globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 17th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო: ავტორიტარიზმის საფრთხე და ციანიდით მოწამლული საზოგადოება

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): საქართველო ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების მიზნების ჭრილში

«Независмая газета» (რუსეთი): სუამ-ი ერთ მუშტად იკვრება: რუსეთის ახლო საზღვარგარეთში არამეგობრული ინტეგრაციული გაერთიანება აქტიურდება

«Новое время» (სომხეთი): სომხეთის ბლოკადა უკვე აზრს კარგავს: საქართველომ და რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გამავალი კომუნიკაციების ამოქმედებაზე მოილაპარაკეს

«La Repubblica» (იტალია): განხეთქილების კაშხლები საქართველოში

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 17 თებერვალი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/autocratic-state-and-cianide/3727552.html

საქართველო: ავტორიტარიზმის საფრთხე და ციანიდით მოწამლული საზოგადოება

ნინო დალაქიშვილი

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მმართველი გუნდის, ოპოზიციას, საერთაშორისო ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მუდმივი დავის ფონზე განიხილება; დავა სასამართლო სისტემის სამართლიანად ჩამოყალიბებისთვის; ხმაურიანი გამოსვლები, აქციები და უკიდურესი ვნებათაღელვა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეაბილიტაციის საკითხზე; თავისუფალი მედიის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევები და „რუსთავი-2“–ის საქმე, რომელიც თითქმის ყველა საერთაშორისო რეკომენდაციაში ხვდება; ეკლესიაში არსებული კრიზისი; გაურკვევლობა, კრიმინალი და დაპირისპირება პარალელურ რეჟიმში, მასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა და აპათიური ფონი; ლოკალური სოციალური აფეთქებები, უმუშევრობა და შრომის არასათანადო პირობები; დისკრედიტებული და დასუსტებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ვერ ახერხებენ გაძლიერებასა და ალტერნატიულ ძალად წარმოჩენას; პრეზიდენტის ინსტიტუტი კი როგორც უკანასკნელი გამაგრებული პუნქტი დაცემამდე და ამ ყველაფრის ფონზე საგარეო ფაქტორები – აგრესიული და გაძლიერების გზაზე დამდგარი რუსეთი და რუსული ინტერესები… აი, ეს გახლავთ ჩამონათვალი კრიზისებისა, რასაც ერთდროულად აქვს ადგილი დღევანდელ საქართველოში.

რა შეიძლება აღმოჩნდეს არსებული ვითარების გაგრძელება, რამდენადაა შესაძლებელი ქართული დემოკრატიის კიდევ უფრო დასუსტება ამგვარ კრიზისულ ფონზე, ამის შესახებ „ამერიკის ხმამ“ მოსაზრებები ჩაწერა.

პოლიტოლოგი, „ჯიპა“-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ყველა პრობლემა ფორმალური მმართველობის არსებობიდან გამომდინარეობს:

„ეს ყველაფერი ჰგავს კრიზის, მაგრამ ეს კრიზისი უფრო ურტყამს ხელისუფლებას, რადგან უამრავი მსგავსი თემა, რომელიც კომიკურ ხასიათსა და შინაარსს იღებს, საბოლოო ჯამში ხელისუფლებას აზარალებს და იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველანი ახლა არიან ჩავარდნილი ჭაობში, ფართხალებენ და სულ უფრო და უფრო ეფლობიან. ფართხალი „პატრიარქის მოწამვლის“ საქმეზე, ფართხალი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საქმეზე, ფართხალი „რუსთავი-2“-ის საქმის გამო, ფართხალი საკონსტიტუციო რეფორმებზე, ფართხალი სასამართლოზე… ხელისუფლების მთავარი შეცდომა იყო არაკომპეტენტური ადამიანების შეყვანა პარლამენტში და ენის შეუბრუნებლად შესრულება იმ დირექტივებისა, რაც მოდის მხოლოდ ერთი ადამიანისგან. თან ეს ადამიანი ძალიან ცოტა ვინმეს ხვდება და გუნდთან კომუნიკაცია არ აქვს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას“.

„ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის“ სამხრეთ კავკასიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს: „საქართველო დღეს მნიშვნელოვანი შიდა და საგარეო გამოწვევების წინაშე დგას. მაგალითად, რამდენად მოახერხებს „ქართული ოცნება“ გახდეს ნამდვილი დემოკრატიული პარტია და მის მიმართ მინიჭებული ნდობა, გამოხატული საკონსიტიტუციო უმრავლესობის მინიჭებით, გამოიყენოს პასუხისმგებლობით და არა როგორც პოლიტიკური იარაღი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ან საკუთარი სამომავლო წინასაარჩევნო მიზნებისთვის. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი – ესაა ოპოზიციის ფრაგმენტაცია, რაც საქართველოს დემოკრატიისთვის, პოლიტიკური განვითარებისთვის კარგი არ არის. ვფიქრობ, ნებისმიერ ხელისუფლებას, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რაც არ უნდა მაღალი ლეგიტიმაცია და მაღალი მანდატი ჰქონდეს მინიჭებული მოსახლეობისგან არჩევნებზე, სჭირდება პოლიტიკური ოპოზიცია. ეს სჭირდება ქვეყანას, რადგან ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს წარმოადგინოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესები“.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ავტოკრატიის გზას დაადგა და მანამდე ყველა ინსტიტუტის განადგურება აქვს გადაწყვეტილი:

„ქართული საზოგადოება იყო ამ ციანიდის სამიზნე და მოწამლა კიდევ, ციანიდმა თავისი ფუნქცია შეასრულა. ჩვენ დღეს საქმე გვაქვს მასობრივ მოწამვლასთან. ბოლო დარჩენილ კუნძულზე, პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეტევა დღეს ისეთ აბსურდამდე მივიდა, რომ უშიშროების საბჭოს სახე უნდა შეუცვალონ და მხოლოდ ომიანობის შემთხვევაში უნდა შეიკრიბოს. აბსურდამდე მიდის საქმე. ომის ღმერთად ნიშნავენ პრეზიდენტს, რომელსაც რეალურ სამყაროსთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ვიღაცას ის აღიზიანებს. რაციონალურ ჩარჩოებში ამის განთავსება შეუძლებელია. საბოლოო ჯამში ჩვენ ახლა ვარკვირდებით სახელმწიფოებრივი და არასახელმწიფოებრივი ინსტიტუტების რღვევას, სრულ კოლაფსს“, -აცხადებს გია ხუხაშვილი და საუბარს ავტორიტარიზმის საფრთხეზე აგრძელებს:

„ფაქტობრივად, ცოცხალი ადგილი აღარ დარჩა, აღარ დარჩა არც ერთი ავტორიტეტი, რამაც შეიძლება სტაბილურობა შესძინოს სისტემას. ეს დამახასიათებელია სუსტი ლიდერებისთვის. სუსტი ლიდერები კი თავის მხრივ, მიდრეკილნი არიან ავტორიტარიზმისკენ, რადგან როდესაც ვერაფერს ქმნი, ცდილობ ნეგატიური ინსტრუმენტებით შეინარჩუნო ძალაუფლება. აი, ახლა ამ პროცესში ვიმყოფებით. ჩვენდა საბედნიეროდ, ჯერ ამას დასრულებული სახე არ აქვს და ჰუმანურობის ელემენტები ხელისუფლებაში ჯერ კიდევ გვაქვს. სისუსტე ჯერ კიდევ არ გადასულა ისეთი ხარისხით გაბოროტებაში, რომ მისი აგრესიული ქმედებებით შენიღბვა დაიწყოს, მაგრამ ვითარება უკვე საკმაოდ დრამატულია. სამწუხაროდ, [ხელისუფლებას], ავტორიტარიზმის გარდა, სხვა გზა აღარ დარჩება“.

თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში არსებული კრიზისული ფონის სიმძიმეს არ იმჩნევენ.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 17 თებერვალი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/nato-sakartvelos-komisiis-skhdoma/28313574.html

საქართველო ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების მიზნების ჭრილში

ლელა კუნჭულია

საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება – ასეთი იყო 16 თებერვალს ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში განსახილველი ძირითადი თემების ჩამონათვალი. ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ სხდომაში, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უძღვებოდა, მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც ქვეყნისთვის „განსაკუთრებით საინტერესო თემად“ მიიჩნევს შავი ზღვის უსაფრთხოების პერსპექტივებსა და კონკრეტული გეგმების განხილვას, თუმცა დასკვნითი პრესკონფერენციის მსვლელობისას ამ თემაზე მხოლოდ ზოგადად ილაპარაკა ნატოს გენერალურმა მდივანმა. რამდენად იმედისმომცემია შავი ზღვის უსაფრთხოების პერსპექტივები?

