globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 15 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 15th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „მიხეილ სააკაშვილი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დავალებით, რუსეთში 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჩაშლას ცდილობს“ // საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი უკრაინის მოვლენების შესახებ საუბრობს

«Симбирский курьер» (რუსეთი): მიშიკო დაუოკებელი

«Lragir» (სომხეთი): სამომხმარებლო ფასები გაზზე და ელექტრონერგიაზე: სად უფრო იაფია ცხოვრება – სომხეთში თუ საქართველოში?

«Русский Базар» (აშშ): ტურიზმი სომხეთსა და საქართველოში: რით იცნობენ ორივე ქვეყანას?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „სამხრეთ ოსეთი“: 27 წლიანი დე–ფაქტო „დამოუკიდებლობის“ შედეგები

—————-

«Независимая газета» (რუსეთი), 15 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-09-15/5_7074_burjanadze.html

ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „მიხეილ სააკაშვილი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დავალებით, რუსეთში 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჩაშლას ცდილობს“ // საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი უკრაინის მოვლენების შესახებ საუბრობს

იური სიმონიანი

უკრაინაში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოქმედება მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება. შექმნილ სიტუაციაზე და მომხდარ ამბებზე თავის შეფასებებს და ხედვებს „ნეზავისიმაია გაზეტას“ მიმომხილველს იური სიმონიანს უზიარებს საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2007-2008 წლებში, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

- უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ახლა წვრილმანები [თუ რატომ და რა მიზნით გააკეთა] აღარავის აინტერესებს და ყველა თვლის, რომ მომხდარი ამბები პოლიტიკურ დევნას წარმოადგენს, რაც პრინციპში, სინამდვილეა. შეცდომა ტავდაპირველად იქნა დაშვებული: პეტრო პოროშენკომ შესანიშნავად იცოდა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ პრეტენზიები არსებობს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამარტლის საქმეა აღძრული… მაგრამ მან ამ ყველაფერზე თვალი დახუჭა, იგნორირებდა თბილისის მოთხოვნებს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და მისი თანაზმზრახველები მსოფლიო დემოკრატიის ვარსკვლავებად წარადგინა, ხოლო როცა მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს პრობლემები შეუქმნა, ისიც ადგა და მოქალაქეობა ჩამოართვა. ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, შეთქმულებას ჰგავს. ვფიქრობ, პეტრო პოროშენკოს ვიღაცეებმა გააცურეს – ისე, როგორც ეს თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს გაუკეთეს აშშ-ის გარკვეულმა წრეებმა, როცა მას სამხრეთ ოსეთზე შეტევა ურჩიეს, მაგალითად, სენატორ ჯონ მაკკეინის გუნდმა. შესაძლოა, მსგავსი რამ მოხდა უკრაინაშიც: პეტრო პოროშენკომ აშშ-ის სპეცსამსახურებს იმედები გაუცრუა, მათ კი, [მიხეილ სააკაშვილის სახით] უკრაინისა და რუსეთისათვის დამატებითი „თავის ტკივილის“ შექმნა გადაწყვიტეს.

პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მომხდარი ინციდენტი ერთმნიშვნელოვნად გვიჩვენებს იმას, რომ უკრაინაში სახელმწიფო ხელისუფლება არ არსებობს. ის, თუ როგორ ელაპარაკებოდა მიხეილ სააკაშვილი სასაზღვრო დაცვის გენერალს, თუ როგორ დაარღვია ექს-გუბერნატორმა უკრაინის საზღვარი თავის თანამზრახველებთან ერთად, როგორ მიდი-მოდიან ამის შემდეგ ისინი უკრაინაში და ამ დროს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი დაკავებისთვის საფუძველი არ არსებობსო, ეს ყველაფერი უკრაინის ხელისუფლების აბსოლუტური უხერხემლობის დადასტურებას წარმოადგენს..

