globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 16 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 16th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია): ქართული თავსატეხი // ნატოს ვარშავის სამიტზე ბევრი ისაუბრეს გლობალურ გამოწვევებზე, მაგრამ ცოტა – აღმოსავლეთით გაფართოებაზე. არადა, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისაგან მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს

«Foreign Policy» (აშშ): თბილისი აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ბრძოლას ქართველი ლიდერის სიკვდილით შემდეგაც გააგრძელებს

———————-

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია), 16 ივლისი, 2016 წელი

http://www.nzz.ch/international/europa/eu-osterwe-georgisches-geduldspiel-ld.105845

ქართული თავსატეხი

ნატოს ვარშავის სამიტზე ბევრი ისაუბრეს გლობალურ გამოწვევებზე, მაგრამ ცოტა – აღმოსავლეთით გაფართოებაზე. არადა, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისაგან მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს

„საპატრულო რაზმის მეთაური გიორგი ეს წუთია პატრულირებიდან დაბრუნდა, მას ავტომატი ლულით ქვემოთ მხარზე აქვს გადაკიდებული და მუშტებით მაგიდას ეყრდნობა. სულ ახლახანს თალიბანმა ავტოქარავანზე თავდასხმა განახორციელა, ორი ჯარისკაცი დაიჭრა. როგორც გიორგი ჰყვება, „დღევანდელი დღე მაინც შედარებით მშვიდობიანი გამოდგაო“, – წერს გაზეთის კორესპონდენტი სილვია შტოიბერი, რომელიც თვითონაც ავღანეთში იმყოფება.

როგორც ავტორი აღნიშნავს, გიორგი ერთ-ერთი ჯარისკაცია იმ 860 ქართველი სამხედრო მოსამსახურიდან, რომლებიც ავღანეთში ნატოს მისიის „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ ჩარჩოებში ბაგრამის სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან, ქაბულიდან 47 კმ-ის მოშორებით. ირგვლივ საკმაოდ ბევრია ისეთი დასახლებული პუნქტი, რომლის მოსახლეობაც ნატოელების მიმართ მტრულადაა განწყობილი. ქართველ ჯარისკაცთა ფუნქციებში შედის ადგილობრივი ავღანური უშიშროების ძალების გაწრთვნა, ინსტრუქტორთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საპატრულო სამსახური, სამხედრო ბაზების დაცვა და იმ ავღანელების გაკონტროლება, რომლებიც სამხედრო ბაზაში სამუშაოდ დადიან.

„მართალია, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი არ არის, მაგრამ ეს იქვეყანანატოს იმ წევრების სამეულში შედის (აშშ-სთან და გერმანიასთან ერთად), რომლებთაც ავღანეთში რიცხოვნობით ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი ჰყავთ. საქართველო, თავისი 3,8 მილიონიანი მოსახლეობით, ძალიან ძვირ ფასს იხდის ნატოს მისიაში მონაწილეობის გამო: ავღანეთში უკვე 31 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ნატოს მისიაში საქართველოს მონაწილეობა ალიანსის სხვა ქვეყნებისათვის მძიმე ტვირთის შემსუბუქებას წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ ავღანეთიდან ალიანსის ჯარების ადრე დაგეგმილი გამოყვანა, როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით ვერ განხორციელდება.

თავის მხრივ ქართველებს იმედი ჰქონდათ, რომ გასულ კვირას გამართულ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ვარშავის სამიტზე, ნატოში 2008 წელს დაპირებული გაწევრიანების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი იქნებოდა გადადგმული, მით უმეტეს, რომ მათ ალიანსის წევრობისათვის ყველა მოთხოვნა უკვე შესრულებული აქვთ. სამწუხაროდ, ნატოს წევრებს საქართველოს მიღების მიზნით რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

რუსეთთან მეზობლობა და საქართველოს ტერიტორიაზე ორი მოუგვარებელი ეთნიკური კონფლიქტის არსებობა ნატოში არმიღების მხოლოდ ერთ-ერთი ასპექტია. მეორე მომენტია ნატოს წესდების პრინციპი კოლექტიური თავდაცვის შესახებ, ანუ „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“. როგორც ევროპული კვლევითი ცენტრის (Pew Research Center) ანგრიში მოწმობს, ნატოს წევრი დასავლელი ქვეყნების მოსახლეობა ჯერ კიდევ არ არის მზად აღმოსავლეთით მდებარე წევრი-სახელმწიფოების დაცვისთვისაც კი.

