«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რომელია საქართველოსთვის №1 პრობლემა – ოკუპაცია თუ ემიგრანტები?
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ანალიტიკოს იანუშ ბუგაისკთან: „მაიკ პენსის ვიზიტი იმის გზავნილია, რომ საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს“
«Lragir» (სომხეთი): საქართველოს რეაქცია: „ცივი შხაპი“ თუ „ცივი ანგარიში“?
«День» (უკრაინა): ქართული ანტიკორუფციული (ნახევარ)სასწაული // ინტერვიუ ერეკლე ურუშაძესთან: „ნაციონალების ხელისუფლების ყველა შტო იმდენად იყო უზურპირებული, რომ შეუძლებელი იყო ვინმეს თავისიანების წინააღმდეგ ბრძოლა დაეწყო“
—————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 14 ივლისი, 2017 წელი
https://www.amerikiskhma.com/a/georgia-day-of-protests/3944501.html
რომელია საქართველოსთვის №1 პრობლემა – ოკუპაცია თუ ემიგრანტები?
„საქართველოში 14 ივლისი აქციებისა და მარშების დღედ იქცა. დილის 9 საათიდან მოქალაქეები თბილისში ვარდების მოედანზე იკრიბებოდნენ იმისთვის, რომ ოკუპაცია ბერშუეთში გაეპროტესტებინათ. მსურველებისთვის ტრანსპორტირება უფასო გახლდათ. აქციის ორგანიზება გაზეთმა „ქრონიკა+“-მა განახორციელა და მისი მონაწილეები ჟურნალისტები, საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გახლდათ. მათ ბერშუეთში ახლად გადმოწეულ საოკუპაციო ხაზთან ახალი ბანერიც აღმართეს, რომელზეც მითითებულია, რომ სახელმწიფო საზღვარი ამ ადგილიდან 101 კილომეტრში, როკის გვირაბთანაა. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას არ შეუერთდნენ“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ნინო დალაქიშვილი).
„ამერიკის ხმასთან“ გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთ.რედაქტორი და აქციის ორგანიზატორი ელისო კილაძე ამბობს: „ჩვენ გვინდოდა გაგვეპროტესტებინა მცოცავი ოკუპაცია და საოკუპაციო ხაზთან გვეთქვა მთელი მსოფლიოსთვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, მიუხედავად პოლიტიკური და რელიგიული კუთვნილებისა, რომელიც აპროტესტებს ოკუპაციას და ეუბნება მას „არა“-ს. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება, ქმედით ღონისძიებებს არ მიმართავს „მცოცავი“ ოკუპაციის წინააღმდეგ, ამიტომ ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამოქალაქო პროტესტი. მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, დღეს მოვიდოდი ამ აქციაზე, რადგან ეს იყო ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი, დავდგებოდი მათთან ერთად და ვიტყოდი, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ამის გამბედაობა არ ჰყოფნით. დღეს იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები წარმოდგენილი ჩვენს აქციაზე. მე ვფიქრობ, ოკუპაციის თემა არის ის, რამაც უნდა გააერთიანოს სრულიად საქართველოს საზოგადოება“.
