globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 15 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 15th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

» (აშშ): უვიზო რეჟიმი ბევრი „მაგრამ“-ით // საქართველოს მოქალაქეების ბედი ევროკავშირში და ისრაელში

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): 26-ე მსხვერპლი სირიაში: სკოლიდან გაპარული ომალოელი ისლამისტი

———————-

«RFE//RL – Эхо Кавказа» (აშშ), 15 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.ekhokavkaza.com/a/28176662.html

უვიზო რეჟიმი ბევრი „მაგრამ“-ით

საქართველოს მოქალაქეების ბედი ევროკავშირში და ისრაელში

ამერიკული „რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსულენოვანი „ეხო კავკაზას“ პროგრამაში 14 დეკემბერს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესახებ ისაუბრეს. პრაღის სტუდიაში გამართულ გადაცემაში „არამრგვალი მაგიდა“ მონაწილეობდნენ მოლდოვაში  მცხოვრები ექსპერტი მამუკა ჟღენტი და ისრაელის გამოცემა „ეილათი დღეს“ მთ.რედაქტორი მიხეილ ელიგულაშვილი. პროგრამას ჟურნალისტი ქეთი ბოჭორიშვილი უძღვებოდა.

გთავაზობთ საუბრის შინაარსს.

———

როგორც ცნობილია, მოლდოვის მოქალაქეებმა ევროკავშირში მიმოსვლისათვის უვიზო რეჟიმი ჯერ კიდევ ორი წლის მიიღეს. როგორი შედეგები გამოიწვია მოლდოვას საზოგადოებაში ვიზალიბერალიზებამ, რა ცვლილებები მოჰყვა უვიზო რეჟიმს? ნიშნავს თუ არა უვიზო რეჟიმი იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავზე „ციური მანანა“ აცვივა – აიღებ ბილეთს, ჩაჯდები თვითმფრინავში და ბრიუსელისკენ ჰერი-ჰერი?

პროგრამის წამყვანის ქეთი ბოჭორიშვილის კითხვებს მამუკა ჟღენტი პასუხობს:

„დარწმუნებული ვარ, მომავალი წლის გაზაფხულზე, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის უკვე ამოქმედდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საღამოს დაიძინებ, დილით გაიღვიძებ და თავს უკვე სულ სხვა, უფრო უკეთეს  სიტუაციაში იგრძნობ. ამის კარგი მაგალითი მოლდოვაა, სადაც უვიზო რეჟიმი უკვე ორი წელია მოქმედებს. [გახდა თუ არა მოლდოვა ევროფილური სახელმწიფო? პირიქით] – როგორც იცით, ამ რამდენიმე კვირის წინათ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგად ქვეყნის მეთაურად პრორუსული პოლიტიკოსი იქნა არჩეული. ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ ჩვენი მოსახლეობის პრობლემები მხოლოდ ვიზალიბერალიზებით ვერ გადაწყდება.

ამიტომაც ორი წლის წინათ, როცა ვიზალიბერალიზების პროცესი დაიწყო, წინააღმდეგი ვიყავი, რომ მოსახლეობისათვის ოცნებების რეალიზების ისეთი მოლოდინი შექმნილიყო, რომელიც არარეალური იქნებოდა. კარგია, რომ ადამიანი ევროპულ ფასეულობებს ეზიარება, ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ყოველგვარი პროცედურის გარეშე წავა ევროპაში, იქ მუშაობას დაიწყებს და ჯიბეში ფული გაუჩნდება… მრავალჯერ ვთხოვე ხელისუფლებას, რომ ერთი ნორმალური, საჯარო კამპანია მოწყობილიყო და მოსახლეობისათვის ახსნილიყო, თუ რას ნიშნავს ვიზალიბერალიზება, რა შედეგები ექნება, თუ წესებს დაარღვევ და ა.შ. თუმცა გაზაფხულამდე ჯერ კიდევ დროა და შეიძლება სიტუაციის გამოსწორება.

- ესე იგი, ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის პროცედურა გაიოლებული არ იქნება. ესე იგი, ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელებს თუ ყველა დოკუმენტი თუ აქვთ, შეიძლება მაინც არ შეუშვან?

