globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 15 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 15th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველოს ხელისუფლებაში საკადრო პრობლემები გამოაშკარავდა // ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ნაკლებადცნობილი დებიუტანტები და დავიწყებული ვეტერანები ჩართო

«Независимое Военное Обозрение» (რუსეთი): დიდი ვარშავული რკალი // ნატოს სამიტზე რუსეთის ირგვლივ სანიტარული კორდონი ჩამოყალიბდა

«Russia Direct» (რუსეთი): რას ნიშნავს ჯონ კერის ვიზიტი საქართველოში რუსეთისა და კავკასიის უსაფრთხოებისათვის?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ქრისტოფერ უოკერთან: საქართველოსთვის პროპაგანდა უზარმაზარი გამოწვევაა

———————-

«Независимая газета» (რუსეთი), 15 ივლისი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-07-15/6_gruzia.html

საქართველოს ხელისუფლებაში საკადრო პრობლემები გამოაშკარავდა

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ნაკლებადცნობილი დებიუტანტები და დავიწყებული ვეტერანები ჩართო

„საქართველოს მმართველმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას თავისი ახალი წევრები წარუდგინა, რომლებიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიის პირველ ოცეულში მოიაზრებიან. მათ შორის არ არიან პოპულარული სახეები, აქცენტი უფრო იმ ახალგაზრდებზეა გაკეთებული, რომლებმაც განათლება დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს. ქართული საზოგადოებისათვის ასევე ცნობილი გახდა, რომ კოალიციას ქვეყნის სხვა პოლიტიკური ძალებიც შეუერთდნენ, რომლის წარმომადგენლები, „ოცნების“ ახალბედებისაგან განსხვავებით, კარგად ცნობილი ადამიანები არიან, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროიდან მოყოლებული“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

„ქართული ოცნების“ სიის წევრთა პრეზენტაცია თბილისთან ახლოს, სოფელ საგურამოში გაიმართა, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში (ილია ჭავჭავაძე, ცნობილი ქართველი პოეტი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არისა შერაცხული). საგურამო შემთხვევით არ იქნა არჩეული – როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, კანდიდატების შერჩევის დროს ყურადღება მიექცა განათლების დონეს და გენდერულ თანასწორობას. მაგრამ ამ ნათქვამში პარტიული სიის ზემო ნაწილი იგულისხმება. აი, რაც შეეხება დანარჩენებს… ტელეკამერების წინ 1990-იანი წლების დროინდელი პირების გამოჩენამ ქართულ საზოგადოებაში სიცილი და სარკასტული კომენტარები გამოიწვია.

რასაკვირველია, პარტიული სიის შედგენის ასეთ მეთოდს შეიძლება სხვადასხვანაირად შეხედო, მაგრამ ეს ფაქტი ერთ მნიშვნელოვან გარემოებას ადასტურებს – „ქართული ოცნების“ არაფორმალურ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს კადრებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ისე, კაცმა რომ თქვას, ეს ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ ახლა საზოგადოებამ „საკადრო შიმშილის“ დამადასტურებელი  რკინისებური მტკიცებულება მიიღო“, – წერს ავტორი, რომელიც დეპუტატობის კანდიდატთა სიის პრეზენტაციასთან დაკავშირებით ქართველი ექსპერტების – რამაზ საყვარელიძისა და გია ხუხაშვილის კომენტარების ციტირებას ახდენს.

რამაზ საყვარელიძე დადებითად აფასებს ახალ სახეებს, მათ ახალგაზრდულ ასაკს, მათ მომზადების დონეს საჯარო გამოსვლებისათვის, თუმცა იგი არაფერს ამბობს „მეოცნებეთა“ სიის  „ძველი სახეების“ შესახებ. გია ხუხაშვილი კი აცხადებს, რომ „ქართული ოცება“ შეცდომას უშვებს წინა პლანზე იმ ახალი სახეების წამოწევით, რომლებთაც პოლიტიკური დებატების არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ: „თუ „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ კანდიდატებს ერთმანეთს შევადარებთ, დავინახავთ, რომ „ნაციონალებს“ უფრო მეტი გამოცდილება აქვთ საჯარო სივრცეში დებატებისა კომუნიკაციების თვალსაზრისით. ჩემი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტტექნოლოგიური შეცდომა დაუშვა“, – ამბობს გია ხუხაშვილი.

