globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 15 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 16th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Зеркало недели» (უკრაინა): არჩევნები საქართველოში: „ქართული ოცნების“ საკონტროლო პაკეტი

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): არჩევნები და დავიწყებას მიცემული კონფლიქტები საქართველოდან

———————-

«Зеркало недели» (უკრაინა), 15 ოქტომბერი, 2016 წელი

http://gazeta.zn.ua/international/gruzinskaya-mechta-o-kontrolnom-pakete-_.html

არჩევნები საქართველოში: „ქართული ოცნების“ საკონტროლო პაკეტი

უკრაინის ყოველკვირეულ გაზეთ „ზერკალო ნედელი“-ში გამოქვეყნებული სტატია მკითხველს საქართველოში რვა ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აცნობს. მასში პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობის დაფიქსირების გარდა, ვრცლადაა მიმოხილული გამარჯვებულ და დამარცხებულ მხარეთა პოზიციები, ლიდერთა განცხადებები, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები და ა.შ. რასაკვირველია, საუბარია აგრეთვე საქართველოს სამომავლო საშინაო და საგარეოპოლიტიკურ კურსზეც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ხაზგასმულია პუბლიკაციაში – უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივის შესახებ (ავტორი – ვლადიმირ კრავჩენკო).

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

————-

„გილოცავ, საქართველო, დიდ გამარჯვებას“, – ასეთი პათეტიკური განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ფორმალურმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დროს. დიახ, „ქართული ოცნებისათვის“ ეს ტრიუმფია, მაგრამ იქნება კი მთლიანად საქართველოსთვის არჩევნების შედეგები სიკეთის მომტანი? აი, ეს ჯერ კიდევ საკითხავია…

თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში ადგილების სამ მეოთხედს მიიღებს, ეს ნიშნავს არა მხოლოდ ერთპარტიული მთავრობის ჩამოყალიბებას, არამედ „მეოცნებეთა“ აბსოლუტურ დომინირებას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ამ შემთხვევაში ისინი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეისრულებენ ყველა თავიანთ ჩანაფიქრს, გადახედავენ მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიერ განხორციელებულ ყველა რეფორმას და შეცვლიან – ბიძინა ივანიშვილმა უკვე მიანიშნა საკონსტიტუციო რეფორმაზე… მაგრამ ხშირად ხდება, რომ რაც კარგია ერთი პარტიისათვის, ის ცუდია მთლიანად ქვეყნისათვის: პოლიტიკური სისტემა უფრო ნაკლებად მდგრადია და რადგანაც ბალანსის (შეკავება-საპირწონეთა) სისტემა ქრება, მატულობს დესტაბილიზაციის რისკები. და როცა ოპოზიციას ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მინიმალური შესაძლებლობაც აღარ რჩება, მაშინ მას მმართველ ძალაზე ზემოქმედება მხოლოდ ქუჩის აქციებით თუ შეუძლია..

(…)

საქართველოსთვის ის სცენარი, რომლის თანახმად, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, კატასტროფულია, რადგან პოლიტიკური ძალების დაპირისპირება, პარლამენტის ნაცვლად, ქუჩაში გადაინაცვლებს. გასაგებია, რომ დღეს, როცა ამომრჩევლები ჯერ კიდევ მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“, პროტესტის მასობრივი აქციები მოსალოდნელი არაა,  მაგრამ რა იქნება ორი ან სამი წლის შემდეგ?

(…)

არჩევნების შედეგად პარლამენტის ბორტსმიღმა აღმოჩნდნენ არამარტო მედასავლეთე პარტიები, არამედ რამდენიმე პრორუსულიც, მაგალითად, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“, რომელმაც „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფალსიფიკაციაში დაადანაშაულა… და მაინც პირველად მრავალი წლის მანძილზე საქართველოს საკანომდებლო ორგანოში პრორუსული ძალა მაინც იქნება წარმოდგენილი – პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – მათი ბედი მიღებული ხმების მეათასედმა პროცენტმა გადაწყვიტა… მართალია, პარლამენტში „პატრიოტების“ გამოჩენა, რომლებიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საკმაოდ კრიტიკულად არიან განწყობილნი, თბილისის საგარეოპოლიტიკურ კურსზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ კრემლისათვის ესეც მნიშვნელოვანია: აბა, წარმოიდგინეთ – საქართველოს საკანომდებლო ორგანოში ისეთი პარტია შევიდა, რომელიც რუსეთთან სრულფასოვანი პოლიტიკური დიალოგის მომხრეა, ანუ იმ რუსეთთან, რომელსაც საქართველოსთან რამდენიმე წლის წინ სისხლისმღვრელი ომი ჰქონდა!.

