წყალდიდობა თბილისში (მიმოხილვა: «The Guardian», «Weser-Kurier», «Комсомольская правда»)
«Радио Голос Америки – украинская служба» (აშშ): დასავლელმა ექსპერტებმა მიხეილ სააკაშვილის შანსები შეაფასეს
«Независимая газета» (რუსეთი): ქართულმა პოლიციამ პანკისის ხეობაში სპეცოპრაცია ჩაატარა – თბილისი ცდილობს ხელი შეუშალოს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გადაბირებას
———————-
წყალდიდობა თბილისში
(მიმოხილვა: «The Guardian», «Weser-Kurier», «Комсомольская правда»)
თბილისში შექმნილ სიტუაციას უცხოური მასმედია კვლავ ყურადღებას უთმობს: რა თქმა უნდა, ვითარება ისეთი ინტენსივობით და დეტალურად აღარ შუქდება, როგორც ეს 14 ივნისს იყო, საფრთხის პიკმა უკვე გადაიარა, თუმცა გუშინ საღამოს და დღეს, 16 ივნისს საზღვარგარეთის ქვეყნების გაზეთებში ისევ დაიბეჭდა და ტელევიზიით გადაიცა მასალები წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის თაობაზე. აქტიურობს დასავლეთევროპული პრესა.
ბრიტანულ გაზეთ «The Guardian»-ში სათაურით „ქართულ პოლიციას ბრალს სდებენ ზოოპარკის ცხოველების ზედმეტ დახოცვაში“ (ავტორი ენდრიუ ნორტი). როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, რომლებიც წყალდიდობის დროს ზოოპარკში იქნენ გამოძახებული, ისე მოქმედებდნენ, თითქოსდა ცხოველებზე ნადირობდნენ. მათ ზედმეტი „გულმოდგინება“ გამოიჩინეს და საჭირო იყო თუ არ იყო, ცხოველებს მაინც ესროდნენ და კლავდნენ. უფრო მეტიც, ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, სელფ-ფოტოსურათებს იღებდნენ „ნანადირევის“ – ულმობლად დახოცილი ლომებისა და ვეფხვების ფონზე. პოლიციელებმა მოკლეს თეთრი ლომის ბოკვერი შუმბა, რომელსაც ზოოპარკის თანამშრომლები განსაკუთრებული მზრუნველობით ზრდიდნენ. ამასთან, როგორც მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, მათთვის პოლიციელის მიერ მოკლულ ცხოვლებთან სელფ-ფოტოსურათების გადაღების ფაქტები ცნობილი არ არის. პირიქით, პოლიციამ ყველა ღონე იხმარა და რაც შეიძლება მეტი ცხოველი გადაარჩინა. სტატიის ავტორი ასევე აღწერს წყალდიდობით დაზარალებული ზოოპარკის გაწმენდაში მოსახლეობის მონაწილეობის ფაქტებს და მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, სტიქიური უბედურების დროს ადამიანებიც დაიღუპნენ (1).
გერმანულ «Weser-Kurier»-ში სათაურით „დიდი ნადირობა ცხოველებზე თბილისში“ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია ქართული არმიის სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსახლეობის მონაწილეობის ფაქტები სტიქიური უბედურებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში. ხაზგასმულია, რომ წყალდიდობამ ადამიანებიც შეიწირა და საქართველოს დედაქალაქს, განსაკუთრებით ზოოპარკს, დიდი ზარალი მიაყენა. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, სტიქიამ ადამიანთა მსხვერპლიც გამოიწვია. ყურადღება ეთმობა ზარალის დადგენის საკითხს, უცხოეთის ქვეყნების მიერ საქართველოსათვის ჰუმანიტარული დახმარების შეთავაზებებს, ზოოპარკის ტერიტორიის გაწმენდას წყალდიდობით დახოცილი თუ პოლიციელების მიერ უსაფრთხოების მიზნით მოკლული ცხოველებისაგან (2).
