globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 16 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 16th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Daily Beast» (აშშ): მღვდლები, პუტინი და ციანიდი ჩემოდნით

«Day» (აზერბაიჯანი): საქართველო სომხეთს აზერბაიჯანის ინტერესების ხარჯზე დაეხმარება? // „თბილისს მხედველობაში უნდა ჰქონდეს, რომ რუსეთთან მიღწეული შეთანხმება, რომლის უკან სომეხი ოკუპანტების ყურები ჩანს, აზერბაიჯანისათვის სასიამოვნო არ იქნება“

«Wiener Zeitung» (ავსტრია): დასავლეთი რუსეთს „წესრიგის დამრღვევ ძალად“ მიიჩნევს // რამ გამოიწვია რუსეთის დაპირისპირება დასავლეთისადმი: „ნატოს ბუქარესტის სამიტი, როცა საქართველოს და უკრაინას ნატოში გაწევრიანება აღუთქვეს, რუსეთმა „წითელი ხაზების“ დარღვევად და თავისი სასიცოცხლო ინტერესების ხელყოფად აღიქვა“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო არაბული ინვესტიციების მოლოდინში

—————–

«The Daily Beast» (აშშ), 15 თებერვალი, 2017 წელი

http://www.thedailybeast.com/articles/2017/02/15/priests-putin-and-a-suitcase-of-cyanide.html

მღვდლები, პუტინი და ციანიდი ჩემოდნით

საქართველოს – შავიზღვისპირა პატარა ქვეყნის მოქალაქეებმა შოკისმომგვრელი ახალი ამბავი გაიგეს: მაღალჩინოსანი სასულიერო მოღვაწე, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი სტრუქტურების წარმომადგენელი, ორშაბათს თურმე იმიტომ დააპატიმრეს, რომ მას კიდევ უფრო მაღალი სასულიერო მოღვაწის მკვლელობა ჰქონდა განზრახულიო. მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთი საშუალების მტკიცებით, მისი სავარაუდო მსხვეპლი, არც მეტი, არც ნაკლები, თურმე 84 წლის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II უნდა ყოფილიყო, – ნათქვამია ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – უილ კეტჩკარტი).

ყველაფერი, რაც ჯერ-ჯერობითაა ცნობილი, იმაში მდგომარეობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, გავლენიანი სასულიერო პირი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქონების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 10 თებერვალს (ხუთშაბათს) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პროკურატურამ დააკავა იმის გამო, რომ მას თურმე ჩემოდნით მომწამლავი ნივთიერება – ციანიდი გადაჰქონდა. გიორგი მამალაძე გერმანიაში მიდიოდა, სადაც ამჟამად პატრიარქი ილია მეორე მკურნალობს. ორშაბათს, გვიან საღამოს ქართულმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა ეთერში გააჟღერა წერილი, რომელიც თითქოსდა დაპატიმრებამდე დეკანოზ გიორგი მამალაძეს მიუწერია ეკლესიის საჭეთმპყრობელისათვის. წერილში იგი ამხელს ქართულ ეკლესიაში გამეფებულ კორუფციას, მექრთამეობას, ალკოჰოლის უკანონო წარმოებას და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს.

გაურკვეველია, როგორ და რატომ გადაიქცა პატრიარქის ერთგული მსახური დეკანოზი პოტენციურ მკვლელად?

ილია II საქართველოს მოსახლეობაში ძალზე პოპულარული ადამიანია, თუმცა ბოლო წლებში ეკლესიაში ბრძოლა დაიწყო ერთი მთავარი მიზეზით – ვინ გახდება ხანდაზმული კათოლიკოს-პატრიარქის მემკვიდრე? გარკვეული მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ ეკლესიაში უმაღლეს დონეზე ერთმანეთს პრორუსული და პროდასავლური დაჯგუფებები უპირისპირდებიან, – ნათქვამია სტატიაში.

