«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): გაძლიერებული ნატო და მისი პარტნიორი საქართველო
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის კომენტარი „რუსთავი-2“-ის შესახებ: „საქართველოში ყველას ხმის გაგონება უნდა იყოს შესაძლებელი“
«EurasiaNet» (აშშ): საქართველო ეჭვის თვალით უყურებს თურქეთის მზარდ გავლენას აჭარაში (ანალიზი)
«TRT – რადიო თურქეთის ხმა» (თურქეთი): „მემლექეთზე ფიქრებით“ //
კონტურები ართვინის ფოლკლორიდან: ამბავი სამ ეკლესიაზე – პარხალი, იშხანი და ტბეთი
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): არჩევნები აფხაზეთში: „რკინის ალიკა“ დაბრუნდა!
—————-
«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 14 მარტი, 2017 წელი
http://www.radiotavisupleba.ge/a/natos-generaluri-mdivnis-angarishi/28368705.html
გაძლიერებული ნატო და მისი პარტნიორი საქართველო
ლელა კუნჭულია
„ნატო ძლიერია, რადგან მას შეუძლია ადაპტირება. ნატო ძლიერია, რადგან, როცა მსოფლიო იცვლება, იცვლება ნატოც“ – ეს სიტყვები ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 13 მარტს ბრიუსელში წარმოთქვა, როცა მან მედიის წარმომადგენლებს მორიგი ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რამაც განაპირობა ნატოს გარდაქმნის საჭიროება, სახელდება რუსეთის აგრესია. მართალია, დოკუმენტში არ არის ლაპარაკი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ მასში ხაზგასმულია საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, ნატო-საქართველოს მტკიცე პარტნიორული ურთიერთობები და ალიანსის მზაობა სამომავლო დახმარებისთვის. გენერალური მდივნის ანგარიშს მაღალ შეფასებას აძლევენ თბილისში, თუმცა ანალიტიკოსთა წრეებში თბილისის მხრიდან მეტი აქტიურობის საჭიროებას ხედავენ.
როგორც იენს სტოლტენბერგი ამბობს, გაზრდილი საფრთხეების საპასუხოდ, ნატო თავის ძალებს აძლიერებს მაქსიმალურად და ყველგან, სადაც აუცილებლობა იკვეთება – მაგალითად: გასამმაგდა და 40 ათას ერთეულამდე გაიზარდა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები, გაიზარდა მისი მომზადების დონე და ოპერატიულობა; ალიანსის მოწინავე წარმომადგენლობის ინიციატივის ფარგლებში, დაიგეგმა მრავალეროვანი საბრძოლო ჯგუფების ამოქმედება ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთსა და ესტონეთში – კანადის, გერმანიის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით. აქვეა ნახსენები მრავალეროვანი ბრიგადა, რომელსაც რუმინეთი ჩაუდგება სათავეში და რომელიც ხელს შეუწყობს ნატოს შეკავებისა და თავდაცვის სტრატეგიას შავი ზღვის რეგიონში. ნათქვამია ასევე, რომ ნატომ გაააქტიურა საჰაერო პატრულირება ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის რეგიონებში.
როდესაც ნატოს წინაშე დღეს არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა და ანგარიშში ასახული მთავარი პრობლემების დაკონკრეტება სთხოვეს, 13 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა საფრთხეების მხოლოდ ორი წყარო, ისლამური სახელმწიფო და რუსეთი, დაასახელა:
„ჩვენ ვნახეთ მეტი არეულობა, მეტი ძალადობა სამხრეთისკენ, სადაც „ისლამური სახელმწიფო“ ამყარებდა კონტროლს სირიისა და ერაყის დიდ ტერიტორიებზე. ახლა ისინი თავდაცვით პოზიციაში არიან, კარგავენ საყრდენს, მაგრამ ისინი კვლავაც მოქმედებენ და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლი გლობალური კოალიციის მხარდაჭერა. პარალელურად, ჩვენ ვხედავდით უფრო აგრესიულ რუსეთს, რომელმაც უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია და გამოიწვია დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში. სწორედ ამ ყველაფერს პასუხობს ნატო, თუმცა ჩემთვის ძალიან ძნელია ერთმანეთს შევადარო სხვადასხვა საფრთხე და გამოწვევა. „ისლამური სახელმწიფო“ ტერორისტული ორგანიზაციაა, სასტიკი ორგანიზაცია, რომელიც ტერორისტულ აქტებზე იღებს პასუხისმგებლობას და უფრო მეტი სისასტიკე ადრე ნაკლებად გვინახავს… რუსეთი კი მეზობელია, ის ვერსად წავა და ჩვენ გვინდა უფრო კონსტრუქციული ურთიერთობა რუსეთთან. ამ მხრივ მე მივესალმები პოლიტიკური დიალოგის განახლებას 2016 წელს, როცა გაიმართა სამი შეხვედრა ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში“.
პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგს არ უხსენებია საქართველო, თუმცა მის მიერ წარმოდგენილ 120-გვერდიან დოკუმენტში საქართველო არაერთგან არის ნახსენები და მას, როგორც ნატოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორს, სპეციალური ქვეთავიც ეძღვნება. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ქვეყნის თავდაცვითი პოტენციალის განმტკიცება ხორციელდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, რაც, მათ შორის, გულისხმობს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფუნქციონირებას, თავდაცვითი ინსტიტუტების მშენებლობასა და ლოგისტიკის უზრუნველყოფის სკოლის მუშაობას. დადებითად არის შეფასებული მუშაობა ხსენებული ერთობლივი ცენტრისა, რომელმაც 2015 და 2016 წლებში ორ მასშტაბურ წვრთნებს უმასპინძლა და რომლის კარიც კვლავინდებურად ღიაა როგორც ნატოს წევრი, ასევე პარტნიორი ქვეყნებისთვის.