უცხოური მასმედია ავრცელებს მასალებს აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ზოოპარკების მიერ თბილისელი კოლეგებისადმი შეთავაზებული დახმარების თაობაზეც. ასე, მაგალითად, ქალაქ ოდესის (უკრაინა) ზოოპარკის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ქართველებს გადასცენ ფრინველები და ცხოველები: შევარდნები, მიმინოები, ორკუზიანი აქლემი, ევროპული შველი, მაჩვზღარბები და ა.შ. (3)
იაროსლავლის (რუსეთი) ზოოპარკის დირექტორის თეიმურაზ ბარათაშვილის თქმით (იგი თბილისის ზოოპარკის ხელმძღვანელიც იყო ექვსი წლის განმავლობაში), მან თავის თბილისელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა ყოველმზრივი დახმარება აღუთქვა: „დამირეკა ზოოპარკთა ევრაზიული ასოციაციის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა სპიცინმა და მთხოვა, რომ თბილისის ზოოპარკს დავხმარებოდით. ეს ზალიან კარგია, რომ ჩვენი ორგანიზაციები ამ ასოციაციის წევრები არიან. ჩვენ ვმეგობრობთ და ეს მეგობრობა სიძნელეების გადალახვაში გვეხმარება“ (4).
სანკტ-პეტერბურგის (რუსეთი) ზოოპარკის პრესსამსახურის ცნობით, მათ სამძიმრის წერილი გაუგზავნეს თბილისელ კოლეგებს ადამიანთა მსხვერპლის გამო და დახმარება აღუთქვეს სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში. უკვე დაწყებულია ფინანსური სახსრების აკუმულირება, თანხა უახლოეს ხანში გადაიგზავნება თბილისში (5).
ერევნის (სომხეთი) ზოოპარკი მზადაა თავშესაფარი მისცეს თბილისის ზოოპარკის ბინადართ, რომლებიც წყალდიდობის გამო დაზარალდნენ. როგორც ერევნის მერმა ტარონ მარქარიანმა განაცხადა, მან თბილისში უკვე გაგზავნა სომეხი სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან ვითარებას და ქართველი კოლეგების დახმარების გაწევის ნუსხას შეადგენენ (6).
და ბოლოს, ამ თემასთან დაკავშირებით, ერთი მეტად საინტერესო სტატია, რომელიც გაზეთ «Комсомольская правда»-ში (უკრაინულ გამოშვებაში) დღეს, 16 ივნისს გამოქვეყნდა სათაურით „თბილისური წარღვნა კიევის ახლოს მომხდარმა დიდმა ხანძარმა გამოიწვია?“ (ავტორი – იულია გავრილოვა).
„ბუნებაში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ამბობს დნეპროპეტროვსკის ავიაესკადრილიის ყოფილი უფროსი, მფრინავი კონსტანტინე კოვალენკო. მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ თბილისში კოკისპირული წვიმის შედეგად მომხდარი წყალდიდობა კიევის ახლოს მდებარე ნავთობბაზაში მომხდარ ხანძარს გამოეწვია: „ჩვენი ავიაეკიპაჟები ადრეც ხშირად დაფრინავდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე განლაგებულ კოსმოდრომებზე და საგამოცდო პოლიგონებზე ბირთვული მასალები გადაჰქონდათ. ჩვენ გვქონდა თვითმფრინავი-ზონდები, რომლებსაც წვიმის ხელოვნურად გამოწვევა შეეძლოთ: ღრუბლებში იოდისტურ ვერცხლის ნარევს ვაფრქვევდით, მშრალ ყინულს, მჭვარტლისა და ცემენტის ნარევს, რათა ნალექები წარმოქმნილიყო. ასეთ ღრუბლებს ერთი თვისება აქვთ – მათში არსებულ წვიმის წვეთებს ათასობით კილომეტრზე გადადგილება შეუძლიათ ისე, რომ კონდენსატს არ კარგავენ. ზუსტად ასეთი სიტუაცია შეიქმნა თბილისში, სადაც ე.წ. თვითმფრინავ-ზონდის როლი კიევთან ახლოს, ნავთობბაზაში მომხდარმა ძლიერმა ხანძარმა შეასრულა, ჰაერში გამოტანილი ნახშირწყალბადის მილიარდობით ნაწილაკის სახით. მჭვარტლი ღრუბლებში მოხვდა, ისინი ქარმა საქართველოსკენ გადაიტანა, თბილისის ცაზე ჩამოწვა და არნახული ძალის მქონე თავსხმა წვიმა გამოიწვია. ასეთ სიტუაციაში ყველა ქვეყანა შეიძლებოდა მოხვედრილიყო, მათ შორის უკრაინაც, მაგრამ აქ საქმე ქარის მიმართულებამ გადაწყვიტა. როცა ჩერნობილში ბირთვული კატასტროფა მოხდა, ქარი კიევისკენ კი არ უბერავდა, არამედ სკანდინავიისკენ და სესაბამისად, რადიოაქტიური ნაწილეკებიც იქით იქნა გადატანილი“, – ამბობს ავიაესკადრილიის ყოფილი მეთაური.
