globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 17th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი): განცალკევების სირთულეები // „ნაციონალი“ დეპუტატები კიევში, მიხეილ სააკაშვილთან ჩავიდნენ

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): NDI-ის კვლევა საქართველოში: უმუშევრობა, ინფლაცია, სიღარიბე და ოპტიმიზმი

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია): მომსახურებისთვის დაბადებულნი?

«Östgöta Correspondenten» (შვედეთი): 91 წლის შვედმა მოგზაურმა საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებების წიგნი გამოსცა

———————-

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 17 იანვარი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

განცალკევების სირთულეები

„ნაციონალი“ დეპუტატები კიევში, მიხეილ სააკაშვილთან ჩავიდნენ

რაუფ ორუჯევი

(შემოკლებით)

საქართველოში გრძელდება უკვე არაერთიანი და გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ (ემნ) მემკვიდრეობის გადანაწილება. ჯერ-ჯერობით, თბილისსა და რეგიონებში საქმე ქონების გადანაწილებამდე არ მისულა, მაგრამ, როგორც ჩანს, პარლამენტში ადგილების საკითხი უკვე გარკვეულია.

„ერთიან ნაციონალური მოძრაობაში“ დარჩენილი პირველი პირები გასულ შაბათ-კვირას კიევში გაფრინდნენ და საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ესტუმრნენ. სოციალურ ქსელებში მათი შეხვედრის ამსახველი ფოტოსურათებიც გაჩნდა. ერთ-ერთი ფოტო დელეგაციის წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა რომან გოცირიძემაც გამოაქვეყნა. სურათის მიხედვით ჩანს, რომ კიევურ სეხვედრაში მონაწილეობდნენ აგრეთვე ლევან ვარშალომიძე, დავით კირკიტაძე, ნიკა მელია, ნიკა რუსუა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და აზერ სულეიმანოვი.

თუ რა თემებზე ისაუბრეს შეხვედრის დროს, ამას ჯერ არ ამხელენ, თუმცა ისედაც გასაგებია, რომ იმსჯელეს, ალბათ, „ერთიანი ნაცმოძრაობის“ პერსპექტივის საკითხებზე, იმ ზოგიერთ ლიდერზე, რომლებიც „ნაცმოძრაობიდან“ „ევროპულ საქართველოში გადავიდნენ.

ბოლო დღეებში „ნაციონალებისათვის“ აქტუალური რჩებოდა პარლამენტში ცალკე ოპოზიციური ფრაქციის სახით არსებობის საკითხი. საზოგადოებისათვის გაურკვეველი იყო დეპუტატ აზერ სულეიმანოვის პოზიცია – საით წავიდოდა იგი – მიხეილ სააკაშვილისაკენ თუ გიგა ბოკერია – გიგი უგულავას დაჯგუფებისაკენ. მასმედიაში გამოქვეყნებული ვარაუდებით,  აზერ სულეიმანოვი თითქოსდა ყოყმანობსო, მაგრამ საბოლოოდ 14 იანვარს თვითონ განაცხადა, რომ იგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება. სწორედ აზერ სულიმანოვის პოზიციაზე იყო დამოკიდებული პარლამენტში „ნაციონალების“ საპარლამენტო ფრაქციის ბედი.

„კასპიი“-მ თავის მკითხველებს წინა ნომრებში უკვე აცნობა, რატომ დატოვა „ერთიანი ნაცმოძრაობა“ ზოგიერთმა ლიდერმა, რომლებთაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში არჩეული 27 „ნაციონალიდან“ 21-მა მხარი დაუჭირა. მათ ორი ახალი ფრაქცია ჩამოაყალიბეს და მათ „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ უწოდეს. პარლამენტში დარჩენილი ერთგული „ნაციონალები“ [მიხეილ სააკაშვილის ბანაკიდან] არიან ნიკა მელია, რომან გოცირიძე, თინათინ ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, კობა ნაყოფია და აზერ სულეიმანოვი, რომლებსაც თავიანთი ფრაქციის შექმნა შეუძლიათ. თუ როგორ გააგრძელებენ ისინი საქმიანობას პარლამენტში, ეს საკითხი პარტიის 20 იანვრის ყრილობაზე გადაწყდება.

