«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): დეიმონ უილსონი: „ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის“
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): გერი კონოლი: „რეაგირებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე გავაგრძელებთ“
«Россия в глобальной политике» (რუსეთი): ქართული გაზაფხულის ტანკები, ანუ ვარშავამდე და ვარშავის შემდეგ
«РБК» (რუსეთი): სამეულის წრთვნები: რატომ აღრმავებენ სამხედრო თანამშრომლობას აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი?
«Die Welt» (გერმანია): საქართველო: ნაწილებად დაჭრილი სამოთხე // ქვეყანა, სადაც უამრავი წიგნი იწერება, ბევრი ჭკვიანი ქალია და რომელიც ევროპისაკენ მიილტვის: მოგზაურობა ჩვენი სამყაროს განაპირას მდებარე ზღაპრულ ქვეყანაში
———————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 მაისი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/damon-wilson-on-joint-drills-and-nato/3329345.html
დეიმონ უილსონი: „ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის“
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე ქართულ-ამერიკულ-ბრიტანულ სამხედრო წვრთნებს მასტაბილიზებელ ფაქტორად აფასებს გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციის ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი.
უილსონისთვის საქართველოში მიმდინარე ერთობლივი წვრთნები საქართველოს და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითია. ორ ქვეყანას შორის არსებულ სამხედრო ურთიერთობებს ის რეგიონის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან თანამშრომლობად აფასებს: „შეერთებულ შტატებს საქართველოსთან ხანგრძლივი და მყარი სამხედრო თანამშრომლობა აკავშირებს. ზოგიერთი ჩვენს მოქმედებებს პროვოკაციულს უწოდებს, ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოს პარლამენტში, იგივეს გაიგებთ ამერიკის პოლიტიკურ წრეებშიც. ეს მცდარი არგუმენტია. პროვოკაცია არ არის ის, რომ ქვეყანას საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრი უწევს. რაც მეტად შეუძლია ქვეყანას საკუთარი თავის დაცვა, თავდაცვისუნარიანობის გაზრდა და სერიოზულ აქტორად ქცევა, მით მეტად უზრუნველყოფს ის სტაბილურობას რეგიონში. ჩვენი პარტნიორობა სწორედ ამას უწყობს ხელს“.
დეიმონ უილსონს ჩვენ იმ არაერთგვაროვან გამოხმაურებებზეც ვკითხეთ, რომელიც სამხედრო წვრთნების ჩატარებას საქართველოში მოჰყვა. მისი თქმით, შეერთებული შტატების და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობის მოწვევის და მხარდაჭერის გარეშე არ შედგებოდა.
„ნათელია რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური აქტორები მხარს უჭერენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ხშირად გვთხოვენ ამერიკის მეტ ჩართულობას. ორივე მხარეს არიან ისეთებიც, ვინც ამას მხარს არ უჭერენ. არსებობს ერთვარი ბუნდოვანებაც, რადგან შეერთებულ შტატებს და ნატოს მოკავშირეებს საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიები ჯერ არ მიუციათ. ბევრს ურჩევნია ამ საქმეში მეტი სიცხადე იყოს. სიცხადე მასტაბილიზებელი ფაქტორია. ამ ბუნდოვანების ეტაპზე ასეთი მასტაბილიზებელი ფაქტორია ერთობლივი სამხედრო წვრთნები“.
დეიმონ უილსონის თქმით, ამერიკის მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება: ვაშინგტონი მხარს უჭერს ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკას, თუმცა ვარშავის სამიტზე, საქართველოსთან მიმართებით, არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არაა: „გაგრძელდება ნატო-საქართველოს მყარი ურთიერთობები. ჩვენ არ გვინახავს სხვა ქვეყანა, რომელმაც ალიანსის წევრობამდე მასთან ასეთი მყარი ურთიერთობა ჩამოაყალიბა. ეს აჩვენებს, თუ რამდენად სერიოზულია ალიანსისკენ საქართველოს სწრაფვა და რომ ბუქარესტში სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. [თუმცა საქართველოს გაწევრიანებისათვის] პოლიტიკურად დღეს მზად არ ვართ“, – ამბობს დეიმონ უილსონი.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 მაისი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/congresman-connolly/3330464.html
გერი კონოლი: „რეაგირებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე გავაგრძელებთ“
ია მეურმიშვილი
ქართულმა დიასპორულმა ორგანიზაციამ “ქართული ასოციაცია ამერიკაში” ყოველწლიურ ღონისძიებაზე ამერიკის ორ კონგრესმენს – რესპუბლიკელ ტედ პოს და დემოკრატ გერი კონოლის საქართველოს მხარდასაჭერად გაწეული ძალისხმევისთვის ორგანიზაციის ტრადიციული ჯილდო გადასცა. კონგრესმენები ამერიკის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან.
დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, კონგრესმენმა გერი კონოლიმ განაცხადა: „მე და კონგრესმენ ტედ პოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ ერთიანი ვართ. ჩვენ ერთიანი ვართ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და ოკუპირებული აფხაზეთისა და [სამხრეთ] ოსეთის ტერიტორიებზე სუვერენიტეტის დაბრუნებასთან დაკავშირებით. მე ნატოს გენასამბლეაში ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ. საქართველოს წარმომადგენლებთან იქაც ვმუშაობ იმისთვის, რომ ნატოში ჩვენმა ყველა მოკავშირემ გაიგოს იმის მნიშვნელობა თუ რა ხდება საქართველოში. რომ გადახედოთ რა მოხდა იმ ომში [2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში], დაინახავთ იმის ჩანასახს თუ რა მოხდა შემდეგ ყირიმში და რა ხდება აღმოსავლეთ უკაინაში. ძალიან მნიშვნელოვანია – და ეს თქვენ, რუსეთის მეზობლებმა უფრო კარგად იცით ვიდე მე – რუსებმა გაიგონ, რომ არალეგალური ნიშნავს არალეგალურს. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამას [ოკუპაციას] და რეაგირებას გავაკეთებთ იქამდე, სანამ სიტუაცია არ გადაიჭრება. ამ შემთხვევაში, ცხადია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნებას ვგულისხმობ“.
კონგრესმენმა დასძინა, რომ საქართველოს მეგობართა ჯგუფი კოგრესშიც ვცდილობს საქართველოს საკითხის დაწინაურებას და კანონმდებლებისთვის საქართველოს რეალობაზე ინფორმაციის მიწოდებას. კონგრესმენები გერი კონოლი და ტედ პო საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ივლისში ჩავლენ.
«Россия в глобальной политике» (რუსეთი), №3, მაისი//ივნისი, 2016 წელი
http://www.globalaffairs.ru/global-processes/Tanki-gruzinskoi-vesny-ili-Do-i-posle-Varshavy-18157
ქართული გაზაფხულის ტანკები, ანუ ვარშავამდე და ვარშავის შემდეგ
სტატიაში, რომლის ავტორია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, გადმოცემულ-განხილულია საქართველოს საგარეოპოლიტიკური ორიენტირები.
პუბლიკაცია იწყება თბილისთან ახლოს, ყოფილ რუსულ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მიმდინარე ქართულ-ამერიკული წრთვნების „ღირსეული პარტნიორი – 2016“-ის აღწერით: „უნიკალური სიტუაციაა. ერთი მხრივ, თბილისიდან სულ რაღაც 40 კმ-ის მოშორებით, სამხრეთ ოსეთში, 2008 წლის ტრაგედიის შემდეგ დაარსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე რუსული ტანკებია განლაგებული, მეორე მხრივ კი, სამხედრო მანევრებში ამერიკული მძიმე ტექნიკა – „აბრამსის“ ტიპის ტანკები და „ბრედლის“ ქვეითთა საბრძოლო მანქანები… დაგვეთანხმებით, საკმაოდ მრავლისმეტყველი სურათია. ეს კარგად აჩვენებს, რამდენად რთულ სიტუაციაში იმყოფება დღეს საქართველო და რამდენად აწონილ-დაწონილი, გონივრული, რაციონალური და პარტნიორებთან შეთანხმებული უნდა იყოს ქვეყნის პოლიტიკა.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს აღნიშნავს. რუსთაველის გამზირზე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მათი დასავლელი კოლეგებიც გაივლიან. შესაშური სიმბოლიზმია: მხოლოდ მეოტხედი საუკუნე გავიდა პოსტსაბჭოური თავისუფლების მოპოვებიდან, საქართველომ კი იმდენი გაჭირვება ნახა, რომელიც სხვა ქვეყნებს ასი წლის განმავლობაშიც კი არ უნახავთ. არადა, ჩვენ სულ ახლახან ვოცნებობდით ელიტურ სამხედრო-პოლიტიკურ კლუბთან „ერთჯერად“ საშვზე. ჩვენ ეს დღე როგორც შევძელით, ისე მოვაახლოვეთ“, – წერს თედო ჯაფარიძე. ავტორი იხსენებს 2000-იანი წლების დასაწყისიდან განხორციელებულ „წრთვნისა და აღჭურვის“ პროგრამას და სხვა პროექტებს, რომლის შემდეგ საქართველომ ნატოსთან ურთიერთობისათვის „მრავალჯერადი აბონემენტი“ მიიღო).
