«Neuburger Rundschau» (გერმანია): საქართველოს გამოცდილება: გერმანელი ტურისტის შთაბეჭდილებები
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): თავდასხმა მაზარ-ი-შარიფში: ქართველებმა გერმანელებს სულზე მიუსწრეს
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთს შეურიგდება: აღიარებს ყირიმის მიერთებას, შეწყვეტს განცხადებების გაჟღერებას საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე, სირიაში კი „დაიშ“-ს ერთად შეუტევენ…
———————-
«Neuburger Rundschau» (გერმანია), 14 ნოემბერი, 2016 წელი
საქართველოს გამოცდილება: გერმანელი ტურისტის შთაბეჭდილებები
გერმანიის გაზეთ „ნოიბურგერ რუნდშაუ“-ში (ბავარია), რომელიც მედიაჰოლდინგ „აუგსბურგერ ალჰემაინე“-შია გაერთიანებული, გამოქვეყნდა გერმანელი ტურისტის ბასტიან ზიუნკელის შთაბეჭდილებები, საქართველოში ავტომობილით მოგზაურობის დროს.
გთავაზობთ შემოკლებით.
პუბლიკაცია იწყება სტეფანწმინდაში გაგონილი ისტორიით:
„არავინ იცის, საიდან გაჩნდა ყაზბეგის მთის ძირას გაშენებულ ამ პატარა ქალაქის ტიპის დასახლებაში სპარსელი ორი აქლემით, რომელსაც რუსეთში გადასვლა უნდოდა, მაგრამ რუსმა მესაზღვრეებმა უკან დააბრუნეს. რადგანაც მან ენა არ იცოდა, იგი ადგილობრივ მცხოვრებლებს ხელების მეშვეობით ელაპარაკებოდა, მისი აქლემებით კი ტურისტები ერთობოდნენ. შემდეგ კი იგი ისევე მოულოდნელად გაქრა, როგორც გამოჩნდა“, – წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ პრინციპში, საქართველოსთვის უძველესი დროიდანვე აქლემები უცხო ცხოველი არ არის, რადგან ეს ქვეყანა კავკასიაში, კასპიისა და შავ ზღვებს შორის მდებარეობს, ირანთან და ახლო აღმოსავლეთთან ახლოს.
გიდი ცოტნე, რომელიც „ინგლისურ ენაზე მკვეთრი აქცენტით ლაპარაკობს“, სტატიის ავტორს ბასტიან ზიუნკელს ქუთაისის აეროპორტში დახვდა. „მას 1980-იანი წლების ბუნდესვერის ჯარისკაცის ძველი ქურთუკი ეცვა, სპორტული მაისური წარწერით „ბერლინი“. ერთმანეთს ხელს ვართმევთ, ვეცნობით და მანქანაში – მინივენში ვსხდებით, მძღოლს გიორგი ჰქვია. მეორე დღეს ქუთაისს ვათვალიერებთ, რომელიც კოლხიდის დაბლობზე მდებარეობს და მას ძველი ბერძნები აიას უწოდებდნენ. აქ ინახავდა კოლხას მეფე აიეტი ოქროს საწმისს, რისთვისაც ელადიდან იაზონი ჩამოვიდა, აქ მოხნა მან მიწა ცეცხლისმფრქვეველი ხარებით და საბოლოოდ წაიღო საწმისი, თან მომხიბლავი მედეაც გაიყოლა“.
ქუთაისიდან გერმანელი ტურისტი აღმოსავლეთ საქართველოში მოემგზავრება. ბასტიან ზიუნკელი გაზეთის მკითხველს ცოტნეს ნალაპარაკევს აცნობს: „მისთვის საქართველოს ბოლო 25-წლიანი ისტორია რამდენიმე პერიოდად იყოფა: „ბნელი დრო“ – 1990-იანი წლები, „ნათელი დრო“ – 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი, „მძიმე დრო“ – 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომი რუსეთთან, „გაჩერებული დრო“ – დღევანდელი სიტუაცია.