ანგარიშში ყურადღება ეთმობა ნატოს გაფართოების საკითხსაც და საქართველო ამ მიმართულებითაც არის ნახსენები. ხაზგასმულია, რომ ჩერნოგორია, რომელმაც უკვე მიიღო მიწვევა და სულ მალე ალიანსის 29-ე წევრი გახდება, თავისთავად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დასავლეთ ბალკანეთის უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. ამასთან, ტექსტის თანახმად, ჩერნოგორიის ნატოში გაწევრიანება სასარგებლო იქნება ნატოსთვისაც, ამ რეგიონის მისამართით საგანგებო ინტერესის გათვალისწინებით, და ეს არის მესიჯი იმ ქვეყნებისთვის, ვისაც გაწევრიანების სურვილი ამოძრავებს: „[ალიანსში] ჩერნოგორიის მოწვევა იმის დასტურია, რომ ნატოს კარი კვლავაც ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება სურთ და რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს. გრძელდება მუშაობა ალიანსში გაწევრიანების მსურველ სხვა ქვეყნებთანაც – ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასა და საქართველოსთან, რათა დავეხმაროთ მათ მოემზადონ ნატოში გასაწევრიანებლად. თითოეულ სახელმწიფო-პრეტენდენტისთვის ნატოს აქვს თანამშრომლობის მძლავრი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს დახმარებას გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებაში“.
გარდა ამისა, ნატოს გენმდივნის ახალ ანგარიშში საქართველო მოხსენიებულია როგორც ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში. ნათქვამია, რომ საქართველოს კონტინგენტს ავღანეთში ამჟამად 870 სამხედრო წარმოადგენს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც მოცემულია ამ ანგარიშში“, – განაცხადა 14 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. განსაკუთრებით საყურადღებოდ ის მიიჩნევს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებულ აქცენტს: „საქართველო კიდევ ერთხელ მოხსენიებულია როგორც ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან ღრმა პარტნიორობა ნატოსთან და ასევე აღნიშნულია ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით, ჩვენი ინტეგრაციული ნაბიჯების კუთხით. საუბარია, რომ ნატო აგრძელებს საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის, მხარდაჭერას და ის ყველა ნაბიჯი, რომელიც ერთობლივად იდგმება, აახლოებს საქართველოს ნატოს წევრობასთან“.
„ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საგანგაშოდ არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ნატოს გენერალური მდივნის ანგარიშში არ არის ნახსენები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, რომელიც ისევ და ისევ რუსეთის მიერ არის შექმნილი. ანალიტიკოსი თვლის, რომ დოკუმენტი ძირითადად ნატოს წევრი ქვეყნების აუდიტორიაზეა გათვლილი და მას არა აქვს გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი მოვლენების დეტალურად ასახვის პრეტენზია. თუმცა ბათუ ქუთელია მაინც ისურვებდა, რომ სადაც ნახსენებია უკრაინის პრობლემა, ანექსირებული ყირიმის სახით, იქ ნახსენები იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც: „ობიექტურად თუ შევხედავთ, ბუნებრივია, შეიძლებოდა უფრო მეტი ყოფილიყო ნათქვამი რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოსა და უკრაინისთვის გაჩენილ პრობლემებზე… აქ ეს, ალბათ, უფრო საქართველოს მთავრობის აქტიურობაზე შეიძლებოდა ყოფილიყო დამოკიდებული… ბუნებრივია, ჩვენი და ჩვენი დიპლომატიის ამოცანა უნდა იყოს, რომ მუდმივად დაფიქსირდეს ჩვენი პრობლემა. როგორც კი საქართველოს პრობლემა გაქრება ამ დღის წესრიგიდან, თუნდაც ნელ-ნელა, ეს ძალიან ცუდად აისახება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“.
თუმცა ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპაციის თემა არ არის ნახსენები ნატოს გენერალური მდივნის ახალ ანგარიშში, ბათუ ქუთელიას აზრით, ჩრდილს არ აყენებს საერთო სურათს, რადგანაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ზეპირ თუ წერილობით განცხადებებში, მუდმივად უსვამს ხაზს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ასევე ხშირად ისმის მოწოდება რუსეთის მისამართით, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 მარტი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/john-mccain-comments-on-rustavi2/3765578.html
ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის კომენტარი „რუსთავი-2“-ის შესახებ: „საქართველოში ყველას ხმის გაგონება უნდა იყოს შესაძლებელი“
ია მეურმიშვილი
სენატორმა ჯონ მაკკეინმა „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ კომენტარში განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული პროცესები „ოპოზიციის ხმის ჩახშობის მცდელობას ჰგავს“: „ღრმად ვარ შეშფოთებული იმით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით ჰგავს პრესაში ოპოზიციის ხმების ჩახშობის მცდელობას და ქვეყანაში მოქნილი, პლურალისტური და ღია მედიის არსებობის შეზღუდვას“, – ნათქვამია სენატორის წერილობით კომენტარში.