პუბლიკაციაში მოცემულია აგრეთვე ის შეფასებაც, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ამჟამად კი უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა: „ქართული ოცნების“ კანდიდატთა დანახვის შემდეგ დავწმუნდი, რომ „ნაციონალები“ არჩევნებში ნამდვილად გაიმარჯვებენო“.

„ის, რომ კადრებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ სერიოზული პრობლემები აქვს, ბიძინა ივანიშვილმა მშვენივრად იცის და როგორც ირკვევა, მას პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილისათვის რესპუბლიკური პარტიის რიგების დატოვება და „ქართულ ოცნებაში“ გადასვლა შეუთავაზებია (ეს თვითონ დ.უსუფაშვილმა ტელეეთერში განაცხადა). იგი ამაზე არ დათანხმდა, შესაბამისად, ფსონმა მოიმატა – სპიკერს უთხრეს, რომ მისი პარტიის წევრებს მთავრობაში დარჩენის ვადები პარლამენტის არჩევნებამდე გაუხანგრძლივდებოდათ, მაგრამ დავით უსუფაშვილმა ამაზედაც უარი განუცხადებია.

ჰოდა, ახლა ძნელი სათქმელია, რა ბედი ელოდება რესპუბლიკურ პარტიას არჩევნებში – პარტიას, რომლებიც სხვებისაგან მაღალი ინტელექტუალიზმით გამოირჩევა და რომელიც, იმავდროულად, საქართველოში არასდროს არ სარგებლობდა ფართო პოპულარობით… და თუ პერიოდულად რაიმე წარმატებას აღწევდა, ისიც მხოლოდ სხვა პოლიტიკურ ძალასთან კავშირში. ამავე დროს ისიც ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რესპუბლიკელების წასვლით, თავისი „პროდასავლურობის“ თითქმის ყველაზე მთავარი არგუმენტი დაკარგა.

ამრიგად, დავით უსუფაშვილის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს მთავრობაში ორი მინისტრის ადგილი ვაკანტური გახდება – თანამდებობებს დატოვებენ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თინათინ ხიდაშელი და შერიგება-სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. რაც შეეხება მესამე რესპუბლიკელ მინისტრს გიგლა აგულაშვილს, რომელიც ქვეყნის ეკოლოგიურ ვითარებაზეა პასუხისმგებელი, იგი თავისი საქმის ძალიან ერთგული აღმოჩნდა და ამისათვის პარტიული კარიერაც კი გაწირა“, – აღნიშნულია სტატიის დასასრულს.

«Независимое Военное Обозрение» (რუსეთი), 15 ივლისი, 2016 წელი

http://nvo.ng.ru/realty/2016-07-15/1_duga.html

დიდი ვარშავული რკალი

ნატოს სამიტზე რუსეთის ირგვლივ სანიტარული კორდონი ჩამოყალიბდა

ნატოს ვარშავის სამიტი, რომელზეც, როგორც ცნობილია, დასავლეთმა რუსეთი ერთხმად ამორიცხა თავისი სტრატეგიულ პარტნიორთა სიიდან, საქართველოსა და უკრაინისათვის ერთგვარ ბენეფისად იქცა. უკრაინა შეაქეს ნატოს მანევრებში აქტიური მონაწილეობისათვის, ხოლო საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით აღჭურვას დაპირდნენ. მაგრამ რადგანაც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვასა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას შორის მაინცდამაინც დიდი განსხვავება არ არის, ძნელია არაა იმის მიხვედრა, რომ Сакартвело-ს უძველეს მიწას ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ანტირაკეტული სისტემების განლაგებისათვის ამზადებენ. თუმცა ეს ყველაზე ცუდი პერსპექტივა არ არის – უფრო უარესი ისაა, რომ სავარაუდოდ (ყველაფერი დამოკიდებულია საერთაშორისო სიტუაციაზე) რუსეთზე დამიზნებული რაკეტები არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ყოფილი მოძმე რესპუბლიკების ტერტორიაზეც გამოჩნდება“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – ოლეგ ოდნოკოლენკო, „ნეზავისმოე ვოენნოე ობოზრენიეს“ მთავარი რედაქტორის მოადგილე).