ნატო კვლავაც მტკიცედ და ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კვლავაც ძალიან ემადლიერება ერთგულ პარტნიორ ქვეყანას საგანგებო მონაწილეობისთვის გლობალური მშვიდობის უზრუნველმყოფ მისიებში და მუდამ მზად არის დახმარებისთვის განვითარების გზაზე, განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა 16 თებერვალს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. როდესაც საქართველოს დახმარებაზე ლაპარაკობს, იენს სტოლტენბერგი ახსენებს არსებით პაკეტს, როგორც ძლიერ ინსტრუმენტს, გამიზნულს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და ნატოში გაწევრიანების სურვილის ასრულებისთვის. ყურადღების მიღმა, ცხადია, არ რჩება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი და იქ გამართული მასშტაბური სამხედრო წვრთნები.

ხუთშაბათს ალიანსის გენერალურმა მდივანმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს შორის იყო საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მართალია, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კომისიის სხდომაზე გაიმართა კონსულტაციები შავი ზღვის უსაფრთხოებასა და რეგიონში ნატოს წარმომადგენლობის გაძლიერებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ მას პრესკონფერენციაზე არ დაუკონკრეტებია, თუ რა როლი დაეკისრება საქართველოს ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის განხორციელების ჭრილში. გენერალური მდივანი ზოგადი კომენტარით შემოიფარგლება და ამბობს, რომ ალიანსი მუშაობს საქართველოსთან რეგიონში არსებული გამოწვევების გარშემო, უსმენს საქართველოს და იღებს ინფორმაციას მისგან, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყნისგან.

„ჩვენი თავდაცვითი პროგრამების განხილვის კომიტეტი (DPRC), ვფიქრობ, მარტში ანდა წლის ბოლომდე შეხვდება საქართველოს… ჩვენ გვაქვს ინფორმაცია საქართველოდან შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ, რაც ასევე წარმოადგენს შავი ზღვის უსაფრთხოების სიტუაციასთან დაკავშირებული ჩვენი შეფასებების ნაწილს. მაისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ესტუმრება საქართველოს და ეს იქნება დიდი ღონისძიება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ბევრი პარლამენტარის მონაწილეობით. მარტში კი საქართველოში შედგება ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი. ასე რომ, დაგეგმილია აქტივობათა ფართო სპექტრი… ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთისგან, ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, რაც გულისხმობს წვრთნებს, ტრენინგებსა და შესაძლებობების განვითარებას“.

2016 წლის ივლისში ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება არის შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე ალიანსის საპასუხო ნაბიჯი რუსეთის მიერ შავ ზღვაში თავისი წარმომადგენლობის გაძლიერების კვალდაკვალ. კერძოდ, საუბარია რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის მნიშვნელოვან ზრდაზე შავი ზღვის რეგიონში და, მათ შორის, ანექსირებულ ყირიმშიც. საქართველო რომ ჩართული იქნება ამ პროცესში, მას შემდეგ ეს ბევრჯერ ითქვა ნატოს ლიდერებისა თუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან (და ეს აქცენტები, მაგალითად, დაისვა 7-8 სექტემბერსაც, როცა თბილისს სტუმრობდა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, თავმჯდომარეობით), თუმცა დეტალები დღემდე არ დაკონკრეტებულა და ამ საკითხს საგანგებო საჯარო ყურადღება არ დასთმობია თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში (14-16 თებერვალს).

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ნატო-საქართველოს სხდომის დაწყებამდე შეხვდა. თავდაცვის სამინისტრო საგანგებოდ აღნიშნავს იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. ლევან იზორიას განმარტებით, საქართველოს ამ დღეებში ჰქონდა კარგი შესაძლებლობა ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის საკუთარი ხედვა წარედგინა და მაქსიმალური მხარდაჭერაც მიეღო. სხვათა შორის, თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ აშშ-ის ახალმა თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა, საქართველოს „ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის აფასებს და პატივს სცემს საქართველოს წვლილსა და თავგანწირვას ნატოს საბრძოლო მოქმედებებში ავღანეთში.

