globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 15 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 15th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): საქართველო ახალი პოლიტიკური ცენტრის მოლოდინში // ვის დაეყრდნობა დავით უსუფაშვილი და საკმარისი იქნება თუ არა მისი, როგორც პოლიტიკოსის რეიტინგი, ახალი პოლიტიკური ძალის წარმატებისათვის?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): კონფლიქტის ზონაში რუსეთის მოქმედებას „ველურობას“ უწოდებენ

«Эхо» (აზერბაიჯანი): სომხეთი-საქართველო: „დიალოგი დაბრკოლებებით“

—————–

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 14 აპრილი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/akhali-politikuri-dzala/28429469.html

საქართველო ახალი პოლიტიკური ცენტრის მოლოდინში

ვის დაეყრდნობა დავით უსუფაშვილი და საკმარისი იქნება თუ არა მისი, როგორც პოლიტიკოსის რეიტინგი, ახალი პოლიტიკური ძალის წარმატებისათვის?

ეკა ქევანიშვილი

ათ დღეში გავიგებთ, თუ რა ერქმევა ახალ პოლიტიკურ ძალას, რომლის ლიდერიც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი „რესპუბლიკელი“ დავით უსუფაშვილი იქნება. სწორედ ამ დროისთვის არის დაგეგმილი პრესკონფერენცია, რომელზეც დავით უსუფაშვილმა თავისი ახალი გუნდის წევრები უნდა გააცნოს საზოგადოებას და სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკოს. 13 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას, მან მხოლოდ ის თქვა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, მათ ეყოლებათ მერობის კონკრეტული კანდიდატიც, გუნდი კი მოემზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

პოლიტიკაში ახალი ძალით და ახალი გუნდით დაბრუნებაზე დავით უსუფაშვილმა, დაახლოებით ერთი თვის წინ 16 მარტის გადაცემა „აქცენტებშიც“ ისაუბრა და თქვა, რომ იგი მალე გამოჩნდება პოლიტიკურ არენაზე. „ვაპირებ სერიოზულ აქტიურობას და ამ საკითხზე მექნება არაერთი შეთავაზება საქართველოში აქტიური პოზიციების მქონე ადამიანებთან“, – აღნიშნა მან.

რამდენად არის მომზადებული ნიადაგი ახალი პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად და დაიკავებს თუ არა ამ ცენტრის ადგილს სწორედ დავით უსუფაშვილის პოლიტიკური ძალა? ვინ იქნება დავით უსუფაშვილის გუნდში? რას შესთავაზებს ახალს ახალი პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს?

დეტალებზე თავად დავით უსუფაშვილი ჯერ-ჯერობით არ საუბრობს, პოლიტოლოგები კი მიიჩნევენ, რომ უკვე აშკარაა როგორც ოპოზიციისადმი საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულება, ისე თავად პოლიტიკური ოპოზიციის კრიზისიც. ასე ფიქრობს, მაგალითად, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. მისი შეფასებით, საზოგადოებისთვის ნელ-ნელა მიუღებელი ხდება როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების პოლიტიკა. ამ დროს კი ახალი პოლიტიკური ძალის არარსებობა უფრო მკაფიო ხდება. დღეს, ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ქართული ოპოზიციური სპექტრი, ფაქტობრივად, ცარიელია. მისი აზრით, რეალურად, მოსახლეობის 60% არც „ქართულ ოცნებას“ გულშემატკივრობს და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო ის ფაქტი, რომ ბოლო დროს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი გაზრდილია, იმის ნიშანია, რომ მოსახლეობა თავისთვის მისაღებ, მაგრამ არსებული პოლიტიკური პარტიებისგან დისტანცირებულ ძალას ეძებს.

იქცევა თუ არა სწორედ ასეთ ძალად დავით უსუფაშვილის პოლიტიკური გუნდი?

„დავით უსუფაშვილის მიმართ ამ ოთხი წლის განმავლობაში, სანამ ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მოსახლეობას საკმაოდ დადებითი განწყობა ჰქონდა. თუმცა რას და როგორ გააკეთებს ახლა, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. იქნება თუ არა საკმარისი, რომ ეს პოლიტიკური ძალა ძლიერ ცენტრად ჩამოყალიბდეს ან გახდეს გამაერთიანებელი ოპოზიციური სპექტრისა, ცხადია, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს დავით უსუფაშვილი, როგორი იქნება მისი პოლიტიკა როგორც ერთ, ისე მეორე პოლიტიკურ ძალასთან, ასევე პრეზიდენტთან“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე..

