«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): მადლენ ოლბრაიტი: „საქართველო განსაკუთრებული მეგობარი და პარტნიორია“ // აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, არაოფიციალურად, იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმიც დაათვალიერა
«Независимая газета» (რუსეთი): თბილისმა შეიძლება უარი თქვას ეკონომიკურ თავისუფლებაზე // საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმა ხელისუფლებას და საზოგადოებას ერთმანეთს უპირისპირებს
—————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 13 ივნისი, 2017 წელი
მადლენ ოლბრაიტი: „საქართველო განსაკუთრებული მეგობარი და პარტნიორია“
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, არაოფიციალურად, იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმიც დაათვალიერა
ზაზა წულაძე
საქართველოში ვიზიტი დაასრულა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, 80 წლის მადლენ ოლბრაიტმა. იგი თბილისს, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში ესტუმრა. მასთან ერთად NDI-ის დელეგაციაში იყვნენ ორგანიზაციის პრეზიდენტი კენ ვოლაკი, დირექტორთა საბჭოს წევრები – ნენსი რუბინი და ყოფილი სენატორი თომას დაშელი.
როგორც ცნობილია, მადლენ ოლბრაიტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო 1997-2001 წლებში. მანამდე კი იგი, 1982-93 წლებში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ლექციებს საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკაზე კითხულობდა, იყო აგრეთვე აშშ-ის ელჩი გაეროში.
ვიზიტი საქართველოში მადლენ ოლბრაიტმა კვირას, საოკუპაციო ხაზთან მდებარე, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისის მონახულებით დაიწყო. ოძისი ოკუპირებული ახალგორის სოფელ ახმაჯს ესაზღვრება, სადაც რუსეთის საოკუპაციო ბაზაა განლაგებული. ოძისის შემდეგ, არაოფიციალური ვიზიტით, გორში ჩავიდა და დასთან, კატერინა კორბელოვასთან ერთად, საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი მოინახულა.
საქართველოს პრეზიდენტმაც და პრემიერმაც ამერიკის პირველ ქალ სახელმწიფო მდივანს სპეციალურ ვახშამზე უმასპინძლეს. მადლენ ოლბრაიტმა, საქართველოში NDI-ის საქმიანობაზე საუბრისას კერძოდ აღნიშნა: „ძალიან დიდი დრო გავატარეთ საქართველოში, გავიარეთ სხვადასხვა ეტაპი, რასაც განსაკუთრებით ვაფასებ არის თქვენი სურვილი შეესაბამებოდეთ მაღალ სტანდარტებს, რადგან იცით, რომ სწორედ ეს ქმნის წარმატებულ ქვეყანას. ვფიქრობ, რომ ჩვენ ასევე ნამდვილი მეგობრები ვართ და შეგვიძლია ერთმანეთს რთულ საკითხებზე ვესაუბროთ. არ ვსვამთ კითხვებს, თუ რამდენად რთულია დემოკრატია, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ძალთა ბალანსი, კანონის უზენაესობა, მედიის განსაკუთრებული როლი. საქართველო ყოველთვის განსაკუთრებული მეგობარი და პარტნიორი იყო“.
საქართველოს პარლამენტში მადლენ ოლბრაიტი პარლამენტის თავმჯდომარეს და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს შეხვდა და გენდერის კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაინტერესდა.
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში კი მადლენ ოლბრაიტმა, კენ ვოლაკთან და საქართველოში აშშ-ს ელჩთან იან კელისთან ერთად, მონაწილეობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) „მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამის“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღო. ეს პროგრამა მიზნად საკრებულოს წევრი ქალების პროფესიული უნარების განვითარებას ისახავდა. მასში საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტის, ახალციხის, ბათუმის, გურჯაანის, ზუგდიდის, თბილისის და ქუთაისის საკრებულოების 20 დეპუტატი ქალი მონაწილეობდა, რომლებიც 7 პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდნენ.
ორწლიანი პროგრამის ფარგლებში მათ 10 თემატური ტრენინგი გაიარეს, სპეციალური სერთიფიკატები სწორედ მალენ ოლბრაიტისგან მიიღეს, რომელმაც, კერძოდ, აღნიშნა: „საქართველო მაგალითია იმისა, რომ საზოგადოება უფრო სტაბილურია, როცა ქალები პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერდებიან. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის, რომ ამ პროგრამაში ჩართულმა ქალებმა თავი მიუძღვნეს ადგილობრივ პოლიტიკურ საქმიანობას. ეს არის ის, სადაც ყველაფერი იწყება და ეს არის ხელისუფლების ერთადერთი დონე, რომელსაც ყველა ყველგან ენდობა“.
ვიზიტის ფარგლებში, სპეციალურად მადლენ ოლბრაიტისთვის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ერისიონმა“ იცეკვა, რამაც ამერიკელი სტუმრები აღაფრთოვანა.
თბილისისა და შიდა ქართლიც გარდა, მადლენ ოლბრაიტმა ასევე მოინახულა კახეთი, სადაც არაფორმალურ ვითარებაში, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა, თუმცა, აშშ-ის 46-ე სახელმწიფო მდივანს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მადლენ ოლბრაიტი პირველად საქართველოში, ახალგაზრდა ქვეყნისთვის უმძიმეს დროს, 1994 წლის სექტემბერში, გაეროში ამერიკის ელჩის სტატუსით ჩამოვიდა. მან მაშინ თბილისის გარდა, ზუგდიდი და აფხაზეთიდან ეთნიკურ წმენდას გამოქცეული ქართველი დევნილები მოინახულა.
