globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 მარტი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 17th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Вечерный Бишкек» (ყირგიზეთი): აშშ და „ვარდების რევოლუცია“: რიჩარდ მაილსი იხსენებს…

«Bloomberg Business» (აშშ): მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ამერიკაში მისი ლობირების შედეგად პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინას იარაღს მიაწვდის

«КоммерсантЪ» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას აჭარიდან ეპოტინება // ავტონომიის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად ექს-პრეზიდენტის თანამოაზრე აირჩიეს

«The First News» (აზერბაიჯანი): „იმის თქმა, რომ საქართველო ევროპის ბაზრის ნაწილი გახდაო, ცოტა საეჭვოდ ჟღერს“

———————–

«Вечерный Бишкек» (ყირგიზეთი), 16 მარტი, 2015 წელი

http://www.vb.kg/doc/306500_richard_maylz:_ludi_vezde_ochen_lubiat_teorii_zagovorov.html

აშშ და „ვარდების რევოლუცია“: რიჩარდ მაილსი იხსენებს…

ერთი თვის წინ ყირგიზეთში აშშ-ის დროებით რწმუნებულად რიჩარდ მაილსის დანიშვნამ ადგილობრივ მასმედიაში ფართო გამოხმაურება გამოიწვია, გამოითქვა მოსაზრებები, რომ ბიშკეკში ამერიკელი დიპლომატის მოსვლით მორიგი „ფერადი რევოლუცია“ მზადდებაო.

გაზეთ „ვეჩერნიი ბიშკეკის“ მთავარი რედაქტორი გენადი კუზმინი და პოლიტიკის განყოფილების შეფ-რედაქტორი ნარინ აირიპი რიჩარდ მაილსს შეხვდნენ და შექმნილი სიტუაციის შესახებ ესაუბრნენ. ამერიკელმა დიპლომატმა გაიხსენა საქართველოში თავისი დიპლომატიური სამსახურიც და საკმაოდ საინტერესო ამბები მოჰყვა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

————-

ნარინ აირიპი: როგორ აღიქვით ყირგიზეთის პრესაში გამოქვეყნებული კომენტარები ბიშკეკში თქვენი ჩამოსვლის თაობაზე? რეაქცია საკმაოდ აგრესიული იყო, ზოგიერთი გამოცემა იმასაც კი წერდა, რომ თქვენი მოსვლა კუნძულ ელბადან ნაპოლეონის დაბრუნებას ჰგავდა: „უზურპატორი მარსელში მოვიდა…  ბონაპარტი ლიონს უახლოვდება…“ და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ასეთი რეაგირება?

რიჩარდ მაილსი: ეს ყველაფერი სისულელეა… ნუ გავაზვიადებთ…

ნარინ აირიპი: მაშინ გვითხარით, რატომ ჩამოყალიბდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში თქვენდამი ასეთი დამოკიდებულება?

რიჩარდ მაილსი: იმ ადგილებში, რომელსაც მე მომაწერენ, საერთოდ არ ვარ ნამყოფი და იმ მოვლენებში, რომლებსაც ბრალად მიყენებენ, საერთოდ არ მიმიღია მონაწილეობა. ავიღოთ უკრაინა. ცხადია, მე უკრაინაში ელჩად ვიყავი, მაგრამ არა იმ პერიოდში, როდესაც იქ „ნარინჯისფერი რევოლუცია“ მოხდა. მე საერთოდ არ გავრეულვარ იმდროინდელ პროცესებში. როცა სერბეთში სლობოდან მილოშევიჩი დაამხეს, მე მაშინ მეზობელ ბულგარეთში ვმუშაობდი ელჩად… სერბეთში კი 1996-1999 წლებში ვმსახურობდი (ანუ 2000 წლის 24 სექტემბერს ჩატარებულ პრეზიდენტის არჩევნებამდე, რომლის შემდეგ რევოლუცია დაიწყო).

მაგრამ მე ვიყავი საქართველოში იმ დროს, როცა იქ „ვარდების რევოლუცია“ მოხდა. ამაზე საკმაოდ ბევრი დაიწერა როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზეც. რის გაკეთებას ვცდილობდით იმ დღეებში? ჩვენ გვსურდა, რომ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს დემოკრატიული არჩევნები ჩაეტარებინა. ეს მოხდა 2003 წელს.