რა რესურსი არსებობს დღეს ახალი პოლიტიკური პარტიის შესაქმნელად საქართველოში? ვის დაეყრდნობა დავით უსუფაშვილი და საკმარისი იქნება თუ არა მისი, როგორც პოლიტიკოსის რეიტინგი, ახალი პოლიტიკური ძალის წარმატებისათვის?

ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, საქართველოში ირჩევენ ლიდერის და არა გუნდის ნიშნით. თუ დავით უსუფაშვილი შეძლებს და ლიდერთან ერთად გუნდსაც წარმოაჩენს და ამასთან გასაგებ და მისაღებ ენაზე დაელაპარაკება ხალხს, მის პოლიტიკურ ძალას პერსპექტივა ნამდვილად ექნება. თუმცა კი, პოლიტოლოგის შეფასებით, დღეს საქართველოში არსებული პოლიტიკური რესურსი ორი პარტიის სამყოფია: „ცხადია, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ეს რესურსი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობაშია“ გადანაწილებული. და კიდევ ერთი: მე მგონია, რომ პარტიას მაინც სჭირდება თავისი იდეოლოგია. მისი არსი უნდა იყოს არა მხოლოდ მემარჯვენეობა ან მემარცხენეობა, არამედ, ზოგადად, კონცეპტუალური ხედვა უნდა ჰქონდეს ამ პარტიას ქვეყნის მომავალი განვითარებისა“.

„დავით უსუფაშვილს, როგორც პოლიტიკოსს, პარლამენტის სპიკერს, ყოველთვის ჰქონდა მოსახლეობის მხარდაჭერა“, – გვითხრა პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ, თუმცა, მისივე შეფასებით, იგი ყოველთვის ასოცირდებოდა შედარებით სუსტ პოლიტიკურ პარტიასთან. ახალი გუნდით მოსვლის შემთხვევაში მან ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ ეს პარტია უნდა იყოს ფართო სოციალურ მოძრაობაზე დაყრდნობით შექმნილი პოლიტიკური პარტია.

ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა რომ გარდაუვალია, ამას კორნელი კაკაჩია კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს: „ბოლო ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად დასრულდა პოლიტიკური პარტიების ფრაგმენტაციის პროცესი და დღეს უკვე ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არ გვყავს. არ არსებობს ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, რომელსაც შეეძლება მმართველი პარტია ჩაანაცვლოს მომავალ არჩევნებში. ეს, ცხადია, წარმოშობს პრობლემებს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, რადგან არც ერთ ქვეყანაში დემოკრატია არ ვითარდება ძლიერი ოპოზიციისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე და, ბუნებრივია, ეს წარმოშობს საჭიროებას შეიქმნას რაღაც ახალი ძალა“.

————

შეკითხვით, არის თუ არა ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის მოთხოვნილება საზოგადოებაში და კონკრეტულად რა მოლოდინი აქვს ხალხს დავით უსუფაშვილისა და მისი ახალი გუნდის მიმართ, რადიო „თავისუფლებამ“ თბილისის ქუჩებში ბლიც-გამოკითხვაც ჩაატარა. ხალხის აზრი ასეთია:

„ვფიქრობ, საჭირო ასეთი ახალი ძალის გამოჩენა, ოღონდ ეს უნდა იყოს რაღაც მყარი პოლიტიკური გუნდი და არა ისეთი, როგორიც არაერთხელ ვნახეთ, რომელიც ჩნდება, მერე ქრება… დავით უსუფაშვილი კი, ალბათ, ჭკვიან ხალხს შემოიკრებს გარშემო. ვნახოთ“;

„დავით უსუფაშვილის მიმართ არ მაქვს მაინცდამაინც კარგი განწყობა. თავის დროზე არ გაამართლა და რა ვიცი, რაღა უნდა ისევ პარლამენტში?“;

„მგონი, საჭიროა ახალი ძალის გამოჩენა… რასაც ვუყურებთ, მხოლოდ ორი ძირითადი მხარეა და სულ ერთმანეთს ებრძვიან“;

„რაც მეტი პოლიტიკური ძალა იქნება, მგონი, უკეთესია… ხალხიც შეძლებს დააკვირდეს, გააანალიზოს და აარჩიოს“;