„იმ დროს, როცა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს კულტურისა და ეროვნული იდენტურობის საფუძვლად ითვლება, მას მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (კრემლთან) და ეს მაშინ, როცა რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას აგრძელებს. შესაძლოა, [ქართული ეკლესიის კავშირი რუსეთთან] რიგითი ქართველებისათვის ნათლად არ ჩანდეს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და, საერთოდ, კრემლი, დაინტერესებულია, თუ ვინ იქნება  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მემკვიდრე“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

2008 წლის ომის შემდეგ, როცა საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, რუსეთის ლიდერებს, მათ შორის პრეზიდენტს, ოფიციალური დონეზე მხოლოდ პატრიარქი ილია II და მისი თანამოაზრეები ხვდებოდნენ. სულ ბოლოს ილია II რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შარშან, 29 ნოემბერს შეხვდა.

„ვლადიმირ პუტინის სამსახურეობრივი წარსულის გათვალისწინებით, არის იმის დიდი ალბათობა, რომ რუსულ სპეცსამსახურებს ქართული ეკლესიის მმართველი წრეების წამომადგენლებთან ჰქონდეთ კავშირები. გარდა ამისა, თუ გავიხსენებთ იმას, რომ ვლადიმირ პუტინი უპირატესობას აძლევს საწამლავს როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, ბუნებრივია, მითქმა-მოთქმა აუცილებლად იქნებოდა. თუმცა კრემლის მიერ საწამლავის გამოყენება, როგორც წესი, ეგზოტიკურია და მხოლოდ ყველაზე მტკიცე კრიტიკოსების წინააღმდეგ გამოიყენება“.

ქართველი რეგიონული ანალიტიკოსის ანა ჩხიკვაძის აზრით, „ეს ყველაფერი შეიძლება რაღაც თამაში იყოს, რომლის ჩარჩოებში საქართველოს მთავრობა ცდილობს თავისი ადგილი უზრუნველყოს სამომავლო გარდამავალ პერიოდში. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ცდილობს გარკვეული მხარე დაიკავოს ეკლესიაში ხელისუფლების გადაცემის დროს, რომელიც ეს-ესაა დაიწყება“.

«Day» (აზერბაიჯანი), 16 თებერვალი, 2017 წელი

http://news.day.az/politics/869335.html

საქართველო სომხეთს აზერბაიჯანის ინტერესების ხარჯზე დაეხმარება?

„თბილისს მხედველობაში უნდა ჰქონდეს, რომ რუსეთთან მიღწეული შეთანხმება, რომლის უკან სომეხი ოკუპანტების ყურები ჩანს, აზერბაიჯანისათვის სასიამოვნო არ იქნება“

„სომხეთი, რომელიც საკუთარი აგრესიული პოლიტიკის წყალობით იზოლაციაშია მოქცეული, გამალებით ეძებს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს. ირანული მიმართულების ჩავარდნის შემდეგ ერევანმა თავისი ძალისხმევა საქართველოსაკენ მიმართა, რათა გარესამყაროში გასასვლელი ერთადერთი მიმართულება გააფართოვოს. როგორც ცნობილია, ტერიტორიები, რომელთა მეშვეობითაც სომხეთს სასიცოცხლოდ აუცილებელი „ჟანგბადის“ მიღება შეუძლია, ესაა საქართველოს კუთვნილი მიწები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რასაკვირველია, არსებობს საქართველოს სამხედრო გზაც, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით, მაგრამ ეს გზა რთული კლიმატურ-რელიეფური პირობების გამო, საკმაოდ ხშირად პარალიზებულია“, – ნათქვამია აზერბაიჯანულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ზულფუგარ იბრაჰიმოვი).

ბოლო დროს ერევანმა თბილისზე და მოსკოვზე მუშაობა გაააქტიურა და მოახერხა ქართველებისაგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე სატრანზიტო ტვირთების მოძრაობის უფლება მიეღო, რუსეთის მეშვეობით. ქართული მხარე პროვოკაციულ ზეწოლას უძლებდა: ჯერ ერთი, რომ საკითხი თვითონ საქართველოს იმ ტერიტორეიბს ეხება, რომლებიც რუსეთის მიერ არის ანექსირებული და მეორე -  თბილისი მაღალ დონეზე აფასებს აზერბაიჯანთან ურთიერთობას (რაშიც ეჭვი არ გვეპარება). რა თქმა უნდა, სომხეთისადმი დახმარება იზოლაციიდან გამოსვლის მიზნით საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა აზერბაიჯანის წინაშე და ცხადია,  ორმხრივი ურთიერთობისადმი მიყენებულ დარტყმად იქნებოდა აღქმული. სამწუხაროდ, თუ ქართულ მასმედიას დავუჯერებთ, თბილისი მაინც დაყაბულებულა „სომხურ-რუსულ შეგონებებს“ და თანახმაა გახსნას აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე (ცხინვალის რეგიონზე) გამავალი ე.წ. „სატრანსპორტო-სავაჭრო დერეფნები“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორი ვრცლად მიმოიხილავს 2011 წელს საქართველო-რუსეთს შორის გაფორმებული „სავჭრო დერეფნების“ შეთანხმების პირობებს და ბოლოს გამაფრთხილებელ რეზიუმეს აკეთებს:

„ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ როგორი მოტივებიც არ უნდა ჰქონდეს ქართულ მხარეს, თბილისმა არ უნდა დაივიწყოს, რომ სწორედ აზერბაიჯანმა გაუწოდა მას დახმარების ხელი რთულ პერიოდში და ახლაც აგრძელებს ამ მხარდაჭერას, ხშირად საკუთარი თავის საზიანოდაც. ჩვენი დამოკიდებულება საქართველოსადმი მეგობრობასა და კეთილმეზობლობას პრინციპს ეფუძნება – ანუ იმ პრინციპს, რომლითაც ბაქო რეგიონული პოლიტიკის გატარების დროს ხელმძღვანელობს. ჩვენი ასეთი პოლიტიკის ნაყოფით სომხეთიც ისარგებლებდა, ერევანს რომ მეზობლებთან კონსტრუქციული ურთიერთობა ჰქონდეს. თავის მხრივ, საქართველო არაერთხელ დარწმუნებულა იმაში, თუ როგორი ერთგული მეგობარი და მეზობელი ჰყავს აზერბაიჯანის სახით. შესაბამისად, თბილისს მხედველობაში უნდა ჰქონდეს, რომ რუსეთთან მიღწეული შეთანხმება, რომლის უკან სომეხი ოკუპანტების ყურები ჩანს, აზერბაიჯანისათვის, რასაკვირველია, სასიამოვნო არ იქნება. და, ცხადია, ხელს არ შეუწყობს რეგიონში მშვიდობას და კეთილდღეობას. [საქართველოს ნაბიჯით] პრეფერენციებს მხოლოდ სომხეთი ღებულობს. რამდენად დაინტერესებულია ამით საქართველო? პასუხის გაცემა თბილისს მოუწევს“.

«Wiener Zeitung» (ავსტრია), 15 თებერვალი, 2017 წელი

http://www.wienerzeitung.at/nachrichten/europa/europastaaten/873874_Keine-Grossmacht-aber-eine-disturbing-great-power.html

დასავლეთი რუსეთს წესრიგის დამრღვევ ძალად მიიჩნევს

რამ გამოიწვია რუსეთის დაპირისპირება დასავლეთისადმი: „ნატოს ბუქარესტის სამიტი, როცა საქართველოს და უკრაინას ნატოში გაწევრიანება აღუთქვეს, რუსეთმა „წითელი ხაზების“ დარღვევად და თავისი სასიცოცხლო ინტერესების ხელყოფად აღიქვა“

ინტერვიუში ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გერჰარდ მანგოტი რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ საუბრობს: მოსკოვის დამოკიდებულებაზე ნატო-ევროკავშირის მიმართ, კრემლის კავშირებზე ევროპის ულტრამემარჯვენე ძალებთან და ა.შ. ავსტრიელ ექსპერტი საქართველოს შესახებაც გამოხატავს თვალსაზრისს. მას კორესპონდენტი ევა ცელეხოვსკი ესაუბრება.

