globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 16 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 16th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი): ბაქოდან ყარსამდე // რკინიგზა ორ მოძმე ქვეყანას – აზერბაიჯანს და თურქეთს ერთმანეთთან დააკავშირებს

«Lragir» (სომხეთი): ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა: შეძლებს თუ არა ბაქო ხელი შეუშალოს სომხური ტვირთების გადაზიდვას?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რუსული ფანდები ჟენევაში და მის ფარგლებს გარეთ

——————–

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 15 ოქტომბერი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/swf.php

ბაქოდან ყარსამდე

რკინიგზა ორ მოძმე ქვეყანას – აზერბაიჯანს და თურქეთს ერთმანეთთან დააკავშირებს

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალური ცერემონია 30 ოქტომბერს აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიმართება, – ასე განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზების“ თავმჯდომარემ ჯავიდ გურბანოვმა. როგორც მან აღნიშნა, გასული თვის ბოლოს თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა თბილისიდან ყარსამდე იმგზავრეს, რკინიგზის მდგომარეობა შეამოწმეს და დაადგინეს, რომ უკვე 30 ოქტომბერს სატვირთო მოძრაობის გაიხსნება. „ბაქოდან ყარსამდე მანძილს სატვირთო შემადგენლობა 24 საათში დაფარავს. უკვე მზადდება შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის რკინიგზებთან პირველი ტვირთების გასაგზავნად – ესაა რუსეთის მარცვლეული (დაახლოებით 400 ათასი ტონა), აგრეთვე ხე-ტყე და ქვანახშირი“, – ხაზი გაუსვა ჯავიდ გურბანოვმა.

რაც შეეხება მგზავრთა გადაყვანას, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მოსახლეობისათვის მზად 2018 წლისათვის იქნება: უკვე შესყიდულია 30-მდე სამგზავრო ვაგონი შვეიცარიაში, კომპანია Stadler-ისაგან. ეს ვაგონები ისეა აგებული, რომ შესაძლებელია რკინიგზის ლიანდაგის სწრაფი შეცვლა (თურქეთისა და საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზებზე რელსებს შორის სიგანე ერთმანეთისაგან განსხვავდება – 1520/1435 სმ). ბაქოდან ყარსამდე მანძილს სამგზავრო მატარებელი სატვირთოზე ნაკლებ დროში გაივლის – 16-18 საათში. რკინიგზის ყველაზე დაბალსიჩქარიანი მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიაზეა – მაღალმთიანი და, შესაბამისად, რთული რელიეფის გამო მატარებლების სიჩქარე საათში მხოლოდ 60-70 კილომეტრი იქნება.

«Lragir» (სომხეთი), 15 ოქტომბერი, 2017 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/58741

ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა: შეძლებს თუ არა ბაქო ხელი შეუშალოს სომხური ტვირთების გადაზიდვას საქართველოს რკინიგზით?

ნაირა აირუმიანი, მიმომხილველი

(მცირე შემოკლებით)

ახლოვდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალური თარიღი – 30 ოქტომბერი. გახსნის ცერემონიას, სხვებთან ერთად, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანიც დაესწრება. აზერბაიჯანი ამ რკინიგზის ექსპლოატაციის დაწყებას თავის დიპლომატიურ გამარჯვებად მიიჩნევს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ისიც საკმარისია, რომ ბაქომ ამ რკინიგზის მშენებლობაში ყველაზე მეტი ფული დახარაჯა.

ბუნებრივია, ერევანს აინტერესებს, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზისთ სომხეთის კუთვნილი ტვირთების გადაზიდვა. როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰიქმეთ გაჯიევმა განმარტა, „რასაკვირველია, სომხეთს თავისუფლად შეუძლია ამ რკინიგზით და სხვა რეგიონული პროექტებით სარგებლობა, მაგრამ მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანის შემდეგ“.

თავის დროზე „ლრაგირი“ შეეცადა პასუხი მიეღო კითხვაზე – აქვს თუ არა საქართველოს ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სომხური ტვირთებიც გადაიტანოს? საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ასეთი მექანიზმების არსებობა უარყვეს.

სომხეთის რკინიგზების ტექნიკური მონაცემები პრაქტიკულად არ განხვავდება არც საქართველოსა და არც აზერბაიჯანის რკინიგზების მონაცემებისაგან (ამიერკავკასიის რკინიგზები ხომ 1990-იან წლებამდე ერთიან სატრანსპორტო სისტემას წარმოადგენდა) და თუ არ განსხვავდება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოუწევს მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება სომხეთის ტვირთების გადაზიდვის აკრძალვის თაობაზე. ფაქტიურად, აზერბაიჯანი კვლავ შეეცდება საქართველოს ცუდი სახით წარმოაჩინოს. არადა, თბილისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელიც რეგიონული კომუნიკაციების თავისუფლად და ღიად სარგებლობას ითვალისწინებს.