„ოცნებიდან“ ყველაზე დიდ პატივს დავით უსუფაშვილს ვცემდი. მცოდნე კაცია, საგარეო პოლიტიკაც ესმის. მცოდნე ჯობია. დღევანდელ ხელისუფლებაში 80% უცოდინარია და დანარჩენი 20% კიდევ ვერ ქაჩავს“;

„ახალი პოლიტიკური ძალა თუ იქნება და უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი, ეგრე ჰო, მაგრამ რა ვიცი, დავით უსუფაშვილი კიდევ ძველია და ახალს რას დაგვპირდება? ეგ არის საინტერესო“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 აპრილი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/russian-in-conflict-zone-at-easter/3810483.html

რუსეთის მოქმედებას კონფლიქტის ზონაში ველურობას“ უწოდებენ

ნინო დალაქიშვილი

კონფლიქტის ზონაში რელიგიურ დღესასწაულებს სხვა ტკივილი ახლავს. ჩვეულებრივობა აქ ფუფუნებაა. ყოველი მორწმუნესთვის, რაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია, კონფლიქტის ზონაში აკრძალული და შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიან კონტროლს ახორციელებს და საქართველოს მსგავსად ქრისტიანული ქვეყანაა, ერთ–ერთი ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულის სრულფასოვნად აღნიშვნის უფლებას ერთმორწმუნე, მშვიდობიან ადამიანებს მაინც არ აძლევს.

აღდგომის მეორე დღეს, ტრადიციულად, გარდაცვლილებს პატივს მიაგებენ და საფლავებზე გადიან. ამ ტრადიციას საქართველოში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. კონფლიქტის ზონაში კი ახლობლების, მეგობრებისა თუ წინაპრების საფლავების მონახულება დიდი ფუფუნებაა. რუსეთი ამ უფლებას არ გასცემს. ეგრეთ წოდებული, გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ საფლავებზე ნათესავები გასვლას ვერ ახერხებენ. ეს საკითხი მუდმივად წამოიჭრება ხოლმე საერთო შეხვედრებზე, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში ტარდება, ასევე ჟენევაში, მაგრამ რუსეთი შეუვალია.

კონფლიქტის ზონაში ეს ტკივილი უჩინრად არსებობს. ის საერთოა თითქმის ყველა ოჯახისთვის, რომელიც იქ ცხოვრობს და რომელიც დევნილად იქცა. ეს ხმავერმიწვდენილი საფლავების გამო არსებული სევდაა. მაგრამ კიდევ უფრო ღრმა და უფრო მწვავე, ვიდრე უბრალოდ სევდა.

ადამიანები, ვინც “ამერიკის ხმამ” ჩაწერა, სწორედ ამ ტკივილს ატარებენ. ლია ჩლაჩიძე ერგნეთში ცხოვრობს. აღდგომა მისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. მის ოჯახში კვერცხები წითლად იღბება და სააღდგომო პასკა ცხვება, მაგრამ მისი რელიგიური რიტუალი მნიშვნელოვანი დეტალის გარეშე ტარდება. „შარშან ვიყავი აქ, ერგნეთში, მამისაანთუბანში, ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს, როდესაც მიცვალებულების დღე აღინიშნება. ყვავილები, კვერცხები და სანთლები წავიღე, ხელი ღობის ქვეშ შევყავი და ისე დავანთე ეს სანთლი. გამიმართლა ამინდმაც, რომ არ ჩაქრა სანთელი და ბოლომდე ჩაიწვა. მართალია, ცრემლების ყლაპვით, მაგრამ ისეთი კმაყოფილი ვიყავი და ისეთი კმაყოფილი წამოვედი იქიდან, მეგონა, მთელ იქით დარჩენილ მიცვალებულებს მივაგე პატივი, ყველას მაგივრად“.