პუბლიკაციის ავტორი აშუქებს აგრეთვე კიდევ ორ აქციას:
„ქართველთა მარში“, რომელშიც „პატრიოტთა ალიანსიც“ მონაწილეობს. „გადაწყდა!!! ყველას!!! ყველას!!! ყველას!!! ვისაც სამშობლოსთვის გული გიძგერთ!!! ან ჩვენ ან ისინი!!! 14 ივლისს 20 საათზე აღმაშენებლის გამზირზე 24 სკოლიდან იწყება ქართველთა მარში!!! 14 ივლისამდე ულტიმატუმი რომ ყველა არალეგალმა უცხოელმა(ირანელები,არაბები,აფრიკელები და ა.შ.)დატოვოს საქართველოს ტერიტორია!!! ეს არის ჩვენი პასუხი იმაზე,რომ 51 წლის ირანელმა ქართველი ბავშვები (ბიჭები) გააუპატიურა!! ჩვენ გავწმინდავთ ჩვენს ქუჩებს უცხოელი კრიმინალებისგან! ქართული საქართველოსთვის!“ – ასე მოუწოდებდნენ „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები თანამოაზრეებს“ – წერს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, „ქართველთა მარშის“ მიმართვის ქსენოფობიურმა ხასიათმა საქართველოში ბევრი აღაშფოთა. ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტთან საუბრისას ამბობს: „როდესაც ეგრეთ წოდებული „მარშიროვკები“ იგეგმება, სულ მახსენდება, როგორი ადვილად წამოსაგებია ჩვენი საზოგადოება მსგავს ლოზუნგებზე. თავის დროზეც, ეროვნული მოძრაობის დროს, ბევრი ლოზუნგი იყო ჩვენი არა ქართველი ეთნიკური წარმომავლობის თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამან ხელი შეუწყო ჩვენი თანამემამულე ოსების მობილიზებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ასევე აფხაზეთშიც ურთიერთობები, დიდძალად, ჩვენი ქმედებების შედეგად დაიძაბა. სამწუხაროდ, იგივე ძალები, ვინც ცდილობდნენ გაემწვავებინათ სიტუაცია მაშინ და მიაღწიეს კიდეც თავიან მიზანს, ისევ ცდილობენ დაძაბონ საქართველოში მდგომარეობა. ძალიან ადვილია საშინელ სოციალურ პირობებში, დიდ ეკონომიკურ სიდუხჭირეში მცხოვრები ადამიანების ასეთი ლოზუნგებით ქუჩაში გამოყვანა და ამას, რასაკვირველია, თუკი ჯანმრთელი სამოქალაქო საზოგადოებაა ქვეყანაში, წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს“.
ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ კონკრეტულ კრიმინალურ შემთხვევებზე რეაგირება პოლიციამ უნდა მოახდინოს: „კრიმინალი სახელმწიფოში ძალოვანმა სტრუქტურებმა უნდა აღკვეთოს და არა მსგავსი „მაშიროვკების“ მომწყობებმა. სახელმწიფოს ვალია იმოქმედოს და საზოგადოებამაც უფრო აქტიურად უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა რასისტული და ქსენოფობიური აზრების ისეთ პროპაგანდას, როგორიც ჩვენთანაა“.
კიდევ ერთი აქცია საოკუპაციო ხაზთან ბერშუეთში სოციალური ქსელების მეშვეობით დაორგანიზდა. ახალგაზრდები, სამსახურის საათების შემდგომ, 7 საათზე ავტოსადგურთან შეიკრიბნენ ბერშუეთში გასამგზავრებლად. აქცია მეგობრების ჯგუფმა დააორგანიზა და ისინი ყოველგვარ პოლიტიკურ მიკერძოებას ემიჯნებიან.
სალომე კანდელაკი, ბერშუეთის აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას აცხადებს: „ჩვენ ვართ რიგითი მოქალაქეები, ჩვენი აქცია თვითორგანიზებულია და მოხალისეობრივ პრინციპზეა აგებული. არ გაგვაჩნია სახსრები იმისთვის, რომ ავტობუსები გამოგვეყო. მოვუწოდეთ მოქალაქეებს საკუთარი ავტომანქანებით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით წამოსულიყვნენ. ვიკრიბებით ავტოსადგურ „ოკრიბასთან“, სადაც გადავნაწილდებით ავტომობილებში. ჩვენი მიზანია დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენთვის #1 პრობლემა არის ოკუპაცია. აუცილებელია პრიორიტეტები განვსაზღვროთ. რა არის მნიშვნელოვანი, „ქართველთა მარში“ თუ ოკუპაციის გაპროტესტება და იმაზე ღელვა, რა მდგომარეობაშიცაა ჩვენი სახელმწიფო და მისი სუვერენიტეტი. მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებამ შეიტყოს, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ 2008 წელს არ დასრულებულა ოკუპაცია, რომმცოცავი ოკუპაცია გრძელდება ყოველ დღიურად და ამაზე რეაგირების არ ქონა არის შეცდომა და დანაშაული.“
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში 14 ივლისს აშშ-ის ელჩი იან კელიც იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების თანხლებით. მისი განცხადებით, „ბორდერიზაციის პროცესი ხელოვნურია, რასაც აშშ არ აღიარებს“. სოფელი ყარაფილადან ცენტრალურ ავტონმაგისტრალამდე 400 მეტრია დარჩენილი. მის სიახლოვეს ბაქო–ჯეიჰანის მილსადენი გადის. ბანერები მის სიახლოვესაა.