აი, უკრაინისთვის კი „მეოცნებეთა“ გამარჯვება უკრაინულ-ქართული ურთიერთობების „პასიურ კეთილმეზობლობის“ დონეზე შენარჩუნებას ნიშნავს. გავიხსენოთ, რომ 2012 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ორი ქვეყნის ხელმძღვანელთა მჭიდრო კონტაქტები წარსულს ჩაბარდა, ხოლო თვით სახელმწიფოებმა პოლიტიკური თანამშრომლობა შეასუსტეს. ვერც თბილისმა და ვერც კიევმა ვერ მონახეს ერთმანეთისათვის მნიშვნელოვანი ადგილი საკუთარ პოლიტიკაში. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში არსებული უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა უკვე ერთი წელია ელჩის გარეშეა დარჩენილი.

რა თქმა უნდა, კიევისა და თბილისის ურთიერთობებზე რუსეთის ფაქტორი მოქმედებს: „მეოცნებეთა“ მთავრობას რუსეთის გაღიზიანებისა ეშინია. მაგრამ უკრაინულ-ქართული ურთიერთობების მთავარი პრობლემა მაინც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომლის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული და რომლის დაკავება-ექსტრადირებას საქართველოს პროკურატურა ითხოვს. 2015 წლის ოქტომბერში ქართულმა სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენო. მოკლედ, თბილისისათვის ყოფილი პრეზიდენტის ფაქტორი ძალიან გრძნობიერია.

უკრაინამ კი, თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილს არამარტო თავშესაფარი მისცა, არამედ მოქალაქეობაც მიანიჭა და მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზეც დანიშნა. ოფიციალური კიევის ამ ნაბიჯებმა თბილისში, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილება გამოიწვია. საქართველოს ხელმძღვანელებს განსაკუთრებით აღიზიანებდა (და აღიზიანებს) მიხეილ სააკაშვილის როგორც ოდესის საოლქო ადმინისტრაციის მეთაურის საჯარო განცხადებები, რომლებშიც იგი მწვავედ აკრიტიკებს ქართულ ხელისუფლებას და მოსახლეობის წინაშე ვიდეომიმართვებით გამოდის.

თბილისი ძალიან განერვიულდა მიხეილ სააკაშვილის ცოლის სანდრა რულოვსის ამასწინანდელი განხცხადების გამო (იგი არჩევნებში მონაწილეობს დეპუტატობის კანდიდატის სტატუსით) – „მიშა სულ მალე ჩამოვა საქართველოშიო“. საქართველოს ხელისუფლება ვერ დაამშვიდა თავისი ყოფილი მესამე პრეზიდენტის განცხადებამაც – რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, მე უკრაინას მაინც არ დავტოვებ, რადგან გასტროლიორი არ ვარო.

„ქართული ოცნების“ მთავრობისათვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი მაინც მოქმედ ქართველ პოლიტიკოსად და სახიფათო მტრად ითვლება, რომელსაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა მყისიერად შეუძლია. მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რამდენად შეესაბამება რეალობას საძულველი პოლიტიკური ოპონენტის განცხადებები. მთავარი ისაა, რომ თბილისს ასე მიაჩნია და ასე სწამს – ექს-პრეზიდენტი დესტაბილიზაციის წყაროა. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ „მეოცნებეთა“ მთავრობის დროს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, რუსეთთან ერთად, მომავალშიც კვლავ ნეგატიურ გავლენას მოახდენს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებზე“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/forgotten-conflict-zones/3550982.html

არჩევნები და დავიწყებას მიცემული კონფლიქტები საქართველოდან

ნინო დალაქიშვილი

ვინ ფიქრობდა ყველაზე მეტს წინასაარჩევნო კამპანიის დროს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებზე ან კონფლიქტის მოგვარების გარკვეულ სტრატეგიაზე, ეს პარტიების პროგრამებში ჩანს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დღეს მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, პრიორიტეტებიც შესაბამისადაა განლაგებული. პოლიტიკური მოთამაშეები სოციალურ მესიჯებს უფრო ინტენსიურად აჟღერებდნენ, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის საკითხსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანების ინტეგრაციის აუცილებლობას საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან.

​„კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი “ამერიკის ხმასთან” ამბობს, რომ კონფლიქტის მოგვარების მიმართლებით არსებული მესიჯები გარკვეულწილად შეერწყა საგარეო პოლიტიკური მიმართულების დისკურსს. მაგალითად, ერთ–ერთი პარტია კონფლიქტის მოგვარებას ოკუპანტთან საერთო ენის გამონახვის გზით სთავაზობდა ამომრჩეველს:

