globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 15 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 15th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): საქართველო არჩევნების შედეგების დასაცავად ემზადება // შს მინისტრის ბრძანებით, პოლიცია მობილიზებულია

«Lragir» (სომხეთი): ალტერნატიული გეოპოლიტიკური პროექტები სამხრეთ კავკასიაში: აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ბაზების განლაგების ალბათობა

———————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 15 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3088910

საქართველო არჩევნების შედეგების დასაცავად ემზადება

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, პოლიცია მობილიზებულია

გიორგი დვალი, თბილისი

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გუშინ განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველები ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მასშტაბურ პროვოკაციებს ამზადებენ როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს, ასევე მისი დასრულების შემდეგ. ქართული სპეცსამსახურების მონაცემებით, ოპოზიციონერები სამთავრობო დაწესებულებების  ბლოკირებას შეეცდებიან – ისე, როგორც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროს მოხდა. მთავრობამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მზადაა სახელმწიფო გადატრიალების ყოველგვარი მცდელობის აღსაკვეთად. „ნაციონალებმა“ ბრალდებას „პარანოია“ უწოდეს, თუმცა, მათი თქმით, არჩევნების შედეგების გაყალბების შემთხვევაში, შესაძლოა მასობრივი საპროტესტო აქციები გამართონ.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ სიტუაციის დესტაბილიზების მცდელობას ზოგიერთი პარტიის მხრიდან საპარლამენტო არჩევნების პერიოდში“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და დაამატა: „ჩვენი სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, მზადდება მასშტაბური პროვოკაციები როგორც რვა ოქტომბერს, არჩევნების მსვლელობის დროს, ასევე არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ. ჯერ-ჯერობით ამის დეტალებს ვერ გაგიმხელთ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენ აბსოლუტურად მობილიზებულნი ვართ“, – დამარწმუნებლად განაცხადა მინისტრმა.

რამდენიმე საათის შემდეგ სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა მინისტრის ბრძანება „საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ და მშვიდად ჩატარების მიზნით მიღებული ზომების შესახებ“. დოკუმენტის გამოქვეყნების უწყების ხელმძღვანელმა თათბირი ჩაატარა სამინისტროს რეგიონული ორგანოების ხელმძღვანელებთან და პირადად განუმარტა ბრძანების არსი და მნიშვნელობა. გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყოველ რეგიონში შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც „პასუხისმგებლები იქნებია მოსალოდნელი საფრთხეების მუდმივი შეფასებისა და მათ აღსაკვეთად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისათვის“. მან კვლავ გაიმეორა, რომ „დესტაბილიზების ყოველგვარი მცდელობა აღკვეთილი იქნება“.

რომელი პოლიტიკური ძალები ჰყავდა მხედველობაში მინისტრს, ეს უკვე პრემიერ-მინისტრმა განმარტა: როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ქართულმა სპეცსამსახურებმა შეიტყვეს, რომ „ერთიანი ნაცმოძრაობის“ აქტივისტები, სიტუაციის რადიკალიზების მიზნით, გარკვეულ დაჯგუფებებს ქმნიან“, შენობების ბლოკირების განსახორციელებლად. პრემიერმა აღნიშნა, რომ სწორედ სამთავრობო შენობების ბლოკირებით დაიწყო უწესრიგობები 2003 წლის ნოემბერში, რომლის შედეგად ქბეყნის ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. „საქართველოში მსგავსი რევოლუციური ტექნოლოგიების დრო წავიდა, დღეს 2003 წელი აღარ არის“, – მრავლისმეტყველად შენიშნა პრემიერ-მინისტრმა, – ჩვენ ახლა საკმარისი ძალა გვაქვს დემოკრატიის დასაცავად. რასაკვირველია, პოლიცია ყველა კანონიერ საშუალებას გამოიყენებს, რათა ვითარების ესკალაცია თავიდან იქნეს აცილებული“.

ოპოზიცია თვლის, რომ ხელისუფლების ასეთი განცხადებები თითქოსდა სიტუაციის დესტაბილიზების თაობაზე „აგონიაში მყოფი რუსი ოლიგარქის მიერ პარანოიისა და ისტერიკის გამოვლენას წარმოადგენს“. ასე განაცხადა, მაგალითად, პარლამენტის დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ წიკლაურმა. ცხადია, რომ მან რუს ოლიგარქში პარტია „ქართული ოცნების“ ჩრდილოვანი ლიდერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა.

თუმცა „ნაციონალები“ მაინც არ გამორიცხავენ მასობრივი პროტესტს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება რვა ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს: როგორც „კომერსანტს“ დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, „თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, მაშინ  ამით ის ლეგიტიმურობას დაკარგავს. შესაბამისად, ყოველი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია კანონიერი და გამართლებული იქნება“.