„თუ საქართველო ყოვლისმომცველ გამოძიებას ჩაატარებს და თუ დადგინდება, რომ წყალდიდობის მიზეზი ჩვენი ქვეყანა იქნება, თბილისს შეუძლია კიევის მიმართ სარჩელი აღძრას და ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს. ამის გაკეთება ძნელი არ არის – წვიმის წყალი უნდა შეგროვდეს და მაისი შემცველობა უნდა დაზუსტდეს. ხანძარი თუ არ იქნებოდა, წყალდიდობაც არ მოხდებოდა. სამწუხაროდ, უკრაინის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ღრუბლები ათი კმ-ის სიმაღლეზე მოძრაობდნენ და მათში იმდენი ნალექი იყო დაგროვილი, რომ დაშლა შეუძლებელი იქნებოდა“, – აცხადებს კონსტანტინე კოვალენკო.
სტატიის ავტორი საუბრობს კიდევ ერთ სპეციალისტთან, კიევის ცენტრალური გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორ ალექსანდრე კოსოვეცთან, რომელიც აცხადებს, რომ კონტანტინე კოვალენკოს თვალსაზრისს არანაირი ობიექტური საფუძველი არ გააჩნია: „კიევის ახლოს, ვასილკოვში მომხდარ ხანძარს თბილისუ წარღვნასთან არავიტარი კავშირი არ აქვს. აი, შეხედეთ, საით ქროდა ქარი – ფასტოვისა და ბელაია ცერკოვის მიმართულებით, მაგრამ არა საქართველოსაკენ. მით უმეტეს, რომ ასეთ შორ მანძილზე ღრუბლები გაიფანტებოდნენ. უკრაინაში წელიწადში 100 მილიონ ტონამდე ნავთობი, ნახშირი და საწვავი მასალები იწვის და ამასთან შედარებით ვასილკოვის ნავთობბაზიდან ჰაერში ატანილი 100 ათასი ტონა ნაწილაკი მიზერული რაოდენობაა, რაც დიდი-დიდი ახლოს მდებარე ბოსტნებში ზეთიან ლაქებს გააჩენდა“ (7).
წყაროები:
(2) http://www.weser-kurier.de/startseite_artikel,-Grosswildjagd-in-Tiflis-_arid,1146317.html
(3) http://vesti-ukr.com/odessa/103628-odessa-pomozhet-tbilisi-zverjami
(4) http://gtk.tv/news/65710.ns
(6) http://ria.ru/world/20150615/1070528231.html
(7) http://kp.ua/incidents/503314-potop-v-hruzyy-sprovotsyroval-pozhar-pod-kyevom
«Радио Голос Америки – украинская служба» (აშშ), 16 ივნისი, 2015 წელი
http://ukrainian.voanews.com/content/saakashvili-experts/2820518.html
დასავლელმა ექსპერტებმა მიხეილ სააკაშვილის შანსები შეაფასეს
იარინა მატვეიჩუკი, „ამერიკის ხმა“
(შემოკლებით)
ამერიკელი ექსპერტები დადებითად აფასებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკასვილის დანიშვნას უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე, თუმცა დარწმუნებულნი არიან, რომ ქართველ პოლიტიკოსს წინ უფრო მეტი პრობლემა ელოდება, ვიდრე ეს საქართველოში იყო.
Jamestown Foundation-ის დირექტორი გლენ ჰოვარდი თვლის, რომ უკრაინაში შექმნილ სიტუაცია ყველაზე უკეთესი გამოსავალი სწორედ უცხოელი სპეციალისტების მიწვევა იყო. „ცხადია, შეიძლებოდა 20 წელი დალოდებულიყვნენ, სანამ დასავლურგანათლებამიღებული უკრაინელთა ახალი თაობა მოვიდოდა ხელისუფლებაში, მაგრამ ასეთ ვარიანტის დროს ქვეყანა რამდენიმე ათეულ წელს დაკარგავს. მე შემიძლია მაგალითი დავასახელო: როცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთმა საბჭოთა რუსეთი ვისლასთან გამართულ ბრძოლაში დაამარცხა [1920 წლის აგვისტოში], პოლონურ არმიას უმეტესად ქართველი გენერლები მეთაურობდნენ. სწორედ ამან გადაარჩინა პოლონეთი, რომ საბჭოთა კავშირის ხელში არ მოხვდა. მაშ, რატომ არ შეიძლება უკრაინამ თავისი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ახლაც ქართველების ტალანტითა და ნიჭით ისარგებლოს?“, – იხსენებს ისტორიას ამერიკელი ექსპერტი.
