«Радио Голос Америки» (აშშ): აშშ-ის ახალი ელჩი იან კელი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას // ქართველ ექსპერტთა შეფასებები
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოს მთავრობა უცხოური ინვესტიციების ზრდაზე საუბრობს, მაგრამ რამდენად სწორია „საქსტატ“-ის მონაცემები?
«Комсомольская правда» (რუსეთი): „გადადგეს მიხეილ სააკაშვილი!“: უკრაინელთა პეტიცია
«ТВ Россия-24 – Вести» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში საკუთარი ჰარამხანა გახსნა
—————————
«Радио Голос Америки» (აშშ), 15 სექტემბერი, 2015 წელი
http://www.golos-ameriki.ru/content/us-georgia-new-ambassador-kelly/2965002.html
აშშ-ის ახალი ელჩი იან კელი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას
ქართველ ექსპერტთა შეფასებები
„იან კელიმ, აშშ-ის ახალმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, თბილისში ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მოკლედ ისაუბრა საკუთარი პერსონისა და იმ გეგმების შესახებ, რომლებსაც იგი აშშ-ის ელჩის რანგში განახორციელებს“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინასებული რადიოსადგურის „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიაში (ავტორი – ნესტან ჩარკვიანი).
“ჩემთვის პატივია, საქართველოში შეერთებული შტატების ახალ ელჩად ვიმსახურო. თბილისს პირველად 1976 წელს ვესტუმრე, მაშინ კოლეჯის სტუდენტი ვიყავი. შთამბეჭდავი იყო ქალაქის ენერგია და სილამაზე. მოუთმენლად ველოდები, გამოვიყენო დიპლომატიაში დაგროვილი 30-წლიანი გამოცდილება და დავეხმარო საქართველოს, რათა სრულად განახორციელოს ევროატლანტიკური მისწრაფებები. ამერიკა საქართველოს გვერდით დგას, რათა ის თავისუფალი, დამოუკიდებელი და წარმატებული ევროპული სახელმწიფო გახდეს. (…) როგორც აშშ-ის ელჩი ეუთო-ში და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე 2013 წელს, კარგად ჩავწვდი რეგიონულ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას. აგრეთვე მოწადინებული ვარ, ხელი შევუწყო საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, განსაკუთრებით ევროპასა და აზიას შორის აბრეშუმის სავაჭრო გზის გამოცოცხლებას. მე დიდებულ ქალაქ ჩიკაგოდან ვარ. ჩემს მეუღლე ფრანჩესკას, ჩვენ შვილებსა და მე, რა თქმა უნდა, მოგვენატრება ჩიკაგოს ლეგენდარული, ღრმა თეფშში გამომცხვარი პიცა და ჩვენი საყვარელი ბეისბოლის გუნდი “ჩიკაგო ქაბსი”, მაგრამ სიამოვნებით მივირთმევთ ქართულ ხაჭაპურს და ვუყურებთ საქართველოს საფეხბურთო გუნდის თამაშს. რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით, ახლოს გავიცნოთ ქართული ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა და მომაჯადოებელი უძველესი კულტურა”, – აცხადებს იან კელი.
სტატიაში გადმოცემულია აგრეთვე იან კელის დიპლომატიური კარიერა – როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობა, ასევე საზღვარგარეთ აშშ-ის სხვადასხვა საელჩოებში და მისიებში. იან კელი კარგად იცნობს რუსეთს, მან რუსული ენა კოლუმბიის უნივერსიტეტში შეისწავლა და იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სლავისტიკაში.
როგორია ქართველი ექსპერტების შეფასება?
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელი და ევროინტეგრაციის ექს-მინისტრი ელენე ხოშტარია „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის კორსპონდენტთან საუბარში აღნიშნავს, რომ საერთოდ, აშშ-ის ელჩს ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან „შეერთებული შტატები მსოფლიოში დემოკრატიის საყრდენად ითვლება“ და მით უმეტეს, საქართველოსთვის, რომელსაც აშშ-სთან სტარტეგიული პარტნიორობა აკავშირებს. ასე რომ, თბილისისათვის აშშ-ის ახალი ელჩის დანიშვნა მნიშვნელოვანი მოვლენაა. „შეერთებული შტატები ყოველთვის იყო ქართული დემოკრატიის მხარდამჭერი, მათ შორის კრიტიკის მეშვეობითაც. ამერიკა დიდი როლს ასრულებს ჩვენდამი ფინანსური დახმარებისა და დემოკრატიული პროცესების განვითარების თვალსაზრისით, საქართველოს ინტერესების დაცვაში საერთაშორისო არენაზე იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელიც რუსეთიდან მოდის და რასაკვირველია, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხში“, – ამბობს ელენე ხოშტარია
ექს-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ამერიკა, რუსეთისაგან და სხვა არადემოკრატიული სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, ისეთი ქვეყანაა, რომელიც „თამაშის წესებს იცავს“, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, გვეხმარება დემოკრატიის განვითარებაში და იმავე დროს „ჩვენს საშინაო საქმეებში არ ერევა“. „იან კელი ძალიან გამოცდილი დიპლომატია, იგი მუშაობდა ეუთოშიც, რომელიც საკმაოდ რთული ორგანიზაცია, რადგან, ნატოსაგან განსხვავებით, მასში ის სახელმწიფოებიც არიან გაერთიანებულნი, რომლებთ ერთმანეთისაგან განსხვავებული პოზიციები აქვთ საერთაშორისო მოვლენების მიმართ. იან კელი კარგად იცნობს რუსეთს და ჩვენს რეგიონს. მისი ელჩად დანიშვნა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ახალ ენერგიას შესძენს“, – ასეთ რეზიუმეს აკეთებს ელენე ხოშტარია.