მართალია, ამგვარი სცენარების განხორციელება დღეს ნულის ტოლია, მაგრამ ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ყოფილი წევრი ქვეყნების ლიდერები გახარებულნი ხელებს იფშვნეტენ იმ მოლოდინით, რომ მათ ტერიტორიებზე ნატოს ტექნიკა გამოჩნდება და ჰგონიათ, რომ ამგვარი წესით დაიცავენ თავს ყბადაღებული ე.წ. რუსული აგრესიისაგან, რომელიც თითქოსდა ყირიმის „ოკუპაციის“ შემდეგ გამოიკვეთა, – წერს ავტორი და ხაზს უსვამს, რომ აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტური და პოსტსაბჭოური სახელმწიფოების ლიდერები თავიანთი ანტირუსული მოქმედებით ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ.

„როცა რუსეთის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობისაკენ მოუწოდებენ, განა აცნობიერებენ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ლიდერები, იგივე დალია გრიბაუსკაიტე (ლიტვის პრეზიდენტი) იმას, რომ ისინი ატლანტიკური სტრატეგიის მსხვერპლი გახდნენ? ან, ვთქვათ, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც ამერიკას ეხვეწება – მოსკოვის დასასჯელად თანამედროვე სიკვდილისმომტანი იარაღი მომეციო? ხედავთ? კაცი, რომელსაც ომი მხოლოდ კონფეტის ქარალდებზე თუ უნახავს, ისეა გახელებული, რომ „ბრძოლის ველზედ გაჭრა სურს“… თუმცაღა რას უნდა ელოდებოდე იმ დილეტანტებისაგან, რომლებიც აშკარად არასპეციალისტები არიან და შეუფერებელ ადგილებზე მუშაობენ? ისინი ხომ მოსკოვს იმიტომ მტრობენ, რომ ზოგს ბევრი გადაუხადეს, ზოგს კი ახალ პატრონებთან თავის გამოჩენა სურს.

სწორი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ და რა მიზეზით გაუხდნენ რუსეთს მტრებად ძველი ძმები და თანამოაზრეები, პასუხი გორბაჩოვისა და ელცინისდროინდელ მოვლებეში უნდა ვეძებოთ, – აღნიშნავს ავტორი და ამასთან დაკავშირებით ვრცლად აღწერს საქართველოსა და  რუსეთის ურთიერთდამოკიდებულების შუქ-ჩრდილებს საბჭოურ ეპოქაში.

„როგორც უკვე კარგადაა ცნობილი, საბჭოთა საქართველო კაპიტალისტურ ქვეყნად ჯერ კიდევ სსრ კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროს გადაიქცა – როგორც ცხოვრების დონით, ასევე „ცეხოვიკების“ რაოდენობით. პიროვნების კულტის გამომჟღავნების შემდეგაც კი იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას სამშობლო საბჭოთა ხალხების დიდ ოჯახში მაინც გამორჩეულ ადგილს იკავებდა და მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობდა. მოსკოვში ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირს ვერც კი წარმოედგინა, რომ კავკასიაში, ქართველების გარდა, სხვა ხალხებიც ცხოვრობენ და ყურადღება მათაც ჭირდებოდათ. საბჭოთა კავშირში პრაქტიკულად ყველას ჰქონდა წაკითხულ-მოსმენილი მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ, ასევე ყველა იცნობდა ქართულ თეატრს, მსახიობებსა და მომღერლებს სოფიკო ჭიაურელს, ნანი ბრეგვაძეს, ვახტანგ კიკაბიძეს (იგივე მიმინოს) და, ცხადია, ყველას ჰქონდა დაგემოვნებული ლობიო და ჩახოხბილი. რატომღაც ქართველებს ამ ფონზე მოეჩვენათ და თავი დაიჯერეს იმაში, რომ რუსეთი მათ წინაშე ვალშია და მათ მოსკოვმა ეს ვალი უნდა დაუბრუნოს.

