«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რბილი ძალა და მასთან ბრძოლის სტრატეგია საქართველოში
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკელი მკვლევარები: „საქართველო უკრაინის გემზე გამობმული ნავია“ // „საქართველომ იმედი არ უნდა დაკარგოს“
«ТВ 24 канал» (უკრაინა): რატომ უნდა აიღოს უკრაინამ მაგალითი საქართველოსაგან ეკონომიკის სფეროში
«Lragir» (სომხეთი): საქართველოს ინტერესები სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ფონზე
«La Prensa» (ნიკარაგუა): „ჩექმების დიპლომატია“ // როგორ აღიარა დანიელ ორტეგას რეჟიმმა საქართველოსაგან რუსეთის წაქეზებით და მხარდაჭერით გამოყოფილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა
«Каспiй» (აზერბაიჯანი): „ჩხუბის შემდეგ მუშტებს აღარ იქნევენ“, ანუ როგორ გამოეპარა თბილისს იური ლუჟკოვის აფხაზეთში ყოფნა
—————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 14 მაისი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/pkhaladze-on-soft-power/3849800.html
რბილი ძალა და მასთან ბრძოლის სტრატეგია საქართველოში
ეკა მაღალდაძე
როგორ უნდა ებრძოლოს საქართველო ქვეყანაში რუსეთის ე.წ. რბილ ძალასა და დეზინფორმაციას? კიბერუსაფრთხოება და არატრადიციული, არაკონვენციური მეთოდებით ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა – ამ საკითხზე ვაშინგტონში ბოლო დროს ძალიან ბევრს საუბრობენ, როგორც ამერიკელი კანონმდებლები, ისე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, რომელიც ვაშინგტონში რამსფელდის ფონდის მოწვევით იმყოფებოდა ამბობს, რომ აუცილებელია, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ამ საკითხის მიმართ ერთნაირი პოზიცია ჰქონდეთ. საქართველოს წარმომადგენლებმა კი ყველა დონეზე ხაზი უნდა გაუსვან იმას, რომ ის ტექნოლოგიები, რომლებიც მოგვიანებით ყირიმში თუ საერთოდაც, ვაშინგტონში იყო გამოყენებული, რუსეთმა მანამდე საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა.
„ვფიქრობ, საქართველოს მაგალითი ამ მხრივაც ძალიან საყურადღებოა იმიტომ, რომ რუსეთმა არა მხოლოდ ე.წ. „რბილი ძალის“, როგორც მას ჩინოვნიკები უწოდებენ, არამედ ე.წ. „ჰუმანიტარული პოლიტიკის“ გამოყენება საქართველოში ძალიან დიდი ხნით ადრე დაიწყო. ე.წ. „თანამემამულეთა პოლიტიკას“ მოჰყვა პასპორტიზაცია აფხაზეთსა და ე.წ. ცხინვალის რეგიონში. ის ტექნოლოგიები კი, რაც საქართველოში იყო გამოყენებული, ერთი-ერთზე განმეორდა ყირიმში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ რა თანამედროვე, არაკონვენციური ტექნოლოგიები და საფრთხეები მოქმედებს დღეს საქართველოშიც და რეგიონშიც. თუ ჩვენ ამ საფრთხეების მიმართ ერთიანი პოზიცია და მიდგომა გვექნება, მაშინ მოვახერხებთ არა მხოლოდ იმას, რომ ეს საფრთხეები არ განივრცოს, არამედ იმასაც, რომ შევიმუშაოთ პრევენციის მექანიზმები“, – ამბობს ფხალაძე და განმარტავს:
„სხვა შემთხვევაში ყოველთვის გვექნება ფაქტი, რომ ჯერ იყო საქართველო, სადაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა, რომ ამ რეგიონში შეიძლება ეს პრობლემა იყოს მნიშვნელოვანი და რომ ეს შეიძლება სხვებისთვისაც პრობლემა იყოს. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა ნამდვილად განმეორდა. დღეს უკვე ვხედავთ, რომ რუსული „რბილი ძალის“ და ინფორმაციული შეტევების თაობაზე საუბრობენ არა მხოლოდ ჩვენთან და ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში არამედ აქაც, ვაშინგტონში, სადაც იგივე ტექნოლოგიები იყო გამოყენებული“, უთხრა „ამერიკის ხმას“ თენგიზ ფხალაძემ.
პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ 2008 წელს საქართველოში კიბერ ომი იყო, რასაც საკმარისი ყურადღების მიქცევა სჭირდება.
„ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და აძლიერებს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ ეს ასევე მნიშვნელოვანია ყველა სხვა დანარჩენი სახელმწიფოებისთვისაც.“
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 14 მაისი, 2017 წელი
ამერიკელი მკვლევარები: „საქართველო უკრაინის გემზე გამობმული ნავია“ // „საქართველომ იმედი არ უნდა დაკარგოს“
ანი ჩხიკვაძე
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, საფრანგეთის არჩევნების შედეგების და ევროპაში ლიბერალიზმის მომავალის განხილვისას, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის გაფართოების საკითხზეც ისაუბრეს. აშშ-ის ყოფილმა ტოპ-დიპლომატებმა და მიმომხილველებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად გაერთიანების შიგნით არსებული უთანხმოებებისა და სკეპტიციზმისა, ქვეყნებმა, როგორიცაა საქართველო, იმედი არ უნდა დაკარგონ.
ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარის კონსტანცა სტელცენმიულერის თქმით, საქართველო უნდა ეცადოს საკუთარი საკითხის უკრაინის საკითხთან ერთად დაყენებას.
„საქართველო ახლა უკრაინის გემზე გამობმული ნავია. ევროპელებისთვის საქართველოზე ყურადღების არგამახვილება უფრო ადვილი იყო. მათ აღიზიანებდათ, არ მოწონდათ სააკაშვილი და არც მას უცდია თავის მოწონება, მათ რიგებში იყო ჩვენი [გერმანიის] კანცლერი, რამაც უფრო ადვილი გახადა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ყურადღების არგამახვილება. ამან საქართველოში მიმდინარე ამბები ევროპისთვის არა-რელევანტური გახადა. დღეს, ის რაც უკრაინაში ხდება, არამარტო რელევანტურია, ეს ევროპული პროექტისთვის საციცოცხლოა, ჩემი აზრით. რუსეთის მიერ გავლენის სფეროს ავტორიტარული და საშინელი გზებით ხელახლა დაპატრონების ზღვარი უკრაინაზე გადის. უკრაინა ევროპის ერთიანობის და თავისუფლებისთვის ცენტრალური [ქვეყანაა]. ასევე მნიშვნელოვანია დემოკრატიზაციისთვის ის ქვეყნები, რომლებიც ბელორუსიიდან კავკასიამდე ექცევა“, – აცხადებს კონსტანცა სტელცენმიულერი. მისი თქმით, გერმანიის გაერთიანების მაგალითი არის ის, რაც საქართველომ და უკრაინამ უნდა გამოიყენონ, ევროპისთვის მათი წევრობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად. მისივე თქმით, დღეს საქართველოს მიერ უკრაინელებთან ერთად მუშაობა უფრო შესაძლებელს გახდის ევროპის პროექტთან დაახლოებას თბილისისათვის.
„უკრაინა მთავარი ფიგურაა საჭადრაკო დაფაზე. უკრაინელებს ეს ესმით და ბევრს მუშაობენ, მიუხედავად ოლიგარქების და პოლიტიკური ელიტის ნაწილის მცდელობისა, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ. მე ვფიქრობ, იმისათვის, რომ ევროპამ გააგრძელოს მისი აღმოსავლეთის სერიოზულად განხილვა, საჭიროა [საქართველოს და უკრაინის მიერ] ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ 1989 წლის საოცარი მოვლენა [გერმანიის გაერთანება], მოხდა სამოქალაქო საზოგადოების მცდელობის გამოისობით და თქვენ სწორედ ამასვე ცდილობთ. თქვენ უნდა თქვათ, რომ გჯერათ ევროპული მოდელის და პროექტის. ამის უარყოფა ევროპელებისთვის შეუძლებელია, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ვმერყეობთ ჩვენივე რწმენაში [ევროპული პროექტისადმი]. მე გირჩევდით [ქართველებს] ისტორიის ეს [გერმანიის] მაგალითი აიღოთ, უკრაინელებთან ერთად იმუშაოთ და დაეხმაროთ კიდეც მათ“, – განაცხადა მან.
ამერიკელი დიპლომატის, დენიელ ფრიდის განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების გატარება და სჯეროდეს იმის, რომ მომავალში ევროპა და ამერიკა უფრო გახსნილები იქნებიან საკუთარ ინსტიტუტებში ახალი წევრების მიღების კუთხით.
