globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 17th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო: ძალაუფლების მოუკრძალებელი ხიბლი

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რელიგია, როგორც „რბილი ძალა“ და პოლიტიკის ინსტრუმენტი // „მართლმადიდებლობის მნიშვნელობა და როლი რუსულ-ქართულ ურთიერთობებში“

«Независимая газета» (რუსეთი): რუსეთისა და სომხეთის არმიები ერთიანდებიან // მოსკოვი მხარს უჭერს ერევანს, მაგრამ იარაღს ბაქოსაც აწვდის; „რუსეთს და სომხეთს, როგორც ჩანს, აღელვებთ ის სიტუაცია, რომელიც მეზობელ საქართველოში ყალიბდება“

—–

«Каспiй» (აზერბაიჯანი): შვილებს დედების გამო აპატიმრებენ!? // საქართველოში ცნობილი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის შვილები დააკავეს

—————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 17 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/geo-president-constitutional-commmission/3769183.html

საქართველო: ძალაუფლების მოუკრძალებელი ხიბლი

ნინო დალაქიშვილი

საქართველოს საკონსტიტუციო კომისია რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზე მსჯელობს. მათ შორისაა პრეზიდენტის არჩევისა და საარჩევნო სისტემის ცვლილების წესი. მმართველი გუნდი პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევას ლობირებს და ასევე მხარს უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. მხოლოდ ისე, რომ გაუნაწილებელი მანდატები, რაც არჩევნების შემდგომ არც ერთი პარტიის კალათაში არ აღმოჩნდება, მიეკუთვნოს პირველ ადგილზე გასულ პარტიას. ეს ორი, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული ცვლილება, რომ ერთმანეთს დავუკავშიროთ, სურათი საინტერესოდ შეიცვლება: აღმოჩნდება, რომ პირველ ადგილზე გასული და შესაბამისად, ყველაზე მეტი მანდატის მფლობელი პარტია, დამატებით მიიღებს გაუნაწილებელ მანდატებს, კიდევ უფრო გაზრდის საკუთარ წარმომადგენლობას პარლამენტში, იქნებ საკონსტიტუციო უმრავლესობამდეც და შესაძლებლობა ექნება პრეზიდენტიც საკუთარი შეხედულებისამებრ დანიშნოს, თუ 2023 წლისთვის პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხი გადაწყდება. კონსიტუტუციის ამგვარი „დახვეწის“ შედეგად, საზოგადოება დაუბალანსებელ ხელისუფლებას მიიღებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ეს უკიდურესად პროგრესული მიდგომაა მმართველი გუნდის მხრიდან: „პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ცალსახად ბევრად უფრო სამართლიანი და ბევრად უფრო ადექვატურად, პროპორციულად და სწორად ასახავს ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას პარლამენტში, ვიდრე დღეს არსებული სისტემა. ამიტომ, აქ რომ გაუმჯობესება არის, თან ძალიან სერიოზული, ამაზე დავა წარმოუდგენელია“.

„თუ პრეზიდენტი კვლავაც გააგრძელებს არაკორექტულ განცხადებებს, მმართველი გუნდი მომავალ წელს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე იფიქრებს” – ეს სიტყვები კი ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის.

„ამერიკის ხმა“ საკონსიტუტციო კომისიის წევრებს ესაუბრა. „ევროპული საქართველოსთვის“ წარმომადგენელი გიორგი ტუღუში ჩვენთან საუბრისას ამბობს: „ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“, თავიდანვე გვქონდა ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს პროცესი გამოყენებული იქნებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტის დასასუსტებლად და ასევე შეიცვლებოდა პრეზიდენტის არჩევის წესი. ანუ პირდაპირი არჩევითი პრეზიდენტი იქცეოდა არაპირდაპირ არჩეულად. როდესაც ჩვენ განვაცხადეთ თანხმობა კომისიაში მუშაობაზე, ჩვენი ამოსავალი წერტილი გახლდათ საარჩევნო სისტემის შეცვლა, ეს ეხებოდა საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენ ახლა ვიღებთ ასეთ მდგომარეობას: ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, რომ ის აირჩეს პარლამენტის მიერ ან რაიმე სხვა მსგავსი მექნიზმით, რაზეც მიდის რეალურად საუბარი და ამავდროულად, არ აპირებენ ძირეულად შეცვალონ პარლამენტის საარჩევნო სისტემა. ეს ჩვენ მიგვიყვანს ძალიან ცუდ მდგომარეობამდე, რადგან დღეს, რეალურად პრეზიდენტის ინსტიტუტი გვევლინება გარკვეულ დამბალანსებლად აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის“.