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიკულია და რეალისტური. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ცნობილი პოლიტიკური რელიების გათვალისწინებით ამჯამინდელ რთულ საერტაშორისო ვითარებაში დაგეგმილ ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველო „მაპ“-ს ვერ მიიღებს, ამიტომაც საზოგადოებაში გადაჭარბებულ მოლოდინებს არ ვქმნით.
მაგრამ რა იქნება ვარშავის სამიტის შემდეგ? იმედგაცრუება, ფუსტრაცია? როგორ უნდა ავიცილოთ ასეთი სიტუაცია თავიდან?
ვაღიარებ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომიდან ვიცოდით, რომ საქართველო „მაპ“-ს ვერ მიიღებდა, ამას ჩვენთან შეხვედრაზე უცხოელი პოლიტიკოსები და კოლეგები გულახდილად გვეუბნებოდნენ. იყო საუბრები იმაზე, თუ როგორ უნდა უზრუნველყოფილიყო ასეთ სიტუაციაში საქართველოს უსაფრთხოება. ზოგიერთი გვეუბნებოდა, რომ იქნებ ვარშავის სამიტის კომუნიკეში ნატოს წესდების მე-10 პუნქტის საფუძველზე საქართველოს შესახებ ჩანაწერი გაკეთებულიყო (მე-10 პუნქტი ითვალისწინებს ნატოში იმ ქვეყნების გაწევრიანებას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრინციპების ერთგულებაში)… მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ პრაგმატიკოსები და რეალური პოლიტიკის მიმდევრები ვართ, ამიტომაც აშკარაა, რომ ამ ეტაპზე საჭიროა ისეთი მიდგომები მოიძებნოს, რომლებიც სასარგებლო იქნება ჩვენთვისაც და ალიანსის იმ სახელმწიფოებისთვისაც (საფრანგეთი და გერმანია), რომლებთაც რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება არ სურთ. ამას წინათ პარიზში ყოფნის დროს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრების დროს მე მკაფიოდ ჩამოვაყალიბე საქართველოს პოზიცია: ჩვენ არ გვსურს, რომ დასავლეთისთვის თავის ტკივილი გავხდეთ. პირიქით, მზად ვართ გავხდეთ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაგროვილი პრობლემების მოგვარების მექანიზმის ერთ-ერთი დეტალი. ამით, ჩვენი აზრით, დასავლეთს რუსეთთან დიალოგში დავეხმარებით. ანუ, როგორც ჩვენ მიგვაჩნია, რაც უფრო კარგი იქნება აშშ-ისა და რუსეთის, ევროპისა და რუსეთის ურთიერთობები, ამ კონტექსტში მით უფრო ეფექტურად მოგვარდება საქართველოს პრობლემებიც.
საფრანგეთი საქართველოს ეფექტურ დიდ დახმარებას უწევს სამხედრო სფეროში (საჩხერეში სამთო მსროლელების სკოლა, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვა…). რატომ არ შეიძლება ამ ფონზე ვარშავის სამიტმა საქართველოს რაღაც „საკომპენსაციო პაკეტი“ მისცეს და ნატო მას საფრანგეთის მსგავსად დაეხმაროს? ამ თვალსაზრისით ნატოს ქვეყნები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მოდერნიზების კურატორები იქნებიან.