ჩვენთან საუბრისას ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა არ უნდა შეამცირონ ძალისხმევა, რომელიც საფლევების მონახულების უფლების მოპოვებისკენაა მიმართული. მას რჩება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ რელიგიური დღესასწაულების წინ საუბრობენ ამ საჭიროებაზე მოლაპარაკების მაგიდის ირგვლივ მყოფი ადამიანები. „ყოველთვის ყურადღებით ვადევნებ თვალ-ყურს ერგნეთის შეხვედრებს, სადაც მუდმივად აყენებენ საკითხს იმის შესახებ, რომ ადამიანებს მისცენ უფლება მივიდნენ ახლოს მდებარე სასაფლაოებზე. მაგრამ არასოდეს ეს საკითხი არ წყდება. მახსენდება, შარშან, ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დათო სანაკოევმა განაცხადა, „მაინცდამაინც აღდგომის წინა დღეს რატომ აყენებთ ამ საკითხს, მთელი წლის განმავლობაში რატომ არ მუშაობთ ამის შესახებო“ და ძალიან მენიშნა ეს ამბავი. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ გაძლევენ აქეთ ნიშნანს, რომ შენ ეს საკითხი ერთჯერადად კი არაღნიშნო, მუდმივად იმუშაო მასზე. მუდმივად არ უნდა მოასვენო, არ უნდა დაასვენო და უთხრა, რომ არაა ნორმალური ადამიანს ახლობლის საფლავზე მისვლის საშუალება არ მისცე. რაღაც ველურობასთან გვაქვს საქმე. პოლიტიკაში გადააქვთ ეს ჩვენი ყოველდღიური, ყოფითი საკითხი. ასეთი დღე ხომ წელიწადში ერთხელაა. ნუთუ არ შეიძლება, ამაზე მუდმივად იყოს ლაპარაკი, რომ იქნებ ერთხელ მაინც გამოგვივიდეს, ძალიან მწყდება გული.“

მანანა ჭამპურიძე ცხინვალიდან დევნილია. მისი ახლობლების საფლავებიც გამყოფი ხაზის მიღმა აღმოჩნდა, მაგრამ მას არ ტოვებს ადამიანური თანადომისა და მეგობრობის იმედი იმ ხალხის მხრიდან, ვინც ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობს და სჯერა, რომ მისი ახლობლების საფლავები წითელი კვერცხისა და დანთბული სანთლის გარეშე არ დარჩება: „საკუთარი სახლები ხომ გვადარდებს, მაგრამ საფლავების საკითხი უფრო მეტად მტკივნეულია ჩვენთვის, რადგან საფლავი წმინდა ადგილია, სადაც ჩვენი მამა–პაპის ძვლები განისვენებენ. აღდგომის დღეებში ტკივილიც, სევდაც, მონატრებაც უფრო მწვავდება. 2004 წლამდე ჩვენ კიდევ ვახერხებდით შესვლას და მამაჩემის საფლავის მონახულებას ცხინვალში, აღდგომის დღესასწაულზე. მინდა გითხრათ, რომ რამდენჯერაც ჩვენ მივდიოდით იქ, საფლავი გაწმენდილი, დასუფთავებული გვხვდებოდა. ახლაც ამიტომ ვამბობ, რომ იმედი მაქვს, ეს ისევ ასე გრძელდება. ჩვენ არავის ვთხოვდით ამის გაკეთებას, ამას უთქმელად აკეთებდნენ მამას მეგობრები. ყოველთვის მაქვს იმედი, რომ იქითა მხარეს ისევ არიან ის მეგობრები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, მამას საფლავზე აუცილებლად მივლენ, კვერცხებს გააგორებენ და სანთლებსაც დაანთებენ.“

სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ხელისუფლება განცხადებებს აკეთებს იმის შესახებ, რომ მათი რესპუბლიკა რუსეთთან გაერთიანებდება. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების რუსულთან გაერთიანების პროცესი უკვე დაწყებულია. შესაბამისად, რუსეთისთვის საფლავები ადამიანურ, ჰუმანიტარულ, ან თუნდაც რელიგიურ საკითხს კი არა, პოლიტიკური ვაჭრობის საგანს წარმოადგენს.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 14 აპრილი, 2017 წელი

http://ru.echo.az/?p=58520

სომხეთი-საქართველო: „დიალოგი დაბრკოლებებით“

„ამ დღეებში სომხური მასობრივი მედიის ყურადღების ცენტრში დიპლომატიური ქრონიკა მოექცა. ერევანს ვიზიტით ეწვია საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელმაც სომხეთის ხელმძღვანელებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების მთელი სერია გამართა. ჰოდა, სომხური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც ბეჯითად და დეტალურად ავრცელებენ ინფორმაციას მეზობელი ქვეყნის დიპლომატიური უწყების მეთაურის ვიზიტის შედეგების შესახებ. გარეგნულად, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი კარგად და მშვენივრად გამოიყურება“, – ასე იწყება აზერბაიჯანული გაზეთში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული მიხეილ ჯანელიძის ერევანში ყოფნის მთავავრი მომენტები (ავტორი – ნურანი).