გიორგი ტუღუში იმასაც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტისთვის უფლებამოსილებების ჩამორთმევა იქამდე გაგრძელდება, სანამ ბუნებრივად და კანონზომიერად არ დადგება მისი არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხი: „მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მუდმივად აპელირებს, რომ მისი უფლებამოსილებები არასაკმარისია, ჩვენ ვთვლით, რომ ამ მოდელში პრეზიდენტს გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება იმისთვის, რომ იყოს წონიანი ინსტიტუცია. თავიდან უმრავლესობა აცხადებდა, რომ პრეზიდენტს იმდენად ცოტა უფლებამოსილება აქვს, რომ მხოლოდ რამეს თუ დაამატებ, თორემ ვერაფერს მოაკლებ, თუმცა ჩვენ გავხდით იმ პროცესის მოწმენი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და ხელისუფლება ნელ–ნელა აჭრის უფლებამოსილებებს პრეზიდენტს. საბოლოო მიზანია, ითქვას, რომ ასეთი სუსტი უფლებამოსილების პრეზიდენტი ვერ იქნება არჩეული პირდაპირ“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საკონსტიტუციო კომისიის წევრია, მისი წარმომადგენელი ლელა ტალიური „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოქალაქეებმა პირდაპირი წესით უნდა აირჩიონ საქართველოს პრეზიდენტი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ესაა მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი გააჩნია და აქვს ნდობა, რასაც ამომრჩევლები უცხადებენ. არგუმენტი, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს, გახლავთ ის, რომ საპარლამენტო ქვეყნებში პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს და ამის გამო, პირდაპირ არჩევას აზრი ეკარგება. ჩვენ ამ მოსაზრებას არ ვიზიარებთ, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც საპარლამენტო სისტემაა და პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს, პრეზიდენტი მაინც პირდაპირი წესით ირჩევა. თუ მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირ აღარ აირჩევს, გაჩნდება საფრთხე იმისა, რომ ერთი სახელისუფლებო ცენტრის ირგვლივ მოხდეს ძალაუფლების კონცენტრაცია. დემოკრატიულ სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების დანაწილება, დანაწილების შენარჩუნება და ბალანსი“.

16 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ’, „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი დემოკრატიული პროცესების განვითარებას ვერ უზრუნველყოფს.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 17 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-conference-religion-and-soft-power-in-the-south-caucasus/3767755.html

რელიგია, როგორცრბილი ძალადა პოლიტიკის ინსტრუმენტი

„მართლმადიდებლობის მნიშვნელობა და როლი რუსულ-ქართულ ურთიერთობებში“

ზაზა წულაძე

როგორ იყენებენ რელიგიას, როგორც „რბილ ძალას“ რუსეთი, თურქეთი და ირანი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ და რა ეფექტს ახდენს ეს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაზე საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას 18 მკვლევარი ცხრა ქვეყნიდან, თბილისში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შეეცადა: „რელიგია და რბილი ძალა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ – ასე ეწოდებოდა კონფერენციას, რომელიც შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SNSF) დაფინანსებითა და ფრიბურგის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

