globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 16 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 16th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი): ვიღაც კარგავს, ვიღაც კი პოულობს // მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ცნობილი პოლიტიკოსები დაკარგა // „ისე არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველაფერში მხოლოდ ბიძინაა დამნაშავე. მან მხოლოდ სიტუაციით ისარგებლა“

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოს ამბების მიმოხილვა: რუსეთის როლი ტურიზმსა და ტრანზიტში

———————-

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 15 იანვარი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

ვიღაც კარგავს, ვიღაც კი პოულობს

მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ცნობილი პოლიტიკოსები დაკარგა // „ისე არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველაფერში მხოლოდ ბიძინაა დამნაშავე. მან მხოლოდ სიტუაციით ისარგებლა“

რაუფ ორუჯევი

(შემოკლებით)

როგორც უკვე დიდი ხანია ამბობდნენ დამკვირვებლები საქართველოს ოპოზიციურ ბანაკში პოლიტიკური სიტუაციის შეფასებისას, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო: ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობა წარსულში დარჩა – ორგანიზაციიდან წავიდნენ იმ პირველი პირების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებმაც აღარ ისურვეს პარტიის ძველი კურსისადმი ერთგულება [ემიგრანტი] ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს თითქმის ნახევარმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დეპუტატთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ორგანიზაციიდან გასვლა გამოაცხადა: ისინი მიხეილ სააკაშვილს გაემიჯნენ და ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება გამოაცხადეს. „ნაცმოძრაობიდან“ გასვლის ფლაგმანია გიგი უგულავა – თბილისის მრავალწლიანი სტაჟის მქონე მერი, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროიდან, რომელიც ადრე  ექს-პრეზიდენტის ერთ-ერთ ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო. (…)

პარტიიდან გავიდა პარლამენტის 21 „ნაციონალი“ წევრი 27-დან, რომლებმაც მანდატი პარტიული სიით მიიღეს. კიდევ ერთმა „ნაციონალმა“ ლიდერმა, საპყრობილედან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებულმა  გიგი უგულავამ მკვეთრად გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი პარტიის ლიოდერობის ღირსი უკვე აღარ არის. „მე ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ. იგი ის მიშა აღარ არის, რომელიც 2002 წელს ხალხს აერთიანებდა“.

ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ 2016 წლის ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხის შემდეგ უკრაინაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა წარუმატებლობაში პარტიის ადგილობრივი (საქართველოში მყოფი) ლიდერები დაადანაშაულა და მოუწოდა, რომ იანვარში პარტიის ყრილობა ჩატარებულიყო. ექს-პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ იგი პარტიის თავმჯდომარის პოსტს შეინარჩუნებს და ორგანიზაციას „მიტმასნილებისა და გამყიდველებისაგან გაწმენდს“.

გიგი უგულავას თქმით, იგი იმედგაცრუებულია მიხეილ სააკაშვილის მოქმედებით, განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ უკრაინაში მყოფმა ექს-პრეზიდენტმა საქართველოში მყოფი ლიდერებს ბიძინა ივანიშვილთან გარიგება დააბრალა. მიხოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გიგიმ განაცხადა, რომ „ერთიანი ნაცმოძრაობის“ ერთიანობის შენარჩუნება უკვე შეუძლებელია.