თავდაპირველად საქართველოს არაადექვატურმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ (ისე, განა შეიძლება ნაციონალისტები ადექვატურები იყონ?) თავის ქვეყანაში სამოქალაქო ომი გააჩაღა – სამხრეთ ოსეთზე ლაშქრობა მოაწყო, მაგრამ მიზანი ვერ განახორციელა და დაამხეს. რა უნდა ექნათ ქართველებს? მათ ქვეყნის მართვი მიზნით მოსკოვში მყოფ პენსიონერ ედუარდ შევარდნაძეს დაუძახეს, თან იმედი ჰქონდათ, რომ მას რუსეთის ხელისუფლებაზე გავლენა აქვს და იქნებ მოსკოვი დაიხმაროსო აჯანყებული ცხინვალისა და სოხუმის დასაშოშმინებლად… მაგრამ ქართულ მხედრობას ამ ამოცანის შესრულებისათვის ძალა არ ეყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ედუარდ შევარდნაძეს მართლაც შეეძლო „მოსკოვის ხელით“ სარგებლობა (ანუ „სხვისი ხელით საქმის გაკეთება“), მაგრამ რუსეთმა უარი თქვა პრობლემები თბილისის ნაცვლად მოეგვარებინა. პირიქით, მოსკოვმა აფხაზები და იოსები ქართველების შურისძიებისაგან დაიფარა. საპასუხოდ, რუსეთისაგან ერთობ განაწყენებულმა საქართველომ, როცა ედუარდ შევარდნაძე „ვარდების რევოლუციის“ შედეგად დაემხო, ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით, ახალი პატრონის ძებნა დაიწყო… და იპოვა კიდეც – აშშ.

მაგრამ ამერიკელებმა, რომლებსაც კოლოსალური გამოცდილება აქვთ გეოპოლიტიკური კატაკლიზმების მოწყობაში, უარი თქვეს საექსპედიციო კორპუსის გამოგზავნაზე  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ამის სანაცვლოდ თბილისში განუსაზღვრელი რაოდენობის სამხედრო მრჩევლები მიავლინეს,  ქართველ ჯარისკაცებს ამერიკული სამხედრო ფორმა ჩააცვეს, გაწრთვნეს და აღჭურვეს.  ეს ყველაფერი 2008 წლისათვის სამხრეთ ოსეთში შეჭრის პროლოგი გახდა. და რაც მნიშვნელოვანია: პირველი დარტყმა ქართულმა ჯარმა სწორედ რუსეთის სამშვიდობო ბატალიონს მიაყენა, ცხინვალის მისადგომებთან.

დანარჩენი უკვე ისედაც ცნობილია: სასოწარკვეთილმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ჰალსტუხის ღეჭვა დაიწყო… იგი დარწმუნებული იყო, რომ ყვითელი ამერიკული „ბათინკებით“ და „ემ-4“ შაშხანით სამხედრო წარმატებას ასპროცენტიანი გარანტიით მიაღწევდა, ამ დროს ასეთი მარცხი… მაგრამ ყველაზე საკვირველი რა არის, იცით? იმის ნაცვლად, რომ აშშ-ის მიმართ წყენა გამოეხატა (რომელმაც თბილისს ჯერ ამ ავანტიურაზე უბიძგა და შემდეგ კი დაუცველად დატოვა), ქართველებმა ისევ რუსეთის მიმართ გამოხატეს წყენა, რომელიც 2008 წლის აგვისტომდე საერთოდ არ ფიქრობდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ახლა იმავე გზით მიდის უკრაინაც, რომლის არმიას, როგორც ცნობილია, უცხოელი და უპირველეს ყოვლისა, ამერიკელი ინსტრუქტორები წრთვნიან დონბასის [ჩათვალე: რუსეთის] წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ავტორი, რომელიც სტატიის დასასრულს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს აფრთხილებს, რომ ისინი ანტირუსული პოლიტიკით კარგს ვერაფერს მიაღწევენ: „დასავლეთი ყოველთვის ცდილობდა სხვისი მეშვეობით ბრძოლას. ახლაც რუსეთთან დაპირისპირების დროს დარტყმის ქვეშ თვითონ ამერიკელები კი არ აღმოჩნდებიან, არამედ ბალტიისპირელები, პოლონელები, მოლდაველები, ბულგარელები, რუმინელები, უკრაინელები და ქართველები – ყველა, ვინ ჩათვალა, რომ ნატოს (ჩათვალე: აშშ-ის) დროშის ქვეშ უფრო მაძღრად და უსაფრთხოდ იქნებიან“.

«Russia Direct» (რუსეთი), 14 ივლისი, 2016 წელი

http://www.russia-direct.org/opinion/what-does-kerrys-visit-georgia-mean-russia-and-security-caucasus

რას ნიშნავს ჯონ კერის ვიზიტი საქართველოში რუსეთისა და კავკასიის უსაფრთხოებისათვის?