მკვლევარებმა თბილისში წარმოდგინეს ნაშრომები, რომელზეც სამწლიანი პროექტის ფარგლებში მუშაობდნენ, მათ შორის – „მართლმადიდებლობა, როგორც რბილი ძალა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში“; „ისლამი და თურქეთის რბილი ძალა აზერბაიაჯანში და ფეთულა გულენის მოძრაობა“; „რელიგია, როგორც ფაქტორი, ქურთული იდენტობის დისკურსში სომხეთსა და თურქეთს შორის“ და „რუსეთის რბილი ძალა, იდეოლოგიასა და პოლიტიკას შორის“.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ რეგიონის სამი დიდი მოთამაშისგან მომდინარე „რბილი ძალის“ პოლიტიკას, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში აღქმაც და ეფექტიც განსხვავებული აქვს:

„სომხებისთვის რუსული რბილი ძალა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს და მას საფრთხედ არ განიხილავენ, მაშინ როცა საქართველოსთვის ეს პრობლემატური საკითხია. კონფერენციაზე გამოიკვეთა, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო შეიძლება დამძიმდეს, თუ კი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდა პრორუსული მიმართულების დაჯგუფება გამოიკვეთება. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არის რუსეთის სახელმწიფოს „რბილი ძალა“, გარკვეული გავლენა საქართველოს ეკლესიაზე, რა თქმა უნდა, არის, თუმცა, ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს ყოველთვის ასე არაა. კვლევამაც აჩვენა რომ ქართულ და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორისაც არის ე.წ „წითელი ხაზები“, რაც ძირითადად ეხება ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებს, ანუ მათ შორის აბსოლუტური იდილია არ არის“.

სამხრეთ კავკასიაში თურქეთის, ირანისა და რუსეთის საგარეო პოლიტიკურ და რელიგიურ მიმართულებებზე კონფერენციის ფარგლებში საკუთარი ხედვა წარმოადგინეს: სტამბოლის ცივილიზაციის უნივერსიტეტის პროფესორმა სულეიმან ენიკმა, ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეი მაკარიჩევმა და ვარშავის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჰამიდ კაზემზადემ.

ირანელმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედ ირანულ რელიგიურ ფონდებს უფრო მეტი კავშირი აქვთ ირანის და ახლო აღმოსავლეთში მოქმედ შიიტურ ორგანიზაციებთან, ვიდრე ირანის მთავრობასთან. ამასთან დაკავშირებით კორნელი კაკაჩია ამბობს: „ირანს შეზღუდული აქვს ჩვენთან რბილი ძალის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა. პოტენციურად სულ რამდენიმე რეგიონია, სადაც თეირანს გარკვეული გავლენა გააჩნია. როგორც კვლევებმა აჩვენა, ძირითადად ეს არის ქვემო ქართლის რეგიონი. იქაც საკმაოდ შეზღუდულია იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ძლიერი მეტოქე თურქეთის სახით, რომელიც ასევე ცდილობს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ტერიტორიაზე გარკვეული გავლენა იქონიოს. რაც შეეხება თურქეთის გავლენას, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაცია ცდილობს იგივე საქართველოში და აზერბაიჯანში ფეხი მოიკიდოს, სომხეთში გასაგები მიზეზებით ამის შესაძლებლობა მათ არ აქვთ. ამ კონტექსტში, ეს თურქმა მკვლევარმაც აღნიშნა, თურქეთის ხელისუფლებას მიაჩნია რომ ფეთულა გულენის მოძრაობა ატარებს აგრესიულ პოლიტიკას და თითქოს, ისინი არიან შეფარული, რადიკალური ორგანიზაციები, რომლებმაც შეიძლება თურქეთთან ერთად პრობლემა მეზობელ სახელმწიფოებსაც შეუქნას. თუმცა, თუ დავაკვირდებით, საქართველოსა და აზერბაიჯანში ფეთულა გულენის მოძრაობისა და განსაკუთრებით, საგანმანათლებლო ქსელის მუშაობას და მოსახლეობის მხრიდან შეფასებას, აქ სრულიად საწინააღდეგო აზრები გვხდება“.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ინიციატივით, სამწლიანი პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევების ნაწილი, პოლიტიკის დოკუმენტების კრებულის სახით უკვე გამოიცა. სპეციალურად აკადემიური წრეებისთვის კი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი სამეცნიერო გამომცემლობა, ბრიტანული Routledge, 2017 წლის ბოლოს გამოუშვებს წიგნს იმავე სახელმწოდებით – „რელიგია და რბილი ძალა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, ფრიბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ანსგარ იოდიკეს ავტორობით.