საქართველოს კურსი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრიაციის მიმართულებით უცვლელია. ეს ჩვენი მრავალჭირნახული ხალხის არჩევანია, რომელსაც არანაირი ალტერნატივა არ აქვს და არც ექნება. ეს კურსი პასუხობს ჩვენს ფასეულებებს და ჩვენს თვითმყოფადობას შეესაბამებ. და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, ისაა, თუ რა იქნება ვარშავის შემდეგ. ჩემი აზრით, საქართველოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია თვით ნატოსთან დაახლოების პროცესი, ამ ორგანიზაციაში საბოლოო გაწევრიანებასთან ერთად. ინტეგრირების პროცესი საქართველოს საშუალებას მისცემს, ამერიკელი და ევროპელი ინვესტორების დახმარებით, წარმატებით გაატაროს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, ააშენოს სტაბილური საზოგადოება ინსტიტუციონალური დემოკრატიის საფუძველზე. რასაკვირველია, რეფორმებში სამხედრო ელემენტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ერთ-ერთია სხვებს შორის. ჩვენ უნდა გავხდეთ ფუნქციონალური, შინაარსობრივი და სასარგებლო ქვეყანა ჩვენი პარტნიორებისათვის. ჩემი დასავლელი კოლეგები აღიარებენ, რომ საქართველო უკვე დღესვე ითვლება დემოკრატიის არეალად მსოფლიოს ამ ნაწილისათვის. მე მათ ვთავაზობთ, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით შეგვადარონ არა მარტო ჩვენს მეზობლებს, არამედ თვით ნატოს წევრებსაც – ბალტიისპირეთს, ბულგარეთს, რუმინეთს…
ახლა კი რუსეთის ადგილსა და როლზეც ვიმსჯელოთ. საქართველოს ისტორიული არჩევანი ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა არავის წინააღმდეგ არ გამოდის. მგონია, რომ ეს უპირველესად რუსებმა უნდა გააცნობიერონ და მიიღონ. ჩვენ თანასწორუფლებიანი პარტნიორობის მომხრენი ვართ, მაგრამ ის, თუ როგორ საგარეოპოლიტიკურ ვექტორს ავირჩევთ, ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა. ჩვენ მზად ვართ კეთილმეზობლობისათვის, მაგრამ ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. რადგანაც ჩვენ გეოგრაფიას ვერ შევცვლით, ამიტომაც გვინდა რუსეთთან მშვიდობიანად ვიცხოვროთ, მაგრამ არ გვსურს რუსეთის შემადგენლობაში ცხოვრება.
ჩვენთვის მიუღებელია ის ფორმულა, რომელსაც მოსკოვი გვთავაზობს: „ან ჩვენთან ერთად, ან ჩვენს წინააღმდეგ“. სწორედ ასეთ სტილში, თითქმის ანდრეი გრომიკოს მსგავსად გაუკეთეს კომენტარი რუსმა დიპლომატებმა ვაზიანში ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლების დაწყებას – „პროვოკაციულ ნაბიჯად მიგვაჩნია და კავკასიის რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზებას ახდენს, ვაშინგტონი ამით თბილისის რევანშისტულ ზრახვებს აქეზებსო“. ეს ხომ „ცივი ომის“ ენაა!
სხვათა შორის, ამერიკელი კოლეგები მეუბნებიან, რომ ისინი მხარს უჭერენ რუსეთთან ჩვენს დიალოგს: „ვიცით, რომ რუსეთი მძიმე პარტნიორია, მაგრამ [მოსკოვთან] დიალოგი კრიზისების მოგვარების ნაწილი, მისი ელემენტი უნდა იყოს“, – ასე მსჯელობენ ამერიკელები. ვეთანხმები მათ! მაგრამ ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ (რომლის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული) და რომელ ბლოკში, რომელ კავშირში გავერთიანდებით, სად და როდის გავმართავთ წრთვნებს – ეს ჩვენი საქმეა. საქართველოს არ შეუძლია არ იფიქროს თავის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. დარწმუნებული ვარ, მოსკოვში ამას კარგად აცნობიერებენ.
რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკების პროცესს, არის პოზიტიური გამონათებები პრაღაში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის დიალოგი მიმდინარეობს, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე. მაგრამ არანაირი პროგრესი არ ჩანს საქართველოს ყველაზე მტკივნეულ პოლიტიკურ საკითხებზე, ჟენევის კონსულტაციების ჩარჩოებში, სადაც რუსეთის წარმომადგენელი იგივე გრიგორი კარასინია, თუმცა იქ მას სხვა მიზნები აქვს. აი, ასეთი ორსახოვანია რუსეთის პოლიტიკა ჩვენს მიმართ.
მოკლედ, ვარშავის სამიტის მთავარი შედეგი ჩვენთვის ჩვენი ქვეყნის განმტკიცება უნდა გახდეს. უკრაინის მოვლენებისა და მთიანი ყარაბაღის ამასწინანდელი კრიზისის ფონზე სულ უფრო მეტი დასავლელი პოლიტიკოსი აცნობიერებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებას ნიშნავს (ასევე რუსეთის უსაფრთხოებასაც მის სამხრეთ საზღვრებზე, რაც რუსეთის მმართველებს წარსულში კარგად ესმოდათ).
და ჩვენ, რასაკვირველია, უკვე ღირსეული პარტნიორები ვართ. დიახ, სწორედ რომ ღირსეულები, ბრჭყალების გარეშე.
«РБК» (რუსეთი), 16 მაისი, 2016 წელი
http://www.rbc.ru/newspaper/2016/05/16/57386a9b9a7947c9f4b19a66
სამეულის წრთვნები:
რატომ აღრმავებენ სამხედრო თანამშრომლობას აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი?
პოლინა ხიმშიაშვილი, ანტონ ბაევი
(შემოკლებით)
აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს განზრახული აქვთ განამტკიცონ სამხედრო ტანამშრომლობა და ამ მიზნით პირველი ერთობლივი სწავლებები ჩაატარონ, – განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა თავის კოლეგებთან – თინათინ ხიდაშელთან და ისმეთ ილმაზთან შეხვედრის შემდეგ გაბალაში, 15 მაისს. მინისტრებმა აუცილებლობად მიიჩნიეს „სამხედრო-საგანმანათებლო სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შექმნა, ურთიეთობის განვითარება კიბერუსაფრთხოების საკითხებში, აგრეთთვე ერთობლივი წრთვნების ჩატარება ნავთობგაზსადენების დაცვის თვალსაზრისით. ამ გეგმის რეალიზების უზრუნველსაყოფად მხარეები ხელს მოაწერენ შესაბამის მემორანდუმს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისათვის, რაც, როგორც ზ.ჰასანოვის განცხადებაშია ნათქვამი, ქმნის იმის საფუძველს, რომ „სამმხრივი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდეს“.
„აზერბაიჯანიდან, საქართველოს ტერიტორიის გავლით, თურქეთისაკენ საექსპორტო ნავთობ- და გაზსადენები გადის (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზერუმი). გარდა ამისა, ამ წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს სარკინიგზო მაგისტრალის ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობა. ამ ქვეყნებს შორის უკვე მოქმედებს შეთანხმება კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე, ამიტომაც გაბალის შეხვედრაზე ერთობლივი სწავლებების შესახებაც მოილაპარაკეს“, – ამბობს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი და პარლამენტის წევრი რასიმ მუსაბაევი.
სამხედრო სწავლების ჩატარება კომუნიკაციების დაცვის მიზნით ნაკარნახევია მთიან ყარაბაღში ამას წინათ მომხდარი მოვლენებით, – დარწმუნებულია სომეხი პოლიტოლოგი, ერევნის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი სტეფან გრიგორიანი. იგი იხსენებს, თუ როგორ განაცხადა აზერბაიჯანმა ყარაბაღში სამხედრო მოქმედების დაწყებისას, რომ სტეფანაკერტს დაბომბავდა. ამის საპასუხოდ, არაოფიციალურ დონეზე სომეხი ექსპერტები და პოლიტიკოსები მიანიშნებდნენ, რომ სომხეთი, თავის მხრივ, ნავთობ- და გაზსადენებს დაარტყამდა. „ამან აზერბაიჯანი შეაშინა და შესაბამისად, ბაქომ მილსადენების დაცვის საქმეში საქართველო და თურქეთიც ჩააბა“, – ვარაუდობს სტეფან გრიგორიანი.