ბრიფინგზე „პარტიის ხაზიდან გადამხრელებმა“ („უკლონისტებმა“) განხეთქილების მიზეზად პარტიის პერსპექტივის, პოლიტიკური ბრძოლის და მიხეილ სააკაშვილის როლის შესახებ საკითხებში აზრთა ფუნდამენტური სხვაობა დაასახელეს. „უკლონისტებმა“ განაცხადეს, რომ თავიანთ საქმიანობას პარტია „ევროპული საქართველოს“ რიგებში გააგრძელებენ, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ პერსპექტივაში პარტიის დასახელება შეიძლება შეიცვალოს. სხვათა შორის, „ევროპული საქართველო“, რომელიც რეალურად მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა, პარლამენტის არჩევნებში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, ბლოკის სუბიექტის სახით მონაწილეობდა. გარდა ამისა, „ნაცმოძრაობიდან“ გასულმა პოლიტიკოსებმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის კონტროლიც შეინარჩუნეს. 20 იანვარს დაგეგმილი პარტიის ყრილობა „უკლონისტების“ გარეშე ჩატარდება.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, იგი არ ისვენებს და სოციალური ქსელი პირდაპირ აიკლო თავისი ოპტიმისტური და შთამაგონებელი განცხადებებით: „დღეს პარტია ისე ძლიერი და ერთიანია, როგორც არასდროს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში… ჩვენ პარტიისადმი კონტროლი კვლავ დავიბრუნეთ… მინდა ვუსურვო ტრიუმფი ჩემს მხარდამჭერებს და მათ, ვინც თავს კვლავ „ნაცმოძრაობის“ წევრად თვლის, ვინც ამ წლებში მუდამ ჩვენს გვერდით იდგა“.

ჩვენი მეზობელი მეგობრული ქვეყნიდან მოსული სევდიანი ახალი ამბების კომენტირება გაზეთ „კასპიის“ მკითხველებისთვის ცნობილ ქართველ პოლიტოლოგს თენგიზ აბლოთიას ვთხოვეთ: „ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ რეიტინგები სამომავლოდ დაიკლებს. ალბათ, „ნაციონალთა“ რეიტინგი შედარებით მაღალი იქნება, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ უკვე სექტას და ფანკლუბს უფრო დაემსგავსება, ვიდრე პოლიტიკურ პარტიას. „ნაციონალები“ ახლა უკვე ოფიციალურად, მხოლოდ ერთ ადამიანზეა ორიენტირებული. მათ თვითონვე აჩვენეს, რომ მიშას გარეშე ნოლები არიან. მათ თვითონვე ისურვეს ამ როლში ყოფნა. „ნაციონალებს“, რასაკვირველია, ეყოლებათ ელექტორატის გარკვეული რაოდენობა, მაგრამ არჩევნებში რაიმე სერიოზულ გამარჯვებაზე ლაპარაკი უკვე ზედმეტია. რაც შეეხება გიგი უგულავას პარტიას და მის მხარდამჭერებს, „ევროპულ საქართველოს“, მართალია, უფრო ცოტა ამომრჩეველი ეყოლება, მაგრამ სამაგიეროდ, მათ აქვთ შანსი ჩამოყალიბდნენ არა ფანკლუბად, არამედ ნამდვილ პარტიად.

იყო თუ არა მომხდარი ფაქტი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა? არა მგონია. პარტიაში კონფლიქტი დიდი ხანია მიმდინარეობდა: ყველამ იცოდა, რომ არსებობდა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ მიშაზე იყო ორიენტირებული და არსებობს მეორე ჯგუფი, რომელსაც პარტიის განვითარება მიშას გარეშე სურდა. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა პროცესს რაღაცნაირად ხელი წააშველა, მეტი არაფერი. ყოველ შემთხვევაში, იგი ამ სიტუაციაში გამარჯვებული ჩანს: მიშამ, რომელმაც საკუთარი ამბიციებისათვის პარტიაში განხეთქილება შეიტანა, სამომავლო არჩევნებში ბიძინას გამარჯვება უზრუნველყო, უახლოეს რამდენიმე წლის განმავლობაში“.

კიდევ ერთი ცნობილი ანალიტიკოსი გელა ვასაძე ამბობს, რომ „ნაციონალების“ თავს დატეხილი ამბები „სევდიანი სულაც არ გახლავთ“: „ლიდერებს შორის განხეთქილება დიდი ხნის წინ მოხდა, მაგრამ პარტიის ჩვეულებრივ, რიგით წევრებს შორის არანაირი უთანხმოება არაა. „ევროპული საქართველოს“ შესახებ ძნელია რაიმეს თქმა. ძნელია იმიტომ, რომ უბრალოდ, გაუგებარია, ისინი ელექტორატის რომელი ნიშის დაკავებას აპირებენ, თუ არ ჩავთვლით ამომრჩეველთა იმ მცირე პროცენტს, რომლებიც გიგი უგულავას გაჰყვებიან. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიზანმიმართულ მოქმედებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, ეს ერთმნიშვნელოვნად ცხადია, თუმცა ისე არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველფერში მხოლოდ ბიძინაა დამნაშავე. ყველამ მშვენივრად იცოდა, რაც პარტიაში ხდებოდა. ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ სიტუაციით ისარგებლა“.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 16 იანვარი, 2017 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20170113-gruziyu-shturmuyut-rossiiskie-turisty