როდესაც ნატოს მინისტერიალთან დაკავშირებულ ინტერესებზე ლაპარაკობდა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქვეყნისთვის „განსაკუთრებით საინტერესო თემად“ მოიხსენია შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების პერსპექტივა და საქართველოს კონკრეტული ჩართულობა ამ მიმართულებით:

„ჩვენ საფუძვლიანად ვიმუშავეთ, ჩვენი კონკრეტული წინადადებები წარვუდგინეთ უკვე ნატოს, თუ რა ფორმით შეიძლება საქართველო იყოს ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების პრაქტიკულ ღონისძიებებში. საქართველო უკვე ჩართულია სტრატეგიულ დისკუსიებში, მაგრამ აქ ლაპარაკია პრაქტიკულ ღონისძიებებზე“.

თუკი შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია განხორციელდა, ცხადია, ნატოს შესაძლებლობა ექნება უფრო სწრაფად და ეფექტურად შემოვიდეს სამხრეთ კავკასიაში და ორმხრივი სერიოზული კავშირები დაამყაროს – მათ შორის, საქართველოსთანაც – რუსეთის ზეგავლენების შესამცირებლად ამ რეგიონში და ეს ძალიან კარგი იქნებოდა, ეუბნება რადიო თავისუფლებას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, თუმცა ის ასევე ფიქრობს, რომ, ნატოს წინაშე დღეს არსებული ფინანსური გამოწვევების გათვალისწინებით, ეს საკმაოდ ძნელად შესასრულებელი ამოცანა იქნება:

„შავ ზღვაში ნატოს გასაძლიერებლად აუცილებელია დიდი ფინანსები, რადგანაც აქ, პირველ რიგში, საუბარია შავ ზღვაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ნატომ ორი მიმართულებით უნდა იმუშაოს – ან თანხები უნდა ჩადოს ამ ქვეყნების სამხედრო-საზღვაო და სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ანდა თავისი წევრი ქვეყნების დანაყოფები გადმოისროლოს და განათავსოს სანაპირო ზოლებისა და პორტების გასაძლიერებლად… მთელი პროცესებია გასავლელი და ამისთვის საჭიროა დიდი თანხები, რის გაღებასაც, როგორც ჩანს, ნატოს ძირითადი წევრი ქვეყნები არცთუ დიდი ხალისით აპირებენ….

„მიუხედავად იმისა, რომ ექვსი შავიზღვისპირა სახელმწიფოდან სამი ნატოს წევრია, დღესდღეობით შავ ზღვაზე ყველაზე ძლიერ მოთამაშედ მაინც რუსეთი რჩება. ერთადერთი ძალა, რომელიც შეიძლება რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის წინააღმდეგ გამოვიდეს, ეს თურქეთია, მაგრამ ჩემი აზრით, ამჟამად ანკარა მოსკოვთან უფრო კარგი ურთიერთობები აქვს, ვიდრე ბრიუსელთან. ასე რომ, ნატოს რეალური გაძლიერება შავი ზღვის აკვატორიაში ამ ეტაპზე წარმოუდგენელია, მით უმეტეს, რომ ალიანსს დამატებითი ფული ბულგარეთისა და რუმინეთის სამხედრო ფლოტების გასაძლიერებლადაც კი არ აქვს, არათუ უკრაინისთვის ან განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელსაც სანაპირო დაცვის მხოლოდ რამდენიმე კატერიღა შემორჩა. ეს ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება“, – ამბობს ირაკლი ალადაშვილი (წყარო: http://www.ekhokavkaza.com/a/28313977.html).

ნატოს ფინანსური საკითხები რომ აწუხებს, ეს თავდაცვის მინისტრთა ამ ბოლო თავყრილობის ფარგლებშიც გამოიკვეთა და თანხების დაზოგვის გამო მოკავშირეები გააკრიტიკა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა. 15 თებერვალს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა ნატოს წევრ ქვეყნებს, დაუდასტურონ შეერთებულ შტატებს თავიანთი მზაობა თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად.