- დიახ, მათ ჯიბეში ყველა დოკუმენტი უნდა ჰქონდეთ, რომლებსაც ადრე აგროვებდნენ საკონსულოსთვის „შენგენის ზონის“ ქვეყნების ვიზის მისაღებად. მაგრამ ამ შემთხვევაში პროცესს დამატებითი „ფილტრი“ ემატება ქართველი მესაზღვრე-მებაჟეების სახით, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან ევროკავშირში წამსვლელებს ყველა საჭირო დოკუმენტი შეუმოწმონ. ანუ პირველი ფილტრი უკვე თბილისის აეროპორტში იქნება, მეორე კი მასპინძელ ევროკავშირის ქვეყანაში – იქაური მებაჟეებისა და მესაზღვრეების სახით. ზოგადად, მოლდოვას მაგალითზე შეიძლება ვთქვა, რომ შესვლაზე ძალიან ცოტა მოლდაველს უთხრეს უარი, სადღაც ერთ პროცენტზე ნაკლებს… თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ევროკავშირში წამსვლელ მოქალაქეს ყველა საჭირო დოკუმენტი თან უნდა ჰქონდეს. ასევე ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ვიზიტები მათ მუშაობისა და სწავლის უფლებას არ აძლევს“.

პროგრამის წამყვანი ეკითხება მიხეილ ელიგულაშვილს:

- საქართველოს მოქალაქეებს 2014 წლის მარტიდან ისრაელში უვიზოდ მიმოსვლის უფლება აქვთ მიღებული. როგორ შეიძლება შეფასდეს ორწლიანი გამოცდილება?

- საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმის არსებობა ყველა შემთხვევაში პოზიტიური მოვლენაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისათვის. ამასთან, დღეს ჩვენ ვხედავთ ქართველი ტურისტების მოზღვავებას, რომელიც 2013 წლიდან ორჯერ და მეტად გაიზარდა. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ისრაელში ჩამოსული ქართველების ძირითადი პრობლემა მუშაობის დაწყებაში გამოიხატება, ანუ ისინი ჩვენთან ტურისტად მოემგზავრებიან, შემდეგ აქ სამუშაოდ რცებიან, რათა ფული გამოიმუშაონ და საქართველოში დარჩენილ ოჯახებს გაუგზავნონ. ეს ჩვენთვის სახელმწიფოებრივ პრობლემად იქცა, რომელიც უკვე არამარტო მიგრაციული სამსახურის, არამედ უკვე ისრაელის პარლამენტის დონეზე წყდება. თუ 2012 წელს საქართველოს მოქალაქეებიდან არავის არ დაუწერია თხოვნა ისრაელში დარჩენისა და რაღაც სტატუსის მიღების თაობაზე, 2013 წელს უკვე ხუთმა დაწერა, 2014-ში – 50-მა, 2016-ში კი უკვე 5 ათასმა, ანუ რაოდენობა ათზე მეტად გაიზარდა.

შესაბამისად, ჩვენმა მიგრაციულმა სამსახურმა მთავრობას მიმართა, რომ გაუქმებულიყო ის ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც სხვა ქვეყნის მოქალაქეს ისრაელის სახელმწიფოში დარჩენისა და ლტოლვილის სტატუსის მიღების უფლება ეძლეოდა, სანამ მისი განცხადება განიხილებოდა. ერთ ამბავს მოგიყვებით: ნახევარი წლის წინათ, ქართველი მომლოცველების 50-კაციანი ჯგუფი ისრაელში ჩამოვიდა, მათ ორი დღის განმავლობაში ავტობუსით ყველა წმინდა ადგილი დაათვალიერეს, იყვნენ იერუსალიმშიც და როცა ორდღიანი ექსკურსია დასრულდა, 50-დან 45-მა პირდაპირ მიგრაციულ სამსახურს მიაშურა, სადაც განცხადება დაწერეს ისრაელში ლტოლვილის სტატუსის მისაღებად.

რასაკვირველია, ეს არამხოლოდ ქართველებს, არამედ უკრაინელებსაც ეხებათ. უკრაინა და საქართველო დღეს ასეთი განცხადებების ძირითადი მომწოდებლები არიან. სხვათა შორის, ქართველები უფრო მეტნი არიან. თუ მოსახლეობის რაოდენობით ვიმსჯელებთ, პირიქით უნდა იყოს. მოკლედ, პრობლემა არსებობს და მისი მოგვარება აუცილებელია. ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი, ჩემი აზრით, ქართულ-ებრაული სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ გამონახა: მისი თქმით, ისრაელში შემომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისათვის ქვოტა უნდა დაწესდეს, ხოლო ვინც შემოვა, მათ მუშაობის უფლება მიეცეთ. ამით პრობლემა თუ საბოლოოდ არ გადაწყდება, მინიმუმ – ცოტათი მაინც განეიტრალდება.