როგორც ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, ემნ-ში დაწყებული განხეთქილება მას შემდეგ გამწვავდა, როცა პარტიის ლიდერების ნაწილი მიხეილ სააკაშვილის სურვილის წინააღმდეგ წავიდა, არ დაუჯერეს ექს-პრეზიდენტის რჩევას და პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მაინც მიიღეს, შემდეგ კი არჩეულმა „ნაციონალმა“ დეპუტატებმა პარლამენტში მუშაობა გადაწყვიტეს – ისევ მიხეილ სააკაშვილის სურვილის საწინააღმდეგოდ.

ამის საპასუხოდ, კიევში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა თანაპარტიელები მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში დაადანაშაულა. დღეს უკვე ცხადია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში თავის ფრაქციას შეინარჩუნებს, მაგრამ საინტერესოა, რა შესაძლებლობებს აძლევს საქარტველოს პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში თავიანთი ფრაქციების ყოლა? კიდევ ერთი საინტერესო მომენტი – როგორი შეიძლება იყოს „ნაცმოძრაობის“ პერსპექტივა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ? არსებობს კი ამ პარტიის გაძლიერება-განმტკიცების წინამძღვრები? ამ კითხვებზე პასუხი გაზეთ „კასპიის“ კორესპონდენტმა ცნობილ ქართველ პოლიტოლგებს სთხოვა.

გელა ვასაძე:

- მას შემდეგ, რაც პარლამენტის მეექვსე დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა „ნაციონალთა“ რიგებში დარჩენა განაცხადა და კიევში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ნათელი გახდა, რომ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში თავისი ფრაქცია ეყოლებოდა. როგორც ჩანს, ყოფილი „ნაციონალებიც“ თავიანთ ფრაქციებს შექმნიან.

თენგიზ აბლოთია:

- საერთოდ, პარლამენტში საკუთარი ფრაქციის არსებობა პარტიისათვის საქართველოში არსებითია იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნიშნავს სახელმწიფო დაფინანსების უზრუნველყოფას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თავისი წევრების შეყვანას… დამკვირვებლების სახით კი არა, არამედ სრულუფლებიანი წევრების სახით. გარდა ამისა, ჩვენთან „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ თითქმის მარგინალობად აღიქმება… ასე რომ, „ნაციონალებს“ ამჟამად პარლამენტში ფრაქცია ნამდვილად ჭირდებათ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან მათ შეხვედრას, მე დეტალები არ ვიცი, მაგრამ ამას დიდი მკითხაობა არ ჭირდება, ისედაც ყველაფერი გასაგებია. შეფმა დაუძახა ქვეშევრდომებს, რათა ახალ პირობებში სამომავლო მოქმედება განეხილათ. რაიმე ისეთი განსაკუთრებული მოვლენა არ მომხდარა, ჩვეულებრივი პარტიული შეკრება იყო, მეტი არაფერი.

„ნაციონალური მოძრაობის“ განმტკიცების წინამძღვრები კი სრულიად აღარ არსებობს. დიდი-დიდი, მათ ამჟამინდელი რეიტინგის სენარჩუნება მოახერხონ, მაგრამ ესეც საეჭვო ჩანს. „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალში პატარა, ლოკალური პარტია იქნება, რაიმე სერიოზული გამარჯვების შანსების გარეშე, ორიენტირებული იქნება მხოლოდ ფანატიკურ მხარდამჭერებზე. მათთან სხვა ბანაკიდან არავინ არ გადავა. მიშამ თვითონ დაუსვა ჯვარი თავის პარტიას და ის პირადი მოსამსახურის დონეზე დაიყვანა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 17 იანვარი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/ndi-georgia-commissioned-public-opinion-survey/3677890.html

NDI-ის კვლევა საქართველოში: უმუშევრობა, ინფლაცია, სიღარიბე და ოპტიმიზმი

ზაზა წულაძე

უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე, დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და დაბალი ხელფასები – ასეთია, საქართველოს მოსახლეობის აზრით, ქვეყნის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემების პირველი ხუთეული.

