«Haqqin.az» (აზერბაიჯანი): ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან: „საქართველომ აზერბაიჯანს ზურგი არ უნდა შეაქციოს… დღეს მოსახლეობის უმეტესობა ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკას მხარს აღარ უჭერს“
«Новые известия» (რუსეთი): ინტერვიუ უფლებადამცველ ვარვარა პარხომენკოსთან: „პრობლემები ექნება როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ხელისუფლებას“
«The New York Times» (აშშ): დასავლეთი ხედავს, რომ რუსი სამხედროები სირიას საცდელ პოლიგონად იყენებენ (რუსეთის არმია 2008 წლის საქართველოსთან ომის შემდეგ)
«КоммерсантЪ – СПБ» (რუსეთი): „ლარისა ივანოვნა გვახსოვს და გვსურს“: რუსი ჟურნალისტის ქართული შთაბეჭდილებები
————-
«Haqqin.az» (აზერბაიჯანი), 15 ოქტომბერი, 2015 წელი
ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან: „საქართველომ აზერბაიჯანს ზურგი არ უნდა შეაქციოს… დღეს მოსახლეობის უმეტესობა ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკას მხარს აღარ უჭერს“
საქართველოს ხელისუფლებისა და რუსული კომპანია „გაზპრომ“-ის წარმომადგენლების მოლაპარაკებამ, რომელიც გასაიდუმლოებულ ვითრებაში გაიმართა, ქართულ საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია. ამ საკითხზე აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az-ის კორესპონდენტი ბაგრამ ბატიევი საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრს, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას ესაუბრება:
- რას ფიქრობთ თბილისია და „გაზპრომს“ შორის გამართული საიდუმლო მოლაპარაკების თაობაზე, რომელმაც ასე შეაშფოთა საზოგადოება? რამდენადაა შესაძლებელი, რომ შეხვედრის დროს აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებაზე ყოფილიყო ლაპარაკი?
- მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო აზერბაიჯანს ზურგს აქცევს, რუსეთთან კი პირისპირ საუბრობს. მიუხედავად ამისა, მე მაინც არ ვიწონებ მომხდარ ამბებს. საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ჩვენ მოძმე აზერბაიჯანმა დახმარება გაგვიწია 2008 წლის აგვისტოს ომშიც. საქართველოს ჭირდება სტაბილური პარტნიორი, რომელიც გაზს შეფერხების გარეშე მიაწვდის. აზერბაიჯანმა მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის სწორედაც რომ ერტგული პარტნიორია ამ საკითხში. ამიტომაც ძალიან გამაკვირვვა საიდუმლო მოლაპარაკების ფაქტმა რუსული გაზის მონოპოლისტთან. როგორც კი გვექნება საშუალება, ჩვენი ფრაქცია პარლამენტში ამ საკითხს დააყენებს და ენერგეტიკის მინისტრისაგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს. ვფიქრობ, რომ „გაზპრომთან“ყველანაირი მოლაპარაკება კოორდინირებული უნდა იქნეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – აზერბაიჯანთან.
- როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო ეწვია ბაქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თუმცა ვიზიტი წინასწარ არც დაგეგმილი არ ყოფილა და არც გამოცხადებულა?
- ვფიქრობ, რომ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებს თბილისსა და „გაზპრომის“ მოლაპარაკების გამო რაღაც კითხვები გაუჩნდათ. აშკარაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩავიდა. მინდა დავიჯერო, რომ მან შეძლო სწორი ახსნა-განმარტება მიეცა პარტნიორებისათვის და განეცხადებინა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა არანაირ შემთხვევაში არ გაუარესდება.
- რამდენად შესაძლებელია, რომ რუსეთთან საქართველოს ეკონომიკური კავშირების განახლებას პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენაც მოჰყვება?
- მეზობლებთან ურთიერთობის განმტკიცება, უპირველესად კი რუსეთთან, ჩვენი ხალხის ინტერესებში შედის, მგრამ ეს არ მოხდეს ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების საზიანოდ. მე ვიზიარებ იმ თავლსაზრისს, რომ ჩვენ მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენა გვჭირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო რუსულ ენერგიაზე იყოს დამოკიდებული. ერთი წლის შემდეგ საქართველოში პარლამენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა მხარს დაუჭერს ჩვენს პარტიას, რომელიც თავის საკუთარ ინტერესებს სახელმწიფოებრივზე მაღლა არასდროს არ დააყენებს. ჩვენ არ დავუშვებთ ბიძინა ივანიშვილის იმ განზრახვების რეალიზებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება. ჩვენ საქართველოს დასავლურ კურსს გავაგრძელებთ.
- სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ მინდა გკითხოთ: თქვენ მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში გადახვედით და თავდაპირველად [„ქართული ოცნების“] ხელისუფლებას მხარი დაუჭირეთ, ახლა კი კვლავ ოპოზიციაში ხართ. რით იწვევს ბიძინა ივანიშვილი თქვენს უკმაყოფილებას?
- მე საქართველოს სახელმწიფოს ვემსახურებოდი და როცა დავინახე, რომ მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატიული კურსიდან გადაუხვია, როცა მთელი ხელისუფლება მის ხელში აღმოჩნდა და იგი ავტორიტარ მმართველად გადაიქცა, ოპოზიციის რიგებში ჩავდექი. 2012 წელს მიხეილ სააკაშვილი თავიდან მოვიცილეთ. ჩვენ დემოკრატიზაციის პროგრამა გვქონდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველი გახდა. ეს არ შედიოდა არც ჩვენი კოალიციისა და ჩვენი ხალხის ინტერესებში, ამიტომაც ისევ ოპოზიციაში გადავედი. სხვათა შორის, ეს მოხდა სწორედ მას შემდეგ, როცა ჩვენი პოზიციები ქვეყნის თავდაცვის საკითხებზე ერთმანეთს არ დაემთხვა. დღეს მოსახლეობის უმეტესობა მხარს აღარ უჭერს არც ბიძინა ივანიშვილს და არც მის პოლიტიკას.
«Новые известия» (რუსეთი), 15 ოქტომბერი, 2015 წელი
http://www.newizv.ru/accidents/2015-10-15/228961-pravozashitnik-varvara-parhomenko.html
ინტერვიუ უფლებადამცველ ვარვარა პარხომენკოსთან: „პრობლემები ექნება როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ხელისუფლებას“
როგორც ცნობილი გახდა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მომხდარი კონფლიქტის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულობათა გამოძიებას გეგმავს. სამშაბათს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გამოძიების დაწყების მიზნით სასამართლოს ნებართვა სთხოვა. იბადება კითხვა – რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ გამოძიებას რუსეთისათვის?
გაზეთ „ნოვიე იზვესტიის“ კორესპონდენტი ანასტასია ზოტოვა საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ანალიტიკოსს ვარვარა პარხომენკოს ესაუბრება.
- უფლებადამცველები არაერთგზის განუცხადებიათ, რომ საჭიროა სამხრეთ ოსეთში მომხდარი კონფლიქტის საერთაშორისო გამოძიებაო. შეიძლება თუ არა ამ მხრივ პროკურორის განცხადება და სასამართლოს სავარაუდო გადაწყვეტილება დადებით სიგნალად ჩაითვალოს?
- დიახ, უფლებადამცველი ორგანიზაციები დიდი ხანია უკვე მოუწოდებდნენ საერთაშორისო გამოძიების დაწყებას, რადგან ეროვნულ დონეზე გამოძიება არაობიექტურად ჩატარდა – რუსული და ქართული მხარე მოტივირებულნი იყვნენ იმისთვის, რომ მხოლოდ მოწინააღმდეგის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოეკვლიათ, თავიანთი მოქალაქეები კი არ დაესაჯათ. შესაბამისად, არავითარი რეალური შედეგი მოსკოვისა და თბილისის გამოძიებას არ მოჰყოლია. რაც შეეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ჯერ-ჯერობით მხოლოდ წინასწარი ეტაპია: პროკურორმა სასამართლოს მიმართა, მაგრამ ჯერ გაურკვეველია, დაეთანხმებიან თუ არა მას მოსამართლეები. თუ გამოძიება დაიწყება, ეს არ ნიშნავს, რომ განაჩენი უახლოეს ხანში იქნება გამოტანილი. ეს საკმაოდ შორეული მომავლის საქმეა.
- რატომ მოჰკიდა სასამართლომ ამ საქმეს ხელი მხოლოდ კონფლიქტიდან შვიდი წლის შემდეგ?
- საერთოდ, საერთაშორისო სასამართლო სამხრეთ ოსეთში მომხდარი ამბებით ომის დასრულების დღიდანვე დაინტერესდა: საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოშივე შეიტანა. მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ საერთაშორისო გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება ხოლმე. მაგალითად, ყოფილი იუგოსლავიის საკითხზე შექმნილი საერთაშორისო ტრიბუნალი უკვე 20 წელია მუშაობს. ასევე ხდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც, სადაც ათასობით სარჩელია შეტანილი რუსეთისა და საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ამბებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ისეთი სიტუაციაა, რომ თითქოსდა ევროპული სასამართლო ელოდება, თუ როგორ მოხდება მისი ამასწინანდელი გადაწყვეტილების რეალიზება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს პირველ სახელმწიფოთაშორისო საჩივარს ეხება – ქართველების უკანონო დეპორტირებას რუსეთიდან. თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის ზაფხულში მომხდარ დანაშაულობებს გამოიძიებს, ეს ობიექტური გამოძიება იქნება. პრობლემები შეექმნებათ როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ხელისუფლებს.