«Независимая газета» (რუსეთი), 17 მარტი, 2017 წელი

http://www.ng.ru/politics/2017-03-17/1_6951_armenia.html

რუსეთისა და სომხეთის არმიები ერთიანდებიან

მოსკოვი მხარს უჭერს ერევანს, მაგრამ იარაღს ბაქოსაც აწვდის;რუსეთს და სომხეთს, როგორც ჩანს, აღელვებთ ის სიტუაცია, რომელიც მეზობელ საქართველოში ყალიბდება

სტატიაში გაანალიზებულია რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკა ერთმანეთის მოძულე სომხეთთან და აზერბაიჯანთან. აქცენტი გაკეთებულია სამხედრო თანამშრომლობაზე, რომელსაც მოსკოვი ერევნისა და ბაქოს მიმართ ახორციელებს (ავტორი – ვლადიმირ მუხინი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთი გულუხვად ეხმარება იარაღით ერთმანეთის მტერ სახელმწიფოებს – სომხეთს და აზერბაიჯანს, მოსკოვი ერევანთან და ბაქოსთან სამხედრო თანამშრომლობას აფართოებს. რუსეთი და სომხეთი გაერთიანებულ სამხედრო დაჯგუფებასაც („ოგვ“) ქმნიან. „რუსეთმა ბოლო დროს სომხეთს, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის – „ოდკბ“-ს წევრია, მიაწოდა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“, ზალპური ცეცხლის სისტემა „სმერჩი“, „ს-300“ ტიპის რაკეტები, „იგლას“ ტიპის კომპლექსები, მძიმე ცეცხლსატყორცნი სისტემები, ხელის გრანატმტყორცნები, „ვეფხვის“ ტიპის ჯავშანავტომობილები და ა.შ.

რაც შეეხება აზერბაიჯან-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობას: 2010-2014 წლებში მოსკოვმა ბაქოს მიჰყიდა „ს-300“-ის ორი დივიზიონი, „ტოპ-2მ“-ის სარაკეტო ბატარეა, „ტ-90ს“ ტიპის ტანკები, ცეცხლმტყორცნების დივიზიონი, „სმერჩები“, დაახლოებით 100 საბრძოლო და სატრანსპორტო ვერტმფრენი და ა.შ.

„ასეთ პირობებში ძნელია წარმოიდგინო, რომ რუსეთი ორიენტირს შეცვლის და მხოლოდ რომელიმე დაპირისპირებულის – სომხეთის ან აზერბაიჯანის მხარეზე დადგება“, – თვლის გენერალ-ლეიტენენტი იური ნეტკაჩევი, რომელიც ადრე, დიდი ხნის განმავლობაში, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების სარდლის მოადგილე იყო: „რუსეთ-სომხეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნა თურქეთის სიახლოვესთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, მოსკოვსა და ერევანს, როგორც ჩანს, აღელვებთ ის სიტუაცია, რომელიც მეზობელ საქართველოში ყალიბდება. ამ ქვეყნის ერთ-ერთი რეგიონი სომხებით არის დასახლებული. სეპარატიზმის ნიადაგზე ხდება ხოლმე შეხლა-შემოხლა, კომფლიქტები… თბილისი ნატოსაკენ მიისწრაფვის და რუსეთის მეგობარ ქვეყნებს ემუქრება (აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს). „ოგვ“-ს სექმნა რეგიონში მოსკოვის პოზიციების განმტკიცების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“, დარწმუნებულია სამხედრო ექსპერტი.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 16 მარტი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

შვილებს დედების გამო აპატიმრებენ!?