„საარჩევნო კამპანიის დროს არ იყო საუბარი კონფლიქტებზე, სხვა კუთხე გახლდათ დაჭერილი. საგარეო პოლიტიკა და საგარეო ორიენტირები ნამდვილად აქტიურად იყო წარმოდგენილი. ყველაზე განსაკუთრებულად ეს საკითხი ჰქონდა ნინო ბურჯანაძეს. მისი მთავარი წინასაარჩევნო თემა, რომლის ირგვლივაც ტრიალებდა მისი წინასაარჩევნო კაპანია, გახლდათ ეგრეთ წოდებული უბლოკო სტატუსი, რაც გასაგებია, რომ ირიბად უკავშირდება კონფლიქტებსაც, საერთაშორისო პოლიტიკასაც და საგარეო ორიენტირებსაც. შესაბამისად, უშუალოდ კონფლიქტები არ იყო საარჩევნო კამპანიის დროს აქტუალური, თუმცა საკითხები, რომლებიც კონფლიქტებზე ახდენენ გავლენას, ბევრად უფრო აქტიურად იყო წამოწეული, ვიდრე სხვა წინასაარჩევნო კამპანიების დროს. მიზეზი იმისა, თუ რატომ გამოირიცხა კონფლიქტების თემა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სოციალური თემატიკის მნიშვნელობის მატებით აიხსნება – ამიტომ ჰქონდა ადგილი ხშირ საუბარებს პენსიებზე და სოციალურ დახმარებებზე“.

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნინო კალანდარიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ იგი განსხვავებულ დინამიკას აკვირდება იმის მიხედვით, სამხრეთ ოსეთს ეხება საკითხი თუ აფხაზეთს:

​„კონფლიქტები არ ყოფილა დებატების ძირითადი თემა პარტიების წინასაარჩევნო დაპირებებსა და მიდგომებში. იყო საკმაოდ სერიოზული ასიმეტრია ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური კონფლიქტის მიმართ და შესაბამისად, თემები სრულებით განსხვავებული ინტენსივობით ჟღერდა. თუკი, კონფლიქტების შესახებ რაიმე ისმოდა, უმეტეს შემთხვევაში იგულისხმებოდა, ან პირდაპირ იყო მითითებული ქართულ–აფხაზური ურთიერთობები და ჩრდილში რჩებოდა ქართულ–ოსური ურთიერთობები. ფაქტობრივად, ეს საკითხი მარტო დაკავებების შემთხვევაში აქტიურდება. ანუ გამოდის, რომ თუ არ არის პროვოცირება იქითა მხრიდან, ქართულ–ოსური კონფლიქტისა და ურთიერთობების საკითხი, ფაქტობრივად, გამქრალია საზოგადოებრივი დისკურსიდან. დღის წესრიგში, რა თქმა უნდა დგას, მაგრამ დისკურსში ნაკლებადაა, გაცილებით ნაკლებად, ვიდრე აფხაზური საკითხი… მოცემულობა აფხაზური მიმართლებით ობიექტურადაც განსხვავებულია: აფხაზები, რა თქმა უნდა უფრო აქტიურები არიან, უფრო გახსნილები, როგორც დასავლეთისთვის, ისე საკუთარი დამოუკიდებლობის იდეის დაცვის მიმართულებით. ამის შესახებ ისინი ბევრს მუშაობენ. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, მათი პოლიტიკა უფრო რთულია, რადგან ისინი თავად უფრო მეტად არიან ორიენტირებულები რუსეთთზე. როგორც ჩანს, ქართული საზოგადოება პრობლემის სიმწვავეს უფრო მეტად აფხაზური მიმართულებით აღიქვამს, ვიდრე სამხრეთ ოსეთის მიმართლებით. ხანდახან მე მაქვს განცდა, რომ საერთოდ დავიწყებულია ეს  კონფლიქტი“.

ამასობაში კი კონფლიქტის ზონაში ცხოვრება ჩვეულ, დაძაბულ რეჟიმში გრძელდება. ორი დღის წინ სოფელ ფლავისმანიდან კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს. ტყვიავის თემის გამგებელი თამაზ დალაქიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს: „დააკავეს ფლავისმანში მაცხოვრებელი გიორგი ციცაგი, დაახლოებით 28–29 წლის ბიჭია. მისი დაკავება ხელმეორედ მოხდა. დაპატიმრებისთვის მოტივი, რუს მესაზღვრეებს, ალბათ, არ სჭირდებათ – ოკუპანტი რის ოკუპანტია. ამ ტერიტორიაზე მავთულხლართი არაა და რუსების გადმოსვლა შეუზღუდავად ხდება, როდესაც უნდათ – ამის შესაბამისად გადაადგილდებიან. მომავალშიც არავინ არაა დაზღვეული ასეთი შემთხვევისგან. ჩვენ მოსახლეობას ყოველთვის ვეუბნებით, რომ მოერიდნონ გადაადგილებას მიმდებარე ტერიტორიაზე“.

რამდენიმე დღის წინ ჟენევაში შერეული დისკუსიების მორიგი რაუნდი გაიმართა კონფლიქტის მხარეებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით, სადაც აფხაზურმა მხარემ კმაყოფილება გამოთქვა აშშ–ის წარმომადგენლის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ აფხაზებისთვის შტატები ვიზების გაცემაზე დაბრკოლებებს არ შექმნის.

Comments are closed