ედუარდ შევარდნაძესთან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ძალიან ბევრი ფული დავხარჯეთ, რომ საქართველოში არჩევნების პატიოსნად ჩატარების მიზნით ტრენინგები ჩაგვეტარებინა, საარჩევნო სისტემა გაგვეუმჯობესებინა და ა.შ.

თბილისში ვაშინგტონიდან სპეციალურად ჩამოვიდა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, რომელიც ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა. საუბრის დროს განიხილეს არჩევნების თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარების საკითხები. სხვათა შორის, ისინი კარგი მეგობრები იყვნენ. შევარდნაძეც აცნობიერებდა სიტუაციას, მან თვითონ უთხრა ბეიკერს, რომ თბილის-ვაშინგტონის ურთიერთობა ბევრად იქნებოდა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩატარდებოდა საპარლამენტო არჩევნები. ისინი ერთმანეთს კარგად უგებდნენ. ამის მიუხედავად, არჩევნების შედეგები გაყალბდა, რაღაც მანიპულაციები განხორციელდა ხმების დათვლის დროს. დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებმა – მიხეილ სააკაშვილმა (იმ დროს იგი პოლიტიკური ბლოკის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი იყო), პარლამენტის იმდროინდელმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ და ზურაბ ჟვანიამ (პარლამენტის ექს-თავმჯდომარემ და ბლოკ „გაერთიანებული დემოკრატების“ ხელმძღვანელმა) საპროტესტო აქცია დაიწყეს.

ჩვენ ედუარდ შევარდნაძეს ალტერნატიული გადაწყვეტილება შევთავაზეთ: ან გამოეცხადებინა არჩევნები არშემდგარად და მოგვიანებით ხელახლა ჩაეტარებინა, ანდა გაეუქმებინა არჩევნები იმ ოლქებში, სადაც დარღვევები აშკარა იყო. ედუარდ შევარდნაძემ რატომღაც გადაწყვიტა, რომ მას შეეძლო ეს რიფები გადაეცურა. ამ დროს მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა… და ამ მოწოდებას  ამომრჩევლებმა და დემონსტრანტებმა მხარი დაუჭირეს.

ამერიკულ მხარეს მსგავსი არაფერი არ შეუთავაზებია. შევარდნაძის გადადგომის იდეა არ ჰქონია არც ნინო ბურჯანაძეს და არც ზურაბ ჟვანიას, ეს სუფთა მიხეილ სააკაშვილის გამოგონება იყო. ამ იდეამ მომიტინგეთა გონება დაიპყრო, დემონსტრაცია თანდათან ფართოვდებოდა. რა უნდა გამეკეთებინა ამ სიტუაციაში? მე ხან ერთ პოლიტიკოსს ვხვდებოდი, ხან მეორეს – როგორც ხელისუფლებიდან, ასევე ოპოზიციიდან და ყველას ვარწმუნებდი, რომ ცვლილებები ძალისმიერი მეთოდებით არ უნდა მომხდარიყო.

იგივე პრინციპის ერთგულნი დავრჩით მაშინაც, როცა თბილისში რუსეთის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა (იგორ ივანოვმა – რედ.) მოილაპარაკა აშშ-ის სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელთან. მხარეთა შესახვედრად  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ოფისი შეირჩა. სხვათა შორის, პატრიარქმა პოზიტიური პოლიტიკური როლი შეასრულა „ვარდების რევოლუციის“ დროს.

უფრო მეტიც – ბატონმა კოლინ პაუელმა ისიც კი თქვა, რომ თუ საჭირო იქნება, ამერიკის საელჩოთიც შეიძლება ისარგებლოთო, მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ მოულოდნელად გადადგომა თვითონ გამოაცხადა. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ ჩვენ მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ახალი მთავრობის მხარდაჭერა. აი, ასეთია „ვარდების რევოლუციის“ ისტორია, რომლის ავტორი თავიდან ბოლომდე მხოლოდ ქართველი ხალხი იყო.

ნარინ აირიპი: თქვენ თქვით, რომ როცა ედუარდ შევარდნაძეს ალტერნატიული გადაწყვეტილება შესთავაზეთ, პარალელურად ხელისუფლებისა და ოპოზიციური მოძრაობის წარმომადგენლებს ხვდებოდით. ხომ არ ნიშნავს, რომ აშშ-ის საელჩო მოვლენების კოორდინირებას ახდენდა?