თვითონ მიხეილ სააკაშვილს, ვფიქრობ, მშვენივრად ესმის, რომ მას ბოლომდე სიარული მოუწევს. მან მიაღწია იმას, რომ თუ მსოფლიოს ყველა ტელეარხით არა, რუსეთში ხომ მაინც აჩვენებენ. მე იმის უფლება არ მაქვს [უკრაინის ხელმძღვანელებს] ვურციო, მაგრამ ვფიქრობ, ისინი არასწორად იქცევიან – მსგავსი მიდგომით მიხეილ სააკაშვილის პოპულარობა მატულობს. მას პიარ-აქტიურობა ძალიან ეხმარება.

- საქართველოს ხელისუფლებამ ამ დღეებში კიდევ ერთხელ მოითხოვა უკრაინისაგან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია. რამდენად ჭირდება ოფიციალურ თბილისს ექს-პრეზიდენტის დაკავება-გადმოცემა და მისი თანამდევი ზედმეტი პრობლემები, რომლებიც შეიძლება მას უკან დაუბრუნდეს – „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის მატების სახით?

- ეს აბსოლუტური ფარსია. იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პოლიტიკურ ფიგურად რჩება და საქართველოსა და უკრაინისთვის (და კიდევ ბევრისთვის)  თავის ტკივილს წარმოადგენს, ჩვენ ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უნდა ვუმადლოდეთ. არაფერი არ გაკეთებულა მიხეილ სააკაშვილის დამსახურებულად დასჯის მიზნით. ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა თავისი კეთილდღეობა რისკის ქვეშ არ დაეყენებინა და კოჰაბიტაციის პოლიტიკა განახორციელა. მე ვიცი ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაა აღძრული, ვხედავ, როგორ მიდის ამ საქმეების გამოძიება. თავის დსროზე ბიძინა ივანიშვილს ვეუბნებოდი, რომ თუ ხელისუფლებას ნამდვილად სურს ექს-პრეზიდენტის დარჯა, მაშინ საქმე უნდა აღიძრას 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე, როცა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო წინასწარ წაგებულ ომში ჩაითრია და ტერიტორიები დამატებით დაკარგა… საქმე უნდა აღიძრულიყო 2011 წლის 26 მაისს მომხდარ ამბებზე, როცა ექს-პრეზიდენტმა ჩვენი მიტინგი დაარბია, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა… უნდა აღძრულიყო საპატიმროებში მომხდარ ადამიანთა წამების ფაქტებზე და საერთოდ, იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შექმნა და ამით ყველა დემოკრატიული ფასეულობა მოსპო. მაგრამ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა პიჯაკებისა და პალტოების ყიდვაზე, საფლავების შესამკობ გვირგვინზე, რომელის მიხეილ სააკაშვილმა ლეხ კაჩინსკის დაკრძალვის დოს წაიღო. ცხადია, საბიუჯეტო თანხების უკანონო ხარჯვაც დანაშაულია, მაგრამ ვინც ამ ბრალდებებს ჩახედავს, მიხვდება, რომ მასში ექს-პრეზიდენტის პოლიტიკური დევნის ნიშნებია გამოკვეთილი. ამიტომაც ვუწოდებ ექსტრადიციის მოთხოვნას ფარსს.

მიხეილ სააკაშვილი ბევრს ჭირდება. ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულია იმით, რომ ექს-პრეზიდენტი ხალხისთვის ყველა არჩევნების დროს საფრთხობელად დარჩეს. ყველა საარჩევნო კამპანიის დროს „ქართული ოცნება“ ამ პოზიციით გამოდის: „ჩვენ შეიძლება არც ისეთი კარგები არ ვართ, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით, უარესი მოვა – მიხეილ სააკაშვილი“. ჰოდა, მოსახლეობაზეც ასეთი პიარი გავლენას ახდენს. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო დონეზე მიხეილ სააკაშვილი იმ სერიოზული პროექტის ერთ-ერთი რგოლია, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ კონტროლდება. პროექტის მიზანია რუსეთს პრობლემები შეუქმნას 2018 წლისათვის, როცა იქ ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა უნდა მოხდეს: მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი და პრეზიდენტის არჩევნები. დასავლეთში ბევრს სურს, რომ ჩემპიონატი რუსეთში არ ჩატარდეს. გარკვეულ ზალებს სურთ, რომ რუსეთს უკრაინასთან, მოლდოვასთან, და, ალბათ, საქართველოსთანაც მძიმე პრობლემები შეექმნას. მიხეილ სააკაშვილი კი ამ გეგმის შესასრულებლად საუკეთესო კანიდატია.