„რუსეთის ლიდერის მიერ აშშ-სა და ევროკავშირისადმი გაწვდილი ხელი 2000-იანი წლების დასაწყისში გულწრფელი ჟესტი იყო. იმ ხანებში ვლადიმირ პუტინი დაინტერესებული იყო დასავლეთთან დაახლოებით, მაგრამ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ნაადრევად უარყვეს მისი ინიციატივა. ჯორჯ ბუშის რესპუბლიკურმა ადმინისტრაციამ აშკარად დაამდაბლა რუსეთის პოზიცია. ამერიკელებმა ცათვალეს, რომ რუსეთი აღარაა გავლენიანი სახელმწიფო და მისი ბედი ბეწვზე ჰკიდიაო.. ამერიკის საგარეოპოლიტიკური კურსი, რომელიც ნეოკონსერვატორებმა განსაზღვრეს, ეფუძნებოდა იმას, რომ შეერთებულმა შტატებმა თავისი პოლიტიკა ლიბერალური ჰეგემონიის სახით უნდა გაატაროსო. ეს იყო ქედმაღლური ერთპოლუსიანი პოლიტიკა, რომლის დროსაც რუსეთის ინტერესები მხედველობაში არ მიიღებოდა“, – ამბობს გერჰარდ მანგოტი და ამის დამადასტურებელი ფაქტებიც მოჰყავს:

„აშშ-ის მიერ ანტირაკეტული ხელშეკრულების გაწყვეტა, ნატოს „მეორე ტალღის“ გაფართოება, ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყება გაეროს მანდატის გარეშე, ვარდების რევოლუცია – საქართველოში და ნარინჯოვანი – უკრაინაში, კოსოვოს დამოუკიდებლად აღიარება, უკრაინისა და  საქართველოს მიწვევა ნატოში გაწევრიანების მიზნით. ყოველივე ამან ვლადიმირ პუტინის გაუცხოება, წყენა და მისი იმედგაცრუება გამოიწვია. ასე რომ, ის ვლადიმირ პუტინი, რომელიც 2012 წელს პრეზიდენტად აირჩიეს, 2001 წლის ვლადიმირ პუტინს აღარ ჰგავდა. მისი საგარეო პოლიტიკა ბოლო წლებში ემყარება ერთ მომენტს: დასავლეთი რუსეთს მუდმივად ატყუებს, ყურადღებას არ აქცევს მოსკოვის ინტერესებს და, ცხადია, რუსეთმაც საპასუხო ნაბიჯი უნდა გადადგას. რუსეთის მოსახლეობა ფიქრობს, რომ დასავლეთი ამ უზარმაზარი ქვეყნის ინტერესებს არ იზიარებს: „მოსკოვმა თამაშის წესები თვითონ არ უნდა განსაზღვროს, არამედ სხვის მიერ დაწყებულს უნდა დაეთანხმოს“.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში და სირიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე თამაშის წესების კარნახი, პოლიტოლოგი პასუხობს:

„2008 წელს რუსეთმა [დასავლეთისათვის] „წითელი ხაზები“ განსაზღვრა. ნატოს ბუქარესტის სამიტი, როცა საქართველოს და უკრაინას ნატოში გაწევრიანება აღუთქვეს, რუსეთმა ამ „წითელი ხაზების“ დარღვევად და თავისი სასიცოცხლო ინტერესების ხელყოფად აღიქვა. რუსეთის ჩარევას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში 2008 წლის აგვისტოში, რომლის პროვოცირება საქართველოს მთავრობამ მოახდინა, ის მიზანი ჰქონდა, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტები გააქტიურებულიყო და ამით თბილისს ხელი შეშლოდა ნატოში გაწევრიანების გეგმებში.  იგივე მოხდა უკრაინაში 2014 წელს. ეს იყო რუსეთის პასუხი დასავლეთის იმ პოლიტიკაზე, რომელიც უკრაინის ევროპულ ინტეგრაციას ითვალისწინებდა“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 16 თებერვალი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-gcc-secretary-general-visit-in-tbilisi/3725514.html

საქართველო არაბული ინვესტიციების მოლოდინში

ზაზა წულაძე

სავალუტო კრიზისის ფონზე, რომელმაც საქართველოში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შენელება გამოიწვია, მთავრობამ მზერა ამჯერად სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) მიაპყრო. ქართული მხარის მოწვევით, თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტით, GCC-ის საბჭოს გენერალურ მდივანი, ბაჰრეინელი აბდულ ლატიფ ბინ-რაშიდ ალ-ზაიანი იმყოფება. არაბული სავაჭრო ბლოკი, რომელიც 1981 წელს დაარსდა, საუდის არაბეთს, არაბეთის გაერთიანებულ საეიმიროებს, კუვეითს, ბაჰრეინს, ყატარსა და ომანს აერთიანებს. ეს არის 50 მილიონიანი ბაზარი, სამ ტრილიონზე მეტი მთლიანი შიდა პროდუქტით (GDP), რომლის საბოლოო მიზანი სპარსეთის ყურის კონფედერაციად ქცევაა.