რიჩარდ მაილსი: არა, არა, ასეთი რამ არ ყოფილა. მათ ჩვენ მიერ გაჟღერებული არცერთი ალტერნატიული გადაწყვეტილებისათვის მხარი არ დაუჭერიათ, გარდა ერთისა – არ გამოყენებულიყო ძალისმიერი მერთოდები. მართლაც, არც დემონტრანტებს და არც ხელისუფლებას, პოლიციისა და სამხედროების სახით, ძალა არ გამოუყენებიათ, მათი მოქმედება შეზღუდული იყო.

გენადი კუზმინი: თქვენ რომ საქართველოსთვის ზურგი შეგექციათ და არაფერი არ გაგეკეთებინათ, როგორ ფიქრობთ, რა გზით წავიდოდა საქართველო? რა მოხდებოდა იქ? სისხლი დაიღვრებოდა?

რიჩარდ მაილსი: იცით, დიპლომატებს არ უყვართ ხოლმე ჰიპოთეტურ კითხვებზე პასუხის გაცემა… მაგრამ გეტყვით, რომ ყველაფერი შეიძლებოდა ცუდად დასრულებულიყო. ეს სრულიად შესაძლებელი იყო, რადგან საზოგადოებაში დაძაბულობა უმაღლეს დონეს აღწევდა. რაც ყველაზე მთავარია, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებას მაშინ არ გააჩნდა ისეთი არასასიკვდილო იარაღი, რომლითაც მომიტინგეთა დამშვიდება შეიძლებოდა. მათ ჰქონდათ მხოლოდ „დუბინკები“ და პისტოლეტ-ავტომატები, მეტი არაფერი. არ ჰქონდათ ცრემლმდენი გაზი ან წყლის ძლიერი ჭავლის მიმშვები დანადგარები… და ეს ედუარდ შევარდნაძის კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენდა. თუმცა მთავარი მაინც ერთი რამ იყო: მას არ სურდა იმის აღიარება, რომ რაღაც არასწორად გააკეთა.

გენადი კუზმინი: დღეს თქვენ მშვიდად ხართ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ბედის გამო? ამჟამად მიხეილ სააკაშვილი უკვე ხელისუფლებიდან წასულია, იქ ახალი ხელისუფლებაა, ქვეყანა უკვე ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა, შესაძლოა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრიც კი გახდეს… რას ფიქრობთ სიტუაციის ასეთი განვითარებაზე? რა გაღელვებთ?

რიჩარდ მაილსი: მე უფრო საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მაღელვებს, რადგან რუსეთთან მომხდარი 2008 წლის ომის შემდეგ  ინვესტიციების მიზიდვა ძალიან რთული გახდა. სახელმწიფოში, სადაც ასეთი ღრმა ცვლილებები ხდება, ეკონომიკის აღორძინება ძალიან ძნელია. ჩვენ საქართველოს ვთავაზობთ ხელშეწყობას, ევროკავშირიც სთავაზობს, არიან სხვა ქვეყნებიც, რომლებიც თბილისს ეხმარებიან. არ ვიცი, როგორია ამჟამად საქართველო-რუსეთის ვაჭრობის მოცულობა, რადგან თავის დროზე მოსკოვმა საქართველოს ემბარგო დაუწესა, ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი აკრძალა. საქართველოსთვის კი რუსეთთან ვაჭრობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ნარინ აირიპი: რა დონეზე იყო აშშ-ისა და რუსეთის თანამშრომლობა საქართველოში მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ დროს?

რიჩარდ მაილსი: [თბილისში მყოფი] რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ხშირად ესაუბრებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს ვაშინგტონში, იყო სატელეფონო საუბრები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორისაც, მეც ხშირად ვხვდებოდი რუსეთის ელჩს თბილისში, ერთმანეთს ვატყობინებდით ყველაფერს, რაც ხდებოდა. იმ პერიოდში ჩვენ რუსებთან არანაირი საიდუმლოებები არ გვქონდა.

ნარინ აირიპი: და როგორ შეხვდნენ რუსეთის წარმომადგენლები საქართველოში მომხდარ ამბებს?