აზერბაიჯანმა საქართველოს ამას წინათ ევროპის წინაშე კარგი სარმა გამოსდო, როცა თბილისში ოპოზიციური ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დააკავა. საქართველოს დღემდე არ განუმარტავს, რა იყო ეს – ჟურნალისტის დაკავება ქვეყნის სპეცსამსახურების ნებართვით მოხდა თუ აზერბაიჯანული ძალებს დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ თბილისის ცენტრში ადამიანის დაკავება და საზღვარზე გადაყვანა.

ახლა ბაქო თბილისს კვლავ უხერხულ სიტუაციაში აყენებს: განაცხადებს თუ არა საქართველო, აზერბაიჯანის მსგავსად, რომ რკინიგზით სომხეთის ტვირთების გადატანა მხოლოდ „ჯარის გაყვანის“ შემდეგ მოხდება?

გასულ თვეში თბილისმა ღირსეულად გაართვა თავი მსგავს სიტუაციას, როცა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სეხვედრის შემდეგ ანკარამ სპეციალურად „ჩაუშვა“ ინფორმაცია, თითქოსდა გაეროს გენასამბლეის სდხდომაზე სამივე ქვეყანა ერთიანი პოზიციით გამოვაო ტერიტორიული მთლიანობის საკითხის თაობაზე. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, საქართველომ ცალკე განცხადება გააკეთა, რომელიც მხოლოდ მის ტერიტორიულ მთლიანობას, მის კონფლიქტებს ეხებოდა და არა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანში ჩამოვიდა და სომხეთის ხელმძღვანელებს ესაუბრა. ამის შემდეგ საქართველოს ელჩმა ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის ოკუპაციის შედეგებზე ესაუბრა. მოგვიანებით ერევანს ეწვია საქართველოს კულტურის მინისტრიც, რომელმაც დაათვალიერა ქართულად მიჩნეული ეკლესიები და მათი რესტავრირების სურვილი გამოხატა.

მოკლედ, ბოლო დრომდე სომხურ-ქართული ურთიერთობების რეგულირება ერთმანეთის მიმართ პატივისცემის საფუძველზე ხდებოდა, 30 ოქტომბერს კი საქართველოს კიდევ ერთი ტესტის ჩაბარება მოუწევს.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 14 ოქტომბერი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/geneva-format-tbilisi-moscow/4069266.html

რუსული ფანდები ჟენევაში და მის ფარგლებს გარეთ

ნინო დალაქიშვილი


ჟენევაში დისკუსიების მორიგი 41–ე რაუნდი გაიმართა, რაც ორი დღის წინ დასრულდა და იქ საკმაოდ საგულისხმო განაცხადები გაისმა. რუსული მხარის მიერ ჟენევის დისკუსიის ფორმატი გამოყენებული იქნა ნატო–საქართველოს კავშირის კრიტიკისთვის. ოფიციალურ ტექსტში, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოტანილი, ნათქვამია, რომ წვრთნები პრობლემას უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას. რუსული დელეგაციის აზრით, ზაფხულსა და შემოდგომაზე საქართველოში გამართული წვრთნები პარტნიორების მონაწილეობით უპრეცენდენტოდ ფართომასშტაბიანი იყო. „მონაწილეობას იღებდა იმდენი სამხედრო პირი და გამოიყენებოდა იმ რაოდენობის სამხედრო მძიმე ტექნიკა, როგორიც ამ დრომდე არასდროს ჩართულა პროცესში, ის რეკორდული ოდენობისაა. წვრთნების მონაწილე ნატოს წევრი სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლების რიტორიკაში ისმოდა, რომ მანევრებს ანტირუსული მიმართულება აქვს და რომ დიდია მათი მნიშვნელობა საქართველოსთვის სამხრეთ ოსეთის მომავალი „დეოკუპაციის“ (ბრჭყალები ორიგინალ ტექსტშია, ნ.დ.) თვალსაზრისით.“

რუსული დელეგაცია მიიჩნევს, რომ ნატოსთან დაახლოების პოლიტიკა, რასაც საქართველოს მხრიდან აქვს ადგილი, აუფასურებს ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას და ზრდის დაძაბულობას რეგიონში. „მიუღებელი და პროვოკაციული ხასიათის მატარებელია ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული რეზოლუცია“, – ნათქვამია ოფიციალურ ტექსტში.

რუსული მხარე აღნიშნავს, რომ დისკუსიის დროს ქართული მხარის გარდა, ყველა, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, შეთანხმდა იმაზე, რომ ვითარება სამხრეთ ოსეთ-საქართველოსა და აფხაზეთ-საქართველოს საზღვრებთან არის სტაბილური და განჭვრეტადი.