„ტელეკამერების წინ ბევრი რამ ითქვა საქართველოსა და სომხეთის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე”, – აღნიშნავს ავტორი და იმ განცხადებების ციტირებას ახდენს, რომლებიც ქართველმა  მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და მისმა სომეხმა კოლეგამ ედვარდ ნალბანდიანმა გააჟღერეს ერთობლივ ბრიფინგზე.

პუბლიკაციაში, ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი მიხეილ ჯანელიძის განცხადებებს. ეს არც არის გასაკვირი: გასაგები მიზეზების გამო, აზერბაიჯანი დიდი ინტერესით აკვირდება საქართველოს დამოკიდებულებას სომხეთის მიმართ. ამ თვალსაზრისით სტატიაში გაშუქებულია თბილისის პოზიციები და შეთავაზებები ერევანს – ტრანსპორტის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში. ყველაზე მეტი მნიშვნელობა კი, ცხადია, სომხეთისათვის ესოდენ საჭირო საკითხს – საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს ენიჭება, კერძოდ, შავი ზღვის ნავსადგურების შესაძლებლობებს, რომლებიც სომხეთს შეუძლია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. სტატიის ავტორიც სწორედ ამ საკითხზე აკეთებს აქცენტს:

„ზედმეტია იმის შეხსენება ჩვენი მკითხველისათვის, რომ საქართველო და სომხეთი ერთმანეთის მეზობელი ქვეყნებია, მეზობლებისთვის კი უმჯობესია მშვიდობიანად და თანხმობით იცხოვრონ და თუ მოხერხდება, ეკონომიკური თანამშრომლობაც განავითარონ. ერევანს თავისი განსაკუთრებული ინტერესი აქვს ჩრდილოელი მეზობლისადმი: სომხეთისთვის, რომელიც აზერბაიჯან-თურქეთის მხრიდან ჩაკეტილია, საქართველო ნამდვილ „სიცოცხლის გზას“ წარმოადგენს – რუსეთში და ევროპის ქვეყნებში გასასვლელად. რასაკვირველია, არსებობს აგრეთვე „ირანული მიმართულება“, მაგრამ სამხრეთულ მეზობელთან პრაქტიკულად არანაირი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ამავე დროს სომხეთს ქართულ „სიცოცხლის გზაზე“ საკმაო პრობლემები აქვს, განსაკუთრებით ზემო ლარსის მიმართულებით, რომელიც, კლიმატური თუ რელიეფური მიზეზების გამო, მნიშვნელოვანი შეფერხებებით მუშაობს. ბუნებრივია, ერევანი ალტერნატივას ეძებს. საქართველო მას თავის შავი ზღვის ნავსადგურებს სთავაზობს, მაგრამ სომხები ჩივიან, საზღვაო ბორნები ძვირი გვიჯდებაო და ქართველებისაგან ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალით სარგებლობის უფლებას ითხოვენ, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალზე და როკის გვირაბზე გადის. ან მეორე ვარიანტს – საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის ამოქმედებას. თუმცა ორივე ვარიანტი უპერსპექტივოა, რადგან თბილისი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში არანაირ კომპრომისზე არ თანხმდება.

და რადგანაც მიხეილ ჯანელიძესთან მოლაპარაკებებში, როგორც ჩანს, ეს თემები საერთოდ არ განხილულა, აშკარაა, რომ ერევნისთვის სიტუაცია კარგად არ ვითარდება. ცხადია, სომხეთის ხელმძღვანელობა ამაზე ხმამაღლა არ საუბრობს. მართალია, ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ შედეგად სომხურმა ცესკომ მმართველ პარტიას სასიამოვნო ციფრები დაუდო, მაგრამ ერევნელი მაღალჩინოსნების კაბინეტებში კარგად ხვდებიან იმას, რომ ხელისუფლებას ბევრი ოპოზიციონერი ჰყავს, რომლებიც საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებენ მთავრობას სომხეთის მოსკოვის „ფორპოსტად“ გადაქცევის გამო. დღეს, როცა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია, ერევნელ ანალიტიკოსებს ეს ფაქტორი ძალიან აშინებთ“, – წერს ბაქოს გაზეთის ჟურნალისტი და ამის დასადასტურებლად იგი ერევნის ანალიტიკური ცენტრის „მოდუს ვივენდის“ ხელმძღვანელის არა პაპიანის ნათქვამს იმოწმებს: „ჩვენ გვეგონა, რომ დონალდ ტრამპი რუსეთთან მიმართებით თავის დაპირებებს შეასრულებდა, მაგრამ ახლა ნათელი ხდება, რომ მოსკოვ-ვაშინგტონის დაახლოება ფიასკოს განიცდის. ჩვენ ორ ბანაკს შორის აღმოვჩნდით, რაც ძალიან მავნე მოვლენაა. რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობა კი სომხეთს „ფრონტულ მდგომარეობაში“ აყენებს“.