„თავისუფლების ისტორიული ტალღა 1989 წელს დაიწყო და 20 წელი გაგრძელდა, ახლა კი შეჩერებულია და უკურეაქციას ვხედავთ. ჩვენ, მათ, ვისაც თავისუფალი სამყაროს პრინციპების გვჯერა, უნდა ვეცადოთ ვებრძოლოთ ამ უკურეაქციას, არ დავკარგოთ დრო და ვიყოთ გახსნილები მომავალისთვის, იმ დროისთვის, როდესაც ისტორია კიდევ ერთხელ მოტრიალდება და ინსტიტუტები ახალ წევრებს მიიღებენ. ეს დრო ჯერ არ დამდგარა, თუმცა მე მჯერა, რომ მოვა… თქვენ უნდა გააგრძელოთ რეფორმები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვაგან გავწევრიანდეთ, არამედ საკუთარი თავისთვის“, – განაცხადა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში დიპლომატმა დენ ფრიდმა, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტში სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობი ეკავა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც საქართველო დასავლური ინსტიტუტების წევრობის სერიოზული კანდიდატი გახდა, დასავლეთი არ იყო მზად ახალი ქვეყნები მიეღო საკუთარ რიგებში, თუმცა მისი თქმით, საქართველომ იმედი არ უნდა დაკარგოს.
„მე ვისურვებდი საქართველოში ვარდების რევოლუცია და რეფორმები 10 წლით ადრე მომხდარიყო. თუმცა მაშინ როდესაც საქართველო დასავლური ინსტიტუტების წევრობის სერიოზული კანდიდატი გახდა, დასავლეთს საკუთარი თავის ნაკლებად სწამდა და რუსეთის ნაკლებად კეთილმოსურნე იყო… ყოველდღე, როდესაც თქვენი ქვეყანა სუვერენიტეტს და არჩევანის თავისუფლებას ინარჩუნებს, კიდევ ერთი დღეა იმისკენ, რომ ისტორია შეიცვლება, ამერიკა და ევროპა დაიბრუნებს თვითრწმენას. ხაზს ნუ გადაუსვამთ მომავალს“, – ამბობს დინ ფრიდი.
მიუხედავად დასავლეთში მიმდინარე მოვლენების პესიმისტურად შეფასებისა, საფრანგეთში პოპულისტების დამარცხება და პრო-ევროპული კანდიდატ ემანუელ მაკრონის გამარჯვება, დღეს მიმომხილველებს და მკვლევარებს აძლევს იმედს, რომ ევროკავშირი და ევროპა ახალი სუნთქვით გააგრძელებს არსებობას, გადალახავს არსებულ გამოწვევებს, შეინარჩუნებს ერთიანობას და ბრიტანეთის მიერ გაერთიანების დატოვების მიუხედავად, მოახერხებს თანამშრომლობის გაღრმავებას.
«ТВ 24 канал» (უკრაინა), 14 მაისი, 2017 წელი
რატომ უნდა აიღოს უკრაინამ მაგალითი საქართველოსაგან ეკონომიკის სფეროში
უკრაინაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ კრემლის აგრესიის შედეგი არ არის. საქართველოში მსგავს სიტუაციაში, რუსეთთან ომის დროს, ეკონომიკა აყვავების პერიოდში იყო, – ასე განაცხადა ცნობილმა რუსმა ოპოზიციონერმა, რუსეთის პრეზიდენტის ექს-მრჩეველმა, ეკონომიკური ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ანდრეი ილარიონოვმა კიევის „მომავლის ინსტიტუტში“ წაკითხული მოხსენების დროს (თემა „უკრაინის ეკონომიკური კატასტროდა 2013-2016 წლებში“).
ანდრეი ილარიონოვმა უკრაინის ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაში ეროვნული ბანკი დაადანაშაულა, მისი ხელმძღვანელის – ვალერია გონტარევას სახით. მისი თქმით, უკრაინის ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ სავალუტო ოპერაციების ხისტი რეგულირების პოლიტიკაას ახორციელებს, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა, მოხდა მისი იზოლირება გარესამყაროსაგან. ანდრეი ილარიონოვმა აღნიშნა, რომ ვალერია გონტარევას უპასუხისმგებლო მოქმედების შედეგად, უკრაინის საგარე ვალებმა „კრიტიკულს იქით“ დონეს გადააჭარბა, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 90%-ზე მეტს და თუ ეკონომიკა ოდესმე ზრდას დაიწყებს, რესურსები საგარეო ვალების მომსახურებას დაჭირდება და არა სახელმწიფო და სოციალური პროექტების რეალიზებას. ანდრეი ილარიონოვმა ისეთი ქვეყნების თვალსაჩინო მაგალითად, სადაც ეკონომიკა სამხედრო მოქმედებების დროსაც კი მატულობს და ვითარდება, საქართველო დაასახელა.