თბილისის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის („ჯიპა“) პროფესორი თორნიკე შარაშეიძე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოში იან კელის ჩამოსვლა მნიშვნელოვან პერიოდს ემთხვევა – საქართველოში 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელიც ქართული დემოკრატიის „სერიოზული საგამოცდო ტესტი“ იქნება. „ის, რომ ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პერიოდში ამერიკა საქართველოში ელჩად ასეთი მაღალი რანგის დიპლომატს აგზავნის, ეს ჩვენი ქვეყნისადმი შეერთებული შტატების დიდ ინტერესს ადასტურებს“, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 16 სექტემბერი, 2015 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/fdi-in-georgia/2964548.html
მთავრობა უცხოური ინვესტიციების ზრდაზე საუბრობს: რამდენად სწორია „საქსტატ“-ის მონაცემები?
ზაზა წულაძე
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის პირველ ორ კვარტალში, საქართველოში 530 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც, 25 მილიონით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მატება აღინიშნა, მეორე კვარტალში, როცა პირდაპირმა ინვესტიციებმა 355 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის, მეორე კვარტლის მაჩვენებელზე (196 მილიონი დოლარი) მთელი 81 პროცენტით მეტია. პირდაპირი ინვესტიციების 45 პროცენტი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. უმსხვილეს ინვესტორთა შვიდეულში ასევე არიან: თურქეთი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, საფრანგეთი და კვიპროსი. ყველაზე მეტი ინვესტიცია – 207 მილიონი დოლარი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში შევიდა; საფინანსო სექტორმა 41 მილიონი მოიზიდა, ხოლო დამამუშავებელმა მრეწველობამ 30 მილიონი დოლარი.
„ახალი პოლიტიკური ცენტრის“ ლიდერი, პარლამენტარი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პირდაპირი ინვესტიციების ეს ოდენობა საკმარისი მაინც არ არის. მთავრობა უნდა წავიდეს მოგების გადასახადის გაუქმებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით 900 მილიონი ლარის რეინვესტირება მოხდება ქართულ ეკონომიკაში. რევოლუციური ნაბიჯი კი ამ მიმართულებით, თავისუფალი სავალუტო რეჟიმის დაშვებაა, რაც ინვესტორთა ნდობას უფრო გაზრდის.
„უნდა მოხდეს გადასახადების შემცირება, მათ შორის ჩვენ უკვე მზად გვაქვს ინიციატივა, რომელიც გულისხმობს მოგების გადასახადის სრულიად გაუქმებას, რაც გაამარტივებს საგადასახადო ადმინისტრირებას. ეს ინიციატივა ასევე გულისხმობს საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტით შემცირებას და თავისუფალი სავალუტო რეჟიმის შემოღებას, ანუ საქართველოში პოტენციურ ინვესტორებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ბიზნესი აწარმოონ და საქართველოს მოქალაქეები დაასაქმონ იმ ვალუტაში, რა ვალუტაც მათთვის უფრო ხელსაყრელია.“
ბოლო ათი წლის განმავლობაში, პირდაპირი ინვესტიციების კუთხით, გამორჩეული იყო 2006-2008 წლების პერიოდი, როცა 3 წელიწადში, საქართველოში, ჯამში 4 მილიარდ 768 მილიონი დოლარი შემოვიდა (2006 – მილიარდ 190 მილიონი, 2007 – 2 მილიარდ 14 მილიონი, 2008 – მილიარდ 564 მილიონი). ეს იყო ქართული ეკონომიკის ოქროს ხანა, რომელსაც ბოლო რუსეთთან, 2008 წლის აგვისტოს ომმა მოუღო. შემდეგ იყო ძირითადად კრიზისული წლები, (2009 – 658 მილიონი, 2010 – 814 მილიონი, 2012 – 919 მილიონი, 2013 – 941 მილიონი), თუმცა ბოლო ოთხ წელიწადშიც იყო, ორი წელიწადი, როცა პირდაპირმა ინვესტიციებმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 2011 წელს, საქსტატმა მილიარდ 117 მილიონის ინვესტიცია აღნუსხა, ხოლო 2014 წელს, მილიარდ 758 მილიონი დოლარი.