საქართველოს ამბების მიმოხილვა: რუსეთის როლი ტურიზმსა და ტრანზიტში

გიორგი ლებანმიძე

საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს („რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“) მიერ ეთერში კვირას, 15 იანვარს, საქართველოს შესახებ გადაცემულ მიმოხილვაში ძირითადი ყურადღება დაეთმო ორ საკითხს: საქართველოში ტურიზმის განვითარებას (რუსი ტურისტების ზრდის ტენდენციას) და რუსულ „გაზპრომთან“ სომხეთში გაზის ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკების შედეგებს (ავტორი – გიორგი ლებანიძე).

ა) ტურიზმი: რა სარგებლობა მოაქვთ რუს ტურისტებს

„თბილისში საახალწლო დღეებში განსაკუტრებით ბევრი რუსი სტუმარი შეიმჩნეოდა. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ბოლო წლებში საქართველო რუსებისათვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტული მარშრუტის ქვეყნად გადაიქცა. საქართველოში რუსეთის „საშუალო კლასის“ სულ უფრო მეტი წარმომადგენელი ჩადის, საკმაოდ დიდია ოჯახური მოგზაურობების წილი. აქაურ კურორტებზე რუსულ ელიტასაც შეხვდებით, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდში დახვეწილ დასვენებას მიეჩვია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, გასული 2016 წელმა რუს ტურისტთა რაოდენობით, ყველა „პოსტსაბჭოთა რეკორდი“ მოხსნა. ცნობილია სტუმართა კონკრეტული რიცხვიც – 1 037 564 მილიონი რუსი მოქალაქე. 2015 წელთან შედარებით, რუსი ტურისტების რაოდენობის მატება 12%-ს შეადგენს, რაც, სპეციალისტთა შეფასებით, „ახალი ტურისტული მიმართულებისათვის“ ძალიან მაღალი ზრდაა.

საბჭოთა პერიოდში საქართველო მოსკოველების, ლენინგრადელების და რსფსრ-ის სხვა რეგიონების მცხოვრებლებისათვის დასვენების ერთ-ერთ პრიორიტეტულ და სასურველ ადგილს წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, მხედველობაშია მისაღები, რომ აფხაზეთი, რომელმაც 1992 წელს [სეპარატიზმის გამო] დამოუკიდებლობა გამოაცხადა, იმ დროს საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ ამ ისტორიული გარემოების გათვალისწინებითაც კი, რუსეთიდან ტურისტთა ნაკადის ზრდა ბოლო დროის ყველაზე შესამჩნევი ტენდენციაა.

„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტი «Easy Travel Agency»-ის მენეჯერს ანჟელიკა მანუკიანს ესაუბრება. მისი თქმით, საქართველოში რუს ტურისტებს ძალიან მოსწონთ „სამთო ტურიზმი“, აგრეთვე „ღვინის ტურები“ მეღვინეობის რეგიონში – კახეთში. ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ჩადის ბათუმში, რომელიც, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით, უკვე კლასიკურ „სეზონსგარეშე“ კურორტად (ზაფხულშიც და ზამთარშიც) გადაიქცა. გუდაური და ბაკურიანი რუსების საყვარელ სამთო-სათხილამურო კურორტებად ითვლება. ბოლო დროს მათ სვანეთის კურორტებიც დაემატა.

„რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდას ხელს რამდენიმე ფაქტორი უწყობს: პირველი – რუსებს არ ჭირდებათ ვიზები საქართველოში გასამგზავრებლად (სავიზო რეჟიმი თბილისმა ჯერ კიდევ 2011 წელს გააუქმა ცალმხრივად). მეორე მიზეზი ისაა, რომ საქართველოში თითქმის ყველას ძველებურად შეუძლია რუსულ ენაზე საუბარი, ანუ ენობრივი ბარიერი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივ პოლიტიკურ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს, რუსები საქართველოში მაინც არ გრძნობენ მტრულ დამოკიდებულებას. გარდა ამისა, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში ტერორისტული აქტები, საბედნიეროდ, არ ხდება და არ არსებობს სამხედრო მოქმედებების დაწყების საფრთხე“, – აღნიშნავს ფრანგული რადიოს კორესპონდენტი.

„რუს ტურისტთა ნაკადის ზრდა სრულიად ლოგიკურად „თავსდება“ გეგმაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკისათვის ტურიზმის მნიშვნელოვან და მომგებიან დარგად გადაქცევას ითვალისწინებს. საკმარისია ითქვას, რომ იმავე 2016 წელს ქვეყანას 6 350 825 უცხოელი ეწვია, რაც 2015 წელთან შედარებით 7,6%-ით მეტია. და ეს იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, ბოლო საყოველთაო აღწერის მიხედვით, 3 713804 მცხოვრებს შეადგენს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უკვე შედის იმ ქვეყნების „კლუბში“, რომლებსაც შეუძლიათ უფრო მეტი რაოდენობის სტუმარი მიიღონ, ვიდრე მათი მოსახლეობაა“, – ნათქვამია ფრანგული რადიოს მიმოხილვაში. კორესპონდენტი ხაზს უსვამს, რომ შარშან საქართველომ მხოლოდ ტურიზმისაგან ორი მილიარდი დოლარის მოგება მიიღო. ეს მნიშვნელოვანი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 15 წლის წინ ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანობაში ორ მილიარდ დოლარსაც კი ვერ აღწევდა.

„ქართული მიმართულების“ რეკლამირების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისე გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ტურიზმის ქვეყნის ეკონომიკის მთავარ დარგად გადაქცევა გადაწყვიტა. სპეციალისტების მტკიცებით, ტურისტული ბუმი რომ არ მომხდარიყო, ქართულ ვალუტას უარესი დაემართებოდა – ლარის დევალვაციის მასშტაბი უფრო მეტი იქნებოდა.

ბ) ენერგეტიკა და ტრანზიტი: როგორც „გაზპრომს“ სურს…

გასულ კვირაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მოსახლეობას ამცნო, რომ რუსულ კომპანია „გაზმპრომ“-თან მოლაპარაკების შედეგად, სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებული გაზის რაოდენობის „მონეტიზაცია“ მოხდაო.

გაზსადენი „ვლადიკავკაზი-თბილისი-ერევანი“ (სხვაგვარად – „ჩრდილოეთი-სამხრეთი“) ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მუშაობს. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ კი ამ სატრანსპორტო არტერიამ სომხეთისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა. აღსანიშნავია, რომ საქართველო, ტრანზიტის საფასურად, რუსეთის მიერ სომხეთისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის 10%-ს იღებდა (ნატურით). ტრანზიტის ანაზღაურების ამგვარი ფორმა „გაზპრომს“ არ სიამოვნებდა, რადგან, ჯერ ერთი, რომ ნატურით აღების პრაქტიკა უკვე დრომოჭმული იყო და საზღვარგარეთ ასეთ წესით აღარ სარგებლობდნენ, მეორეც – საქართველოს მიერ გაზის 10%-ის ნატურით აღება სომხეთში მიწოდებული გაზის სამომხმარებლო და საბითუმო ღირებულებას აძვირებდა.

2015 წლის ბოლოს ბუნებრივი გაზის ტრანზიტის თაობაზე დადებულ ქართულ-რუსულ შეთანხმებას ვადა გაუვიდა, დაიწყო მოლაპარაკება ახალი შეთანხმების გასაფორმებლად, თუმცა მხარეები თავდაპირველად ვერ მორიგდნენ. მხოლოდ შეხვედრის რამდენიმე რაუნდის შემდეგ გახდა შესაძლებელი ახალი ორმხრივი დოკუმენტის პირობების შეთანხმება. როგორც ჩანს, მინსკში გამართული ბოლო რაუნდის დროს „გაზპრომის“ წარმომადგენლებმა ისეთი „წონიანი“ არგუმენტები წარუდგინეს თბილისს, რომ ქართველი კოლეგები ანაზღაურების ასეთ სქემას დაეთანხმნენ და მილსადენით გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ნატურას ფულის მიღება არჩიეს.