13 ივლისს გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ცენტრალურ მოედანზე ქართველი ემიგრანტების აქცია გაიმართა ოკუპაციის გასაპროტესტებლად. ღონისძიება გერმანიის ქართულმა სათვისტომომ ჩაატარა იმ მიზნით, რომ საქართველოს ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია ადგილობრვი საზოგადოებისთვის ასეთი პროაქტიული ფორმით მიეწოდებინა. საქართველოს დროშებითა და ტრანსფარანტებით ოკუპაციის შესახებ, მიუნხენში, დაახლოებით 100 ადამიანი გამოვიდა.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 ივლისი, 2017 წელი
https://www.amerikiskhma.com/a/bugaiski-on-vp-visit-to-georgia/3944292.html
ინტერვიუ ანალიტიკოს იანუშ ბუგაისკთან: „მაიკ პენსის ვიზიტი იმის გზავნილია, რომ საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს“
ანა კალანდაძე
(შემოკლებით)
„ამერიკის ხმამ“ ვაშინგტონში ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი და ვეტერანი ანალიტიკოსი იანუშ ბუგაისკი ჩაწერა.
- რას ეუბნება ამერიკა საქართველოს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თბილისში ჩასვლით?
- ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება, რომელიც ამერიკისათვის მნიშვნელოვანი [პარტნიორია]. საქართველოს მისწრაფებებს, შეუერთდეს ნატოს, დასავლეთში სერიოზულად აღიქვამენ, იმის მიუხედავად, რომ ინტეგრაცია, შესაძლოა, ხანგრძლივი პროცესი იყოს. [მაიკ პენსის სტუმრობა] გზავნილია რუსეთისთვისაც, რომ შეერთებულ შტატებს თბილისისაგან დისტანცირებაზე არ უფიქრია და რომ რუსეთს ქვეყნის დანაწევრების უფლებას არ მისცემს. ამგვარად, მიმაჩნია, რომ ვიზიტი მნიშვნელოვანია საქართელოსთვის და მნიშვნელოვანია უკრაინისთვისაც. იმედია, მაიკ პენსის სტუმრობას მნიშვნელოვანი განცხადებები და შესაძლო ახალი ინიციატივები მოჰყვება, რომელიც საქართელოს ნატოსკენ სვლას გაუადვილებს.
- როგორ აფასებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მთავრობას, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას, კანონის უზენაესობასა და მედიის თავისუფლებას?
- საქართველო აღიარებული ლეგიტიმური მთავრობების ციკლს გადის. შემდეგ მთავრობა იწყებს მოქმედებას, მათ შორის, ასწორებს კონსტიტუციას და ზეწოლის ქვეშ აქცევს მედიას, რაც მის მიმართ ოპოზიციურ განწყობებს წარმოშობს. ამგვარად, მიმდინარე მოვლენებს ხსენებული ციკლის ნაწილად ვხედავ. მაგრამ საქართველოს სამოქალაქო სისტემა, საქართველოს ოპოზიცია საკმარისად ძლიერია, რათა გაუმკლავდეს მთავრობის ნებისმიერ მცდელობას, შექმნას ერთპარტიული მმართველობა. პერსპექტივაში, საქართველოს მიმართ იმედიანად ვარ განწყობილი. თუმცა დრო და დრო წარმოიქმნება მღელვარება, რომელსაც რუსეთი, რა თქმა უნდა, სათავისოდ იყენებს. რუსეთს საქართველოს პოლიტიკური სისტემის არევა სურს, რათა ის ნატოში შესასვლელად მზად არ იყოს.
- პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ევროპაში ვიზიტის შემდეგ დარწმუნდნენ თუ არა აღმოსავლეთევროპელები შეერთებული შტატების მხარდაჭერაში?