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინა თავის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ და ღრმა სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. ითვლება, რომ ყოველივე ამის მიზეზს რუსეთის მიერ უშუალოდ განხორციელებული სამხედრო აგრესია წარმოადგენს. მართლაც, კრემლის „ღია“ აგრესიის პიკი 2014 წელზე მოდის, მაგრამ ყველაფერს საგარეო ფაქტორს ნუ დავაბრალებთ… მსგავსი სიტუაციებში სხვაგვარი მიდგომაც არსებობს. შევადაროთ ორი ქვეყანა ერთმანეთს, რომლებიც ერთი და იმავე აგრესორის მსხვერპლი გახდნენ – საქართველო და უკრაინა. მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ საქართველო მოსახლეობა 10-ჯერ მცირეა, უკრაინასთან შედარებით, ხოლო ეკონომიკის მოცულობით 15-ჯერ ნაკლები. საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 35%-ით მცირეა, ვიდრე უკრაინაში. საქართველო, უკრაინასთან შედარებით, უფრო ნაკლებადაა გაზიფიცირებული. საქართველოს ისეთი მაღალ დონეზე განვითარებული სოფლის მეურნეობა არ აქვს, როგორც უკრაინას. საქართველო ბევრად ჩამოუვარდება უკრაინას სატრანსპორტო სისტემისა და მრეწველობის განვითარების დონითაც. საერთოდ, საქართველო როგორც გეოპოლიტიკური, ასევე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით, ერთი ვიწრო ხეობაა, რომელიც შავი ზღვიდან თბილისამდე გრძელდება. თუ ამ ხეობას გადაჭრი, მთელი ქვეყნის პარალიზება მოხდება, რაც რუსეთის ჯარებმა კიდეც გააკეთეს [მათ მთავარი კომუნიკაციები გადაჭრეს], მაგრამ ქვეყანამ, რომელიც უკრაინასთან მიმართებით შეუდარებლად [მძიმე] სიტუაციაში იმყოფებოდა, დარტყმა მაინც გადაიტანა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წელს იყო 6,5%, ხოლო ომის დროს 7,3%. ანუ უკრაინასთან შედარებით სხვა სიტუაციაა. საქართველოს ეროვნულ ბანკს არც მოუხდენია ლარის დევალვაცია და არც სავალუტო რეზერვები არ გაუნიავებია. გარდა ამისა, რუსმა დაქირავებულებმა და სეპარატისტებმა უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 7% აქვთ დაკავებული, მაშინ როცა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება მოახდინა. ამას ემატება ისიც, რომ რუსების ავიაცია მთელი ქვეყანას ბომბავდა და რაკეტებს უშენდა. უკრაინის დამოკიდებულება რუსეთღზე მხოლოდ 30%-ით შემცირდა, საქართველოსი კი – 70%-ით. საქართველოს ხელისუფლების შეგნებულმა პოლიტიკამ ქვეყანა სულ სხვა შედეგამდე მიიყვანა“, – განაცხადა ანდრეი ილარიონოვმა.
————
აღსანიშნავია, რომ რუსმა ოპოზიციონერმა იგივე გაიმეორა რადიო „თავისუფალი ევროპა – თავისუფლების“ უკრაინული სამსახურის სტუდიაში, ჟურნალისტ ალექსანდრ ლაშენკოსთან საუბრისას (იხილეთ https://www.radiosvoboda.org/a/28482959.html).
«Lragir» (სომხეთი), 13 მაისი, 2017 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/55645
საქართველოს ინტერესები სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ფონზე
სტატიაში, რომელიც პოპულარულ სომხურ გამოცემაში გამოქვეყნდა, გაანალიზებულია საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის მდგომარეობა და პერსპექტივა, მასში ყურადღება ეთმობა აგრეთვე თურქეთისა და რუსეთის ბოლო პერიოდის დიპლომატიასაც, საქართველოსთან მიმართებით (ავტორი – იგორ მურადიანი, პოლიტოლოგი, პროფესორი).
გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი პუბლიკაციიდან:
„საქართველოს „ქედმაღლური დამოკიდებულება „ვასალურ სომხეთთან“ და ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანთანაც კი, უკვე დასრულდა. ილუზიები გაიფანტა, დადგა იმედგაცრუების დრო. თუ გავითვალისწინებთ იმ ზოგიერთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოტივს, რომლებიც საქართველოს საგარეო პოლიტიკას ახასიათებს, უეჭველია, რომ თბილისი ახლა უფრო ყურადღებით მოეკიდებიან სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს.
ქართული მასმედია, ქართველი ექსპერტების გამოსვლები და კომენტარები სულ უფრო ხშირად მოიცავს თურქულ-სომხურ-აზერბაიჯანულ და რუსულ-თურქულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, საკვირველი იქნებოდა, რომ ქართველები საგარეო „ხმაურიანი“ მოვლენებით არ დაინტერესებულიყვნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თბილისისათვის უცხოური დახმარების მიღების მიზნით, განსასკუთრებით ბოლო ხანს მომხდარი მოვლენების ფონზე. ქართველი პოლიტიკოსების საბედნიეროდ, დონორების ყურადღება არ განელებულა, საქართველო კვლავ ყურადღების ფოკუსში რჩება, თუმცა არა ისე აქტიურად, როგორც ადრე.