თუ რატომ თვლის საქართველოს მთავრობა სრულიად შესაძლებლად იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდი, არჩევნების გაყალბების საბაბით ახალი რევოლუციის მოხდენას შეეცდება, ეს „კომერსანტს“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუმარტა: „პროვოკაცია ოპოზიციური ფორმატით“ მიხეილ სააკაშვილის სტილია. იგი სწორედ ასეთი ხერხით ცდილობს სიტუაციის დესტაბილიზებას, რადგან მას არანაირი სხვა პერსპექტივა არ აქვს“. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ხელისუფლებას მართლაც აქვს „კონკრეტული ინფორმაცია“ მოსალოდნელი პროვოკაციების თაობაზე, ხოლო პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის განცხადებებს „პრევენტიული ხასიათი აქვთ, რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით – ისეთების, ვინც ბრმად აჰყვება „ნაციონალების“ პროვოკაციებს“.

«Lragir» (სომხეთი), 15 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/50960

ალტერნატიული გეოპოლიტიკური პროექტები სამხრეთ კავკასიაში

აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ბაზების განლაგების ალბათობა

სტატიაში საუბარია სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის (აშშ-ის, ნატოს) სამხედრო ბაზის შესაძლო განლაგების თაობაზე. მასში სომხური ინტერპრეტაციითაა გადმოცემული სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, კერძოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ „პროვოცირებული სიტუაცია“ 1999 წელს, რომლის თანახმად, ბაქოს ახლოს, ამერიკის სამხედრო ბაზის დისლოკაცია უნდა მომხდარიყო (ავტორი – იგორ მურადიანი, პროფესორი).

„ამერიკული სამხედრო ბაზის განლაგების პროექტი მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას: ეს იყო გლობალური გეოპოლიტიკური დაზვერვა – რეგიონში სამხედრო ჩანერგვის ხელოვნურად განსახორციელებლად. ამერიკელებს საშუალება მიეცემოდათ ინფორმაცია შეეკრიბათ პრაქტიკულად მთელი რეგიონის ქვეყნების შესახებ: რუსეთზე, საქართველოზე, აზერბაიჯანზე, სომხეთზე, ირანზე და თურქეთზე.

საქართველომ და აზერბაიჯანმა სამხედრო ბაზასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაპიარება დაიწყეს და არსებითად, ყველა პოლიტიკური ზრახვა და რეზერვი გამოამზეურეს. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები – ედუარდ შევარდნაძე და ჰეიდარ ალიევი ამ პროექტს უკავშირებდნენ არა მხოლოდ თავიანთი სახელმწიფოების პრობლემების გადაჭრას (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას), არამედ საკუთარი პოლიტიკური მდგომარეობის განმტკიცებასაც. საყურადღებოა, რომ საუდის არაბეთიდან აშშ-ის სამხედრო ბაზის გადატანა ბაქოს ახლოს, სუმგაითთან მდებარე საბჭოთა ავიაციის „ნასოსნაიას“ ყოფილ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე აზერბაიჯანს შეერთებული შტატების ყველაზე ძლიერ მოკავშირედ გადააქცევდა არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ უფრო ვრცელ რეგიონში.

ბუნებრივია, ამ გარემოებამ საქართველოს შეშფოთება გამოიწვია: თბილისს პრეტენზიები ჰქონდა, რომ სწორედ ის უნდა ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი და საკვანძო მოკავშირე. საბოლოო ჯამში კი სამხედრო ბაზა არც საქართველოში არ განლაგდა და არც აზერბაიჯანში. თბილის-ბაქოსათვის საკითხის უშედეგოდ დასრულებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თურქეთმა, რომლის ტერიტორიაზეც ამერიკული ბაზა მდებარეობს. იმ დროს ანკარა-ვაშინგტონის ურთიერთობა სავსებით ნორმალური და მეგობრული იყო“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

როგორია დღეს დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ის სამხედრო ბაზის განლაგების პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში?

ავტორი ასეთ დასკვნამდე მიდის:

ა) საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე დასავლეთის სამხედრო კონტინგენტის განლაგების საკითხში  ამჟამად  აშშ-ისა და ნატოს სხვა წამყვან წევრებს შორის პრინციპული განსხვავება არსებობს;

ბ) ნატოს ევროპული წევრ-ქვეყნებს ერთობ თავშეკავებული დამოკიდებულება აქვთ საქართველო-აზერბაიჯანთან სამხედრო კონტაქტების საკითხისადმი და რეგიონში თავიანთი ჯარების ყოფნას სრულიად გამორიცხავენ;

გ) ევროპული სახელმწიფოები ყურადღებას აქცევენ რუსეთის ინტერესებს და მოსკოვის ნეგატიურ დამოკიდებულებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ნატოში ინტეგრირების საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არა გვაქვს ვამტკიცოთ ის, რომ ალიანსის ევროპული წევრები რეგიონში თავიანთი ჯარების განთავსებაზე დათანხმდებიან;

დ) მართალია, სომხეთი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის სპეცსამსახურების აქტიური გეოპოლიტიკური ბრძოლის არენად გადაიქცა, მაგრამ სომხეთზე დასავლეთის მხრიდან რაიიმე მასშტაბური ზეწოლა არ იქნება;

ე) გარკვეული პოლიტიკური ფაქტორების გამო, საქართველო გააგრძელებს თავის ორიენტაციას არამარტო ამერიკაზე, არამედ ევროპაზეც. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ამ ქვეყანას სერიოზული მნიშვნელობა მხოლოდ აშშ-ისა და თურქეთისთვის აქვს.

Comments are closed