თუ მიხეილ სააკაშვილი ოდესაში სიტუაციას უკეთესობისაკენ შეცვლის, ეს ფაქტი მთელ უკრაინაზე დადებით გავლენას მოახდენს, – თვლის ექსპერტი. „იგი კარგად ხედავს უკრაინის წინაშე არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს. 20 წელი გავიდა უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, მაგრამ ქვეყანაში პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. ამიტომაც მისი დანიშვნა ოდესის გუბერნატორად დიდი რისკების შემცველია. მიხეილ სააკაშვილს რთული ამოცანა აქვს შესასრულებელი. გარდა ამისა, რუსეთთან ურთიერთობაც მოსაგვარებელია. ევროპის ტერიტორიაზე ომი თავიდან უნდა იქნეს აცილებული. დასავლეთმა სიტუაცია სერიოზულად უნდა შეაფასოს. თუ უკრაინა დამარცხდება, მას საქართველო მიჰყვება, აზერბაიჯანიც… ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა სუვერენიტეტს დაკარგავს. ეს ძალიან დიდი საფრთხეა“.
ვაშინგტონში არსებული კარნეგის ინსტიტუტის კავკასიის საკითხების სპეციალისტი თომას დე ვაალი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს წინ უფრო მეტი პრობლემები ელოდება, ვიდრე საქართველოში ჰქონდა.: „მისთვის უკრაინა უცხო სახელმწიფოა, იგი უცხო გუნდს უნდა დაეყრდნოს. ადგილობრივი კრიმინალი წინააღმდეგობის გარეშე არ დაემორჩილება. გარდა ამისა, ოდესის ოლქი რუსულენოვანი რეგიონია და ძალიან ბევრნია ის ადამიანები, რომლებიც რუსეთს ემხრობიან. თუმცა პეტრო პოროშენკოს იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი კორუფციას დაამარცხებს“.
თომას დე-ვაალი არ გამორიცხავს, რომ ოდესელებს წესრიგის დამყარება ძვირად დაუჯდებათ: „ალბათ, მიხეილ სააკაშვილი უმკაცრეს ზომებს მიიღებს დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრთა წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ასეთ ნაბიჯებს ქალაქის ქუჩებში ძალადობის გამოწვევა შეუძლია“.
ყველაზე მცირე ოპტიმიზმს მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის მიმართ მაკკეინის ინსტიტუტის უფროსი დირექტორი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში დევიდ კრეიმერი გამოხატავს. „ეს ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა, – გულახდილად ეუბნება რადიო „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტს ავტორიტეტული ამერიკელი ექსპერტი, – გასაგებია, რომ მას პეტრო პოროშენკოსთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს. საქართველოს ექს-პრეზიდენტს კარგი რეპუტაცია აქვს კორუფციასთან ბრძოლაში, მხედველობაშია მისაღები მისი გამოცდილება საქართველოში… მაგრამ უკრაინაში იგი უდიდესი გამოწვევის წინაშე დგება: შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ქართული წარმატების გამწეორებას ოდესაში – ისეთ რეგიონში, სადაც კორუფცია და დამნასავეობა ჰყვავის? რეგიონში, რომელიც ახლოსაა დონბასთან და რომელსაც რუსები სულ უფრო უახლოვდებიან? ოდესის ოლქი შეიძლება ფრონტისპირა გახდეს“.
დევიდ კრეიმერი ისეთი პოლიტიკური მოდელის მომხრეა, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება ზემოდან კი არ ინიშნება, არამედ ქვემოდან, ხალხის მიერ აირჩევა. „მე პირადად როგორც ამერიკელი, გუბერნატორის არჩევის მომხრე ვარ – არა მარტო აშშ-ში, არამმედ ყველაგან, ყველა ქვეყანაში. აი, ასეთი გუბერნატორი ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, არ ვარ დარწმუნებული, რომ არჩევნების შემთხვევაში მას მოსახლეობა მხარს დაუჭერს“.
ამასთან, როგორც დევიდ კრეიმერი ამბობს, არაა გამორიცხული, რომ სწორედ სააკაშვილი დაამყარებს ქალაქში წესრიგს: „იგი შედარებით ახალგაზრდაა, ენერგიით სავსე. მას, ალბათ, მართლაც სურს რაღაც კარგის გაკეთება. თუმცა არაა გამორიცხული, რომ იგი ოდესის გუბერნატორობა ვლადიმირ პუტინთან ანგარიშების გასწორებისათვის გამოიყენებს“.