- უნდა დარწმუნებულიყვნენ. ჯერ ერთი, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ნატოს [წესდების] მეხუთე პუნქტი მნიშვნელოვანია, როგორც [უსაფრთხოების] გარანტი. მეორეც, მისი განცხადება, რომ რუსეთი უკრაინისა და სხვა ტერიტორიების დესტაბილიზაციას ეწევა, ძლიერი გზავნილია, რომ შეერთებული შტატები და ნატო რუსეთის ქმედებებს სერიოზულად მოეკიდება. და მესამე: ვარშავაში თორმეტი ქვეყნის მეთაურის შეხვედრა შედგა. ეს იყო ცენტრალური ევროპა-სამი ზღვის ინიციატივის სამიტი, სადაც პრეზიდენტი ტრამპი პუტინთან შეხვედრამდე ამ ქვეყნების ლიდერებს ესაუბრა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმაზე, რომ აღმოსავლეთი ევროპისათვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა აშშ-ის ადმინისტრაციის პრიორიტეტია.
(…)
- 2016 წელს, სტატიაში სახელმწოდებით „შავი ზღვის სავალდებულო საკითხები“ (“Black Sea Imperatives”) თქვენ დაწერეთ: „შავ ზღვაზე კონტროლის აღდგენა რუსეთის საერთაშორისო ძალაუფლების აღდგენის რევიზიონისტული ამბიციის საფუძველში დევს.“ რუსეთი ყირიმში სამხედრო ინფრასტრუქტურას აშენებს. რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი რეგიონურ უსაფრთხოებასა და უკრაინის შანსებზე, დაიბრუნოს ნახევარკუნძული...
- რუსეთის მიერ ყირიმის კონტროლი და მილიტარიზაცია შავ ზღვაზე რუსეთის ინტერესების გამტკიცებას ემსახურება. ამ ქმედებების შედეგად, შავი ზღვა უფრო მეტად ემსგავსება რუსულ ტბას, ისე, როგორც ეს საბჭოეთის დროს იყო. ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია, ხელი შეეშალოს რეგიონის მილიტარიზაციას და რუსეთი ყირიმიდან განიდევნოს. თუ ყირიმი მოსკოვის ხელში დარჩება, ის მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას გამიწვევს.
«Lragir» (სომხეთი), 14 ივლისი, 2017 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/56971
საქართველოს რეაქცია: „ცივი შხაპი“ თუ „ცივი ანგარიში“?
აკოფ ბადალიანი, პოლიტიკური მიმომხილველი
(შემოკლებით)
სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა ვაან მარტიროსიანმა იმედი გამოხატა პრაღაში გამართულ საქართველო-რუსეთის მოლაპარაკების შედეგების გამო და განაცხადა, რომ სომხური პროდუქციის რუსეთში გასატანად აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გავლით სატრანზიტო გზა გაიხსნება, რომელიც ზემო ლარსის ალტერნატივა იქნებაო.
2011 წელს ხელმოწერილი რუსეთ-საქართველოს შეთანხმების („სავაჭრო დერეფნების შესახებ“) იმპლიმენტაციის საკითხზე მოლაპარაკება თბილის-მოსკოვს შორის დიდი ხანია მიმდინარეობს. თებერვალში ზურაბ ბაშიძემ და გრიგორი კარასინმა პროგრესი დააფიქსირეს, ახლა კი, ერთი კვირის წინათ, ლაპარაკი ერთობლივი ჯგუფების შექმნაზე დაიწყეს. რუსეთმაც და საქართველომაც განაცხადეს, რომ შვეიცარული კომპანია მონიტორინგს დაიწყებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეო.