რუსულ ინგლისურენოვან ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორია ცნობილი რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის თბილისში ვიზიტის ფონზე, გაანალიზებულია ამერიკა-საქართველო ურთიერთობები და მოცემულია განსხვავება ვაშინგტონ-თბილისის ერთმანეთთან დამოკიდებულებისა „ნაციონალებისა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.

„ჯონ კერის თბილისში ვიზიტი არც გასაკვირი იყო და არც იმპროვიზებული: აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობას მტკიცე და ღრმა ინტერესები განაპირობებს. რადგან თეთრ სახლს კავკასიაში რუსეთის გაბატონებისა ეშინია, თბილისი ვაშინგტონს მოსკოვის საპირწონედ განიხილავს. მართალია, ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოშიც და აშშ-შიც ხელისუფლება და პრეზიდენტები იცვლებოდნენ, მაგრამ ორმხრივ პოლიტიკურ პეიზაჟზე ეს ცვლილებები გავლენას არ ახდენდა“, – წერს ავტორი და აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მთავარ ტენდენციებზე საუბრობს, დაწყებული 1998 წლიდან, როცა ამერისის სანაპირო დაცვამ საქართველოს მესაზღვრეებს ქმედითი დახმარება გაუწია, შემდეგ, 2010 წელს, თბილისმა და ვაშინგტონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ქართული „სპეცნაზის“ გაწრთვნა-მომზადება პანკისში ოპერაციის ჩატარების მიზნით და სხვა).

იმ ხანებში ამერიკელებმა თავიანთი პოზიცია ამგვარად ჩამოაყალიბეს: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობა, რუსეთის სამხედრო ჩარევის დაუშვებლობა. საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ თბილის-ვაშინგტონის ურთიერთობამ მაღალ დონეს მიაღწია, თუმცა ამ გარემოებამ საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული ცრუ იმედები შეუქმნა: მიხეილ სააკაშვილმა თავისი მოქმედებით „გაყინული კონფლიქტები“ გამოაღვიძა, – აღნიშნავს ავტორი, რომელსაც მხედველობაში აქვს 2008 წლის „ხუთდღიანი ომის“ შედეგები: „ამ ომით კავკასიაში ერთგვარი სტატუს-ქვო ჩამოყალიბდა: დასავლეთმა და რუსეთმა საქართველოს ტერიტორია გავლენის სფეროებად გაიყვეს: მოსკოვმა დაიწყო სეპარატისტული რეგიონების მფარველობა (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების სახით, 2008 წელს), ხოლო დასავლეთმა – საქართველოს დარჩენილ ტერიტორიაზე დომინირება (აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება 2009 წელს)“.

„მართალია, საქართველოს, თავისი მცდელობის მიუხედავად, ნატოს წევრად არ ღებულობენ, მაგრამ ამ ფაქტმა, პირიქით, თბილის-ვაშინგტონის ურთიერთობა უფრო გააქტიურა. ჯონ კერის ვიზიტიც ამ კონტექტსში უნდა იქნეს განხილული“, – აღნიშნავს სერგეი მარკედონოვი, რომლის აზრით, ვარშავის სამიტზე „მაპ“-ის მიუღებლობა საქართველოსთვის დასავლეთის (ჩათვალე: აშშ-ის) მიერ გაწეული სხვა დახმარებით იქნება კომპენსირებული, ანუ ვაშინგტონი შეძლებისდაგვარად, ტრადიციულად შეეცდება რუსეთის გავლენის შესუსტებას. თუმცა ბარაკ ობამას დროინდელი ურთიერთობა საქართველოსთან ჯორჯ ბუშის დროინდელისაგან მაინც განსხვავდება.

ავტორი იმოწმებს ქართველი მკვლევარის შოთა აფხაზიძის სიტყვებს: „საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში „ოქროს საუკუნე“ ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დასასრულისთანავე დამთავრდაო“. ძნელია არ დაეთამხმო ამ თეზისს. მართლაც, ბარაკ ობამას გუნდის ურთიერთობას საქართველოს მიმართ ძველებურად „სასიყვარულო“ ხასიათი აღარ აქვს: ვაშინგტონი საქართველოს არათუ „დემოკრატიის შუქურად“ აღარ მიიჩნევს, არამედ გარდამავალ ქვეყნადაც კი ძლივ-ძლივობით განიხილავს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ურთიერთობა უფრო პრაგმატული გახდა: ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ თავი დაანება პიროვნებების პერსონალიზებას და გეზი ორმხრივ ეფექტურ ურთიერთობებზე აიღო, ანუ აქცენტი ახლა ლიდერებზე კი არ კეთდება, არამედ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პერსპექტივის საერთო ხედვაზე.

