«Обозреватель» (უკრაინა): მოსიყვარულე მიშიკო // რაში გამოიხატება საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიერ უკრაინის მიმართ გამოვლენილი „სიყვარულ-ერთგულების“ სიდამპლე და უზნეობა
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): შიდა ქართლი: მიგრაცია და პირველკლასელები ომით დაზარალებულ სოფლებში
«Рязанские ведомости» (რუსეთი): აფსნი – სულების ქვეყანა
—————-
«Обозреватель» (უკრაინა), 16 სექტემბერი, 2017 წელი
მოსიყვარულე მიშიკო
რაში გამოიხატება საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიერ უკრაინის მიმართ გამოვლენილი „სიყვარულ-ერთგულების“ სიდამპლე და უზნეობა
სტატიაში განხილულია საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისათვის დამახასიათებელი მოქმედების სტილი, მისი სწრაფვა უსაზღვრო ძალაუფლებისაკენ და ის ნარცისიზმი (საკუთარი თავის უზომოდ თვითტკბობა), რომელიც მასში აშკარადაა შესამჩნევი და რომელიც მის პოლიტიკურ ნაბიჯებს განაპირობებს. პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებაზე უკრაინელი და ქართველი ხალხების მიმართ, იმ ქმედებებზე, რომლებიც მან ოდესის ოლქის გუბერნატოროიბის დროს განახორციელა და რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი (ავტორი – დიმიტრი სპივაკი, ოდესელი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე).
„2016 წლის ზაფხულის ბოლოს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე, ჩემმა მეგობარმა მოახერხა და ფოტოსურათი გადაუღო უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, ოდესის ოლქის გუბერნატორს, რომელიც ზღვის ნაპირზე, ლანჟერონის პლაჟთან, ტელეკამერის წინ იდგა და… ქართველ ხალხს მიმართვდა, საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ. ვიმეორებ: უკრაინის სახელმწიფო მოსამსახურე (!!!), იმავდროულად საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ქართული პოლიტიკური პარტიის ოფიციალური ლიდერი (!!!), მიმართავს ქართველ ამომრჩეველს (!!!) საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ (!!!). იგი ამ მიმართვის ვიდეოჩაწერას ყველასაგან მალულად, დილის 7 საათზე ახდენს, ანუ ისეთ დროს, როცა ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებს. მიხოს დაცვამ შენიშნა, რომ გუბერნატორს ვიღაც სურათს უღებდა და ჩემს მეგობარს, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის რიგით თანამშრომელს, ჯერ გამოედევნენ, შემდეგ კი, მოგვიანებით, პოლიტიკური დევნა დაუწყეს (თუმცა ეს ცალკე ისტორიაა).
პლაჟზე გადაღებული მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათები ინტერნეტიდან სულ მალე გაქრა, მაგრამ კვალი მაინც დარჩა. იმ დროს გუბერნატორის საქმიანობით უკვე ბევრი ოდესელი იმედგაცრუებული იყო, ამიტომ თანდათან სულ უფრო მატულობდა მათი რიცხვი, ვისაც სურდა მეტი გაეგო მიხოს რეალურ ცხოვრებასა და რეალურ საქმიანობაზე – ვინ იყო ექს-პრეზიდენტი სინამდვილეში და რის მიღწევა სურდა. განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ როგორ სუქდებოდნენ მისი ქართველი თანაგუნდელები, როგორ იყენებდნენ ისინი ოდესას ტრამპლინის სახით და ჯიბის გასასქელებლად.