გამოკითხულთა 47 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავარ ეროვნულ პრობლემად კვლავ უმუშევრობა რჩება, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის ზაფხულთან შედარებით (53%), ეს მონაცემი – 6%-ით შემცირდა. ამასთან, გამოკითხულთა 66%-ი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. მეორე ადგილზე, 36%-ით, ფასების ზრდამ გადაინაცვლა. გასული წლის ივნისში, ინფლაცია გამოკითხულთა მხოლოდ 26%-ს აწუხებდა და ეს პრობლემა მეოთხე ადგილს იკავებდა. სიღარიბე – 30%-ით მესამე ადგილზეა, შემდეგ მოდის – ტერიტორიული მთლიანობა (27%) და პენსიები (24%). ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა.

CRRC-ის პრეზიდენტი კობა თურმანიძე ამბობს მთავარ პრობლემათა ასეთი თანმიმდევრობა 2009 წლიდან უცვლელია, თუმცა 2016 წელს, მოსახლეობის ნაწილში გაჩნდა ოპტიმიზმი: „მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – უმუშევრობა და სოციალ-ეკონომიკური საკითხები. ეს გასაგებიც არის, რადგან, სტაბილურად, მოსახლეობის ორი მესამედი თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. შესაბამისად, ეს თემები განსაკუთრებით აწუხებს. ამ მხრივ ტენდენცია მდგრადია და არ იცვლება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო კვლევაში გამოიკვეთა მოსახლეობის მეტი ოპტიმიზმი. მეტი ხალხი მოელის რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება უახლოეს ერთ წელიწადში, ვიდრე მოელოდა 2016 წლის დასაწყისში ან შუაში”.

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში 7 პროცენტით, 25-დან 32%-მდე გაიზარდა იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ რომ „ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება”. თავის მხრივ, 6 პროცენტით – 33-დან 27%-მდე შემცირდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო არასწორად ვითარდება. 36 %-ის აზრით კი „საქართველო საერთოდ არ ვითარდება“. 2016 წლის ივნისთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 2%-ით არის გაზრდილი.

გამოკითხულთა 54%-ს მიაჩნია, რომ „საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა ქვეყანამ კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს რუსეთთან“. 12%-ის აზრით, საგარეო პოლიტიკა ცალსახად, “პროდასავლული” უნდა იყოს, “პრორუსული” პოლიტიკის მომხრე, ჯამში – გამოკითხულთა 27%-ია. 53% თვლის, რომ საქართველო “მეტ სარგებელს მიიღებს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციით”, 31%-ი კი საქართველოსთვის მეტ სარგებელს „რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის“ ჩამოყალიბებაში ხედავს.

ბოლო კვლევაში, NATO-ში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 66%-დან 61%-მდე შემცირდა, თუმცა, 72%-ისთვის მისაღებია, რომ “საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს”.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ამბობს: „მიმაჩნია, რომ ჩვენი ხელისუფლების სწორი ხედვა და სტრატეგიული კომუნიკაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისა, რომ მსგავსი ზრდა გამოიწვია, მხარდაჭერამ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართულებით. ცხადია, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესსაც აქვს ამ შედეგში თავისი წვლილი”.

NDI-ის მიერ დღეს წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევა, საპარლამენტო არჩვენების შემდეგ, 2016 წლის 4 ნოემბრისა-4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით სულ 3,141 მოქალაქე გამოიკითხა, მათ შორის, ეთნიკური სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეებიც.

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია), 16 იანვარი, 2017 წელი

http://www.nzz.ch/feuilleton/foto-tableau-von-myriam-meloni-zum-dienen-geboren-ld.139615

მომსახურებისთვის დაბადებულნი?

შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგში“ დაბეჭდილია სტატია, რომელიც საქართველოში ქალების მდგომარეობას ეხება: მასში გადმოცემულია ოჯახური ძალადობის, ნაადრევი და იძულებითი ქორწინების ამსახველი ფაქტები. პუბლიკაციაში გამოქვეყნებულია ფოტოგრაფ მირიამ მელანის მიერ გადაღებული ფოტოები, მათზე ის ქალებია აღბეჭდილნი, რომელთა უფლებები შეზღუდული ან დარღვეულია  (ავტორი – ანგელა შადერი).