ამავე დროს ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები საკმაოდ დაააფიქრა თურქეთის „დეზერტირობამ“ აშშ-ის ბანაკიდან და ანკარის მცდელობამ რუსეთთან ურთიერთობის განახლების მიზნით. შესაძლოა ანკარა-მოსკოვის კავშირების „გადატვირთვით“ რეგიონში ისეთი რეალიები ჩამოყალიბდეს, რომლის შედეგად საქართველო უფრო მოწყვლადი გახდება, ვიდრე ეს ადრე იყო.
საქართველოს, როცა რუსეთთან ურთიერთობის დროს, ყოველთვის მხედველობაში ჰქონდა და იმედოვნებდა, რომ თურქეთი, როგორც მინიმუმი, რუსეთის პოლიტიკის კალაპოტში არ მოექცეოდა და უპირატესობას მისცემდა საქართველოსადმი მხარდაჭერას, ამა თუ იმ სქემით და ძალთა განლაგებით. ვერ ვიტყვით იმას, რომ საქართველო არ ითვალისწინებდა თურქულ ექსპანსიას. იყო ეჭვები, ფრთხილი მიდგომები, თუმცა ასეთი ეჭვები უფრო მეტად ისტორიული საფუძვლებით იყო განპირობებული. ქართველებს იმედი ჰქონდათ, რომ თანამედროვე, მოდერნიზებული თურქეთი მათთვის საფრთხის მომტანი არ იქნებოდა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ანკარა თავშეკავებას ამჟღავნებდა აფხაზეთის, აჭარის მიმართ, „თურქ-მესხების“ პრობლემის მიმართაც. თურქეთის მონაწილეობამ საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში ანკარისადმი თბილისის ნდობა კიდევ უფრო განამტკიცა. ქართველებს სჯეროდათ, რომ 2008 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, თურქეთის მხარდაჭერა მომავალშიც უცვლელად გაგრძელდებოდა.
თუმცა დაკვირვებული თვალისთვის მაინც შესამჩნევი იყო, რომ თურქეთი საქართველოს ისე უყურებდა, როგორც მომავალ ვასალურ სახელმწიფოს, მასზე დამოკიდებულს, როგორც პოლიგონს თურქული გრძელვადიანი ექსპანსიისათვის და როგორც სანედლეულო დანამატს. თავდაპირველად თურქეთი ცდილობდა, რომ საქართველოს საქმეებსა და პრობლემებში ღრმად არ ჩარეულიყო, რადგან საბოლოო ჯამში ანკარას საქმის გარჩევა მოუხდებოდა არა მარტო მოსკოვთან, არამედ ვაშინგტონთანაც.
საინტერესოა, რომ თურქეთი ცდილობდა, თუმცა ბოლომდე ვერ შეძლო ისეთი ბერკეტების შექმნა-შემუშავება, რომლითაც აზერბაიჯანზე ეფექტურ გავლენას მოახდენდა. საქართველოს მიმართებით კი ანკარას ამგვარი რამ არც დასჭირვებია – თბილისთან მიმართებით ყველა საკითხი ავტომატურად წყდებოდა. თავის მხრივ, თურქეთი მკაცრად არ ითხოვდა საქართველოსაგან, ვთქვათ, „თურქი-მესხების“ საკითხის მოგვარებას სამცხე-ჯავახეთში. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩება, თუ რეგიონში რუსეთ-თურქეთ-აზერბაიჯანული ალიანსი ჩამოყალიბდება. აღსანიშნავია, ქართული პოლიტიკური მასალების თანახმად, ზემოაღნიშნულ ალიანსს ემატება სომხეთიც, რომელმაც „საბედისწერო როლის“ შესრულება ეკისრება საქართველოს ირგვლივ შექმნილ გეოპოლიტიკურ რკალში, თბილისის საბოლოოდ მოსახრჩობად. ამ შემთხვევაში აზრი ეკარგება სტრატეგიულ თანამშრომლობას აშშ-სთანაც კი, რადგან საქართველოს მდგომარეობა განწირული ხდება და საეჭვოა, რომ მან „კავკასიური ავიამზიდის“ როლი შეასრულოს.