როგორც აზერბაიჯანის პარლამენტის (მილი-მეჯლისის) წევრი რასიმ მუსაბაევი აცხადებს, აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფორმატი უკვე დიდი ხნის განმავლობაში არსებობს: ჯერ კიდევ 2007 წელს თბილისში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, აზერაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და თურქეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ახლა კი უკვე პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის მონაწილეობით. ასეთი შეხვედრები იმართებოდა 2012 და 2013 წლებშიც. არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, საბაჟო სტრუქტურების ხელმძღვანელები და საგანგებო სიტუაციათა მინისტრებიც.
სამი მეზობელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების გაბალის საკვირაო შეხვედრა უკვე რიგით მეოთხეა. კოლეგებმა განიხილეს კავკასიის რეგიონში შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია და ის საკითხები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთანაა დაკავშირებული. „ხაზგასმული იქნა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის გათვალისწინებით, საერთაშორისო სამართლის ნორმების ჩარჩოებში“, – განაცხადა ზაქირ ჰასანოვმა.
თურქეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების დროს, აპრილის დასაწყისში, ბაქოს მხარდაჭერით გამოვიდა. „ჩვენ ვლოცულობთ, რომ აზერბაიჯანელმა ძმებმა ამ ბრძოლებში გაიმარჯვონ მცირე დანაკარგებით გაიმარჯვონ. ჩვენ აზერბაიჯანს მხარს ბოლომდე დავუჭერთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა.
საქართველოს პოზიცია სხვადასხვანაირად იქნა ინტერპრეტირებული თბილისსა და ბაქოში: ოთხ აპრილს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მხარი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირაო, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ მინისტრმა მხოლოდ იმედი გამოხატა, რომ მხარეები ცეცხლს შეწყვეტენ და მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიანო.
რუსი ექსპერტები სამი მეზობელი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებაში სამხედრო ალიანსის ჩამოყალიბებს კონტურებს ხედავენ. მოსკოვში არსებული გეოპოლიტიკური ანალიზის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტის ლეონიდ ივაშოვის თქმით, თურქეთი და აზერბაიჯანი უკვე დიდი ხანია მოკავშირეები არიან, ხოლო მათ კავშირთან საქართველოს მიერთება იმასთანაა დაკავშირებული, რომ თბილისმა საგარეო პოლიტიკაში დამოუკიდებლობა დაკარგა: „ეს ქვეყნები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის შედეგად ანტირუსულ ალიანსს აყალიბებენ“, – ამტკიცებს ლეონიდ ივაშოვი. მისი აზრით, სამთა კავშირს დიდი ხნის არსებობა არ უწერია – ის არსებებს მანამ, სანამ ამაში ვაშინგტონია დაინტერესებული.
„ეს კანონზომიერი მოვლენაა და ამ კავშირს გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს“, – ასეთ კომენტარს აკეთებს მოსკოვის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ხრამჩიხინი. მას არ ეთანხმება ექსპერტი სტეფან გრიგორიანი: „ალბათ, ეს ინიციატივა არ გაფართოვდება. სამთა კავშირი, შეიძლება ითქვას, სომხეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის საპირწონეა“. რასიმ მუსაბაევის თქმით კი, ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არაა სომხეთ-რუსეთის სამხედრო კავშირთან დაპირისპირება, რადგან ცნობილია, რომ საქართველოს სომხეთთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს და არც აზერბაიჯანი არ ესწრაფვის რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებას“.
———-
სტატიაში მოხსენიებულია საქართველოში მიმდინარე ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო წრთვნები „ღირსეული პარტნიორი-2016“, მოკლედაა გადმოცემულია აგრეთვე სამივე სახელმწიფოს სამხედრო პოტენციალი.