ვინაიდან ამ წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას არ მოჰყოლია მთლიანი შიდ პროდუქტის ზრდა, ეკონომისტებისა და ფინანსიტების ნაწილი სკეპტიკურად განეწყო საქსტატის მონაცემების მიმართ. „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი, ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილთან ერთად, ასეთი სკეპტიციზმი მასაც ჰქონდა:
„რამდენიმე სტატისტიკული მონაცემი გამოვიდა „საქსტატი“-დან, რომელმაც მართალი რო გითხრათ გამაკვირვა და მაინცდამაინც ლოგიკა ამ ციფრების უკან ვერ დავინახე, მაგრამ ვერ ვიტყვი გადაჭრით, რომ „საქსტატის“ მონაცემებს არ უნდა ვენდოთ. მაგრამ, ფრთხილად კი უნდა ვიყოთ, ამ ციფრების ინტერპრეტაციაში. იმიტომ, რომ ერთი ციფრის საფუძველზე ეკონომიკაში ძალიან შორსმიმავალი დასკვნები არ კეთდება. თუ გვინდა სერიოზული ანალიზი, მაშინ გრძელ ვადაში უნდა შევხედოთ ამ სიტუაციას. გრძელ ვადაში კი მე არ გამიკვირდება, თუ საქართველოში ფულის ნაკადის შემოდინების ტენდენცია მაინცდამაინც კარგი არ იქნება.“
ეკონომისტების აზრით, ერთი მხრივ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვინაიდან ის პირველ რიგში, უახლესი ტექნოლოგიების შემოდინების საშუალებაა მაშინ როცა ამგვარი შედეგის მიღწევა შეუძლებელია ფინანსური ინვესტირებით ან ვაჭრობით; მეორეს მხრივ, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ზრდის კონკურენციას ადგილობრივ ბაზარზე, წვლილი შეაქვს ქვეყნის ადამიანური კაპიტალის ზრდაში; ინვესტიციების ზრდით გამოწვეული მოგების ზრდა კი ავტომატურად იწვევს ქვეყანაში საგადასახადო შემოსავლების გაზრდას.
ამასთან, წამყვანი ეკონომისტები მიუთითებენ, რომ მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდით ან შემცირებით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ვერ იმსჯელებ და ინვესტიციების ბუნებას უფრო ღრმა ანალიზი და ფრთხილი მიდგომა სჭირდება.
«Комсомольская правда» (რუსეთი), 16 სექტემბერი, 2015 წელი
http://www.kp.ru/daily/26433/3304938/
„გადადგეს მიხეილ სააკაშვილი!“: უკრაინელთა პეტიცია
ეკატერინა ბოლგოვა
გუშინ, 15 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვებ-საიტზე დარეგისტრირებულ იქნა პეტიცია სათაურით „გადადგეს მიხეილ სააკაშვილი@“, რომლის ავტორი, ვინმე ვიქტორ სტეპანენკო ამტკიცებს, რომ სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნის დროიდან, მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად არცერთი დაპირება არ შეუსრულებია.
პეტიციის ავტორი გუბერნატორს ბრალს სდებს იმაში, რომ იგი ძალიანაა გართული თვითფიარით და რეკლამით და იმავდროულად რეალურ საქმეებს არ აკეთებს: „ოდესის ოლქის მოსახლეობას რეალური რეფორმების დაწყებას ვერ გრძნობენ, რადგან მიხეილ სააკაშვილისათვის რეფორმებზე საუბარი მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. იგი კორუფციას მხოლოდ ტელეეკრანიდან ებრძვის. ბიუროკრატიასთან ბრძოლაც მხოლოდ თვითრეკლამით და ზეპირი განცხადებებით, სიტყვების რახა-რუხით ამოიწურება… საქართველოს ექს-პრეზიდენტს ისე უყვარს ტელევიზიებით გამოსვლა და თვითფიარი, რომ ამ საკითხში უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრსაც კი გადაასწრო“.
პეტიციაში გადმოცემულია აგრეთვე საკადრო პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღწეული წარმატებები: „მან სამსახურში მიიწვია სკანდალურად ცნობილი ადამიანები – ალექსანდრ ბოროვიკი და მარია გაიდარი“. პეტიციაში აღნიშნულია, რომ გუბერნატორად დანიშვნის დროს მიხეილ სააკაშვილმა ოდესის მოსახლეობას უცხოური ინვესტიციების ნაკადი აღუთქვა, მაგრამ „დღემდე არცერთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი არ დაწყებულა და არცერთი ინვესტორი არ მოსულა“.
