«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): საქართველოს პრემიერმა განკარგულება გასცა პოლიტიკოსის ღირსების შემლახველი ფარულად გადაღებული ვიდეოკადრების გამოძიების შესახებ
«The Wall Street Journal» (აშშ): ისლამური სახელმწიფოს მაღალჩინოსანი აბუ-უმარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, ავიადაბომბვის დროს მიღებული ჭრილობების შედგად გარდაიცვალა
—————–
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი), 15 მარტი, 2016 წელი
http://www.theguardian.com/world/2016/mar/14/georgia-pm-inquiry-videos-sex-tapes-politicians
საქართველოს პრემიერმა განკარგულება გასცა პოლიტიკოსის ღირსების შემლახველი ფარულად გადაღებული ვიდეოკადრების გამოძიების შესახებ
სექსის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენება მოახლოებული არჩევნებში დაშინების მცდელობად აღიქმება
ენდრიუ ნორტი, თბილისიდან
(თავისუფალი თარგმანი)
ქართული საზოგადოება შეძრწუნებულია სექსუალური აქტის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენებით, რომელშიც, სავარაუდოდ, ყოფილი მმართველი და ახლა კი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის სასიყვარულო სცენებია გადმოცემული. ყოველივე ეს დაშინების კამპანიად აღიქმება საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც შემოდგომით, ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. საქართველოს მთავრობამ თხოვნით მიმართ აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს დაეხმაროს ამ ვიდეოკადრების „იუთუბ“-ზე ამტვირთველის ვინაობის დადგენასა და მის მოძებნაში.
გარდა ამისა, ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რომელშიც სავარაუდოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიგურირებდა, YouTube-ზე ანონიმური პირის მიერ მორიგი ვიდეო აიტვირთა, რომელშიც დაუდგენელი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური კადრები იყო ასახული და რომელსაც ასევე მუქარა ახლდა თან. მუქარის ტექსტი პოლიტიკოსებს, მათ შორის ერთ ოპოზიციონერს, და ასევე ჟურნალისტს მოუწოდებდა, რომ მარტის ბოლომდე უარი ეთქვათ საკუთარ პროფესიულ საქმიანობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებას მათაც პირდებოდა. მოგვიანებით ვიდეოკადრები დაიბლოკა.
საქართველოს აქვს ფარულად გადაღებული კადრების საჯაროდ ჩვენების გამოცდილება, როცა ამგვარი ხერხით, არჩევნების წინ, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაშინებასა და სანტაჟს ცდილობდნენ. ამჯერად ქვეყნის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ეს ინციდენტი გამოძიებული იქნება: პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაგმო ვიდეოს გამოქვეყნება და განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შანტაჟის მცდელობას წარმოადგენს. მან ასევე მკაცრი დავალება მისცა უშიშროების სამსახურს სასწრაფოდ გამოიძიოს მომხდარი ფაქტი და დაადგინოს დამნაშავეები.
ასობით ადამიანმი მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომელიც მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა იმ ვიდეოკადრების დაგმობის მიზნით, რომელშიც, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკოსია ასახული იმ სექსუალურ პარტნიორთან შეხვედრისას, რომელიც მისი მეუღლე არ არის. ოპოზიციამ ვიდეოკადრების გამოქვეყნებაში ხელისუფლების მხარდამჭერები დაადანაშაულა, კერძოდ კი მილიარდერი, ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ შექმნა და [გადადგომის მიუხედავად], დღესაც ძლიერ გავლენას ახდენს კოალიციის მოქმედებაზე.
„ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე არაფერი არ ხდება“, – ამბობს დეპუტატი გიორგი კანდელაკი, რომელიც პროდასავლური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია. „ნაციონალები“ და მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს 2012 წლამდე მართავდნენ.
იუსიტიციის მინისტრმა უარყო ეს ბრალდება და მას „სრული ნაბოდვარი“ უწოდა. მისი თქმით, აღნიშნული ვიდეოკადრები სწორედ „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდშია გადაღებული: „ვინც ბიძინა ივანიშვილს იცნობს, მან იცის, რომ იგი პატივს სცემს პირად ცხოვრებას და არასოდეს ამგვარ მოქმედებას არ ჩაიდენდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა „გარდიანის“ კორესპონდენტთან საუბარში და დაამატა, რომ საქართველოს მთავრობამ ვიდეოკადრების გამოქვეყნების ისტორიის გამოსაძიებლად და ავტორის დადგენის მიზნით დახმარება აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს სთხოვა.