- მაგრამ განა რისი გაკეთება შეუძლია მიხეილ სააკაშვილს იმისთვის, რომ ვთქვათ, რუსეთში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი ჩაიშალოს?

- მკითხაობას არ დავიწყებ, მაგრამ რით გახდა იგი ცნობილი მსოფლიოში? მახსოვს ერთ-ერთ ავტორიტეტულ დასავლურ გამოცემაში დაბეჭდილი სტატია სათაურით „დავითის ბრძოლა გოლიათთან“. იმ დროს მიხეილ სააკაშვილს ყველაფერს პატიობდნენ – ადამიანის უფლებების დარღვევებს, დემოკრატიული ფასეულობების დისკრედიტაციას, კორუფციას [ხელისუფლების ზედა ეშელონებში] მხოლოდ იმისთვის, რომ მას პუტინისთვის ეგინებინა და ანტირუსული დროშა ეფრიალებინა. მე არ ვიცი, რას გააკეთებს იგი კონკრეტულად. მაგრამ თუ უკრაინაში სიტუაცია გამწვავდება, თუ მადესტაბილიზებელი პროცესები გაღრმავდება, ეს აუცილებლად აისახება რუსეთზეც, რომელიც იძულებული გახდება საპასუხო მოქმედება განახორციელოს – გადადგას დიპლომატიური ნაბიჯები, რათაც პოლიტიკური ზომები მიიღოს. უკრაინაში მომხდარი ამბები ყველა შემთხვევაში რუსეთზე გავლენასაც ახდენს. არავინ იცის, რას გააკეთებენ, როგორ იმოქმედებენ და სადამდე მივლენ მიხეილ სააკაშვილის ზურგს უკან მდგარი ადამიანები… მოდით გულწრფელები ვიყოთ: განა ვინმე იფიქრებდა იმას ხუთი წლის წინათ, რაც უკრაინაში მოხდა – ყირიმში და დონბასში? ღმერთმა ნუ ქნას, რომ მსგავსი მოვლენები კიდევ განმეორდეს, მაგრამ იმ ხალხს, ვინ მიხეილ სააკაშვილის ზურგს უკან დგას, უკრაინის ბედი სრულიადაც არ ადარდებთ, მათთვის მთავარია მხოლოდ საკუთარი მიზნები და მათი განხორციელება.

———

გაზეთის ამავე ნომერში გამოქვეყნებულია აგრეთვე სტატია სათაურით „საქართველოს ექს-პრეზიდენტი ვერხოვნა რადისაკენ მიიწევს: უკრაინის დედაქალაქში შიშობენ, ვაითუ მოვლენების ძალისმიერად განვითარდეს“ (ავტორი ტატიანა ივჟენკო). პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ „მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩასვლას 19 სექტემბერს გეგმავს, ანუ იმ დღეს, როცა საკანონმდებლო ორგანი საშემოდგომო პლენარულ სხდომებს იწყებს. არაა გამორიცხული რომ სახელმწიფო საზღვრის „გამრღვევი“ პოლიტიკოსი მორიგ „გარღვევას“ ამჯერად უკვე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში – პარლამენტში განახორციელებს,. ხელისუფლების მოქმედებაზეა დამოკიდებული, მოჰყვება თუ არა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მცდელობას არეულობა და და საპროტესტო აქციები უკრაინაში“ (წყარო: http://www.ng.ru/cis/2017-09-15/5_7074_scenario.html).