საქართველოში ცნობილი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის შვილები დააკავეს

საქართველოში, როგორც ჩანს, ხელისუფლებისათვის არასასურველი პირების შვილებზე ნადირობა დაიწყო: მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიტიკოსის, გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის ვაჟის – დავით ხარშილაძის დაპატიმრების შემდეგ დააკავეს აგრეთვე უკრაინის ეროვნული პოლიციის ექს-უფროსის, საქართველოს განათლების ექს-მინისტრის ხატია დეკანოიძის შვილიც – თორნიკე კოპალეიშვილი“, – აუწყებს მკითხველებს აზერბაიჯანის გაზეთი «Каспiй» (სტატიის ავტორი – რაუფ ორუჯევი).

ქართულ მასმედიაში გავრცელებული მასალების გამოყენებით, პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული როგორც პოლიციის მიერ აღნიშნული პირების დაკავების მიზეზები (ორივეს ნარკოტიკები აღმოუჩინეს – მოხმარება-გასაღება), ასევე მშობლების პროფესიული საქმიანობის ამსახველი მომენტები, მათი კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლებასთან და სოციალურ ქსელებში მათ მიერ გამოხატული რეაქცია შვილების დაკავების გამო.

„მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2007 წელს ხატია დეკანოიძე პოლიციის აკადემიის რექტორი გახდა. მან ამ თანამდებობაზე 2012 წლამდე იმუშავა, შემდეგ კი [პრეზიდენტის კეთილგანწყობით] საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იგი უკრაინაში წავიდა, იქაური მოქალაქეობა მიიღო და ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი გახდა. ამჟამად ხატია დეკანოიძე აქტიურად მონაწილეობს მიხეილ სააკაშვილის პარტიაში – ყოფილ მმართველ, ამჟამად კი ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ საქმიანობაში“, – აღნიშნავს ავტორი და იქვე მკითხველს გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის თვალსაზრისს და მის პროფესიულ საქმიანობას აცნობს: „შვილის დაკავებას იგი თავის პროფესიულ საქმიანობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაპირისპირებას უკავშირებს, კერძოდ, სახელმწიფო უშიშროების საფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილთან… ელისო კილაძე გამოირჩევა ხელისუფლების მწვავე კრიტიკით. მან მმართველი პარტია მრავალ სკანდალში დაადანაშაულა, მათ შორის – საპატრიარქოსთან და ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით. მის გაზეთში ხშირად ქვეყნდება სტატიები სისხლის სამართლის გახმაურებულ საქმეებზე“. პუბლიკაციაში ავტორი იმოწმებს ადვოკატთა განცხადებებს, რომელთა მიხედვით, დაპატიმრებულების უფლებები დარღვეულია. გარდა ამისა, ნარკოტესტით დადასტურდა, რომ ელისო კილაძის ვაჟი დავით ხარშილაძე ნარკოტიკების მომხმარებელი არ არის.

„რა და ვინ დგას ცნობილი ჟურნალისტისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შვილების დაკავების უკან? რა არის ეს – უბრალო დამთხვევა თუ ახალი ტენდენცია მმართველი გუნდის მოქმედებაში? თუ ეს ასეა, მაშინ საერთაშორისო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი მიზეზი უჩნდებათ მეტი ყურადღებით შეხედონ მათ, ვინც დღეს საქართველოს ხელმძღვანელები არიან“, – აღნიშნავს გაზეთ «Каспiй»-ს კორესპონდენტი და იგი კომენტარისთვის „ცნობილ ქართველ პოლიტოლოგს“ გელა ვასაძეს მიმართავს. გელა ვასაძის თქმით, მას ნაკლებად სჯერა დამთხვევისა, მით უმეტეს, რომ ელისო კილაძე ისეთი ჟურნალისტია, რომელიც მართლაც ფლობს სხვებისთვის მიუწვდომელ ინფორმაციებს: „თვითონ ელისო კილაძეს ამბობს, რომ მისი შვილის დაპატიმრება ყოფიული პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრების მიერაა ორგანიზებული, რაც სიმართლეს ჰგავს“.

შედარებით უფრო სიფრთხილეს იჩენს შეფასებებში ანალიტიკოსი თენგიზ აბლოთია. მისი თქმით, „შესაძლოა მართლაც უბრალო დამთხვევააა, ან საქმე გვაქვს პოლიტიკური დევნის შენიღბულ ფორმასთან“.

Comments are closed