«Независмая газета» (რუსეთი), 17 თებერვალი, 2017 წელი

http://www.ng.ru/editorial/2017-02-17/2_6932_red.html

სუამ-ი ერთ მუშტად იკვრება

რუსეთის ახლო საზღვარგარეთში არამეგობრული ინტეგრაციული გაერთიანება აქტიურდება

რედაქციისაგან

ამას წინათ ვილნიუსში გამართულ კონფერენციაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა ბელორუსია დაარიგა, რომ მინსკმა საგარეოპოლიტიკური კურსი უნდა აირჩიოს – ან რუსეთის, ან ევროკავშირის სასარგებლოდ. მაგრამ ბელორუსია, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთისადმი ლოიალობისა და დაახლოების სწრაფვას ამჟღავნებს, ჯერ-ჯერობით მაინც არ არის მზად რუსეთთან კავშირების საბოლოო გაწყვეტისათვის. თუმცა… ბელორუსია თუ არა, სხვები მაინც მოიძებნებიან, რომლებიც რუსეთის მიმართ უფრო რადიკალურად არიან განწყობილნი, მაგალითად, სუამ-ის სახელმწიფოები – საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა. 20 წლის წინათ ეს სტრუქტურა პროდასავლური პერსპექტივით შეიქმნა, შემდეგ ზოგიერთმა წევრმა დაიწყო მცდელობა რუსეთის წინააღმდეგ რეგიონული თანამეგობრობა ჩამოაყალიბებინა, მაგრამ ღია კონფრონტაცია დანარჩენებს არ აწყობდათ. დროთა განმავლობაში ინტეგრაციული გაერთიანება მეგობრების კლუბად გადაიქცა, რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან, სამიტებს აწყობენ, მაგრამ სერიოზულ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. დღეს გაჩნდა საფუძველი იმისა, რომ ეს გაერთიანება ისეთი გახდეს, როგორიც ჩაფიქრებული იყო: კავშირად, რომელიც რუსეთის მისადგომებთან მდებარეობს და მოსკოვს შეეწინაღმდეგება, დსთ-ის ჩარჩოებში.

27 მარტს კიევში სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურების შეხვედრა უნდა გაიმართოს. ამის თაობაზე იყო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძესა და სუამ-ის გენერალურ მდივან ალტაი ეფენდიევს შორის მოლაპარაკების დროს. მხარეებმა განიხილეს შეხვედრის დღის წესრიგის საკითხები, ორგანიზაციის თანამშრომლობის ახალი პროგრამა საერთო დევიზით „ერთად – ძლიერი სუამ-ისათვის“. გარდა ამისა, სტუმარ-მასპინძელმა ისაუბრეს პოლიტიკურ კონსოლიდირებაზე სუამ-ის ჩარჩოებში, სექტორალურ თანამშრომლობაზე და პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარებაზე პარტნიორებთან – აშშ-სთან, იაპონიასთან, ვიშეგრადის ჯგუფის წევრ-ქვეყნებთან.

უნდა აღინიშნოს, რომ სუამ-ის წევრ ქვეყანებს კონფლიქტების არსებობაც აერთიანებთ: საქართველოში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში – „გაყინული“, ხოლო უკარინაში – მოქმედი კონფლიქტის სახით. ყველა ქვეყანაში არსებობენ მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემები: აზერბაიჯანში – მთიანი ყარაბაღი, საქართველოში – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მოლდოვაში – დნესტრისპირეთი, უკრაინაში – ყირიმი და დონბასის ნაწილი. დაახლოებით ასე გამოიყურება სიტუაცია სუამ-ის წევრებისათვის. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა თავიანთ პრობლემებში პირდაპირ რუსეთს ადანაშაულებენ. ბაქო უკმაყოფილოა იმით, რომ რუსეთი მოკავშირეობას უწევს სომხეთს, რომელსაც აზერბაიჯანში თავისი ტერიტორიის ოკუპირებაში ადანაშაულებს: უკრაინელი პოლიტოლოგის ტარას ჩერნოვილის თქმისა არ იყოს, „რუსეთი ფაქტიურად იმის გარანტია, რომ აზერბაიჯანი თავის ტერიტორიას ვერ დაიბრუნებს“.