«Симбирский курьер» (რუსეთი), 15 სექტემბერი, 2017 წელი

http://simkr.ru/News/14427

მიშიკო დაუოკებელი

სერგეი პოლენოვი

(შემოკლებით)

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მიერ გადაგმული ნაბიჯები ძალიან ჰგავს რუსეთში მიხეილ ხოდორკოვსკის მოქმედებას: რუსეთის მოქალაქე მიხეილიც ქვეყნიდან იქნა გაძევებული, ისიც ფეხით გადმოვიდა რუსეთის საზღვარზე, იქაც ძალოვნები იყვნენ მობილიზებულნი (რუსეთის გვარდია), ხელისუფლებას არ სურდა მისი შემოშვება რუსეთის ტერიტორიაზე, მასაც მხარდამჭერები იყვნენ, სათათბიროს დეპუტატების ჩათვლით, იქაც შეხლა-შემოხლა მოხდა (ზოგს ტუჩი გაუსკდა, ხელი ეღძო), მაგრამ კორდონი მაინც გაარღვიეს. შემდეგ მიხეილი მიდის სანკტ-პეტერბურგში, სადაც ქალაქის მერს გიორგი პოლტავჩენკოს ხვდება და მასთნ ვახშმობს, რუსეთის ხელისუფლებას ბანდიტებს უწოდებს და იფიცება, რომ მხოლოდ რუსეტის ბედზე ფიქრობს, საკუთარი კი სულაც არ ადარდებს, ასევე აცხადებს, რომ მოივლის მთელ რუსეთს და მოსკოვშიც ჩავა… დაახლოებით იგივე გააკეთა უკრაინის მოქალაქე მიხეილმაც, იმ მცირე განსხვავებით, რომ მან ლვოვის მერთან ივახშმა.

პეტრო პოროშენკომ მეწვრილმანეობა გამოიჩინა, როცა მიხეილ სააკაშვილს ანკეტის შევსების სისწორეზე შეედავა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ახალი პატრონის – ბიძინა ივანიშვილის მითითებით აღიძრა. რაც აშკარად პოლიტიკურ დევნას ნიშნავს. ისეთი ბრალდებებზეა საუბარი, რომლებიც სასაცილოა. ბიძინა ივანიშვილი ამით მიხეილ სააკაშვილს ემუქრება და სამშობლოში დაბრუნების გზას უხშობს. არადა, საქართველო სწორედ ექს-პრეზიდენტის მიერ გატარებული რეფორმების შედეგებით ვითარდება, სწორედ ამ რეფორმებმა მიუახლოვა საქართველოს ევროპულ სტანდარტებს, ასოცირების ხელშეკრულებას და უვიზო რეჟიმს.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან გაგდებით მისი მტრები, როგორც ჩანს, იმედოვნებდნენ, რომ მას პოლიტიკიდან (და, შესაძლოა, სააქაოდანაც) განდევნიდნენ, მაგრამ შეცდნენ. აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური როგორც საქართველოსთვის, სადაც იგი დროებით არ ცხოვრობს, ისე უკრაინისთვის, რომელსაც ვერადავერ დაუხსნია თავი ოლიგარქიული და კურუფციული ბადისაგან. მიხეილ სააკაშვილი  აქტუალური იქნება პოსტსაბჭოური სივრცისთვის და… დიახ, მოსკოვისთვისაც, სადაც სხვადასხვა ტელეარხების მიერ დადგმული პოლიტიკური შოუების მონაწილეები მიშიკოს დასცინიან,  ტელეარხების ხელმძღვანელები კი ასეთი მოქმედებით თავიანთ პატრონების წინაშე თავს იწონებენ.

———-

«Симбирский курьер» – რუსეთის რეგიონული ოპოზიციური გაზეთი, იბეჭდება ქალაქ ულიანოვსკში. ტირაჟი – 55 ათასი ეგზემპლარი.

«Lragir» (სომხეთი), 15 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/country/view/58076

სამომხმარებლო ფასები გაზზე და ელექტრონერგიაზე: სად უფრო იაფია ცხოვრება – სომხეთში თუ საქართველოში?

რედაქცია

პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი გვიმტკიცებს, რომ რუსეთი ბუნებრივ გაზს შეღავათიან ფასებში გვაძლევსო და თუ ვინმე უფრო იაფად შემოგვთავაზებს, მზად ვარ კონტრაქტს ხელი იმავწუთსვე მოვაწეროო. შეიძლება გვაძლევს კიდეც, მაგრამ შეღავათიანი პირობები რომ მოსახლეობაზე არ ვრცელდება?