სენატორი ასევე დასძენს, რომ მას ღრმად სჯერა თავისუფალი მედიის მნიშვნელობისს დემოკრატიის მშენებლობაში: „როგორც წარსულშიც მითქვამს, ღრმად მწამს იმის, რომ თავისუფალი და ღია პრესა დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია და უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ნებისმიერმა დემოკრატიამ წარმატებას მიაღწიოს“, – ამბობს ჯონ მაკკეინი, – „კეთილგანწყობით მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას. შეინარჩუნოს პლურალისტური მედია გარემო იმისთვის, რომ საქართველოში ყველას ხმის გაგონება იყოს შესაძლებელი“.
«EurasiaNet» (აშშ), 09-14 მარტი, 3017 წელი
http://www.eurasianet.org/node/82751
საქართველო ეჭვის თვალით უყურებს თურქეთის მზარდ გავლენას აჭარაში
ჯოშუა კუჩერა
შარშან შემოდგომაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა, ქალაქ რიზეში გამოსვლისას, საქართველოს საზღვართან ახლოს, ოსმალეთის იმპერია გაიხსენა და ემოციურად განაცხადა, რომ ანკარის ინტერესები ბრწყინვალე პორტას (ოსმალეთის სულთნის) ინტერესებს ემთხვევაო. „ჩვენი ფაქტიური საზღვრები განხვავდებიან ჩვენს გულებში არსებულისაგან“, – თქვა რეჯეფ ერდოღანმა და მეტი თვალსაჩინოებისათვის დაამატა: „განა შეიძლება რიზე ბათუმისაგან გამიჯნო-განასხვავო?“. ბათუმის მოხსენიება, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მხრივ საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქია, საერთაშორისო მასმედიაში თითქმის შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ საქართველოში თურქეთის პრეზიდენტის ნათქვამმა ალიაქოთი გამოიწვია და კითხვები გააჩინა იმაზე, თუ რას გულისხმობდა რეჯეფ ერდოღანი „ჩვენს გულებში არსებულ საზღვრებში“.
თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ იძულებული გახდა აეხსნა, რომ „ქართველებმა თურქეთის პრეზიდენტის სიტყვები „არასწორად გაიგეს“: „თურქეთი საქართველოს ერთადერთი მეზობელია, რომელსაც მასთან ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს, – თქვა ელჩმა, – ბათუმი საქართველოა, რიზე კი თურქეთი და მუდამ ასე იქნება“. მაგრამ საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში რიზესა და ბათუმს შორის განსხვავება უკვე თითქმის აღარ არის.
ბათუმი, 150 ათასი მცხოვრებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქია და საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ოდესღაც აჭარა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ 1877-78 წლებში მომხდარი ომის შედეგად თურქებმა რუსეთის იმპერიას დაუთმეს. ბოილო 15 წლის განმავლობაში აჭარაში თურქული ინვესტიციები მდინარესავით წამოვიდა, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრი და ზღვისპირა ნაწილი ახალი ელიტარული სასტუმროებითა და კაზინოებით მოიფინა, რომლებიც ძირითადად თურქული ფულით აიგო. საქართველოს მთავრობა არ აქვეყნებს ადგილობრივ ეკონომიკაში თურქული ინვესტიციების კონკრეტულ მოცულობას, მაგრამ, თუ ადგილობრივი ადმინისტრაციის ყოფილ ჩინოვნიკის ნათქვამს დავუჯერებთ, თურქული ფული აჭარაში ჩადებული საზღვარგარეთული ინვესტიციების 80-90%-ს შეადგენს.
ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური კვარტალი, რომელიც ადრე სომხურს უწოდებდნენ, დრეს სავსეა თურქული რესტორნებით, ბარებით და კაფეებით. ასობით „ტაილანდური მასაჟის“ სალონი, ანუ შენიღბული ბორდელი, ძირითადად თურქ კლიენტებს ემსახურებიან. ამ რაიონში თურქულ ლაპარაკს უფრო ხშირად გაიგონებთ, ვიდრე ქართულს, რესტორანშიც კი ასევე თურქულად გეპატიჟებიან: „ბუიურუნ, ხოშ გელდინიზ!“.
აჭარაში თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური აქტიურობის ზრდის კვალობაზე ანკარა პოლიტიკური გავლენის გაძლიერებასაც ცდილობს – ეს ტერიტორია ხომ ადრე თურქეთს ეკუთვნოდა. რეჯეფ ერდოღანი აჭარის საკითხს სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს: მან მხარი დაუჭირა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას, საქართველოს მთავრობას კი კაზინოების დახურვა სთხოვა. მიმდინარე წლის თებერვალში, თურქი ჩინოვნიკების მიერ გამოხატული კრიტიკის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ ბათუმში მოქმედი თურქული სკოლა დახურა, რადგან, ანკარის მტკიცებით, მისი ხელმძღვანელები ფეთჰულა გიულენთან არიანო დაკავშირებულნი.
