«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
«Каспiй» (აზერბაიჯანი): გუბერნატორს სავარძელი ერყევა // ოდესელები მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვენ
«The Wall Street Journal» (აშშ): სიურპრიზი ვლადიმირ პუტინისაგან: ჯარების გაყვანა სირიიდან
—————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 16 მარტი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/georgian-mfa-at-state-dep/3239020.html
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა
ნანა საჯაია
საქართველოს ივნისში შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვიოს. ეს განცხადება სახელმწიფო მდივანმა დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრისას გააკეთა.
„ცალსახად ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. გვჯერა, რომ დამოუკიდებელი, ერთიანი და წარმატებული საქართველო კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის აუცილებელია. ჩვენ ასევე ძალიან ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან როლს და მის კონტრტერორისტულ ძალისხმევას ავღანეთში, რაც რეგიონისთვის არსებითი მნიშვნელობისაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და მის ინტეგრაციას როგორც შეერთებულ შტატებთან ასევე ევროპასთან,“ განაცხადა კერიმ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის იმედი გამოთქვა:
„სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ისევ ოკუპირებულია. ჩვენ მადლიერები ვართ შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, რომ ამ პრობლემების მშვიდობიანად მოგვარების გზას შეერთებულ შტატებთან და ჩვენს სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიპოვით,“ განაცხადა ჯანელიძემ.
შეხვედრის დაწყებამდე კერიმ სირიის კონფლიქტზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, დამასკოში 5 წლის წინ დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციებს მთავრობამ ქიმიური იარაღი დაუპირისპირა, ხუთწლიან კონფლიქტს კი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფა უწოდა.
კერი მომავალ კვირას მოსკოვში მიემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება. მისი თქმით, ამ ვიზიტის მიზანი სირიაში პოლიტიკური პროცესის ეფექტური წარმართვაა.
შეხვედრის შემდეგ „ამერიკის ხმის“ კითხვას იქნება თუ არა მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე საქართველო განხილვის ერთ-ერთი თემა, ჯანელიძემ ასე უპასუხა:
„ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად მნიშვნელობაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება არ უნდა მოდუნდეს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გააჩნია ოკუპირებული ტერიტორიების სახით და ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები, თუ როგორ შეიძლება ამ საკითხის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა და პროგრესის მიღწევა.“
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 15 მარტი, 2016 წელი
http://www.kaspiy.az/news.php?id=38583#.VujH5Mtf3s0
გუბერნატორს სავარძელი ერყევა
ოდესელები მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვენ
საქართველოს ექს-პრეზიდენტს, ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს თავისი ხრიკები, რომლებიც პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკის ძირის გამოთხრისკენაა მიმართული, შეიძლება ბუმერანგივით უკან დაუბრუნდეს: მისი გადადგომის მოთხოვნით ოდესელებმა 35 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გაუგზავნეს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ალი მეჯიდლი).
თუმცა, რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არსენმა ბრძოლა მოიგო და თავისი მდგომარეობა გაიმყარა. არც მიხეილ სააკაშვილია მომგებიან სიტუაციაში: ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის გუნდს თურმე სხვა გეგმები ჰქონია – პრემიერად ან ფინანსთა მინისტრი ნატალია იარესკო იქნება (აშშ-შია დაბადებულ-გაზრდილ-ნასწავლი), ან ვერხოვნა რადას სპიკერი მიხეილ გროისმანი, რომელიც ოლიგარქების ინტერესს წარმოადგენს. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილის გეგმები – პრემიერ-მინისტრის სავარძლის დაუფლებაზე, ჩაიშალა.
არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ კიევში ყოფნისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კულუარებში საუბრისას უთქვამს, რომ მას არ სურდა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერის პოსტზე ენახა და ეს იმის მიუხედავად, რომ ვაშინგტონი საქართველოს ექს-პრეზიდენტს ყოველთვის წყალობდა ხოლმე. ანალიტიკოსების აზრით, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის ოინები უკრაინის „ვერხუშკას“ (მმართველებს) ყელში ამოუვიდათ. იმასაც ამბობენ, რომ პეტრო პოროშენკოს გუნდსა და მიხეილ სააკაშვილს შორის „შავმა კატამ“ გაირბინაო.
სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ ოდესის გუბერნატორობიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მიზნით ხელმოწერების შეგროვების ინიციატორი სწორედ „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრი, სახალხო დეპუტატი დიმიტრი გოლუბოვია, რომლის თქმით, ექს-პრეზიდენტი უქნარა და ტრაბახა გამოდგა, რეალურად იგი არაფერს აკეთებსო. დიმიტრი გოლუბოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ირგვლივ მექრთამეები და კორუფციონერები შემოიკრიბა, ოდესელები ყველაფერს ხედავენ და ამიტომაც აღარ სურთ ასეთი ხელმძღვანელი ჰყავდეთო. ხელმოწერების შეგროვება „თვალსაჩინო აგიტაციის“ თანხლებით დაიწყო: აქტივისტებმა კარვები დადგეს პლაკატებით – „გამოგაგდეს თბილისიდან? გაგაძევებთ ოდესიდანაც!“.
თუმცა, როგორც ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, მიხეილ სააკაშვილის დამხობა ადვილი არ იქნება: საქართველოს ექს-პრეზიდენტს საკმაო რაოდენობის მხარდამჭერები ჰყავს. გარდა ამისა, ოდესის გუბერნატორს კომპრომატებიც აქვს არაკეთილმსურველების წინააღმდეგ. ინტერნეტში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ხელმოწერების შეგროვების აქციას „თბილისური კვალი“ აქვს. როგორც ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგე მილიარდერის იგორი კოლომოისკის გუნდის წევრები საქართველოში ზოგიერთი პირის გადაბირებას შეეცადნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ყოველ შემთხვევაში, როგორც თბილისელი ჟურნალისტი ზაზა სვანაძე აცხადებს, აქციის უკან სწორედ იგორ კოლომოისკის ხალხი დგას.
ერთი სიტყვით, ამ კვირაში უკრაინას წინ ახალი მოვლენები ელოდება: მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, განცხადებას გააკეთებს თავისი პარტიის შექმნის შესახებ, ხოლო 16 მარტს უკრაინის ახალი მმართველი კოალიცია უნდა ჩამოყალიბდეს, დაშლილის ნაცვლად. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, რომელი პარტიების მონაწილეობით, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
«The Wall Street Journal» (აშშ), 15 მარტი, 2016 წელი
http://blogs.wsj.com/washwire/2016/03/14/vladimir-putins-surprise-withdrawal-from-syria/
სიურპრიზი ვლადიმირ პუტინისაგან: ჯარების გაყვანა სირიიდან
რატომ მიიღო ვლადიმირ პუტინმა ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება სირიიდან რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გამოყვანის თაობაზე? რას ნიშნავს მოსკოვის მოქმედება? აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი სტივენ სესტანოვიჩი გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ გამოქვეყნებულ სტატიაში რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გონივრულ ნაბიჯად მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ შეიძლება ვლადიმირ პუტინი უარეს სიტუაციაში აღმოჩნდეს. ცნობილი ამერიკელი ექსპერტის პროგნოზით, რუსეთისათვის მოვლენები შეიძლება სამ ვარიანტად განვითარდეს.
————-
ბევრი სკეპტიკურად შეხედავს ვლადიმირ პუტინის მოულოდენელ გადაწყვეტილებას სირიიდან სამხედრო მოსამსახურეებისა და ტექნიკის გამოყვანის თაობაზე და არცთუ ისე უსაფუძვლოდ, – თვლის სტივენ სესტანოვიჩი. „ნეტავ რა აქვს კიდევ ჩაფიქრებული ამ ეშმაკს“ – ეს გამოთქმა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ საკმაოდ გავრცელებულია და მას ამერიკელი ექსპერტიც ეთანხმება: კიდევ რა სიურპრიზს უნდა ველოდოთ კრემლისაგან?