როგორც „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტს ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება ანაზღაურების ამ სქემას ნებაყოფლობით არ დათანხმდებოდა, რამდენადაც ენერგეტიკის სამინისტრო „გაზპრომ“-ისაგან“ მიღებული ფულით გაზის იმ რაოდენობას ვერ იყიდის, რასაც ადრე ნატურის სახით იღებდა, ანუ დღე-ღამეში დაახლოებით 2-2,5 მილიონ კუბმეტრ გაზს ზამთრის პერიოდში.

თბილისი პრესაში საკმაოდ ბევრი ვერსია გამოქვეყნდა იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო „გაზპრომმა“ ქართული მხარის თანხმობის მიღება. არაა გამორიცხული, რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თბილისის სურვილმა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნების შესახებ: მოსკოვს ხომ ყოველ წუთს შეუძლია საქართველოს მიმართულებით ავიარესიების აკრძალვა (როგორც ეს 2006 წელს მოხდა), რაც ტურიზმით მიღებულ მოგებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. გარდა ამისა, რუსეთს ასევე შეუძლია კვლავ შემოიღოს ემბარგო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, ღვინოისა და ბორჯომის იმპორტზე, რაც კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება ქართული ეკონომიკისათვის.

„გაზპრომის“ მიერ წამოყენებული პირობებისადმი თანხმობის კიდევ ერთ სავარაუდო მიზეზზე საუბრობს ექსპერტი პეტრე მამრაძე, რომელიც წარსულში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის აპარატის ხელმძღვანელი იყო და მონაწილეობა ბევრ მსგავს მოლაპარაკებაში აქვს მიღებული: „გაზპრომის“ არგუმენტი მარტივი იქნებოდა: „თუ საქართველო რუსეთის პირობებს არ დათანხმდება, მაშინ მოსკოვი ირანთან მოილაპარაკებს და სომხეთი გაზს ირანიდან მიიღებს, საქართველო კი ცარიელი მილსადენით დარჩება“. გარდა ამისა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ზამთრობით საქართველო ელექტროენერგიას რუსეთიდან ღებულობს.

ქართველი ოფიციალური პირები ღიად არაფერს არ ამბობენ „რუსულ ულტიმატუმზე“, მაგრამ აშკარაა, რომ მოსკოვმა მათ მართლაც სერიოზული არგუმენტები წაუყენა, სხვაგვარად ისინი ნამდვილად არ დაეთანხმებოდნენ რუსეთის ასეთ „კომფორტულ“ წინადადებას. ამასთან, თუ კახა კალაძის განცხადებების საფუძველზე ვიმსჯელებთ, „გაზპრომთან“ გამართული მოლაპარაკების დროს, „მათრახის“ გარდა, „თაფლაკვერიც“ ფიგურირებდა: რუსი პარტნიორები ქართველებს დაპირდნენ, რომ თუ მათ გაზის დამატებითი მოცულობის შესყიდვა დაჭირდებათ, იაფად მიჰყიდნენ – ყოველ 1000 კუბმეტრს 185 დოლარად, ამჟამად არსებული 215-ის ნაცვლად.

როგორც ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თქვა მოლაპარაკების შედეგების კომენტირების დროს, „საქართველომ შექმნილ პირობებში მაქსიმუმს მიაღწია“. როგორც ჩანს, „პირობებში“ ჩინოვნიკი აშკარად გულისხმობდა რუსეთის დელეგაციის მიერ მოლაპარაკების მაგიდაზე „დადებული არგუმენტების“ წონადობას – იმის გათვალისწინებით, თუ რა დონითაა დამოკიდებული საქართველო თავის უზარმაზარ მეზობელ რუსეთზე.

Comments are closed