საქართველოში ორიოდე თვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჯონ კერის ვიზიტი ამ კონტექსტითაცაა მნიშვნელოვანი: ვაშინგტონს სურს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა იგივე მიმართულებით გაგრძელდეს, როგორიც დღესაა. აშშ ორივე მხარესთან, ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან ითანამშრომლებს, მათი პროდასავლურობის გათვალისწინებით. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ჯონ კერის ვიზიტის დროს საქართველოში ევროსკეპტიციზმის ზრდის საკითხიც განიხილეს.

კიდევ ერთი სიმბოლური მომენტი: ჯონ კერის ვიზიტი საქართველოში, ოფიციალურ რანგში, შეიძლება ითქვას, საბოლოოა, შესაბამისად, ეს იყო სამხრეთ კავკასიაში ბარაკ ობამას პოლიტიკის ერთგვარი შემაჯამებელი ანგარიში. რასაკვირველია, თეთრი სახლის ამჟამინდელ ადმინისტრაციას სურს, რომ ეს წარმატებულად იქნეს წარმოჩენილი, თუმცა, რასაკვირველია, ყველაფერი მხოლოდ მათზე არაა დამოკიდებული“, – წერს სერგეი მარკედონოვი.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 ივლისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/christopher-walker-interview-ned/3419366.html

ინტერვიუ ქრისტოფერ უოკერთან: საქართველოსთვის პროპაგანდა უზარმაზარი გამოწვევაა

ანა კალანდაძე

საქართველოსა და რეგიონში შექმნილი მედიაგარემოს, რუსეთის „რბილი ძალის“ გავლენებისა და პროპაგანდასთან ბრძოლის გზებზე “ამერიკის ხმა” ვაშინგტონში ბაზირებული დემოკრატიის ეროვნული ფონდის ვიცე-პრეზიდენტს ქრისტოფერ უოკერს ესაუბრა:

ამერიკის ხმა: როგორ აფასებთ მედიის განვითარებას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონში, სადაც ბოლო ხანს რუსეთმა რბილი ძალა გაააქტიურა, ადგილობრივი მთავრობები კი მეტ ზეწოლას ახორციელებენ მედიასაშუალებებზე? რა ტენდენციებს ხედავთ?

ქრისტოფერ უოკერი: დღევანდელ მსოფლიოში, კომერციული მედიასაშუალებები არნახულ ზეწოლას განიცდიან. ეს ტენდენცია ვერც სამხრეთ კავკასიას ასცდა, მაგრამ რეგიონში მაინც საკმაოდ მრავალფეროვანი პრესაა. საქართველო, სხვებთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობაშია. სხვადასხვა გამოწვევების მიუხედავად, საქართველოში მედია-პლურალიზმია. საქართველოსაგან განსხვავებით, აზერბაიჯანში ღრმად რეპრესიული გარემოა. რაც შეეხება იმას, თუ რა დაუპირისპიროს საქართველომ რუსეთის რბილ ძალას: საქართველო პატარა ქვეყანაა. რუსეთის მზარდი ზეწოლის გასანეიტრალებლად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კონტროლი მას ძალიან გაუჭირდება.

ამერიკის ხმა: დამოუკიდებლობიდან 25 წლის შემდეგ, საქართველოში კვლავ პრობლემებია მედია სფეროში, განსაკუთრებით – არჩევნების წინ. რით ახსნით ამ ვითარებას?

ქრისტოფერ უოკერი: რეგიონში არსებულ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, საქართველო მეტ-ნაკლებად წარმატებული მაგალითია. დიახ, ჟურნალისტიკის ხარისხისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, იქაც პრობლემებია, მაგრამ მიმაჩნია, რომ საქართველოს მედია მრავალფეროვნება შთამბეჭდავია. მედია გარემო უფრო ფართო პოლიტიკურ გარემოს ვერ გაემიჯნება. აქ უფრო მეტად საკითხავია, რამდენად შეძლებს ქართული საზოგადოება დემოკრატიული რეფორმების გაღრმავებას, რაც თავის მხრივ, მედია გარემოსაც წაადგება.