პრინციპში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის იგივე განმეორდა, რაც უელსის 2014 წლის სამიტზე იყო: ახლა თბილისმა უელსური „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის“ ნაცვლად „არსებითი პაკეტი“ მიიღო, რომელშიც ნატოს წევრი 20 სახელმწიფო მონაწილეობს. ერთი მხრივ, „პაკეტის“ მიზანს ქართული არმიისა და ნატოს სამხედრო ძალების ინტეგრაციის გაუმჯობესება წარმოადგენს, მეორე მხრივ კი საქართველოს თავდაცვისუნარიონაობის განმტკიცება. ანუ ნატოს დევიზი ასე ჟღერს: „ყველაფერი, გაწევრიანების გარდა“.

საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, რომლის რეალიზება საფრანგეთთან კოოპერირებით ხორციელდება. ამისათვის ერთობლივი ფრანგულ-ამერიკული კომპანიისათვის (ThalesRaytheonSystems) 53 მილიონი ევრო გამოიყოფა, ხოლო საკუთრივ ფრანგული სამხედრო ფირმა MBDA-სთვის – 25 მილიონი. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა საქართველოში ამასწინანდელი ვიზიტის დროს, ამერიკა ქართული არმიის განმტკიცებაათვის მიმართულ ძალისხმევას კვლავაც გააგრძელებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, „არსებითი პაკეტის“ პროგრამის რეალიზებაში ფედერაციული რესპუბლიკაც მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებს. გარდა ამისა, ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთის ქალაქ მაზარი-შარიფში გერმანიის სარდლობის ქვეშ მსახურობენ, ხუთთვიან მომზადებას გერმანიაში გადიან. ბუნდესვერი ასევე ეხმარება ქართულ კონტინგენტს ტრანსპორტით უზრუნველყოფასა და მომარაგების საკითხებში.

სხვათა შორის, ეს ყველაფერი ქართული საზოგადოებისათვის ნაკლებად არის ცნობილი. თბილისში ძირითადად მხოლოდ ის იციან, რომ გერმანია საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია. ქართველების ასეთი წარმოდგენები ემყარება იმ გერმანელ პოლიტიკოსთა განცხადებებს, რომლებიც ქართველებისაგან სტრატეგიულ მოთმენას ითხოვენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ეთანხმება იმ აზრს, რომ ადრე ნატოში გაწევრიანების თაობაზე არარეალური მოლოდინი არსებობდა. დღეს უფრო რეალისტურად უყურებენ, თუმცა პესიმიზმიც შეინიშნება. ამის მიუხედავად, საქართველოს იმედი აქვს, ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვა, სამშობლოდან 2300 კმ-ის მოშორებით, უშედეგოდ არ ჩაივლის: „ჩვენ ნატოს კარზე მანამ ვაკაკუნებთ, სანამ ის არ გაიღება“.

«Foreign Policy» (აშშ), 15 ივლისი, 2016 წელი

http://foreignpolicy.com/2016/07/14/tbilisi-says-fight-will-go-on-after-slaying-of-georgian-isis-commander/

თბილისი აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ბრძოლას ქართველი ლიდერის სიკვდილით შემდეგაც გააგრძელებს

ჯონ ჰადსონი, ბათუმი, საქართველო

ერთი საათიც არ იყო გასული იმის შემდეგ, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავისი ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი და გავლენიანი ლიდერის, ქართული წარმოშობის მქონე აბუ-ომარ ალ-შიშანის დაღუპვა დაადასტურა, რომ ამ ფაქტს მისი სამშობლოს – საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიესალმა. მან აღნიშნა, რომ ალ-შიშანის სიკვდილი მნიშვნელოვანი მიღწევაა ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ ბრძოლაში. „მან თავისი ბედი თვითონ მაშინ გამოსჭედა, როცა „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალის კორესპონდენტთან საუბრის დროს. „სამწუხაროდ, ტერორიზმის პრობლემა ერთი ადამიანის სიკვდილით ვერ გადაწყდება… უსამა ბენ ლადენიც დიდი ხანია მოკლულია, მაგრამ ის საფრთხე, რომელიც მან ცივილიზებულ სამყაროს შეუქმნა, აჟამადაც არსებობს“, – ამბობს თინა ხიდაშელი.