თურქეთთან ურთიერთობის თემაზე საუბრისას ქართველი ექსპერტები თავს ძლივს იკავებენ, რომ მას მტერი და უფრო მეტიც – ისტორიული მტერი არ უწოდონ. ისინი სხვადასხვა ფაქტებს იხსენებენ ისტორიიდან, აგრეთვე პასაჟებს პანთურქისტების საქმიანობიდანაც, საუბრობენ თურქეთის ტერიტორიულ პრეტენზიებზე საქართველოს მიმართ.
(…)
უეჭველია, ანტითურქული განწყობები მეტ-ნაკლებად ჩაწყნარდება და თბილისი ცივი გონებით განსჯას დაიწყებს, მით უმეტეს, თუ თურქეთი საქართველოს მხარდამჭერ ინიციატივებს წამოაყენებს. საერთოდ, თურქეთს უკვე კარგად აქვს შესწავლილი ქართველების ხასიათი, პოლიტიკური მოტივაციები და პრიორიტეტები და არაა გამორიცხული რომ ანკარამ თბილისს რაღაც პირობები შესთავაზოს. ამასთან ერთად, უნდა ითქვას, რომ თურქეთს საქართველოს სახელისუფლო, პოლიტიკურ და ძალოვან სტრუქტურებში საკმაოდ ფართოდ განშტოებული აგენტურული ქსელი და გავლენის აგენტები ჰყავს (ასეთივე სიტუაციაა აზერბაიჯანში და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში). თურქეთი დაინტერესებულია აჭარის დისტანცირებით საქართველოსაგან, ანუ აჭარის ავტონომიის უფრო მეტი პოლიტიკური დამოუკიდებლობით. ანკარა აგრძელებს თამაშს აჭარასთან და მთლიანად საქართველოსთან მიმართებით, სარგებლობს აშშ-სა და რუსეთის დაპირისპირებით. აფხაზეთში თურქეთი ცდილობს ძლიერი ოპოზიციის შექმნას. მიზანი აშკარაა: თურქეთს სურს, რომ აფხაზური დიასპორის 500 ათასამდე წარმომადგენელი ისტორიულ სამშობლოში დააბრუნოს. აფხაზეთში ოპოზიციური პროთურქული კლანის შექმნით ანკარა ცდილობს ხელი შეუწყოს აფხაზეთზე საქართველოს კონტროლის აღდგენას და ამით თვით საქართველოზე გავლენის გაძლიერებას. იმავდროულად თურქეთს აფხაზეთის დახმარებით სურს პლაცდარმი შემნას ჩრდ.კავკასიის რესპუბლიკებზე გავლენის გასაძლიერებლად. ასე რომ, თურქეთი თითქოსდა საქართველოს ეხმარება, სინამდვილეში კი აფხაზეთს ინსტრუმენტის სახით იყენებს საკუთარი მიზნების რეალიზებისათვის.
(…)
საქართველოს მიმართ თურქეთის პოლიტიკის იზოლირებულად განხილვა, როგორც ამას ქართველი ექსპერტები ცდილობენ, მიზანშეუწონელია. ანკარის პოლიტიკის ახალი ტენდენციები საქართველოსადმი ბევრ საფრთხეს განაპირობებენ.
ცხადია, რომ თურქულ-ქართული ურთიერთობები დღევანდელ მდგომარეობაში ვერ დარჩება. ანკარა დაინტერესებულია არაა, რომ მოსკოვის ყველა თხოვნა და რეკომენდაცია შეასრულოს. სწორედ ასეთი სიტუაციაა კარგი თურქეთისათვის საქართველოს მიმართ, რათა ანკარამ თბილისს სულ უფრო მეტი დათმობა მოსთხოვოს, ვთქვათ, ენერგორესურსების ტრასპორტირების საკითხში, რეგიონების ავტონომიისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხში, ნავსადგურების ტვირთების კონტროლში, უპირველესად სომხეთთან დაკავშირებით.
საქართველოს მიმართ თურქეთის ასეთი პოლიტიკა ხელს შეუწყობს იმას, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობები უფრო სრულფასოვანი და სავალდებულოც კი გახდება. თუ [შორეული] ამერიკა საქართველოს მიმართ ძლიერ მხარდაჭერას გააგრძელებს, მაშინ [ახლომდებარე] ევროკავშირის სოლიდარობა ისეთი საიმედო აღარ იქნება, ანუ საქართველოს უფრო მეტად დაჭირდება მხარდაჭერა რეგიონის მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან.
ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის გამონათქვამის მიუხედავად – „საქართველო ევროპის ნაწილია აზიაშიო“, ქართული ელიტა სულ უფრო მეტად გრძნობს, რომ მათი ქვეყანა აზიის ნაწილია, რომელიც ევროპისაკენ მიილტვის და ეს ცუდი არ არის.