გთავაზობთ სტატიის შინაარსს, თავისუფალი თარგმანით:

ქალთა უფლებების დაცვაში საქართველოს ჯერ კიდევ დიდი მუშაობა მოუწევს. რაღაც-რაღაცეები უკვე გაკეთებულია, მაგრამ სამწუხაროდ, არასრულწლოვანი გოგონების ქორწინება ცოტა ხნის წინათ კანონიერად ითვლებოდა, – აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც ერთ-ერთი გოგონას – თამუნას ისტორიაა გადმოცემული, რომელიც 15 წლის გაათხოვეს: „ქორწინებიდან ერთი თვის შემდეგ თამუნას ქმარმა ცემა დაუწყო. ქმრის ნათესავებსაც მიაჩნდათ, რომ თამუნამ ცემა დაიმსახურა, რადგანაც იგი თითქოსდა ოჯახურ საქმეებს სწრაფად და დროულად არ ასრულებდა. არადა, ეს ლამაზი გოგონა სულ სხვა ცხოვრებაზე ოცნებობდა: მას სურდა სკოლა დაემთავრებინა და ცეკვა ესწავლა. ქორწინებიდან სამი წლის შემდეგ თამუნამ ძალადობა ვეღარ აიტანა, ქმრის სახლიდან გაიქცა, ბავშვიც წაიყვანა და თავის მშობლიურ სახლს დაუბრუნდა. საქართველოში ეს შემთხვევა ერთადერთი არაა – თამუნას მსგავსი ისტორია ბევრ გოგონას აქვს გადახდენილი“.

საქართველოში 2015 წელს ოფიციალურად რეგისტრირებული გათხოვილი გოგონების 14% ჯერ კიდევ არ იყვნენ 18 წლის ასაკს მიღწეულნი. თუ იმ ფაქტებსაც გავითვალისწინებთ, რომლებიც სტატისტიკურ მონაცემებში არ მოხვდნენ, მაშინ პროცენტი უფრო მაღალი უნდა იყოს. ამასთან, საქართველოში, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრირებისაკენ მიილტვის, ქალთა უფლებების დაცვის საკითხში საქმე გაუმჯობესებისკენ უნდა წასულიყო – ჯერ კიდევ 2010 წელს მიღებული კანონით ბავშვობის ასაკში ქორწინება აკრძალულია, ქალსა და მამაკაცს ერთნაირი, თანასწორი უფლებები აქვთ. სამწუხაროდ, გარდაქმნის ნიავი ძალიან ძნელად აღწევს იმ საზოგადოებაში, სადაც პატერნალიზმი დომინირებს, ამას საკმაო დრო ჭირდება.

კანონის თანახმად, ქართველი გოგონები სკოლაში თორმეტი წელი უნდა სწავლობდნენ, ანუ მათ 12-კლასიანი საშუალო განათლება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ქვეყანაში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური სიტუაცია ახალგაზრდა ქალებს ცხოვრებას უმძიმებს, ვთქვათ, პროფესიის დაუფლების საკითხში. მათ სამუშაოს მოძებნა უჭირთ და თუ რაიმეს იპოვიან, იქაც შედარებით მცირე შრომითი ანაზღაურება აქვთ. ქალები ძირითადად დასაქმებულნი არიან საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში. საქართველოში არიან ისეთი ოჯახები, სადაც ფიქრობენ, რომ გოგონას ადგილი და როლი მხოლოდ საშინაო მეურნეობის წარმართვასა და ბავშვების გაჩენა-აღზრდაში გამოიხატება“.

ბევრი ახალგაზრდა გათხოვილი ქალი ოჯახებში ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, – აღნიშნულია სტატიაში და ამგვარი ფაქტების ამსახველ ერთ-ერთ ისტორიაში მაკას ცხოვრებაა აღწერილი: „იგი არასრულწლოვანი იყო, როცა იძულებით გაათხოვეს… ცოლ-ქმრის სოფლები ერთმანეთისაგან მხოლოდ რვა კილომეტრითაა დაშორებული, მაგრამ მაკას ძალიან იშვიათად თუ აქვს თავისი მშობლიური ოჯახის მონახულების შესაძლებლობა. ფოტოგრაფ მირიამ მელონის ერთგვარ ამოუხსნელ ფენომენად მიაჩნია ქართული ოჯახის ასეთი ჩაკეტილი ცხოვრების წესი: „ძალიან ხშირად ახალგაზრდა ცოლები თავიანთი თანატოლებისაგან, მათი ასაკის შესაფერის გარემოსაგან  იზოლირებულნი არიან, მათ არ აქვთ განათლების დასრულების შესაძლებლობა… შესაბამისად, ძალიან დიდია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკი. პარალელურად გოგონები საზოგადოებრივ ცხოვრებაში თითქმის არ მონაწილეობენ“, – წერს ავტორი.