ამერიკის ხმა: რა პარალელებს გაავლებთ ბალტიის ქვეყნებთან, რომლებმაც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ორ ათწლეულზე ნაკლებ დროში სამაგალითო მედიაგარემო ჩამოაყალიბეს?

ქრისტოფერ უოკერი: ბალტიის ქვეყნებმა ძალიან კარგად განავითარეს არა მარტო მედია სექტორი, არამედ დემოკრატიის ყველა სხვა ფუნდამენტი. სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, ისინი სწრაფად გადავიდნენ ევროპული ინსტიტუტების ყაიდაზე. მედია გარემოზე გლობალური ტენდენციების გავლენა იქაც შესამჩნევია, თუმცა სამივე ქვეყანაში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში, მედიაკანონმდებლობა, მედიასტანდარტები და პრესის თავისუფლებისათვის საჭირო დამცავი მექანიზმები მაღალ დონეზეა.

ამერიკის ხმა: რა როლს დააკისრებდით, ერთის მხრივ მთავრობას და მეორეს მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებას-დეზინფორმაციასთან საბრძოლველად?

ქრისტოფერ უოკერი: ეს უზარმაზარი პრობლემაა. დემოკრატიაში მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება საკმარის დროსა და რესურსს უნდა უთმობდეს ამ პრობლემის დაძლევას, პრობლემისა, რომელიც ამ მასშტაბითა და სიღრმით შედარებით ახალია. მაგალითად, რუსეთი ავტორიტარული ქვეყანაა, სადაც მთავრობას არაფერი ზღუდავს. ამიტომ მას აქვს რესურსი საზღვარგარეთ მასშტაბური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საწარმოებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის იმ მექანიზმებს იყენებს, რომლის განეიტრალება დემოკრატიათა შესაძლებლობებს აღემატება. თქვენი კითხვის პასუხად გეტყვით, რომ დემოკრატიულმა მთავრობამ, რომელმაც დემოკრატიული ღირებულებების დაცვა ევალება, კარგად უნდა დაასაბუთოს პროპაგანდასთან ბრძოლის აუცილებლობა, სამოქალაქო საზოგადოებამ კი მთავრობასთან ერთად პრობლემასთან გამკლავების გზები ეძებოს.

ამერიკის ხმა: რა არის პროპაგანდასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება?

ქრისტოფერ უოკერი: ჩემი და ორი სხვა ავტორის, მათ შორის პროფესორ ლერი დაიმონდის ახალ წიგნში “ავტორიტარიანიზმი გლობალურ მასშტაბებს იძენს” ჩვენ ვსაუბრობთ იმ ტენდენციაზე, რომელიც დიდი, კარგი რესურსებით შეიარაღებული სახელმწიფოების მხრიდან მომავალი გამოწვევების მასშტაბებს ასახავს, ტენდენციაზე, რომლის მასშტაბები ძალიან ფართოა. თუ მედიასექტორს შევხედავთ რუსეთსა და ჩინეთში, აქ ლაპარაკია მილიარდებით დაფინანსებულ ინდუსტრიებზე, რათა ამ ქვეყნების მთავრობების სათქმელი საერთაშოსო მასშტაბებით გავრცელდეს. ამან კი დემოკრატიული სახელმწიფოები სახტად დატოვა და მხოლოდ უახლოეს წარსულში დაიწყო ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილება. პროპაგანდის ქსელი ჩახლართული და კომპლექსურია. მის წინააღმდეგ ბრძოლა, კი შესაბამისად, ვერ იქნება ნაჩქარევი ან ადვილი. აქ საჭიროა განათლება, მედიაგანათლების ჩათვლით, ანალიზის სერიოზული საშუალებებები და ფორმები, იმისათვის, რათა ელიტებმაც და ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა ეს პრობლემა კარგად გააცნობიერონ. ასევე, საჭიროა დამოუკიდებელი მედიაკონტენტის მხარდაჭერა, განსაკუთრებით საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდაჭერა, რათა ჟურნალისტიკის სტანდარტები და სიღრმე პრობლემის დასაძლევად გამოდგეს. და ბოლოს, აქედან რომელიმე კომპონენტის არქონის პირობებში – პრობლემის გააზრების ან კონტენტის წაროების გარეშე, არ ვფიქრობ, რომ გამოწვევის დაძლევა ადექვატურად მოხდეს.

Comments are closed