«La Prensa» (ნიკარაგუა), 13 მაისი, 2017 წელი
http://www.laprensa.com.ni/2017/05/12/editorial/2227993-diplomacia-con-botas
„ჩექმების დიპლომატია“
ორტეგისტი დეპუტატი ხასინტო სუარესი მართალია, როცა ამბობს, რომ ნიკარაგუის მთავრობის სუვერენული უფლებაა სურვილისამებრ აღიაროს ამა თუ იმ ქვეყნის დამოუკიდებლობა, მაგრამ მას ავიწყდება, რომ არ შეიძლება ამ უფლების გამოყენება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით
სარედაქციო
(შემოკლებით)
ნიკარაგუის ეროვნული კრების (პარლამენტის) სახელისუფლებო უმრავლესობის დეპუტატმა, საერთაშორისო ურთიერთობათა კომისიის ტავმჯდომარემ ხასინტო სუარესმა «La Prensa»-ს კორესპონდენტს განუცხადა, რომ „ნიკარაგუის მთავრობის სუვერენული უფლებაა, რომელსაც ჩათვლის დამოუკიდებლად, ის სახელმწიფო აღიაროსო“. „მე არ მესმის, რატომ უნდა შევეკითხოთ სხვებს, ვაღიაროთ თუ არ ვაღიაროთ“, – თქვა დანიელ ორტეგას მხარდამჭერმა ჩინოვნიკმა, რომელიც 1980-იან წლებში სანდინისტების ელჩი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში.
ხასინტო სუარესს მხედველობაში აქვს დანიელ ორტეგას რეჟიმის მიერ საქართველოსაგან რუსეთის წაქეზებით და მხარდაჭერით გამოყოფილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ორივე რეგიონი მსოფლიო იზოლაციაშია მოქცეული, ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ (მიკრონეზიის კუნძული წყნარ ოკეანეში, 21 კვ.კმ. ფართობით და 2130 მოსახლეობით).
დანიელ ორტეგას რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება 2008 წელს მოხდა. ამ ფაქტმა იმ დროს საერთაშორისო თანამეგობრობის გაკვირვება გამოიწვია, თუმცა რეალური ნეგატიური შედეგი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, როცა ამერიკის შეერთებუილმა შტატებმა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ამღიარებელი ქვეყნების დასჯა გადაწყვიტა.
ხუთ მაისს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სენატისა და წარმომადგენლობათა პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტს – აშშ-ის 2017 წლის ფედერალური ბიუჯეტის კანონს, რომლის თანახმად, შეერთებული შტატები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოფიციალურად თვლის „საქართველოს ტერიტორიებად, რუსეთის მიერ ოკუპირებულს“. გარდა ამისა, კანონი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს მის შემადგენელ ნაწილებად არ თვლიან.
საქართველომ ეროვნული დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა, როცა საბჭოთა კავშირის დაშლა დაიწყო. მას შემდეგ საქართველო დემოკრატიულ რესპუბლიკად ჩამოყალიბდა, რომელიც ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ინტეგრირებისაკენ მიისწრაფვის. საქართველოს [პროდასავლურმა კურსმა] რუსეთის ხელისუფლების განრისხება გამოიწვია, რომელიც თვლის, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები მისი გეოპოლიტიკური გავლენის სფეროს მიეკუთვნებიან. რუსეთმა საქართველო დასავლეთთან დაახლოების გამო დასაჯა: მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. იგივე გააკეთა რუსეთმა უკრაინის მიმართაც – მას ყირიმი წაართვა და ამით სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები დააშინა.
დეპუტატი ხასინტო სუარესი მართალია, როცა ამბობს, რომ ნიკარაგუის მთავრობის სუვერენული უფლებაა სურვილისამებრ აღიაროს ამა თუ იმ ქვეყნის დამოუკიდებლობა, მაგრამ მას ავიწყდება, რომ არ შეიძლება ამ უფლების გამოყენება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით.
თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ყოველი სახელმწიფო და მთავრობამ ისეთი პრაქტიკული პოლიტიკა გაატაროს და ისეთი დიპლომატია განახორციელოს, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს უნივერსალურ ფასეულობებს – ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტსა და სახალხო სუვერენიტეტს. ასეთი პოლიტიკა მმართველთა კაპრიზებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ის, ვინც მხარს უჭერს „ჩექმების დიპლომატიას“, ისიც უნდა იცოდეს, რომ თავისი მოქმედების გამო ფასის გადახდაც მოუწევს.