ქართველები ეჭვის თვალით უყურებენ თურქთა მზარდ ინტერესს თავიანთი ოსმალური მემკვიდრეობისადმი. გარდა ამისა, თურქეთში პოპულარული ხდება ყოფილი ტერიტორიების „დედა სამშობლოსადმი მიერთების“ იდეის მხარდამჭერთა მიერ შედგენილი რუკები, რომელთა მიხედვით, თურქეთი ყოფილი ოსმალეთის იმპერიის საზღვრებამდეა გავრცობილი და აჭარასაც მოიცავს. ყოველივე ეს თურქებისადმი ბათუმელების უნდობლობას აძლიერებს. „ისტორიული კონტექსტი ამ პროცესებზე ძალიან ძლიერ გავლენას ახდენს“, – ამბობს რუსლან ბარამიძე, სპეციალობით ანთროპოლოგი, ბათუმის შ.რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელსაც საქართველოში ისლამის გავრცელების ისტორიას იკვლევს. „საქმე მხოლოდ იმაში კი არაა, რომ ოსმალეთის შემადგენლობაში 300 წლის განმავლობაში ყოფნამ აქაური მოსახლეობა ისლამზე მოაქცია, არამედ იმაში, რომ თავისი დღევანდელ ავტონომიურ სტატუსს აჭარა თურქულ მემკვიდრეობას უნდა უმადლოდეს: 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით, რომლითაც საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვარი განისაზღვრა, გათვალისწინებული იყო აჭარის ავტონომიური თვითმმართველობა საქართველოს ფარგლებში, რადგან თურქულმა მხარემ მოითხოვა ამ რეგიონის მუსულმანური მოსახლეობისადმი პატივისცემა გამოხატულიყო და მათ გარანტირებული ჰქონოდათ რელიგიური აღმსარებლობის შენარჩუნება. ისტორიული ფაქტორი აქ ყოველთვის უფრო ძლიერია, ამიტომაც აჭრაში უფრო იგრძნობა თურქეთის გავლენა, ვიდრე, ვთქვათ, თბილისში“, – ამბობს რუსლან ბარამიძე.
საქართველოს წინა ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობით, რომელიც აქტიურად ცდილობდა უცხოური ინვესტიციების მიზიდვას და გეოპოლიტიკურ ორიენტაციას ნატოზე, თურქ მეწარმეებს კარი ფართოდ გაუღო. იმ დროს „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში იყო და შეეცადა ეს ფაქტი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოეყენებინა: „მეოცნებეებმა“ ისარგებლესა ანტითურქული განწყობებით, რომელიც ქართულ საზოგადოებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს არსებობდა, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, „ქართულმა ოცნებამ“ ტონი შეიცვალა. ამ პირობებში ანტითურქული ნიშა „პატრიოტთა ალიანსმა“ დაიკავა, რომელიც თურქეთის საწინააღმდეგო ლოზუნგებს ავრცელებდა და ყველას გასაკვირად, 2016 წლის ოქტომბრის სდაპარლამენტო არჩევნებში საკმაო ხმები მიიღო და საკანონმდებლო ორგანოში თავისი წარმომადგენლებიო გაიყვანა.
თურქეთის მიმართ გაღიზიანება საზოგადოების მხრიდან ყველაზე ნათლად ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით გამოიხატა. ამჟამად ქალაქში მხოლოდ მე-19 საუკუნეში აშენებული მეჩეთი „ორთა“ მოქმედებს, რომელიც, მუსულმან ლიდერების თქმით, ყველა მიმსვლელ მორწმუნეს ვერ იტევს. სიტუაციის მოგვარების ერთ-ერთი ვარიანტი იყო (და მას თურქეთიც მხარს უჭერს) ბათუმში ადრე არსებული ოსმალური მეჩეთის აღდგენა, რომლისთვისაც თურქეთის ერთ-ერთი სულთნის სახელი უნდა დაერქმიათ, მაგრამ ეს გეგმა საზოგადოების მხრიდან დიდ დაბრკოლებას წააწყდა: ჯერ ერთი, რომ ხმები დაირხა, რომ მეჩეთი იმ ადგილზე უნდა აშენებულიყო, სადაც 1921 წელს თურქებთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები იქნენ დაკრძალულნი. გადაწყდა, რომ ოსმალური მეჩეთი არ აღდგენილიყო, ახალი კი საქართველოს ხარჯებით აშენებულიყო, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ მახრივ კონკრეტული გეგმა არ არსებობს“, – განაცხადა ჯემალ პაქსაძემ, საქართველოს ყოფილმა მთავარმა მუფტიმ, რომელიც აჭარის ხელისუფლების მრჩეველიცაა ისლამის საკითხებში.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სიტუაციას ამწვავებს თურქეთის უხეში ჩარევა აჭარის საქმეებში, თუმცა, როგორც ჯემალ პაქსაძე ამბობს, თურქეთის „გაუნათლებელი“ თუ „განათლებული“ მოქალაქეების „ერთ ტაფაში“ მოთავსება არ შეიძლება. იგი ასევე ხაზს უსვამს, რომ თურქეთმა ბევრი კარგი გაუკეთა საქართველოს, მაგალითად, მხარი დაუჭირა 2008 წელს რუსეთთან ომის დროს. გარდა ამისა, თურქეთმა დააფინანსა რუსულია ავიაციისაგან გორში დანგრეული 150 სახლის მშენებლობაც. თუმცა, ჯემალ პაქსაძის თქმით, ისიც აშკარაა, რომ თურქები მესაკუთრეობრივ განწყობასაც ამჟღავნებენ: „ის, რომ რთული ურთიერთობა არსებობს, თურქეთის მოქალაქეების ბრალია. როცა მე მეჩეთში ვმუშაობდი, თურქები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ – „აქ ყველაფერი ჩვენი აშენებულიაო“, მე კი ვუსწორებდი – „არა, ქართველების აშენებულია-მეთქი“. მეჩეთის დარაჯი თამაზ წითელაძეც ადასტურებს ჯემალ პაქსაძის ნათქვამს: „თურქეთის კონსულიც კი, როცა მას აქ თურქი სტუმრები მოჰყავს, აცხადებს, რომ „აჭარა ჩვენიაო“. ბათუმში არსებულმა თურქეთის [გენერალურმა] საკონსულომ თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა სიტუაციისათვის, არ უპასუხა.
ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება აჭარაში თურქეთის მნიშვნელოვან ყოფნა-გავლენის მიმართ არაერთგვაროვანია და ცვალებადი, – ამბობს ჟურნალისტი ქეთი დუმბაძე. მისი თქმით, თურქული ინვესტიციების დაბანდების პირველ წლებში ბევრს ბათუმში, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებს, თურქულ კომპანიებში მუშაობა არ უნდოდათ, რადგან თურქ მამაკაცებს თავაშვებულებად და გათახსირებულებად მიიჩნევდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში შიშები გაქრა, ხალხმა დაინახა, რომ თურქულ ფირმებში საკმაოდ კარგი შრომის ანაზღაურებაა. დღეს [აჭარელი] ახალგაზრდები თურქული ენის შესწავლასაც ცდილობენ, რათა თავიანთი პროფესიული პერსპექტივა გაიუმჯობესონ.
მაგრამ სოციალური დაძაბულობა კვლავ რჩება: ღამის კლუბებში ხშირად ხდება ჩხუბი ქართველ და თურქ მამაკაცებს შორის ქალების გამო, თვითონ ქალები კი არცთუ იშვიათად თურქულ კვარტალში სიარულს უფრთხიან. „თურქი კაცები ქართველ ქალებს პირდაპირ, ჩაციებით და დაჟინებით უყურებენ, – ამბობს ქეთი დუმბაძე, – ეს ჩემზეც მოქმედებს და ბათუმში თავს ცოტათი უცხოელადაც კი ვგრძნობ… ცხადია, დისკომფორტს განვიცდი და ამიტომ ვცდილობ თურქულ კვარტალს გვერდი ავუარო ხოლმე“.
——–
ჯოშუა კუჩერა ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც სტატიებს აქვეყნებს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, მათ შორის „ნიუ-იორკ თაიმსში“, „ფორინ პოლისში“ და ა.შ. თავისი ჟურნალისტური კარიერა „ესოსეითედ პრესში“ დაიწყო. იგი პოსტსსოციალისტური და პოსტსაბჭოთა ქვეყნების სპეციალისტია, ხშირად წერს ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების შესახებ. ჯოშუა კუჩერა დაიბადა აშშ-ის აიოვას შტატში, განათლებით ფილოსოფოსი და რეგიონთმცოდნეა (ჰარვარდის უნივერსიტეტი). ამჟამად ცხოვრობს სტამბოლში (თურქეთი).
«TRT – რადიო თურქეთის ხმა» (თურქეთი), 14 მარტი, 2017 წელი
http://www.trt.net.tr/georgian/programebi/2017/03/05/memlek-et-ze-p-ik-rebit-5-2017-684345
„მემლექეთზე ფიქრებით“
კონტურები ართვინის ფოლკლორიდან: ამბავი სამ ეკლესიაზე – პარხალი, იშხანი და ტბეთი
მარიამ გაფრინდაშვილი
მოგესალმებით. დღევანდელი გადაცემის თემაა ამბავი სამ ეკლესიაზე. წინა გადაცემაში როგორც გითხარით, ჩვენებურებზე და მათ ამბებზე თხრობას ფოლკლორის კუთხით ვაგრძელებ. ფოლკლორისტ შაჰვერ ქაიას წიგნში „კონტურები ართვინის ფოლკლორიდან“, ართვინში ძველი ქართული ტაძრების შესახებ ავტორის საინტერესო დაკვირვებებია აღნიშნული და ჩაწერილი. მათგან გამოვყოფ ამბავს სამ ეკლესიაზე, რომელთა შესახებ ადგილობრივი მაცხოვრებლები სხვადასხვა ლეგენდებს ჰყვებიან.
დღეს ართვინს, ცამდე აწვდილი მთების, მწვანე ტყეებისა და ფერად-ფერადი ტბების გამო თურქეთის შვეიცარიას ეძახიან. ართვინში წელიწადის ოთხი დროც კი ერთად იყრის თავს და ამიტომაც მისი ბუნება განსაკუთრებული და განსხვავებულია. თუმცა, გარდა ბუნების მრავალფეროვნებისა, ართვინის რეგიონი ნამდვილი მუზეუმია ღია ცის ქვეშ. იუსუფელისა და შავშეთის რეგიონებში თავმოყრილია რამდენიმე ძველი ქართული ტაძარი, რომელთაც იქ მცხოვრები ქართველები და თურქები განურჩევლად ყოველ მათგანს თამარის ეკლესიას უწოდებენ. მათ გადმოცემით იციან, რომ ადრე საუკუნეებში ერთიან საქართველოს ჰყავდა ქალი მეფე თამარი, რომელიც თავისი სურვილითა და შესაწირავით ტაძრებს აშენებინებდა. ადგილობრივებმა ამის გარდა ტაძრების შესახებ სხვა ისტორიული არაფერი იციან და ისინი კედლებზე ამოტვიფრულ ძველ ქართულ დამწერლობას უცნაურ, „გაურკვეველ შრიფტულ“ დამწერლობას ეძახიან. სოფლელები იქ ჩასულ ყველა მკვლევარსა თუ ტურისტს ტაძრამდე გზას დაუზარებლად უკვლევენ, თუმცა, მათი თქმით, ბევრია განძის მაძიებელი, რომელიც ზიანსაც კი აყენებს ამ ისტორიულ ძეგლებს.