„ავტობანზე მოვდივართ. გზის ახლოს ბევრი მიტოვებული კომუნისტების დროინდელი ფაბრიკა-ქარხნის შენობები მოჩანს, მოტოვებული სამშენებლო მოედნები. ცოტნე „ბნელ დროს“ იხსენებს, 1990-იან წლებს, როცა ლეონიდ ბრეჟნევის შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა, როცა საქართველოს [სხვა რესპუბლიკებიდან] გაზისა და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყდა. ცოტნე ჰყვება ქვეყანაში გამეფებულ ქაოსზე და ქუჩურ გარჩევებზე, მექრთამე პოლიციელებსა და გამყიდველ პოლიტიკოსებზე, უკიდურეს გაჭირვებასა და გაუსაძლის მდგომარეობაზე. თუ დღეს თქვენ რომელიმე ქართველს დღევანდელ საქართველოს მიღწევებზე შეეკითხებით, იგი გიპასუხებთ კასპიის გაზსადენსა და ჰესების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე…
თბილისში და საერთოდ, სხვა ქალაქებშიც ძალიან ბევრია პოლიციის გამჭვირვალე, მინის შენობები. „ეს წინა პრეზიდენტის დამსახურებაა, ასეთი რამ არცერთ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში არ არის“, – ამბობს ცოტნე. [მიხეილ სააკაშვილმა] ერთ დღეს გაათავისუფლა პოლიციელთა 95% და ახალი კადრები აიყვანა, ამერიკულ ყაიდაზე ჩააცვა და ასწავლა. იყო თუ არა დაშვებული შეცდომები? რა თქმა უნდა, იყო – „ნახევარი ნახევარზე“, მაგრამ მას შემდეგ ქართველები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. პოლიცია ხალხს იცავს.
მაგრამ მდიდარი დასავლეთი საქართველოს მიმზიდველ დასასვენებელ ქვეყნად მაინც არ აღიარებს. ყოველ შემთხვევაში, ბევრ ევროპელს საქართველო ისევ 90-იანი წლების ქვეყნად წარმოუდგენია, როცა უწყვეტი პოლიტიკური კრიზისები ვითარდებოდა. რა თქმა უნდა, ამჟამად სულ სხვა სიტუაციაა, მაგრამ მათ ხსოვნას მაინც ნეგატიური ამბები შემორჩა.
ჩვენ საქართველოს სამხედრო გზაზე ვუხვევთ. ავტობანი ჩვეულებრივ გზატკეცილად იქცა. ვჩერდებით და გზის პირზე ნაზუქს (თაფლით დამტკბარ პურს) და ჩურჩხელას (თხილისა და ნიგვზის შიგთავსის მქონე კანფეტის მსგავს გრძელ ნაწარმს) ვყიდულობთ… ვათვალიერებთ ანანურს, ჟინვალის წყალსაცავს, არაგვის პირზე საბჭოთა ინტერნაციონალიზმის ყოფილ ძეგლს. გზებზე ბევრ ცხვარს და ძროხებს ვხვდებით, რაც მოძრაობას აბრკოლებს. და ბოლოს გამოჩნდა მომხიბლავი სტეფანწმინდა, ყაზბეგის მთა და გერგეტის მონასტერი. მივედით იქ, რითაც დავიწყეთ…“, – ასე ამთავრებს სტატიას ავტორი.
პუბლიკაციას აქვს ჩანართები:
ა) თბილისი თუ ტიფლისი?
საქართველოს დედაქალაქის სახელწოდება „ტიფლისი“ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან თარიღდება, როცა ქვეყანა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა. ქალაქს „თბილისი“ ოფიციალურად 1936 წელს ეწოდა. გერმანია ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს მიეკუთვნება, რომელიც ძველ, რუსეთის იმპერიის დროინდელ სახელწოდებას – „ტიფლისს“ იყენებს, რაც ქართველ პატრიოტებს არ მოსწონთ. თბილისი „თბილ წყლებს“ ნიშნავს და მილიონნახევრიანი ქალაქის დაარსების მითოლოგიურ ისტორიას უკავშირდება. თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა გოგირდის თერმული აბანოები.
ბ) წმინდა ნინო
საქართველოს მფარველი წმინდა ნინოა, რომელმაც ქართველები ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში გააქრისტიანა. ვაზის ჯვარიც მან შემოიტანა საქართველოში. აუცილებლად ეწვიეთ მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობის ობიექტს – ქალაქ მცხეთას, იქ მდებარე სვეტიცხოვლის ტაძარს და მთაზე აგებულ ჯვრის მონასტერს.
გ) ქართული ღვინოები
ქართველები ოდითგანვე განთქმულნი არიან მევენახეობით და ღვინის კულტურით. სასარგებლო რჩევა: ვისაც ღვინის სმა უყვარს, ეწვიოს კახეთს.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 ნოემბერი, 2016 წელი
თავდასხმა მაზარ-ი-შარიფში: ქართველებმა გერმანელებს სულზე მიუსწრეს
ზაზა წულაძე
ავღანეთში „მტიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვის შემდეგ, ქართველ სამხედროებს ერთ-ერთ, ყველაზე რთულ სამხედრო ოპერაციაში მოუხდათ მონაწილეობა, რომელიც წარმატებით და რაც ყველაზე მთავარია, უდანაკარგოდ გადაჭრეს.
