზა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან არსებობს, თუმცა გაერთიანებულ მრავალეროვან მზადყოფნის ცენტრად მხოლოდ 2005 წლიდან გადაიქცა. ჰოჰენფელსის საწვრთნელი ბაზა 163 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული, მოიცავს 1345 საწვრთნელ შენობას, გააჩნია 319 კილომეტრის საწვრთნელი გზა, მათ შორის მძიმე სამხედრო ტექნიკისთვის და მცირე მასშტაბის აეროდრომი.

ავღანეთში ISAF-ის მისიის დაწყების შემდეგ, ჰოჰენფელსის ბაზაზე იმიტირებული ავღანური ქალაქი გაჩნდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები ავღანეთის მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარებას ეუფლებიან და სწავლობენ თალიბების საწინააღმდეგო ოპერაციების წარმოებას. ამჟამად ჰოჰენფელსში, საქართველოს არმიის მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი იმყოფება.

ავღანეთი JMRC-ის მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულებაა. ჰოჰენფელსში მთელი წლის მანძილზე, ამერიკელი ინსტრუქტორების ხელში, ათასობით სხვადასხვა ეროვნების სამხედრო მოსამსახურე გადის მზადებას: მათ შორის, ყოფილი საბჭოთა ბლოკიდან: უკრაინელები, ალბანელები, სერბები, სლოვენიელები და მოლდოველები.

ჰოჰენფელსის საწვრთნელი ბაზის მეთაური, ბრიგადის გენერალი ანტონიო აგუტო, რომელიც მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში მოიწვია, ამბობს, რომ მზად არის მსგავსი საბრძოლო ცენტრის შექმნაში ჩვენ ქვეყანას დახმარება აღმოუჩინოს: „გერმანიაში განთავსებული აშშ-ს მე-7 არმიის წვრთნების სარდლობა მზად არის დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს საქართველოს შეიარაღებული ძალების განათლების სარდლობას საბრძოლო წვრთნების ცენტრის განვითარებაში. მრავალი ჩვენი ოფიცერი, სერჟანტი და ჯარისკაცი მოწადინებულია თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში“.

საქართველოს ტერიტორიაზე ახალი სასწავლო-საბრძოლო ცენტრის მშენებლობა „თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ (Readiness Program of Georgian Armed Forces) ნაწილია, რომელზეც შეთანხმება 2016 წლის ივლისში, თბილისში, სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ვიზიტის დროს შედგა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მანსპიძლობდა ამერიკელ მრჩევლებს, რომლებიც „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის ჯგუფსა“ (DIB) და „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ჯგუფს“ (GDR) წარმოადგენდნენ. მათ შორის იყო Cubic Global Defense, ეს ჯგუფი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 2003 წლიდან უწევს დახმარებას.

«Iran Russian Radio – Pars Today // ირანის რუსული რადიო» (ირანი), 15 თებერვალი, 2017 წელი

http://parstoday.com/ru/news/world-i59758

აშშ-ის გელაპის ინსტიტუტმა ნატოსთან თანამშრომლობის თაობაზე კავკასიელი ხალხების აზრი გაიგო: ქართველებისა და აზერბაიჯანელების უმრავლესობა თვლის, რომ ნატო მათ უსაფრთხოებას ვერ დაიცავს

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ზოგიერთი რესპუბლიკის მთავრობა ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობას ცდილობს, ამ რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ნატოსთან ურთიერთობის წინააღმდეგია.

როგორც აშშ-ის ჯორჯ გელაპის სახელობის საზოგადოებრივი აზრის გამომკვლევი ინსტიტუტის მონაცემებით ირკვევა, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეთა უმრავლესობა თავიათი ქვეყნების ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგნი არიან.

გელაპის ინსტიტუტის გამოკვლევები ცხადყოფს, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობის მხოლოდ 21% მიიჩნევს ნატოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების დამცველად, საქართველოში კი – მხოლოდ 37%. ამასთან, აზერბაიჯანში 16%-მა, ხოლო საქართველოში 8%-მა განაცხადა, რომ ნატო ბაქოსა და თბილისისათვის საფრთხეს წარმოადგენს. სომხეთში მოქალაქეთა მხოლოდ 8% მიიჩნევს, რომ ნატოს ნდობა შეიძლება, 20%-ის აზრით კი, ალიანსს ერევნისთვის მხოლოდ საფრთხის მოტანა შეუძლია.

რადიომსმენელს შევახსენებთ, რომ გელაპის ინსტიტუტი ამერიკული დაწესებულებაა, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში შეიქმნა, საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიზნით. მსოფლიოს ბევრი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ ინსტიტუტის საქმიანობა სავსებით პასუხობს ვაშინგტონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს. ამის მიუხედავად, გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების ხალხები თავიათი სახელმწიფოების ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგნი არიან.

სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან, განსაკუთრებისთ თბილისი და ბაქო, რეგიონის პოლიტიკურ რეალიების იგნორირებით, დიდ ძალისხმევას მიმართავენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის გასაფართოებლად. ნატოს ხელმძღვანელობა, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის დახმარებით, აზერბაიჯანს და საქართველოს ხელს უწყობდა ალიანსთან თანამშრომლობის საქმეში. რაც დრო გადიოდა, მით მეტი წრთვნები ტარდებოდა, მით უფრო მეტი იარაღი ეძლეოდათ, სამხედრო ტექნიკა და ა.შ. სამხედრო თანამშრომლობა პოლიტიკურ მხარდაჭერაშიც ხშირად გამოიხატებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისისა და ბაქოს მთავრობებმა პრესაში ფართო პროპაგანდა გააჩაღეს აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების ნატოსთან ინტეგრირების მიზნით, ამ რესპუბლიკების მოსახლეობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თავიანთ დამცველად მაინც არ მიიჩნევს, პირიქით – გამოკითხულთა უმრავლესობისათვის ნატო მათი ქვეყნების საფრთხეს წარმოადგენს.

Comments are closed