ფოლკლორისტ შაჰვერ ქაიას ამ ტაძრების შესახებ ფოლკლორული მასალის შეგროვება ადგილობრივებისგან, გასული საუკუნის 70-იან წლებში დაუწყია. საინტერესოა მისი ჩანაწერები ამასთან დაკავშირებით. სწორედ მის მიერ აღწერილი სამი ეკლესიიდან ერთ-ერთის ამბავი ასეთია:
იუსუფელის რეგიონის სოფელ ალთიფარმაქში შემაღლებულ ადგილას დგას ეკლესია, რომელიც თლილი ქვის კრამიტითაა დახურული, კედლებზე ოსტატის დახვეწილი ხელით შესრულებული ორნამენტებია გამოკვეთილი. ძალიან ნაზი ორნამენტების საუკუნეების შემდეგაც ასეთი უცვლელი სახით მოღწევა მნახველის თვალს აკვირვებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ტაძრისთვის ქვები ძალიან შორიდან, ჯორების დახმარებით არის მოტანილი და შეგროვებული. ადგილობრივ მაცხოვრებლებს ტაძარი, მისი შიდა მხარის დასაცავად და შესანარჩუნებლად, მეჩეთად გადაუკეთებიათ. ეკლესიის შიდა კედლებზე გამოსახული ფრესკები კი კირით შეუთეთრებიათ. ტაძრის გარეთა ფასადს რაც შეეხება, მკვლევარი ამბობს, რომ ის ისეთივე ხელშეუხებელია, როგორიც საუკუნეების წინ იყო. იმის გამო, რომ ეკლესია ფერდობზეა აგებული, მისი უკანა ანუ ჩრდილოეთი მხარე მთიდან დაშვებული მიწითაა დაფარული, თუმცა იქაური მკვიდრები დრო და დრო მას ასუფთავებენ ხოლმე. ტაძრის აღწერისას მას მკვლევარი „ბარჰალად“ მოიხსენიებს, ანუ ესაა პარხალის მონასტერი, რომელიც მე-10-ე საუკუნეში დავით კურაპალატმა ააგო.
საინტერესოა ფოლკლორისტის მიერ დახასიათებული მეორე ეკლესია, რომელიც, მისი თქმით, იმავე იუსუფელის რეგიონში მდებარეობს და ისიც მეჩეთადაა ქცეული. მინდა შეგახსენოთ, რომ შაჰვერ ქაია ამ ტაძრების შესახებ ინფორმაციას 70-იან წლებში აგროვებდა. დღეს ართვინში მდებარე რამდენიმე ქართული ტაძარი თურქეთის კულტურის სამინისტროს მეთვალყურების ქვეშ არის და ქართული მხარის დახმარებითაც მათი რესტავრაციის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აღსანიშნავია ტაძრის გარეთა კედლებზე გამოსახული ცხოველთა ორნამენტები. ადგილობრივებს შიდა ფრესკები არ წაუშლიათ და ისინი ისევე ცოცხლად გამოიყურებიან, როგორც საუკუნეების წინ. ფოლკლორისტის აღწერილი ეს ტაძარი თურქული გამოთქმით იშჰანი ანუ იშხნის მონასტერია, რომელიც მე-7-ე საუკუნის 30-იან წლებში ეპისკოპოსმა ნერსესმა ააშენებინა. არაბების შემოსევის დროს დანგრეული და მიტოვებული ეკლესია კი ხელთავიდან, მე-9-ე საუკუნის პირველ ათეულ წლებში გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ საბა იშხნელმა განაახლა. მე-10-ე საუკუნეში იგი კვლავ საფუძვლიანად აღადგინეს, მაგრამ საბოლოო სახე ტაძარმა 1032 წელს, ბაგრატ IV-ის მეფობის დროს, ხუროთმოძღვარ ივანე მორჩაისძის ხელში მიიღო.
მესამე ეკლესიის ამბავს რაც შეეხება, ამ ძეგლის საკვლევად შაჰვერ ქაია ართვინში 1992 წელს ჩასულა. ტაძარი შავშეთის რეგიონში მდებარეობს და მას ჯევიზლის სახელით მოიხსენიებენ, რაც თურქულიდან კაკლებიანს ან კაკლის ხეებიანს ნიშნავს. ტაძრის ერთ-ერთ შიდა კედელში ქვის საათი ყოფილა ჩატანებული, რომელიც დროს მომართვის გარეშე აჩვენებდა, მისი მუშაობის მექანიზმი იმ პერიოდში ვერავის აუხსნია. შემდგომში მას ელვა დასცემია და განადგურებულა. ერთხანს სოფლელები ტაძარში შესვლას დაუშინებია, რადგანაც ტაძრის კედლები ისეთ ექოს გამოსცემდა თურმე, რომ სოფლის მკვიდრებს ეკლესიაში დასახლებული ავი სულები ეგონათ და ამიტომაც მათ ტაძარი გამხმარი ბალახით აუვსიათ, ცეცხლი წაუკიდიათ და მათი ფიქრით შიგ ავი სულები გამოუწვიათ. მკვლევარი ამ ეკლესიას მოიხსენიებს როგორც ტიბეთი, ეს ცნობილი ტბეთის მონასტერია, რომლის პირვანდელი სახე მე-10-ე საუკუნეში ერისთავთ-ერისთავის აშოტ კუხის მიერ არის აგებული.