რიჩარდ მაილსი: არჩევნებამდე თბილისში აკრედიტებულ საერთაშორისო დამკვირვებლებთან და უცხოეთის ქვეყნების ელჩებთან, რუსეთის ჩათვლით, ძალიან მჭიდრო კოორდინაცია არსებობდა. იყო ურთიერთობა გაეროს წარმომადგენლებთან… მოკლედ, ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა არჩევნების დემოკრატიულად და სუფთად ჩატარების მიზნით. მაგრამ ეს იყო არჩევნებამდე და მხოლოდ არჩევნებს ეხებოდა.

როგორც კი არჩევნები გაიმართა (2003 წლის 2 ნოემბერს – რედ.), დაიწყო დემონსტრაციები, ჩვენმა საკოორდინაციო ორგანომ უკვე მუშაობა შეწყვიტა, ერთმანეთს რეგულარულად უკვე აღარ ვხვდებოდით. რასაკვირველია, ხანდახან ვნახულობდი ხოლმე სხვადასხვა წარმომადგენლებს, მათ შორის რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებს, მაგრამ ამას კოორდინირებულ მუშაობას ვერ ვუწოდებ.

ნარინ აირიპი: მაგრამ 2012 წლის დეკემბერში ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ინტეგრაციის საფარქვეშ რუსეთი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობსო, ამიტომაც ვაშინგტონი შეეცდება კრემლის მიზნების წინააღმდეგ ეფექტური მეთოდები შეიმუშაოს, ამ პროცესის წინააღმდეგ ან მის დასამუხრუჭებლად…

რიჩარდ მაილსი: მე მომწონს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ჩემი მეუღლე მას ხშირად ხვდებოდა, როცა იგი პირველი ლედი იყო – პროგრამებს უმზადებდა  მოსკოვში ვიზიტების დროს… მაგრამ  ეს არ ნიშნავს, რომ მე ჰილარის ყოველთვის ვეთანხმები. არ ვფიქრობ, რომ ბატონი ვლადიმირ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ესწრაფვის. უბრალოდ, იგი ცდილობს, რომ გააუმჯობესოს და განამტკიცოს რუსეთის კავშირები მის ირგვლივ მდებარე სახელმწიფოებთან. ჩემი აზრით, მას საქართველოსთან მიმართებაშიც არ ჰქონდა საბჭოთა კავშირის აღორძინების განზრახვა, [რაც მოხდა], ეს მხოლოდ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საკითხი იყო. არ ვფიქრობ, რომ მსოფლიოს რომელიმე სახელმწიფოს, ვთქვათ, ყაზახეთის სუვერენიტეტის შელახვა სურს.

ყოველ სახელმწიფოს, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობა აქვს, კარგად უნდა ესმოდეს, რაში გამოიხატება ამ უდიდესი ქვეყნის ინტერესები. მე, მაგალითად, როცა საქართველოში ვმუშაობდი, არცერთხელ არ ამიხსნია ეს ედუარდ შევარდნაძისათვის. აი, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას ხშირად ვეუბნებოდი, ვუხსნიდი, ვურჩევდი, მაგრამ მაინც ვერ გაიგო. ჩემთვის მისი მოტივაცია დღემდე უცნობია.

«Bloomberg Business» (აშშ), 16 მარტი, 2015 წელი

http://www.bloomberg.com/news/articles/2015-03-16/saakashvili-sure-obama-will-arm-ukraine-after-lobbying-congress

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ამერიკაში მისი ლობირების შედეგად პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინას იარაღს მიაწვდის

ჰელენა ბედველი და ჰენრი მაიერი

(შემოკლებით)

საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მის მცდელობებს – დაარწმუნოს ამერიკელი პოლიტიკოსები უკრაინისათვის იარაღის მიწოდების საჭიროებაში, შედეგი მოაქვს: პრეზიდენტ ბარაკ ობამაზე ორივე პარტიისაგან ზეწოლა ძლიერდება.

„მჯერა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას იარაღს მიაწოდებს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩეველია. „მე იმედს მაძლევს ის ფაქტი, რომ ამერიკული საზოგადოება და პოლიტიკური ელიტას ამ საკითხთან მიმართებით ერთნაირი პოზიცია აქვთ. ამ იდეას კონგრესშიც და სენატშიც თითქმის ყველა მხარს უჭერს, ეს სურთ პენტაგონშიც და სადაზვერვო უწყებებშიც“, – განმარტა პოლიტიკოსმა.