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 13 მაისი, 2017 წელი
http://www.kaspiy.az/news.php?id=60454#.WRlIa4q1vs0
„ჩხუბის შემდეგ მუშტებს აღარ იქნევენ“,
ანუ როგორ გამოეპარა თბილისს იური ლუჟკოვის აფხაზეთში ყოფნა
სტატიაში გადმოცემულია საქართველოში იური ლუჟკოვის ყოფნის ფაქტი და მასთან დაკავშირებული მოვლენები – ქართველი ოფიციალური პირების განცხადებები, საზოგადოების რეაქცია და პოლიტოლოგთა კომენტარები (ავტორი – რაუფ ორუჯევი).
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, საქართველოში ტურისტული მიზნებით მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის ყოფნამ ხმაურიანი პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ მან დაარღვია საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ – მოსკოვის ექს-მერი ბევრჯერაა ნამყოფი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, თანაც საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე, რაც, კანონის თანახმად, სისხლის სამართლებრივ და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. იური ლუჟკოვის პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში გასულ კვირას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიამ დასვა, რომელმაც ხელისუფლება და მმართველი პარტია „მოსკოვის წინაშე მონურ მორჩილების გამოვლენაში“ დაადანაშაულა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებული სკანდალის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა, რომ მოსკოვის ყოფილი მერი „შავ სიაში“, ანუ იმ პირების ჩამონათვალში შეეტანა, რომლებსაც საქართველოში შესვლა და ყოფნა აკრძალული აქვთ, – აღნიშნულია სტატიაში. იქვე ავტორი მკითხველს იური ლუჟკოვის რეაქციასაც აცნობს: „საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არაგონივრული და გაუგებარია“.
პუბლიკაციაში განსაკუთრებულად ხაზგასმულია მოსკოვის ექს-მერის განცხადება, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს ეხება: „ვფიქრობ, საქართველოსთვის უკეთესი იქნება, თუ ის ამ რეგიონებისაგან გათავისუფლდება“. გასაკვირი არაა, რომ იური ლუჟკოვის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები ქართულმა საზოგადოებამ შეურაცხყოფად აღიქვა. ხელისუფლებამ სიტუაცია ისე წარმოადგინა, თითქოსდა არავინ არაფერი იცოდა ექს-მერის საქართველოში შესვლაზე. არადა, როგორ შეიძლებოდა დღემდე „შავ სიაში“ არ ყოფილიყო შეტანილი მოსკოვის ექს-მერი, ყველასათვის ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიც არაერთხელ იყო შემჩნეული ოკუპირებული ტერიტორიების კანონის დარღვევაში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ყოფნით? საქართველოს პოლიციამ განმარტა, რომ ბოლო დროს იური ლუჟკოვი აფხაზეთში 2010 წელს იყო, სამხრეთ ოსეთში კი 2009 წელს და რადგანაც ამ დარღვევაზე „ხანდაზმულობის ვადა“, კანონის მიხედვით, 6 წელია, მას პასუხი აღარ მოეთხოვებაო. რა „ხანდაზმულობაზე“ საუბრობს საქართველოს ოფიციალური უწყება მაშინ, როცა იური ლუჟკოვი ადმინისტრაციულად კი არა, სისხლის სამართლებრიად უნდა დაისაჯოს? საკვირველია, განა ქართველი მესაზღვრე ოფიცრები საქმის კურსში არ იყვნენ, რომ ეს კაცი არაერთხელ იყო ოკუპირებულ რეგიონებში?
გაზეთ «Каспiй»-ის კორესპონდენტთან საუბარში ცნობილმა ქართველმა პოლიტოლოგმა თენგიზ აბლოთიამ სინანულით აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, იური ლუჟკოვის საქართველოში ყოფნა „ყველასთვის სულ ერთი აღმოჩნდა“: „არავის არ გაუმახვილებია ყურადღება ამაზე – არც მესაზღვრეებს, არც პოლიციას და არც ხელისუფლებას. ახლა უკვე ლაპარაკი უსარგებლოა. მან გააკეთა ის, რაც სურდა – საქართველოში ჩამოვიდა და წავიდა. ანუ ჩვენი ხელისუფლება ახლა ჩხუბის შემდეგ მუშტებს იქნევს. საერთოდ კი, ეს ყველაფერი სამართლებრივ ნორმის მიმართ არასერიოზული მიდგომაა“.
თავის მხრივ, კავკასიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსმა გელა ვასაძემ აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, ამ საქმეში ქართველი მესაზღვრეების ბრალი არ არის: „ადამიანი ან შეტანილია სიაში, ან არა. თუ არაა, მაშინ მესაზღვრეები ვალდებულნი არიან შემოუშვან. ასე რომ, უკეთეს შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს დაუდევრობასთან, უარესში კი – ჩვენი ხელისუფლების შიგნით არსებული პროკრემლური ძალების პროვოკაციასთან“.