ტაო-კლარჯეთის ძველ ქართულ ძეგლებზე ისტორიული თუ არქიტექტურული, ასევე ხელოვნებათმცოდნეთა მიერ არაერთი კვლევა ჩატარებულა და ბევრი კარგი წიგნიც არსებობს ამის შესახებ, რაზეც ჩვენს მსმენელს ხელი მიუწვდება. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გადაცემის დროის სიმცირის გამო ამ თემას ცოტათი ზედაპირულად შევეხეთ და შევეცადეთ მხოლოდ იმ ტაძრების ქართული ტოპონიმები ამოგვეცნო, რაზეც მკვლევარს თავის თურქულად დაწერილ წიგნში აქვს საუბარი.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 მარტი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/georgia-parliamentary-elections-in-occupeid-abkhazia/3765367.html
არჩევნები აფხაზეთში: „რკინის ალიკა“ დაბრუნდა!
ზაზა წულაძე
ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს გამართულმა, “საპარლამენტო არჩევნებმა“, რომელსაც საქართველო და დანარჩენი ცივილიზირებული სამყარო უკანონოდ მიიჩნევს, უნიკალური პოლიტიკური სიტუაცია შექმნა.
ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ალექსანდრე ანქვაბმა, რომელიც 2014 წლის ზაფხულში ძალის გამოყენებით სოხუმიდან მოსკოვში გააძევეს, გუდაუთის „ოლქში“ პირველივე ტურში გაიმარჯვა და აფხაზთა „პარლამენტის დეპუტატი“ გახდა.
ალექსანდრე ანქვაბი ბოლო 37 თვის მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა, სოხუმში მოულოდნელად 2017 წლის თებერვალში დაბრუნდა და „არჩევნებზე“ საკუთარი კანდიდატურა დააყენა. „ექს-პრეზიდენტის“ დაბრუნების წინააღმდეგ მაშინვე გაილაშქრეს მოქმედი „პრეზიდენტის“ რაულ ხაჯიმბას მომხრეებმა, მათ შორის „ქართველებთან ომის ვეტერანებმა“. მათ ალექსანდრე ანქვაბი „სახელმწიფო ღალატში“ დაადანაშაულეს და „პროკურატურას“ მოსთხოვეს, განახლდეს გამოძიება, 1992 წლის აგვისტოს მოვლენებში „ალექსანდრე ანქვაბის როლის“ შესასწავლად.
რაულ ხაჯიმბას ფრთა ცდილობს დაამტკიცოს, რომ 1992 წლის 17 აგვისტოს, აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ, ალექსანდრე ანქვაბმა, თითქოს სოხუმში, აფხაზეთის ავტონომიის შინაგან საქმეთა სამინისტროს საცავში არსებული იარაღი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის მაშინდელ ხელმძღვანელს ავთანდილ იოსელიანს გადასცა. ალექსანდრე ანქვაბი ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. იგი ამბობს, რომ დაბრუნდა სახლში და მზად არის ბოლომდე ემსახურება სამშობლოს: „მე მხოლოდ კეთილი ზრახვები და სურვილები მამოძრავებს, მათ შორის ჩემი არც თუ ისე თავაზიანი ოპონენტების მიმართაც. სიძულვილი და სიბრაზე შიგნიდან გვანგრევს, ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ და ჩვენი ფიზიკური და მორალური შესაძლებლობები დადებითი ემოციებისკენ უნდა მივმართოთ. დავრუნდი სახლში დედაჩემთან, მეგობრებთან, ნათესავებთან და თქვენთან, ჩემს ხალხთან“.
64 წლის ალექსანდრე ანქვაბს, რომელიც გუდაუთის რაიონის სოფელ ათვახუდან არის, 1981-90 წლებში მაღალი თანამდებობა ეკავა საქართველოს სსრ-ს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. აფხაზეთში ომის დაწყების დროს იგი უკვე აფხაზთა „შინაგან საქმეთა მინისტრი“ იყო, თუმცა, ვლადისლავ არძინბასთან დაპირისპირების გამო, იგი თანამდებობიდან 1993 წლის ოქტომბერში გადააყენეს. 2000 წლამდე ალექსანდრე ანქვაბი მოსკოვში ბიზნესით იყო დაკავებული, შემდეგ სოხუმში დაბრუნდა და ოპოზიციური მოძრაობა „აითაირა“ („აღორძინება“) ჩამოაყალიბა. ვლადისლავ არძინბას კლანმა მას 2000 და 2004 წლებში „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობის უფლება არ მისცა.
2004 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც ალექსანდრე ანქვაბმა კიდევ ერთხელ მიიღო უარი საკუთარი კანდიდატურის რეგისტრაციაზე, „არჩევნებში“ მხარი სერგეი ბაღაფშს დაუჭირა და მისი გამარჯვების შემდეგ ჯერ „პრემიერ-მინისტრი“, 2009 წლიდან კი „ვიცე-პრეზიდენტი“ გახდა. 2011 წელს, სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ, ალექსანდრე ანქვაბი აფხაზთა რიგით „მესამე პრეზიდენტად“ იქნა არჩეული. მან მაშინ დიდი უპირატესობით აჯობა რაულ ხაჯიმბას, რომელიც ვლადისლავ არძინბას კლანის კანდიდატურა იყო.
აფხაზური სეპარატიზმის „მამის“ ვლადისლავ არძინბას კლანთან დაპირისპირება მისი „პრეზიდენტობის“ პერიოდშიც გაგრძელდა, ალექსანდრე ანქვაბს მუდმივად ბრალს სდებდნენ „პროქართულ პოლიტიკაში“ და გალის რაიონის ქართველი მოსახლეობის „უკანონო“ პასპორტიზაციაში, რასაც 2014 წლის ზაფხულში გადააყოლეს კიდეც.