თუ სამი თვის განმავლობაში პეტიცია 25 ათას ხმას მოაგროვებს, მაშინ დოკუმენტი პრეზიდენტს გადაეცემა განსახილველად, პასუხი კი ათი დღეში უნდა გამოქვეყნდეს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის იმავე ვებ-გვერდზე ორიოდე კვირის წინ უკვე გამოქვეყნდა პეტიცია მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის თხოვნით, რომელმაც ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვა და პრეზიდენტს გადაეცა განსახილველად. როგორც ცნობილია, პეტრო პოროშენკომ გაზეთ „ინდეფენდენტ“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის კარგი პრემიერ-მინისტრი იქნებაო“, ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტმა წინასწარ მიანიშნა: იგი მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრემიერის პოსტზე დასანიშნად არ წარადგენს.
«ТВ Россия-24 – Вести» (რუსეთი), 16 სექტემბერი, 2015 წელი
http://www.vesti.ru/doc.html?id=2664580
მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში საკუთარი ჰარამხანა გახსნა
წუხელ, 15 სექტემბერს, რუსეთის ტელეარხმა „როცია-24“-ის პროგრამა „ვესტის“ ეთერში (წამყვანი – ალექსი კაზაკოვი) გადაიცა ვიდეოსიუჟეტი, რომელიც უკრაინის ტელეარხ „2+2“-ის მასალებზე იყო მომზადებული.
ტელესიუჟეტში ნათქვამია:
„უკრაინის ტელეარხმა „2+2“-მა ოდესის ოლქში ქალ-ჩინოვნიკთა წარმატებული კარიერის საიდუმლო გახსნა: როგორც ტელეჟურნალისტები ამტკიცებენ, ამისათვის საკმარისია იყო 30 წლამდე მომხიბლავი გარეგნობის ქალიშვილი და გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს მოეწონო. ამის ბოლო მაგალითია მის მოადგილედ იულია მარუშევსკაიას დანიშვნა.
როგორც ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სპეციალური გადაცემით ირკვევა, მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში ნამდვილი ჰარამხანა გახსნა. ის ქალები, რომლებიც მას თვალში მოუვა, იმწამსვე სახელმწიფო სამსახურში ინიშნებიან სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე. მაგალითად, მან სულ ახლახანს „ევრომაიდნის“ სახე – მშვენიერი ლამაზმანი იულია მარუშევსკაია თავის მოადგილედ დანიშნა.
ვინ იყო იულია მიხოს მოადგილედ დანიშვნამდე? ამის თქმა მას თვითონაც კი არ შეუძლია. მარუშევსკაია ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და სახელმწიფო სტრუქტურის მართვის გამოცდილება საერთოდ არ აქვს. იგი ცნობილია მაიდნისდროინდელი ვიდეოკლიპით და კარიერაც იქიდან დაიწყო.
რასაკვირველია, ოდესის ოლქის ხელმძღვანელობაში იულია მარუშევსკაია ერტაერთი ახალი ლამაზმანი არ არის: ამას წინათ ოლქის მილიციის სამმართველოში პრეს-მდივნად გრძელფეხებიანი მოდელი და ყოფილი ტელეწამყვანი ანა პანჩევა დაინიშნა. სახელმწიფო სამსახურამდე მას „ნიუ“ სტილის (შიშვლად გადღებული) ფოტოსესიებით იცნობდნენ.
უკრაინელი ჟურნალისტები იხსენებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ზუსტად ისე იქცეოდა საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის პერიოდშიც: მისი პრეს-მდივანი გახდა 20 წლის ალანა გაგლოევა, ხოლო მომღერალი სოფო ნიჟარაძე მას შემდეგ, რაც იგი პრეზიდენტს თვალში მოუვიდა, იგი სცენიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში გაამწესეს. იგივე ბედი ეწია მომღერალ ნინა წკრიალაშვილსაც – იგი კულტურის სამინისტროში დანიშნეს.
რატომ დანიშნა მიხეილ სააკაშვილმა მშვენიერი თბილისელი ხათუნა კალმახელიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მინისტრად ან კანადიდან ჩამოყვანილი მომხიბლავი ვერა ქობალია – ეკონომიკის მინისტრად, უკრაინელ ჟურნალისტებს არც ამაში ეპარებათ ეჭვი, – ნათქვამია ტელესიუჟეტში.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „2+2“ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ეკუთვნის. როგორც ჩანს, მას და მიხეილ სააკაშვილს შორის ბრძოლა გრძელდება. იგორ კოლომოისკი ოდესის ოლქის გუბერნატორს და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიანიშნებს, რომ მისი ჩამოწერა ჯერ ნაადრევია…