globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 14-15 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 15th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

წყალდიდობა თბილისში (მიმოხილვა: «CNN», «Associated press», «The New York Times», «The Washington Post», «Focus», «Die Zitt», «Die Welt», «РИА Новости», «Дождь», «Россия-24», «Новые известия»);

სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში (მიმოხილვა: «Интерфакс», «Кавказский узел»)

———————-

წყალდიდობა თბილისში

დღევანდელ, 15 ივნისის უცხოური მასმედიაში საქართველოს შესახებ გადაცემული მასალების მთავარი თემაა თბილისში მომხდარი წყალდიდობა და მასთან დაკავშირებული საკითხები. მასალები ამ სტიქიური უბედურების შესახებ პრაქტიკულად მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანმა ტელეკომპანიამ, რადიოსადგურმა და საინფორმაციო სააგენტომ ჯერ კიდევ გუშინ, 14 ივნისს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელეს: ამერიკულმა ტელეარხმა «CNN»-მა, ბრიტანულმა «BBC»-მა, ფრანგულმა «TV-5»-მა, რადიოსადგურმა «Radio France Internationale», რუსულმა და უკრაინულმა ტელეკომპანიებმა, საინფორმაციო სააგენტოებმა «Associated press»-მა, «France-Presse»-მა და მრავალმა სხვამ, ფოტოსურათებითურთ.

ამერიკული სამაუწყებლო ტელეკომპანია «CNN»-ის ეთერში გადაიცა ჟურნალისტების კიმბერლი ჰაჩერსონისა და დონ მელვილის მიერ მომზადებული ვრცელი სიუჟეტი, რომლის ტექსტური ვერსიის სათაურია თბილისში სტიქიამ 10-მდე ადამიანი იმსხვერპლა, ქალაქის ქუჩებში წყალდიდობის შემდეგ ცხოველები დადიან“. ვიდეოსიუჟეტში ასახულია მდინარე ვერეს ადიდების შედეგად გამოწვეული ზარალი, ადამიანთა მსხვერპლი, თუმცა ყურადღება ძირითადად გამახვილებულია ცხოველების სიკვდილზე: მნიშვნელოვანი დრო ეთმობა დანგრეულ ზოოპარკს და გმირთა მოედანზე მოსიარულე ჰიპოპოტამს, იგივე ბეჰემოტს (1). სხვათა შორის, ბეჰემოტის ამსახველი ვიდეოკადრები და ფოტოსურათები უცხოურ მასმედიაში ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს.

ზოოპარკის ბინადართა დაღუპვით იწყება აგრეთვე აშშ-ის საინფორმაციო სააგენტოს «Associated press»-ის მიერ გავრცელებული მასალა სათაურით საქართველოს დედაქალაქში წყალდიდობის შემდეგ ზოოპარკის ცხოველები დადიან (ავტორი – მიხეილ ჯინჯიხაშვილი). მასში ასევე აღნიშნულია, რომ სტიქიამ 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარდა ამისა, ამერიკული სააგენტო ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თვალსაზრისზე, რომლის თანახმად, ადამიანების დაღუპვა ზოოპარკის განადგურება კომუნისტების ქმედებამ გამოწვია: „ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების გადადნობილი ზარების ფასად, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს. ზოოპარკი უნდა გაუქმდეს და სხვაგან ახალი ზოოპარკი დაარსდეს, რადგან ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული. ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. ვწუხვართ, რომ ქართველი ადამიანი იმდენად დაეცა, რომ საეკლესიო ზარების ხარჯზე და მათ განადგურებაზე ზოოპარკი დააარსეს. აი, ესაა ამის შედეგი: დაიღუპნენ ადამიანები და განადგურდნენ ცხოველები“ (2).

დღეს სტატია გამოქვეყნდა ამერიკულ გაზეთ «The New York Times»-შიც სათაურით „თბილისის ზოოპარკის ბინადარნი წყალდიდობამ გაათავისუფლა“ (ავტორი ნილ მაკფარკუარი), რომელშიც ვრცლადაა გადმოცემული თბილისის ზოოპარკში შექმნილი ვითარება (მხეცების გაქცევა „ტყვეობიდან“ წყალდიდობის დროს, ბეჰემოტი თბილისის ქუჩებში, პოლიციის „სპეცნაზის“ მიერ გაქცეული მხეცების ნაწილის განადგურება და ასე შემდეგ). პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე უკმაყოფილოა მხეცების მოკვლის გამო: „როგორც ვიცი, „სპეცნაზს“ სროლის ბრძანება არ ჰქონია, მათ უფლებამოსილებას გადააჭარბეს… მხეცები ხომ ადამიანს თავს არ დასხმიან“. სტატიის ბოლოს საუბარია აგრეთვე ადამიანთა მსხვერპლზე და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თვალსაზრისზეც (3).