«Независимая газета» (რუსეთი), 15 ივნისი, 2017 წელი
http://www.ng.ru/cis/2017-06-15/6_7008_georgia.html
თბილისმა შეიძლება უარი თქვას ეკონომიკურ თავისუფლებაზე
საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმამ შეიძლება ხელისუფლება და საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპიროს
„საქართველოს მეწარმეთა მსხვილი არაფორმალური ორგანიზაციები კონსტიტუციიდან იმ სტატიის ამოღების წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელიც „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ სახელითაა ცნობილი. მათი აზრით, აქტის გაუქმება ქვეყნის ინვესტიციურ მიმზიდველობას დააქვეითებს, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკურ ზრდას შეანელებს, ბიზნესის წარმოებას ხელს შეუშლის და საბოლოოდ, გააუარესებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას“, – ასე იწყება „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებია განხილული, ეკონომიკის კუთხით (ავტორი – იური როქსი).
პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის ფადი ასლის ინტერვიუს, რომელიც ჟურნალ „ტაბულაში“ დაიბეჭდა. ფადი ასლის თქმით, „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ გაუქმება საქართველოს მთავრობას მსოფლიო ბანკმა ურჩია, რომელიც, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ „აქტი“ ხელს უშლის საპენსიო რეფორმის რეალიზებას (დაგროვებით სისტემაზე გადასვლას). „კონსტიტუციის ამ მუხლის გაუქმებას არასასიამოვნო შედეგები მოჰყვებაო, უცხოური ბიზნესი საქართველოს კრიტიკულად შეაფასებსო და ისედაც რთულ სიტუაცია კიდევ უფრო გააურესდებაო, – ამბობს ფადი ასლი. მისი აზრით, საპენსიო რეფორმის განხორციელება აქტის გაუქმების გარეშეც შესაძლებელია.
რას ნიშნავს „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“? სტატიაში მოკლედაა მიმოხილული კონსტიტუციის ამ დებულების ისტორია და მიზანი: დოკუმენტი მიღებულია 2010 წელს, მაგრამ ძალაში 2013 წელს შევიდა. „აქტის“ თანახმად, მთავრობას ახალი გადასახადების შემოღება მხოლოდ რეფერენდუმის მეშვეობით შეუძლია; სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ხარჯები – 30%-ს; ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ის ფარგლებში უნდა იყოს. „აქტის“ გაუქმების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ თუ აღნიშნული დებულება მართლაც ამოღებული იქნება კონსტიტუციიდან, მაშინ ხელისუფლებას ხელ-ფეხი გაეხსნება და ეკონომიკაში ნეგატიური ცვლილებები მოხდება.
მთავრობისადმი მოწოდებას „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ შენარჩუნების თაობაზე მხარი დაუჭირა ქვეყნის ათმა ბიზნეს-გაერთიანებამ და პოლიტიკურმა ოპოზიციამ, მაგალითად, „ევროპულმა საქართველომ“, რომლის ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მთავრობის მოქმედება თითოეულ მოსახლეზე უარყოფითად აისახებაო.
ეს კიდევ არაფერი: ძირითადი კანონის კრიტიკოსებს კიდევ ერთი დამატებითი საბაბი გაუჩნდათ ხელისუფლებისადმი შეტევისათვის – მის გარდა, რომ პრეზიდენტი და ოპოზიცია ერთიანი ფრონტით გამოდიან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სახელმწიფოს მეთაურის არჩევის წესის საკითხში, ხმების გადანაწილების საკითხში და ა.შ., ახლა ვენეციის კომისიის შენიშვნებიც დაემატა, რომელიც ოპოზიციის კრიტიკულ შეფასებებს ემთხვევა. მაგალითად, ვენეციის კომისიამ არასწორად ჩათვალა პარლამენტში მანდატების გადანაწილების წესი. კომისიის აზრით, აუცილებელია საარჩევნო ზღურბლის (ბარიერის) 5%-დან 3%-მდე დაწევა, რათა პარლამენტში უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი სხვადასხვა პარტიები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების განხორციელება (ანუ პირდაპირი-საყოველთაო არჩევის წესის შეცვლა პარლამენტის წევრების მიერ არჩევით). ვენეციის კომისიამ ეჭვი შეიტანა აგრეთვე „ოჯახის“ განმარტებაშიც.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ვენეციის კომისიამ მთლიანობაში კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი ნეგატიურად შეაფასაო (ჩვენი წყაროებისაგან ვიცითო!) და ხელისუფლება ამას ხალხს უმალავსო. ერთადერთი პოზიტიური დასკვნა ეხება მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით შეცვლასო, – ამტკიცებენ „ნაციონალები“.
ასეა თუ ისე, ჯერ-ჯერობით მთლიანად გარკვეული არ არის. შესაძლოა, „ნაციონალები“ „მეოცნებეებს“ მხოლოდ კბენენ. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხში თანხმობა არ არის, ზოგიერთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გულმოსულმა განაცხადა, გადავდგები, თუ ამ ინიციატივას ჩემივე თანაპარტიელები დაჩეხავენო.