სუამ-ი ნატოსაკენ მიისწრაფვის. ამ გზაზე ცალკე დგას აზერბაიჯანი, რომელსაც სავსებით აკმაყოფილებს ძმური დამოკიდებულება თურქეთთან, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია. სუამ-ის დანარჩენ სუბიექტები კი ნატოში გაწევრიანებას ცდილობენ: უკრაინა და საქართველო – დიდი ხანია მთავრობისა და მოსახლეობის დონეზე, მოლდოვა კი – მთავრობისა და პარლამენტის ძალისხმევით. რაც შეეხება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისა და პრეზიდენტის პოზიციებს, ისინი ნატოში ინტეგრირების წინააღმდეგნი არიან.

ამ დღეებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. „ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს პოლიტიკური განცხადება გავაკეთოთ, რომ მზად ვართ და გვაქვს მოტივაცია ნატოში გასაწევრიანებლად“, – თქვა მან და აღნიშნა, რომ „საქართველოსთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების თემა და ბუნებრივია, ამ მიმართულებით ჩვენ ნატოსთან თანამშრომლობის კონრეტულ ფორმებს განვიხილავთ“.

რაც სეეხება უკრაინას, კიევმა შავი ზღვის ინიციატივებისადმი მხარდაჭერა უფრო ადრე გამოხატა: იქ ხომ ყირიმია, რომლის დაბრუნება ნატოს დახმარებით შეიძლება. მოლდოვასაც შეუძლია შავ ზღვაზე გასვლა – მდ.დუნაისა და მიწის იმ მცირე მონაკვეთი მეშვეობით, რომელიც კიევმა თავის დროზე კიშინიოვს დაუთმო. მაგრამ მოლდოველებს ფლოტი არ აქვს. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც მხარს უჭერენ სუამ-ელ პარტნიორებს იმაში, რომ ნატომ შავ ზღვაზე სრული კონტროლი დაამყაროს. მართალია, აზერბაიჯანი შავი ზღვიდან ცოტა მოშორებითაა, მაგრამ „ყარადენიზში“ (შავი ზღვის თურქული სახელწოდება) აქტიურად მოქმედებს მისი თანამოაზრე თურქეთი.

დასკვნა: თუ სუამ-ი ამოქმედდება, რუსეთს სერიოზული პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს და ეს არა სადღაც, არამედ საკუთარ საზღვრებთან.

«Новое время» (სომხეთი), 16 თებერვალი, 2017 წელი

http://www.nv.am/politika/56154-2017-02-16-05-02-42

სომხეთის ბლოკადა უკვე აზრს კარგავს: საქართველომ და რუსეთმა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე გამავალი კომუნიკაციების ამოქმედებაზე მოილაპარაკეს

„პრაღაში გამართულმა ქართულ-რუსული მოლაპარაკებამ სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნების აღდგენის თაობაზე (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გავლით) ოპტიმისტური პროგნოზები გააჩინა – სომხეთის ბლოკადის მდგომარეობიდან გამოსვლის პერსპექტივა გამოიკვეთაო, მაგრამ აშკარაა, რომ საქმე მთლად ისე არაა, როგორც ჩვენ გვინდა. დაბრკოლებები მეტი აღმოჩნდა, რასაც ნაკლებად ველოდით“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – არტემ ერკანიანი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

მოსკოვ-თბილისს შორის პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ მოლაპარაკების შედეგების რეალიზების გზაზე ჯერ კიდევ ბევრი ბარიერი რჩება, ან შეიძლება დამატებითაც გაჩნდეს. ჯერ ერთი, რომ საქართველოს ხელისუფლებას პრობლემები აქვს ოპოზიციასთან, რომელიც რუსეთთან კონტაქტების გაღრმავების წინააღმდეგია. მეორე – კომუნიკაციების გახსნის თაობაზე უარყოფითი განწყობები შეიმჩნევა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც, სადაც ამ გაზაფხულზე არჩევნები უნდა გაიმართოს. სოხუმი და ცხინვალი აცხადებენ, რომ თბილისმა ტვირთების ტრანზიტის საკითხი უშუალოდ ჩვენთან მოლაპარაკებით უნდა გადაწყვიტოსო. გასაგებია, რომ საქართველო არასოდეს არ გადადგმს ნაბიჯს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების გამართვის მიზნით. გამოდის, რომ ეს საკითხი სოხუმთან და ცხინვალთან თვითონ მოსკოვმა უნდა მოაგვაროს.