სომხეთის მოსახლეობისათვის გაზი უფრო ძვირია, ვიდრე, ვთქვათ, მეზობელ საქართველოში. იგივე შეიძლება ითქვას ელექტროენერგიაზეც, რომლის წყაროები ჩვენთან უფრო დივერსიფიცირებულია, ვიდრე მეზობელთან – ქართველებს ხომ ატომური ელექტროსადგური არ აქვთ.

საქართველოში მოსახლეობას ბუნებრივ გაზს სამი კომპანია აწვდის: „ყაზტრანსგაზი“ – თბილისში, „სოკარი“ და „სოკარგაზი“ – რეგიონებში. თბილისში ერთი კუბმეტრი გაზი 46,1 თეთრი ღირს (დაახლოებით 90 დრამი), რაიონებში კი – 57 თეთრი (110 დრამი).

თბილისის მოსახლეობა 100 კილოვატსაათამდე ელექტროენერგიაში იხდის 0,11 ლარს (21,3 დრამს), რაიონებში – 0,12 ლარს (23,3 დრამს). ის მომხრაებელეი, რომელიც 101-301 კილოვატსაათს ხარჯავს, იხდის 0,14 ლარს თბილისში და 0,16 ლარს – რაიონებში. 301 კილოვატსაათზე მეტი მოხმარებისას – შესაბამისად 0,18 და 0,21 ლარს.

ნაგვის გატანის ფასი თბილისში ანგარიშდება ერთ სულ მოსახლეზე 2,5 ლარი თვეში (ანუ დაახლოებით 486 დრამი). წყლის ტარიფი გამოითვლება ან სულადობით, ან კუბმეტრებით. ტარიფები ასეთია – 1 კუბმეტრი წყალი ღირს 0,26 ლარი (50 დარამი), ერთ სულზე გათვლით კი – 3,15 ლარი (610 დრამი).

საქართველოში ოთხსულიანი ოჯახი კომუნალურ მომსახურებაზე ზაფხულობით ხარჯავს დაახლოებით 50-100 ლარს (20 ათას დრამამდე), ზამთარში – 200-300 ლარს (40-60 ატასი დრამი).

სომხეთში ერთი კუბმეტრი გაზი ღირს 139 დრამი, ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახებისთვის 100 დრამი. ელექტროენერგიის ტარიფი: დღისით 45 დრამი 1 კილოვატსაათზე, ღამით – 35. წყლის ტარიფი – ერთი კუბმეტრი ღირს 180 დრამი. ნაგვის გატანის ფასი გადაიხდება ერთ სულზე გაანგარიშებით – ყოველთვიურად 400 დრამამდე. ანუ როგორც ვხედავთ,  საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარება 30%-ით უფრო იაფია, ელექტრონერგიისა – 50%-ით, სასმელი წყლისა – 360%-ით.

სომხეთში საშუალო თვიური ხელფასი მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში იყო 190711 დრამი, საქართველოში – 980 ლარი. ანუ დაახლოებით იმდენივე, რამდენიც ჩვენთან.

დავუშვათ, ოთხსულიანმა ოჯახმა დახარჯა 200 კილოვატსაათი ელექტროენერგია, 50 კუბმეტრი გაზი და 20 კუბმეტრი წყალი. სომხეთში ასეთი ოჯახი გადაიხდიდა 20 ათას დრამს, საქართველოში კი – პირობითად 12500 დრამს. რასაკვირველია, ეს განსხვავება უფრო დიდი იქნება ზამთრის თვეებში. მაშ სად უფრო იაფია ცხოვრება?

«Русский Базар» (აშშ), 14-20 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.russian-bazaar.com/ru/content/236203.htm

ტურიზმი სომხეთსა და საქართველოში: რით იცნობენ ორივე ქვეყანას?