10 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე, ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ბალხის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, მოძრაობა „თალიბანის“ ისლამისტ-ფუნდამენტალისტებმა გერმანიის საკონსულოს აფეთქება სცადეს. თავდასხმაში ოციდან ოცდაათამდე ტერორისტი და ორი თვითმკვლელი მონაწილეობდა, რომლებიც ქვანახშირით და მასში დამალული ტროტილით დატვირთულ სატვირთო მანქანებს მართავდნენ.
ერთმა მათგანმა ავტომანქანა ქალაქის ცენტრში, Masar Hotel-თან ახლოს ააფეთქა, მეორე კი პირდაპირ დაცულ ტერიტორიაზე შევარდა, სადაც გერმანიის საკონსულოა განლაგებული. მართალია, საკონსულოს დაცვის სამსახურმა მოასწრო რეაგირება და ცეცხლი გახსნა, თუმცა აფეთქება თავიდან ვერ აიცილა. მას შემდეგ რაც თითქმის მთლიანად ჩამოინგრა საკონსულოს ტერიტორიის დამცავი უსაფრთხოების კედელი, დაიწყო ორმხრივი სროლა. თალიბებმა საკონსულოს ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღიარებით, საკონსულოში დამხმარე ძალა რომ არ მისულიყო, 2012 წლის 11 სექტემბრის ბენღაზის (ლიბია) მსგავსი ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა. ერთ-ერთმა პირველმა გერმანელებს დახმარება სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულმა აღმოუჩინა, მათთან ერთად დასახმარებლად ასევე მივიდნენ, ავღანელი, ბელგიელი და ლატვიელი სამხედროები.
ბრძოლა მთლიანად ჩაბნელებულ მაზარ-ი-შარიფის ცენტრში თითქმის ერთი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც თალიბებმა უკან დაიხიეს. კოალიციის ჯარისკაცებმა კი გერმანიის საკონსულოს 21 თანამშრომლის ევაკუაცია შეძლეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ამბობს:
„ქართველებმა მყისიერად იმოქმედეს. ჩვენი ოცეულმა, რომელიც იმყოფებოდა სწრაფი რეაგირების ამოცანით, ადგილზე გასვლის შემდეგ მოიგერია მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ცეცხლი და სწრაფად მოხდა გერმანიის საკონსულოს დიპლომატების უსაფრთხო ადგილზე ევაკუირება“.
აფეთქების შედეგად მაზარ-ი- შარიფის ცენტრში 6 ადამიანი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაიჭრა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ უფრო დიდი მსხვერპლის თავიდან აცილება და თავდასხმის შეჩერება მხოლოდ დამხმარე ძალების „დიდი სიმამაცისა და პროფესიონალიზმის“ ხარჯზე მოხერხდა, რომლებმაც „საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ“ დააყენეს.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა შაბათს პირადად დაურეკა საქართველოს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს და მეორე ქვეითი ბრიგადის მებრძოლების დახმარების გამო, გერმანელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა.
სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული მაზარ-ი-შარიფში 2016 წლის ივლისში იქნა გადასროლილი და ეს დანაყოფი გერმანიის საზღვრებს მიღმა, ბუნდესვერის ყველაზე დიდ სამხედრო ბაზა „მარმალზე“, სწორედ გერმანული სარდლობის ქვეშ იმყოფება.
თავდასხმამდე 5 დღით ადრე, 5 ნოემბერს, ბაზა „მარმალზე“ გერმანელი, ქართველი და ლიტველი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი სწავლება მოეწყო, რომელსაც გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური გენერალი ვიკერი, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი რენკი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრნენ.
გერმანია სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტეგრაციას NATO-ში და ბოლო დრომდე ორჭოფობს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ამ ფონზე გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია ამბობს, რომ ქართველმა მეომრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი მაღალი პროფესიონალიზმი, რითაც დიდი წვლილი შეიტანეს გერმანურ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებაში.: „ქართველი ჯარისკაცები ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ამას ხშირად აღნიშნავენ მათი გერმანელი კოლეგები, რომელთან ერთადაც ქართველი მეომრები მომზადებას გერმანიის სხვადასხვა სამხედრო ბაზებზე გადიან“.
მაზარ-ი-შარიფში, გერმანიის საკონსულოზე სისხლიანი თავდასხმის შემდეგ თალიბებმა, შაბათს, 12 ნოემბერს, დილის 5 საათზე, მორიგი ტერორისტული თავდასხმა ამჯერად ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან 50 კილომეტრით მოშორებულ „ბაგრამის“ სამხედრო ბაზაზე განახორციელეს, რომელიც ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაშია. აფეთქება ბაზის სიახლოვეს მდებარე ავღანური ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა, რომელსაც საერთაშორისო კოალიციის ჯარისკაცები ხშირად სტუმრობენ. საბედნიეროდ, „ბაგრამზე“ ამჟამად დისლოცირებული ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ჯარისკაცებიდან არავინ დაშავებული. ტერორისტულ აქტს 4 ამერიკელი ჯარისკაცი შეეწირა, 14 ამერიკელი მეომარი კი დაიჭრა.