ექსპერტების აზრით, სპარსეთის ყურის საბჭოს (GCC) უკვე აქვს ერთიანი რეგიონის ნიშნები: ეს არის ერთიანი საბაჟო კავშირი, ერთიანი ენერგეტიკული სისტემა, საერთო ბაზარი, რომლის ერთიან ბაზარში ტრანსფორმირების რთული პროცესი უკვე მიდის. მესამე წელია დაწყებულია პოლიტიკური კონსულტაციები საერთო ვალუტის შემოღების თაობაზეც.

სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალური მდივანი თბილისში უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს. აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზიანმა, კერძოდ, ბრძანა: „კერძო ბიზნესისა და ბიზნესს წრეების ნდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კერძოდ ის, რომ მათი ინვესტიციები უნდა იყოს დაცული. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ქვეყანაში ეს პრობლემა არ არსებობს. საქართველოს გააჩნია ძალიან მდიდარი სავაჭრო ურთიერთობების ისტორია და გახლავთ გზაგასაყარი სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის. ჩვენ ველით ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსა და საქართველოს შორის მყარი კავშირების აგებას“.

2016 წელს GCC-ს სავაჭრო ბლოკში შემავალ ქვეყნებსა და საქართველოს შორის, დადებითი იმპულების დანახვა მხოლოდ ტურიზმის მიმართულებით შეიძლება. შარშან, საუდის არაბეთიდან საქართველოში – 42 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა, ომანიდან – თითქმის 24 000 და საემიროებიდან – 20 ათასამდე.

ტურისტების ზრდას ხელი შეუწყო საავიაციო ფრენების სიხშირის გაზრდამ Fly Dubai-ს, ყატარის ავიახაზებისა და Air Arabia-ს მხრიდან. საქართველოს აეროპორტებიდან მგზავრთა ნაკადის ზრდის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიმართულება სწორედ, არაბეთის გაერთიანებული საემიროებია. 2017 წლის ზაფხულიდან კი თბილისის მიმართულებით ფრენას ასევე დაიწყებს Gulf Air-ი, ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია.

რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს: 2016 წელს სპარსეთის ყურის საბჭოს ექვსივე ქვეყნიდან საქართველოში 139 მილიონი დოლარის ოდენობის იმპორტი გამხორციელდა და აქედან 138 მილიონი მხოლოდ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებზე მოდის. საქართველოდან ექსპორტზე GCC -ის ქვეყნებში – 57 მილიონი დოლარის საქონელი შევიდა. მათ შორის, 32 მილიონის – საემიროებში და 24 მილიონის – საუდეთში.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა კი იმაზე მიუთითებს, რომ GCC-ს სავაჭრო ბლოკის კერძო ბიზნესისთვის საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველი ისევ არ არის. 2016 წელს, ინვესტიცია, ერთადერთი საუდის არაბეთიდან შემოვიდა და ისიც, მხოლოდ, 11 მილიონი დოლარის ოდენობით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ალ ზაიანთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და GCC-ის ქვეყნებს შორის გამოუყენებელი პოტენციალი არსებობს: „ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან ურთიერთობის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობა. ვისაუბრეთ ამ შესაძლებლობების შესახებ. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ეს ურთიერთობები დაწყებულია, მაგრამ არსებობს ბევრად უფრო მეტი პოტენციალი, ამისათვის კი საჭიროა მეტი ინტერაქცია“.

სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოში (GCC) შემავალი ექვსი არაბული ქვეყნიდან საქართველოში საელჩო მხოლოდ ყატარს აქვს, რომელიც თბილისში 2015 წლის ზაფხულიდან მუშაობს. საქართველოს კი საელჩოები გახსნილი აქვს კუვეითში, ყატარსა და საუდის არაბეთში.

Comments are closed