მოგვიანებით ნელ-ნელა გამოჩნდა იმის დამადასტურებელი ფაქტები და დოკუმენტები, თუ რამდენ ფულს რიცხავდნენ რეგიონული ბიზნეს-სტრუქტურები ე.წ. „ოდესის განვითარების ფონდის“ ანგარიშზე და რაში იხარჯებოდა დიდძალი თანხები: რომელ სასტუმროებში ცხოვრობდნენ მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები (იმდროინდელი პროკურორის დავით საყვარელიძის ჩათვლით), რა ხდებოდა თვით საოლქო ადმინისტრაციაში, როგორ იდებოდა გარიგებები ადგილობრივ ფინანსურ ელიტასთან, მათ შორის საბაჟოზეც, რა როლს ასრულებდნენ ამ საქმეში მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველები გიორგი ცხაკაია და მამუკა ტუღუში, განსაკუთრებით კი მიხოს ერთგული მეგობარი, უნგრეთის მოქალაქე ზურაბ ადეიშვილი… სხვათა შორის, დღეს არავინ არ ინტერესდება იმით, თუ ვინ აფინანსებს მიხეილ სააკაშვილის უზრუნველ ცხოვრებას – ამდენ გადაფრენ-გადმოფრენებს, შეხვედრებს, ვინ ასპონსორებს მის ურიცხვ თანაშემწეებს და დაცვას, ამდენ სიარულს სხვადასხვა ქალაქებში, ოფისებს და ავტომობილებს… ვინ დგას საერთოდ ექს-პრეზიდენტის ზურგს უკან. თუმცა პასუხი აშკარაა: მიშა მუდამ ასე მოქმედებდა, მათ შორის საქართველოშიც. უკრაინაშიც იგი ერთ ოლიგარქს მეორე ოლიგარქის დახმარებით ებრძვის, ფონდებისა და ორგანიზაციების გამოყენებით…
დავუბრუნდეთ ოდესის მოსახლეობისაგან ფარულად ჩაწერილ მიმართვას.
მე მოვუსმინე ამ „შედევრის“ ვიდეოჩანაწერს. რასაკვირველია, მიმართვა ქართულ ენაზე იყო, თუმცა ოდესაში არ გამძნელებია ნაცნობი ქართველის მოძებნა გადასათარგმნად. ცხადია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ქართული პარტიის ლიდერის მიმართვა გამოკვეთილი და ემოციური იყო, მიხო ქართველ ხალხს ერთგულებასა და სიყვარულს ეფიცებოდა: ამბობდა, რომ მისი მთავარი მიზანი საქართველოში დაბრუნებაა, უკრაინა კი მხოლოდ სატრანზიტო სადგურია სანატრელი სამშობლოსკენ მიმავალ გზაზე. „უკრაინაში კი ვარ, მაგრამ სამშობლოზე ფიქრი არ მშორდება, მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა, ერთხელ უკვე დავიფიცე და ჩემს ფიცს არ ვუღალატებო“. აი, ეს სიტყვები ნათლად გვაჩვენებს, თუ რამდენად ცინიკოსი და მატყუარაა მიხეილ სააკაშვილი… და რის გამკეთებელია საკუთარი მიზნების მისაღწევად. რომ არაფერი ვთქვათ ამ პიროვნების მოქმედების მორალურ-ზნეობრივ ასპექტებზე, ფაქტია, რომ გუბერნატორმა უხეშად დაარღვია უკრაინის კონსტიტუცია და კანონი სახელმწიფო სამსახურის შესახებ, მაგრამ იმ დროს ეს არავის აინტერესებდა.
რაც შემდეგ მოხდა, ყველამ იცის: მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პარტიამ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებიი წააგო. ქართველებმა არ ისურვეს იმ პერიოდში დაბრუნება, როცა ხელისუფლების პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს აპატიმრებდნენ ან ქვეყნიდან აძევებდნენ, ხოლო მთელი ქართული ბიზნესი მიშას „ოპრიჩნიკების“ (დამცველების) მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ქართველებმა არ ისურვეს მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის საქმიანობის შუასაუკუნეობრივ-ფეოდალური სტილის დაბრუნება, როცა ციხეებში ადამიანებს აწამებდნენ და კლავდნენ… არ ისურვეს იმ დროში დაბრუნება, როცა თავისუფალი მასმედია მძლავრი წნეხის ქვეშ იყო. მოკლედ, მიხეილ სააკაშვილის ოცნებას – თბილისში თეთრ ცხენზე ამხედრებული დავბრუნდებიო, განხორციელება არ ეწერა. და რა ქნა შემდეგ სამშობლოს მგზნებარედ მოსიყვარულე მიხომ? იგი მცირე ხანს დარდობდა, რომ ქართველებმა მისი სიყვარული უარყვეს და სწრაფად გადაერთო უკრაინელებისადმი სიყვარულზე, თანაც, როგორც ყოველთვის, ემოციურად და ეპითეტებით, „თვალზე ცრემლებით“. მან უკვე დაივიწყა „მშობლიური ქართველი ხალხი“, რადგან იქ მისთვის ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივა უკვე გაქრა. მისივე ნათქვამიდან გამომდინარე, იგი ქართველი პოლიტიკოსი კი არ არის, არამედ ჭეშმარიტი უკრაინელი პოლიტიკოსია. ახლა მას „მოსახლეობის გონების“ დაპყრობის ახალი ფორპოსტი აქვს. აბა, წარმოიდგინეთ ბილ კლინტონი, რომელმაც ამერიკის ხალხს ერთგულება შეჰფიცა და ახლა იგივეს იმეორებს სხვა სახელმწიფოს მიმართ… მაგრამ ბილ კლინტონთან მიშა სააკაშვილის შედარება არ ღირს, რადგან მიხოს თავისი ქცევის სტილი და მანერები აქვს, მისთვის ასეთი მოქმედება ცხოვრების წესია.