„აი, ასეთ ფონზე, – წერს ნურანი, – სომხეთის ურთიერთობა საქართველოსთან, ანუ იმ მეზობელთან, რომელმაც უკვე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია დასავლეთთან – თბილისმა უკვე მიიღო ვიზალიბერალიზება ევროკავშირისგან და წარმატებით თანამშრომლობს ნატოსთან, ერევნის ხელისუფლებისთვის ერთგვარი თვალსაჩინოებაა იმისა, რომ თითქოსდა სომხეთს ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი საგარეოპოლიტიკური მანევრის შესაძლებლობა. თუმცა რეალურად ხომ ასე არ არის: სომხეთი ტოტალურადაა დამოკიდებული რუსეთზე და ეს ფაქტორი პირდაპირ გავლენას ახდენს ერევან-თბილისის ურთიერტობაზე; იმ დღეებში, როცა მიხეილ ჯანელიძე თავის კოლეგა ედვარდ ნალბადიანს ხვდებოდა, ე.წ. „არცახის პრეზიდენტმა“ ბაკო სააკიანმა ე.წ. „სამხრეთ ოსეთ – ალანეთის სახელმწიფოს“ არჩეულ პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს მილოცვა გაუგზავნა. ვინმემ თუ დაივიწყა, გავახსენებთ: „სამხრეთ ოსეთი“ თუ „ალანეთის სახელმწიფო“ იგივე მარიონეტული ოკუპაციური რეჟიმია, როგორსაც თვითონ ბაკო სააკიანი წარმოადგენს, იმ განსხვავებით, რომ ოსების „დამოუკიდებლობა“ რუსეთს და კიდევ ორიოდე სახელმწიფოს აქვს აღიარებული.

ასეთი „არჩევნებ-რეფერენდუმების“ მიმართ სომხეთი აშკარა მხარდაჭერას გამოხატავს: მართალია, ამას თვითონ ერევანი არ აკეთებს, მაგრამ აცხადებს იგივე დამოუკიდებელი „არცახის პრეზიდენტის“ პირით. მაგრამ მოდით გულზე ხელი დავიდოთ და ისე ვთქვათ: ვინმეს სჯერა ხანკენდელ სეპარატისტტთ ლიდერის ბაკო სააკიანის დამოუკიდებლობა სერჟ სარგსიანისაგან და სერჟ სარგსიანის დამოუკიდებლობა ვლადიმირ პუტინისგან? ასეთ მანევრს ერევანი პირველად არ მიმართავს. როგორც თავის დროზე „საქმის მცოდნე წყაროები“ ამტკიცებდნენ, რუსეთმა 2008 წელს სომხეთსაც მოსთხოვა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება, მაგრამ „ფორპოსტმა“ ასეთი ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა: მას საზღვარს საქართველოც დაუხურავდა, ერევანი კი ამგვარ ლოჯისტიკურ შოკს ვერ გადაიტანდა. სამაგიეროდ, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების „სუვერენიტეტი“ ხანკენდმა ხმამაღლა აღიარა. სომხები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დამაბალანსებელი დიპლომატია განახორციელეს: რუსეთსაც აჩვენეს, რომ მხარს გიჭერთო და იმავდროულად თავიდან აიცილეს დიპლომატიური კონფლიქტი საქართველოსთან, თუმცა ასეთ „ყურების პარტყუნს“ მხოლოდ გამოქლიავებული დილეტანტი თუ დაიჯერებს…

სომხეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია პროვოკაციული აქტიურობის შემცირება და რისკების მინიმიზირება. მათ იციან, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ქართული „ფანჯარა მსოფლიოში“ დაიხუროს, მაგრამ… ერევანი საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებას ვერ ბედავს, ყველაფერი მოსკოვში წყდება“, – ნათქვამია სტატიის დასასრულს.

Comments are closed