- უკვე ცნობილია, რომელი ინციდენტები იქნება გამოძიებული?
- პროკურორის დადგენილებაში დამოწმებულია არასამთავრობო როგანიზაციების მოხსენებებიც. საქართველო ჩივის, რომ მის ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთში, ეთნიკური წმენდა მოხდა, იყო უსამართლოდ [საველე პირობებში] დასჯის ფაქტებიც. განადგურდა ქართველი მოსახლეობის ქონება, დაიწვა და დაინგრა საცხოვრებელი სახლები. არიან უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანებიც, უმეტესად სამხედრო მოსამსახურეები. ოსების საჩივარი კი ცხინვალის მასირებულად დაბომბვას ეხება. შეიძლება დადგეს რუსი მშვიდობისმყოფლების დაღუპვის გარემობებათა გამოძიების საჭიროებაც…
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ამბების გამოძიების მოთხოვნა სირიის მოვლენების დაწყებას დაემთხვა. უდევს თუ არა ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული?
- რასაკვირველია, იმ პროცესებში, რომლებიც საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარეობს, ყოველთვის იგულისხმება პოლიტიკური შედგენილობა. რასაკვირველია, ამ დროს სასამართლოც და პროკურორიც ყოველთვის უარყოფს პოლიტიკურ სარჩულს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ თუ სასამართლო საქართველოს ამბებზე გამოძიებას დაიწყებს, ეს იქნება სიგნალი რუსეთისათვის, რომ თუ მოსკოვი თვითონ არ დაიწყებს დონბასში ჩადენილი დანაშაულობათა გამოძიებას, მაშინ მასაც საერთაშორისო სასამართლო გამოიძიებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია.
- რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სასამართლოს ვერდიქტს კონფლიქტის მხარეებისათვის? შესაძლებელია თუ არა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისროს და დასაჯოს რუსი და ქართველი მაღალჩინოსნები?
- თეორიულად შეუძლია, მაგრამ ამ ეტაპზე, თუ ვის შეიძლება პასუხიმგებლობა დაეკისროს, პროგნოზების გაკეთება რთულია.
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოქმედებას რომის სტატუტი განსაზღვრავს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას მისი რატიფიცირება არ მოუხდენია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, სასამართლოს გადაწყვეტილება მოსკოვისათვის სავალდებულო არ იქნება?
- საქმე იმაშია, რომ ყველა დანაშაული, სავარაუდოდ, საქართველოს ტერიტორიაზე იქნა ჩადენილი. იმ მომენტისათვის რუსეთი სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლად არ აღიარებდა. საერთაშორისო თანამეგობრობა სამხრეთ ოსეთს დღესაც საქართველოს ნაწილად თვლის. გარდა ამისა, საქართველო რომის სტატუტს ოფიციალურადაა მიერთებული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სახელმწიფოს მოქალაქეებმა ჩაიდინეს დანაშაული – ისინი მაინც მოხვდებიან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების იურისდიქციის ქვეშ. თუმცა აშკარაა, რომ რუსეთი სასამართლოს ვერდიქტს არ დაემორჩილება და თავის მოქალაქეებს დაიცავს. აი, თუ ისინი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღმოჩნდებიან, მაშინ მაშინ მათი დაკავება სრულიად შესაძლებელია.
———
შენიშვნა: ინტერვიუს ბოლოს მოცემულია საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის ქრონიკა და მისი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები. საუბარია აგრეთვე ევროკავშირის კომისიის მოხსენებაზე, რომელსაც ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა.
«The New York Times» (აშშ), 14 ოქტომბერი, 2015 წელი
დასავლეთი ხედავს, რომ რუსი სამხედროები სირიას საცდელ პოლიგონად იყენებენ
(რუსეთის არმია 2008 წლის საქართველოსთან ომის შემდეგ)
ვრცელ სტატიაში განხილულ-გაანალიზებულია სირიაში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავთა მოქმედება და მათი ეფექტურობა. ამ ფონზე ნახსენებია საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის დროს რუსული ავიაციის მიერ ჩატარებული ოპერაციებიც (ავტორები – სტივენ მეიერსი და ერიკ შმიტოქტი).
გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან (თავისუფალი თარგმანით):
„რუსეთის ავიაციის შესაძლებლობათა დემონტრირება სირიის ცაში, მანამდე კი უკრაინაში – ყოველივე ეს 2008 წელის ზაფხულში მომხდარი ხანმოკლე ძლევამოსილი ომის ნაყოფია. მართალია, რუსეთმა საქართველოს არმიის ნაწილები გაანადგურა (რომლებიც ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ იყო გაწრთვნილი), გაყარა ისინი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონიდან, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის სახმელეთო და საჰაერო ძალები ცუდად მოქმედებდნენ.
ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ რუსებმა ომის პირველივე დღეს სამი გამანადგურებელი და ერთი სტრატეგიული ბომბდამშენი დაკარგეს. სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფების კოორდინაცია არასახარბიელო დონეზე ხდებოდა, არ ვარგოდა კავშირი და კომუნიკაცია, იყო ე.წ. „მეგობრული ცეცხლის“ შემთხვევები, როცა რუსული სამხედრო ნაწილები ერთმანეთს ებრძოდნენ.
ომის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც იმ პერიოდში რუუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო, შეიარაღებული ძალების მასშტაბური მოდერნიზაცია განახორციელა, რომელიც ორიენტირებული იყო არა მხოლოდ უახლესი ტიპის იარაღის (თანამედროვე თვითმფრინავების, სამხედრო ხომალდების, ტანკების, რეაქტიული არტილერიის) შეძენაზე, არამედ არმიის პირადი შემადგენლობის „კაპიტალურ რემოტზეც“ – შემცირდა ოფიცერთა გაბერილი შემადგენლობა, ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ და უპირატესობა პროფესიონალ სერჟანტებს მიეცა“.
«КоммерсантЪ – СПБ» (რუსეთი), 14 ოქტომბერი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2830394
„ლარისა ივანოვნა გვახსოვს და გვსურს“: რუსი ჟურნალისტის ქართული შთაბეჭდილებები
„ლარისუ ივანოვნუ ხოჩუ“ – საბჭოური ფილმის „მიმინოს“ ქართველი გმირის სასაცილო რეპლიკას თბილისის ერთ-ერთ ღვინის მაღაზიაში დაკიდებულ აბრაზე დაინახავთ. აშკარაა, რომ საქართველოს დედაქალაქში დღემდე კარგად ახსოვთ რუსული ენა, სხაპა-სხუპით საუბრობენ და „ლენინგრადელ ქალბატონებს“ დიდი პატივისცემით ეპყრობიან. ეს გასაკვირი არაა, რადგან ადამიანი ასეა მოწყობილი: პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, იგი უფრო მეტად კარგს იმახსოვრებს, ვიდრე ცუდს“, – აღნიშნულია გაზეთ „კომერსანტის“ პეტერბურგულ გამოშვებაში დაბეჭდილ სტატიაში (ავტორი – ელენა ფედოტოვა).
ჟურნალისტი გადმოსცემს საქართველოში თავისი ყოფნის შთაბეჭდილებებს, რომელიც იწყება საზღვრიდან, დაბა სტეფანწმინდაში (ყოფილ ყაზბეგში) შემოსვლის დროს: აღწერილია ბუნების სილამაზე, ხეობის ისტორია, გერგეტის წმინდა სამების ეკლესია, ყურადღება აქვს დათმობილი სტეფანწმინდის ტურისტულ ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით კი სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi-ს შენობას, რომელიც მკაცრი პეიზაჟის ფონზე „უცხოპლანეტელთა შემთხვევით დაშვებულ ხომალდს“ ჰგავს. ავტორი აღნიშნავს, რომ სასტუმროს მართავს კომპანია Adjara Group Hospitality, რომლის მფლობელია ბიზნესმენი თემურ უგულავა.
„საქართველოში ადრე ნამყოფი არ ვიყავი და ამიტომ ჩემი მეგობრები მაშინდებდნენ – ქართველ ბიჭებს მოერიდე, თორემ ჯერ თვალებით შეგჭამენ და შემდეგ მოგიტაცებენო. ეს ყველაფერი მითები გამოდგა: თბილისი არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ ქალაქებს.ქარტველ მამაკაცებტან საუბრისას გავარკვიე, რომ მათ ლარისა ივანოვნა კიდევ ახსოვთ, ისევ უყვართ და სურთ“, – წერს პეტრბურგელი ჟურნალისტი და მკითხველებს ქართული შთაბეჭდილებების მომდევნო ნომერში გაგრძელებას პირდება.