ღმერთო ჩემო, როგორ ეფიცება სიყვარულს „ჩვენი დროის გმირი“ უკრაინელ ხალხს! მოუსმინეთ, როგორ უხარია, რომ იგი უკრაინელია და როგორაა აღფრთოვანებული უკრაინით ყველგან და ყოველთვის… იგი მზადაა თავი გაწიროს უკრაინელთა ბედნიერებისათვის, იგი დარწმუნდა, თუ როგორი საოცარი ხალხი ცხოვრობს უკრაინაში… მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მიხოს მიმართვებში ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე სულ ერთი და იგივე ინტონაცია გამოსჭვივის, ერთი და იგივე სიტყვები, თითქოსდა ასლია გადაღებული. ამაშიც გამოიხატება საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ემოციური და ავტორიტარი მიხეილ სააკაშვილის „სიყვარულისა და ერთგულების“ სიდამპლე და უზნეობა. მას მხოლოდ ძალაუფლება სურს. იგი ხელისუფლების სურვილითაა დაავადმყოფებული. მნიშვნელობა არ აქვს, სად – საქართველოში, უკრაინაში… ხელისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე იგი მზადაა ყველაფერი დაანგრიოს და გაანადგუროს.
უკრაინის ხელისუფლების სრულიად უგუნურმა და დაუფიქრებელმა მოქმედებამ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში დაბრუნების კიდევ ერთი შანსი მისცა. ახლა იგი ოპოზიციონერისა და ყველა უკრაინელი კორუფციონერის გამომჟღავნებელის როლში მოგვევლინა. იმედი მაქვს, რომ უკრაინელები გაერკვევიან და გააცნობიერებენ ამ „ადამიანის“ ჭეშმარიტ მიზნებს ჩვენი ქვეყნის გლობალური დაპყრობის გეგმებში. მჯერა, რომ უკრაინელები „მოსიყვარულე“ მიშას „ხვევნა-კოცნას“ უარყოფენ და არ ისურვებენ ცხოვრებას მისი კონტროლის ქვეშ“.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 16 სექტემბერი, 2017 წელი
https://www.amerikiskhma.com/a/migration-and-new-school-year-in-conflict-zone/4030599.html
შიდა ქართლი: მიგრაცია და პირველკლასელები ომით დაზარალებულ სოფლებში
ნინო დალაქიშვილი
სასწავლო წელი შიდა ქართლის ომით დაზარალებულ სოფლებშიც დაიწყო. აქ მოსწავლეების რაოდენობის თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე ვითარებაა. ოჯახები, ვინც ახერხებს განათლება უსაფრთხო ადგილას უზუნველყოს ბავშვებისთვის, სოფლებში აღარ რჩებიან. შესაბამისად, მოსწავლეთა რაოდენობა ამ ადგილებზე კატასტროფულადაა შემცირებული.