კაცმა რომ თქვას, თუ კრემლი მოისურვებს, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას განწყობას ადვილად შეაცვლევინებს, მაგრამ მსგავსი მოქმედების განხორციელება ძალიან ძნელი იქნება აზერბაიჯანის მიმართ, რომელიც, რასაკვირველია, კატეგორიულად ეწინააღმდეგება „სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნების“ გახსნას. ბაქო სერიოზულადაა შეშფოთებული – ვაითუ, სომხეთმა ბლოკადა მართლაც გაარღვიოსო. აზერბაიჯანელი მმართველები აცნობიერებენ, რომ ახალი დერეფნების ამოქმედების შემთხვევაში მათი ძალისხმევა სომხეთის ბლოკადისათვის პრაქტიკულად უშედეგო იქნება. ერევანი ხომ პირდაპირი სახმელეთო გზით დაუკავშირდება რუსეთს და ევროკავშირის ქვეყნებს, გაიზრდება ექსპორტ-იმპორტი… გასაგებია, რომ ბლოკადის გარღვევა პირდაპირ გავლენას მოახდენს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზეც, ანუ განმტკიცდება სომხეთის პოზიციები, რაც რეგიონში გეოპოლიტიკური კლიმატის ცვლილებას გამოიწვევს. აი, ყოველივე ამის გაცნობიერების ფონზე, ბაქომ უკვე დაიწყო ყველა შესაძლებელი ბერკეტის ამოქმედება საქართველოს მიმართ, რათა თავიდან აიცილოს დერეფნების გახსნა. შეიმჩნევა შანტაჟი და მუქარებიც კი…

აზერბაიჯანს საქართველოზე ზემოქმედებისათვის ამ ეტაპზე მხოლოდ ენერგეტიკული ბერკეტი აქვს: როგორც ცნობილია, თბილისი მოხმარებული გაზის ლომის წილს ბაქოსაგან ყიდულობს. ბუნებრივია, თუ გიორგი კვირიკაშვილი ბრძანებს, სომხეთისათვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისაკენ მიმავალ გზებზე შლაგბაუმები ასწიეთო, მაშინ მას იაფი აზერბაიჯანული გაზის შეძენის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, სანამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, იგი გზების გახსნის წინ ყველაფერს აწონ-დაწონის – გაითვალისწინებს როგორც დადებით, ასევე მოსალოდნელ უარყოფით შედეგებს.

თბილისისთვის მნიშვნელოვანი პლუსი იქნება ის, რომ საქართველო მიიღებს არამარტო მრავალმილიონიან საბაჟო შემოსავლებს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე სომხეთის ტვირთების ტრანზიტის გამო, არამედ იმითაც, რომ თბილისი-ახალქალაქ-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლოატაციაში შესვლით საქართველოს რკინიგზა გლობალური სატრანსპორტო არტერიის – „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი გახდება. სატრანზიტო ქვეყნის სტატუსის გაძლიერებით საქართველოს ხაზინაში კიდევ უფრო მეტი შემოსავლები შევა. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ქართველი ფერმერებისა და ექსპორტიორებისათვის, რუსეთში პროდუქციის გატანის საკითხში, წინ დიდი ბაზარი იშლება… მოკლედ, სასწორის ერთ პინაზე მიმზიდველი გლობალური პერსპექტივებია, მეორეზე კი – იაფი გაზი…

რომელს აირჩევს საქართველო? რამდენად შეძლებს თბილისი ი.ალიევის პოლიტიკური დიქტატის მოთმენას, რომელსაც საქართველო „მოკლე თოკით ჰყავს დაბმული“ და მას „გაზის ონკანის გადაკეტვის უფლებით“ აშანტაჟებს?

