«Star» (თურქეთი): პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი: „ჩვენი ვაჭრობა საქართველოსთან ფართოვდება…“
«Каспiй» (აზერბაიჯანი): პოლარული პოზიციები: საქართველოში ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის აზრთა სხვადასხვაობა ჩნდება
«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): რუსეთი ცხინვალის რეგიონში სამხედრო „მუშტს“ აძლიერებს
—————-
«Star» (თურქეთი), 16 მარტი, 2017 წელი
პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი: „ჩვენი ვაჭრობა საქართველოსთან ფართოვდება…“
„თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა“, – იუწყება თურქული გაზეთი Star და აზუსტებს, რომ ბაშბაკანი ბინალი ილდირიმი ბათუმში ართვინიდან ჩავიდა, სადაც იგი საკონსტიტუციო რეფერენდუმის საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობის მიტინგში მონაწილეობდა.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
„პრემიერ-მინისტრების რესტორანში ყოფნამ და მათმა საუბარმა საათნახევარს გასტანა. შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა (ბაშბაკანმა) ბინალი ილდირიმმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „ართვინი და ბათუმი ერთმანეთთან გვერდი-გვერდ მდებარეობენ. ყოველდღიურად თურქეთიდან საქართველოში და საქართველოდან თურქეთში ინტენსიური მიმოსვლაა. ჩვენი ვაჭრობა საქართველოსთან, სიტუაციების მიუხედავად, პერმანენტულად იზრდება“. ბინალი ილდირიმის თქმით, რადგანაც იგი ართვინში იმყოფებოდა, დათანხმდა „ძვირფასი მეგობრის გიორგი კვირიკაშვილის მიპატიჟებას ბათუმში“.
თურქეთის პრემიერის განმარტებით, ბათუმში შეხვედრა წინასწარ არ დაგეგმილა, თუმცა „საუბრის დროს სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელეს“. პრემიერებმა ისაუბრეს აგრეთვე თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს (YDSK) მიმდინარე წლისთვის გათვალისწინებული მეორე სხდომის მოსამზადებელ სამუშაოებზე.
შეხვედრის დროს მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა რეგიონული მოვლენების შესახებაც.
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 16 მარტი, 2017 წელი
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf
პოლარული პოზიციები: საქართველოში ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის აზრთა სხვადასხვაობა ჩნდება
„ჩვენს მეზობელ საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიუკურ ცხოვრებას „მტკნარს“ ნამდვილად ვერ უწოდებ: მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება და იცვლება, რომ თვალის მიდევნებასა და ყურადღების მიქცევას ვერც მოასწრებ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის რუსულენოვან გაზეთ «Каспiй»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – რაუფ ორუჯევი).
„ამჟამად რესპუბლიკის ყურადღების ცენტრშია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცესი, რომლებშიც ქართული საზოგადოების სხვადასხვა ინტერესებია გამოხატული: პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური და ა.შ.“ – წერს ავტორი და მკითხველს საქართველოს მოსახლეობის საჭირბოროტო საკითხებს აცნობს.
„სახის შენარჩუნების მცდელობა“ – ასეა დასათაურებული პუბლიკაციის ის ნაწილი, რომელშიც ავტორი ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის კუთვნილების საკითხს ეხება. როგორც ცნობილია, ამას წინათ სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ქართული ოპოზიციური ტელეარხის შესახებ გამოტანილი ვერდიქტის თანახმად, შეჩერდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილების აღსრულება ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისათვის დაბრუნების თაობაზე. სტატიის ავტორი ეხება ამ საკითხის ირგვლივ ვიცე-პრემიერის და იმავდროულად განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას გამოსვლას. „ვიცე-პრემიერმა, როგორც იტყვიან, თავიდანვე „ხარი ეგრევე რქებით დაითრია“ და განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, პრინციპში, თანმიმდევრულია, მაგრამ „რუსთავი-2“ მათ თავისებურად აშუქებს და სურს მთავრობა დამარცხებულად გამოიყვანოსო. შემდეგ ალექსანდრე ჯეჯელავამ დასკვნა გააკეთა: „რუსთავი-2“ „ყველაზე კონტროლირებულ არხად ითვლება“ და მისი გადაცემების პროგრამას ყოველდღე ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამოწმებსო. ვერაფერს იტყვი, ძალიან მაგარი არგუმენტია არხის დასაძრახად, მაგრამ ამ დროს ვიცე-პრემიერს არაფერი უთქვამს იმ გარემოებაზე, რომ „რუსთავი-2“ უკანასკნელი ქართული ტელეარხია, რომელიც ბედავს და ხელისუფლებას აკრიტიკებს. და რატომაც არ თქვა, გასაგებია: საქართველოს მთავრობა სახის შენარჩუნებას ცდილობს – სტრასბურგის ვერდიქტს ეთანხმება, ტელეარხს კი მაინც აკრიტიკებს.