«Die Welt» (გერმანია), 15 მაისი, 2016 წელი
http://www.welt.de/print/wams/kultur/article155359298/Paradies-zum-Ausschneiden.html
საქართველო: ნაწილებად დაჭრილი სამოთხე
ქვეყანა, სადაც უამრავი წიგნი იწერება, ბევრი ჭკვიანი ქალია და რომელიც ევროპისაკენ მიილტვის: მოგზაურობა ჩვენი სამყაროს განაპირა ზღაპრულ ქვეყანაში
სტატიაში საუბარია საქართველოს ისტორიასა და მის დღევანდელობაზე, ქართულ კულტურაზე, ქართველი მწერალი ქალების შემოქმედებაზე (ავტორი – ჰანა ლიუმანი).
„ქართველ ქალებზე უსასრულოდ შეიძლება ისაუბრო: ისინი ინსტიტუტებისა და მუზეუმების დირექტორები არიან, კინომცოდნეები, თარჯიმნები და მწერლები. თვითონ საქართველოს კი ხშირად კავკასიის მითიურ ქვეყანა კოლხიდას უწოდებენ. კავკასიის მთებში, როგორც ამბობენ, დღემდე მდინარეებში ოქროს ტყავის მეშვეობით მოიპოვებენ. ეს ის ოქროს ვერძია, რომლისთვისაც კოლხიდაში ბერძენი იასონი ჩავიდა და მედეა საბერძნეთში წაიყვანა. ნორვეგიელი მწერალი კნუტ სამსუნი კი საქართველოს ზღაპრულ ქვეყანად“ მიიჩნევდა. მან კავკასიაში გასული საუკუნის დასაწყისში იმოგზაურა. მართლაცდა, საქართველო ზღაპრული ქვეყანაა“, – აღნიშნულია სტატიაში. ავტორი იქვე აცნობს გერმანელ მკითხველს, რომ საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით, მონაწილეობას მიიღებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში, რომელიც 2018 წელს უნდა გაიმართოს.
პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე იოსებ სტალინზე, გორში არსებულ სახლ-მუზეუმზე: „საქართველოში იმ ადამიანის სახლ-მუზეუმია, რომელმაც ქვეყანას ბევრი უბედურება მოუტანა. აქაა მისი ნახატები, ტანსაცმელი, ჩექმები, და სიგარები, რომელიც მას უინსტონ ჩერჩილმა აჩუქა. ეზოში ძველი, ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროინდელი რკინიგზის ვაგონი დგას, რომლითაც იოსებ სტალინი გადაადგილდებოდა ევროპაში. როგორც ცნობილია, მას ფრენის მიმართ შიში ჰქონდა. მუზეუმი 1957 წლიდან არსებობს, ანუ ის იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან მეოთხე წელს გაიხსნა (აქ ავტორი სცდება: მუზეუმი 1937 წელს დაარსდა – მთარგმნ.შენიშვნა). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მუზეუმი მცირე ხნის განმავლობაში არ მუშაობდა, შემდეგ ისევ გაიხსნა და ამჟამად მოსახლეობასა და უცხოელ ტურისტებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მუზეუმში არის აგრეთვე ექსპოზიცია სტალინიზმის მსხვერპლთა შესახებ.
ავტორის აზრით, საქართველო, რომელსაც შეიძლება ნახევრად დემოკრატიული ქვეყანა ეწოდოს, შესამჩნევ აღმავლობას განიცდის. სტატიაში ჩამოთვლილია ქართველი მოდელებისა და მომღერლების წარმატებები საზღვარგარეთ (მაგალითად, ევროვიზიის კონკურსზე). მასში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია კორუფციასტან ბრძოლაში. გარდა ამისა, მიმდინარეობს მსჯელობა პარლამენტში ქალების რაოდენობის კვოტირებაზე, თუმცა, რასაკვირველია, საქართველოში ბევრი ქალი მაღალ სახელმწიფო თანამდებობზე არიან დანიშნულნი.
ახლოვდება ტურისტული სეზონი. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა. აქ საბჭოური არქიტექტურის მქონე ბევრი შენობაა შემორჩენილი, არის მთის მშვენიერი, თვალწარმტაცი პეიზაჟები, კავკასიის მარადწლოვანი თოვლით დაფარული მწვერვალები, მწვანე ხეობები, პალმები და ზღვისპირა კურორტები, უძველესი ეკლესია-მონასტრები. საქართველოს ოფიციალურ შენონებზე ყველგან ევროკავშირის დროშა ფრიალებს – ქართველები უვიზო რეჟიმის მიღებას ელოდებიან. საწყენია, რომ ევროპა საკითხის საბოლოო გადაწყვეტას აჭიანურებს.