აშშ-ის რუსულენოვან ყოველკვირეული გაზეთის რუბრიკაში „პოსტსაბჭოთა სივრცის ახალი ამბები“ გამოქვეყნებულია კომენტარები საქართველოში და სომხეთში ტურიზმის განვითარების თაობაზე (ავტორი – ლიუდმილა ზაიდლიჩი).

„საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ძირითად, ტრადიციულ რეგიონში ყურძნის კრეფა – რთველი დაიწყო. ყურძენს ყველაზე ცნობილი ეროვნული პროდუქტის – ღვინის დასამზადებლად იყენებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, ქართველი მევენახე ფერმერები მეღვინეებს 150 ათას ტონა ყურძენს მიაწვდიან, ანუ 20%-ით მეტს 2016 წელთან შედარებით. ტურიზმის სფეროს ჩინოვნიკები თვლიან, რომ საქართველოს რაც უფრო მეტი ღვინის მარაგი ექნება, უფრო მეტ ტურისტს მოემსახურება როგორც ევროპიდან ასევე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან. წითელი ღვინო, უგემრიელესი ქართული კერძები და ულამაზეს ბუნება – ეს საქართველოს სავიზიტო ბარათია.

ტურიზმის განვითარებას და უცხოელი ტურისტების მიზიდვას სომხეთშიც ცდილობენ, თუმცა სომხები ქართველებს ამ მხრივ მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. ბოლო დროს სომხეთის ტურისტულ სფეროში აქცენტი ისტორიულ ღირსშენიშნაობებზეა გადატანილი. მაგალითად, ამას წინათ სომეხმა არქეოლოგებმა გამოაცხადეს, რომ მე-17 საუკუნისდროინდელი მიწისქვეშა ქალაქი აღმოვაჩინეთო, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაიმარხა და სადაც ყველაფერი თურმე თავდაპირველი სახითაა შემონახული: სასახლეები ორმეტრიანი კედლებით, თაღებით და სხვა ნაგებობებით. საინტერესოა, რომ უცხოელებს სომხეთზე წარმოდგენა ძირითადად ექმნებათ ამერიკელი სექს-სიმბოლო კიმ კარდაშიანით და როკ-ჯგუფ System of a Down-ით.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 სექტემბერი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/south-ossetia-remembers-independence/4029061.html

„სამხრეთ ოსეთი“: 27 წლიანი დეფაქტო დამოუკიდებლობის შედეგები

ნინო დალაქიშვილი

19 სექტემბერს ცხინვალის დე–ფაქტო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რომელის აღნიშვნა იგეგმება მთელი რიგი ღონისძიებების თანხლებით. ამ დღეს „სამხრეთ ოსეთში“ დამოუკიდებლობას ზეიმობენ. დღის წესრიგის მიხედვით, ძირითადად, ხალხურ ფოლკლორზე, ოსურ ენაზე და ნაციონალურ სიმბოლოებზე აქცენტირებას ექნება ადგილი. „დამოუკიდებლობის დღე“ ცხინვალში 27–ედ აღინიშნება.