„ვინ იქნება პასუხისმგებელი გაზზე“ – ამ ქვესათაურით ავტორი სტატიაში კიდევ ერთს საკითხს ეხება, რომელმაც რამდენიმე თვის წინათ ქართულ საზოგადოებაში ალიაქოთი და პოლიტიკოსთა შეხლა-შემოხლა გამოიწვია. ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ რუსულ კომპანია „გაზპრომ“-თან გაფორმებული შეთანხმება, რომლის დეტალების გამოქვეყნებაზე ხელისუფლება კატეგორიულ უარს აცხადებს. როგორც ცნობილია, თავის დროზე გავრცელდა ჰიპოთეზა, რომ შეთანხმება საქართველოსთვის წამგებიანია, რაც, არაა გამორიცხული, რომ მალე დადასტურდეს კიდეც: საპარლამენტო ოპოზიციამ კვლავ მოითხოვა ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და მისგან ანგარიშის ჩაბარება (მკითხველს შევახსენებთ, რომ ოპოზიციის წინა მოთხოვნა პარლამენტში მისულიყო, მინისტრმა „დაიკიდა“). როგორც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა, „გაზპრომ“-თან შეთანხმებაზე ხელმომწერ კახა კალაძეს პარლამენტში მისვლა მაინც მოუწევს. „მან ახლახან განაცხადა, რომ ბუნებრივ გაზზე ტარიფი მოიმატებსო. ჰოდა, ასეთ დროს მისი მოსვლა უფრო აქტუალურია. მოგვახსენოს ერთი, როგორი შეთანხმება დადო „გაზპრომ“-თან, რატომ უნდა გაძვირდეს გაზი და რა არგუმენტები აქვს ამისთვის“.
ძნელი სათქმელია, დათანხმდება თუ არა ამჯერად მმართველი გუნდი, ყოფილი ცნობილი ფეხბურთელის სახით ვრცელ ახსნა-განმარტებას ჩააბარებს ხალხის რჩეულთ, მაგრამ თუ მთავრობა მეორედაც უარყოფს ოპოზიციური დეპუტატების მოთხოვნას, მაშინ იგნორირებას არასასიამოვნო შედეგების გამოწვევა შეუძლია, ვთქვათ, საპროტესტო აქციების სახით… და თუ მთავრობის დუმილის ფონზე მოსახლეობისთვის გაზზე ფასები მაინც მოიმატებს, მაშინ… რაც მოხდება, იმის პროგნოზირება რთული იქნება. გავიხსენოთ, რომ „გაზპრომ“-თან შეთანხმების გაგრძელების საკითხი როცა იხილებოდა (გასული წლის ბოლოს), მაშინ ოპოზიცია მთავრობას სთავაზობდა, რომ საერთოდ უარი ეთქვა არამეგობრული მეზობლის გაზზე და აზერბაიჯანის, საიმედო მეზობლის მიერ მიწოდებული გაზის იმედი ჰქონოდა (აზერბაიჯანს, ჯერ-ჯერობით, გაზის მარაგი საკმარისი აქვს), მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ, რომლის მიმართაც ბევრს ეჭვი აქვს, რომ პროკრემლურ პოლიტიკას ატარებსო, მაინც თავისებურად გადაწყვიტა“, – წერს სტატიის ავტორი რაუფ ორუჯევი.
«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 16 მარტი, 2017 წელი
http://www.radiotavisupleba.ge/a/ruseti-adzlierebs-samkhedro-dzalebs-tskhinvalshi/28371104.html
რუსეთი ცხინვალის რეგიონში სამხედრო „მუშტს“ აძლიერებს
ლელა კუნჭულია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან გაფორმდეს სამხედრო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ცხინვალის სამხედრო შენაერთების ნაწილი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანდება. წინასწარი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლაპარაკია ყველაზე უკეთესად მომზადებულ სამხედრო შენაერთებზე, რომლებიც 150-მდე სამხედროს ითვლის. მოსკოვის გადაწყვეტილებას რუსულენოვანი მედია, რუს ექსპერტებზე დაყრდნობით, მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებს, თბილისში კი ამ სვლას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამენ.
ვლადიმირ პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაავალა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, სამხრეთ ოსეთის მხარესთან მოლაპარაკება დაიწყოს ოსი სამხედროების რუსეთის არმიის შემადგენლობაში მიღებასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტ პუტინის განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე 14 მარტს გამოქვეყნდა და ის ეყრდნობა შეთანხმების პროექტს, რომელსაც რუსეთის მთავრობამ 13 მარტს დაუჭირა მხარი. ოფიციალური ინფორმაციით, ახალი შეთანხმების პროექტის შინაარსზე წინასწარ ილაპარაკეს მხარეებმა, თუმცა დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის.