ექსპერტი აფხაზეთის საკითხებში ანტონ კრივენიუკი ფიქრობს, რომ მიუხედავად, ალექსანდრე ანქვაბის ასაკისა, რომელიც მას აღარ აძლევს საშუალებას 2019 წელს აფხაზთა „პრეზიდენტობისთვის“ ისევ იბრძოლოს, მისი დაბრუნება აფხაზურ პოლიტიკაში კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას ოკუპირებულ ანკლავში: „ეს აბსოლუტურად შიდააფხაზური პოლიტიკური ისტორიაა, დაკავშირებული ორი პოლიტიკური ბანაკის დაპირისპირებასთან, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს. ალექსანდრე ანქვაბს, რომელიც 64 წლის არის და ერთი წლის შემდეგ, აფხაზური კანონის მიხედვით, უკვე ვეღარ შეძლებს „პრეზიდენტის“ პოსტისთვის ბრძოლას, ბუნებრივია, შურისძიება ამოძრავებს. მას სურს, რომ [ხელისუფლებაში] დაბრუნდეს ნებისმიერ შემთხვევაში და დასაჯოს მეორე ფლანგი“.
ალექსანდრე ანქვაბი ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი პოლიტიკოსია, რომელსაც მეტსახელად „რკინის ალიკას“ ეძახიან. მან 2005, 2007, 2010 და 2012 წლებში, საერთო ჯამში, ექვსი ტერორისტული თავდასხმა გადაიტანა და გადარჩა. ყველაზე ორგანიზებული ტერორისტული თავდასხმა ალექსანდრე ანქვაბზე მართვადი ნაღმების, ტყვიამფქვევებისა და ნაღმრტყორცნების გამოყენებით, 2012 წლის 22 თებერვალს გუდაუთის რაიონში მოხდა. მაშინ მისი ორი პირადი მცველი დაიღუპა. ამ ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებულთა გახმაურებული „სასამართლო პროცესი“ სოხუმში უკვე მეხუთე წელია მიდის. ადგილობრივი „პროკურატურა“ ძმები ალხას და ასტამურ ხუტაბებისთვის, ასევე რამზი ხაშიგისთვის – უვადო პატიმრობას, ედგარ და ედლარ ჭითანავებისთვის და ანზორ ბუთბასთვის – 20 წლით, რუსლან გიცბასთვის – 16 წლით, თამაზ ბარციცისთვის – 11 წლით და მურთაზ სეკანიასთვის – 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. ამ დრომდე გაურკვეველია ტერაქტის დამკვეთის ვინაობა, თუმცა, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ყველა ძაფი ისევ ვლადისლავ არძინბას კლანისკენ მიდის.
————
რამდენიმე ცნობა ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს ჩატარებული „სახალხო კრების არჩევნების“ შესახებ
- სულ ანკლავში რეგისტრირებული იყო 131 523 ამომრჩეველი იყო. ეს მაჩვენებელი 2011 წლის „საპრეზიდენტო“ (149 000) და 2012 წლის „საპარლამენტო“ (149 622) არჩევნებზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო, ვინაიდან „ამომრჩევლის უფლება“ გალის ქართველებს, 18 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს.
- გალში, სადაც 30 000-მდე ადამიანი, ძირითადად ქართველები ცხოვრობენ, სულ ერთი ერთმანდატიანი უბანი მოქმედებდა და რვა კანდიდატიდან ყველა აფხაზი იყო. ბეჟან უბირიამ, რომელიც წინა მოწვევის „კრებაში“ ერთადერთი ქართველი იყო, თავისი კანდიდატურა ჯერ წამოყენა, შემდეგ კი გაურკვეველი მიზეზით კანდიდატურა მოხსნა. 12 მარტს ხმის უფლება მხოლოდ 633 გალელს ჰქონდა. მეორე ტურში, გალის პროკურორი პერტაია და ბიზნესმენი ადლეიბა გავიდნენ.
- „არჩევნებზე“ მხოლოდ 64 692 ადამიანი მივიდა, ამომრჩეველთა პასიურობის გამო „არჩევნები“ ჩაიშალა სოხუმსა და გაგრაში, პირველ ტურში 12 დეპუტატი აირჩიეს.
- „სახალხო კრების“ 35 ადგილისთვის 128 ეთნიკური აფხაზი, 8 ეთნიკური სომეხი და ერთი ეთნიკური რუსი იბრძოდა. პირველი ტურის შედეგებით, ახალ „პარლამენტში“ უმრავლესობა ისევ აფხაზები იქნებიან, პლუს ორი ან სამი სომეხი (ერთი მეორე ტურში გავიდა) შევა.
- წინა მოწვევის აფხაზთა „სახალხო კრებიდან“ „დეპუტატი“ ნოდიკ კვიცინია რუსი ბიზნესმენის „პეტროლეუმ-აფხაზეთის“ მეპატრონის კლემანტოვიჩისა და მისი მეგობარი გოგონას მკვლელობისთვის დააპატიმრეს. ხოლო, „დეპუტატ“ თენგიზ აგრბას დიდი ოდენობით ნარკოტიკი უპოვეს.
- ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩვენები“ უკანონოდ ცნეს და დაგმეს აშშ-მ, აზერბაიჯანმა, ევროკავშირმა და NATO-მ, ლეგიტიმურად აღიარა რუსეთმა.