«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): პენსია, პასპორტი და რუსული ხიშტი „შულავერის მეორე კომიტეტისგან“
«Огонек» (რუსეთი): ფრთხილად, „ფოცხს ფეხი არ დავაბიჯოთ“ // აკადემიკოსი ალექსი არბატოვი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის შესახებ
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 16 აგვისტო, 2016 წელი
პენსია, პასპორტი და რუსული ხიშტი „შულავერის მეორე კომიტეტისგან“
ზაზა წულაძე
აფხაზეთის ომის 24-ე და აგვისტოს ომის 8-ე წლისთავზე, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე უპრობლემოდ გავიდა სკანდალური საარჩევნო რეკლამა, სადაც პრორუსული პარტია „ცენტრისტები“ ქართულ საზოგადოებას „400 ლარიან რუსულ პენსიას“, “რუსეთის პასპორტებს“ და საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპანტი ქვეყნის „სამხედრო ბაზების“ დაკანონებას სთავაზობს.
პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ – გასამხედროებული ნაციონალისტური ორგანიზაცია „მხედრიონის“ ერთ-ერთი ლიდერის, შემდგომში – შინაგან საქმეთა მინისტრისა (1992-93) და უშიშროების მინისტრის მოადგილის (1994-95), 1995 წლის 29 აგვისტოს, პრეზიდენტ ედუარდ შევარდანაძეზე ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორის თემურ ხაჩიშვილის მიერ ჯერ კიდევ 2002 წლის დეკემბერში იქნა დაარსებული – რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც შეწყალების საფუძველზე თემურ ხაჩიშვილმა ციხე დატოვა. საზოგადოებაში, ეს ორგანიზაცია „დათვის“ სახელით იყო ცნობილი.
„ვარდების რევოლუციიდან“ მალევე, 2004 წლის აპრილში, თემურ ხაჩიშვილი იარაღის უკანონო ტარების გამო დააკავეს, შემდეგ გაანთავისუფლეს და მანაც რუსეთს შეაფარა თავი, სადაც 2012 წლის შემოდგომამდე ცხოვრობდა. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი თემურ ხაჩიშვილი თბილისში დაბრუნდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ცენტრისტები“, რომელსაც ციხის სკანდალური კადრების ავტორი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძეც შეუერთდა, რეგისტრაციაში 2016 წლის 15 ივლისს გაატარა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა. შესაბამისად, პრორუსულმა პარტიამ, როგორც არაკვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის დრო მიიღო.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ამბობს, რომ ამ შინაარსის პოლიტიკური რეკლამის გაშვება მაუწყებელზე, რუსეთთან ომებში დაღუპული ათი ათასობით გმირის შეურაცხყოფაა:
„როცა ისინი პირდაპირ, საარჩევნო რეკლამაში აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკური მიზანი არის საქართველოში რუსეთის ჯარის შემოყვანა, ამით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ჩვენი ძალოვანი სამსახურები. უნდა გაარკვიონ, თუ რას საქმიანობენ პრორუსული პარტიები, რომლებიც რუსეთიდან ფინანსდებიან. ეს არა მხოლოდ ანტიკონსტიტუციურია, ეს არის მთელი ქართველი ხალხის და რუსეთთან ომებში დაღუპული ათი ათასობით გმირის შეურაცხყოფა““
პირველმა, პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტებისთვის“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ მოითხოვა. სარჩელში ნათქვამი იყო, რომ „400 ლარიანი რუსული პენსიის შეთავაზება“ ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვა იყო, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით წერეთელმა ეს არგუმენტი არ გაიზიარა. დღეს,„სამართლიანმა არჩევნებმა“ განჩინება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, ამავე დროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, რომ უკანონო აგიტაციის გამო, „ცენტრისტები“ დააჯარიმონ.
პარალელურად, რესპუბლიკურმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ ცალ-ცალკე, საკონსტიტუციო სარჩელისთვის პარლამენტში ხმების შეგროვება დაიწყეს. სარჩელის მიზანია „ცენტრისტებისთვის“, როგორც ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური ძალისთვის, იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის გაუქმება. საკონსტიტუციო სარჩელს დეპუტატთა 1/5-ის ხმების სჭირდება. პრორუსული პროპაგანდა უკვე დაგმეს პრემიერმა და პრეზიდენტმა.