საქართველოს რუსეთის მიმართ შიშის საფუძველი ნამდვილად აქვს. დღეს რუსეთში ვლადიმირ პუტინი თითქმის საქართველოში დაბადებულ იმ ადამიანს ასახიერებს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ბელადი იყო. შესაძლებელია მან თავისი ექსპანსიური მიზნები კვლავ განახორციელოს. საქართველო ბავარიის ტოლი სახელმწიფოა, მას მუდმივად ესხმოდნენ თავს თურქები და სპარსელები, მოგვიანებით კი რუსეთი დაუმეზობლდა და საბოლოოდ მის შემადგენლობაში შევიდა. ხანმოკლე სამწლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველო 1921 წელს კვლავ რუსეთის წითელმა არმიამ დაიკავა და მისი ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა.
თუ საქართველოს გუგლის რუკაზე შევხედავთ, ჩრდილო-დასავლეთით და ქვენის ცენტრში, გორთან ახლოს, პუნქტირებს დავინახავთ, რომლითაც სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებია მონიშნული. ეს ე.წ. „დამოუკიდებელი რესპუბლიკები“ რუსეთს ესაზღვრებიან. მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები 2008 წელს დაიკავა. აქ ინციდენტები თითქმის ყოველდღე ხდება. რუსეთი ნელ-ნელა იკავებს საქართველოს ტერიტორიას, „მცოცავი აგრესიის“ სახით.
ავტორი მოიხსენიებს ქართველ მწერალ ქალს ნინო ხარატიშვილს, რომელიც შეიძლება უკვე გერმანელ მწერლადაც ჩაითვალოს, რადგან ბავშვობიდან გერმანიაში ცხოვრობს. მისი ნაწარმოები „მერვე სიცოცხლე“ საქარველოში მეოცე საუკუნის 390იან წლებში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ეხება.
კიდევ ერთი თბილისელი მწერალი ქალი, რომლის შესახებაც სტატიაშია საუბარი, ანა კორძაია-სამადაშვილია. „ჩვენ 2004 წლის „ვარდების რევოლუციის“ შესახებ ვსაუბრობთ, რომლის შედეგად საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა. „ვარდების რევოლუცია“ – რომანტიკულად ჟღერს! ამ რევოლუციის დროს ერთი წვეთი სისხლიც კი არ დაღვრილა… თუმცა საქართველოში ხშირად ყველაფერს ძალიან იოლად ივიწყებენ“, – ამბობს ანა კორძაია-სამადაშვილი“.
————
„ნეზავისიმაია გაზეტას“ ინფორმაციით, გერმანული ტურისტული კომპანია „ტურისტიკ იუნიონ ინტერნაციონალ“-ის (TUI) რუსეთში არსებულმა წარმომადგენლობამ აფხაზეთში პირდაპირი საერთაშორისო ტურები დაიწყო. როგორც ცნობილია, აფხაზეთს საქართველო თავის ტერიტორიად მიიჩნევს. აფხაზური ტურების ღირებულება გაგრაში და ბიჭვინთაში დღე-ღამეში ერთ ადამიანზე 1700 რუბლიდან იწყება.
საინტერესოა, რომ „ტურისტიკ იუნიონ ინტერნაციონალი“ აფხაზეთს „კავკასიის დასავლეთ ნაწილში მდებარე პატარა სახელმწიფოს“ უწოდებს, რომელიც შეიძლება „მალდივს შევადაროთ“. ამასთან, გერმანული ტურისტული კომპანია თვლის, რომ აფხაზეთში მთებისა და ზღვის შეთავსება ისეთია, როგორც სოჭში, თუმცა უფრო უკეთესად და უფრო საინტერესოდ“. სხვათა შორის, ყირიში, რომელსაც კიევი თავის ტერიტორიად მიჩნევს, TUI ტურებს ჯერ-ჯერობით პირდაპირ კი არა, არამედ შუამავალი აგენტების მეშვეობით ყიდის (წყაროები: http://www.ng.ru/economics/2016-05-16/4_turism.html; http://www.tui.ru/Tours/Europe/abhazia/)