მიხეილ სააკაშვილმა დაიჩივლა, რომ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს „ხუთდღიანი ომის დროს“, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა მოსკოვს ადექვატური პასუხი არ გასცეს. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, რომელიც ნატოში თავისი ქვეყნის გაწვრიანებას ესწრაფვოდა და რომელმაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომის პროვოცირება მოაწყო, დღეს ამერიკელ კანონმდებლებთან უკრაინისათვის მომაკვდინებელი იარაღის მიწოდების საკითხს ლობირებს.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, რუსეთი, ალბათ, მალე ომს დაიწყებს, ამიტომ უკრაინა ამისათვის მზად უნდა იყოს, კიევისათვის იარაღის მიწოდება საჩქარო საკითხია. „რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინის სამხრეთს დაარტყამს, იარაღის მიწოდება სასწრაფოდ იქნება საჭირო, სამშვიდობო შეთანხმება არ მოქმედებს“, – ხაზი გაუსვა მან.

გასულ კვირას ვაშინგტონში  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი იმყოფებოდა. მისი მიზანი იყო იმ ზეწოლის განეიტრალება, რომელიც კანონმდებლების მხრიდან აშშ-ის მთავრობაზე ხორციელდება, უკრაინისათვის იარაღის მიწოდების მიზნით. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, უკრაინის ხელისუფლებასა და დონბასელ ამბოხებუილებს შორის ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული ამოქმედებისათვის დრო არის საჭირო.

„ამერიკელები და უკრაინელები ახალი დაპირისპირებისათვის ემზადებიან… თუ ვაშინგტონი კიევს იარაღს მიაწვდის, ამით რუსეთს ომში ჩაითრევს, რომელიც ხანმოკლე და ძალიან სისხლისმღვრელი იქნება. რა თქმა უნდა, ომში რუსეთი გაიმარჯვებს“, – განაცხადა ინტერვიუში რუსმა პოლიტოლოგმა კონსტანტინე მალოფეევმა.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 17 მარტი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2688104?isSearch=True

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას აჭარიდან ეპოტინება

ავტონომიის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად ექს-პრეზიდენტის თანამოაზრე აირჩიეს

გიორგი დვალი

აჭარის უმაღლესმა საბჭომ მნიშვნელოვანი და მიმანიშნებელი გადაწყვეტილება მიიღო: მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად, ახალ ვიცე-სპიკერად, ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ჯემალ ფუტკარაძე აირჩია. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიის გავლენის გაძლიერების პროცესი 21 მარტს ‘ნაციონალების“ მიერ დაგეგმილი საერთოეროვნული საპროტესო აქციის წინ მიმდინარეობს.

საინტერესოა, რომ აჭარაში სიტუაციის განვითარება „ნაციონალების“ სასარგებლოდ თებერვლის ბოლოდან გახდა შესამჩნევი, როცა ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოსში არსებული „ქართული ოცნების“ ფრაქცია რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. სხვათა შორის, „დისიდენტებს“ მხარი დაუჭირეს ცენტრიდანაც, მაგალითად, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ, რომელმაც „ქართული ოცნების“ მთავრობა ავტონომიურ რესპუბლიკაში დაგროვილი პრობლემენის იგნორირებაში დაადანაშაულა.

საყურადღებოა, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მყოფი გუნდი, კერძოდ, აჭარის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე ყურადღებით აკვირდება აჭარაში მიმდინარე მოვლენებს, ყველაფრის საქმის კურსშია და უფრო მეტიც – კიევში აჭარის უმაღლესი საბჭოს „ნაციონალ“ დეპუტატებსაც ხვდება ხოლმე.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებმა აჭარის უმაღლეს საბჭოში მომხდარი საკადრო ცვლილებები უკანონოდ მიიჩნიეს, ხოლო თვით აჭარელი დეპუტატების მოქმედება „ავანტიურიზმად“ და „დილეტანტობად“ შეაფასეს. „ჩვენი პარტიის ყოფილმა წევრებმა სინდისს უღალატეს და მიხეილ სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიემხრნენ“, – განაცხადეს მმართველ კოალიციაში. ამასობაში კი მურმან დუმბაძე არ გამორცხავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სპიკერი ავთანდილ ბერიძე და ადგილობრივი მთავრობის თავმჯდომარეც, ალბათ, დავით ბაციკაძის ბედს გაიზიარებენ და თანამდებობებს გამოემშვიდობებიან.