მართალია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სკანდალური რეკლამა ეთერიდან უკვე ამოიღო, თუმცა „ცენტრისტების“ ლიდერი ღია რუსულ პროპაგანდას ისევ ეწევა, როგორც თბილისში ბაზირებულ, ისე რეგიონალურ ტელევიზიებში. ასევე ინტერნეტის მეშვეობით. თემურ ხაჩიშვილი ამომრჩევლის „მოხიბვლას“ კვლავაც რუსული პენსიით ცდილობს:
„პენსიონერი, რომელიც მსახურობდა სსრკ-ს დროს, ვთქვათ, მეტალურგიაში ან სხვა ნებისმიერ დარგში, ქმნიდა დოვლათს და დღეს დარჩენილია, საცოდავი 160 ლარის ამარა, თუ გამოთქვამს, სურვილს, მიიღებს, რუსულ პენსიას. ეს ჩვენს ფულზე, არის დაახლოებით – 400 ლარი. რუსეთის ხელისუფლებაში ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მე მქონდა მათთან ამაზე საუბარი. თუ, არჩევანს ჩვენზე გააკეთებენ, ყველა პენსიონერი 50 დღეში მიიღებს რუსული პენსიას.“
რუსეთის მიერ ხელდასმული „შულავერის მეორე კომიტეტი“ პენსიის, პასპორტისა და რუსული ხიშტის გარდა, ამომრჩეველს ასევე პირდება – „ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას და საქართველოდან გაძევებას“.
„ცენტრისტების“ მსგავსად, პრორუსული რიტორიკით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრეირებული 60-ზე მეტი პარტიიდან, ასევე გამოირჩევიან: „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ქართული დასი“, „ქართული იდეა“, კომუნისტური პარტია, „თეთრები“, ერთიანი კომუნისტური პარტია, თავისუფალ-დემოკრატიული პარტია, „ნეიტრალური საქართველო“, მშრომელთა სოციალისტური პარტია, „მეჭიაური ერთიანი საქართველოსათვის“ და “ნეიტრალური ევრაზიული საქართველო“.
«Огонек» (რუსეთი), 16 აგვისტო, 2016 წელი
http://www.kommersant.ru/doc/3058657
ფრთხილად, „ფოცხს ფეხი არ დავაბიჯოთ“
აკადემიკოსი ალექსი არბატოვი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის შესახებ
რუსულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „ოგონიოკში“ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია გასულ კვირაში მომხდარი საგარეოპოლიტიკური მოვლენები, მათ შორის თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის საკითხები: პეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა თავის თურქ კოლეგა რეჯეპ ერდოღანთან სანკტ-პეტერბურგში (ავტორი – ალექსეი არბატოვი, აკადემიკოსი).
პუბლიკაციაში მიმოხილულია რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთდამოკიდებულება 2000-იანი წლების დასაწყისში, ვლადიმირ პუტინის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში, როცა მოსკოვმა დახმარების ხელი გაუწოდა ვაშინგტონს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში, როცა რუსეთმა ხელი შეუწყო ანტიტერორისტული კოალიციის ჩამოყალიბებას და აშშ-სთან ერთად უპირისპირდებოდა „ალ-ქაიდას“…
გთავაზობთ ამონარიდს.
„დღეს რუსეთის ლიდერს, როგორც ჩანს, სულ სხვა წარმოდგენები აქვს პრიორიტეტებსა და მოწინააღმდეგეებზე. პრეზიდენტობის პირველი ორი ვადის განმავლობაში ვლადიმირ პუტინი, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთისადმი პრეტენზიები ჰქონდა, ატარებდა ისეთ იდეას, რომლის თანახმად, რუსეთი ევროპული ქვეყანაა და, შესაბამისად, გათავისებული აქვს ევროპული ღირებულებები და ნორმები. ამჟამად მსგავს აზრებს და პოზიციებს ვეღარ მოისმენ, მით უმეტეს „სამეფო კარის“ პოლიტოლოგებისაგან, დეპუტატებისაგან და ჟურნალისტებისაგან, რომლებმაც სწრაფად აუღეს ალღო ცვლილებებს.
რასაკვირველია, დასავლური მსოფლმხედველობაც იცვლება, თუმცა ეს ცვლილებები იქ უფრო ნელა, მდოვრედ მიდის, ვიდრე რუსეთში: დასავლეთში, რუსეთთან შედარებით, უფრო ნაკლებად „დისციპლინირებული“ პოლიტიკური სისტემაა. იქ თუ ხანგრძლივი დებატების შემდეგ კურსი იცვლება და თუ „ახალ გზაზე“ დგებიან, ეს ხანგრძლივი პროცესია. დასავლეთში ვერ შეძლებენ, რუსეთის მსგავსად, სწრაფად აუხსნან საზოგადოებას გუშინდელი მტრის დღეს მეგობრად გამოცხადების მიზეზს. ეს მხოლოდ რუსეთში შეიძლება მოხდეს.