ამავე თემაზეა გამოქვეყნებული სტატია «The Washington Post»-შიც სათაურით „გამანადგურებელი წყალდიდობის შედეგად თბილისის ქუჩებში ზოოპარკის მხეცები გამოჩნდნენ“ (ავტორი – მაიკლ ბირნბაუმი). „საქართველოს დედაქალაქის ქუჩები დიდ სანადირო ადგილს დაემსგავსა მას შემდეგ, რაც წყალდიდობის გამო ზოოპარკიდან ლომები, ვეფხვები და ჰიპოპოტამი და სხვა ცხოველები გაიქცნენ. სტიქიამ 12-მდე ადამიანიც იმსხვერპლა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში. მასში საკმაოდ დეტალურადაა აღწერილი აფთრის მოკვლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ციტირებულია ზოოპარკის წარმომადგენლის მზია შარაშიძის გამონათქვამები იქ შექმნილი ვითარების თაობაზე. ავტორი გადმოგვცემს აგრეთვე ქალაქის ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების შესახებაც. პუბლიკაციის დასასრულს გადმოცემულია აგრეთვე საქართველოს კათაოლიკოს-პატრიარქის განცხადება (4).

მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე მასალები გამოაქვეყნეს გერმანულმა გამოცემებმა «Focus»-მა, «Die Zitt»-მა და «Die Welt»-მა, რომლებშიც ვრცლადაა გადმოცემული წყალდიდობის შედეგები. პუბლიკაციებში (სათაურები დათვები, ლომები და ბეჰემოტები! მხეცები ქალაქის ქუჩებში წყალდიდობიდს შემდეგ“; „ლომები და ბეჰემოტების დაღუპვა“; „ზოოპარკიდან გაქცეული მხეცები ქალაქს საფრთხეს უქმნიან) ნათქვამია, რომ სტიქიამ დაანგრია მტკვრის მცირე შენაკადის – მდინარე ვერეს ნაპირებზე გაშენებული ქუჩები და ზოოლოგიური პარკი, აღნიშნულია აგრეთვე ქალაქის ხელმძღვანელების მიერ მიღებული ზომების შესახებ, მოცემულია პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებები დაზარალებულების დახმარების გაწევისა და ქვეყნის მასშტაბით გლოვის გამოცხადების თაობაზე, აგრეთვე კათოლიკოს-პატრიაქის ილია მეორის თვალსაზრისი (5-8).

მსოფლიო მასმედიის მიერ გავრცელებულ მასალებში საუბარი აგრეთვე საქართველოსთვის საზღვარგარეთის სახელმწიფოების (სმომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და ა.შ.), აგრეთვე ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე (ევროკომისარ ქრისტოს სტილიანიდისის განცხადება: „თანავუგრძნობ საქართველოში კატასტროფული წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის დროს დაღუპულთა ოჯახებს. ევროკავშირი მზადაა დასახმარებლად“).

რუსეთის მასმედიის, კერძოდ, საინფორმაციო სააგენტო «РИА Новости»-ს მიერ გავრცელდა საგანგებო სიტუაციების მინისტრის ვლადიმირ პუჩკოვის განცხადება: „რუსეთი გვერდზე არ დარჩება და მზადაა საქართველოს დახმარება გაუწიოს. ორი „ილ-76“ ტიპის თვითმფრინავი, რომლებიც დატვირთულია უახლესი ტიპის სპეციალური ტექნიკით და მაშველებით, მზადაა თბილისში დაუყონებლივ გასაფრენად“. მან ღრმა მწუხარება გამოხატა ადამიანთა მსხვერპლის გამო. გარდა ამისა, რუსულმა ტელეარხმა «Дождь»-მა ეთერში გადასცა ინტერვიუ ჟურნალისტ ანა კოჩუროვსკაიასთან, რომელიც ადრე მოსკოვის ზოოპარკის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური უფროსად მუშაობდა. მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, თბილისის ზოოპარკმა ძალიან დიდი ზარალი განიცადა. მან აღნიშნა, რომ თბილისის ზოოპარკი, მოსკოვის მსგავსად, ქალაქის ცენტრში მდებარეობს. იგი შეეხო ზოოპარკის სხვა ადგილზე გადატანის საკითხს და განაცხადა, რომ ეს აუცილებელია, თუმცა, ალბათ, ძალიან ძვირი სიამოვნება იქნება – საჭირო იქნება რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი. ანა კოჩუროვსკაიამ ვარაუდი გამოთქვა, რომ მოსკოვის ზოოპარკის თანამშრომლები აუცილებლად დაეხმარებიან თბილისელ კოლეგებს (9-10).

მართლაც, გუშინ საღამოსვე ტელეკომპანია «Россия-24»-ის ეთერში გამოსვლისას მოსკოვის ზოოპარკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ოლღა ვაინშტოკმა განაცხადა, რომ რომ ისინი მზად არიან დახმარება გაუწიონ ქართველ კოლეგებს ზოოპარკის კოლექციის აღდგენაში, თუ დროებით რომელიმე ცხოველის მოსკოვში გადაყვანა იქნება საჭირო. „გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ცხოველთსაშენი და შეგვიძლია ქართველ კოლეგებს უანგაროდ შევთავაზოთ სასურველი ცხოველი ზოოპარკისათვის“. ვრცელ ვიდეოსიუჟეტში ნაჩვენები იქნა აგრეთვე წყალდიდობის შედეგებიც და საერთოდ, სტიქიასთან დაკავშირებული სხვა ფაქტები (11).