„კომსომოლსკაია პრავდის“ სამხედრო მიმომხილველი, ვიქტორ ბარანეცი, დარწმუნებით აცხადებს, რომ რუსეთს მხოლოდ ყველაზე უფრო მომზადებული სამხედრო დანაყოფები სჭირდება და, შესაბამისად, თავის არმიაში მხოლოდ ყველაზე უფრო კარგად გაწვრთნილ ოს სამხედროებს მიიღებს. ვიქტორ ბარანეცის ინფორმაციით, რუსეთი დაინტერესებულია სადაზვერვო დანაყოფის, სპეციალური დანიშნულების სამთო რაზმისა და სნაიპერთა დანაყოფის შეერთებით. საუბარია სულ 150 სამხედროზე, რომლებიც დატოვებენ სამხრეთ ოსეთის ე. წ. შეიარაღებულ ძალებს და, კონტრაქტების საფუძველზე, უფრო მაღალი ანაზღაურებით დაიწყებენ მუშაობას რუსეთის არმიაში. შეკითხვას, თუ რას მისცემს ეს მოსკოვსა და ცხინვალს, „კომსომოლსკაია პრავდის“ სამხედრო მიმომხილველი, ვიქტორ ბარანეცი, ასე უპასუხებს:
„მოსკოვის მხრიდან, უპირველეს ყოვლისა, ეს პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც გააღრმავებს სამოკავშირეო ურთიერთობებს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის და, ცხადია, ეს გააძლიერებს ჩვენს სამხედრო „მუშტს“ რეგიონში… ეს შეთანხმება სამხრეთ ოსეთს, ერთი მხრივ, უკეთესად დააზღვევს შესაძლო თავდასხმისგან საქართველოს მხრიდან და, მეორე მხრივ, რაც უფრო უკეთესი იქნება სამხედრო სამსახურში ფულადი და საბრძოლო უზრუნველყოფა, თუნდაც სამხრეთ ოსეთის ნაწილისთვის, ეს უკეთესი იქნება ცხინვალისთვის… და კიდევ – სამხრეთ ოსეთი არ მალავს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ოცნებობს და მოსკოვთან ნებისმიერი სახის დაახლოებას, თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით, სამხრეთ ოსეთში ოვაციებით ხვდებიან“.
სამხედრო შეთანხმება, რომლის შინაარსიც მოსკოვს ცხინვალთან ჯერ ბოლომდე არ შეუთანხმებია, ეყრდნობა ე. წ. ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“, რომელიც მოსკოვმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან 2015 წელს გააფორმა. მსგავსი შინაარსის ე. წ. ხელშეკრულება („მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“) მოსკოვს ოკუპირებულ აფხაზეთთან 2014 წელს აქვს გაფორმებული, რაზე დაყრდნობითაც, აფხაზეთის შემთხვევაში სამხედრო შეთანხმების გაფორმების პროცესი უფრო ადრე დაიწყო და რუსეთის დუმამ ამ დოკუმენტის რატიფიცირება 2016 წელს მოახდინა. ეს ფაქტი არაერთხელ დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ.
„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის მიუღებელი და ვგმობთ ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. თბილისი პრობლემის დარეგულირების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების აუცილებლობას ხედავს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ნებისმიერი ე. წ. ხელშეკრულება სრულიად არალეგიტიმურია და სამართლებრივად არაფერს ცვლის, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობას არასოდეს რჩება ყურადღების მიღმა რუსეთის მიერ კონფლიქტის დარეგულირების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები:
„სამხედრო კუთხით აქ ჩვენ ვხედავთ, რომ საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს თავის ქმედებებს და, შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ მისცემს შესაბამის შეფასებას ამ ყველა ქმედებას და ყველა ნაბიჯს და, რაც მთავარია, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შექმნას ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება“.
რუსეთი რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირებას შეეცდება, ამაში ეჭვი არ ეპარება სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს. როგორც ის აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან, ე. წ. სამხედრო შეთანხმებებიც სწორედ ანექსიის გეგმის ჭრილში უნდა განვიხილოთ. თუმცა რუსეთს კიდევ ერთი მიზანი ამოძრავებს და ეს ადგილობრივი სამხედრო ძალების განადგურებაა:
„რუსეთმა უკვე სრული კონტროლი დააწესა ოკუპირებულ ტერიტორიებზე – როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში – და მას არ სურს, რომ თავის მიერ კონტროლირებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყოს კიდევ სხვა რომელიმე შეიარაღებული ფორმირება, მათ შორის, ადგილობრივი ოსი და აფხაზი სეპარატისტების, რომლებიც რუსეთმა, თავის დროზე, სათავისოდ საკმაოდ ჭკვიანურად გამოიყენა“.
ირაკლი ალადაშვილი ჩვენთან საუბრისას ვარაუდობს, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის არმიიდან ყველაზე კარგად მომზადებული სამხედრო ქვედანაყოფების შეერთების შემდეგ, რუსეთის მხარე დანარჩენებს დაითხოვს სამსახურიდან ანდა, შესაძლოა, ისინი დააპატიმროს კიდეც. ხოლო მან, ვინც რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაწევრიანდება, შესაძლოა, ახლო მომავალში, რუსეთის საომარი გეგმების შესაბამისად, სირიაში, უკრაინაში ანდა სხვა რომელიმე ქვეყანაში ამოყოს თავი.