თურქული ხაფანგი
თეზისი „გუშინ მტერი – დღეს მეგობარი“ შეიძლება ბევრისთვის წარმატებულ საგარეო პოლიტიკას ნიშნავს. აი, ხომ შევძელით თურქეთის მოდრეკაო, ამბობენ. მაგრამ რატომღაც ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ თურქეთი დასავლეთი არ არის, არც ევროკავშირის წევრი არაა და ვერც ვერასოდეს გახდება. ანკარა რაც უფრო მეტად „მიაწვება“ და უერთგულებს თავის მიერ არჩეულ „განსაკუთრებულ გზას“, მით მეტად დაშორდება ევროკავშირს და შემდეგ კი ნატოსაც. უფრო მეტიც, ნატოსაგან დაშორება შეიძლება საბოლოოდ ნატოდან გამოსვლაში გადაიზარდოს, თუ რეჯეპ ერდოღანი ხელისუფლებაში დარჩება. ეს სავსებით შესაძლებელია. ნატოდან გასვლის პრეცედენტები იყო: 1967 წელს საფრანგეთმა, შარლ დე-გოლის პრეზიდენტობის დროს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დატოვა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატების დიქტატს არ დაემორჩილებოდა. [1974 წელს იგივე ნაბიჯი გადადგა საბერძნეთმაც, კვიპროსზე თურქეთის დესანტის გადასხმის გამო. თუმცა მოგვიანებით თურქეთიც (1980 წელს) და საფრანგეთიც (2009 წელს) ნატოში დაბრუნდნენ]. ანკარასაც შეუძლია იგივე გზით წავიდეს და ამერიკელებს ჯერ მათი ბაზების გაუქმება მოსთხოვოს, შემდეგ კი [ნატოს წესდების მე-13 მუხლის თანახმად], განაცხადოს, რომ ტოვებს ამ სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციას და ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად აცნობოს ამერიკის შეერთებულ შტატებს.
ალბათ, მოვლენების ასეთი განვითარება კრემლისთვის სასიხარულო იქნება, მაგრამ ეს ხომ ხაფანგში თავის გაყოფას ნიშნავს: ტაქტიკური მოგება შეიძლება სტრატეგიულ წაგებად შემოგვიბრუნდეს, რაც ცხოვრებაში ძალიან ხშირად ხდება, მით უმეტეს, საერთაშორისო დიპლომატიაში. გასაგებია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან თურქეთის გასვლით შავი ზღვის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში ნატოს პოზიციები მკვეთრად შესუსტდება, მაგრამ სამაგიეროდ, დასავლეთი და აშშ ყველაფერს გააკეთებენ თავიანთი მოკავშირეების, თურქეტის მეზობელი ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის კონსოლიდირებისათვის, შემდეგ კი მათ უკრაინა და საქართველოც შეუერთდება. თბილისი და კიევი ნატოშიც რომც არ გაწევრიანდნენ, მათ სავსებით შეუძლიათ აშშ-სთან ორმხრივი სამხედრო ურთიერთობები გააფართოვონ და ნება დართონ ვაშინგტონს მათ ტერიტორიაზე აშშ-ის მსხვილი სამხედრო ბაზების განალაგოს (და ეს ყველაფერი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული პრობლემების მიუხედავად). მოკლედ, ისე მოხდება, როგორც ეს იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან მიმართებით მოხდა. ამ შემთხვევაში ნატოს ფლოტი შავი ზღვის აკვატორიაში უკვე მუდმივ საფუძველზე იქნება. აბა, მონტრეს კონვენცია რისთვისრა არსებობსო, იკითხავთ. მონტრეს კონვენცია ყველა უბედურების წამალი ვერ იქნება.
ყველასთვის შესამჩნევია, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მაინცდამაინც პროგნოზირებადი პოლიტიკოსი არ გახლავთ, რაც ბოლო მოვლენებმაც დაადასტურა. სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა მის პირად ხასიათზეა დამოკიდებული, ვთქვათ, იგივე ამერიკასთან. თურქეთის ინტერესები რუსეთის ბევრ პოზიციას ეწინააღმდეგება – ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში, უკრაინაში და ცენტრალურ აზიაშიც კი. ეკონომიკური თანამშრომლობა კი ყოველთვის ვერ ასრულებს სამხედრო-პოლიტიკური კონფრონტაციისაგან დაზღვევის როლს (ამაში ჩვენ ევროკავშირთან ურთიერთობამაც დაგვარწმუნა). ვფიქრობ, რომ გრძელვადიან გეგმებში რუსეთისა და თურქეთის განსხვავებული პოზიციები ჩვენ ახლანდელ სასიამოვნო განწყობას დაპირისპირებად შეცვლის. გარდა ამისა, თურქეთის ისლამიზაცია ხდება, რაც სამომავლოდ რუსეთისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს: რა უფრო გვიჯობს – ჩვენს გვერდით არსებული 80-მილიონიანი ისლამური სახელმწიფო, ევროპაში ყველაზე დიდი არმიით და, პერსპექტივაში, ალბათ, ბირთვული იარაღით აღჭურვილი თუ დღევანდელი ნატოს მყიფე სამხრეთული ფლანგი და ინჯირლიკის ბაზა, სადაც ბირთვული ბომბების საწყობს ამერიკა აკონტროლებს?