- გასაგებია, მაგრამ სანამ ინსტრუქცია არსებობს, ის ჯერ არ გაუქმებულა, მაინც როგორია თავშესაფრის მიღების დაკმაყოფილების მონაცემები?

- ზუსტი ციფრები არ მაქვს, მაგრამ მე შემიძლია სისტემის შესახებ გითხრათ, თუ როგორ მოქმედებს სახელმწიფო, სანამ მოქალაქის თხოვნაზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. მოკლედ, სისტემა ასეთია: ლტოლვილობის სტატუსის მთხოვნელი მიგრაციულ სამსახურში განცხადების დაწერის შემდეგ ერთგვარ ხელშეუხებლობას იღებს, მას აქვს ისრაელში ყოფნის უფლება, არ მოხდება მისი დეპორტაცია. უფრო მეტიც – სახელმწიფო აცნობიერებს, რომ როცა ადამიანი ქვეყანაში ორი, სამი, ოთხი თვე და უფრო მეტ ხანს იმყოფება, მას ცხოვრება, ჭამა-სმა და თავზე ჭერი სჭირდება. ამისათვის მას ეძლევა ე.წ. „ა-5“ ვიზა, რომელიც მუშაობის უფლებას აძლევს. ანუ, იგი პრობლემებს თვითონ აგვარებს, ბუნებრივია, საშუამავლო კანტორებისა და ადვოკატების დახმარებით.

პროგრამის წამყვანი ეკითხება მამუკა ჟღენტს:

- მამუკა, უნდა ჰქონდეთ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ამგვარი პირობების იმედი ევროკავშირის ქვეყნებში?

- იცით, არის რაღაც მსგავსი ევროკავშირისა და ისრაელის მოქმედებაში. გასულ კვირას ევროკავშირმა უვიზო რეჟიმის „შეჩერების მექანიზმი“ მიიღო, რაც თითქმის იგივე ინიციატივია, რომელიც ისრაელის პარლამენტშია შესული იქაური მიგრაციული სამსახურის მიერ. რეალურად ევროკავშირის წინაშე ამგვარი  პრობლემას უკვე საკმაო ხანია დგას: ეს მოლდოველებს ნაკლებად ეხებათ, უფრო მეტად კი დასავლეთ ბალკანელებს – ბოსნია-ჰერცეგოვინას, ალბანეთს. მათთვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს, ისინი ჩადიან ევროკავშირში და განცხადება შეაქვთ თავშესაფრის მიღების თაობაზე. ისინი სარგებლობენ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით და მათ უკან ვეღარ აბრუნებენ. გერმანიაში თავშეფრის მიღების პროცედურა თითქმის ერთი წელი გრძელდება, ანუ პრობლემა ევროკავშირშიც არსებობს.

რაც შეეხება ქართველებს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენზეა დამოკიდებული: თუ ქართველები ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით, წავლენ ევროკავშირში, შემდეგ კი იქ მასობრივად დაიწყებენ თავშესაფრის მიღების მიზნით განცხადებების წერას, ბუნებრივია, მაშინ იგივე ევროკავშირი იძულებული გახდება უვიზო რეჟიმი შეაჩეროს, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს სხვა მოქალაქეებზე ნეგატიურად აისახება. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა ვისარგებლოთ სწორად უვიზო რეჟიმით“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgian-islamist-militant-killed-in-al-raqqah/3635639.html

26- მსხვერპლი სირიაში: სკოლიდან გაპარული ომალოელი ისლამისტი

ზაზა წულაძე

სირიის ტერიტორიაზე, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებული, კიდევ ერთი, რიგით 26-ე ქართველი ისლამისტი მოკლეს. დაუდასტურებული ინფორმაციით, სირიის ჩრდილოეთში, ქალაქ რაქასთან ახლოს, სოფელ მაჟბინის მიდამოებში, ქართულ სოფელ ომალოს მკვიდრი, 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა. ამ ტერიტორიას ბოლო დღეების მანძილზე, ქურთთა სახალხო თავდაცვის რაზმები (YPG) გააფთრებით უტევდნენ.

2015 წლის 2 აპრილს მე-11 კლასელი რამზან ბაღაკაშვილი დილით, ჩვეულებრივ, ომალოს საჯარო სკოლაში წავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. ოჯახს მოგვიანებით, ანტიტერორისტულმა ცენტრმა შეატყობინა, რომ რამზანი თანასკოლელ მე-9 კლასელ, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად, თბილისის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით გაფრინდა, თურქეთის ტერიტორიიდან კი მალევე სირიაში გადაიყვანეს.