ახალი სასწავლო წელი ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში წელს მინისტრებმაც მიულოცეს მოსწავლეებს, მაგრამ ერთი თვალის შევლებითაც ჩანს, რომ ეს სრულიად არასაკმარისი აქტივობაა. მაგალითად, ზარდიაანთკარდან, რომელიც შერეული, ქართველებითა და ოსებით დასახლებული სოფელი იყო და სადაც ქართული იურისდიქცია მხოლოდ 2012 წელს აღდგა, 2008 წლის შემდგომ, არც ერთი პირველკლასელი არ წასულა სკოლაში. როგორც სოფლის გამგებელი შამილ თუხარელი ამბობს ჩვენთან საუბრისას, სოფელში მხოლოდ ერთი მოსწავლეა, მეთორმეტე კლასელი და ის მომიჯნავე სოფლის, მერეთის სკოლაში დადის. ზარდიაანთკარიდან ომის დროს წასული ოჯახები ჯერაც ვერ ახერხებენ ადგილებზე სრულყოფილად დაბრუნებას და გორის საბავშვო ბაღებს აფარებენ თავს. „ზარდიაანთკარში ცოტა ბავშვია. აქაურების უმეტესობა გორში, საბავშვო ბაღს აფარებს თავს, #1 ბაგა–ბაღში ცხოვრობენ და ვერ გამოვასახლეთ, რადგან ჯერ აქ, ზარდიაანთკარში უნდა შევუქმნათ პირობებიო. ახლა ისინი მიეჩვივნენ იქ ყოფნას, ბავშვები იქ დაჰყავთ სკოლაშიც და საბავშვო ბაღშიც. როდესაც ადამიანს საშუალება აქვს ქალაქში იყოს, რაღა ჩამოიყვანს აქ. ზარდიაანთკარში, ერთადერთი ბავშვია, გვარად თაზიაშვილი, რომელიც საბავშვო ბაღში დადის გვერდით სოფელში, მერეთში, რადგან ზარდიაანთკარში არც საბავშვო ბაღია და არც სკოლა. ასევე გვყავს ერთადერთი მეთორმეტეკლასელი, გვარად გაბლიშვილი ზარდიაანთკარიდან. ისიც მერეთის სკოლაში დადის.“
ზარდიაანთკართან შედარებით, ზემო ნიქოზში, უფრო მეტი მოსახლეა. აქ 270 ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ პირველკლასელი მხოლოდ 4–ია. ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი და ზემო ხვითი ერთ თემშია გაერთიანებული. სამივე სოფელში, ჯამურად 130 მოსწავლეა მაშინ, როდესაც ოჯახების საერთო რაოდენობა 800 კომლს შეადგენს. ამის შესახებ ამერიკის ხმასთან ტერეზა მეშვილდიშვილმა, ნიქოზის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ისაუბრა: „პირველ კლასში გვყავს 4 ბავშვი, მეექვსე კლასი კი გაუქმდა. მეთორმეტე კლასში 23 და მეთერთმეტეში 20 გვყავს. მხოლოდ პირველ კლასში გვაქვს პრობლემა და მეექვსეში, სადაც მხოლოდ სამი ბავშვი იყო და ისინიც სხვაგან წავიდნენ. ომამდე 200 ბავშვზე მეტი სწავლობდა ამ სკოლაში. მიგრაციაზე გავლენა ომმაც იქონია და რთულმა პირობებმაც.“
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მოსწავლეებს, ვინც სწავლის ბოლო სამ წელს ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლაში გაატარებს და მას დაასრულებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდგომ, სახელმწიფო 100 პროცენტიან სასწავლო გრანტს აძლევს. დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეების შედარებით მეტი რაოდენობა ამ ფაქტორით შეიძლება აიხსნას. მშობლები, უნივერსიტეტებში სწავლის საფასურისგან გათავისუფლების მიზნით, ცდილობენ, სკოლის ბოლო წლები შვილებს ეგრეთ წოდებული საზღვრის პირა სოფლებში სკოლებში გაატარებინონ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მიგრაციის დინამიკა მაინც თვალშისაცემია. მის მაღალ მაჩვენებელს 2008 წლის ომის ფაქტორით ხსნის ნიქოზის გამგებელი გიორგი ლაზარაშვილი, რომელიც გვეუბნება: „შიშის ფაქტორი არსებობს. ხალხი ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა საომარი მოქმედებები განმეორებულიყო. ლტოლვილობაში რომ გავიდნენ, ბევრი დარჩა, სოფლებში აღარ მობრუნებულან.“
კირბალი ასევე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელია. სტატისტიკურად, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ადამიანთა გატაცების თვალსაზირით, სწორედ აქ ფიქსირდება. დავით ცერცვაძე, გამგებელი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს: „215 კომლია კირბალში მთლიანად. პირველ კლასში 7 მოსწავლე მივიდა წელს. შარშან 6 იყო, შარშანწინაც ასევე 5 თუ 6“. ჩვენი რესპონდენტებიდან ყველა, როგორც ერთი, აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში უსაფრთხოების არარსებობითა და მძიმე სოციალური პირობებით აიხსნება.