«Östgöta Correspondenten» (შვედეთი), 16 იანვარი, 2017 წელი

http://corren.se/kultur-noje/91-aring-ger-ut-egen-bok-om-georgien-om4458527.aspx

91 წლის მოგზაურმა საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებების წიგნი გამოსცა

ერიკ ვოლსტენი, ლინჩეპინგი

(თავისუფალი თარგმანი)

ლენარტ ლინდგრენმა, რომელიც 91 წლისაა და ჩვენს ქალაქში ცხოვრობს, საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებების შესახებ წიგნი გამოსცა.

„საქართველო – პატარა ქვეყანა კავკასიაში“ – ასე ჰქვია 60-გვერდიან წიგნს, რომელიც უხვადაა ილუსტრირებული ავტორის მიერ გადაღებული ფოტოებით. გარდა ამისა, წიგნში მოცემულია სხვადასხვა მოკლე განმარტებებიც.

- ამ ზაფხულს მე და ჩემმა ქალიშვილმა, სიძესთან ერთად, საქართველოში დავისვენეთ. ჩვენ ეს ქვეყანა ძალიან შეგვიყვარდა… საქართველოში ფანტასტიკური მთებია. თბილისში ყველა კეთილგანწყობით გვიმზერდა, ვგრძნობდით ქართველების პატივისცემას. და, რასაკვირველია, სიყვარულში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართულმა ღვინომაც. საქართველო როგორც ტურისტული მიმართულება, ჩვენთან კარგად არაა ცნობილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაიგებენ, იქ ბევრი გაემგზავრება. ამიტომაც დავწერე ეს წიგნი და გამოვეცი.

თბილისი, თავისი მილიონნახევრიანი მოსახლეობით, მოგზაურობისთვის იდეალური ადგილია. საქართველოს დედაქალაქს მრავალსაუკუნოივანი ისტორია აქვს, თბილისში ბევრია სახვითი ხელოვნების მუზეუმები, ეკლესია-მონასტრები, ტაძრები, ისტორიული შენობები და მშვენიერი პარკები. ერთადერთი იმის გაკეთებაა საჭირო, რომ იქ ნანახი ყურადღებით აითვისოთ.

- ძნელია საქართველოში ჩასვლა?

- არანაირად. ძალიან იოლია და არცთუ ისე ძვირი. ჩვენ ჯერ ვარშავაში ჩავფრინდით, თუმცა თბილისში მოხვედრა შეიძლება რიგიდანაც, ტალინიდანაც და სტამბოლიდანაც.

წიგნის შეძენა იანვრის ბოლოდან ონლაინ-გაყიდვებითაც იქნება შესაძლებელი. ჯერ-ჯერობით ტირაჟი მხოლოდ 100 ეგზემპლარია, რომლის ხარჯები თვითონ ავტორმა გაიღო.

- რამდენი ფული დახარჯეთ წიგნის გამოცემაში?

- ოჰ, აქ ფული მთავარი არ არის, ეს საკითხი მე არ მაღელვებს. თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება ვმოგზაურობ, ფოტოსურათებს ვიღებ და ვიფიქრე, რომ ასეთი წიგნის გამოცემა სასარგებლო იქნებოდა.

ჩვენს მკითხველს კი ვაცნობებთ, რომ ლენარტ ლინდგრენი ლინჩეპინგში დიდი ხანია ცხოვრობს და ბევრს მოგზაურობს. იგი ადრე კომპანია „სააბის“ ქარხანაში ინჟინრად მუშაობდა.

————–

«Östgöta Correspondenten» – სამხრეთ შვედეთის ქალაქ ლინჩეპინგის ყოველდღიური გაზეთი, იბეჭდება 1838 წლიდან, ტირაჟი – 60 ათასი ეგზ.

Comments are closed