დღეს რუსულ გაზეთ «Новые известия»-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „თბილისური წარღვნა: საქართველოში არნახული წყალდიდობა მოხდა“ (ავტორი – კონსტანტინ ნიკოლაევი), რომელიც წყალდიდობასა და მასთან დაკავშირებულ ფაქტებს ეხება. პუბლიკაციაში პრაქტიკულად ყველა საკითხია გაშუქებული. ავტორი წერს აგრეთვე 2012 წლის მაისში მომხდარ წყალდიდობაზეც, როცა მტკვარმა ორთაჭალის უბნები დატბორა. აღნიშნულია აგრეთვე ისიც, რომ წყალდიდობის მიერ გამოქვეული ზარალი შეიძლება უფრო ნაკლები ყოფილიყო, რომ არა ვერეს ხეობაში ავტოტრასის მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომები (მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში). მასალაში გადმოცემულია როგორც თბილისელების გამონათქვამები („ქალაქის ხელისუფლების მიმართ რაიმე პრეტენზია არ გვაქვს, ოპერატიულად მოქმედებენ. რას ვიზამთ, სტიქიას ვერ შეაჩერებ“), ასევე კათოლიკოს-პატრიარქის პოზიციაც   (12).

წყაროები:
(1) http://edition.cnn.com/…/georgia-tbilisi-floodin…/index.html

(2) http://hosted.ap.org/dynamic/stories/e/eu_georgia_flooding…

(3) http://www.nytimes.com/2015/06/15/world/europe/zoo-animals-on-the-loose-in-tbilisi-after-flooding.html?_r=0

(4) http://www.washingtonpost.com/world/zoo-animals-loose-after-floods-hit-georgian-capital/2015/06/14/178721a0-1279-11e5-9518-f9e0a8959f32_story.html

(5) http://www.focus.de/…/schwere-schaeden-in-georgien-baeren-l…

(6) http://www.welt.de/…/Loewen-und-Flusspferde-ausgebrochen.ht…

(7) http://www.zeit.de/…/2015…/tiflis-zootiere-unwetter-georgien

(8) http://ria.ru/world/20150614/1069975376.html

(9) http://nsn.fm/…/es-predlozhil-gruzii-pomoshch-v-svyazi-s-na…

(10) http://tvrain.ru/…/eto_ochen_dorogaja_istorija_rech_idet_o…/

(11) http://www.vesti.ru/doc.html?id=2629769

(12) http://www.newizv.ru/world/2015-06-15/221123-tbilisskij-potop.html

—————–

სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში

საქართველოს შესახებ უცხოური (ძირითადად, რუსული) მასმედიის მიერ 14-15 ივნისს გავრცელებულ სხვა მასალებს შორის შეიძლება გამოვყოთ აგრეთვე პანკისის ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ოპერაცია, რომლის მიზანს წარმოადგენდა იმ პირების გამოვლენა-დაკავება, რომლებიც ადგილობრივი ახალგაზრდების გადაბირებითა და სირიაში მათი გაგზავნითაა დაკავებული. აღნიშნულია, რომ ქართულმა პოლიციამ სოფელ ჯოყოლოში დააკავა თარხან ბათირაშვილის ნათესავი, რომელიც სწორედ ამ ქმედებაშია ეჭვმიტანილი. რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ ეყრდნობა ტელეკომპოანია „რუსთავი-2“-ის ინფორმაციას (1). თუმცა კიდევ ერთი სააგენტო – „კავკაზსკიი უზელი“ თავისი წყაროსაგან მიღებულ ინფორმაციას ქვყნებს: პანკისის მცხოვრები ხასა ხანგოშვილი, რომლის თქმით, ალაზნის მხრიდან პანკისის ხეობაში ქართული სტრუქტურების შეიარაღებული თანამშრომლებით სავსე 20-მდე პიკაპი შევიდაო. სხვებმაც განაცხადეს, რომ ხეობაში იმ ბოევიკების ძებნა მიდის, რომლებიც სირიიდან საქართველოში დაბრუნდნენ. გარდა ამისა, არის აგრეთვე ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციც, თითქოსდა „პანკისში რუსეთიდან შესულ სირიელ ბოევიკებს ეძებენ“. მათი თანამზრახველების ძებნა თითქოსდა თბილისშიც მიმდინარეობს. საქართველოს შს სამინისტრო ჯერ-ჯერობით რაიმე კომენტარს არ აკეთებს (2).

წყაროები:

(1) http://www.interfax.ru/world/447375

(2) http://www.kavkaz-uzel.ru/articles/263969/

Comments are closed