ცხინვალი 1990–იანი წლების დასაწყისიდანვე იქცა საქართველოსთვის კონფლიქტურ რეგიონად, რა დროსაც ოფიციალურმა თბილისმა კონტროლი ცხინვალსა და მის მიმდებარე, ეთნიკურად, უმეტესწილად, ოსებით დასახლებულ სოფლებზე დაკარგა. შემდგომი პერიოდის განმავლობაში ურთიერთობები, რაც ტკივილიანი და დაძაბული იყო, შერბილდა იმდენად, რომ ქართველებსა და ოსებს შორის არალეგალური სავაჭრო ტერიტორია გაჩნდა ერგნეთთან, სადაც გაცხოველებული აღებ–მიცემობა მიმდინარეობდა. ვაჭრობას იმდენად მასშტაბური ხასიათი ჰქონდა, რომ ერგნეთთან საოჯახო სასტუმროებიც კი ფუნქციონირებდა. ამ დროის განმავლობაში საქართველოს იურისდიქციის ქვეშ რჩებოდა ცხინვალს მიღმა არსებული ქართული სოფლები, სადაც მოხვედრა ცხინვალის გავლით იყო შესაძლებელი. ამ გზას ინტენსიურად იყენებდნენ ქართველებიც და ოსებიც 2004 წლამდე. შემდგომში კი ცხინვალის ჩრდილოეთით ქართულ სოფლებში მოსახვედრად მხოლოდ შემოვლითი, ეგრეთ წოდებული ტყის გზა რჩებოდა. ვითარება 2008 წელს, რუსეთთან ომის შემდგომ შეიცვალა, როდესაც თბილისის მიერ უკონტროლი ტერიტორიას მიემატა არა მხოლოდ ცხინვალს მიღმა არსებული ქართული სოფლები, არამედ ახალგორის რაიონიც, რომელზეც მანამდე პრეტენზიას ოსური მხარე არ აცხადებდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველომ სახელმწიფოთაშორისი სარჩელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს მიმართა და რუსეთის ფედერაცია ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. ომიდან 9 წლის შემდგომ სახელმწიფოთაშორის სარჩელზე სტრასბურგს გადაწყვეტილება არ მიუღია. არის თუ არა სიახლე ამ მიმართულებით, ამის თაობაზე „ამერიკის ხმასთან“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა საზოგადოების (საია) იურისტი თამარ აბაზაძე ამბობს:

„სახელმწიფოთაშორის საჩივარ #2–ზე არსებითი განხილვები ამჟამად მიმდინარეობს (სახელმწიფოთაშორისი სარჩელი #1 ეხება 2006 წლის დეპორტაციის საქმეებს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია, უფლებების დარღვევითა და ღირსების შემლახველი ფორმით, სატვირთო თვითმფრინავით განახორციელა. ამ სარჩელზე გადაწყვეტილება მიღებულია და რუსეთი უფლებების დამრღვევადაა აღიარებული. სახელმწიფოთაშორისი სარჩელი #2 კი მოიცავს საქართველო–რუსეთს შორის ომის საკითხს,– ნ.დ.). სანამ არ იქნება გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საჩივარზე 2008 წლის ომის თემაზე, მანამდე შეჩერებულია ინდივიდუალური საჩივრების განხილვა ამავე საკითხზე. წესით, მალე უნდა იყოს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს „მალე“ როდისაა, ერთ წელში, ორ წელში, თუ რამდენ წელში, ვერ გეტყვით. უბრალოდ, ვიცი, რომ არსებითი განხილვები იყო, შეიძლება ახლაც მიმდინარეობს“.

„ჰუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენელი გიორგი გოგია „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას აცხადებს: „ჩვენ გამოვიძიეთ, რა მდგომარეობა იყო მაშინ, ომის დროს. შემდგომ ჩვენ ამ საკითხებზე არ გვიმუშავია. ჩვენ ყველა მხარეს ჩადენილი დანაშაული გვაქვს გამოძიებული, რაც ავსახეთ ანგარიშში. ჩვენ არ მიგვიმართავს სასამართლოსთვის და არც რეკომენდაცია გაგვიწევია თავის დროზე, უნდა აძრულიყო თუ არა საქმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ“.

2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში დანაშაულის საკითხებს სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორის ოფისიც სწავლობს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის თანახმად, მათ დე–ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდან არ აქვთ მწვანე შუქი იმისთვის, რომ ამ ტერიტორიაზე აწარმოონ გამოძიება. როგორც ცნობილია, ოფისი საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებთან აქტიურად თანამშრომლობს და 2018 წელს აქ საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლობის გახსნაც იგეგმება.

საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლის შემდგომ ქართულ–ოსური და ქართულ–აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით „შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო“ შექმნა. კონფლიქტის ზონებში მაცხოვრებელ ადამიანებს სპეციალური შეთავაზებები აქვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, მაგრამ ამ ეტაპზე, ცხინვალში დე–ფაქტო ადმინისტრაციის არსებობის 27 წლის თავზე, როდესაც რუსეთი სიტუაციის ესკალაციის ინტერესით მოქმედებს, პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საუბარი გადაჭარბებულია.

Comments are closed