ომალოს საჯარო სკოლაში ამბობენ, რომ რამზანი კარგად სწავლობდა და უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარებაზე ოცნებობდა. მექა ხანგოშვილი, საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა:

„ეს არ არის ერთი ოჯახის ან მხოლოდ პანკისის ხეობის ტრაგედია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. მიზამიმართული პოლიტიკა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ხელისუფლების მხრიდან, პანკისის ხეობის მიმართ არ ჩანს და ისევ დიდი საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი დიდი მეზობელი ჩასაფრებულია, მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენი მხრიდან ისეთი რაღაცა მოხდეს, რომ დაუკავშირონ ჩვენი ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციებს და ამით განახორციელოს ჩვენზე ზეწოლა“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც 2015 წლის 2 აპრილს, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს, 18 წლის ბაღაკაშვილისა და 16 წლის კუშტანაშვილის ასაკი გამოეპარა, მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დასაჯა. სამაგიეროდ, ანტიტერორისტულმა ცენტრმა 2015 წლის ივნისში სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი დააპატიმრა – სკოლის მერხიდან ტერორისტულ ორგანიზაციაში ახალგაზრდების გადაბირების გამო.

ბრალდების მოწმის ჩვენებით გაირკვა, რომ ავიაბილეთები რამზან ბაღაკაშვილსა და მუსლიმ კუშტანაშვილს სწორედ აიუფ ბორჩაშვილმა შეუძინა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ „პანკისის ჯამაათის“ “იმამის” წოდებას ატარებდა და ტერორისტული ორგანიზაციის „ხალიფასთან“ „ბაიათით“ ანუ ფიცით იყო დაკავშირებული.

2016 წლის მარტში, სასამართლომ აიუფ ბორჩაშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ბორჩაშვილის დაცვის მხარემ ეს განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა და ამჟამად, „პანკისის ჯამაათის“ “იმამის” საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

საინტერესოა, რომ აიუფ ბორჩაშვილის დაკავების შემდეგ, რამზან ბაღაკაშვილმა და მუსლიმ კუშტანაშვილმა სირიიდან მის დასაცავად, ვიდეომიმართვაც კი გაავრცელეს.

ექსპერტების აზრით, 2016 წელს, პანკისის ხეობის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის მუსლიმი თემიდან, სირია-ერაყის ტერიტორიაზე, მოქალაქეების გადინება თითქმის შეწყდა.

საქართველოს უსაფრთოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) პროგრამების დირექტორი თინათინ ბრეგვაძე ამბობს, რომ სპეცსამსახურების მუშაობის პარალელურად, აუცილებელია ამ რეგიონებში მძიმე სოციალ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა და საგანმანათლებლო პროგრამების მეტად დაფანანსება: „აქ არის სხვადასხვა მოუგვარებელი სოციალური საკითხების პრობლემა, რომლის მოგვარებაც, ანუ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება და საგანმანათლებლო პროცესების ხელშეწყობა, აუცილებლად საჭიროა. ასევე დღემდე სერიოზულ პრობლემად რჩება იდეოლოგიური პროპაგანდა“.

ბოლო ოთხი წლის მანძილზე, სირიასა და ერაყში, „ისლამურ სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს 26 მოქალაქე მოკლეს. მათ შორის: 2012 წელს – 1, 2013 წელს – 3, 2014 წელს – 6, 2015 წელს – 4, 2016 წელს კი – 12.

სირია-ერაყში მოკლული საქართველოს მოქალაქეები (2012-2016):

23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო 2012), 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი 2013), 36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი 2013), 24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი 2013), 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი 2014), 18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014), 22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014), 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014), 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014), 30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი2014), 24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015), 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015), 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015), 28 წლის ბესლან მუხტაროვი (დეკემბერი 2015), 22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი 2016), 24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი 2016), 22 წლის ხვიჩა გობაძე (იანვარი 2016), 38 წლის ვახა ბუგიევი (აპრილი 2016), 22 წლის ასლამბეგ ბორჩაშვილი (ივნისი 2016), 39 წლის უმარ მარგოშვილი (ივნისი 2016), 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი 2016), 34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი 2016), 30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი 2016), 21 წლის სულთან გუმაშვილი (აგვისტო 2016), 24 წლის მუჰმად ხანგოშვილი (ნოემბერი 2016), 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი (დეკემბერი 2016).

Comments are closed