ქართულმა მხარემ ჟენევის დისკუსიის დროს ერედვში ქართული კვალის განადგურების შემთხვევის შესახებ ისაუბრა და მოუწოდა საერთაშორისო მისიებს, მოინახულონ ეს ადგილები. ამ ფაქტის თაობაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც განაცხადა უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე ბათუმში.

რუსული სიურპრიზები ამით არ დასრულებულა. რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების უცვლელმა წევრმა ჟენევაშიც და პრაღაშიც, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინიმ 10 ოქტომბერს „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მორიგი ქართულ–რუსული შეთანხმება ახსენა და ქართულ მხარეს დასდო ბრალი მის შეუსრულებლობაში. საუბარია 2011 წლის საქართველო–რუსეთის შეთანხმების თაობაზე როკთან და ფსოუსთან ტვირთების კონტროლის შესახებ. ამ დრომდე ქართული მხარე მუდმივად აცხადებდა, რომ მას ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა პირობა აქვს შესრულებული და საქმეს რუსეთი აჭიანურებს. ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი აცხადებს: „გაუგებარია ამ განცხადების შინაარსი ან კონტექსტი რაიმე რაციონალურ მიზეზთან იყოს დაკავშირებული. ცალსახად გიდასტურებთ, რომ ქართულ მხარეს თავისი ვალდებულებები აქვს შესრულებული და პროცესის დაჩქარებისთვის საჭიროა რუსული მხარის შემხვედრი ნაბიჯები გაფორმებული მემორანდუმის შეთანხმების ფარგლებში და იმ პირობების დაცვით, რომელიც 2011 წელს იქნა მიღებული.“

გრიგორი კარასინმა კი თქვა: „ამ საკითხებზე კითხვა ქართულ მხარეს უნდა დაუსვათ. ნამდვილად ატარებდა ოპტიმისტურ ხასიათს ჩემი და აბაშიძის დიალოგი ივლისში. გაჩნდა შეგრძნება, რომ საქართველოში, როგორც იქნა გადაიკითხეს 2011 წლის შეთანხმება რუსეთთან საბაჟო მონიტორინგისა და ვაჭრობის თაობაზე და გაიაზრეს ის, რაც ისედაც ცხადი იყო: ხელშეკრულება ორივე მხარეს აკისრებს პასუხისმგებლობას. შეგახსენებთ, რომ დოკუმენტი საქართველოსაც და რუსეთსაც ავალდებულებს (ორივეს საკუთარი ტერიტოეიბის ფარგლებში) დაემორჩილოს შვეიცარული მონიტორინგის კომპანიას. სამწუხაროდ, მალე გაირკვა, რომ თბილისის პოზიცია საერთოდაც არ შეცვლილა. იქ, ძველებურად სურთ, რომ რუსეთმა შეასრულოს შეთანხმება ცალმხრივად, საკუთარ პასუხისმგებლობაზე კი სიტყვის გაგონებაც არ სურთ. ცხადია, რომ ასე საქმე ვერ გამოვა. მთლიანობაში, არსებულ არც თუ იოლ სიტუაციაში სამხრეთ კავკასიაში 2011 წლის შეთანხმება იძლევა ადექვატურ სამართლებრივ საფუძველს რეგიონული ტრანზიტული ვაჭრობისთვის. მოვუწოდებთ თბილისს ყოველგვარი მიკიბვ–მოკიბვის გარეშე განაცხადონ მზაობის შესახებ და კეთილსინდისიერად შეასრულონ საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები. ეს საშუალებას მოგვცემს რეგიონული ტრანზიტის საკითხი პრაქტიკულ სიბრტყეში გადავიტანოთ.“

ვიქტორ დოლიძემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა: „როდესაც მათ ოკუპაციის შემდგომ შეცვალეს რეალური ვითარება ადგილზე, ბუნებრივია, შვეიცარულ კომპანიასთან ერთად მათ უნდა აკონტროლონ ეს ტვირთ–ბრუნვა. აქედან გამომდინარე, გაურკვეველია ჩვენთვის მათი განცხადება. ამას სჭირდება მხოლოდ ერთი რამ: დაიწყოს პროცესი. პროცესი რომ დაიწყოს რუსეთი უნდა დათანხმდეს და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.“

რუსეთი კმაყოფილებას ვერ ფარავს აფხაზეთის მიმართულებით გადასასვლელი პუნქტების გაუქმების გამო და აცხადებს, რომ ამით სიტუაცია უფრო მოწესრიგებულია.

რუსული და ოსური მხარე აპროტესტებს ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზებთან გამართულ საპროტესტო აქციებს, უცხოელი დიპლომატების ვიზიტებს ამ ადგილებზე და იმუქრება, რომ მსგავსი პროპაგანდისტული აქციები სიტუაციის გამწვავებამდე მივა, რაშიც ქართული მხარე იქნება დამნაშავე.

Comments are closed