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი), 15 ნოემბერი, 2016 წელი
https://www.ft.com/content/9bef31a4-aa57-11e6-a0bb-97f42551dbf4
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთს შეურიგდება: აღიარებს ყირიმის მიერთებას, შეწყვეტს განცხადებების გაჟღერებას საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე, სირიაში კი „დაიშ“-ს ერთად შეუტევენ…
არ არის გამორიცხული, რომ ამერიკის შეერთებულ შტატების ახალი ადმინისტრაცია, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, შეუთანხმდეს რუსეთს საერთაშორისო დაძაბულობის კარდინალური განმუხტვის საკითხში. მოვლენების სცენარი ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ დღევანდელ, 15 ნოემბრის ნომერში სათაურით „დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი და რუსეთთან შეთანხმების ხელოვნება“ (ავტორი – გიდეონ რაჰმანი).
„დონალდ ტრამპის განცხადებები ხშირად დამაბნეველია და მოლოდინს არ ამართლებს ხოლმე, მაგრამ რუსეთთან მიმართებით მილიარდერი ყოველთვის თანმიმდევრული და არაორაზროვანია: იგი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ძლიერ ლიდერად მიიჩნევს, რომელიც აღტაცებას იმსახურებს და მას [დონალდ ტრამპს] სურს, უშუალოდ გახდეს აშშ-რუსეთის ურთიერთობის მკვეთრი გაუმჯობესების მოწმე და შემოქმედი“, – აღნიშნავს ავტორი.
როგორც გიდეონ რაჰმანი წერს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აუცილებლად შეეცდება რუსეთთან გარიგების დადებას… მაგრამ რით დაიწყებს? ყველაზე სავარაუდო სცენარი ასეთია: ამერიკის შეერთებული შტატები შეწყვეტს კონფრონტაციას და აღარ დაუპირისპირდება რუსეთს ყირიმის მიერთების საკითხში. „მართალია, შეიძლება ვაშინგტონი [იურიდიულად] არ დათანხმდეს ყირიმის მიერთებას რუსეთისადმი, მაგრამ მას „მომხდარ ფაქტად“ (fait accompli) აღიარებს. ამის შემდეგ ამერიკა რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს მოუხსნის. გარდა ამისა, ამერიკელები შეწყვეტენ ყოველგვარი ნართაული და გადაკრული განცხადებების გაჟღერებას, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდნენო. სცენარის კიდევ ერთი მომენტი: ამერიკა შეანელებს ბალტიის ქვეყნებში ძალების გაზრდის პროცესს და შეიძლება საბოლოოდ კიდეც შეწყვიტოს“.
ავტორის აზრით, „ამ დიდი დათმობების სანაცვლოდ“ ამერიკა რუსეთისაგან საპასუხო სვლებს მოითხოვს: აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის მოხსნას და ბალტიის ქვეყნებისადმი მუქარების შეწყვეტას. შესაბამისად, „ნატოსა და რუსეთის დაპირისპირების „ფრონტის ხაზზე“ სამხედრო დაძაბულობაც შესუსტდება. თავის მხრივ, კონფრონტაციის შესუსტება აღმოსავლეთ ევროპაში გამოიწვევს რუსეთ-აშშ-ის თანამშრომლობის გააქტიურებას ახლო აღმოსავლეთში. ვაშინგტონი დაივიწყებს თავის განზრახვას პრეზიდენტის ბაშარ ასადის დამხობის თაობაზე და რუსებთან ერთად შეუტევს „დაიშ“-ის („ისლამური სახელმწიფოს“) ტერორისტულ დაჯგუფებას.
პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ ასეთი სახის შეთანხმების დადება ფაქტიურად იმის ნიშანი იქნება, რომ ვაშინგტონი რუსეთთან მიმართებით უბრუნდება იმ პოლიტიკას, რომელიც პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის დროს არსებობდა: „ისიც არ არის გამორიცხული, რომ 93 წლის ჰენრი კისინჯერმა, რომელიც რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობის ჟამს სახელმწიფო მდივანი იყო, შუამავლის ან მრჩევლის როლი შეასრულოს“, – წერს გიდეონ რაჰმანი, გაზეთ „ფაინენშელ თაიმსის“ წამყვანი პოლიტიკური ანალიტიკოსი და მიმომხილველი.