ამერიკელებმა ინფორმაცია ალ-შიშანის დაღუპვის თაობაზე უფრო ადრე, მარტის თვეში გაავრცელეს, მაგრამ „ისლამურ სახელმწიფოს“ იმ დროს ეს ფაქტი არ დაუდასტურებია. ადამიანის უფლებათა სირიის ცენტრის ხელმძღვანელის რამი აბდულრაჰმანის თქმით, როგორც ჩანს, „ისლამური სახელმწიფო“ ელოდებოდა, როდის გამოძებნიდა მის შემცვლელს და დროს ამიტომაც აჭიანურებდა.

(პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს პანკისის ხეობაში დაბადებულ-გაზრდილი აბუ-ომარ ალ-შიშანის (იგივე თარხან ბათირაშვილის) ბიოგრაფიის დეტალები, მისი სამხედრო კარიერა, საბრძოლო გზა (მონაწილეობა რუსეთ-საქართველოს ომში), პატიმრობის პერიოდი, ციხიდან გათავისუფლება, სირიაში წასვლა, ბრძოლები „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში…).

„რადგანაც თბილისს და ვაშინგტონს ერთმანეთთან ფართო სამხედრო კავშირები აქვთ, აბუ ომარ ალ-შიშანის, იგივე „ჩეჩენი ომარის“ ქართული წარმომავლობა საქართველოს – ამ  ქრისტიანული პატარა ქვეყნის მთავრობას გარკვეულ პრობლემებს  უქმნიდა. აშშ-ის მთავრობა ყოველმხრივ ცდილობდა განეიტრალებინა ის მოარული ხმები, რომელთა თანახმად, თარხან ბათირაშვილი ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა მოამზადეს 2006-2008 წლებში, ანუ იმ დროს, როცა ახალწვეული იყო და ქართულ არმიაში მსახურობდა. ამ ხმებს თინა ხიდაშელიც კატეგორიულად უარყოფს: მისი თქმით, ქართველ ახალწვეულებს არასოდეს არ აქვთ კონტაქტი უცხოელ სამხედრო სპეციალისტებთან – „ეს ისტორია მტკნარი სიცრუეა“, – ამბობს იგი.

ფილადელფიის საგარეოპოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის მაიკლ ჩეჩირეს თქმით, ომარ ალ-შიშანის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მოპოვებული საბრძოლო წარმატებები ყველაზე დიდი პოპულარობით კავკასიაში სარგებლობდა, რასაც თვით „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდაც უწყობდა ხელს“.

როცა „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში აბუ ომარ ალ-შიშანი საერთაშორისო მასშტაბის ფიგურად გადაიქცა, საქართველოს მთავრობამ დაიწყო აქტიური მცდელობა პრობლემურ პანკისის ხეობაში არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად: „მას შემდეგ, რაც მე მინისტრად დავინიშნე, ერთ-ერთი ჩემი პრიორიტეტი პანკისის ხეობა გახდა“, – ამბობს თინა ხიდაშელი.

კერძოდ, საქართველოს მტავრობამ თავისი ძალისხმევა მიმართა პანკისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის – ჩეჩნების ინტეგრირების მიზნით ქართულ ეროვნულ [სამხედრო] სამსახურში. თინა ხიდაშელის თქმით, იგი ხუთჯერ იყო ჩასული ხეობაში, შეხვდა ადგილობრივ ახალგაზრდებს, რის შემდეგაც რეგიონიდან 34-მა ახალგაზრდამ [ქართულ არმიაში] სამსახურის სურვილი განაცხადა. „მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ პირველად ათი წლის შემდეგ, ჩვენს  არმიაში პანკისელი ახალგაზრდები მსახურობენ“, – თქვა მინისტრმა.

Comments are closed