ეს ვიდეო მსგავსი ფაქტების ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია: გასულ წელს უდიდესი ოპოზიციური ტელეარხის „რუსთავი-2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომეტირებელი ვიდეოკადრების გამოქვეყნებით დაემუქრნენ, თუ იგი დაკავებული თანამდებობიდან არ გადადგებოდა. ამავე დროს ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ იგი ყოველთვის არ იყო ერთგული მეუღლე და ცოლს ხანდახან ღალატობდა. უფრო ადრე კი მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია დამნაშავედ იქნა აღიარებული მრავალი ვიდეოკადრის გადაღებაში, მათ შორის ისეთებისაც, რომელშიც პატიმრების წამებაა გადმოცემული. აღმოჩენილი იქნა სხვა პირადი და ინტიმური ცხოვრების ამსახველი უამრავი ვიდეომასალა, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ არჩევნების შემდეგ გაანადგურა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვიდეოსთან დაკავშირებულ სკანდალში „მოსკოვის ხელი“ დაინახეს: „ასეთ ხერხებს რუსები მიმართავენ ხოლმე, ეს რუსული პოლიტიკისთვისაა დამახასიათებელი“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველი კოალიცია პროდასავლურ საგარეოპოლიტიკურ კურსს დეკლარირებს, „ერთიანი ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ფარულ პრორუსულ ძალად მიიჩნევს. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული 2008 წელს მომხდარი ომის შედეგად. ქართულ პოლიტიკაში კრემლისადმი შიში დომინირებს.
საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, [არცევნებში ძირითადად] ორი მთავარი პოლიტიკური ძალა – „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიაღწევს წარმატებას, თუმცა ზოგიერთი ექსპერტის პროგნოზით, პარლამენტში ადგილების გარკვეული რაოდენობის მიღება პრორუსულ ძალებსაც შეუძლიათ.
და ბოლოს, როგორც უკანასკნელ ხანს გახდა ცნობილი, ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ტელეეთერში განაცხადა, რომ სწორედ ისაა ის ჟურნალისტი, რომელსაც ფარულად გადაღებულ ვიდეოკადრებში ემუქრებოდნენ. „მე ინგა ვარ გრიგოლია – ქალი, შვილი, დედა და მეგობარი, მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება“, – განაცხადა მან.
«The Wall Street Journal» (აშშ), 15 მარტი, 2016 წელი
ისლამური სახელმწიფოს მაღალჩინოსანი აბუ-უმარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, ავიადაბომბვის დროს მიღებული ჭრილობების შედგად გარდაიცვალა
გორდონ ლუბოლდი
„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც „აბუ-უმარ ალ-შიშანის“ სახელითაა ცნობილი, უკვე გარდაცვლილია. „იგი სასიკვდილოდ იყო დაჭრილი აშშ-ის ავიაციის მიერ მარტის დასაწყისში განხორციელებული დაბომბვის შედეგად“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
ამერიკის თვითმფრინავებმა ოთხ მარტს აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ქალაქი ალ-შადადზე ავიაშეტევა განახორციელეს. საჰაერო დაბომბვაში მოჰყვა „ისლამური სახელმწიფოს“ 13-კაციანი „ბოევიკთა“ ჯგუფი, რომელთა შორის აბუ-უმარ ალ-შიშანიც იყო. 30 წლის ალ-შიშანი, სანამ იგი „ისლამურ სახელმწიფოს“ მიემხრობოდა, მსახურობდა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის – საქართველოს არმიის სადაზვერვო ქვედანაყოფში, რომელსაც შეერთებული შტატები მხარს უჭერს და ეხმარება.
ამერიკელმა სამხედრო ჩინოვნიკებმა შეიტყვეს, რომ ავიადაბომბვის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ცნობილი მებრძოლი ალ-შიშანი, მართალია, ცოცხალი გადარჩა, მაგრამ მძიმედ იყო დაჭრილი. ორშაბათს აშშ-ის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აბუ-უმარ ალ-შიშანი დაბომვის დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად უკვე გარდაიცვალა.
მისტერ ალ-შიშანმა ქართულ არმიაში სამსახურის დროს მიღებული სამხედრო ცოდნა კარგად გამოიყენა და „ისლამური სახელმწიფოს“ ცნობილი ლიდერი გახდა. იგი დაიბადა საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში. ქრისტიანი მამისა და მუსულმანი დედის ოჯახში. აბუ-უმარ ალ-შიშანის ნამდვილი სახელი და გვარია თარხან ბათირაშვილი. იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და მონაწილეობა მიიღო 2008 წელს მომხდარ საქართველო-რუსეთის ომშიც. მოგვიანებით, მან გარკვეული დრო ციხეში გაატარა (იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით), შემდეგ კი, როცა პატიმრობიდან გათავისუფლდა, 2012 წელს, სირიაში წავიდა.
————-
თარხან ბათირაშვილის სიკვდილის თაობაზე ინფორმაციები მსოფლიოს სხვა წამყვანმა მასობრივი ინფორმაციების საშუალებებმაც გაავრცელეს – ამერიკულმა ტელეარხმა „სი-ენ-ენ“-მა, ფრანგულმა „ფრანს-პრესმა“, ბრიტანულმა „ბი-ბი-სი“-მ და სხვებმა.
ფრაგმენტი „ბი-ბი-სი“ მასალიდან სათაურით „პენტაგონმა „ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის – ომარ შიშანის სიკვდილი დაადასტურა“:
„ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი უმარ შიშანი აშშ-ის ავიაციის მიერ განხორციელებული სირიის ქალაქ ალ-შადადის დაბომბვის დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ის ფაქტი „ბი-ბი-სი“-ს პენტაგონის წარმომადგენელმა დაუდასტურა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შეერთებულ შტატებს უმარ შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციისათვის ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული“ (წყაროები: http://www.bbc.com/russian/news/2016/03/160314_shishani_is_dead // http://www.bbc.com/news/world-middle-east-35808738)