და სწორედ ასეთ ფონზე სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა ოპტიმისტურად აღნიშნა, რომ მოლაპარაკება მალე დასრულდება და სომხურ პროდუქციას გზა გაეხსნებოდა, მაგრამ ვაან მარტიროსიანს პასუხი გასცა ზურაბ აბაშიძემ, რომლის თქმით, არავითარი წინამძღვრები არ არსებობს იმისათვის, რომ სომხეთს აფხაზეთის რკინიგზის გახსნის იმედი ჰქონდეს.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს „ცივი შხაპია“ თუ გულწრფელი ნათქვამი, რომ პრობლემის მოგვარების იმედი არ უნდა გვქონდეს? რადგან მხარეთა შორის წინააღმდეგობა მაინც არსებობს და ის რთული გადასალახავია? არაა გამორიცხული, რომ ქართველი ჩინოვნიკი ცდილობს „თავიდან აიცილოს“ სომეხი მინისტრის განცხადების შედეგები.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ალტერნატიული გზის გახსნა აზერბაიჯანს და თურქეთს არ აწყობთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამით სომხეთის ბლოკადა გაირღვევა და მეორე – თურქეთის გავლენა მცირდება როგორც საქართველოზე, ისე მთლიანად რეგიონში. ამიტომაც რთული წარმოსადგენი არაა, რომ გინდაც საქართველო და რუსეთი საბოლო შეთანხმებამდე მივიდნენ, აზერბაიჯანი და თურქეთი შეეცდებიან ხელი შეუშალონ მის იმპლემენტაციას და გამოიყენებენ თავიანთ ბერკეტებს როგორც საქართველოს, ისევე რუსეთის მიმართ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით.
ასე რომ, არ არის გამორიცხული, რომ თავისი განცხადებით საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მოუწოდებს სომხეტს, რომ არ გააღიზიანოს მეზობლები, არ მოახდინოს თურქეთ-აზერბაიჯანის პროვოცირება და „ჩუმად“ დაელოდოს შედეგებს, რათა კიდევ უფრო არ გაართულოს ისედაც მძიმე მოლაპარაკება.
«День» (უკრაინა), 14 ივლისი, 2017 წელი
https://day.kyiv.ua/ru/article/ekonomika/gruzinskoe-antikorrupcionnoe-poluchudo
ქართული ანტიკორუფციული (ნახევარ)სასწაული
ინტერვიუ ერეკლე ურუშაძესთან: „ნაციონალების ხელისუფლების ყველა შტო იმდენად იყო უზურპირებული, რომ შეუძლებელი იყო ვინმეს თავისიანების წინააღმდეგ ბრძოლა დაეწყო“
რეფორმები, რომლებიც საქართველოში 2000-იანი წლების შუახანებში განხორციელდა, ბევრი საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ უკრაინისათვის სანიმუშოდ იქნა მიჩნეული. სწორედ ამ წარმატების შლეიფის გამო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუნდმა უკრაინის პასპორტები და დიდი პოლიტიკური თანამდებობები, შეიძლება ითქვას, „ერთ ღამეში“ მიიღეს. თუმცა როგორც ორგანიზაცია „Transparency International-საქართველოს“ პროექტების მენეჯერი ერეკლე ურუშაძე ამბობს ჩვენთან საუბარში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გამჭვირვალობის რეიტინგში ერთგვარი ნახტომი გააკეთა, კორუფციის საკითხთან მიმართებით ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ძალიან შორს არის იმ [იდილიური] სურათისაგან, როგორსაც „ქართული სასწაულის“ აპოლოგეტები ხატავენ. ჩვენი გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში ექსპერტმა ისაუბრა იმ მაგალითებზე, რომელთა მიხედვით იგი ასკვნის: „ტოპ-კორუფცია“ (იგივე ელიტური კორუფცია) საქართველოში არ ამოძირკვულა. ერეკლე ურუშაძე განმარტავს, თუ რატომ ვერ ამჩნევდნენ ელიტარულ კორუფციას საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად, მსოფლიო ბანკი და მოგვიყვა, თუ რა უნდა იცოდეს უკრაინამ მიხეილ სააკაშვილის ე.წ. ანტიკორუფციულ რეფორმების შესახებ“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ალა დუბროვიკ-როხოვა).
გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი ინტერვიუდან:
- ერეკლე, როგორია დღეს საქართველოში სიტუაცია კორუფციის მხრივ? ქრთამს იღებენ თუ არა?