«Независимая газета» (რუსეთი), 16 ივნისი, 2015 წელი
http://www.ng.ru/cis/2015-06-16/6_police.html
ქართულმა პოლიციამ პანკისის ხეობაში სპეცოპრაცია ჩაატარა – თბილისი ცდილობს ხელი შეუშალოს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გადაბირებას
რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტაში“ დაბეჭდილ სტატიაში მოცემულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის გარემოებები და შედეგები (ავტორი – იური როქსი).
„პოლიციამ სპეცოპერაცია კვირა ღამით პანკისის ხეობის ოთხ სოფელში – ჯოყოლოში, ომალოში, ბირკიანსა და დუმასტურში განახორციელა – ეძებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ადგილობრივი ახალგაზრდების გადაბირებას ეწეოდნენ. დაპატიმრებულთა შორის აღმოჩნდა სირიაში მებრძოლი მეთაურის თარხან ბათირაშვილის ბიძაშვილიც, მასთან ერთად კი ერთი პიროვნებაც – გაიოზ ბორჩაშვილი, რომელსაც საქართველოში „სილამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლად მიიჩნევენ. დააკავეს აგრეთვე ჯოყოლოს იმამი აიუპ ბორჩაშვილიც. „ეს სრული განუკითხაობაა! იპოვეს რა ამათაც ტერორისტი! ცხრა შვილის მამა! მას სირიაში აქაურების გაგზავნასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ხალხი იქ თვითონ მიდიან“, – ამბობს პანკისელი ალი ქავთარაშვილი.
პანკისელებში პოლიციის მოქმედებამ უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი აქციების მოწყობით დაიმუქრნენ. მოგვიანებით პოლიციამ დაკავებულები გაათავისუფლა, მაგრამ ერთის გარეშე – აიუპ ბორჩაშვილი კვლავ პოლიციის უბანში რჩება.
საეჭვოა, რომ ქართული პოლიცია პანკისელებმა შეაშინა და იმიტომაც გაათავისფლა დაკავებულები. პოლიცია დიდი ხანია მიეჩვია იმას, რომ ყოველ დაკავებას პანკისელების მუქარა მოსდევს ხოლმე – „ახლავე გამოუშვით უდანაშაულო კაცი“. ეს ტრადიცია ჯერ კიდევ ედურად შევარდნაძის პრეზიდენტობის დროიდან მოდის, როცა „შფოთისთავი“ ხეობის მოსახლეობასა და მთავრობას შორის ჯენტლმენური შეთანხმება დაიდო: „თუ თქვენ ხელისუფლებას თავის ტკივილს არ გაუჩენთ, მაშინ ხელისუფლება ხეობის საქმეებში არ ჩაერევა“. რა მოიტანა ასეთმა პარიტეტმა, ამის წარმოდგენა ძნელი არ არის და რას მოიტანს, თუ ისევ ისეთივე ურთიერთობები აღდგება, ესეც წინასწარ ცნობილია.
ჯერ-ჯერობით ყველაზე პოპულარული ვერსია ისაა, რომ პოლიციამ პანკისელ „ავტორიტეტებთან“ ე.წ. „პროფილაქტიკური“ ღონისძიება ჩაატარა, რადგან ადგილობრივი ახალგაზრდების სირიაში წასვლამ უპრეცედენტო მასშტაბი მიიღო. ამის თაობაზე ორიოდე თვის წინ პრემიერ-მინისტრიც ლაპარაკობდა. თუმცა ასეთი ზომებით ხეობაში სიტუაციის გამოსწორება ძნელია, იქ რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. საქმე თაობათა კონფლიქტამდეც კი მივიდა: უფროსები ტრადიციული ისლამის მომხრენი არიან, ახალგაზრდები კი „ახალი ისლამისა“.
ქართველმა ჟურნალისტმა თენგიზ აბლოთიამ, რომელსაც არაერთხელ გაუშუქებია პანკისის თემატიკა, თავისი ფეისბუქის გვერდზე ასეთი რამ დაწერა: „როგორ შეიძლება შეაჩერო ენერგიით სავსე ამბიციური ახალგაზრდა, რომელსაც არამარტო გაცნობიერებული აქვს ბრძოლისაკენ სწრაფვა, არამედ ღრმადაა დარწმუნებული, რომ სწორედ ბრძოლაში დაღუპვა არის ნამდვილი მუსულმანის ჭეშმარიტი დანიშნულება?“.