როგორც სტივენ სესტანოვიჩი აღნიშნავს საავტორო სტატიაში, ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვოდა, რომ სირიაში სამხედრო კამპანია დიდხანს გაჭიანურებულიყო. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მიაღწია იმას, რისი მიღწევაც სურდა. იმავდროულად მან ისიც დაინახა, რომ სირიის ომში სრულმასშტაბიან ჩარევას ვერ შეძლებდა, რადგან ასეთი ნაბიჯი მის რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედებდა. „მოკლედ, ვლადიმირ პუტინმა თავისი გადაწყვეტილებით ჭკვიანური სვლა გააკეთა“, – ასე აფასებს ამერიკელი ექსპერტი რუსეთის ლიდერის მოქმედებას.
და მაინც, ჯარების გამოყვანამ შეიძლება თვითონ პრეზიდენტი დააზარალოს. სტივენ სესტანოვიჩი მოვლენების განვითარებას სამ ვარიანტს პროგნოზირებს
პირველი – ჯარების გაყვანაზე ბრძანება კი გასცა, მაგრამ თუ გაყვანა გაჭიანურდება, ან თუ მცირე რაოდენობით გაიყვანს, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ვლადიმირ პუტინის რეპუტაციას, რომ მას არ უნდა ენდო, მოგატყუებს. „გახსოვთ, რას ამბობდა იგი, რომ უკრაინაში არცერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე არ არის? არადა, ისინი იქ იყვნენ. მან ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ უკრაინიდან გავიდოდა, მაგრამ არ გავიდა. თუ სირიაშიც იგივენაირად მოიქცევა, მისი ნდობა ჩვენ ძვირად დაგვიჯდება“, – აღნიშნავს სტივენ სესტანოვიჩი.
მეორე – რუსების წასვლის შემდეგ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის პოზიციები ისევ დასუსტდება. როცა ვლადიმირ პუტინმა სირიაში ოპერაცია დაიწყო, იმ დროს ადგილობრივი რეჟიმის მდგომარეობა უკიდურესად რთული იყო, ბაშარ ასადის ბედი ბეწვზე ეკიდა. დღეს ჩანს, რომ სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია. მაგრამ თუ დამასკოს ხელისუფლება ისევ დასუსტდება, არავინ იცის, რუსეთი რას მოიმოქმედებს. ამერიკელი პროფესორის აზრით, ვლადიმირ პუტინმა ორიდან ერთ-ერთი უნდა ამოირჩიოს: ან ისევ შეიყვანოს ჯარები, ან შეურიგდეს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას. ზოგადად, რუსეთის პრეზიდენტი ამგვარ სიტუაციებში რამდენჯერმე შეცდა: 2008 წელს ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „დასამარებულად“ ჩათვალა („პოლიტიკურ გვამად“), 2014-ში კი ეგონა, რომ დონბასელი სეპარატისტები იოლად გააფართოვებდნენ თავიანთ ტერიტორიას, მაგრამ შეცდა. ორივე შემთხვევაში მისი მოლოდინები არ გამართლდა.
მესამე – დასავლეთის ლიდერები ახლო აღმოსავლეთის პრობლემის გადასაწყვეტად გააქტიურდებიან. შესაძლოა ვლადიმირ პუტინი თვლის, რომ მან შეძლო ვაშინგტონისა და ბრიუსელის შეკავება სირიაში, მაგრამ თუ ჟენევის მოლაპარაკება ჩიხში შევა, ლტოლვილთა ნაკადი გაგრძელდება და „ისლამური სახელმწიფო“ ისევ მოძლიერდება, დასავლეთი იძულებული გახდება მოქმედება დაიწყოს.
„ამრიგად, ერთი მხრივ, ვლადიმირ პუტინი ჭკვიან სტრატეგოსად წარმოჩნდა, მაგრამ მეორე მხრივ, მისი გეგმა შეიძლება ისე არ განხორციელდეს, როგორც მას სურს“, – წერს სტივენ სესტანოვიჩი.