«Рязанские ведомости» (რუსეთი), 16 სექტემბერი, 2017 წელი
http://rv-ryazan.ru/news/73063.html
აფსნი – სულების ქვეყანა
რუსეთის რეგიონული გაზეთის პუბლიკაციაში გადმოცემულია ჟურნალისტის პირადი შთაბეჭდილებები აფხაზეთში დასვენების შესახებ (ავტორი – დიმიტრი სოკოლოვი).
„არიან კურორტები ბრწყინვალე, მდიდრული ხედებით, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მდუმარებით, სიჩუმით გამოირჩევიან. ასეთია აფხაზეთი. სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონმა რესპუბლიკა ტურისტთა სასურველი ნაკადით ვერ უზრუნველყო. არადა, აქ პირდაპირ ლოცულობენ რუსეთზე, საექსკურსიო ავტობუსებში ბავშვები სერგეი ესენინის ლექსებს ზეპირად ჰყვებიან“, – წერს ავტორი და იქვე შენიშნავს: „რუსეთიდან ჩასვლა აფხაზეთში ახლა შედარებით იოლია – მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან სოხუმამდე მატარებლები დადიან. მართალია, ფსოუს რომ გადაკვეთ, რკინიგზის დანგრეულ სადგურებს ხედავენ, მაგრამ ამ შემთხვევაში არქიტექტურას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, როგორ დაისვენებს და რამდენი ფული დაეხარჯება მომსახურებაში“.
სტატიაში აღწერილია ქალაქი გაგრა – „ოდესღაც საბჭოური მომხიბვლელი კურორტი საბჭოთა მაღალჩინოსნებისთვის. ბევრი ოცნებობდა გაგრაში მოხვედრას. მყუდრო სასტუმროები, კაფე-ბარები, ტროპიკული მცენარეები… გვახსოვს აქ გადაღებული ფილმები – „მხიარული ახალგაზრდობა“ და „ზამთრის დღეები გაგრაში“. ექსკურსიამძღოლები გვთავაზობენ ჩანქერის, ახალი ათონის მღვიმის ნახვას და რიწის ტბაზე გამგზავრებას. გაგრა ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს „კავკასიის რივერას“ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. გაგრის გაშენება პრინც ოლდენბურგის დამსახურებაა“.
აფხაზეთის ბუნების სილამაზესა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კლიმატის ფონზე ავტორი წერს ნეგატიურ მომენტებზეც: „აფხაზეთში კაპიტალს ძალიან ცოტა ინვესტორი აბანდებს. მკვეთრად შემცირდა რუსი ტურისტების ნაკადი. აქაურ ხელისუფლებას ეგონა, რომ რადგან ეგვიპტე დახურულია, თურქეთში კი არასასურველი ეპიდემოლოგიური სიტუაციაა შექმნილი, აფხაზეთში ბევრი დამსვენებლი ჩავიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ტურისტების სიმცირის ახსნა ძალიან მარტივია: აფხაზები კონკურენციას ვერ უწევენ თურქულ სასტუმროებს და თურქულ მომსახურებას, ფასებს. რუსი ტურისტები აქ რომ ჩამოდიოდნენ, ისინი უპირველეს ყოვლისა ეკონომიურ დასვენებას იმედოვნებდნენ, ახლა კი ეს უპირატესობა აფხაზეთს აღარ აქვს. თვითონ განსაჯეთ: პანსიონატ „კოლხიდაში“, რომელიც „ეკონომ-კლასს“ მიეკუთვნება, დღე-ღამე ერთ სულზე 2,5 ათასი რუბლი ღირს. ამას დაუმატეთ რკინგზით მგზავრობის ფასი კუპირებულ ვაგონში – 10 ათასი რუბლი… ეს თითქმის იგივეა, რაც ეგვიპტის ან თურქეთის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება. გაგრის ბაზარზე ადგილობრივი წარმოებისა არაფერი არაა, ყველაფერი შემოტანილია. არ სარგებლობს მოთხოვნით აფხაზური ალკოჰოლური პროდუქცია.
მოუწესრიგებელი და ჭუჭყიანი პლაჟები, კვების პროდუქტებისა და მგზავრობის სიძვირე, სუსტი საკურორტო ინფრასტრუქტურა და დანგრეული შენობები – ასეთია აფხაზური პეიზაჟის ჩვეულებრივი სურათები“.