- დღეს საქართველოში კორუფცია და მექრთამეობა ყოფით დონეზე, საბედნიეროდ, 2000-იანი წლების შუახანებში გატარებული რეფორმების წყალობით, თითქმის განულებულია. რასაკვირველია, ეს მიხეილ სააკაშვილის მაშინდელი მთავრობის დამსახურებაა. თუმცა დღევანდელი ხელისუფლებასაც არ უნდა დავუკარგოთ ის, რომ ცდილობს ეს დონე შეინარჩუნოს და კორუფციასთან ბრძოლას მხარს უჭერს. როგორც სხვადასხვა სოციალური გამოკვლევები და გამოკითხვები გვიჩვენებს, ყოფითი კორუფციის დონე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება კორუფციას ხელისუფლების „ზედა“ ეშელონებში, დღევანდელი ვითარება მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არსებულ სიტუაციას მოგვაგონებს. მაგალითად, სამართალდამცველი ორგანოები არ რეაგირებენ ჟურნალისტების მიერ მოძიებულ ფაქტებზე ჩინოვნიკების კორუმპირებულობასთან დაკავშირებით, გამოძიება არ მიმდინარეობს. საქართველოსთვის ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ეფექტური მექანიზმის არარსებობა „ელიტური კორუფციის“ გამოსავლენად.. ამის მიზეზი ისევ ის გახლავთ, რაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყო – დამოუკიდებველი საგამოძიებო ორგანოების არარსებობა. საქმე ეხება როგორც „კლასიკურ პროკურატურას“, ასევე სპეციალურ სააგენტოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ საქართველოში მმართველი პარტიის ხელში ხელისუფლება ძალზე კონცენტრირებულია. ყველა ინსტიტუტი იმ დონეზეა უზურპირებული, რომ შეუძლებელია წარმოიდგონო, ვინ და როგორ უნდა დაიწყოს კორუფციასთან ბრძოლა, როცა ხელისუფლების შტოებს მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან.
- შეგიძლიათ ფაქტების დასახელება, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ისევე კორუმპირებულია, როგორიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს იყო?
- პარლამენტის არჩევნების შემდეგ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა, ჩვენ გავაანალიზეთ პოლიტიკური პარტიების წანასაარჩევნო ფონდებში შეტანილი შენაწირები და მათ მიერვე წარმოდგენილ დეკლარაციებს შევადარეთ. აღმოჩნდა, რომ ზოგმა პარლამენტარმა ფონდში იმდენი ფული შეიტანა, რომელიც მისი წლიური შემოსავლების ტოლფასი იყო, ან აღემატებოდა კიდეც დეკლარირებულ შემოსავლებს. ჩვენ ამ ფაქტებზე ფართო საზოგადოებას შევატყობინეთ, რითაც საგამოძიებო ორგანოებიც უნდა დაინტერესებულიყვნენ. ამ დროს საქმე გვაქვს ფიქტიურ შემწირველებთან (ვთქვათ, პარტიებმა ისარგებლეს ვიღაცის გვარით ჭეშმარიტი „სპონსორების“ შესანიღბად), ან შემოსავლების დეკლარირების წესი იქნა დარღვეული, რაც ასევე გამოსაძიებელია.
ჩვენ ასევე გამოვაქვეყნეთ ანგარიშები თანამდებობის პირების ბიზნესში მონაწილეობის საკითხზე. მაგალითად, კულტურის მინისტყრისა და მისი მოადგილეების თაობაზე, რომლებიც თანამდებობებზე დანიშვნამდე ბიზნესმენები იყვნენ. მათი კომპანია შემოსავლებს უცხოელი ვარსკვლავების კონცერტების ჩატარებით იღებდა და როცა ისინი სახელმწიფო თანამდებობებზე დაინიშნენ, სწორედ მათმა კომპანიამ მიიღო ყველაზე მეტი დაკვეთები სახელმწიფოსაგან, თანაც კონკურსებისა და ტენდერების გარეშე. ამ დარღვევაზე საქმე არ აღძრულა და არ გამოძიებულა.
- ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში (2014 წლის 8 დეკემბერს) მიხეილ სააკაშვილი იმის დასადასტურებლად, რომ საქართველოში მისი მმართველობის პერიოდში ე.წ. „ტოპ-კორუფცია“ არ არსებობდა, იმოწმებდა ყოფითით დონეზე ნულოვან კორუფციას: როგორ გგონიათ, განა უფროსი, რომელიც ქრთამს იღებს, დაარწმუნებს ხელქვეითს, რომ მან ქრთამი არ უნდა აიღოს? და რამდენადაც ქვედა დონის „კლერკები“ ქრთამს ნამდვილად არ იღებდნენ, ამდენად, არც მათი უფროსები არ აიღებდნენო, გვარწმუნებდა მიხეილ სააკაშვილი. ახლა კი თქვენ ამბობთ, რომ ქვედა ეშელონებში კორუფცია ნულოვანია, ზედა ეშელონებში კი რამდენიც გინდა – თქვენ ათეულობით ფაქტი შეგიძლიათ დაასახელოთ… რა მოხდა, რატომ არის ასე? რა მოიშალა? რატომ არ მუშაობს დღეს მიხეილ სააკაშვილის არგუმენტების ლოგიკა?
- მე მიხეილ სააკაშვილის არგუმენტებისა არ მჯერა. დღეს მაშინდელი ნათქვამი თვით მისთვისაც კი აბსურდულად ჟღერს. მისივე ლოგიკის მიხედვით, მან უნდა აღიაროს, რომ დღეს „ტოპ-კორუფცია“ საქართველოში არ უნდა იყოს, რადგან ყოფითი ნულის დონეზეა. მაგრამ ექს-პრეზიდენტი და მისი პარტიის წარმომადგენლები დღევანდელ ხელისუფლების „ვერხუშკას“ სწორედ კორუმპირებულობაში ადანაშაულებენ, იმავდროულად კი აღიარებენ, რომ ქვედა დონეზე კორუფცია არ არის.
მაშინაც და ახლაც ჩვენ, „Transparency International-საქართველოს“ თანამშრომლებმა, ვიცოდით, რომ არის კორუფციის ისეთი ფორმები, რომლებიც ყოფით დონესთან კავშირი არ აქვს. დიახ, ჩვენთან რიგითი პოლიციელი ქრთამს არ იღებს და არც შეუძლია, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვების სისტემას, აი იქ უკვე ბევრი „ჩრდილოვანი“ ისტორიაა, როცა, ვთქვათ, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში იმარჯვებს კომპანია, რომელიც თავდაცვის მინისტრთანაა კავშირში.
ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის მთავრობას ნამდვილად ჰქონდა განზრახვა კორუფციის შეზღუდვისა და აღმოფხვრის თაობაზე. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება იმდენად იყო კორუფციის ჭაობში ჩაფლული, იმდენად იყო მომპალი ვერტიკალი, რომ ოპოზიციის ზეწოლას ვერ გაუძლო. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში პირადი გამდიდრების მიზნით მოვიდა. ასევე არ მაქვს იმის მტკიცებულებები, რომ იგი ქონების დასაგროვებლად რაღაც-რაღაცეებს აკეთებდა, მაგრამ რაც შეეხება მის თანამზრახველებს, ისინი ნამდვილად დამდირდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ მათი მოტივაცია სწორედ პირადი გამდიდრება იყო. თუ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს გავაანალიზებთ მთლიანობაში, მაშინ დავინახავთ, რომ მის თანამზრახველებს სურდათ, რაც შეიძლება მეტ ხანს დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში. მათ ეს რესურსების გასაკონტროლებლად ჭირდებოდათ, თანაც ისე, რომ სამართლის ნორმები შენიღბულად დაეღვიათ. სწორედ ამიტომ ხდებოდა მანიპულაციები სახელმწიფო შესყიდვების საკითხში საარჩევნო ფონდებში შეწირულებების მიღების მიზნით. მანუპულირება ხდებოდა სასამართლო ხელისუფლებითაც, რათა კონტროლქვეშ ჰყოლოდათ ზოგიერთი კომპანია და მასმედიის საშუალებები: მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის დროს ტელეკომპანიები „რუსთავი-2“ და „იმედი“ ხელისუფლებისადმი მეგობრულად განწყობილი ბიზნესმ,ენების ხელში გჰადავიდა.
- თქვენ თქვით, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ზოგიერთი წევრი გამდიდრდაო. შეგიძლიათ გვარების დასახელება? არიან მათ შორის ისინი, ვინც დღეს უკრაინაში მუშაობენ?