«La Repubblica» (იტალია), 16 თებერვალი, 2017 წელი

http://www.repubblica.it/esteri/2017/02/16/news/le_dighe_della_discordia_in_georgia-158453722/

განხეთქილების კაშხლები საქართველოში

ჰიდროელექტროსადგურების კაშხლები ძალიან ხშირად, ბუნებრივი მოვლენების გამო, ადამიანებს საფრთხეს უქმნიან. ეს ნაგებობები ძალიან არამედეგია იმ ინფრასტრუქტურებს შორის, რომელიც კაცობრიობას დღემდე შეუქმნია. მართლაცდა, როცა შეჰყურებ წყლის უდიდეს მასას, რომელსაც ბეტონი კედელი იმაგრებს, ყოველთვის მღელვარება და შიშის გრძნობა გეუფლება… სწორედ ამიტომაც გარემოს დაცვის საკმაოდ ბევრი მომხრე ეწინააღმდეგება კაშხლების მშენებლობას, ზოგჯერ კი რადიკალურად – ჰიდროელექტროსადგურების აკრძალვის ჩათვლით“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ჯანპაოლო გადალანუ).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ადამიანის ცხოვრება ენერგიის გარეშე ჯერ-ჯერობით წარმოუდგენელია, ამიტომაც ჰესებს არავინ აკრძალავს, მაგრამ მშენებლობისას ყველა ზომა უნდა იქნეს გათვალისწინებული, განსაკუთრებით გეოლოგიური საფრთხეების ლოკალიზების თვალსაზრისით. ერთ-ერთი ასეთი სადაო ნაგებობა საქართველოში შეიძლება ხუდონჰესის კაშხალი გახდეს, რომელიც სვანეთში მდებარეობს, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთან – აფხაზეთთან ახლოს. ხუდონჰესის მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით, ჰიდროგეოლოგიური პრობლემების გამო, პროექტის რეალიზება შეჩერდა. თუმცა იქვე ახლოს მოსკოველმა ინჟინრებმა უფრო ადრე ენგურჰესი ააგეს, რომლის კაშხლის სიმაღლე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია – 271,5 მეტრი. საერთოდ კი, თბილისის გეგმებით, მდინარეებით მდიდარ ამ ზონაში 45 ენერგოობიექტი უნდა აშენდეს.

გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები ნენსკრაჰესის მშენებლობის წინააღმდეგაც გამოდიან, რომელმაც ქვეყანას 280 მეგავატი ელექტრონერგია უნდა მიაწოდოს. ნენსკრაჰესს კორეული კომპანია „ქეი ვოთერი“ ააშენებს, მასში იტალიური ფირმა „სალინი იმპრეჯილო“ მონაწილეობს. მშენებლობა საერთო ჯამში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი ჯდება, აქედან  საქართველოს მთავრობა 575 მილიონ დოლარს დახარჯავს, დანარჩენ თანხას კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უზრუნველყოფენ.

ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ სვანეთში იმ სოფლების მოსახლეობაც გამოდის, რომლებთაც წყლის დაგუბებისა და წყალსაცავის შექმნის შემდეგ მშობლიური ადგილებიდან გადასახლება მოუწევთ. მოსახლეობის მოთხოვნას ყურადღებას არავინ აქცევს, „ნაციონალი“ მიხეილ სააკაშვილის მთავრობიდან დაწყებული, „ქართული ოცნებით“ დამთავრებული. ამჟამად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს კახა კალაძე ხელმძღვანელობს, ფეხბურთის კლუბ „მილანის“ ყოფილი მცველი. იგი თავდაპირველად კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგი იყო, მაგრამ მოგვიანებით პროექტს მხარი დაუჭირა. ჰესების მშენებლობის თაობაზე მთავრობის ენთუზიაზმი ადგილობრივი მოსახლეობის სკეპტიციზმით იჩრდილება. სვანები ხელისუფლებას ეკოლოგიური ტურიზმის განვითარებას სთხოვენ. როცა ბუმბერაზ კავკასიონის მწვერვალებსა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილ სვანეთის მთავარი ქალაქის – მესტიის პანორამას შეჰყურებ, სვანებს ვერაფერში დაადანაშაულებ, მათი მოთხოვნა სამართლიანია.

Comments are closed