და თუ მართლაც ასე მოხდება, აჭარაში ხელისუფლების ვაკუუმი გაჩნდება, რაც წყალს მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების წისქვილზე დაასხამს, თანაც 21 მარტს დაგეგმილი საერთოეროვნული აქციის წინ… ქართული მასმედიის ცნობით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თანაპარტიელების მხარდასაჭერად, განზრახული აქვს, საქართველოს საზღვართან ახლოს მოვიდეს (თურქეთის მხრიდან) და მომიტინგეებს იქიდან გამოუცხადოს სოლიდარობა. აღსანიშნავია, რომ „ნაციონალთა“ საპროტესტო აქცია აჭარის ავტონომიის დედაქალაქ ბათუმშიც უნდა გაიმართოს.

«The First News» (აზერბაიჯანი), 16 მარტი, 2015 წელი

http://www.1news.az/interview/20150316012143817.html

„იმის თქმა, რომ საქართველო ევროპის ბაზრის ნაწილი გახდაო, ცოტა საეჭვოდ ჟღერს“

ინტერვიუ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დირექტორთან, რუს პოლიტიკურ ექსპერტ ანდრეი ივანოვთან.

ამონარიდი:

- სომხური საზოგადოება დარწმუნებულია, რომ სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებით რუსეთმა პოლიტიკური დივიდენდები მიიღო, იმავდროულად კი ერევანს, საქართველოს გავლით (რომელიც ევროპული ბაზრის ნაწილი გახდა), საერთაშორისო ბაზარზე გასვლის საშუალება წაერთვა. რას იტყოდით ამის თაობაზე?

- სომხეთის პრობლემა იმაშია, რომ მას სხვა ალტერნატივა არ აქვს – გარდა იმისა, რომ ევრაზიულ კავშირში თანამშრომლობა განავითაროს. ერევანს რაიმე უნიკალური პროდუქცია არ გააჩნია, სომხეთის ეკონომიკა არასახარბიელო მდგომარეობაშია. საქართველოს გავლით მსოფლიო ბაზარზე გასვლის თაობაზე საუბარს არანაირი საფუძველი არ აქვს. სომხური პროდუქცია შეიძლება მხოლოდ რუსეთსა და ბელორუსიაში გავიდეს, მაგრამ ევროპაში ნამდვილად არავის არ სჭირდება. იქ თავიანთი მწარმოებლები ჰყავთ და საკუთარ მეწარმეთა  უფლებებს მტკიცედ იცავენ. ევროპულ ბაზარზე სომხეთის დანახვა არავის არ სურს. უფრო მეტიც – დასავლეთ ევროპის ქვეყნებს არ სურთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების – ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, უნგრეთის დანახვაც. ასე რომ, იმის თქმა, რომ საქართველო ევროპის ბაზრის ნაწილი გახდაო, ცოტა საეჭვოდ ჟღერს.

საქართველო დღეს ძალიან ღარიბი სახელმწიფოა, სადაც მოსახლეობა თავს ძლივ-ძლივობით ირჩენს. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების საგარეოეკონომიკური ურთიერთობა მხოლოდ ღვინისა და მინერალური წყლის რუსეთში ექსპორტით შემოიფარგლება, არანაირ მსოფლიო ბაზარზე გასვლის შესახებ ლაპარაკი არ არის. დღეს მსოფლიო ბაზარზე ბელორუსიაა გასული, რომელსაც დიდტვირთიანი ავტოთვითმცლელების ექსპორტით მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია, ხოლო ტრაქტორების ექსპორტით – მსოფლიო ბაზრის 10%. აი, მინსკს მართლაც შეუძლია იმის თქმა, რომ თანამშრომლობისთვის პარტნიორები უნდა ამოვირჩიოო. საქართველოს და სომხეთს ასეთი შესაძლებლობა, უბრალოდ, არ აქვთ.

Comments are closed