- რამდენადაც მე ვიცი, ისინი უკრაინაში არ მუშაობენ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებს, შემიძლია დავასახელო თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც სწრაფად გამდიდრებული მაღალჩინოსნის ქრესტომათიული ნიმუშია. მის ხელში მოექცა საწვავით ვაჭრობა, სარეკლამო ბაზარი… თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ დავით კეზერაშვილი მისი პოლიტიკური პარტიის – „ნაცმოძრაობის“ ძირითადი დონორი იყო. არიან კიდევ რიგი ჩინოვნიკები, რომლებმაც დიდი ქონება დააგროვეს სახელმწიფო შესყიდვების მანიპულირებით.
საქართველოში კორუფციულ სქემებში ჩართული ჩინოვნიკების გამომჟღავნება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თუ მოხდება. ასე იყო მიხეილ სააკაშვილის დროს, როცა მაშინ დაიწყო გამოძიება ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ჩინოვნიკებზე, ასე იყო „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ჩინოვნიკები დაიჭირეს. არაა გამორიცხული, რომ მომავალში თუ სხვა ხელისუფლება იქნება, ისინი სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავენ დღევანდელი მთვრობის ჩინოვნიკების მიმართ…
- თუ საქართველოში საქმე კარგად არ იყო, მაშ რატომ აქებდნენ საერთაშორისო დონორები მიხეილ სააკაშვილს? როგორ მოახერხა ექს-პრეზიდენტმა დასავლელი პარტნიორების დარწმუნება, რომ მისი გუნდი არ იპარავდა? ან იცოდნენ და თვალს ხუჭავდნენ?
- მათ ჰქონდათ მიზეზი საქართველო შეექოთ. არის რიგი სფეროები, სადაც მიხეილ სააკაშვილის გუნდმა რეფორმები მართალაც კარგად გაატარა, მაგრამ დარღცა მოუგვარებელი ბევრი პრობლემაც. ზუსტად ვერ გეტყვით, რატომ ხუჭავდნენ დონორები თვალს. ალბათ, ამას ხელი შეუწყო რეგიონში არსებულმა მაშინდელმა ვითარებამ. ჩვენს მეზობლებთან რომ პროგრესი არ ჩანდა, საქართველოს მცირე წარმატებაც კი დასავლეთში ეიფორიას იწვევდა.
- რამდენად გაუმჯობესდა ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში და უკავშირდებოდა თუ არა ეს კორუფციასთან ბრძოლას?
- ეკონომიკური ზრდა ნამდვილად შეინიშნებოდა. ამასთანავე, ვერ გეტყვით, იყო თუ არა ეკონომიკური წარმატებები კორუფციასთან ბრძოლის კავშირში. დროის მიხედვით ისინი ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა მიზეზ-შედეგობრიობის განსაზღვრა ძნელია. როგორც ჩანს, სხვა ფაქტორებიც გავლენას ახდენდა: ვთქვათ, დანაშაულობათა შემცირება, ინფრასტრუქტურაში დიდი ინვესტიციები დაბანდდა… როცა საგადასახადო სფეროში კორუფცია დაძლეული იქნა, მთავრობამ უცხოეთიდან მეტი კრედიტები მიიღო – დონორები ხედავდნენ, რომ საქართველოში უკვე ცოტას იპარავდნენ. თუ შევარდნაძის მმართველობის დროს ისინი ფულს გამოყოფდნენ, ვთქვათ, გზის მშენებლობისათვის, ეს გზა არ აშენდებოდა, ფულს კი „შეჭამდნენ“. მიხეილ სააკაშვილის დროს კი გზების რაღაც ნაწილი მაინც შენდებოდა.
- საქართველოში, ალბათ, თვალს ადევნებენ, თუ რა ხდება უკრაინაში, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის გუნდთან დაკავშირებით… რას ამბობენ ქართველები?
- გულწრფელად გეტყვით, რომ არანაირი „ქართული სასწაული“ და კორუფციასთან ბრძოლის საიდუმლო არ არსებობს. ძველი ჭეშმარიტებაა: თიუ თქვენი მტავრობა პოლიტიკურ ნებას გამოამჟღავნებს, უპრობლემოდ შეგიძლიათ იგივე შედეგებს მიაღწიოთ, რასაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ მიაღწია, განასაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლაში ყოფით დონეზე.